ლია კვირკველია: წარსულისა და მომავლის ლიდერები

ბოლო ათწლეულების მანძილზე გაჩნდა ინტერესი ლიდერების, განსაკუთრებით პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ამის მიზეზი დიქტატორული თუ ავტორიტარული მმართველობის მაგალითებია, რომლებიც მრავლად გვხვდება მთელი ისტორიის მანძილზე და მათი არსებობა დღესაც არ არის გამორიცხული. მეცნიერები სწავლობენ ცნობილი ადამიანების, მათ შორის დიქტატორების პიროვნულ თვისებებს, მათი ინტელექტს, ცოდნის მარაგს, გარეგნობას, მაგრამ ლიდერის საერთო პორტრეტის შექმნა მაინც ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ლიდერი შეიძლება იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი ინტელექტის მატარებელი, როგორც ინტროვერტი, ასევე ექსტრავერტი, მამაცი, მშიშარაც და ქარიზმატულიც.

დროთა განმავლობაში მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს და სიტუაციას, რომელშიც ლიდერის თვისებები მჟღავნდება. თუ რომელიმე ქვეყანაში ან ჯგუფში არსებობს რაღაც მოლოდინი, გამოჩნდება ლიდერიც,რომელიც კონკრეტულ მოლოდინს პასუხობს, აძლევს, ან ქმნის წარმოდგენას, რომ შეუძლია მისცეს ის, რასაც ხალხი ითხოვს, ლამაზად ლაპარაკობს და უხვად გასცემს დაპირებებს.

აღმოჩნდა, რომ ლიდერს თავის მიმდევრებთან შედარებით ოდნავ მაღალი ინტელექტი უნდა ჰქონდეს, ,,ზედმეტად ჭკვიანს“  მასა მომენტალურად განდევნის. მაღალ განვითარებულ ინტელექტუალს შეუძლია მხოლოდ ბელადის საიდუმლო მრჩევლის ან რუხი კარდინალის ადგილი ეკავოს. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, როგორ გახდა შესაძლებელი ბევრ საკმაოდ ცივილიზებულ ქვეყანაში დიქტატურის დამყარება, საჭიროა განვიხილოთ კონტექსტი, ანუ კაცობრიობის განვითარების გზები ბოლო ასწლეულებში.

საუკუნეების მანძილზე ადამიანები იბრძვიან საზოგადოების ყველა წევრისათვის მისაღები წყობილების შესაქმნელად. ეს პროცესი დააჩქარა ინდუსტრიალიზაციის ეპოქამ, რომელმაც, თავის მხრივ, მთლიანად შეცვალა სამყარო, რადგან გაწყდა ადამიანთა ძირითადი მასის კავშირი მიწასთან. მეგაპოლისში გაზრდილი, სოფელს ჩამოშორებული და ფესვების გარეშე დარჩენილი ადამიანები ვერსად პოულობენ საყრდენს. სამყაროს აღქმა სუსტდება და ერი მასად იქცევა. ამიერიდან ადამიანებს აერთიანებთ იდეოლოგია, ასულდგმულებთ  პარტიული ინტერესები ან ბიზნესი და პირადი კეთილდღეობა.

ერი ეფუძნება კულტურას, მასში ჭარბობს გონიერება და სულიერი სიმწიფე, რადგან გააჩნია ისტორია და გამოცდილება. მასა უმწიფარია, იგი იმპულსურად გრძნობებს ემორჩილება და მისი მართვა ადვილია. ინდუსტრიალიზაციამ ბევრი სასიკეთო ცვლილება მოიტანა – ამაღლდა ცხოვრების დონე, განვითარდა მეცნიერება და ტექნიკა. მაგრამ, ხალხის მასად ქცევამ შესაძლებელი გახადა მათზე ზემოქმედება და მათი ძალის გამოყენება დიქტატურის ან საუკეთესო შემთხვევაში, ავტორიტარული წყობილების დასამყარებლად.  თანაც, ზემოქმედებისა და პროპაგანდის მეთოდები უფრო და უფრო იხვეწება, ხოლო ადამიანი თავისი ნეირობიოლოგიური შესაძლებლობებით იგივე რჩება.

მე-20 საუკუნის პოლიტიკამ გამოიმუშავა უნარი გააღვიძოს ადამიანის ბუნების უმდაბლესი შრეები (ერთადერთი რაც მასებს აერთიანებს), ინტელექტუალები კი უხეში პოლიტიკური ძალით დათრგუნოს.

კაპიტალიზმიც და ბოლშევიზმიც (კომუნიზმი), კაცობრიობის განვითარების ეტაპებია და ამიტომ გარდაუვალი იყო. ამ საკითხში გასარკვევად საჭიროა გავიხსენოთ ინდური საზოგადოების სისტემა, რომელიც, კასტებადაა დაყოფილი და რომელიც, თუ დავუკვირდებით, ჩვენს ცხოვრებასაც განსაზღვრავს. შუა საუკუნეებში ფაქტიურად დასავლურ საზოგადოებაშიც ასეთივე მკაცრი წყობილება არსებობდა – ქვეყანას   უმაღლეს ხელისუფალთან ერთად მართავდა კათოლიკური ეკლესია თავისი შიდა იერარქიით (ბრაჰმანები), შემდეგ მოდიოდა ფეოდალური იერარქია (ქშასტრიები) რომელსაც ჰქონდა დიდი გავლენა მართვაში, შემდეგ ვაჭართა განვითარებადი და მეტად აქტიური, მაგრამ  მართვის თვალსაზრისით უუფლებო კლასი (ვაიშები) – და ბოლო ადგილზე იდგა შინაურ ცხოველებთან და კერძო საკუთრებასთან  გათანაბრებული, სრულიად უუფლებო კლასი (შუდრები).

აღორძინების ხანამ ეს სოციალური პირამიდა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასავლეთის ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობა. ამ პერიოდისათვის ბურჟუაზია და ვაჭართა ფენა გამდიდრდა და გაუჩნდა სურვილი გაერკვიათ სად იხარჯებოდა მათ მიერ მოპოვებული სიმდიდრე. ამიტომ ისინი, ანუ მესამე კასტა აუჯანყდნენ პირველ და მეორე კასტას, რასაც მოჰყვა საფრანგეთის რევოლუცია, რომლისთვისაც სამი პოსტულატი იქცა იდეალად – თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. ეს იყო ბურჟუაზიის, მატერიალიზმის, ლიბერალიზმის, პროგრესისა და გონიერების საუკუნე. დიდგვაროვნები და სასულიერო პირები თავის გადასარჩენად იბრძოდნენ, მათი წინააღმდეგობის დასაძლევად კიდევ რამოდენიმე რევოლუცია მოხდა.

ფრანგი რევოლუციონერები სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას გაცილებით მეტ ყურაღებას აქცევდნენ და ახორციელებდნენ კიდეც. ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ძმობის გარეშე, რომელიც გულისხმოს თანაგრძნობასა და კეთილგანწყობას, ევროპამ ვერ მიაღწია სოციალურ თანასწორობას ქვეყნის შიგნით და ჰარმონიულ  ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან, ამიტომ თანასწორობა და ძმობა  განუხორციელებელი დარჩა. ფრანგული რევოლუციის სისუსტე ამაში მდგომარეობს.

