კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელები: ნორდიკული ქვეყნები (I ნაწილი)

Euroepan.ge-ს რედაქცია მკითხველებისათვის კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელების გაცნობას იწყებს. ჩვენ შემოგთავაზებთ, ამ სფეროში მოღვაწე ცნობილი მეცნიერების მიერ  შესრულებულ მოკლე მიმოხილვებს კეთილდღეობის სახელმწიფოს სხვადასხვა მოდელების შესახებ, რომლებიც  ოქსფორდის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს სახელმძღვანელოშია შესული.

თავდაპირველად  გთავაზობთ კეთილდღეობის სახელმწიფოს ყველაზე წარმატებულად მიჩნეულ ნორდიკულ(სკანდინავიურ) მოდელს, რომელსაც ორ ნაწილად  ვაქვეყნებთ;

 

ნორდიკულ-სკანდინავიური კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფცია გაცილებით ადრე ჩაისახა ვიდრე ესპინგ-ანდერსენი განავითარებდა თავის თეორიას (1990წ) დაწინაურებული კეთილდღეობის სახელმწიფოთა მახასიათებლებზე. ომის შემდგომი პერიოდის პირველ ათწლეულებში, მაშინ როდესაც ევროპას “რკინის ფარდა” ყოფდა, სკანდინავიურ ქვეყნებს ხშირად ახსენებდნენ. განსაკუთრებით კი შვედეთს. ხშირად განიხილებოდა მათი როგორც საშინაო ისე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებანი, რომელიც დამყარებული იყო ე.წ. “მესამე გზის” პოლიტიკაზე, ანუ გარკვეულ შუალედზე უკონტროლო კაპიტალიზმსა და მკაცრად კონტროლირებად იმდროინდელ სოციალიზმს შორის. კეთილდღეობის სახელმწიფოთა შედარებითი კვლევების ფარგლებში, სკანდინავიური ქვეყნების ყველასაგან განსხვავებული სოციალური პოლიტიკა აქტიური განხილვის საგანი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გახდა, როდესაც ფუნქციონალისტური თანხვედრის თეორიას სერიოზული მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა ძალაუფლების რესურსთა სკოლის მიმდევრების სახით, რომლებიც ხაზს უსვამდნენ კლასობრივი პოლიტიკის როლს, როგორც წამყვანისა კეთილდღეობის სახელმწიფოთა ინსტიტუციურ თვისებებში. კეთილდღეობის სახელმწიფოთა შედარებით კვლევებში დღესაც კი ძლიერ ანგარიშგასაწევია ნორდიკული მოდელი, თუმცა ამ ქვეყნებშიც კი კეთილდღეობის სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ზოგადი სტანდარტები მუდმივად იცვლება.

დებატები ნორდიკული კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის გარშემო ყოველთვის მოიცავს არანაკლებ სამ ფუნდამენტურად განსხვავებულ კითხვას, რომლებიც არცთუ ისე ხშირადაა შესაბამისად პასუხგაცემული, ესენია;

1) უარსებია თუ არა ამ მოდელს როგორც ემპირიულ რეალობას და რა არის მისი განმსაზრვრელი მახასიათებლები?

2) არის თუ არა მოდელის თავისებურებანი და შედეგი სასურველი?

3) არსებობს თუ არა ზემოხსენებული მოდელი ისევ და მომავალშიც განაგრძობს თუ არა არსებობას?

მიუხედავად იმისა ,რომ ერთი შეხედვით ნორდიკული მოდელი შესაძლოა ძლიერად მოგვეჩვენოს, არ არსებობს რაიმე სახის ზოგადი თანხმობა, კონსენსუსი, რომელიც დაგვეხმარება ამ მოდელის განსაზღვრასა და დახასიათებაში. ტრადიციულად ნორდიკული მოდელის კონცეფცია გულისხმობდა აქტიურ სახელმწიფო სისტემას, ფართო საზოგადოებრივ სექტორსა და სოციალური კეთილდღეობის მნიშვნელობაში ღრმად დარწმუნებული ინდივიდებისაგან შექმნილ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე საზოგადოებას, ყოველივე ეს განიხილებოდა საბაზრო ეკონომიკის ჩარჩოებში. მაგრამ როდესაც შემდგომ ვნახავთ, ბოლოდროინდელი თანამედროვე დებატების დროს არაერთი სხვა სპეციფიკური ასპექტია წინა პლანზე წამოწეული, როგორიცაა ვთქვათ ნორდიკული მოდელის არსობრივი, სულისჩამდგმელი კომპონენტები და მიზეზები.

როგორც უკვე ითქვა, განსხვავებული ნორდიკული მოდელის კეთილდღეობის სახელმწიფოს ყოველთვის გააჩნდა ძლიერი მახასიათებლები, იგი ხშირად განიხილებოდა როგორც სხვა ქვეყნებისათვის მისაბაძი მაგალითი, თუმცა ზოგჯერ მის თავიდან აცილებასაც ცდილობდნენ.

