გლობალიზაციური პროცესების ხარვეზები და კაცობრიობის მომავალი

manhoodგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

ავტორი: ლია კვირკველია, ფილოლოგი.

ჩვენს ვებგვერდზე დამატებით შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი ორი წერილი: “წარსულისა და მომავლის ლიდერები” და “დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია და მათი საფრთხეები.”

© European.ge

ლიბერალიზმი და კომუნიზმი ურთიერთპოლარული, მოდერნისტული მიმდინარეობებია. ერთი პოლუსი კი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს მეორე, ამიტომ როცა დაინგრა კომუნიზმი, ფაქტიურად დაინგრა ლიბერალიზმიც, რადგან მან დაკარგა კონტურები და გაქრა ის დაძაბულობა, რომელიც ამ ორ მიმდინარეობას შორის არსებობდა. ის რაც ეხლა ხდება, ლიბერალიზმის აგონიაა.

ლიბერლიზმისათვის მთავარი ინდივიდი და მისი კეთილდღეობაა, კომუნიზმისთვის – კოლექტივი. ამ ორი პოლუსის გაწონასწორება და მათ შორის ჰარმონიის დამყარება სამყაროში მიმდინარე პროცესების მიზანია, რომელსაც ჯერჯერობით ყველა ვერ აცნობიერებს.

I

მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციური პროცესები იწვევს ჩვეული სისტემების კანონებისა და ადამიანური ურთიერთობების შეცვლას. ამ სიტუაციაში ძნელია შეინარჩუნო სიმშვიდე და ისე უყურო როგორ ინგრევა ჩვენი ცხოვრების საფუძვლები. იმისათვის, რომ აპათია და შიში არ დაგვეუფლოს, საჭიროა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე, საითკენ მივდივართ და მაშინ თვითოეულ ჩვენთაგანს უნარი ექნება მონაწილეობა მიიღოს მომავლის ფორმირებაში. ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულად პატარაა და მცირერიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს. ჩვენ  არ გვაქვს უფლება ისტორიის ბრმა მანქანას დავემორჩილოთ და არ გავაცნობიეროთ ის მოვლენები, რომლებიც განადგურებით გვემუქრება. სინამდვილის, ანუ ჭეშმარიტების დანახვა არ არის ადვილი, ზოგჯერ ეს უზომოდ მტკივნეულიცაა, რადგან საკუთრი შეცდომების აღიარებას მოითხოვს. მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა დავიბრუნოთ ცნობიერება და რაც მთავარია –  პასუხისმგებლობა. შემდეგ კი შევეცადოთ ახალი სულიერი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დაფუძნებული საზოგადოება შევქმნათ.

“სამყარო” ადამიანებისათვის არის ის სამყარო, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ და რომელსაც იცნობენ. ეს ცნობიერება კი დამოკიდებულია მათ კულტურაზე, ანუ ამ ხალხის რწმენაზე, ფასეულობებზე, მათი ცხოვრების წესსა და ქცევაზე ყოველდღიურ არსებობაში. აქედან გამომდინარე არსებობს უამრავი “სამყარო”, ფაქტიურად ის, რაც ერთმანეთისაგან გვასხვავებს და რასაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, რადგან იქ, სადაც ადგილობრივი ტრადიციები ნადგურდება, ერი კარგავს თავისუფალი შემოქმედების უნარს და იღუპება.

ეთნიკური, ანუ ნაციონალური გაერთიანება იქმნება ადამიანთა ენობრივი, გეოგრაფიული და ფსიქოლოგიური ელემენტების საფუძველზე და აქედან უკანასკნელი გადამწყვეტია. ანთროპოლოგთა კვლევები ხშირად ამტკიცებს, რომ ერთი და იგივე პირობებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი მოვლენებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს, ის, რაც მისაღებია ერთი ჯგუფისათვის, სრულიად მიუღებელია მეორისათვის.  ითვლებოდა, რომ განსხვავებებს ეთნიკური ჯგუფების იზოლაცია იწვევდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაშინაც კი, როცა ადამიანები მუდმივად კონტაქტში არიან, მათ შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა და არის ხშირი ურთიერთობები, სხვაობა მაინც არსებობს.

მიეკუთვნებოდე ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფს ნიშნავს, რომ ფლობდე ბაზურ იდენტურობას, ანუ ფუნდამენტურ ფასეულობებზე ორიენტაციას, რაც აგრეთვე გულისხმობს შეაფასო სხვა და შეგაფასონ შენ ისე, როგორც ამ იდენტურობისათვის არის მისაღები. გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლებისათვის არსებობს შეზღუდვები ამა თუ იმ როლის (პროფესიის) ან პარტნიორის არჩევისას. თუ ეთნიკურ კუთვნილებას განვიხილავთ როგორც სტატუსს, იგი უმაღლესია და ერთგვარად სქესსა და რანგს ემსგავსება, რადგან ადამიანს მისი იგნორირება არ შეუძლია. მრავალეთნიკური საზოგადოების წევრი გაურბის სიტუაციებს, რომლებიც დაშვებულია სოციალურ სისტემაში, მაგრამ ეწინააღმდეგება მის ზნეობრივ ფასეულობათა ორიენტაციას, ვინაიდან მისი ასეთი ქცევა უარყოფითად ჩაითვლება. ყველა ნაციონალურ ჯგუფში არსებობს შინაგანი სანქციები, რომლებიც იცავს ტრადიციებს. არსებობს ეთნიკური ჯგუფები რომლებსაც არ იღებს მოსახლეობა, რადგან მათი ქცევა, ზნეობა, შრომისადმი დამოკიდებულება მიუღებელია ძირითადი ნაწილისათვის.

ნაციონალური ერთიანობის შიგნით არსებობა ხალხს უსაფრთხოების შეგრძნებას აძლევს, განსაკუთრებით არასტაბილური პოლიტიკური რეჟიმების დროს.

განსხვავებები სხვადასხვა ნაციონალურ წარმონაქმნებს შორის არის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს კულტურული სხვაობის არსებობას. კულტურული თვისებები, რომელიც მოსახლეობისათვის დროის მოცემულ მომენტშია დამახასიათებელი, არ არის მის საზღვრებში ჩაკეტილი, იგი მუდმივად იცვლება და ივსება სხვადასხვა ელემენტებით. მთავარია ადამიანებს მიეცეთ საშუალება სიახლის შეფასება შეძლონ, რათა მისაღები მიიღონ და ის, რაც მათი ბუნებისათვის უცხოა, უარყონ.

ბოლო დროს ერებს შორის ურთიერთობამ გლობალური სახე მიიღო. მოვლენა, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ რომელიმე კუთხეში ხდება, სულ უფრო და უფრო მეტ კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე და მის ხალხებზე, რადგან დღევანდელი ურთიერთობები ითხოვს კონგრუენტულობას – ანუ მსგავსებას და წარმოშობს ფასეულობებისა და კოდების კონგრუენტულობას, ანუ საერთო და მსგავს კულტურას.

გლობალიზებულ სამყაროში “ცვლილებების” ახსნა, როგორც მოვლენისა, რომელიც მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხება, უკვე შეუძლებელია. გვეხება იგი ჩვენც და საჭიროა ვერკვეოდეთ მათ არსში. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ იმდენად დააახლოვა დედამიწის სხვადასხვა კუთხე, რომ მანძილი აღარ იგრძნობა. ადამიანებს სურთ ერთმანეთთან კონტაქტების დამყარება.  პრობლემა იმ მეთოდებშია, რომლითაც გვაჩქარებენ და გვაიძულებენ ურთიერთობა ისე დავამყაროთ, ცხოვრების ისეთი წესი შემოვიღოთ, როგორიც კაბინეტებში მსხდომ ჩინოვნიკებს სურთ.

სამყაროს ასეთი სახის გლობალიზებას პირველი იმპულსი კომუნისტურ აღმოსავლეთსა და კაპიტალისტურ დასავლეთს შორის არსებულმა ცივმა ომმა მისცა. სწორედ ამ ცენტრალური კონფლიქტის ირგვლივ მოხდა გლობალური სივრცის ორგანიზება. ცივი ომის დამთავრებამ არსებული ბალანსი დაარღვია, სამყარო შეცვალა და ერთპოლარული გახადა. მსოფლიოს გლობალიზების ლიდერობა ბუნებრივია მთლიანად დასავლეთის, უფრო მეტად კი შეერთებული შტატების ხელში აღმოჩნდა. ტემპი უკიდურესად აჩქარდა, როგორც ჩანს ამერიკას სურს შექმნილი მდგომარეობით ისარგებლოს და ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია გაიმაგროს. ამიტომ ქვეყნებისაგან, რომლებისც გლობალიზაციურ პროცესს უერთდებიან, ითხოვენ კულტურული და სოციალური ცვლილებების ელვისებურად გატარებას.

სამყაროს გლობალიზებას მძლავრი ბიზნეს ელიტა, ინტელექტუალთა კლუბი, მასობრივი კულტურა და საზოგადოებრივი მოძრაობები წარმართავენ.