ნაპოლეონ ბონაპარტმა მთელი ევროპის დაპყრობა შეძლო და ყველგან დაამკვიდრა ფრანგული რევოლუციის, ანუ აღორძინების იდეალები. მან გააუქმა რომის იმპერია, კლასიკური სახელმწიფოები, საეკლესიო სასამართლოები, და საეკლესიო საკუთრების კონფისკაცია მოახდინა, მემამულეებს მამულები შეუმცირა. ნაპოლეონმა კანონის წინაშე ყველა თანასწორი გახადა, რის შედეგადაც საშუალო კლასის წარმომადგენლებმა მიიღეს   სახელმწიფო სამსახურის დაკავების შესაძლებლობა. იგი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდა, შემოიტანა თანამედროვე ეკონომიკური კანონმდებლობა და ახორციელებდა საზოგადოებრივ პროექტებს: გზების, არხების, ხიდების მშენებლობას. რევოლუციური იდეების გასავრცელებლად დააწესა საერო სკოლები. გაბატონდა ფრანგული ენა და კულტურა, რამაც დაპყრობილ ქვეყნებში პოლიტიკური და კულტურული დაპირისპირება გამოიწვია. განსაკუთრებული დაძაბულობა ,,ვალიურ“იმპერიალიზმთან წარმოიშვა, რაც საბოლოოდ გახდა გერმანული თვითშეგნების გაღვიძების მიზეზი. ფრანგი დამპყრობლებისაგან და ნაპოლეონის დიქტატურისაგან განმათავისუფლებელმა ტალღამ ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ ნაციონალური გრძნობების უსასრულო წყარო გახდა მომავალი თაობებისთვის.

საფრანგეთის რევოლუციის პარალელურად მიმდინარეობდა ინდუსტრიული რევოლუცია, რომლის დროსაც იზრდებოდა მუშათა კლასის (შუდრების) როლი. უკეთესი ცხოვრების იმედით სოფლებიდან ქალაქში გადასული და პროლეტარიატად ქცეული გლეხობის უკმაყოფილება იზრდებოდა და მხოლოდ ბრმა ვერ შეამჩნევდა, რომ ადრე თუ გვიან ეს ხალხი აჯანყდებოდა და მოითხოვდა თანასწორ უფლებებს.

გერმანიის პროლეტარიატი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან  ნაწილს წარმოადგენდა, მის ინტრესებს სოციალისტური  პარტია და უფრო რადიკალური და დამოუკიდებელი მარქსისტულ სოციალისტური     პარტია გამოხატავდნენ. სწორედ პირველი მსოფლიო ომის წინ 1912 წლის არჩევნებში გერმანიის სოციალისტურმა პარტიამ  მიიღო უმრავლესობა პარლამენტში, რამაც საზოგადოების მაღალ ფენებში  შეშფოთება გამოიწვია. ისინი თვლიდნენ, რომ მუშათა კლასის ადგილი  უფრო დაბალ დონეზეა და მათ არაფერი ესაქმებათ ხელისუფლებასა და ადმინისტრაციაში.

აღმოჩნდა, რომ გერმანიამ არ გაიზიარა აღორძინების ხანის იდეალები და დარჩა პრუსიულ, ავტოკრატიულ  და იერარქიულად ორგანიზებულ საზოგადოებად, ამიტომ იქ განსაკუთრებული დაძაბულობა არსებობდა საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის. თანაც მუშათა კლასი  სხვა ქვეყნებზე მეტად  ორგანიზებული იყო და თანასწორობას ითხოვდა. ფაქტიურად პროლეტარული რევოლუცია გერმანიაში უნდა მომხდარიყო, ამისთვის აქ ყველაფერი მომზადდა.  მაგრამ გერმანიის უმაღლესმა მთავარსარდლობამ, რომელიც  მართავდა ქვეყანას ( ამ დროს მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი ) – მხარი დაუჭირა რუსეთის რევოლუციას, რადგან იმედი ჰქონდა, რომ გადატრიალება ცარიზმის რუსეთს დაამხობდა და აღმოსავლეთის ფრონტის პრობლემას მოაგვარებდა,  ეს კი საშუალებას მისცემდა გერმანიას გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა მოწინაღმდეგეებისათვის დასავლეთში. ომში ამერიკის  ჯარების ჩართვამ და მოკავშირეების ძალების მობილიზაციამ გერმანიის გეგმა ჩაშალა, იგი დამარცხდა, რასაც მოჰყვა ვერსალის ხელშეკრულება, რომელიც მეტად დამამცირებლად იქნა აღქმული.

შექმნილი მდგომარეობის გამო პროლეტარიატი 1917 წლის რუსულმა რევოლუციამ გამოიყვანა ისტორიის სცენაზე – განთავისუფლდა ყველაზე უუფლებო ადამიანთა ფენა, ანუ მეოთხე კასტა. ამ რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ისევ თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა – კეთილგანწყობა იყო. სოციალისტურ და კომუნისტურ ქვეყნებს ჰქონდათ მცდელობა გაეთანაბრებინათ შესაძლებლობები, მაგრამ ეს ისე უხეშად მოხდა, რომ სრულიად დაითრგუნა ინდივიდუალური თავისუფლება –  დაიწყო  არნახული ტერორი, რომელმაც შეაძრწუნა დანარჩენი სამყარო. რუსეთის რევოლუციის შემდეგ კომუნიზმი და ბოლშევიზმი საყოველთაო საფრთხობელად იქცა. გერმანელებმა კი ჩათვალეს, რომ  რუსეთში მომხდარი რევოლუცია უშუალოდ ემუქრებოდა მათ არსებობას

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დასუსტებულ და ვერსალის ხელშეკრულებით დაკაბალებულ გერმანიაში გაგრძელდა მზადება კომუნისტური რევოლუციისათვის. რუსი ინსტრუქტორების მეშვეობით შეიქმნა პირველი   ასეულები, რომელთა დანიშნულება რევოლუციის გავრცელება იყო.

ამ დროს გერმანია ორ ბანაკად  გაიყო  – მემარჯვენეები და მემარცხენეები, მაგრამ მემარცხენეები კიდევ ორ ნაწილად იყოფოდნენ – სოციალისტებად და კომუნისტებად და ამ ორ მემარცხენე იდეოლოგიას შორის იყო ღრმა მტრობა. თავის მხრივ, მემარჯვენეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ სოციალიზმის იდეოლოგიურ ფასეულობებს, რაც მე-4-ე ფენის ინტერესებს გამოხატავდა.

1918 წლის ნოემბერში მემარცხენე ძალებმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს. ამას მოჰყვა მიუნხენის გადატრიალება და ბავარიის მეფემ ლუდვიგ მესამემ უარი თქვა ტახტზე – პირველმა გერმანიის 18 პრინცთაგან (ამერიკის პრეზიდენტის, ვილსონის მოთხოვნით სამშვიდობო ხელშეკრულებაში გაჩნდა პუნქტი, რომლის თანახმადაც, ყველა ავტორიტარული ორგანიზაცია და სამხედრო სტრუქტურა უნდა გაუქმებულიყო). ბავარიაში ხელისუფლება მუშათა საბჭოს ხელში აღმოჩნდა, მათ არ ჰქონდათ მართვის არანაირი გამოცდილება და საბედისწერო შეცდომებს უშვებდნენ.  ბურჟუაზია და მმართველი ელიტა   წინააღმდეგი იყო დემოკრატიის, სოციალიზმის და ყველანაირი საზოგადოებრივი ცვლილებების – ამიტომ მათ უარი თქვეს პროგრესსზე და  რესპუბლიკას არჩიეს ახალი, ავტორიტარული სახელმწიფო.

