ლარის სტაბილიზაციის პერსპექტივები: რა ელის ფინანსურ ბაზრებს?

dollars

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

ავტორი: ნიკოლოზ შენგელია, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

© European.ge

დოლარის, ევროს და ლარის ტრიადა – მოლოდინები და რეალობები

26 დეკემბრის შემდეგ სავალუტო ბაზრებზე მნიშვნელოვანი რყევებია მოსალოდნელი.

2016 წლის დასაწყისიდან ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა დაიწყო და შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. ლარი/დოლარის მიმართება 1/2.75-ია (23 დეკემბერი, 2016 წ). ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მეტ-ნაკლებად იგივე ხდება ყველა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებშიც.

საქართველოს მთავრობის 10 პუნქტიან გეგმაში ამის დასარეგულირებლად დედოლარიზაცია არის შემოთავაზებული. ამ ეტაპზე ამ პოზიციის გატარების არც სტრატეგიაა შემუშავებული და არც ალგორითმი, თუმცა, რომც იყოს საქმეს ვერ უშველის. საჭიროა პრობლემის შინ და გარეთ ფართო ხედვა და მისი ინკლუზიური ანუ სხვადასხვა ღონისძიებების ჩართულობებით გადაწყვეტა.

ევროკავშირისა და აშშ -ს მოლოდინები დოლარისა და ევროს სტაბილიზაციის მიმართ

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მარიო დრაგის ბოლო გამოსვლაში. გაისმა რამდენიმე საყურადღებო მესიჯი, რომლის გაანალიზებაც 2017 წელს ევროპულ საფონდო ბაზრებზე სიტუაციების განვითარების გარკვეულ სურათს გვაძლევს.

დრაგის განცხადებით, მინიმუმ 6 თვე კიდევ იქნება შენარჩუნებული რბილი ფულად საკრედიტო-პოლიტიკა, გარდა ამისა შემცირებული იქნება ობლიგაციების ”მოცულობებით” შესყიდვის პროგრამები, 60-80 მილიონი ევროს ფარგლებში თვიურად. ანუ ეს ნიშნავს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ), მოყოლებული 2017 წლის აპრილიდან-დეკემბრამდე დაბეჭდავს (გამოუშვებს) მინიმუმ 360 მილიონ ევროს, რომელსაც მიმართავს ევროკავშირის ეკონომიკისკენ, კერძოდ სავალუტო და საფონდო ბაზრებისკენ. ამით მან ინვესტორებს ინტერესი გაუღვიძა რისკიანი აქტივებისაკენ.

ასეთი პროგრამის ძირითადი მოტივი გახლავთ ინფლაციის დონის 2%-მდე მიღწევა, ეს დაისახა მარიო დრაგიმ მთავარ მიზნად.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეცბ-ს ფულად საკრედიტო პოლიტიკა არც შეცვლილა, პირიქით, ის მეტად პროგნოზირებადი გახდა.

ამიტომ ერთიანი ევროპის ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.05 არეალშიც კი საფრთხის ქვეშაა. ვფიქრობ, რომ ევრო დაეცემა ფუნტთან, კანადურ დოლართან და შცეიცარულ ფრანკთან მიმართებაში, თუმცა, აშშ-ს მიერ საპროცენტო განაკვეთის ცვლილებიდან გამომდინარე ევრო უკვე ჩამოცდა 1,05-იან ნიშნულს.
რბილი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება უცნაურად ჟღერს, მაშინ, როდესაც: ა) ნავთობის ფასი მოძრაობის ახალ დერეფანს იკეთებს, ბ) ეცბ პროგნოზირებს ეკონომიკის ზრდას და გ) ანონსდება მშპ-ს ზრდა 1,7%-მდე.

ამ ფონზე, მინდა აღვნიშნო შემდეგი – ეცბ თავის გათვლებში იყენებს სამომხმარებლო ფასების ჰარმონიულ ინდექსს, რომელიც მოიცავს ენერგომატარებლებს. US EIA კი ენერგომატარებლების ფასების 0,25%-ით ზრდას ითვალისწინებს, აღნიშნული კი აუცილებლად მიიყვანს ევროკავშირს ინფლაციის ზრდამდე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ევროკავშირში ინფლაცია 2017 წლის ზაფხულში გაიზრდება, ეცბ-ს მხრიდან ყოველგვარი ჩარევისაგან დამოუკიდებლად.