ყოველ წელიწადს დავოსში იკრიბებიან საქმიანი ელიტის, ანუ საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები. ისინი მართავენ ფინანსურ, ეკონომიკურ და ტექნიკურ გლობალიზაციას. მათ ცხადად ფორმულირებული  წესები აქვთ საქმის წარმოებისა და ურთიერთობისათვის, რომელიც ჩაცმის, დასვენების და ჭამის კულტურაზეც კი ვრცელდება. დავოსური კულტურის მატარებლები არიან მილიონობით ადამიანები, რადგან იმ რამოდენიმე ათეულის გარდა, რომელიც დღეს იქ იკრიბება, არიან სხვებიც, რომელთაც სურთ, რომ მათ შეუერთდნენ. დღეს სულ უფრო და უფრო კლებულობს განსხვავებები სხვადასხვა კულტურებს შორის, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამას იწვევენ ადამიანები, რომლებსაც ეგოცენტრიკულად ახალ ელიტას უწოდებენ. ისინი ინდუსტრიულად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან არიან, ცდილობენ შეერწყან გლობალიზებულ სამყაროს და გაიზიარონ მათი ფასეულობები. დავოსელებს ხან ეწინააღმდეგება, ხან კი ერწყმის გლობალური კულტურის კიდევ ერთი სექტორი – დასავლეთის ინტელიგენციის გლობალიზება. მათ ინტელექტუალთა საკლუბო კულტურა (Fაცულტი ცლუბ ცულტურე) აერთიანებთ, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით ვრცელდება აკადემიური სტუქტურებით, ფონდებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით. ისიც ეძებს და აქტიურად ქმნის კიდეც ბაზარს მთელს მსოფლიოში. მისი პროდუქციაა იდეები და ქცევის წესები, რომელთაც დასავლეთის, უმეტეს წილად კი ამერიკელი ინტელექტუალები გამოიმუშავებენ. ამ იდეების გასავრცელებლად ისინი იყენებენ სწავლებას ადამიანის უფლებების შესახებ, ფემინიზმის, გარემოს დაცვისა და მულტიკულტურალიზმის კონცეფციებს, ასევე წარმოდგენას პოლიტიკისა და ცხოვრების წესების შესახებ. დავოსურ კულტურასა და “ინტელექტუალთა საკლუბო კულტურასაც” გააჩნიათ შემადგენელი “მეტროპოლია”, “დედაქალაქის” ცენტრები და “პერიფერია”, რომლებიც ამ ცენტრებზეა დამოკიდებული. ორივე ელიტაში გაბატონებული მდგომარეობა შეერთებულ შტატებს უჭირავს. აქედან გამომდინარე ამერიკელები ყველაზე მთავარი გლობალიზატორები არიან.

მასობრივი კულტურის გავრცელება და ტირაჟირება ხდება ყველა სახის კომერციული დაწესებულებებით, ისეთებით, როგორებიცაა: ადიდასი, მაკდონალდსი, დისნეი, ნაიკი და ა.შ. ითვლება, რომ მასობრივი კულტურის დიდი ნაწილი ზედაპირულ ხასიათს ატარებს, ამიტომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. სინამდვილეში იგი ცხოვრების წესს საკმაოდ საფუძვლიანად ცვლის და იდენტურობისათვის საშიშროებას წარმოადგენს.

გლობალიზციის მეოთხე წარმმართველი ძალა საზოგადოებრივი მოძრაობებია. ხშირად ასეთი მოძრაობები სათავეს საკლუბო კულტურასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ორგანიზაციებიდან იღებენ. თანამედროვე ფსიქოლოგიური ტექნოლოგიებით, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით შესაძლებელი ხდება ამ უდიდესი ძალის პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება. ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობები იბრძვიან ფემინისტური, გარემოს დაცვის, ან ადამიანის უფლებების დაცვის იდეების განსახორციელებლად. მათი მეშვეობით ხდება ფერადი რევოლუციები, ინგრევა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, მათ უკან კი ხშირად მხოლოდ არაკეთილსინდისიერი ინტერესები დგას. ქვეყნები, სადაც პროცესები მათი სცენარით იმართება, კარგავენ დამოუკიდებლობას, განვითარებისა და პროგრესის საშუალებას.

როცა დასავლეთიდან მოვლენილი სპონსორები ვერ ახერხებენ ნამდვილი მასობრივი მოძრაობის ორგანიზებას, ეროვნული, ხშირად სამართლიანი ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ, ისინი საყრდენს ამავე ქვეყნის მოსახლეობაში პოულობენ. იქმნება გარკვეული “კომპრადორული კლასი”, ანუ მეხუთე კოლონა, რომელიც “მეტროპოლიის” სამსახურში იმყოფება და რომელიც ღალატობს ეროვნულ ინტერესებს.

გლობალიზება ერთდროულად არსებობის ყველა სფეროში ხორციელდება. მასში ჩართულია ეკონომიკა, ფინანსები, ბაზრები, ტექნოლოგიები, კომუნიკაციები, პოლიტიკა და აგრეთვე კულტურა და იდენტურობა. მაგრამ ეს არა ბუნებრივად მიმდინარე, არამედ ცალკეული დაწესებულებებით მართული, ხელოვნური პროცესია, ანუ კაცობრიობის ერთიანობის სრულიად ბუნებრივი იდეა უზურპირებული აქვთ ცალკეულ ორგანიზაციებს და ცდილობენ აქედან პირადი სარგებელი მოიპოვონ. ამ სტრუქტურებში მოღვაწე ადამიანები ადვილად გადადიან ქვეყნიდან ქვეყანაში, რადგან ყველგან მსგავსი გარემო ხვდებათ. მათ თითქოს ხელოვნური, დამცავი “გარსი” აქვთ, რომელიც იცავს ადგილობრივ კულტურასთან კონტაქტისაგან. იგივე “გარსი” ქმნის მათი ქცევისა და საქმის  კეთების სისწორის ილუზიას.  გლობალიზციის  სხვადასხვა  მიმართულებებს შორის არსებობს წინააღმდეგობებიც, მაგრამ მათ აერთიანებთ ინდივიდუალიზაცია, ეს კი ფართო მასებს იზიდავს რადაგან ამით დამოუკიდებლობის შეგრძნება უჩნდებათ. ადამიანები ტრადიციებისა და გარემოცვისაგან თავისუფლდებიან,  მაგრამ რადგან ნებისმიერი ახალი გაერთიანება გაცილებით უფრო სუსტი და არამდგრადია, ვიდრე ძველი, ისტორიული ერთიანობა, მოგვიანებით აცნობიერებენ, რომ დაკარგეს საყრდენი, ცხოვრების საფუძველი, აღარ აქვთ ხვალინდელი დღის იმედი და ბედნიერების შეგრძნება. ისინი ამჩნევენ, რომ დაკარგეს ცოცხალი, სპონტანური შემოქმედების უნარი.

სხვადასხვა ქვეყნის გლობალიზებით გამოწვეული მდგომარეობის მეცნიერულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ამ მტკივნეულ პროცესს არ მოაქვს სასურველი შედეგი. ადამიანები თვლიან, რომ თავს მოხვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცვლილებები ხშირ შემთხვევაში მიუღებელია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან შემოთავაზებული წინადადება, იდეოლოგია თუ რეფორმა არ ეყრდნობა რაიმე ფასეულობას ან საყოველთაო ჭეშმარიტებას. ყველაფრის უკან მხოლოდ ფინანსური ინტერესი დგას. როდესაც ესა თუ ის ქვეყანა გლობალიზაციის პროცესში ერთვება, მას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ არჩევანი ნაციონალური ინტერესების სასარგებლოდ გააკეთოს. უფრო მეტიც, გლობალური ბაზრის შესაქმნელად საჭიროა ნაციონალური ავტორიტეტის განადგურება. ამიტომ, ახალი კომუნიკაციური და ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსნაციონალური კორპორაციების ფინანსური სიძლიერე, საერთაშორისო არასამთავრობო და ლოკალური ნაციონალური არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის გაფართობა – ყველაფერი ემსახურება არსებული ეროვნული პოლიტიკური ურთიერთობების და თვით პოლიტიკის ნგრევას. კულტურული გლობალიზაცია კი ნაციონალური განვითარების იდეას აფერხებს. ყველაფერი ეს იწვევს რეაქციებს, რომლებიც ხშირად სისხლისმღვრელ შეტაკებებში გადადის.

ამერიკელი გლობალიზატორები სთავაზობენ, უფრო სწორედ თავს ახვევენ მთელი რიგი სახელმწიფოების მთავრობებს, მიიღონ წინადადება – გახდნენ “მოთამაშე” ახალ მსოფლიო ეკონომიკაში. ისინი არწმუნებენ, რომ ამით მოახდენენ თავისი ქვეყნის შესაძლებლობების რეალიზაციას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას. ამისათვის კი საჭიროა, რომ “მოუმატონ სიჩქარეს”, “შეუერთდნენ დინებას”, “დაემორჩილონ”, “ითამაშონ” და “იმოქმედონ” პროგრამისა და წესების მიხედვით. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს “პროგრამები” შეიცავენ ნაციონალური და რეგიონალური ბაზრების დერეგულირებას. ინფორმაციის შეზღუდვის მოხსნას და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდის უცხო კაპიტალის შემოდინებას და უცხოური მართვის უზრუნველყოფას. “ჩვენ არასოდეს არ ვიჭრებით იქ, სადაც არ გვთხოვდნენ, რომ მოვსულიყავით. ჩვენ მხოლოდ ვმონაწილეობთ პროცესში, რომელიც უკვე მიმდინარეობს.”- თავს იმართლებენ ისინი და ასკვნიან, რომ სამყარო სულ უფრო და უფრო ელექტრონული, ინდივიდუალისტური, თავისუფალი ბაზრით მართული და დემოკრატიული იქნება, ანუ დაემსგავსება შეერთებულ შტატებს. გლობალიზატორები მიმდინარე პროცესს მიმავალ გემს ადარებენ, და თვლიან, თუ რომელიმე ქვეყანა ვერ მოასწრებს მასზე ასვლას, გაუშვებს ხელიდან განვითარების შანსს. ისინი უარყოფენ, რომ გლობალიზაცია ემუქრება ან ვნებს ადგილობრივ კულტურას, და იმ შემთხვევაში თუ მათი პროდუქცია ან მომსახურება აშკარად უარყოფით შედეგს იძლევა, პასუხისმგებლობას ნაციონალურ ხელისუფლებას და ადგილობრივ კულტურულ ორგანიზაციებს ანიჭებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მათი ცხოვრების წესი საუკეთესოა და ის რაც სიკეთეა მათთვის, სიკეთეა სხვა ქვეყნებისათვისაც. Aასე, რომ მათ არ აქვთ დანაშაულის შეგრძნება იმ სამყაროსათვის, რომელსაც ისინი Aაშენებენ.