შექმნილმა სიტუაციამ შესაძლებლობა მისცა ჰიტლერს მოსულიყო ხელისუფლებაში და ისიც ასეთ გერმანიაში შეუდგა მოღვაწეობას.

ამ მეტად რთულ ეპოქაში ბევრი ქვეყანა ეძებდა მესამე გზას, გზას, რომელიც განსხვავებული იქნებოდა მარქსიზმისა და  კაპიტალიზმისაგან. ევროპაში ძირითადად  მესამე გზის ძიებისას მიმართავდნენ ფაშიზმს. ქვეყანებში, სადაც ფაშისტური დიქტატურა გაბატონდა,  არსებობდა  ისტორიული წინაპირობა, კერძოდ პირველი მსოფლიო ომის მიერ გამოწვეული კრიზისი, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო.  პირველი ფაშისტური რეჟიმი იტალიაში დამყარდა შემდეგ –  პორტუგალიასა და ესპანეთში და ბოლოს გერმანიაში.

ფაშიზმის ბევრი ლიდერი დასაწყისში არა პოლიტიკოსი არამედ პროპაგანდისტი, აგიტატორი იყო. ეს თავისთავად ჩვენი საზოგადოებისათვის  დამახასიათებელი მომენტია, რომელშიც სულ უფრო და უფრო მეტად იშლება ზღვარი რეკლამასა და სინამდვილეს შორის.

როგორც კი გარკვეული რაოდენობის ცოცხალი არსებები ერთად იკრიბებიან, ისინი ინსტიქტურად ლიდერს ემორჩილებიან. პროპაგანდისტი თანდათან ლიდერი ხდება და თუ ლიდერი მოირგებს ბელადის როლს, იგი უეჭველად შეეცდება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაამყაროს ავტორიტარიზმი ან დიქტატურა.

ლიდერს დიქტატორად აქცევს დაუოკებელი ძალადობის სურვილი, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ფსიქოლოგიური პრობლემები ბავშვობაში იწყება. მომავალი დიქტატორი,  როგორც წესი, გაზრდილია პრობლემურ ოჯახში.  მასზე გავლენა მოახდინა ძალაუფლებისკენ   და პარტნიორის კონტროლისკენ თანდაყოლილმა მისწრაფებამ, ბავშვობაში აღქმულმა მშობლების ურთიერთობის კოპირებამ  და სტრესმა, რომელიც მიიღო არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო. აქედან გამომდინარეობს პიროვნული პრობლემები, მიდრეკილებები და თვისებები. ფსიქოლოგიური სტრესი ღრმა კვალს ტოვებს მის ფსიქიკაზე და ხშირად ყალიბდება დაუნდობელი, ძალადობისკენ მიდრეკილი ნევროტიული  ინდივიდი. ადამიანი დაბადებიდან არ ფლობს სოციალურ ჩვევებს – ზრდასთან ერთად იგი სწავლობს სხვებთან ურთიერთობას, დათმობას, თავისი მიზნების რეალიზებას ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს სხვას. ნევროტიულ ადამიანს არა აქვს   გარე სამყაროსთან ადაპტირების უნარი. იგი ასოციალურია, არ შეუძლია რეალობასთან შეგუება და თანდათან შორდება გარემოცვას, იწყებს ოცნებებში ცხოვრებას, სადაც ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდებული და ყველა მას ემორჩილება. ამ ფარულ ოცნებებში იგი დიქტატორი – მეფეა. თუ ასეთი ადამიანი ახერხებს პოპულარობის მოპოვებას და ხელისუფლებაში მოსვლისათვის ნაბიჯებს დგამს, მისთვის მისაღები ხდება მხოლოდ ის გეგმები და ის ქმედებები, რომელებიც მის მიზნებს შეასხამს ფრთებს.

თუ ისტორიას გადავხედავთ დავრწმუნდებით, რომ ბელადები წარსულში ყველა ერს ჰყავდა. ცნობილია, რომ ბელადი არ მიეკუთვნება მოაზროვნეთა რიცხვს – ისინი მოქმედების ადამიანები არიან. მათ არ გააჩნიათ შორსმჭვრეტელობის უნარი, რადგან შორსმჭვრეტელობას მივყავართ  ორჭოფობამდე, ორჭოფობას კი უმოქმედობამდე.  როგორი უმნიშვნელო ან არაგონივრულიც  არ უნდა იყოს  იდეა, რომელსაც ბელადი ესწრაფის, მისი ფანატიკური  რწმენის შერყევა შეუძლებელია.  ყველანაირი წინააღმდეგობა მას მხოლოდ ძალას მატებს. პირად ინტერესებს, ოჯახს, ისინი საქმეს წირავენ. მათ სრულიად უქრებათ თვითგადარჩენის ინსტიქტი  და მზად არიან თავიც დადონ იმ საქმისათვის რასაც ემსახურებიან. მათი რწმენის სიძლიერე მათ სიტყვებს შთაგონების უდიდეს ძალას მატებს და ხალხიც ყოველთვის მზადაა უსმინოს ადამიანს, რომელსაც გააჩნია ნებისყოფა და რომელსაც აქვს მასზე ზემოქმედების უნარი.  ბელადს ყოველთვის   უნდა ჰქონდეს  მყარი რწმენა ან იდეა, ხოლო ადამიანები, რომელთაგანაც შედგება მასა, ძლიერი ემოციებით შეპყრობილები,  გამოკვეთილი მიზნის გარეშეც გაჰყვებიან  მას, რადგან დარწმუნებულები არიან –  მან ნამდვილად იცის საით მიდის.

მასაში გაერთიანებული ადამიანები სრულიად კარგავენ ნებას და ინსტიქტურად იმას მიყვებიან, ვინც ის შეინარჩუნა. ბელადს კი მათზე ზემოქმედებისათვის შეუძლია უსინდისოდ იცრუოს, დაამახინჯოს  ფაქტები.  ფართო მასები ემოციის დონეზე  ადვილად ექცევიან  გავლენის ქვეშ და ბელადი ამას იყენებს . პრიმიტიული გონება ადვილად ხდება სიცრუის მსხვერპლი, თანაც რაც უფრო დიდია ტყუილი მით უფრო დამაჯერებლად ჟღერს. რაც უფრო ხშირად იყენებს თავის გამოსვლებში ასეთი ლიდერი ტყუილს, მით ნაკლებადაა შესაძლებელი, როგორც თვითონ თვლის, რომ ეჭვი შეიტანონ მის სიტყვებში და მართლაც  მასებისთვის ძნელად მისაღებია, რომ ასე სახალხოდ შეიძლება მოტყუვდეს.   მაგალითისათვის განვიხილოთ ნაცისტური გერმანიის ლოზუნგი ,,გერმანული ნაციის ბედისათვის ბრძოლა“. იგი  იყო ყველაზე დიდი სიცრუე,     რომელიც მთელმა  გერმანელმა ხალხმა მიიღო   და გაიზიარა. მასში იყო სამი შემამსუბუქებელი  შემადგენელი: პირველი, რომ ომი სულაც არ არის ომი, მეორე – იგი გააჩაღა იღბალმა, ბედისწერამ და არა გერმანიამ, მესამე, ეს არის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გერმანელებისათვის, რომლებმაც საბოლოოდ უნდა დაამარცხონ მტრები, წინააღმდეგ შემთხვევაში მტრები გაანადგურებენ მათ.