შესაძლოა, ევროს კურსი, როგორც ლარი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთონ

ენერგომატარებლების ფასები, ძირითადად, გამოისახება დოლარებში. დღეისთვის ევროპელი მომხმარებლები ნავთობის ფასზე უკვე იხდიან 7-10%-ით მეტს, ვიდრე გადაიხდიდნენ მაშინ, ევროს კურსი მაგალითად რომ ყოფილიყო 1,1280.

ამასთან ეცბ მარტო შერბილებული პოლიტიკის გაგრძელებით არ შემოიფარგლა, იგი ცვლის ობლიგაციების შესყიდვის რიგითობასაც, რომელთა შემოსავლიანობაც შეიძლება იყოს 0,4%-ზე ნაკლები, ეს კი გამოიწვევს ყველა იმ ფინანსური ინსტრუმენტების შემოსავლიანობის შემცირებას, რომლებიც ევროშია ნომინირებული.
ფედერალური სარეზერვო სისტემის (ფსს) მიერ საპროცენტო განაკვეთის აწევის შემთხვევაში, ევროს კურსი უნდა ჩამოცდეს 1,05-იან ნიშნულს და მის ქვემოთ მოძებნოს მოჭიდების ადგილი, თუ ეს ასე არ მოხდა მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროს კურსი, როგორც ლარი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს.

ყოველ შემთხვევაში ინვესტორებს ეს საკითხები აღელვებს. რეალური მოლოდინი კი ასეთია – 2017 წელს ფსს 3-ჯერ გაზრდის განაკვეთს, ასეთის შემთხვევაში, ტექნიკურად, ეს გამოიწვევს მრავალი საფინანსო ინსტრუმენტის დაბლა დაშვებას. მაგალითად, როგორც კი აშშ-ის ინდექსი 100-იან ნიშნულს ჩამოცდება, ეს იქნება პირველი სიგნალი, რომ დოლარი სუსტდება.

ბოლოს ფსს-მ მონეტარული პოლიტიკა 2015 წლის დეკემბერში გაამკაცრა. საპროცენტო განაკვეთის გაზარდა დადებითად აისახება ქვეყნის ვალუტაზე.

დონალდ ტრამპის აშშ პრეზიდენტად მოსვლამ, სრულად შეცვალა ფინანსურ ბაზრებზე სიტუაცია. ამერიკულმა აქციების ფასებმა ვარდნა შეაჩერეს და დაიწყეს ზრდა, მიაღწიეს რეკორდულ მაჩვენებლებს, ხოლო აშშ-ს 10 წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა პირველად ბოლო 11 წლის განმავლობაში გაიზარდა 2%-ით.

მოკლედ რომ ვთქვათ, საბოლოო ჯამში, დოლარის კურსი გაიზარდა 5%-ით. ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ფსს გეგმებს გარკვეულწილად ცვლის, რადგანაც შემოსავლიანობის სწრაფი ზრდა და დოლარის გამყარება, ამკაცრებენ ეკონიმიკურ სიტუაციას, კერძოდ, იზრდება სასესხო ღირებულება და იზრდება საექსპორტო ღირებულებაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფინანსურ ბაზრებზე შექმნილმა სიტუაციამ ფსს-ს ნაწილი გასაკეთებელი საქმეებისა გაუკეთა. კერძოდ, ის რომ მინიმუმ 5 თვემდე კიდევ ერთხელ განაკვეთის აწევას აარიდა.

ფსს ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა და თანამდებობიდან გადაყენებითაც დაემუქრა. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი და სიგნალიც, რომ ფულად საკრედიტო პოლიტიკა გამკაცრდებოდა მანამდე ვიდრე ტრამპი დაიკავებდა პოსტს და ზეწოლას მოახდენდა ფსს-ზე.

ფედერალური ფონდების ფიუჩერსებით თუ ვიმსჯელებთ, ბაზარზე ახლა ალბათობა იმისა, რომ ივნისში აიწევს საპროცენტო განაკვეთი, 70%-ია, ხოლო დეკემბერში, რომ აიწევს – 100%-ით.

