კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელები: ნორდიკული ქვეყნები (II ნაწილი)

ნორდიკული მოდელის მახასიათებლები

უკვე არაერთგზის თქმულა რომ ისტორიულ განვითარებათა კომპლექსურობა ჩვენგან მოითხოვს ამა თუ იმ კონკრეტულ ფენომენსა და შემთხვევას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნივერსალურობით მივუდგეთ. იზიარებს რა ტიპოლოგიურობისა და რეჟიმული ანალიზისადმი კრიტიკულ მიდგომას, კასცა განმარტავს, რომ ასეთი მიზეზისდა გამო აქამდე არსებული ეროვნული კეთილდღეობის სისტემები, მაინც არ გამოგვადგება საერთო ძირეული დასკვნების გასაკეთებლად კეთილდღეობის პოლიტიკის საგნის გარშემო. ისტორიული კვლევების საქმეა მხოლოდ განმასხვავებული ნიშნების პოვნა, საკამათოა აგრეთვე ისიც, არსებობს ერთადერთი თუ რამდენიმე ნორდიკული მოდელი.

მაშინ როცა ისტორიული კვლევები და ინტრა-ნორდიკული შედარებანი მიუთითებენ მხოლოდ განსხვავებაზე, სოციალური პოლიტიკის კვლევები უმეტესწილად ფოკუსირდებიან ინსტიტუციონალურ სფეროში მსგავსებებზე. 1980-იანი წლების შუაგულში აშკარად თვალსაჩინო გახდა, რომ ნორდიკულმა ქვეყნებმა განავითარეს რაღაც ახალი, ყველასაგან განსხვავებული მოდელი ე.წ. “კეთილდღეობის სახელმწიფო”. ჩვენ უკვე ვახსენეთ ნორდიკული მოდელის ფორმირებაში სახელმწიფოსა და სხვა სტრუქტურული ფაქტორების გადამწყვეტი როლი, თუმცა აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ სოციალური დაზღვევების სქემათა თავისებურებებზეც, მომსახურებათა მნიშვნელობაზეც და სამუშაო ბაზრის ფუნქციონირებაზეც.

სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი საქმიანობების ფართო სკოლის თანხვედრა, რომელიც უპირველესად შვედეთში გამოვლინდა ჩვენ აშკარად მოგვაგონებს 1950-იან და 1960-იან წლებს. გამომდინარე იქედან, რომ 1970-იან და 1980-იან წლებში კვლევის საგანი შეიცვალა,საზოგადოებრივი პოლიტიკის შესწავლას დაეტყო გავლენა ძალაუფლების მობილიზაციის სკოლის რომელიც თვლიდა, რომ ნორდიკულ საზოგადოებებში არსებული პრივილეგირებული სოციალური უფლებები გამოძახილია იქ მემარცხენე პოლიტიკის მომძლავრებისა.

პროგრესივისტული საჯარო გადაწყვეტილებების მიზანი იყო უფრო ნორმალიზებული გაეხადა არსებული სოციალური უსაფრთხოების “რეცეპტი”და თავიდან აეცილებინა ის უხეში სტიგმა, რომელიც ასოცირდებოდა მხოლოდ სოციალურ მხარდაჭერასთან და არა უსაფრთხოებასთან. კეთილდღეობის ინსტიტუციონალური მახასიათებლები და ერთაშორისი შედარებები მიაჩნიათ უმთავრეს მიზეზებად იმისა, რატომაც ნორდიკულმა ქვეყნებმა მიაღწიეს მინიმალურ უთანასწორობას შემოსავლების მხრივ, მინიმალურ სიღარიბეს, ცხოვრების სტანდარტებს შორის უმცირეს განსხვავებებს, მკვეთრად გამოხატულ გენდერულ თანასწორობას. ნორდიკული მოდელის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი მეთოდია მის უნიკალურ მახასიათებლებზე ფოკუსირება, როგორც ესპინგ-ანდერსენის რეჟიმთა ტიპოლოგია, ისე ძალაუფლებრივი რესურსების თეორიაზე დამყარებული მიდგომებიც ყურადღებას ამახვილებენ სოციალურ დაზღვევასა და ფულად შემწეობებზე.