ლიბერალების ენა ზოგად,  ობიექტურ მსჯელობას ეყრდნობა – ეს კი მასისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რადგან სიცივის და მარტოობის შეგრძნებას აძლიერებს. ადამიანებისთვის მასაში გაუგებარია საკუთარ  მე-ს მოწყვეტილი აზროვნება. ფაშისტურმა პროპაგანდამ ეს გააცნობიერა – მათი ენა პიროვნულია, იგი არა მარტო მისი მიმდევრების,   არამედ თვით ორატორის (ფიურერის) ინტერესებსაც ეხება, რითაც გამოხატავს მსმენელის მიმართ ნდობას და ამით ადამიანებს შორის უფსკრულს ავსებს. ამიტომ დიქტატორი ხშირად საუბრობს საკუთარ თავზე.

სააგიტაციო კამპანიის დასაწყისისათვის აგიტატორის მიერ საგულდაგულოდ გააზრებულია ფსიქოლოგიური სტიმულები და  მოსალოდნელი რეაქციის მექანიზმები, მისი პოლიტიკური პოზიცია კი ბუნდოვანი და აბსტრაქტულია და თითქოს მიამიტურიცაა. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ის შეგნებულად მეტ ყურადღებას  უთმობს ფსიქოლოგიური მეთოდებისა და ტექნოლოგიების მოფიქრებას, ვიდრე პოლიტიკას. ეს პოზიცია მას ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე უჭირავს შემდეგ კი იწყება ტერორი.

ტერორი იწყება განცხადებით, რომ მოსალოდნელია კატასტროფა, სიტუაცია უიმედოა და მიაღწია კრიტიკულ ზღვარს, საჭიროა გაერთიანება და ერთად ბრძოლა. ვინც არ გაერთიანდება ის მოღალატეა და  ღირსია მოკვდეს. სადამსჯელო ღონისძიებები ხშირად სახალხო და სამაგალითოა, რასაც ხალხი აღფრთოვანებით ხვდება – ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნიკა რასაც ,, შეძრწუნების“ ტექნიკა ქვია.

ტექნიკა ,,შავი ხელი“ დაკავშირებულია შანტაჟთან, მთელი სიმკაცრით მართული, დახურული, შავი სამყაროს ძალადობრივი ჯგუფის იდეასთანაა მიახლოებული.  ტერორის პროპაგანდაში ფაშიზმი ნათლად ავლენს ამ კავშირს. ტერორს იყენებენ არა მარტო მოწინააღმდეგეების არამედ საკუთარი მომხრეების მიმართაც. რადგან ამ შემთხვევაში ძლიერდება ავტორიტეტი, ამიტომ მომხრეების მიმართ უფრო დაუნდობლები ხდებიან და სულ მცირე შეცდომასაც კი  ღალატად აცხადებენ.  როცა მიღწეულია  უმკაცრესი დისციპლინა და შიში  აპოგეას აღწევს, ავტორიტეტი ხდება აბსოლუტური. ეს არის რეპრესიული ერთიანობა, სადაც გამორიცხულია დამოუკიდებელი ნაბიჯები და დამოუკიდებელი აზროვნება. აქ გაბატონებულია უნდობლობა და მიღებულია დასმენა.

როგორც ყველა ჰერმეტული ანუ დახურული   ორგანიზაციიდან, ფაშისტური ორგანიზაციიდანაც გასვლა, უკან დახევა შეუძლებელია. საძმოს წევრები ერთმანეთს უკავშირდებიან ფიცით, სისხლის სიმბოლიზმით, მირონცხებით, რიტუალით და ა.შ., რაც ნიშნავს სულითა და სხეულით შერწყმას. არ არის ფაშიზმისთვის უფრო შემზარავი რამ ვიდრე მისი წევრის მიერ გამოთქმული თავისუფლების სურვილი. არ არის უფრო დიდი მტერი, ვიდრე ის ვინც გადაიფიქრა, ისევ ,,გარეთ“ უნდა და არა აქვს მნიშვნელობა მიზეზს ან დამსახურებებს. რწმენის შეცვლა აღიქმება როგორც ღალატი და მოითხოვს მკაცრ სასჯელს.

ფაშისტური შანტაჟი არის ,,საერთო სახალხო თანამეგობრობის“ სრული პაროდია. ფაშიზმის და  სხვა დიქტატურების მომხრეები შეპყრობილები არიან ეჭვით და უნდობლობით და მზად არიან უფრო გულმოდგინედ გაანადგურონ ერთმანეთი.

მომავალ  დიქტატორს ახასიათებს ცინიკური ზიზღი თავისი მიმდევრების აზროვნების უნარის მიმართ, მაგრამ, მიუხედავად ამისა ეწევა თვითპროპაგანდას რათა ნდობა გააჩინოს  მათში. აგიტაციისას, მათი მომხრეებად ფორმირებისათვის, მთავარია ადამიანებით მანიპულირება   და ამას ემსახურება საბოლოოდ ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს.  იდეები და პოსტულატები მხოლოდ სატყუარაა, რასაც უმნიშვნელო ობიექტური წონა აქვს. ერთი მხრივ იგი ფრთხილობს, რათა არ გამჟღავნდეს მისი ნამდვილი მიზანი –   ძალაუფლების ხელში ჩაგდება. იგი ძველი, შოვინისტური, მუშტის კანონის მიმდევარია და ამაზე ფიქრობს, მაგრამ ხმამაღლა   არ ლაპარაკობს. ნაწილობრივ მიზნები ბუნდოვანია, არ არის გამოხატული, რათა ცვალებად პოლიტიკურ სიტუაციას მოერგოს. მსმენელებმა ზუსტად არ უნდა იცოდნენ რას აპირებს ლიდერი და რა პროგრამა აქვს, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მათ   და აგიტატორის  ინტერესებს შორის არსებობს წინააღმდეგობა.  ამიტომ იგი არ აკონკრეტებს რისთვის იბრძვიან, მაგრამ მნიშვნელობას ანიჭებს როგორ უნდა იმოქმედონ.