გლობალიზაციის კრიტიკოსები აღიარებენ, რომ გლობალიზაციას, თუ იგი დემოკრატიზაციის გზით წარიმართება, შეუძლია დაამყაროს მშვიდობა, შექმნას საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება, წაშალოს უთანასწორობა განვითარებად და განვითარებულ სახელმწიფოებს შორის, ხელი შეუწყოს შემდგომ აღმავლობას, მოიტანოს ისეთი ფასეულობები, როგორიცაა ნამდვილი დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა. მაგრამ ისინი თვლიან, რომ იმ სახით, როგორითაც დღეს მიმდინარეობს, ეს პროცესი იმპერიალიზმის ახალი ფორმაა და წარმოშობს მხოლოდ ძლიერი ქვეყნების ეკონომიკისათვის სასარგებლო, არადემოკრატიულ, ძალისმიერ ურთიერთობას, რის შედეგადაც კულტურა მთელ დედამიწაზე ერთგვაროვანი გახდება. ისინი თვლიან, რომ ეს, თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიაზე დაფუძნებული პროცესი უნდა შეჩერდეს და მისი გავლენა მიმართული უნდა იქნას პოზიტიურ კალაპოტში.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ტრანსნაციონალური კორპორაციები ხელმძღვანელობენ მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით და არა კაცობრიობს კეთილდღეობის, კულტურული ტრადიციების ან პლანეტარული ეკოსისტემების შენარჩუნების სურვილით.

ითვლება, რომ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამოცანაა გაუწიოს დახმარება სხვადასხვა, ამა თუ იმ მიზეზით დასუსტებულ ქვეყანას, რათა მან შეძლოს ეკონომიკის განვითარება. სინამდვილეში, როცა სახელმწიფო, მსოფლიო ბანკში რომელიმე დარგის გასავითარებლად იღებს სესხს და რაიმე მიზეზით, მაგ. საექსპორტო ფასების დაცემის გამო, ვერ შეძლებს მსხვილი პრცენტის გადახდას, მას ისევ მოუწვს ფულის სესხება, მაგრამ უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ეს უკანასკნელი აიძულებს ქვეყანას გაატაროს “სტრუქტურული გარდაქმნის პროგრამა”, რომელიც ავალდებულებს მევალეს წარუდგინოს საგადასახადო შეღავათები ტრანსცენდენტულ კორპორაციებს, ხელფასი შეუმციროს მშრომელებს Dდა  არ შეეცადოს დაიცვას ადგილობრივი წარმოებები უცხო იმპორტისაგან. ქვეყანას, რომელსაც დავალიანება აქვს, აიძულებენ მოახდინოს ეკონომიკის პრივატიზაცია, მიჰყიდოს კერძო კორპორაციებს სკანდალურ დაბალ ფასში მისი წიაღისეული სიმდიდრე, რკინიგზა, პორტები, კომუნალური წარმოებები. ქვეყანას აიძულებენ გაჩეხონ ტყეები და აწარმოონ წიაღისეულის ღია მოპოვება, ეკოლოგიური ზიანის მიყენების მიუხედავად. მთავრობა იძულებული ხდება შეამციროს სახელმწიფო სუბსიდიები ჯანმრთელობის დაცვაზე, განათლებაზე, სატრანსპორტო სისტემაზე და კვების პროდუქტებზე, ანუ იძულებულია მოიხმაროს ნაკლები, რათა ვალის გადახდა შეძლოს. ამიტომაა, რომ უკანასკნელ წლებში დახმარებასა და ინვესტიციების ზრდასთან ერთად იზრდება სიღარიბეც.

თანდათან ცხადი გახდა, რომ ისეთი ორგანიზაციების მიზანი, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, არა სხვა ქვეყნების დახმარება, მათი ცხოვრების დონის ამაღლება, არამედ მსოფლიო საფინანსო სისტემის ინტერესების მომსახურებაა. ამ სერიოზული ბრალდების დამტკიცება იმ ქვეყნების მდგომარეობით შეიძლება, რომლებიც მათი ინსტრუქციებით მოქმედებენ და სადაც სიღარიბე მატულობს.

პრაქტიკულად გლობალიზაციის ზემოქმედება განსხვავებულ ხასიათს ატარებს და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგამდე მივყევართ, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ამ ქვეყნის სოციალური ცხოვრება, ადამიანების სულიერი განვითარების დონე, კულტურული თავისებურებები, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. ზოგიერთ ქვეყანას იმის ძალაც გააჩნია, რომ საპასუხო რეაქცია წარმოშვას. ისინი თანამედროვეობის ალტერნატიულ მოდელს ქმნიან. ამ მოვლენით ინგრევა ის ქედმაღლური წარმოდგენა,  რომ გლობალიზაცია არის კულტურის გავრცელება დასავლეთიდან დანარჩენ მსოფლიოში.

გლობალიზაციისა და ადგილობრივი კულტურის ურთიერთობას ოთხი შესაძლო რეაქცია მოჰყვება:
1.    ადგილობრივი კულტურის შეცვლა გლობალურით;
2.    გლობალური და ადგილობრივი კულტურის თანაარსებობა, როცა არ შეიმჩნევა მათი შერწყმა;
3.    უნივერსალური, გლობალური და კერძო, ადგილობრივი კულტურების სინთეზი;
4.    მძლავრი ლოკალური რეაქციის შედეგად გლობალური კულტურის უარყოფა. შეიძლება ითქვას ასეთი რეაქციით წყდება ერის მომავალი არსებობის პირობები და შეიძლება მისი ყოფნა-არყოფნის საკითხიც.

კულტურა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მეორეხარისხოვანი პოლიტიკასთან შედარებით, რადგან იგი უზრუნველყოფს ახალი, შემოქმედებითი ძალების გამოჩენას. კულტურა ლათინური სიტყვაა და ითარგმნება, როგორც ნათელის სამსახური. ყველა ერის კულტურულ მშენებლობაში დევს სულიერი საწყისი და არა მატერიალური იდეა და სარგებელი, უანგარობა და არა გამორჩენა. კულტურა ქმნის და აძლიერებს მატერიალურ პროგრესს, მაგრამ მას საკუთარი პროგრესიც ესაჭიროება რათა სრულფასოვნად გამოვლინდეს.

სულიერი სამყაროს ყველაზე უფრო მძლავრი ძალა გამოიხატება იდეოლოგიაში, საერთო მსოფლმხედველობაში, რომელიც ისტორიული დროისა და ერის ხასიათის შეფერილობას იღებს. შემდეგ ეს მსოფლმხედველობა ფილოსოფიის, მეცნიერების, სოციალურ წყობისა და მატერიალურ მშენებლობაში ხორციელდება, ანუ იმპულსი ეძლევა შემოქმედებას, კულტურულ და საერთოდ კულტურის მშენებლობას. ყველა მცდელობა ააგონ კულტურა ეკონომიკისა და პოლიტიკის საფუძველზე განწირულია წარუმატებლობისათვის, რადგან არც ეკონომიკა და არც პოლიტიკა არ აძლევს სულიერ ცხოვრებას ორიენტირებს კულტურული ცხოვრების განხორციელებისათვის. სულიერი ცხოვრების განხორციელება კი სიცოცხლეს აზრს ანიჭებს და ბედნიერების განცდას იძლევა. მაშინაც კი, როცა ერი სხვა ხალხების აზრების, ცხოვრებისა და სულიერი გამოცდილების გავლენას განიცდის, ყველაფერს ამას იგი აქცევს რაღაც სიახლედ, ვინაიდან გააჩნა საკუთარი გარდამქმნელი ძალა, რომლის მეშვეობითაც იგი მექანიკურად კი არ იმეორებს, არამედ შემოქმედებითად ცვლის. ამიტომ არის საჭირო და მნიშვნელლოვანი კულტურის სხვადასხვა ელემენტების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნულ საფუძველს მოწყვეტილი ერი მხოლოდ სიცოცხლის პროვინციულ ვარიანტს შექმნის, ან სხვათა ცხოვრების იმიტაციას მოახდენს და ამას არ ექნება დამოუკიდებელი ესთეტიკური და სულიერი სახე.

თანამედროვე მეთოდებით წარმართული გლობალიზაცია იწვევს ცვლილებებს, როგორც ყოველდღიური ცხოვრების მსვლელობაში, ასევე სიცოცხლის აზრის ინტერპრეტაციის ხერხებში, ხდება ყველაფერ იმის უარყოფა, რაც ერს ისტორიულმა გამოცდილებამ მოუტანა. მაგრამ ადამიანმა ცხოვრების ორგანიზება რომ შეძლოს, მისი გააზრება სჭირდება. ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი მუდმივად იცვლება, ვიცვლებით ჩვენ და ჩვენი გარემოცვაც, კანონებიც და მათთან დამოკიდებულებაც, და თუ არ იქნა რაღაცა ურყევი, საყოველთაო ჭეშმარიტება, ადამიანი ვერ გააცნობიერებს არსებობის აზრსა და მიზანს.