განიხილა რა ქალების გადმოსახედიდან სკანდინავიური კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი ჰელმა ჰერნესმა დაასკვნა, რომ ზემოხსენებული მოდელი სრულად აკმაყოფილებს მდედრობითი სქესის მოთხოვნა-ინტერესებს და “მეგობრულადაა განწყობილი” ქალებისადმი, უფლებებს რთავს მათ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების წარმართვაში, შრომით ბაზარში მონაწილეობისა და ამასთანავე მზრუნველ დედებად დარჩენისა. ნორდიკული მოდელი მხოლოდ სოციალური ზრუნვის მაქსიმალიზაციის დამსახურება არ გახლავთ, იგი ასევე შედეგია არაერთი სხვა სერვისისა, როგორებიცაა მაგალითად ინდივიდუალური საგადასახადო სისტემა. ქალების თავიანთ მეუღლეებზე დამოკიდებულება მცირდება მათთვის მოქალაქეობრივი, ინდივიდუალური უფლება-მოვალეობების გაზრდით.

ამიტომაა ,რომ სკანდინავიური კეთილდღეობის სახელმწიფოებში უკვე ფესვგადგმულია ცოლ-ქმრული, თანაბარი გამომუშავება. განსხვავებით კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნებისაგან, სადაც ოჯახში ძირითადი შემომტანი მამაკაცია.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ნორდიკული ქვეყნების მახასიათებლებიდან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საზოგადოების ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სერვისებისადმი, იყო კოლი. თანდათანობით 1990-იან წლებში ეს იდეა კიდევ უფრო გაღრმავდა და განმტკიცდა. სკანდინავიური სახელმწიფოების ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობაა ჯანდაცვაზე და უამრავი სახის სოციალური დახმარება, ყოველივე ეს კი გამიზნულია რასაკვირველია მთელი საზოგადოების დასაკმაყოფილებლად.

დაბოლოს, ხაზი უნდა გავუსვათ სოციალურ პოლიტიკასა და დასაქმების პოლიტიკას შორის მჭიდრო კავშირს. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ნორდიკული ქვეყნები მუდამ გამოირჩეოდნენ დასაქმების მაღალი დონით, როგორც კაცებში, ისევე ქალებშიც. ყოველივე ეს განაპირობა განსაკუთრებულმა სოციალურმა პოლიტიკამ, მძლავრმა ინვესტიციებმა ამ სფეროში და შედეგად არა მარტო შენარჩუნდა სრული დასაქმება არამედ მიღწეულ იქნა ეკონომიკური პროგრესიც. თუმცა უნდა ვიფიქროთ რომ მოსახლეობის ასეთი კეთილდღეობა განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დახმარებებმა და შემწეობებმა, პირიქით-ყოველივე ეს შედეგია მთელი საზოგადოების მაღალი შრომისუნარიანობისა და სამუშაო ბაზარში ჩართულობისა.

ნორდიკული მოდელი: ემპირიული კანონზომიერება

ესპინგ-ანდერსენმა და ძალაუფლების რესურსების სკოლის მიმდევრებმა გამონახეს მტკიცე არგუმენტები ინსტიტუციური მახასიათებლების მნიშვნელობის ხაზგასასმელად, თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოთა ძირეული განსხვავებების საიდენტიფიკაციოდ. ისინი მიუთითებენ, რომ არაერთი კონტინენტური სახელმწიფო წააგავს ნორდიკული ქვეყნების მოდელს, თუ გავითვალისწინებთ მათ პოლიტიკურ დანახარჯებს, თუმცა ძირითადი დიზაინი, მასშტაბები და სქემები ძლიერ განსხვავდება ნორდიკულ სახელმწიფოებში. კეთილდღეობის რეჟიმთა ანალიზი ემყარება არგუმენტზე, რომ ნორდიკული კეთილდღეობა შედეგია არა გაღებული ხარჯებისა იმდენად, არამედ უფრო ამ ხარჯებით ამოღებული სპეციფიური მონაპოვრებისა.

ნორდიკული მოდელი სამუდამოდ?

