► ავტორი: ალექსანდრა აროშვილი; მედია პლატფორმა European.ge-ს მთავარი რედაქტორი
უკვე რამდენიმე დღეა, რაც მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები კლინიკიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. საუბარია შემცირების ტალღაზე, რომელმაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში, 100-მდე ექიმი სამსახურის გარეშე დატოვა. უნდა აღინიშნოს, რომ შემცირება შეეხო ხანგრძლივი სტაჟისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედპერსონალს, რომელიც საავადმყოფოში 20-30, ზოგიერთ შემთხვევაში კი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ალბათ ყველას გეცნოთ სიტუაცია, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ განვითარდა “რუსთავის აზოტში”, როცა საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ, საკმაოდ მოკლე დროში, სამსახურიდან 200-მდე ადამიანი გაათავისუფლა. აქაც, ისევე როგორც იაშვილის კლინიკის შემთხვევაში, საუბარი იყო ადამიანებზე, რომლებიც 40-45 წლის განმავლობაში მუშაობდნენ საწარმოში; მაღალკვალიფიციურ მუშაკებზე, რომლებიც ვერ ჩანაცვლდებოდნენ სხვა კადრებით. საქმე აქაც ეხებოდა სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც საზოგადოებრივად სპეციფიკური მნიშვნელობის დაწესებულებას წარმოადგენდა და აქაც, ამ მნიშვნელობას არავითარი ღირებულება არ ჰქონდა მესაკუთრისათვის, რომელიც, ამ შემთხვევაში, იგივე მესაკუთრეა.
საქმე კვლავ საქართველოს ბანკთან გვაქვს, ოღონდ ამჯერად მის საკუთრებაში შემავალ კორპორაცია “ევექსთან”. ამ შემთხვევაშიც, კომპანიამ თანამშრომლების გათავისუფლება რეორგანიზაციის საჭიროებით ახსნა. ამ შემთხვევაშიც, ამ რეორგანიზაციის საჭიროების რეალური დასაბუთება – არ არსებობს.
“ევექსმა” მედპერსონალის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხელშეკრულებების შეწყვეტის მისაღწევად, შეთანხმებების გაფორმების სტრატეგია აირჩია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ან საკუთარი ნებით წახვალ, ან კომპენსაციას ვერ მიიღებ. შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრულ 2 თვის კომპენსაციას კლინიკა ანაზღაურებს, თუმცა საქმე, სამწუხაროდ, მხოლოდ შრომის კოდექსის აღსრულებაში არ არის.
გათავისუფლებულმა ექიმებმა, იაშვილის კლინიკის მედმუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის მონაწილეობით, დახმარების თხოვნით სოლიდარობის ქსელს მიმართეს. “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” ჩვენი მედია-პორტალის მეგობარი ორგანიზაციაა, რომელიც გასული წლის აპრილში პროფკავშირულ ორგანიზაციად გარდაიქმნა. 25 დეკემბერს, მათ ექიმების გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელეს, შემდეგ კი საავადმყოფოს ადმინისტრაციას წერილობით მიმართეს. ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი რეაგირების უშედეგო ლოდინის შემდეგ, მიმართვა გაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და სახალხო დამცველსაც. 10 იანვარს, ექიმებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დათო ომსარაშვილმა პრესკონფერენციაზე თქვა: “ახლა ჩვენ სწორედ ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე ვსაუბრობთ იმისა, რატომაც ადანაშაულებენ ხოლმე არაკომპეტენტურობაში ჯანდაცვის სფეროს. ექიმებს არ გააჩნიათ სტაბილური სამუშაო გარემო და პირობები.”
იაშვილის კლინიკის მედპერსონალი სოლიდარობის ქსელის ოფისში; 25.12.2017
მნიშვნელოვანია, რომ ის ტრადიცია და სახელი, რომელიც კლინიკას უკავშირდება, სწორედ იქ წლების განმავლობაში მომუშავე ექიმების დაუღალავ შრომაზე დგას. მათმა ნაწილმა კრიზისების, გაჭირვებისა და უშუქობის, აბსოლუტურად მიზერული ანაზღაურების ან თვეების განმავლობაში გადაუხდელი ხელფასების მიუხედავად არ შეწყვიტა მუშაობა, გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, საავადმყოფო დღემდე მოიტანა.