ფსს-ს არათუ ეშინია, რომ საპროცენტო განაკვეთის აწევა გამოიწვევს უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს, არამედ 2017 წელს აშშ-ის ეკონომიკის პროგრესში დარწმუნებულია. მისი ასეთი განწყობა უკვე განაპირობებს მთელი 2017 წლის მანძილზე, დოლარზე მოთხოვნას. თუმცა, ბაზრის წესებიდან გამომდინარე, დროდადრო იქნება კორექციები, მაგრამ არც თუ ისე მნიშვნელოვანი დაწევებით. თუმცა, საბოლოო ჯამში ინდექსის გრაფიკი მიმართული იქნება აღმავლობისაკენ.

დოლარის ასეთი გამყარების გამო მოსალოდნელია გლობალური ფინანსური ”უწესრიგობა” ბაზრებზე

გამყარებული დოლარი ეს პრობლემაა საერთაშორისო მსესხებლებისათვის (ქვეყნებისთვის) , რომლებმაც ტრილიონობით ვალი დააგროვეს. რთულია ამ ვალის ეროვნული ვალუტებით დაფარვა, სესხის რაოდენობა რაც ბანკებს აქვს აღებული აშშ-ს ფარგლებს გარეთ, 2015 წლის მონაცემებით, 9,8 ტრილიონი დოლარია. (Bank for International Settlements).

ამ თანხის მესამედი ნასესხები იყო განვითარებადი ბაზრების მიერ, რომელთა ვალუტები ნაკლებად მდგრადი არის აშშ დოლარის მიმართ და როდესაც აშშ-ს საპროცენტო განაკვეთი იზრდება, დიდი ალბათობით მიდრეკილნი არიან დევალვაციისკენ. ვფიქრობ, გაძლიერებული დოლარი ხელს შეუწყობს განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინებას და ასევე ჩინეთიდანაც, სადაც იზრდება დოლარებში გამოსახული ვალის რაოდენობა, ძლიერი დოლარი ამერიკელებს უფრო მდიდარს გახდის, მსყიდველობითუნარიანობას ზრდის და იმპორტის ღირებულებას უმცირებს. ჩინეთმა, როგორც ჩვენი პლანეტის ეკონომიკის სიდიდით მეორე ქვეყანამ, უკვე გააკეთა შემაშფოთებელი კომენტარი და იწინასწარმეტყველა ფინანსური არასტაბილურობის მეორე ტალღა და გლობალური ფინანსური ”უწესრიგობა” ბაზრებზე დოლარის ასეთი გამყარების გამო.

მოკლედ რომ ვთქვათ, კაპიტალის ბაზრებზე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვს, რომ დეკემბრის ბოლო კვირიდან იანვრის ბოლომდე საფონდო ბაზრებზე ამერიკული აქციების ფასი დაეცეს, სად წაიღებენ ინვესტორები გამოთავისუფლებულ ტრილიონებს, წინასწარ ძნელი სათქმელია, იქნება ეს სავალუტო თუ სასაქონლო ბაზარი. როგორც წესი, ასეთ დროს ოქროს ფასი აიწევს ხოლმე, მაგრამ არაა გამორიცხული ნაწილმა კაპიტალმა სავალუტო ბაზარზეც გადაინაცვლოს და დოლარის ინდექსი კვლავ აიწიოს ან ნავთობში მოიყაროს თავი.

ლარის სტაბილიზაციის პერსპექტივები

ყოველივე ამის ფონზე, საქართველომ მთავრობამ მიიღო რიგი ღონისძიებები ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, შევეხები რამოდენიმე მათგანს.

მთავრობამ უარი თქვა ბიუჯეტში 600 000 000-მდე ლარის შემოსავალზე და ის რეალურად ჩაუტოვა ფინანსურ სექტორს

მთავრობა აუქმებს მოგების გადასახადს იმ მოტივით, რომ მოგების თანხები დარჩება კომპანიებს და ამ თანხის რეინვესტირებით, მეტად განავითარებენ საქმიანობას, დაასაქმებენ ადამიანებს. თეორიულად, ერთი შეხედვით, ეს ასეა, მაგრამ შევხედოთ, როგორ იმუშავებს ეს პოლიტიკა პრაქტიკაში.