ბელადი ხშირად  თავს იქებს, თუ დასჭირდება  გადამწყვეტ მომენტებში ცრუობს კიდეც, მაგრამ სანამ არ მიაღწევს საბოლოო მიზანს, არ ეხება ძალაუფლების თემას და ირწმუნება, რომ ისეთივე ადამიანია, ანუ ისეთივე სუსტია, როგორც მისი მომხრეები. ფაშისტი წინამძღოლის მიმზიდველობის ასახსნელად ძალისა და ავტორიტეტის იდეა არ არის საკმარისი, უფრო მნიშვნელოვანია წარმოდგენა, რომ სუსტს შეუძლია გახდეს ძლიერი, თუ იგი  ,,მოძრაობას“,  ,,საქმეს“, ,,ჯვაროსნულ ომს“ ან სხვა რამეს სიცოცხლეს შესწირავს.  თავისი პიროვნებისადმი ამბივალენტური მიდგომით, რითაც იგი ადამიანიცაა და ზეადამიანიც, სუსტიც და ძლიერიც, ახლობელიც და შორეულიც – იგი იძლევა იმ განწყობის მოდელს, რომელიც სურს რომ დაამკვიდროს მსმენელებში. თავის მიმდევრებს იგი უნერგავს შიშს, რომლის შინაარსიც გასაიდუმლებულია და მის შესახებ იციან მხოლოდ ერთეულებმა. ეს იდუმალება აღვიძებს ცნობისმოყვარეობას და ხალხი უერთდება  მოძრაობას ან იწყებს პუბლიკაციების კითხვას იმ იმედით, რომ ოდესღაც აზიარებენ საიდუმლოს. ეს ქმნის ერთგვარ ემოციურ კავშირს აგიტატორსა და მსმენელს შორის. ბელადის ენა არის ყალბი გრძნობების და ცრუ კეთილშობილების ფარისევლური  ენა. ერთი შეხედვით საკვირველია, რატომ ვერ ახერხებს ხალხი ცხვრის ტყავში გახვეული მგელის ამოცნობას, მაგრამ ხალხურ ხელოვნებას ახასიათებს სენტიმენტალურობა და გაზვიადება. ხალხს ჭეშმარიტებაზე მეტად იზიდავს თეატრი, სპექტაკლი, ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებს მას ყალბი ნოტები, რადგან აღიქმება, როგორც წარმოდგენა, როგორც მოდელის იმიტაცია. გულაჩუყებული ექსტაზი და უაზრო ლაყბობა ხდება რწმენის გაღვიძების და ერთგულების წინაპირობა და არა აქვს მნიშვნელობა, რომ არ არსებობს იდეა და პროგრამა.

მასისათვის დღესაც მთავარია რომ ,,იყოს ინფორმირებული“ რათა შეძლოს საუბარში ჩაბმა, სხვისი ცხოვრების დეტალების გაგება მას ართობს და სიამოვნებასაც ანიჭებს. ასეთი მიდგომა ფაშისტის არსს პასუხობს – მან იცის, რომ არა აქვს მნიშვნელობა როგორ კმაყოფილდება ცნობისმოყვარეობა. კორუფციის ან ქურდობის საქმის გახსნა, რაშიც მოწინააღმდეგეები არიან გარეულები, მისი ცოლის ავადმყოფობაზე და მის ფინანსურ სირთულეებზე მსჯელობა, რაც შეიძლება მოგონილიც კი იყოს – ერთნაირი ძალით მოქმედებს.

ფაშისტი ლიდერი, ანუ უკიდურესი დიქტატორი, ხშირად ლაპარაკობს რეალურ პოლიტიკაზე, იდეალიზმზე, გმირობაზე, თავგანწირვაზე. იგი დასცინის ყველანაირ  უტოპიას და ტკბება წარმოდგენით, რომ სამყარო ცუდია, მაგრამ ამავე დროს თვლის, რომ ის არ უნდა შეიცვალოს და ფიქრიც კი მის შეცვლაზე დასჯადია. ამ აზრს იზიარებს თანამედროვეობის ყველა  ავტორიტარული იდეოლოგია.

თუ მსმენელს ექცევიან ისე, როგორც საიდუმლოს ნაზიარებ, გამორჩეულ ადამიანს, მისი ლიბიდო კმაყოფილდება და არა აქვს მნიშვნელობა მისი ცნობისმოყვარეობა მიმართულია დადებითი თუ უარყოფითი წარმოდგენებისაკენ.

მთელ სამყაროში დღეს თითქმის არავინ არ გრძნობს თავს დაცულად, თავისი ეკონომიკური  მდგომარეობის ბატონ – პატრონად რადგან ადამიანთა უმრავლესობა გიგანტური, ბრმა ეკონომიკური ძალების ობიექტია. ყოველი მათგანი ხვდება, რომ  საზოგადოებრივი ძალების გავლენის ქვეშაა და თითოეული ინდივიდის ფსიქოლოგიური სახის მიღმა მიმალულია სიღატაკის ლანდი. ფაშისტი აგიტატორი ამ სიტუაციას ითვალისწინებს. ღარიბი  მათხოვრის პოზაში იგი მზადაა თვითონ იმათხოვროს, განიცდის იგივე დამცირებას და ამით ის სიმბოლურად ათავისუფლებს მათ სირცხვილისაგან..

სხვადასხვა ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად სხვადასხვა გზას ირჩევენ. ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი შეიძლება პოლიტიკური ან რელიგიური მოძრაობა დიქტატურისკენ გადაიხაროს და ფაშიზმამდე მივიდეს, თანაც  შეიძლება ისე იცვალოს სახე რომ ერთი შეხედვით ვერც შეამჩნიო რასთან გაქვს საქმე.

თუ ქვეყანაში დემოკრატიას ხანგრძლივი ისტორია აქვს და გააჩნია ემოციური მიზიდულობის ძალა, ფაშისტი ლიდერი მას ღიად ვერ დაუპირისპირდება, ისე როგორც ეს ხდებოდა გერმანიაში. ამიტომ თავისი ზრახვები რომ დამალოს, ფაშისტისთვის დემოკრატია ,,მისაღები“ ხდება. იგი გამალებით იწყებს საკუთარი თავის რეკლამირებას, რათა მოიპოვოს   გავლენა და საკმარისი  ძალა იმისათვის რომ საბოლოოდ უარი თქვას დემოკრატიაზე თვით  დემოკრატიისათვის. იგი ბუნდოვნად პირდება ყველა ჯგუფს ყველაფერს ისე, რომ არ ითვალისწინებს მათ საპირისპირო ინტერესებს.

დიქტატორს გააჩნია გაცილებით მეტი საშუალება მიაღწიოს პოლიტიკურ და პირად მიზნებს. მას შეუძლია მოიხვეჭოს დიდძალი მატერიალური სიმდიდრე და იგი არ არის ანგარიშალდებული ხალხის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური ინსტანციების  წინაშე, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან    ისეთი კანონების მიღებას ახერხებს, რომლის ძალითაც ოპოზიციური აზრი ან ქმედება სისხლის სამართლით იდევნება.

დიქტატორს თავისუფლად შეუძლია თავი ღმერთად ან მის წარმომადგენლად გამოაცხადოს, აქვს შანსი ყველა სურვილი აისრულოს,  მისთვის მნიშვნელოვანი დღე სახელმწიფო დღესასწაულად აქციოს, აშენოს და აკეთოს რაც უნდა, თუნდაც ქალაქი უდაბნოში, წეროს რომანი – ბესტსელერი, აღმართოს თავსი სახელობის ძეგლები და სასახლეები, განსაკუთრებით უყვარს  სხვადასხვა ჯილდოს მითვისება – საზღვარი მხოლოდ მის ფანტაზიაშია. მაგრამ, როგორც წესი მისი მოღვაწეობა ცუდად მთავრდება.

დემოკრატი მმართველი ქვეყნის პოლიტიკური ორიენტირების, შიდა მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისას ვალდებულია გაითვალისწინოს ხალხის აზრი, ინტერესები და მოთხოვნები. დიქტატორი ასეთი ,,წვრილმანებით“ თავს არ იწუხებს. იგი იქცევა ისე, როგორც თვითონ სურს…

დიქტატორი გაცილებით დიდხანს მართვს ქვეყანას, ვიდრე დემოკრატი მმართველი. სანამ ხელისუფლებაში მოვა მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ხოლო დემოკრატს ბევრი მომხრე, სამაგიეროდ დიქტატორი პირველ ორ წელიწადში, ოპოზიციის განადგურებით, მოსყიდვითა და დათრგუნვით პოზიციებს იმყარებს – დემოკრატი კი მომხრეებს კარგავს. დემოკრატი მმართველი მზადაა დათმოს ძალაუფლება დიქტატორი კი სამუდამო მმართველობას აპირებს და მემკვიდრესაც იმზადებს.