ეს ცალსახად ხაზგასასმელი გარემოება, ამ შემთხვევაში ნაკლებად ემსახურება საკითხის რომანტიზებას. ზემოთ აღწერილ პირობებში მუშაობის გამოცდილებაში, ამ ტიპის ძალისხმევის გაწევასა და ამ ხანგრძლივობის სტაჟში ჩვენ სულ სხვა რამ უნდა ამოვიკითხოთ: ის, რომ საქმე გვაქვს უპრეცედენტო კვალიფიკაციასთან, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში არსებული სამედიცინო განათლების დღეს არსებულ ზოგად ხარისხსა და დონეს. თუ ამ ადამიანებს კარგად მოვუსმენთ, ისინი პირდაპირ საუბრობენ მთელ რიგ პროცესებზე, რომლებიც მათი გათავისუფლების შემდგომ კლინიკაში პირდაპირ გამოიწვევს მთელ რიგ სტრუქტურულ პროცესებს ჯანდაცვის ხარისხის შემცირების კუთხით. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ როდესაც მძიმე პაციენტი რეანიმაციაში ხვდება, მას მყისიერად ამოწმებს სპეციალისტთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც წინასწარ უნდა გამორიცხონ პაციენტის მდგომარეობის სხვადასხვა მიზეზებით გამოწვევის საფუძველი, როგორიცაა ნევროლოგიური, დერმატოლოგიური თუ სხვა მიზეზები. მხოლოდ ამის გაკეთების შემდგომ შეიძლება საუბარი ეფექტურ, ზუსტ და სანდო, სწრაფ დიაგნოსტირებაზე. “ფინანსური კრიზისითა” და “რეორგანიზაციის დაწყებით” ახსნილი მასობრივი შემცირება (იმ ბუნდოვანი დასაბუთებით, რომელსაც ყველა დამსაქმებელი იშველიებს თანამშრომელთა გათავისუფლებისას და რომელიც არასდროსაა გამჭვირვალე) პირველ რიგში, საავადმყოფოს აქამდე არსებული სტრუქტურის ცვლილებაზე მიუთითებს, რაც იაშვილის კლინიკის მომავალ პაციენტებს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შეიძლება დაუჯდეთ. ექიმები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ადმინისტრაცია ორიენტირებულია ფინანსურად მეტად მომგებიანი დარგების განვითარებაზე და შესაბამისად, დანარჩენი სერვისების შემცირებაზე – ცხადია, აქ არ იგულისხმება მოთხოვნა, რადგან პაციენტები სხვადასხვა მიმართულებით უჩივიან ჯანმრთელობას, არამედ ფინანსურად მაღალანაზღაურებადი სერვისები როგორიცაა ქირურგია და სხვა. ექიმები საუბრობენ იმაზეც, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაცია მათ ზღუდავდა პაციენტთათვის მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებაში.
ის, რომ ჯანმრთელობის სფერო არ უნდა დაექვემდებაროს კომერციულ ლოგიკასა და ინტერესს, ჩვენი მკითხველისათვის პრინციპული საკითხია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ლიბერტარიანული მითები საჯარო სიკეთეების პრივატიზების შესახებ, თავის თავში გულისხმობს ამ “სიკეთეების” “საჯარო ბოროტებად” გადაქცევის პოტენციალს, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ნაკლებად მიუწვდება ხელი ძვირადღირებულ სამედიცინო სერვისებზე; მაგრამ ჯანდაცვის სფეროს კომერციალიზაციის ლოგიკა მხოლოდ ხელმისაწვდომობის სელექციას არ გულისხმობს, ის დაკავშირებულია კვლევებთან, რომლებიც აღარ ტარდება სამეცნიერო მიზნებით, მედიკამენტებთან, რომლებიც მონსტრად ქცეული ფარმაცეფტული ბაზრის ფინანსური ინტერესის ტყვეობაშია და რაც მთავარია, თავად კლინიკური მომსახურების სტრუქტურასა და შინაარსთან, რომელსაც ცვლის ჯანდაცვის სერვისიზაციის – გასაქონლების, საბაზრო პროდუქტად ქცევის ლოგიკა. ეს მავნებლური ლოგიკაა და ის არ ცნობს კვალიფიკაციას, გამოცდილებას, ტრადიციას, არ ცნობს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, საზოგადოებრივ ინტერესებს – ანუ, ადამიანთა ცხოვრების შემადგენელ ნამდვილ, ობიექტურ ლოგიკას.