უცვლელმა მნიშვნელოვანმა პრინციპებმა უნდა განსაზღვრონ პიროვნების განვითარება და სრულყოფილება, ისინი უნდა იქცნენ მის საყრდენად. შემოთავაზებული იდეა თავისუფალი არჩევანის შესახებ თავდაყირა აყენებს ამ ჭეშმარიტებას. ადამიანებს აძლევენ უფლებას აირჩიონ ენა, კულტურა, რელიგია, სქესი. მაგრამ ძირითადად მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მომავალმა თაობებმა მხოლოდ იმ საზოგადოების ჩარჩოში იცხოვრონ და ის მიმართულება ჰქონდეთ, რომელშიც თვითონ აღიზარდნენ. არ სურთ დაკანონდეს ის, რასაც უზნეობად თვლიან. მხოლოდ ასეთ პირობებში ეძლევა მათ ცხოვრებას აზრი, ღირსებისა და ბედნიერების შეგრძნება.

II

გლობალიზაციის პროცესის გაფართოებამ პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია, რაც ზოგიერთ რეგიონში სისხლისმღვრელ ომებში გადაიზარდა. ტექნოლოგიურად განვითარებულმა ზესახელმწიფოებმა ვერ შეძლეს პროცესების ისე მართვა, რომ მშვიდობასა და კეთილდღეობას რეალურად დაესადგურებინა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანის მისწრაფებებს, ენთუზიაზმს, იდეალებს არანაირი შედეგი არ მოაქვს. ზოგიერთი იმასაც ასკვნის, რომ ცხოვრება უაზრობაა, მაგრამ სოციალური და ისტორიული განვითარების, ეკონომიკური მამოძრავებელი ძალებისა და მიზეზების მიღმა მოქმედებენ ფსიქოლოგიური ხასიათის სიღრმისეული ძალები. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ამ მხარეს ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვიგებთ ისტორიული ცვლილებების ნამდვილ აზრს, კაცობრიობის სიცოცხლის უწყვეტ მისწრაფებას.

ისევე როგორც პიროვნება, ინდივიდი, სხვადასხვა საზოგადოებაც, ქვეყანა და ზოგადად კაცობრიობა ზრდის ეტაპებს, ანუ მკვეთრად გამოხატულ ფსიქოლოგიურ სტადიებს გადის. საზოგადოების ზრდის სტადიებს მეცნიერებმა უწოდეს სიმბოლური, ტიპური, კონვენციური, ინდივიდუალისტური და სუბიექტივისტური. ადამიანთა საზოგადოება თავისი განვითარების პირველ საფეხურზე ავლენს სიმბოლურ მენტალიტეტს. არა აქვს მნიშვნელობა ამ სტადიაში ხალხი ველურია, შედარებით კულტურული, ეკონომიკურად ჩამორჩენილი თუ განვითარებული. ადამიანი გრძნობს, რომ მისი ცხოვრებისა და მოქმედების მიღმა არსებობს  რაღაცა  უკიდეგანო  და ღრმად შეუცნობელი, იდუმალი და ცოცხალი – საგანთა ბუნება. საზოგადოება განვითარების ამ ეტაპზე   ღრმად მორწმუნეა  და  ცოცხალი,  რელიგიური  წარმოსახვა  გააჩნია. ყველაფერი – ფსიქოლოგიური, ეთიკური, ეკონომიკური თუ მატერიალური იმპულსი –  ემორჩილება  სულიერსა და  რელიგიურ იდეას. მეორე  სტადიაზე  გადასვლისას  რელიგია  თანდათან უკანა პლანზე გადადის, მაგრამ  მახსოვრობაში  რჩება.  ამ  პერიოდში  ხდება  საზოგადოებრივი  მოვალეობისა  და  ღირსების  მცნების  ჩამოყალიბება.  რაც  დრო  გადის  ყველა  ეს   მცნება  კარგავს  ცოცხალ კავშირს იმ სუფთა ფსიქოლოგიურ იდეასთან, რომლისგანაც  იშვა.  იგი  აღარ წარმოადგენს  ადამიანის შინაგანი სამყაროს ბუნებრივ  გამოხატულებას  და თანდათან პირობითობად, ანუ კონვენციად იქცევა.   მართალია  იგი   კეთილშობილური  პირობითობაა,  მაგრამ სასიცოცხლო რეალობაში მისი  გამოხატვა მხოლოდ  აზრითა  და  სიტყვით, ხოლო საზოგადოებაში კი  მისი შენარჩუნება  ტრადიციის  სახით    ხდება.   ამ   დრომ  ადამიანური   პროგრესისათვის  ბევრი  სასარგებლო რამ შვა. დროთა განმავლობაში კანონი, წესრიგი და ტრადიცია მძიმე და უსიცოცხლო ხდება, იგი კლავს ყველაფერს რეალურსა და ცოცხალს, რადგან კონვენციურ ხანაში იკრძალება ეძიო, შეამოწმო, დასვა შეკითხვა და აღმოაჩინო ახალი. ადამიანი ხვდება, რომ ნამდვილი მეცნიერება და ცოდნა ან იკრძალება, ისჯება და იდევნება, ან ითვლება უაზრობად, რადგან ბრმად ენდობიან ურყევ ავტორიტეტებს.

შემდეგ ევოლუციას მოაქვს პერიოდი, როცა კონვენციასა და სიმართლეს შორის სხვაობა აუტანელი ხდება. ადამიანები, რომელთა მოქმედებასაც ჭეშმარიტების ძიების სურვილი წარმართავს, უკუაგდებენ სიმბოლოს ტიპსა და კონვენციას და იბადება რელიგიის, აზრისა და საზოგადოების ინდივიდუალისტური ხანა. იწყება პროტესტანტიზმის, გონების, ბუნტის, პროგრესისა და თავისუფლების ეპოქა. ეს მოდერნიზმის ეპოქაა, რომელმაც თითქმის ყველა თანამედროვე წყობა შექმნა და გლობალისტური მოძრაობები წარმოშვა.

ინდივიდუალიზმის ახალი ხანა – ეს მცდელობაა ყოველდღიური ცხოვრებისა და რწმენის კონვენციური ფორმებიდან ადამიანები ფუნდამენტურ პრინციპებს დაუბრუნდნენ – ნამდვილ და საგრძნობ ჭეშმარიტებას. ცხადი ხდება, რომ ყველა ადრე, საყოველთაოდ მიღებული ნორმა ვერ შედგა და აღარ შეიძლება ადამიანისათვის შინაგან საყრდენად გამოდგეს. საკუთარი გონებით, ან ნებისმიერი სხვა ხერხით, პიროვნება ცდილობს ეძიოს სამყაროსა და საკუთარი არსებობის ჭეშმარიტი კანონი. თუ იპოვის, ან ჩათვლის, რომ იპოვა, ინდივიდის მისწრაფება მიმართული იქნება საფუძვლიანად შეცვალოს რელგიის, საზოგადოების, მორალის, პოლიტიკური ინსტიტუტების  წესები. გარემოცვასთან ურთიერთობისათვის იგი თავისი თავისთვის მისაღებ ფორმას პოულობს, მართალია ეს ფორმები შინაარსობრივად უფრო ღარიბია, სამაგიეროდ სიცოცხლისუნარიანია.

ინდივიდუალიზმს ევროპა ჩაუდგა სათავეში, აღმოსავლეთი კი მისი გავლენით შეუერთდა ამ პროცესს. მართალია ამ პერიოდმა პროგრესი, ზრდა, ენერგია და სიძლიერე მოიტანა, მაგრამ ინდივიდუალური ცოდნის ან ზრდის შეუზღუდავმა თავისუფლებამ, როცა არ არსებობს გარე ინსტიტუტები ან საზოგადოების ყველა წევრისათვის მისაღები, საერთო და საფუძვლიანი ჭეშმარიტი კანონი, უდიდეს საშიშროებამდე, აზრისა და აზროვნების მუდმივ რყევამდე, სოციალური ორგანიზმის სერიოზულ მოშლასა და მძიმე ავადმყოფობამდე მიგვიყვანა. მცდელობა, დაემყარებინათ სოციალური თანასწორობა, დაეცვათ პირადი უფლებები ან კლასობრივი ინტერესები და სურვილები, მუდმივ დაპირისპირებად და რევოლუციებად იქცა და დამთავრდა იმით, რომ ყველა ინდივიდს, კლასს, სხვადასხვა გაერთიანებებს, აქვთ პრეტენზია თავისუფლებაზე, რათა იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით და განახორციელონ თავისი საკუთარი იდეები და სურვილები.

დღეისათვის უკვე ცხადია, რომ თავისუფლება, რომელიც ინდივიდუალისტურმა ხანამ მოიტანა, ნაწილობრივია და რომ მხოლოდ ტექნიკური პროგრესით შეუძლებელია სრულყოფილებას მიაღწიო. სწორედ ამიტომ იგი აუცილებელი პერიოდია კაცობრიობის სუბიექტივისტური სტადიისაკენ მოძრაობაში, ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ სულიერი ზრდის გარეშე, ანუ სხვათა უფლებების აღიარების გარეშე პროგრესი არ არსებობს.