თანამედროვე დიქტატორები დემოკრატიის სახელით მოდიან მაგრამ მალე იცვლიან მართვის სტილს. ძალაუფლების ხელში ჩაგდება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების გზით ხდება. დიქტატურა ადვილი დასამყარებელია ქვეყანაში, სადაც უკვე არსებობს ავტორიტარიზმი,  პოლიტიკურად დამოუკიდებელია და მასში ცენტრალიზებული მმართველობაა.   თუ ქვეყანა ეკონომიკურად ჩამორჩენილია, მოსახლეობა არ მონაწილეობს პოლიტიკურ საქმეებში, ნაკლებად განათლებულია და  ძალაუფლება ელიტის ერთი ჯგუფის წარმომადგენლების ხელშია,  გადატრიალების მოწყობა შესაძლებელია, რადგან მოსახლეობისათვის სულ ერთია ვინ მართავს ქვეყანას. თუ ხალხის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებიან, იყენებენ პროპაგანდას, მასების დამუშავების მძლავრ იარაღს.

უმეტეს წილად გადატრიალებას აწყობენ სამხედრო და სპეცსამსახურების სტრუქტურები. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იწყება პოლიტიკური მოწინაღმდეგეების დაპატიმრება ან განადგურება. გადატრიალებას მშვიდობიან რევოლუციას არქმევენ და განმარტავენ რომ საჭირო იყო ხალხის გადარჩენა ტირანისგან, კონსტიტუციის დაცვა და დემოკრატიის დამყარება. მოსახლეობის გაერთიანებას ახდენენ პროპაგანდის მეშვეობით, რომელიმე გარეშე მტრის წინააღმდეგ, ფუნდამენტური ნაციონალისტური და რასისტული ინსტიქტის გაღვიძებით.

შემდეგი ეტაპი პიროვნების კულტის შექმნაა,რადგან თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს შიშს და თან უნდა იცოდეს, რომ დიქტატორის გარეშე დაიღუპება, რომ იგი მასზე ზრუნავს და იცის რა გზაა ქვეყნისათვის საუკეთესო. ასეთი გარემოება დიქტატორს აძლევს უსაზღვრო პოლიტიკურ ძალას.

დღეს  აგიტატორმა ანგარიში უნდა გაუწიოს იმას, რომ ადამიანები ჭკვიანები და პრაქტიკულები არიან. მან შეიძლება უბიძგოს მათ ირაციონალური საქციელისაკენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხალხს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ის გონიერია. სინამდვილეში, მანიპულაციებით მიღებული ირაციონალური კმაყოფილება მოჩვენებითია. მანიპულაცია, თავისი არსით, ,,თავისუფლების“ საპირისპიროა. იგი არ იძლევა კმაყოფილებას, არც სიხარულს, ის მხოლოდ ათავისუფლებს საკუთარი უიღბლობის განცდისგან და ხელს უწყობს რეგრესულ კმაყოფილებას, რომელიც ჩნდება ბრბოში გაერთიანებისას. ადამიანს უჩნდება ემოციური სიმსუბუქე, აღარ უნდა თავს გრძნობდეს  დამოუკიდებელ ინდივიდად, რომელიც თვითონ განსაზღვრავს და თვითონ ინარჩუნებს საკუთარ ბედს.

საზოგადოების ახლანდელი განვითარების   ფაზაში, როცა ოჯახი არ არის დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული, რომელსაც შეუძლია თავი გადაირჩინოს და მამა აღარ არის თავისი ოჯახის ცხოვრების გარანტი, იგი არ წარმოადგენს ფსიქოლოგიურად აღმატებულ საზოგადოებრივ ინსტანციას. თანამედროვე დიქტატორი აღარ   ასახიერებს მამას; სტალინს ჯერ კიდევ ჰქონდა აღმოსავლური პატრიარქალური მახასიათებლები, მუსოლინის პიროვნებაში ეს თვისებები ოდნავ ჩანდა, ხოლო ჰიტლერს ოჯახი  არ ჰყავდა და სრულიად დაცლილი იყო ამისგან. ჰიტლერი გამოიყურებოდა როგორც მშფოთვარე, ნევროტიული სუსტი შვილი, რომლის წარმატებასაც სწორედ ეს სისუსტე უზრუნველყოფდა, რადგან გამოძახილს პოულობდა ისეთსავე ადამიანებში როგორიც თვითონ იყო. დიქტატორის ძალაუფლება თანდათან მატულობს და უკვე ფიურერის დონეზე მაქსიმუმს აღწევს, ამიტომ მას ბრმად ემორჩილებიან, მისი ,,უდაო“ და ,,აღიარებული“ დამსახურებების გამო.

სამწუხაროდ  დღევანდელ  სოციალურ პირობებში ადამიანებს არა თუ არ ეშინიათ მანიპულაციის, არამედ მისი მოთხოვნილებაც კი აქვთ და სურთ, რომ ვიღაცამ აიღოს პასუხისმგებლობა, უხელმძღვანელოს და გაუძღვეს კეთილი მომავლისკენ. ამით ადამიანები უსიტყვოდ თანხმდებიან იყვნენ მანიპულაციის უმოქმედო ობიექტები, ამას ემატება მათზე პროპაგანდისტული ზემოქმედება და ფაქტიურად მოკლე ხანში ისინი მზად არიან გაჰყვნენ ლიდერს ნებისმიერი მიზნისკენ.

პროპაგანდა, რომელიც ცდილობს შექმნას ავტორიტარული  იდეები, თავისთავად არ არის ფაშისტური. სხვა იდეოლოგიებიც ცდილობდნენ ავტორიტეტის გაგება შეეტანათ თავის მოძღვრებაში. სუსტი დემოკრატიის ქვეყნებში დღესაც არის მაგალითები იმისა რომ ეს საშიშროება რეალურია.

დღეს ავტორიტარიზმი დგას პრობლემის წინაშე: მან უნდა გაამართლოს ავტორიტარიზმი, როგორც ტენდენცია, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის და თანაც მზად უნდა იყოს იმსჯელოს და დაიცვას თავისი პოზიცია, რათა შეძლოს მასების დამორჩილება ეს კი ითხოვს გარკვეულ გაწაფულობას და ფაქტების დამახინჯებას.

ნებისმიერი ტოტალიტარული ან ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს გაანადგუროს ოპოზიცია და შექმნას ,,საუკეთესო“ საზოგადოება. რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებით მრავალფეროვანი საზოგადოება ერთფეროვნად, ერთნაირად მოაზროვნედ იქცეს და ერთნაირად იმოქმედოს. ,,ახალი ადამიანის“ შექმნის გზაზე ნებისმიერი გადახრა დადგენილი ნორმისგან დაუშვებელია. ცალკეული ადამიანები  ერთმანეთს უნდა დაემსგავსონ, ერთნაირად იფიქრონ, რათა  ერთ იდეოლოგიას დაემორჩილონ. სწორედ ამის მიღწევას ცდილობდნენ, მთელი სისასტიკით – მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმები სხვადასხვა ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ერთფეროვნების იდეოლოგიას დღესაც იყენებენ. გლობალიზაციის გავრცელებას, რომელსაც გააჩნია ტექნიკური, ეკონომიკური, და ფინანსური არსი, თან მოჰყვება ერების, კულტურის, კოლექტიური იდენტურობის და ცხოვრების განსხვავებული წესების განადგურება, თანაც თანამედროვე ხელისუფლება ფლობს კონტროლის ისეთ საშუალებებს, რაზეც უწინდელი ტოტალიტარული რეჟიმები ვერც იოცნებებდნენ.