სწორედ ამ ტიპის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, ამ შემთვევაში, ჩვენსა და საქართველოს ბანკს შორის, ზოგადად კი – ჩვენსა და მათ შორის, ვინც ზემოთაღწერილი ლოგიკის ინსტიტუციური თუ სიმბოლური წარმომადგენელია, ვისაც ჯიბეებში ფინანსებად გარდაქმნილი ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე უდევს, ან სესხებით ამოღებული, ჩვენი შრომით გამომუშავებული საარსებო პირობები; ფინანსებად გარდაქმნილი ჩვენი შესაძლო უკეთესი მომავალი, ფინანსებად გარდაქმნილი ჩვენს მიერ მიუღებელი განათლება; ფინანსებად გარდაქმნილი ინდუსტრიული სიმდიდრეები, რომელთა განვითარებაც შეგვეძლო; ფინანსებად გარდაქმნილი მეცნიერება, რომლის განვითარების პოტენციალმაც მეოცე საუკუნესთან ერთად დაგვტოვა.
ექიმები ამბობენ : ბანკებს აკრძალული აქვთ არაპროფილური საქმიანობა, და მაინც, ბანკები ფლობენ იმას, რასაც ისინი არ უნდა ფლობდნენ. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?
გარდა ამისა, ისინი ამბობენ : ის, რომ ტენდენცია მიდრეკილია საავადმყოფოს მხოლოდ იმ სერვისების განვითარებისაკენ, რომლებსაც მეტი ფინანსური შემოსავალი აქვს, ნიშნავს მედიცინის კანონების რღვევას.
ისინი, ასევე ამბობენ: ცხადია, დამსაქმებელს აქვს რეორგანიზაციის უფლება, მაგრამ რეორგანიზაცია იმისთვის არსებობს, რომ გაუმჯობესებას ემსახურებოდეს, და არა განადგურებას, მოგების მიზნით. ხოლო თუ მაინც მოგებაა მთავარი, მაშინ ეს მოგება საავადმყოფოს უნდა დაუბრუნდეს, რათა მისი განვითარება მეტად გახდეს შესაძლებელი; რათა მეტი ადამიანი დაასაქმოს გათავისუფლების ნაცვლად, რეორგანიზაცია შესაძლებელია, მაგრამ ის ხომ გონივრული უნდა იყოს?