იმისათვის, რომ უკეთ გავერკვეთ მიმდინარე მოვლენებში – უფრო ღრმად უნდა გავაანალიზოთ ინდივიდუალისტური ხანის მოდერნისტული პერიოდი. ევროპელთა ცხოვრებაში ტექნიკის შემოჭრამ, მზარდმა პროგრესმა და სამყაროს ერთიანი სურათის დანაწევრებამ ადამიანებში გამოიწვია განცდა, რომ მიწიერი არსებობის ჰორიზონტი დაირღვა, რომ სამყაროს მშენებლობის ღვთიური გეგმა დამარცხდა. მათ წარმოუდგათ ქაოსი, რომელშიც ყველაფერი, რაც მოცემული იყო, შეიძლებოდა უკვალოდ გამქრალიყო. მოწინავე აზრმა, ანუ ავანგარდმა, ეს სამწუხარო მოვლენა მიიღო როგორც შემდგარი ფაქტი და განაცხადა ახალი სამყაროს შექმნის აუცილებლობის შესახებ. ამ აზრმა გავლენა მოახდინა დასავლეთის ყველა ქვეყანაზე. თავისი არსით ყველა ეს ქვეყანა მოდერნისტულია, რადგან უარყოფილი იქნა წარსულის ტრადიციული ფორმები და შეიქმნა ახალი სისტემები. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, ძირითადათ რუსეთს, მან არა მარტო გაიზიარა ეს იდეა, არამედ განახორციელა კიდეც უკიდურესი, რადიკალური ფორმით. ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვება უტოპიის გამარჯვება იყო, ამ მოვლენის მთავარი მიზანი სამყაროს ერთიანობის აღდგენა, ტექნიკური განვითარებისა და პროგრესის შეჩერება იყო. ამისათვის უარყოფილი იქნა წარსული, დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს თითქმის ყველაფერი, რაც კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა და ეს მხოლოდ ერთი მიზნისათვის – ახალი ადამიანის შექმნისათვის კეთდებოდა. ამ ადამიანის ცხოვრება ერთიან საგეგმო ინსტანციას, პარტიას უნდა დამორჩილებოდა, რომელიც თავის მხრივ, მოწოდებული იყო გაეკონტროლებინა მისი სულ მცირე დეტალიც კი. “დიადი” კომპარტიის, რაც მთავარია “დიდი ბელადის” – სტალინის ხელმძღვანელობით დაიწყო უდიდესი, უკიდურესად ავანგარდისტული ექსპერიმენტის განხორციელება – სამყაროს შეცვლა. ამას კი ესაჭიროებოდა ტოტალური, შეუზღუდავი ძალაუფლება და პროექტი. კეთილი ზრახვებით, შეექმნათ უფრო სამართლიანი საზოგადოება, გამეფდა გაუგონარი ტერორი და ნგრევა, უკიდურესად დაითრგუნა ინდივიდის თავისუფლება.
დასავლეთში მოდერნისტულმა ცვლილებებმა ლიბერალური დემოკრატია წარმოშვა, რომელმაც აშშ-ი მოიკიდა ფეხი. თუ კომუნისტურ ქვეყნებში ყველა და ყველაფერი მასას, კოლექტივს, საზოგადოების მოთხოვნას ემორჩილებოდა, დემოკრატიულ ქვეყნებში  პიროვნება, ადამიანი და მისი თავისუფლება იქნა აღიარებული უმთავრესად.
ამ ორი, მოდერნისტური მიმდინარეობის პასუხად მოწინავე კონსერვატიულმა აზრმა ჩამოაყალიბა ფაშისტური, ნაცისტური და რასისტული იდეოლოგია. ფაშიზმის სამშობლო იტალიაა, განსაკუთრებული, უკიდურესი სახე მან გერმანიაში, ნაციზმის სახით მიიღო.

ფაშიზმი განსაზღვრავდა სახელმწიფოსა და ნაციის კონცეფციებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ანიჭებს ნაციას ცნობიერებასა და ფორმას. მაგრამ ამავე დროს იგი არ არის აბსტრაქტული სუბიექტი, მათი იდეოლოგიის თანახმად სახელმწიფო პოლიტიკური ელიტის, ნაციის საუკეთესო ელემენტების ინსტრუმენტიცაა. ნაცისტებისა და რასისტებისათვისაც სახელმწიფო   მართვის ინსტრუმენტია, მაგრამ მთავარი რჩეული ადამიანების, რჩეული ერის იდეაა.

ფაშისტური ნაციზმისათვის დემოკრატიულ – კაპიტალისტური ,,დასავლეთიც” და კომუნისტური ,,აღმოსავლეთიც”, მსოფლიო ბატონობას ესწრაფიან. ,,დასავლური” ცივილიზაცია, ისევე როგორც ,,კომუნისტური”, მათი აზრით, ეფუძნება ტრადიციული ფასეულობების უარყოფას და ნიჰილისტურ რღვევამდე მივყევართ. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ფორმებისა და დამანგრეველი პროცესების ხარისხში ვლინდება, ერთიცა და მეორეც სიცრუეა, რადგან არც ერთი არ ფლობს უმაღლეს იდეას. ამ იდეის გაცნობიერება მხოლოდ უმაღლესი რასის წარმომადგენლებს, განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ – თვლიდნენ ისინი. ასეთი ადამიანები ნაციის შიგნით არსებობენ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ღირებული ნაწილი შენარჩუნებულ იქნას ეხლა და უფრო განვითარდეს მომავალ თაობებში.
ფაშისტური რასიზმი თვლიდა, რომ ცალკე აღებული პიროვნება   კარგს ვერაფერს შექმნის, როგორც სივრცეში, ასევე დროში, ყოველი ადამიანი საზოგადოების წევრია, განუყოფლად გვარისა, სისხლისა, ტრადიციისა, წარსულისა და მომავლისაგან. პიროვნებას შეუძლია მხოლოდ რასობრივ და მემკვიდრეობით ფასეულობებზე დამკვიდრდეს.
უმაღლეს რასად აღიარებული იქნა არიული რასა. მათ შექმნეს ძველი ბერძნული, ძველი რომაული, ინდური, ირანული, ჩრდილო-ფრაკიულ და დუნაის ჯგუფების არიული ცივილიზაციები – თვლიდნენ რასიზმის იდეოლოგები.  არიული რასის საპირისპირო და სრულიად საწინააღმდეგოდ მიაჩნდათ ებრაული ელემენტი, რადგან მათი აზრით ამ ხალხის ქცევა, ცხოვრების სტილი ანგრევს საზოგადოებრივ და კულტურულ სფეროს. საჭიროა ებრძოლონ სულის იუდაიზმს, რადგან ებრაელებს შეუძლიათ პროგრესირება არაებრაული ცივილზაციის შიგნით, ხოლო ხალხი, ვინც ისინი შეიკედლა, ითვისებენ მათ მენტალურობასა და ცხოვრების წესს. – ამუშავდა ადამიანების განადგურების მთელი სისტემა.

ფაშისტური რეჟიმის წარმოქმნამ გერმანიაში, ევროპის შუაგულში   მსოფლიო ომი გააჩაღა. მისი დამარცხება მხოლოდ უდიდესი მსხვერპლის ფასად გახდა შესაძლებელი. ფაშისტური იდეოლოგიის, მეორე მსოფლიო ომის მიერ გამოწვეულმა კატასტროფულმა ნგრევამ სტიმული მისცა ევროპის გაერთიანებას. წარმოიქმნა პოლიტიკური  ზესტრუქტურა, რომელიც გამორიცხავს ამ ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის მხრიდან სხვათა რაიმე სახის დისკრიმინაციას, სამწუხაროდ, ეს არ ვრცელდება მის საზღვრებს გარეთ. აქ ხაზი უნდა  გაესვას იმას, რომ ყველა ქვეყანას განვითარების თავისი გზა აქვს და მიზნისაკენ იმ გზით მიდის, რომელიც მისთვისაა მისაღები. თავისი ისტორია აქვთ უძველეს ქვეყნებს, ევროპული ქვეყნები მან ევროკავშირამდე მიიყვანა. თავისი, განსხვავებული ისტორია აქვს აშშ-საც. მას არ გაუვლია ის ეტაპები, რომლებიც ძველმა ერებმა გაიარეს. ეს არ არის ადამიანთა ფსიქოლოგიური ერთიანობით  შექმნილი ერი – ამერიკელებს პოლიტიკა აერთიანებთ ისევე, როგორც ჩინელებს ფილოსოფია, ხოლო ებრაელებს რელიგია. აშშ-ს მოქალაქეებისათვის სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობის დეკლარაცია განასახიერებს საყოველთაო ფასეულობას და მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს. სხვა ქვეყნებს პოლიტიკის გარდა მათი იდენტურობის სხვა სათავეები გააჩნიათ. აქ ხალხებს ისტორია აერთიანებთ, რომელიც დემოკრატიის მცნების გაჩენამდეც არსებობდა. მათი მეხსიერება უამრავი საზოგადოებრივი წყობისა და რეჟიმის წარმოქმნასა და ნგრევას ინახას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნები ერთმანეთისაგან შინაგანი სტრუქტურით განსხვავდება და ცხოვრების მიმართაც სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ამერიკელთა პოლიტიკა თავიდანვე თავდასხმით ხასიათს ატარებდა, ისინი ასე ცდილობდნენ საკუთარი უშიშროებისა და ნაციონალური ინტერესების უზრუნველყოფას, ამისათვის კი საჭიროა ინიციატივის ფლობა და მოვლენების კონტროლი. მათი აგრესია ხშირად შენიღბულია და სხვადასხვანაირად ვლინდება, ზოგჯერ ეს საომარი მოქმედებებია, ზოგჯერ ფერადი რევოლუცია, ან მათ მიერ დაფინანსებული სხვა ქვეყნის მოსახლეობის ,,კეთილშობილური” აცრა, და ეს მაშინ, როცა ამერიკის მოქალაქეებს არ ცრიან. ფაქტია, რომ ასეთი პოლიტიკისაგან თავდაცვა რთულია.