ვერ დავასახელებთ ნორდიკული მოდელის განვითარების ეპოქაში გარდამტეხ წელს, თუმცა რომ შეგვეძლოს დასახელება, მაშინ 1990 წელი იმსახურებს ამას, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ნორდიკული მოდელის ბედზე ფართოდ ალაპარაკდნენ. იმ დროისათვის 1945 წლიდან გაბატონებული ბიპოლარული მსოფლიო სისტემა წარსულს ჩაბარდა, დაიშალა საბჭოთა კავშირი და მსოფლიოს ბაზარზე ახალი სახელმწიფოები გამოვლიდნენ. კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის არსებულმა მესამე გზამ გარკვეულწილად თავისი მომხიბვლელობა დაკარგა. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 90_იანი წლები შვედეთსა და ფინეთში ეკონომიკური კრიზისის პერიოდია, რომელმაც აუცილებელი გახადა სოციალური პოლიტიკის გადახედვა, ეს ქვეყნები იძულებულნი გახდნენ სერიოზული ზომები მიეღოთ სოციალური ბიუჯეტის დასაბალანსებლად, თუმცა იმავდროულად ნორვეგიასა და დანიაში განსხვავებული მდგომარეობა იყო და 90-იანი წლების მეორე ნახევარში კარგი ეკონომიკური მახასიათებლებითაც კი გამოირჩეოდნენ.

ადრეული 90-იანები შეიძლება გეოპოლიტიკურ წყალგამოყოფადაც კი მივიჩნიოთ, რადგან ფინეთმა და შვედეთმა დატოვა ევროპის თავისუფალი სავაჭრო კავშირი, სამაგიეროდ კი გზის გაკვალვა დაიწყეს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის, განსხვავებით ნორვეგიისა და ისლანდიისა, რომელთაც განზე დგომა არჩიეს. მოგვიანებით ფინეთი შეუერთდა ევროს მიმოქცევის ზონას, შვედეთმა და დანიამ კი ეროვნული ვალუტები შეინარჩუნეს .

გლობალიზაციამ, ნეოლიბერალურმა იდეებმა ბაზრის დერეგულაციაზე, კონკურენციის მნიშვნელობის გათავისებამ ბაზარზე, სკანდინავიური მთავრობები თანდათან კაპიტალიზმისაკენ კეთილგანწყობილად მოაქცია. სხვადასხვა მნიშვნელოვანი კვლევები ნორდიკული და სხვა ევროპულ სახელმწიფოთა შედარებაზე საგულისხმო პასუხს იძლევიან სკანდინავიური განსხვავებულობის შესახებ. ნორდიკული ქვეყნები როგორც ერთი ჯგუფი, კვლავაც რჩება განსხვავებულ ფენომენად. მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, მათ გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე დანარჩენ ევროპულ ქვეყნებს ერთმანეთთან.

თუმცა ნორდიკული ქვეყნების კეთილდღეობის პოლიტიკა შეიცვალა გარკვეულწილად, ცვლილება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მკვლევარებს საშუალება არ ეძლევათ უგულებელყონ სკანდინავიის შემთხვევა. 1990-იან და 2000-იან წლებში ჩატარებული საერთო კვლევის შედეგად უკვე ფართოდაა ცნობილი, რომ მიუხედავად შენარჩუნებული ინდივიდუალური მახასიათებლებისა, ნორდიკულ ქვეყნებში არაერთი ცვლილება მოხდა.

ნორდიული ერთობა წარსულს ჩაბარდა?

2002 წელს ჩატარდა მასობრივი კვლევა 1990-იანი წლების შვედეთში არსებული კეთილდღეობის ტენდენციების შესახებ. სწორედ ეს კვლევა მოიცავდა ყველა იმ მახასიათებელს, განსხვავებებს სოციალური პოლიტიკის სფეროში და სიღრმისეულ მონაცემებს, რომლებიც შვედეთის მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებზე დაკვირვებით აღირიცხა. საერთო ანალიზმა უჩვენა მთლიანი სისტემის ფარგლებში მომხდარი რიგი ცდა გარკვეული არასასურველი ტენდენციებით კეთილდღეობის სფეროში, მაგალითად შემოსავლების მხრივ უთანასწორობა საზოგადოებაში, სიღარიბის რისკის ზრდა, ცხოვრების დონის მზარდი დიფერენცირება სოციალურ ჯგუფებს შორის.. 1990 იანებში გაიზარდა რიცხვი მარტოხელა დედების, შვედეთის გარეთ დაბადებული ხალხის, გაჭირვებაში მყოფთა და საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით ძლიერ ჩამორჩენილთა. შვედეთისათვის ასევე ახალი რეალობა გახდა პრივატიზება, ბაზარზე ორიენტირებული ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ შვედური კეთილდღეობის სახელმწიფო 21-ე საუკუნის გზაჯვარედინზე გარკვეული ცვლილებების ფონზე წარმოჩინდა.