“გონივრულობა” თანამედროვე კაპიტალიზმში აღარ არის შინაარსობრივად კონსესუალური ფინანსურ სისტემასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის, ისევე როგორც “რეორგანიზაციის” ცნებას დღეს ხშირად აღარ გააჩნია მნიშვნელობა, ანუ მიზანი, რომელიც შინაარსობრივად შეიძლებოდა ჰქონოდა – გარდა ერთისა, კერძო მესაკუთრის რომელიღაც მიზნისა, რომელიც ჩვენგან მუდმივად დაფარული რჩება. მიზეზი, თუ რატომ უნდა დარჩნენ ექიმები კლინიკაში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მრავალი არგუმენტისა, როგორიცაა კვალიფიკაცია, ხანგრძლივი სტაჟი და გამოცდილება; თუ უბრალოდ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიუღებლობა, ასევე ისაა, რომ ეს ადამიანები გონივრულად [საზოგადოებრივად] საუბრობენ საავადმყოფოს პრობლემებზე. ახალგაზრდა ექიმების უდიდესი ნაწილი, რაც არ უნდა კვალიფიკაციური იყვნენ ისინი და კეთილი ნებით ემსახურებოდნენ საზოგადოებას, გაზრდილი არიან სწორედ იმ იდეოლოგიით, რომელიც კომერციული ლოგიკის დომინირებას დამაკმაყოფილებელ სტატუს – ქვოდ გვაჩეჩებს ხელში, რომელიც გვეუბნება, რომ თუ მსოფლიო დღეს ამ ლოგიკით ვითარდება, ესე იგი, ასეა სწორი, ან: ყოველ შემთხვევაში, ზედმეტი კითხვების დასმა ამ მიმართულებით ქარის წისქვილებთან ბრძოლაა.
თუმცა, ბრძოლა სულაც არ არის საჭირო ქარის წისქვილებთან. სოლიდარობის ქსელმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა: “ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ამ საქმეში და მასშტაბურ ბრძოლას შევუდგეთ მათთან, ვინც მედპერსონალის გაშვების ხარჯზე მოგების ნახვას ცდილობს.”
მეორე საკითხი ისაა, რომ ეს “მოგება” შესაძლოა სულაც არ იყოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით გაზრდილი მოგება. კორპორაცია “ევექსი” უამრავ კლინიკას ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ დონის პროფესიონალების გაშვება, მას არაფერში არ უნდა სჭირდებოდეს და მისსავე საკუთრებაში მყოფ სხვა კლინიკებში, ძალიან გამოადგებოდა კიდეც. ის, რომ ჯანდაცვის ხარისხზე ზრუნვა კორპორაცია ევექსის არც პირველადი, და არც მეორადი მიზანი არ არის, აქედანაც ჩანს.
პარალელი რუსთავის აზოტთან: ერთი წლის წინ, “ეუ ინვესტმენტს” საწარმოს განვითარება რომ სდომოდა, ის არ გაუშვებდა სამსახურიდან ადამიანებს, რომლებსაც ჩაუნაცვლებელი კვალიფიკაცია ჰქონდათ. სწორედ ამაშია საქმე: განვითარება მესაკუთრისათვის, არ ნიშნავს განვითარებას – მის საკუთრებაში არსებული ობიექტისათვის ან დანარჩენი საზოგადოებისათვის. საქართველოს ბანკს, არაფერში სჭირდებოდა რუსთავის აზოტი, როგორც ქიმიური საწარმო, მას ის სჭირდებოდა, როგორც სტრატეგიული კაპიტალი, რომელიც, ხელსაყრელ მომენტში კარგ ფინანსურ კაპიტალად გადაიქცევა. თუმცა, ეს სტრატეგიული კაპიტალი აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია არათუ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, საქართველოს, ის ძალიან სჭირდება. “ევექსის” შემთხვევაში, ბანკს სრულიად არ სჭირდება იაშვილის ბავშვთა კლინიკა – ეს ჩვენ, მათ კლიენტებს გვჭირდება. საქართველოს ბანკს სჭირდება, “ევექსი” მონოპოლისტი კორპორაცია გახდეს, და თუ ასე მოხდება, მედპერსონალის მაღალკვალიფიციურობა გაკრიალებული, თეთრი ფოიეებისა და რამდენიმე უახლესი ტექნოლოგიური დანადგარისათვის გადაღებული კარგი ხარისხის ფოტოების უკან სამუდამოდ ჩაიკარგება.
და მაინც, კონკრეტულად როგორ შეიძლება ზრდიდეს მოგებას “ევექსი” კვალიფიციური ექიმების გაშვებით?