დიქტატურის პრობლემა ღრმა პრობლემაა. ბევრი ქვეყნის ხალხები განიცდიდნენ ხანგრძლივ ზეწოლას, შიდა თუ გარეთა ძალების მიერ. ხშირად იძულებულები იყვნენ უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ სახელმწიფიფო მოხელესა და მმართველებს. დიქტატორები, ექსტრემალურ შემთხვევებში, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ინსტიტუტებსაც კი  შეგნებულად ასუსტდებდნენ, იმორჩილებდნენ და თუ საჭიროდ თვლიდნენ ცვლიდნენ კიდეც რათა  მიეღოთ რეჟიმის მორჩილი გარემო, რასაც შემდგომ იყენებდნენ საზოგადოების სამართავად. ხალხს ერთმანეთისგან თიშავდნენ, რათა არ ჰქონოდათ ერთმანეთის ნდობა და უნარი ერთად ებრძოლათ  თავისუფლებისათვის. ძალაუფლებისკენ სწრაფვა ხშირად მთავრდება დიდი მსხვერპლითა და ძლიერი მღელვარებით.  შედეგად მოსახლეობა კარგავს საკუთარი თავის რწმენას, წინააღმდეგობის გაწევის უნარს და სუსტდება. ადამიანები იმდენად შეშინებულები არიან, რომ სიტყვიერადაც  ვერ გამოხატავენ უკმაყოფილებას. ტოტალიტარული სახელმწიფოს რიგითი მოქალაქე ემორჩილება არსებულ კანონებს. პროპაგანდით გაბრუებული იგი უთანაგრძნობს  რეჟიმს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას სწორი კურსი აქვს აღებული –   ამიტომ მის ყველა დავალებას ულაპარაკოდ  ასრულებს. მაგრამ თუ იგი არ ეთანხმება არსებულ რეჟიმს და არ სურს მონაწილეობა მიიღოს ქმედებაში, რომელიც ეწინააღმდეგება მის შინაგან განწყობას, მორალსა და სინდისს, თანდათან გაირიყება და თუ გადაურჩება სადამსჯელო მანქანას, არასრულფასოვანი ცხოვრებისთვისაა განწირული.

თანამედროვეობა  სხვა მოთხოვნებს აყენებს. გლობალიზაციურმა პროცესებმა ხელმისაწვდომი გახადა ყველანაირი  ინფორმაცია. ცხადი გახდა, რომ უნაკლო სახელმწიფო წყობილების შექმნა მომავლის საქმეა, თანაც ფრანგული რევოლუციის მიერ დაწყებული პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა. ალბათ  ამიტომ მეცნიერებმა მეტი ყურადღება მიაქციეს ცალკეული პიროვნებებს – ლიდერებს და  დაიწყეს წარმატებული ადამიანების შესწავლა ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროებში.

ხშირია შემთხვევები, როცა მაღალ ინტელექტუალური, ბრწყინვალე კვალიფიკაციის ადამიანი, რომელსაც ხელმძღვანელ პოსტზე ნიშნავენ, სამუშაოს თავს ვერ ართმევს და მოსალოდნელ შედეგებს ვერ აღწევს, მაშინ როცა, ინტელექტუალური, საშუალო განათლების ადამიანი, რომელმაც ანალოგიური თანამდებობა დაიკავა, ბევრად უფრო წარმატებულია. არსებობს მოსაზრება, რომ ლიდერის პოზიციაზე ადამიანის შერჩევა უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება, მაგრამ მკვლევარებმა დაადგინეს რატომ ხდება ასე. ირკვევა, რომ საქმე ემოციურ ინტელექტშია.

თუ ადამიანი დაჯილდოებულია მაღალი ემოციური ინტელექტით, იგი ეფექტურად იმუშავებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც მას აინტერესებს – იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნესი, ხელოვნება თუ სხვა რამ და რაც მთავარია იგი არ იყენებს დიქტატს თავის საქმიანობაში.

მაგრამ, რა არის ემოციური ინტელექტი?

ემოციური ინტელექტი შედგება 5 კომპონენტისგან:

  1. თვითშემეცნება – ადამიანის უნარი გაერკვეს თავის სუსტ და ძლიერ მხარეებში, ფასეულობებსა და მოტივებში
  2. თვითკონტროლი – უნარი აკონტროლოს ან დადებითი მიმართულება მისცეს დამანგრეველ იმპულსებსა და ემოციებს.
  3. მოტივაცია – სურვილი იმუშაოს თვით პროცესისათვის, ანუ მატერიალური სარგებელი არ დგას პირველ პლანზე.
  4. ემპათია – თანაგრძნობა, როცა ადამიანს შეუძლია ჩაწვდეს სხვების ემოციურ მდგომარეობას.
  5. სოციალური ჩვევები – სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დალაგების და წარმართვის უნარი.

ამა თუ იმ დონეზე ყველას გააჩნია ემოციური ინტელექტი, მაგრამ თუ ის არ არის საკმარისი, მუდმივი პრაქტიკითა და კოლეგებთან და კონსულტანტებთან ურთიერთობით შესაძლებელია მისი განვითარება და გამყარება.

თვითშემეცნება ემოციური ინტელექტის უპირველესი შემადგენელია, რაც საკუთარი ემოციების, ძლიერი და სუსტი მხარეების, მოთხოვნებისა და მოტივების სიღრმისეულ ცოდნას გულისხმობს. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აცნობიერებს – რეალისტია, ის არ იტყუებს თავს და კეთილსინდისიერია  სხვების მიმართ. ის  აცნობიერებს რა გავლენას ახდენს მისი გრძნობები თვით მასზე,  მის გარემოცვაზე და საბოლოოდ იმ სამუშაოზე ან საქმეზე, რომელსაც ასრულებს.  არავინ დავობს, რომ ემოციური ინტელექტი უნდა განვითარდეს ასაკთან ერთად და სიტყვა სიმწიფე ამ მოვლენას უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება. ხშირია, როცა ზრდასრულ ადამიანს დამატებითი ტრენინგები სჭირდება. იმისათვის რომ ინდივიდმა განსაზღვროს რამდენად განვითარებულია  ემოციურად –  უპირველესი და უმთავრესია გულწრფელობა და რეალისტური თვითშეფასება.