მოდერნისტულ პერიოდში აშშ–ში ინტელექტუალური მოძრაობა, ლიბერალიზმი გავრცელდა, რომელიც თავისუფლებას ადამიანის ცხოვრების საბოლოო მიზნად აცხადებდა. ქვეყნის შიგნით იგი მხარს უჭერდა თავისუფალ კონკურენციას, როგორც ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემასუსტებელ საშუალებას და შესაბამისად ინდივიდის როლის გაძლიერებას. საზღვარგარეთ ლიბერალიზმი თავისუფალ ვაჭრობას ემხრობოდა, როგორც მთელი სამყაროს ქვეყნების მშვიდობიანი და დემოკრატიული გაერთიანების მეთოდს. პოლიტიკაში იგი მხარს უჭერდა წარმომადგენლობითი მმართველობისა და საპარლამენტო ინსტიტუტების განვითარებას, სახელმწიფოს თვითნებობის შეზღუდვასა და ადამიანთა უფლებების დაცვას, მაგრამ ეს იყო დეკლარირებული ფასეულობები. სინამდვილეში დროთა განმავლობაში აქცენტები შეიცვალა, განსაკუთრებით ეკონომიკურ პოლიტიკაში. ლიბერალიზმის ლოზუნგი გახდა კეთილდღეობა და თანასწორობა. თავისუფლებამ დაკარგა წამყვანი როლი. ამიერიდან კეთილდღეობა და თანასწორობა თავისუფლების მიღწევის უმთავრეს წინაპირობად, ან ალტერნატივად იქცა. მოხდა სახელმწიფო ძალაუფლების მნიშვნელოვანი ცენტრალიზაცია და მისი მსხვილი ბიზნესის ინტერესებზე დაქვემდებარება. ამ ქვეყანაში ბიზნესი იქცა ძალაუფლების, კაპიტალის ორგანიზების, შრომის რესურსების და მსხვილმასშტაბიანი წარმოების სისტემად. იგი მართავს ქვეყნის ეკონომიკას, ამიტომ მთავრობა იძულებულია შეინარჩუნოს მასთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი. ბიზნესის მიზანია მაღალი მოგება, საიმედო ბაზარი და ხელისუფლება მას ამაში ხელს უწყობს. ქვეყნის “ნაციონალური ინტერესები”  იდენტიფიცირებულია კაპიტალიზმის სისტემურ მოთხოვნასთან. უდიდესი სიმდიდრე იქცევა უდიდეს ძალაუფლებად. ამიერიდან გიგანტური კორპორაციები განსაზღვრავენ ტექნიკური განვითარების ტემპებს, აწვდიან არსებობის საშუალებებს, აწესებენ მოხმარებისა და მოსახლეობის გემოვნების სტანდარტებს. ისინი წყვეტენ შრომის რომელი ბაზარი გამოიყენონ და რომელი არა და ხშირ შემთხვევაში მთელ ტერიტორიებს და დასახლებულ პუნქტებს უზღუდავენ ღირსეულად არსებობის საშუალებას. წარმოებები შთანთქავენ ბუნებრივ რესურსებს და არ ზრუნავენ ეკოსისტემების შენარჩუნებაზე. მათ აქვთ უზარმაზარი სარეზერვო კაპიტალი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურეს გასაჭირშია. ამ წყობის კრიტიკოსები თვლიან, რომ დემოკრატიულ მართვას ორგანული ხასიათი უნდა ჰქონდეს, იგი უნდა იცავდეს მოქალაქეებს ეკონომიკური და პოლიტიკური ძალადობისაგან. ნამდვილი დემოკრატიის დროს ხალხის მატერიალური პირობები ჰუმანური უნდა იყოს არ შეიძლება იგი კონტრასტულად არათანაბარი იყოს მოქალაქეთა სხვადასხვა ფენისათვის, ან აღიქმებოდეს როგორც აუტანელი. ისინი აღიარებენ, რომ არის სიტყვის თავისუფლება, მაგრამ მას აზრი არა აქვს, ვინაიდან ყურს არავინ გიგდებს.

ოპოზიციური აზრი თვლის, რომ მრავალპარტიულობა აშშ-ში მოჩვენებითია, რადგან განსხვავებების მიუხედავად ორი ძირითადი პარტია თანამშრომლობს ერთმანეთთან და ახორციელებენ ქმედებებს, რომელიც უზრუნველყოფს მათ მონოპოლიურ კონტროლს არჩევნებზე. მესამე პარტიებს, ანუ ნებისმიერ სხვა პარტიას გადაულახავი წინააღმდეგობა ხვდება და არანაირი შანსი არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომ არჩევნებიც თანდათან ფიქციად იქცა.

ცხადი ხდება, ლიბერალურმა დემოკრატიამ ახალ ტიპურ წყობამდე მიგვიყვანა, რომელიც უკვე ეკონომიკურ კანონსა და ფუნქციას ეფუძნება. ყველაფერზე მაღლა ფინანსური ინტერესი დგას და ამ იდეას ზოგი იზიარებს, ხოლო სხვები იძულებული არიან გაიზიარონ, რათა იარსებონ. ჩამოყალიბდა უსიცოცხლო, გაქვავებული სისტემა, მატერიალური სიძლიერე ამ წყობას უსაზღვრო შესაძლებლობებს ანიჭებს და ლიბერალური დემოკრატიაც იყენებს ამ ძალას, მთელს მსოფლიოში ავრცელებს თავის იდეოლოგიასა და ცხოვრების წესს. ამ მდგომარეობამ გახადა შესაძლებელი გლობალიზაციის პოლიტიკას ის სახე მიეღო, რომელიც დღეს გააჩნია.

კომუნიზმის მარცხი ავანგარდის გრანდიოზული გეგმის მარცხს ნიშნავს. დასავლეთმა, განსაკუთრებით აშშ-მ, ეს მოვლენა საკუთარ გამარჯვებად აღიქვა. სინამდვილეში ლიბერალური დემოკრატია იგივე მოდერნისტული გზის ნაირსახეობაა და ამიტომ ისიც განწირულია. პოსტკომუნისტურ ქვეყნებს ეს გზა ახალს არაფერს მოუტანს და მასზე დახარჯული დრო სრულიად უსარგებლოდ დახარჯული დრო იქნება. მათ უკვე გაიარეს მოდერნიზმი, ისინი შეიძლება ითქვას ავანგარდში იყვნენ, ამიტომ შეუძლიათ და უნდა შექმნან ახალი, განსხვავებული სისტემა.

დღეს, როდესაც სახეზეა სულიერად განუვითარებელი კაცობრიობის მოქმედებები ხალხთა ერთიანობის იდეის განსახორციელებლად, ეს იდეა დაყვანილია გაბატონებამდე. ძლიერი ქვეყნები ამ პროცესში თავიანთ სარგებელს ეძებენ. მაგრამ ამ გზას ჩიხში შევყავართ. კაცობრიობის გამოსავალი იმ განსხვავებულ მენტალიტეტშია, იმ ახალ კონცეფციებშია, რომელიც სუბიექტივისტურმა ხანამ უნდა მოიტანოს. საბედნიეროდ ჩვენი მისწრაფება არ არის მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა. ადამიანებს სურთ დაეხმარონ ერთმანეთს, რათა დამყარდეს უფრო სამართლიანი ურთიერთობა, რომელსაც არა ძალადობა, არამედ თანამშრომლობა დაედება საფუძვლად. არსებობს ინტუიტური შეგრძნება იმისა, რომ მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში გვექნება გარანტირებული ხვალინდელი დღე.

კაცობრიობის გაერთიანების პროცესი უნდა აშენებულიყო ურთიერთგაცვლის, ურთიერთასიმილაციის საერთო პრინციპზე, ყოველგვარი ძალადობისა და იძულების გარეშე. მართალია დღევანდელ პირობებში ამ იდეის განხორციელება არ არის შესაძლებელი, მაგრამ ეს ჩვენი ხვალინდელი დღე და მისწრაფება უნდა იყოს და რაც უფრო მალე მოხდება ამის გაცნობიერება, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი საერთო მომავლისათვის. ეს დღე არ არის შორს, რადგან სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანას სურს ისე იცხოვროს, როგორც მისი ინდივიდუალური ბუნება კარნახობს და არა ისე, როგორც “ყველა” ცხოვრობს, არა ხელოვნური სტანდარტის მიხედვით. ეს რთული გზაა, რადგან თითოეული ერისაგან მოითხოვს როგორც საკუთარი, ასევე სხვა ეროვნებების სულიერი მოთხოვნილებების გაცნობიერებას.

III

საზოგადოებაში მიმდინარე ყველა ბუნებრივი პროცესი აგებულია ორი პოლუსის წონასწორობასა და ჰარმონიისაკენ სწრაფვაზე. ეს პოლუსებია ინდივიდუალურობა, რომელიც ღებულობს მხარდაჭერას მთლიანობისაგან და მთლიანობა, ანუ თანამეგობრობა, რომელიც ამ ინდივიდუალურობებისგან შედგება და რომელსაც თითოეული ინდივიდი ანგარიშს უწევს. მოდერნისტულ პერიოდში მოხდა ამ ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესის ცხოვრებაში განხორციელება. ინდივიდუალურობა და მისი მოთხოვნები წინა პლანზე დააყენა დასავლეთმა, უკიდურესი ფორმით იგი ლიბერალურმა დემოკრატიამ დაამკვიდრა აშშ-ში. “რკინის ფარდის” მიღმა, კომუნისტურ ქვეყნებში, ყველაფერი მთლიანობას, კოლექტივს ემორჩილებოდა.

კომუნიზმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს იყო პირველი მოდერნისტული ცივილიზაცია, რომელსაც თავისი ისტორიული დასასრული ჰქონდა, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა მასთან დისტანცირება, მისი გაანალიზება მოგვეხდინა, უფრო მეტიც, შევძელით გაგვეანალიზებინა ლიბერალური დემოკრატია, ანუ ის გზა, რომელსაც გვთავაზობენ.

როგორც აღინიშნა, კომუნიზმის მშენებლობა, პირველ რიგში,  ახალი ადამიანის შექმნას ნიშნავდა, იგი არ ითვალისწინებდა კულტურული განსხვავებების დათრგუნვას. საერთო მიზნები თავისთავად გააერთიანებდა სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებს. მაგრამ ეს, ამავე დროს შინაგან ცვლილებას იწვევდა, წარსულის უარყოფას, ანუ ხლეჩას და ახლის მიღებას, ძველი იდენტურობიდან ახალზე გადასვლას. ამით წარმოიქმნება ახალი განსხვავება “ჩვენებს” (მათ, ვინც მიიღო ახალი პროექტი) და “მათ” (ვინც არ, ან ჯერ არ მიიღო სიახლე) შორის. მაგრამ საზოგადოების ასეთი ხლეჩა არ არის მხოლოდ კომუნისტური ქვეყნების პოლიტიკური წყობის მახასიათებელი. იგი ყველა მოდერნისტული ქვეყნის თავისებურებაა. ერთის მხრივ ისინი უკიდურესად დემოკრატიულები და ყოვლისმომცველები არიან, რადგან უარყოფენ ნებისმიერ, ადრე არსებულ განსხვავებებს, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი ხლეჩენ საზოგადოებას უფრო ღრმად, ვიდრე ადრე ხდებოდა. ღირებულ საყრდენს მოწყვეტილები დღეს ისევ იდეის, აზრის, პროექტის, პოლიტიკური მოძრაობის ირგვლივ ვერთიანდებით. უზარმაზარია სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის. თუ არ ხარ “მომხრე” ან “ჩაბმული” – წინსვლაზე ვერც იოცნებებ.

მოწინავე, მეცნიერული აზრი თვლის, რომ თანამედროვეობის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა ჩამოაყალიბოს წარმოდგენა სიკეთის მომტანი საზოგადოებრივი წყობის შესახებ. ასეთად კი მხოლოდ თავისუფალი, განვითარებული, ნამდვილი დემოკრატიული პრინციპებით მოქმედი წყობა შეიძლება ჩაითვალოს. ლიბერალური დემოკრატია, რომლის დევიზია საყოველთაო კეთილდღეობა, ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, რადგან მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვება ადამიანისათვის არ შეიძლება იყოს საბოლოო მიზანი. სიმდიდრე მას, თუ ის განვითარებული პიროვნებაა, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების მოსაპოვებლად სჭირდება.

პიროვნება, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს, არ უნდა იყოს “სიკეთის” პასიური მომხმარებელი. ზრდასრული ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნია, თვითონ უნდა ზრუნავდეს პირად კეთილდღეობაზე და თვითონ წყვეტდეს, როგორ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები. ყოველივე ეს კი დამოკიდებულია იმ სოციალურ სტრუქტურებზე, საბაზო და ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომელიც ქვეყანაშია. სახელმწიფო და საზოგადოება ვერ გაექცევა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას, რადგან მათ უნდა შეუქმნან მოქალაქეებს იმის პირობები, რომ თითოეულმა იცხოვროს საკუთარი ნიჭის, უნარის და ფასეულობებზე თავისი წარმოდგენის შესაბამისად. ამავე დროს ადამიანმა ანგარიში უნდა გაუწიოს მთლიანად საზოგადოებას და სხვათა უფლებებსაც. აუცილებელ თავისუფლებად აღიარებულია გააცნობიერო საკუთარი თავი აქტიურ და პატივსაცემ პიროვნებად, ვის აზრსაც ითვალისწინებენ და არა უტყვ ქვეშევრდომად, რომელსაც კვებავენ, აცმევენ და გაუთავებლად ართობენ.

იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარებულად ჩაითვალოს, მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლები, ტექნიკური პროგრესი აღარ არის საკმარისი, აუცილებელია აღმოიფხვრას ტირანიისა და სიღატაკის სათავეები. ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს, უნდა გააჩნდეს სიცოცხლისა და განათლების უფლებები, ანუ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამედიცინო მომსახურების ისეთი დონე, რომელიც გამორიცხავს ადამიანის სიკვდილს არასასიკვდილო დაავადებებით, ხოლო განათლების სათანადო სისტემა შესაძლებელს ხდის საბაზო განათლების მიღებას. ყველაფერი ერთად იძლევა ადამიანთა შესაძლებლობების რეალიზაციის პირობებს. ეს არის ფუნდამენტური უფლებები, რომელსაც ეყრდნობა ყველა დანარჩენი, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური უფლებები. ამიტომ რაც არ უნდა ღარიბი იყოს ქვეყანა, თუ იგი დემოკრატიის აშენებას აპირებს, რეკომენდირებულია, პირველ რიგში უზრუნველყოს თავისი მოსახლეობის დაცვა.

ის, რომ ადამიანი ესწრაფვის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სიმდიდრის მატებას, სრულიად ბუნებრივია და არა მარტო იმიტომ, რომ სიმდიდრე თავისთავად სასურველია, არამედ იმიტომაც, რომ იგი უნივერსალური საშუალებაა მოიპოვო თავისუფლება – უნარი იმისა, რომ იცხოვრო კარგად და ღირსეულად. კაპიტალიზმი ალბათ ამიტომაა შედარებით წარმატებული წყობა – ინდივიდს ხელს უწყობს მის ამ მისწრაფებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კაპიტალიზმი დანარჩენ სამყაროს სთავაზობს, ეს საბაზრო ეკონომიკაა, რომლის გლობალური პროცესებით გავრცელება და დანერგვა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ვაჭრობისა და ეკონომიკის გლობალიზაციის უკან დახევა მართლაც შეუძლებელია, რადგან მას სტიმულს აძლევს მასშტაბური ტექნოლოგიური ევოლუცია.

საბაზრო მექანიზმი არის საბაზო სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთქმედება და ურთიერთსასარგებლო მოღვაწეობა შეუძლიათ. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დაცული იქნება ეთიკის გარკვეული ნორმები, ქცევის წესები, იარსებებს ნდობის მაღალი ხარისხი, რასაც ვალდებულებების შესრულება განაპირობებს და რაც მთავარია, ბაზარი უნდა იყოს კონკურენტული და არა მონოპოლიური. ნებისმიერი ეკონომიკური სისტემა ქცევის ეთიკას გარკვეულ მოთხოვნას უყენებს, ხოლო ფასეულობები ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ინდივიდის ქცევას.

როდესაც ეკონომიკურ თავისუფლებასთან ერთად ხდება სოციალური პრიორიტეტების ჩანერგვა, რომლებიც საზოგადოებრივ ფასეულობებზე და პრინციპებზე ყალიბდება, საჭიროა საფუძვლიანი სახალხო დისკუსიების უზრუნველყოფა და გარანტიები. ამ ნორმების დაცვა წარმოუდგენელია თავისუფალი სიტყვისა და აზრის არსებობის გარეშე. ხოლო სიტყვისა და აზრის თავისუფლება არაფერს არ იძლევა, თუ არ იქნება თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი შეკრებების Uუფლებით, რადგან სიტყვის თავისუფლება ნიშნავს პროპაგანდის თავისუფლებას, რომელიც ეფექტური მხოლოდ საზოგადოების და კრებების არსებობის შემთხვევაშია. ასეთ მიდგომაში მთავარია წარმოდგენა საზოგადოებაზე, როგორც ცვლილებების აქტიურ მონაწილეზე და არა როგორც ინსტრუქციების პასიურ შემსრულებელზე. საზოგადოების ყოველი წევრი უნდა გრძნობდეს, რომ მის სიტყვას ანგარიშს უწევენ, ხოლო სახელმწიფო ზრუნავს მის კეთილდღეობაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორ ესმით ქცევის წესები და ნორმები ადამიანებს, რომლებიც ადმინისტრაციულ ძალაუფლებას ფლობენ, რადგან მათი ქცევა გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე.

პოლიტიკური თავისუფლებლებების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია გამჭვირვალეობა. ფართო გაგებით ისინი უზრუნველყოფენ არჩევნების თავისუფლებას, როცა საზოგადოება წყვეტს ვინ უნდა მართოს და რა პრინციპით უნდა მართოს ქვეყანა, ქალაქი თუ ადმინისტრაცია. გარდა ამისა, ამავე უფლებებით ხდება საზოგადოებრივი ზედამხედველობისა და თავისუფლებების, სხვადასხვა პარტიებს შორის დაუბრკოლებელი არჩევნებისათვის პირობების შექმნა. დემოკრატიულ წყობასთან სრულიად შეუთავსებელია რეპრესიული დაწესებულებების ჭარბი აქტიურობა და დაუნდობლობა. იქ, სადაც არსებობს ჯანსაღი, აქტიური ოპოზიცია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ხელისუფლება ასეთ  ქმედებებს ვერ დაუშვებს.