პრაქტიკულად ყველა საშუალო კომპანია ცდილობს წლის განმავლობაში მოახდინოს მოგების შემცირება. იქნება ეს სამივლინებო, სარემონტო, ინვენტარის შეძენა და სხვა ხარჯები და ისედაც დაბალი მოგების გადასახადი მას არცთუ ისე დიდ ტვირთად აწვება. დიდ მოგებას წერენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა სადაზღვევო, საბანკო, ფარმაცევტული, მიკროსაფინანსო და ისეთებიც, რომელიც კონკურენციის გარეშე მუშაობენ, როგორებიცაა წყალკანალი, ენერგო პრო, თელასი და სხვა. ამ კომპანიათა ნაწილი ისედაც მხოლოდ მოგების გადასახადით იბეგრებიან. მოგების თანხების ლომის წილი ამათზე მოდის. რას მოუტანს ეს რეალურად სახელმწიფოს გარდა იმისა, რომ საკუთრებაში შეიძენენ შენობებს და იქ შეიძლება დასაქმდეს 2-3 ადამიანი. ამ გადაწყვეტილებით, მთავრობამ უარი თქვა ბიუჯეტში 600 000 000-მდე ლარის შემოსავალზე და ის რეალურად ჩაუტოვა მონოპოლიებსა და ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, მიკროსაფინანსო კომპანიებს. სავალუტო ფონდთან, რომ პირი მოეწმინდათ აიღეს ვალდებულება, რომ გაზრდიდნენ საწვავზე და სიგარეტზე აქციზს, საიდანაც შემოსავლები გადაფარავდა ამ დანაკლისს.

წელი დაიწყება საწვავის გაძვირებით და რომელიც ჯაჭვურ რეაქციაში გამოიწვევს პროდუქტების გაძვირებასაც

რას გამოიწვევს ახლა საწვავზე აქციზის გაზრდა – საქართველოში საწვავის შემომტანი ისედაც 5-7 ოპერატორია და ავტოგასამართების 95% მათ ხელშია. აშკარად არსებობს მათ შორის შეთანხმება სარეალიზაციო, ერთეული საწვავის საბოლოო ფასის სიდიდის შესახებ და ამ წესს იცავენ. მაშინ როდესაც საწვავი უნდა ღირდეს მაქსიმუმ 1,30-1-45 თეთრი, იყიდება 1,85-2 ლარის ფარგლებში, აქციზის გაზრდა საშუალებას მიცემს ფასები კვლავ აწიონ 15-20%-ით. ამას ემატება ისიც, რომ 2017 წლის პროგნოზით ნავარაუდებია ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, დავამატოთ ზემოთ აღნიშნული დოლარის გამყარების შესახებ მოსალოდნელი ვარაუდს და ჯამში გვექნება დასკვანა, – მოგების გადასახადის გაუქმება იმდენად ვერ მოიტანს დადებით ეფექტს, ვიდრე გვექნება აქციზის გაზრდით უარყოფითი ეფექტი, რაც დაიწყება საწვავის გაძვირებით და რომელიც ჯაჭვურ რეაქციაში გამოიწვევს პროდუქტების გაძვირებასაც.

დედოლარიზაციის ინიციატივა უახლოესი 10 წელიწადი ვერ იმუშავებს

რაც შეეხება დედოლარიზაციის ინიციატივას, იგი უახლოესი 10 წელიწადი ვერ იმუშავებს, ამისი არც სტრატეგია არის შემუშავებული და არც ალგორითმი, რომც არსებობდეს ის გრძელვადიანი პროცესია და მითუმეტეს მაშინ, როდესაც იმპორტი გაცილებით ჭარბობს ექსპორტს.

მთავრობა ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომ აუცილებლად მოუწევს ენერგომატარებლებზე ტარიფების გაზრდა, ესეც უარყოფითად იმუშავებს ისედაც გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტზე.