თვითკონტროლი.  ჩვენს ემოციებს მართავს ბიოლოგიური იმპულსები. მათგან განთავისუფლება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მისი მოთოკვა. თვითკონტროლი, საკუთარ თავთან დიალოგი, არის ემოციური ინტელექტის ის კომპონენტი, რომელიც გვათავისუფლებს გრძნობების ტყვეობიდან.  ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გრძნობებს და ემოციურ იმპულსებს აკონტროლებენ, ანუ იქცევიან რაციონალურად – აქვთ უნარი თავის ირგვლივ შექმნან ნდობისა და სამართლიანობის ატმოსფერო. ჯანმრთელ გარემოში კი შუღლისა და ინტრიგების ადგილი არ რჩება.  ადამიანები მშვიდ გარემოში უკეთ თანამშრომლობენ რასაც შრომის ეფექტურობის ზრდა მოჰყვება. რაც უფრო ნაკლებად ავლენს ხელმძღვანელი ნეგატიურ ემოციას მით უფრო ნაყოფიერად შრომობენ მისი თანამშომლები.

მოტივაცია

თუ არსებობს რაიმე საერთო თვისება ყველა წარმატებული ლიდერისათვის – ეს პირველ რიგში მოტივაციაა.  მოტივირებული  ლიდერი ცდილობს მიაღწიოს მეტს, გადააჭარბოს საკუთარ და სხვების მოლოდინს. მისთვის მნიშვნელოვანია სიტყვა – ,,მიღწევა“, მას გააჩნია შრომის სურვილი, რაც არ უნდა რთულ საქმეს აკეთებდეს, უყვარს სწავლა და ამაყობს წარმატებებით. ის ოპტიმისტია და აქვს ინტერესი ანალიზის მიმართ.

ემპათია, ანუ თანაგრძნობა

ყველაზე უფრო ადვილი ამოსაცნობია  გააჩნია თუ არა ადამიანს თანაგრძნობის უნარი. ფიქრობს იგი მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ ინტერესებზე, თუ მისთვის სულერთი არ არის სხვების აზრი და სხვების ინტერესები. ადამიანს უნდა ესმოდეს სხვა ადამიანების გრძნობების, შეეძლოს მათი თვალსაზრისის გაზიარება, პატივი უნდა სცეს მათ განსხვავებულ აზრს, უნდა შეეძლოს მოსმენა, შეკითხვების დასმა, პარალელურად გაიაზროს საკუთარი რეაქცია და მსჯელობა, რათა  დროულად შეძლოს კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა.

სოციალური ჩვევები.

თანაგრძნობის უნარი და სოციალური ჩვევები დაკავშირებულია ურთიერთობის ხელოვნებასთან. განვითარებულ, ემოციური ინტელექტის მატარებელ ადამიანს ნაცნობების ფართო წრე აქვს და ადვილად ეკონტაქტება სხვა ინტერესების მქონე ადამიანებს. ის ამყარებს საჭირო კავშირებს და როცა დგება მოქმედების დრო, იყენებს მას.   სხვებთან ურთიერთობაში ადამიანები მაღალ ეფექტურობას აღწევენ, განსაკუთრებით თუ ესმით საკუთარი ემოციების, აკონტროლებენ მას და შეუძლიათ მისი მართვა. სოციალური ჩვევების განვითარებას ხელს უწყობს მაღალი მოტივაციაც. საუბრის და ურთიერთობისას, ლიდერი საკუთარ ოპტიმიზმს და ენთუზიაზმს გადასცემს გარშემომყოფთ, იგი პოპულარულია, მას მიჰყვებიან. აქედან გამომდინარე მას შეუძლია კოლექტივის მართვა, ეს არის მისი თვითშემეცნების, თვითკონტროლისა და ემპათიის შედეგი. ფაქტიურად სოციალური უნარები ანუ ჩვევები არის ემოციური ინტელექტის ყველა დანარჩენი კომპონენტის გვირგვინი.

დიდი ინდოელი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე შრი აურობინდო საუკუნის წინ წერდა: ,,დღეს ადამიანებს შორის არ არის თავისუფალი და ჰარმონიული ურთიერთობა. გაბატონებულია ბრძოლა, საპირისპირო წარმოდგენები, ზრახვები, ინტერესები, თითოეული ცდილობს გავლენა მოახდინოს სხვაზე სხვადასხვა სახის ომებით, ინტელექტუალური, ვიტალური და ფიზიკური ძარცვით, ქურდობით. ყველა მხარისათვის სასარგებლო ურთიერთობის ნაცვლად ცდილობენ დათრგუნონ, შთანთქან და მოინელონ თავისი მოძმეები. ცხოვრების ასეთი მხარის დაძლევის აუცილებლობა კაცობრიობამ გაიაზრა, მაგრამ ვერ გამოიმუშავა შესაფერისი საშუალება და ამიტომ იგი ცდილობს შეწყვიტოს ბრძოლა და  უწესრიგო განვითარება იმით, რომ ძალადობრივი გზით დაიმორჩილოს და დათრგუნოს საზოგადოებისა და ინდივიდის ცხოვრება. მაგრამ ადამიანს სრულყოფილი ცხოვრებისათვის თავისუფლება სჭირდება არა ნაკლებ , ვიდრე კანონი და ქვეყნის მართვის გამართული სისტემა “  – ეს სიტყვები დღეს ისე აქტუალურია როგორც არასდროს.

ისტორიული ცვლილებების ჭეშმარიტი აზრი ადამიანის ცხოვრების წინსვლა, მისი განვითარებაა, მას, ისევე როგორც საზოგადოებასა და ქვეყანას (როგორც კოლექტიურ პიროვნებას), განვითარებისა და თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის სჭირდება თავისუფლება, რომელიც დაეყრდნობა სხვათა ინტერესების გათვალისწინებას და პატივისცემას. ზრდას, პროგრესს, ცხოვრების ჰორიზონტის გაფართოებას  ინდივიდისთვის განსაკუთრებული ბედნიერება, საზოგადოებისთვის კი საჭიროა სტაბილურობა და უსაფრთხოება მოაქვს. გარდა ამისა   განვლილი გზა გვიჩვენებს, რომ ავტორიტარიზმის, დიქტატურისა და განსაკუთრებით ტირანიის დროს პროგრესი გამორიცხულია.  ასე რომ ბუნება გვიბიძგებს და ჩვენც, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მივიწევთ ყველასათვის მისაღები წყობილების დამყარებისკენ, რომელშიც თითოელი პიროვნება, განვითარდება თავისი ნიჭისა შესაძლებლობების შესაბამისად.

ამიტომაა პოლიტიკური ბრძოლის მთავარი მიზანი – თავისუფლება. უცხო სახელმწიფოსგან სრული დამოუკიდებლობა – გარე თავისუფლებაა, ხოლო დემოკრატია არის შინაგანი თავისუფლების უმაღლესი გამოვლინება. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია დღეს საკმაოდ დისკრედიტირებულია, იგი ჩვენი მთავარი მისწრაფება უნდა იყოს, რადგან სანამ ნამდვილი დემოკრატია არ დამყარდება არც ერთი ადამიანი არ იქნება თავისუფალი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ იქნება პროგრესი, სიმშვიდე და მატერიალური კეთილდღეობა. ეს ხანგრძლივი პროცესია, რადგან სრულყოფილი დემოკრატია დღეს არ არსებობს. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პოლიტიკაში, ბიზნესსა და საერთოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეჯიბრზე დამყარებული ურთიერთობის თანამშრომლობით შეცვლა. ადამიანებმა კი უნდა გაიაზრონ რომ კეთილსინდისიერება საბოლოო ჯამში მომგებიანია. ლიდერი, რომელმაც სულიერ და ემოციურ სიმწიფეს მიაღწია, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ საქმეში.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