სოციალური პოლიტიკის საკვლევად ჩატარებულმა უამრავმა ანალიზმა ფინეთშიც აჩვენა არაერთი ფუნდამენტური ცვლილება, გადახრა იდეოლოგიის თვალსაზრისით. მათ შორის სოციალურ საკითხებშიც. უკვე იმაზეც დაობენ, რომ ფინეთმა ნორდიკული მოდელის საერთო ტენდენციებს ძირეულად გადაუხვია საზოგადოების უფლებების, სამართლისა და სახელმწიფო პასუხისმგებლობის სფეროებში. რამდენიმე კვლევა გვიჩვენებს, რომ 1990-იან წლებში პოლიტიკოსთა შორისაც იდეოლოგიურმა ცვლილებამ იჩინა თავი და რომ ფინეთმა ეკონომიკური ლიბერალიზმისაკენ გადაუხვია, ზოგის აზრით კი ცვლილებები ამ ქვეყანაში კონსერვატიული მოდელისკენაა მიმართული.

რაც შეეხება დანიას, სკეპტიციზმი აქ ყველაზე ნაკლებ შესამჩნევია და იგი კვლავაც უნივერსალურ მაგალითად რჩება კეთილდღეობის სახელმწიფოებს შორის. მიუხედავად იმისა რომ აქაც არაერთ ცვლილებასა და რეფორმას ჰქონდა ადგილი, იგი კვლავ ინარჩუნებს უნიკალურობასა და განსხვავებულობას თანასწორობის, სრული დასაქმების, სოციალური უსაფრთხოებისა და სამუშაო ბაზრის პოლიტიკის სფეროებში.

აგრეთვე ნორვეგიაშიც, დანიის მსგავსად, მიუხედავად ცვლილებებისა, დიდი პროგრესი შეინიშნება. აქ რეფორმები მიმართულია საზოგადოებაში შრომის აუცილებლობის მნიშვნელობის გასაზრდელად. განსაკუთრებით განმტკიცდა ოჯახური პოლიტიკა, ჯანდაცვა და სოციალური ზრუნვა.

როგორც ეს მეორე შეფასებები გვიჩვენებს, ნორდიკული ქვეყნები იცვლებიან და მათი ეს ცვლილებები განსხვავებული ტრაექტორიებით წარიმართება. არაერთი ტრადიციული ტენდენციისა და პოლიტიკური ხაზის ნაცვლად უკვე სკანდინავიურ-ნორდიკულ ქვეყნებში ახალი, ეპოქასთან შესაბამისი პოლიტიკური ცვლილებანი დაინერგა. Nორდიკულმა მოდელმა ტრანსფორმირება განიცადა, თვით ძირეული პრინციპებიც კი იცვლებიან, ინერგება ახალი მექანიზმები, რომელთაც დიდი ეფექტი აქვთ მოდელზე.

დასკვნა

ზოგად დონეზე, ნორდიკული მოდელი შეიძლება გავიგოთ მაქსიმალური საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შეგრძნების, კანონიერი კოლექტიურ-უნივერსალური გადაწყვეტილებებისა და საყოველთაო თანასწორი ურთიერთობისაკენ მიმართული პოლიტიკა. ნორდიკულ მოდელზე ასეთი გლობალური მასშტაბის ინტერესი აიხსნება სკანდინავიური ქვეყნების მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებითა და მიღწევებით, განსაკუთრებით სოციალური სფეროში.

ნათელი წარმოდგენა დაგვრჩა რომ ნორდიკული მოდელის ინტერპრეტირება მრავლნაირად შეიძლება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სფეროს მივუდგებით. ისიც გავიგეთ, რომ საერთო მახასიათებლებთან ერთად ამ ქვეყნებს ბევრი განსხვავებანიც მოეპოვებათ. განსაკუთრებით გამოიჩინა მოდელმა თავი 70-იან 80-იან წლებში, ხოლო 1990 იანებში მიუხედავად ცვლილებების ძლიერი ქარისა, ნორდიკულმა მოდელმა სიმტკიცე შეინარჩუნა. თუმცა ზემოხსენებული განსხვავებანი საკმაოდ თვალსაჩინოა, სკანდინავიური კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი მაინც განიხილება, როგორც საერთო ღირებულებებსა და ტენდენციებზე დაფუძნებული ფენომენი, იგი კვლავაც ინარჩუნებს ისტორიულ მდგრადობასა და იდენტურობას მსგავსად ათწლეულების წინანდელი მდგომარეობისა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