ჩვენი ავტორი, კონსტიტუციონალისტი ვაკო ნაცვლიშვილი საინტერესო სქემაზე საუბრობს: “თბილისში ფუნქციონირებს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი” – ამბობს ის. “კოლეჯის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ კურსდამთვარებულები გარანტირებულად დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსში. კოლეჯის 60 კურსდამთავრებულიდან, 45 – დღეს “ევექსში” მუშაობს. სწავლა 3750 დოლარი ღირს და 2 წელიწად ნახევარს გრძელდება. საექთნო კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს სესხს სამედიცინო კორპორაცია ევექსი (BGEO ჯგუფი – საქართველოს ბანკი) სთავაზობს; ამ სესხის გასასტუმრებლად კი, “ევექსი” ყოველთვიურად უკავებს ექთნებს ხელფასის მიღებულ ნაწილს. სქემა მარტივია: (1) საქართველოს ბანკი სწრაფ სესხებს სთავაზობს პოტენციურ ექთნებს და მათი სამედიცინო კორპორაცია ევექსში დასაქმებისთანავე იწყებს სესხის თანხის დაკავებას; (2) საქართველოს ბანკის კუთვნილი სამედიცინო კორპორაცია ევექსი სამსახურში იღებს ახალკურსდამთვრებულ კადრებს, რომლებსაც არ აქვთ პროფესიული გამოცდილება და, შესაბამისად, გამოცდილი ექთნებისგან განსხვავებით, თანახმა არიან, იმუშავონ დაბალ ანაზღაურებაზე; (3) სამედიცინო კორპორაცია ევექსი გრძელვადიან პერსპექტივაში – და მას გრძელვადიანი გეგმები აქვს – ზრდის ექთნების რაოდენობას, საექთნო კადრებს მარტივადჩანაცვლებად მშრომელებად აქცევს და, შესაბამისად, ამცირებს ექთნების ანაზღაურებას.”
ერთი სიტყვით, საქართველოს ბანკი მუდმივად ფართოვდება და ქმნის ახალ მონოპოლისტურ მონსტრებს, დანარჩენ ყველაფერს კი საკუთარ ფინანსებად აქცევს, რაც გზაზე ხვდება და სხვა, მისივე მასშტაბის მეორე ბანკის საკუთრება არ არის. ქვემოთ მოყვანილ სქემაზე, შევეცადეთ ვიზუალურად გამოგვესახა საქართველოს ბანკის საბანკო და საინვესტიციო საქმიანობა, რაც ფინანსური და არაფინანსური კაპიტალის წარმოუდგენელ მასშტაბზე მიგვითითებს. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის – ეს მხოლოდ ოფიციალურად გაცხადებული, მათსავე საიტებზე არსებული ინფორმაციის შედეგად მოხელთებადი ცნობებია – ბანკის შვილობილი კომპანიებისა და სხვა არაპირდაპირი აქტივების რაოდენობის შესახებ კი, ჩვენთვის, ჯერ-ჯერობით, უცნობია.
ავტორი: თორნიკე ჩივაძე; წყარო : BGEO.ge
საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულება იყო ბავშვთა ჯანმრთელობაზე. სწორედ ამ ადამიანების სოლიდარობას იმსახურებენ, პირველ რიგში, გათავისუფლებული ექიმები. ასეთი შემთხვევები, ხშირად საშუალებას გვაძლევს, ქვეყანაში გაბატონებული ტოტალური უსამართლობის საპირწონედ, ღირსეულად ჩავაბაროთ გამოცდა, რომელიც გამოაჩენს, რომ სულ მცირე, უკეთეს საზოგადოებად ქცევის სურვილი ჩვენს შორის ნამდვილად არსებობს.
ჩვენ სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მ.იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებულ ექიმებს European.ge-ს სარედაქციო საბჭოს სახელით; ჩვენს მკითხველებს კი მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გაავრცელონ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ და საჯაროდ გამოხატონ მათდამი მხარდაჭერა. ამით, ჩვენ არამხოლოდ დასაქმებულთა ინტერესებს დავიცავთ, არამედ ერთად ვიბრძოლებთ საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების, დაწესებულებებისა და ინსტიტუციების კომერციალიზაციის წინააღმდეგ.