ხალხის მიერ დაფინანსებულმა მემარცხენე ვებ-ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო

26731441_2040760266203448_5507086179022453138_n
“Le Media” – ასე ქვია ახალი ტიპის მემარცხენე მედია-პლატფორმას, რომელიც ჟან-ლუკ მელეშონის პარტიის “La France Insoumise” (დაუმორჩილებელი საფრანგეთი) წევრებმა და მეგობრებმა დააარსეს საფრანგეთში. La France Insoumise რადიკალური მემარცხენე, სოციალისტური პარტიაა, რომელიც  2016 წელს დაარსდა ჟან-ლუკ მელეშონის მიერ. მელეშონი ევროპალამენტის წევრია და მემარცხენე პარტიის (Parti de Gauche) ყოფილი ლიდერი.  2017 წლის არჩევნების შემდგომ, FI პარლამენტში 17 კაციანი გუნდითაა წარმოდგენილი.

” “მედია” – ვებ-ტელევიზია, რომელიც “La France Insoumise”-ს წევრებმა დააარსეს და რადიკალურად მემარცხენედ პოზიციონირებს, 15 იანვრიდან უკვე მაუწყებლობს ინტერნეტში. მათ აირჩიეს მოდელი, რომელიც “მოახერხებს ფუნქციონირებას დიდი კორპორაციების დაფინანსების გარეშე” – წერს გაზეთი “Le Figaro”.

“მედია” უარს ამბობს აიღოს დაფინანსება კერძო სექტორისაგან, რომელიც, მათივე თქმით, საფრანგეთის მედიის 90%-ს აკონტროლებს. მათ პრინციპებს შორის, ერთ-ერთი დამოუკიდებლობაა, რაც პირველ რიგში, მსხვილი ფინანსური აქტორებისგან დამოუკიდებლობას გულისხმობს. ახალი მედია-საშუალება დაფინანსების წევრებზე ორიენტირებულ მოდელს ირჩევს – მას მოქალაქეები დააფინანსებენ. 2017 წლის 25 სექტემბერს, “მედიის” დამფუძნებლებმა  საჯაროდ წარადგინეს მანიფესტი სახელწოდებით “მოქალაქის მედია” , რომელსაც ხელი 40 000 მდე ადამიანმა მოაწერა. 11 ოქტომბერს მათ სიმბოლური ბარიერი, 1 მილიონი ევრო დააწესეს, რომელიც შემოწირულობებით უნდა შეგროვილიყო. ვებ-გამოცემის გარშემო ათეულობით ათასი ადამიანი გაერთიანდა. 11 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე, პლატფორმის ფუნქციონირებისათვის 1,5 მილიონ ევრომდე შეგროვდა. 2018 წლის 15 იანვრიდან, “მედიამ” ოფიციალურად დაიწყო მაუწყებლობა. “მედიის” ვებ-გადაცემის პირველი გამოშვების მთავარი თემები საშემოსავლო უთანასწორობა, ირანი და მიგრანტების მდგომარეობა იყო. ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, ყოველ საღამოს, რვა საათზე, ისინი პირდაპირ ეთერში გააგრძელებენ მაუწყებლობას, დანარჩენ დროს კი, ვებ-გვერდზე მუდმივად ახლდება ინფორმაცია.

“ჩვენი კონტენტი არის ინფორმაცია, რომელიც დაკარგულია პერსპექტივიდან.  ჟურნალი პოზიციონირებს ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც ანადგურებს საჯარო სერვისებს, სპობს სოციალური დაცვის მექანიზმებს, უპასუხისმგებლოა ეკოლოგიის მიმართ  და უფრო და უფრო არასტაბილურს ხდის ადამიანთა ცხოვრებას.” – წერია “მედიის” ვებ-გვერდზე.  აქვე წააწყდებით მათ მთავარ პრინციპებს : დამოუკიდებლობა, კოლაბორაცია, პლურალიზმი, ანტირასიზმი, ფემინიზმი, ეკოლოგია და ასე შემდეგ. “დამოუკიდებლობას” პლატფორმის რედაქცია პოლიტიკურად განმარტავს. “მედიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფია შიკირუ, რომელიც მელეშონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო საპრეზიდენტო კამპანიისას, კითხვას პლატფორმის პოლიტიკურ ძალასთან კავშირის შესახებ, რაც ოპონენტების აზრით, ორაზროვანს ხდის პლატფორმის “დამოუკიდებლობის” პრინციპს, ასე პასუხობს: “დამოუკიდებლობა საჭიროა მსხვილი კორპორაციებისაგან, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ძალას, თუ არ არსებობს კავშირი მოძრაობასთან, რომლისაც გჯერა, არ არსებობს არავითარი მისია. შეიძლება მე ამ წუთას არ ვარიგებდე პარტიის ფლაერებს, მაგრამ ჩვენ ყველანი ვმონაწილეობთ FI-ს ღონისძიებებში, რადგან ეს არის მემარცხენე მოქალაქეთა ჟურნალი – თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მელეშონის ჟურნალია”.  შიკირუსთან ერთად, პლატფორმის თანადამფუძნებელია დოკუმენტალისტი და ფსიქოანალიტიკოსი, ჟერარ მილერი. მთავარ რედაქტორად და მთავარი გადაცემის წამყვანად,  ჟურნალმა ფრანგი პოლიტიკური ჟურნალისტი ქალი –  ოდ როსინო აირჩია.

კოლაბორაცია – მოქალაქეთა მუდმივ ჩართულობასა და მონაწილეობას გულისხმობს, როგორც ფინანსური, ისე შემოქმედებითი (ავტორობითი) კონტრიბუციით, ასევე წევრობით – ვებ-გვერდზე ცალკე კედელია წევრებისათვის გამოყოფილი, სადაც ისინი “მედიის” კონტენტის შესახებ საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამენ. რაც შეეხება პლურალიზმს, “მედია” ამბობს, რომ არ არის მიდრეკილი ცენზურისა და ავტორიტარიზმისაკენ და პირიქით, მიდრეკილია დებატებისათვის სივრცის შექმნისაკენ.

“მედია” კიდევ ერთი მემარცხენე მედია-პლატფორმაა, რომელიც არ სცნობს “ნეიტრალური მედიის” კონცეფციას და ღია პოლიტიკური კრიტიკით გამოირჩევა. სარედაქციო ჯგუფს აქვს ამბიცია, რომ “მედია”  ფრანგულ მედია-საშუალებებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ყოველდღიური საინფორმაციო პლატფორმა გახდება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