რეკომენდაციები ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის

ა) ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვის შემცირება.
ბ) სესხების ლარში გაცემა, ისე რომ საპროცენტო განაკვეთი არ აიწიოს.
გ) კაპიტალის ბაზრის გახსნა, სადაც ფინანსური ინსტრუმენტები ლარში იქნება დომინირებული.
დ) შემოსავლებზე დიფერენცირებული ანუ პროგრესული საგადასახადო განაკვეთის დაწესება.
ე) ბლუმბერგის ტერმინალის ნაცვლად, შეიქმნას ახალი, გამჭვირვალე სავაჭრო ტერმინალი და ვაჭრობის ღიად წარმოჩენა.
ვ) საპარტნიორო ფონდმა, პროგრამამ აწარმოე საქართველოში სასწრაფოდ დაიწყოს სტარტაპების დაფინანსება, ისეთი პროექტებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ პირველადი მოხმარების პროდუქციის წარმოებას.

24 დეკემბრის შემდეგ სავალუტო ბაზრებზე მნიშვნელოვანი რყევებია მოსალოდნელი 

ვითვალისწინებ რა მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე შექმნილ სიტუაციას, ასევე თურქეთთან და რეგიონში არსებულ ქვეყნებთან საახალწლო ტრანზაქციების მოცულობებიდან გამომდინარე, საკმარისია თურქული ლირა გადაცდეს 3,50-იან ნიშნულს და დოლარის ინდექსმა შეინარჩუნოს 102,50-ზე მაღალი ნიშნული, ლარის კურსი იმერყევებს 2,7550-2,8350 შუალედში. ძნელი სათქმელია რას იზამს ლარის კურსი 24 დეკემბრის შემდეგ, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ პერიოდში მოსალოდნელია საფონდო ბაზრებზე ამერიკული აქციებზე ფასების ვარდნა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, მაშინ როდესაც დონალდ ტრამპი ჯერ არ დამჯდარა თავის სავარძელში, გადაწყვეტილებაც არ მიუღია რაიმე პრობლემის მოგვარებისთვის, ამ დროს ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორები მთელი ენერგიით ყიდულობენ აქტივებს, რაც იწვევს დიდძალი ფინანსური კაპიტალის თავმოყრას მსოფლიო ეკონომიკის ფიქტიურ სექტორში, სადაც აქციების მაღალი ფასები ფუნდამენტალურად არაა გამყარებული, – ვფიქრობ, ასეთი სიტუაცია უახლოეს რამოდენიმე კვირაში მიგვიყვანს გაბერილი ბუშტის პრინციპთან, რომლის გასკდომის ხმასაც ძალიან ახლოს გავიგონებთ.

ბაზრების ასეთი რეაქცია, ვფიქრობ, ბოლო ათწლეულის აფიორას ჰგავს, ძნელად თუ გავიხსენებთ ისეთ მომენტს, როდესაც ბაზრებზე ასეთი ძლიერი ცდომილებები იყო, ანუ როდესაც პროგნოზირებენ ერთს და ღებულობენ მეორე შედეგს. ბოლოს ამსგავსი სიტუაცია იყო 2008 წლამდე პერიოდში, როდესაც ბევრ ცნობილ ეკონომისტს იპოთეკური დერივატივების ბაზარი მიაჩნდა, როგორც მესია – ნათელი მომავლისა, მაგრამ სწორედ ის გახდა მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისის მიზეზი.

ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი გაითვალისწინებს, მეზობელ რეგიონებში ეკონომიკურ სიტუაციას, სწორად გაანალიზებს, საფონდო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს და მომავალში ისე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს, ინკლუზიური ეროვნული ეკონომიკის ზრდის საქმეში.

დასასრულს ვიტყოდი, უნდა შევიგნოთ, რომ დღეს ეკონომიკის საზომი ერთეული მხოლოდ ფულის ან ძვირფასი ლითონის სახით არ არსებობს, ის შეიძლება ყველაზე უკეთ გამოისახოს ისეთ სისტემაში, რომელიც ქმედითუნარიანი იქნება, დოვლათი მოიტანოს გრძელვადიან პერსპექტივაში, თანაც ისე, რომ სრულად აკმაყოფილებდეს მოსახლეობის მოთხოვნებს პირველად და მთავარ მოთხოვნილებებზე. მალე ალბათ ეკონომიკის ფორმატიც შეიცვლება და გადავალთ რაოდენობრივიდან ხარისხობრივ მოთხოვნილებებზე.

26 დეკემბერი, 2016 წ.


გადმოტანილია გაზეთიდან “ბანკები და ფინანსები”

 ილუსტრაცია: © The Sydney Morning Herald

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