ყველა უფლებები და თავისუფლებები დემოკრატიის აუცილებელი ატრიბუტია, რომელიმე მათგანის არ არსებობა პიროვნების განვითარების შესაძლებლობას ამცირებს.

სხვადასხვა ქვეყნების ისტორიული გამოცდილების შესწავლამ ცხადი გახადა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას მხოლოდ იმ ქვეყნებმა შეძლეს ეკონომიკური აღმავლობისათვის მიეღწიათ, სადაც არსებობდა პირობები მასში მოსახლეობის ფართო მასებს მიეღოთ მონაწილეობა. ამ სახელმწიფოებში განათლების და სამედიცინო სისტემების მომსახურებით მასები სარგებლობდნენ. ამიტომ თვითოეულ მოქალაქეს საშუალება მიეცა თავისი შესაძლებლობები, ნიჭი და უნარი გამოეყენებინა. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სოციალური სამართლიანობის მისაღწევად საჭიროა საბაზრო მექანიზმის სიძლიერეს დაემატოს ძირითადი სოციალური შესაძლებლობები.
გლობალიზაციის იდეოლოგებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მომავლის ფორმირებაში ესა თუ ის ქვეყანა თავისი საკუთარი გამოცდილებით ხელმძღვანელობს და თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა არის მისთვის მისაღები და რა არა. ისინი ისე  იქცევიან, თითქოს მიაგნეს ჭეშმარიტებას და მისი გავრცელებით უფლება აქვთ დანარჩენ მსოფლიოზე გაბატონდნენ. მაგრამ ცხოვრება სუფთა აქტიურობაა, თუ ბუნებრივად მიმდინარეობს, იგი ახალ-ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს იძლევა.

თუ სამყაროს, მთლიანად დედამიწას, წარმოვიდგენთ როგორც ერთიანობას, მაშინ ყოველი ქვეყანა ცალკე ინდივიდის სახით წარმოგვიდგება. ქვეყანა ინდივიდი უნიკალური არსებაა, რომელსაც თავისი განუმეორებელი მსოფლმხედველობა, კულტურა, ისტორიული გამოცდილება, მიზანი და მისია აქვს, თვითოეულ მათგანს შეუძლია საერთო საგანძურში თავისი წვლილი შეიტანოს. ის მთლიანობა, ანუ ერთიანობა, რომელიც თრგუნავს ინდივიდს, მის განვითარებას, ან ცდილობს უხეშ და ვიწრო სტრუქტურის ჩარჩოში მოაქციოს იგი, განწირულია.

მოწინავე მეცნიერული აზრი თვლის, რომ საჭიროა გლობალიზაციური პროცესების ტემპი შეჩერდეს, იგი თანდათან უნდა განხორციელდეს. ქვეყნები მხოლოდ სიმწიფის მიღწევისას, ანუ მოსახლეობის საბაზო უფლებებით უზრუნველყოფის შემდეგ უნდა შეუერთდნენ მას. მისი შერბილებისათვის საჭიროა პირობები კადრების გადასამზადებლად, რათა ფართო მასებს ჰქონდეთ უნარი ახალი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ყველანაირი რეფორმისა და კულტურული ცვლილებების გასატარებლად აუცილებელია ფართო საზოგადოებისათვის დისკუსიების უზრუნველყოფა, რათა მათი აზრი გათვალისწინებული იქნას. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს არსებობის რომელი ფორმები სურს შეინარჩუნოს და რომელი არა. თანაც უნდა შეძლოს მოვლენებზე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება.

იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჭიროა შეიცვალოს ამ საზოგადოების წევრთა მიდგომა ცხოვრებისადმი.

იყო დრო, როდესაც ადამიანისათვის სამყარო უცვლელი, მყარი საფუძველი იყო. მასში იგი თავის ცხოვრებას აგებდა ისე, რომ არ ცდილობდა მის შეცვლას. მისი მოქმედება მიმართული იყო თავისთავად უცვლელი პირობების ჩარჩოში საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. ასეთ ჩარჩოში იგი საკუთარ თავს დაცულად გრძნობდა და შეეძლო ის საქმე ეკეთებინა, რომელიც სურდა. განვითარების ეს ბუნებრივი პროცესი მარადიულის გაუცნობიერებელი გამეორება იყო. ადამიანი ასცდა მას, რადგან იგრძნო ძალა, რომ შეუძლია თვითონ იყოს სამყაროს შემოქმედი. მაგრამ ფესვებს მოწყვეტილი, საყრდენგამოცლილი, ისეთი მოძრაობის შიგნით აღმოჩნდა, რომელიც თავდაყირა აყენებს მის წარმოდგენას ცხოვრებაზე და მის მიზნებზე, იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაფერი საეჭვოა და არაფერი არ დასტურდება. Aარსებობს მხოლოდ უსასრულო მორევი, რომელშიც ადამიანები, სხვადასხვა იდეოლოგიის მეშვეობით ერთმანეთსა და საკუთარ თავს ატყუებენ. ცხოვრება ასეთ პირობებში გაუთავებელი ბრძოლა, დაძლევა, რაღაცის მოპოვება და დაკარგვა აღმოჩნდა. ჰარმონიულად განვითარებული საზოგადოების ნაცვლად ჩამოყალიბდა ორგანიზებული, გიგანტური სისტემა, რომელიც შეჯიბრს ეფუძნება. შემაძრწუნებელი თავისი წინააღმდეგობებით კონტრასტების სიღრმითა და მოჩვენებითი კეთილდღეობით. დემოკრატიის ნიღაბით პლუტოკრატიული ტენდენციები გაძლიერდა. ადამიანი უკმაყოფილოა, რადგან გრძნობს, რომ მისი ფაქტიური წარმატება უფრო მეტად დამოკიდებულია საერთო პირობებზე ვიდრე მის მისწრაფებაზე, ნიჭსა და უნარზე. ცხოვრება ძალაუფლებისათვის ბრძოლად იქცა, რომლის მიზანიც მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაა.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა, შევძლოთ ჩვენი რეალური სიტუაციის, როგორც გლობალურის, ასევე ინდივიდუალურის, გაცნობიერება.

კონფლიქტურ სიტუაციაში, ისეთში, როგორსაც დღევანდელი რეალობა წარმოადგენს, ინდივიდის წინაშე წარმოიშვება ალტერნატივა: დაემორჩილოს ან ეწინააღმდეგოს. ეს არჩევანი თვით ინდივიდში ჩნდება, მტერს მის განცდებთან საქმე არა აქვს. როდესაც ძალას ემორჩილება, ადამიანი ქედს იხრის მოწინააღმდეგის წინაშე და ამთავრებს არსებობას როგორც პიროვნება. შიში ბოჭავს მის ნებას, ადამიანი ცდილობს დაემალოს სინამდვილეს პროფესიულ, საყოფაცხოვრებო სფეროებში, ცდილობს დაივიწყოს ის საშინელება, რომელსაც მისი გარემოცვა წარმოადგენს და უარყოფს რეალობას. როდესაც აგრესორი სახელმწიფოა, იგი ინდივიდს აშანტაჟებს სოციალური სტატუსით, სამუშაო ადგილით, საცხოვრებლით, ოჯახით. ასეთ სიტუაციაში უმრავლესობა არც ფიქრობს წინააღმდეგობაზე და ცდილობს გადაირჩინოს სიცოცხლე და სიმშვიდე. ინდივიდი ან ემორჩილება სისტემას, იკეტება ფსევდოფასეულობებში და თავს ფსევდოდაცულად გრძნობს, ან ირჩევს წინააღმდეგობის გზას, რომელიც მთლიანად ცვლის მისი ცხოვრების წესს. საზოგადოების მხოლოდ მცირე, გამორჩეული ნაწილი ცდილობს გაემიჯნოს და არ მიიღოს მონაწილეობა უსამართლობაში და სწორედ მათ მიერ ხდება ადამიანური ღირსების გადარჩენა. ისინი მუდმივი, სხვადასხვა სახის საშიშროების წინაშე დგანან, მაგრამ ასეთ არჩევანს აკეთებენ, რადგან იციან, რომ ეს ხსნის გზაა, იგი იცავს თავისუფლებასა და სამართლიანობას და გულისხმობს ფასეულობათა რწმენას, რაც პასუხობს ჰუმანურ, პოლიტიკურ ან რელიგიურ იდეალებს. ასეთ ადამიანებს შინაგანი ავტონომია, ანუ დამოუკიდებლობა და სპეციფიკური პირადი კანონი გააჩნიათ, რომელიც მეორე, მორჩილების გზას გამორიცხავს. მათი შინაგანი სამყარო მთლიანია და ჰარმონიაშია გარე სამყაროსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილია, მხოლოდ იმას რაც უდავოა და რაც უნდა აკეთონ.

გამოსაფხიზლებლად უნდა დაისვას შეკითხვა, როგორ სინამდვილეში გვინდა ვიცხოვროთ?

პასუხს გაგვცემს არა ბელადი, ავტორიტეტი ან პარტიული ლიდერი, არამედ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და შინაგანად და გარეგნულადაც თავისუფალია, ანუ სინამდვილეს ხედავს. იგი ჭეშმარიტებას პირად კეთილდღეობაზე მაღლა აყენებს და გრძნობს პასუხისმგებლობას თავის მოქმედებაზე.

ამიტომ ადამიანს საკუთარი თავი უნდა შევახსენოთ.


– წერილი შეცვლილი სახით გამოქვეყნდა 2006 წელს “საერთო გაზეთში.”

– ილუსტრაცია: © The Economist.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