მისი ასეთი შარმი ძირითადად გამოწვეულია საყოველთაოდ მოწონებული ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც ხალხში უდიდეს კეთილგანწყობასა და სიმპათიას იმსახურებს, ესენია არსებული მოდელის უნარი მიაწოდოს ხალხს სასურველი შედეგები, პროდუქცია, იმავდროულად შეინარჩუნოს კიდეც საკუთარი ეკონომიკური სიმტკიცე, აგრეთვე სრული დასაქმება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოდ, საყოველთაოდ მიჩნეულია ნორდიკული საზოგადოებების აბსოლუტური მატერიალური კეთილდღეობა აგრეთვე ცნობილია ისეთი მიღწევები, როგორებიცაა ეკონომიკური უთანასწორობის დაბალი დონე, სოციალური მობილობის მაღალი ხარისხი, გენდერული ბალანსი და ა.შ. ეს მოდელი მაინც კრიტიკის საგანია ხოლმე, რომელიც ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური სარგებლიანობის და მდგრადობის საკითხებზე. აგრეთვე ძლიერაა გაკრიტიკებული საზოგადოებრივი დანახარჯების მაღალი დონე, ზედმეტად გულუხვი სოციალური დახმარებების ნეგატიური გავლენებით კრიტიკოსთა აზრით ყოველივე ეს უარყოფით გავლენას ახდენს და შეუსაბამობაში მოდის ეკონომიკურ ზრდასთან.

ნორდიკული მოდელის პოპულარობა სკანდინავიურ ქვეყნებში მოვლენების ცვლილებასთან პარალელურად იცვლებოდა, თავის პიკს მან 1980-იან წლებში მიაღწია, როდესაც შვედეთმა, ნორვეგიამ და ფინეთმა მიაღწიეს მოსახლეობის სრულ დასაქმებას, მაშინ როცა დანარჩენი ევროპა დანიის ჩათვლით მასობრივ უმუშევრობას ებრძოდა, რომელიც ნავთობის კრიზისების გამოძახილი იყო. თუმცა ნორდიკული მოდელის მაღალი პოპულარობა შემცირდა მაშინ, როდესაც 1990-იან წლებში ზემოხსენებულ ქვეყნებში თავი იჩინა გარკვეულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა, უმნიშვნელო დეფიციტებმა, მოდელისათვის აქამდე მიუღებელმა უმუშევრობის მაღალმა დონემ. 1990_იანი წლების მიწურულიდან კი ადრინდელი პოპულარობა თითქოს ისევ გაიზარდა, ნორდიკულმა ქვეყნებმა ისევ მიაღწიეს დასაქმების სრულ დონეს, ასევე მათთან ერთად დანიამაც თავი დააღწია ორი ათწლეულის მანძილზე გაბატონებულ უმუშევრობას და გახდა უპირველესი რეფორმატორი მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სრული დასაქმების საკითხებში, რაც რიგი გონივრული ქმედებების დამსახურებაა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნორდიკული ქვეყნების ეკონომიკურმა პროცესებმა კვლავ დაიბრუნა თავისი მომხიბვლელობა, ყოველივე ამან კი ისევ გაზარდა ნორდიკული მოდელისადმი პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში ინტერესი. მთავარი შეკითხვა ისევ რჩება: რამდენად ხელშეუხებელი და ცოცხალმოქმედია ზემოხსენებული მოდელი ემპირიულ რეალობაში…

ამ თავში ჩვენ განვიხილავთ ნორდიკული მოდელისთვის დამახასითებელ სხვადასხვა თავისებურებებს, შევეცდებით გავარკვიოთ თუ რატომ გხდა სახელმწიფოს კეთილდღეობის ეს მოდელი ასეთი განსხვავებული სხვა მოდელებისაგან, აგრეთვე განვიხილავთ შეინარჩუნა თუ არა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მან თავისი ძირეული უმთავრესი მახასიათებლები. 

მიუხედავად იმისა რომ ამ მოდელის არსებობა თავისთავად არ გამორიცხავს დროში მისი ცვლილების შესაძლებლობას, რაც გამოწვეულია ახალი სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული პირობებითა და გამოწვევებით, ჩვენ მაინც ვიმსჯელებთ კეთილდღეობის სახელმწიფოს ნორდიკული მოდელისათვის დამახასიათებელ როგორც თანმიმდევრულ, ასევე უწყვეტ პროცესებზე.

საერთო ფესვები და ისტორიული ტრაექტორიები

ნორდიკული მოდელის კონცეფციის ისეთი გაგება თითქოს იგი წინასწარი შორს გამიზნული გეგმების მიხედვით შეიქმნა არასწორ შთაბეჭდილებას შეგვიქმნის მასზე და საბოლოოდ არასწორ დასკვნებს გამოვიტანთ. მოწინავე სკანდინავიური კეთილდღეობის სახელმწიფოების მახასიათებლებსა და თავისებურებებს დიდი ხნის ისტორია აქვს, ისინი შედეგია მთელი რიგი პოლიტიკური მონაპოვრების, თანმიმდევრული რეფორმებისა და მათი არასრული იმპლემენტაცია-დანერგვის. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი შედეგია არა რაიმე წინასწარი გონივრული დაგეგმვისა, არამედ პოლიტიკური ევოლუციის ხანგრძლივი პროცესისა.

ისევე როგორც სხვაგან, ნორდიულ სახელმწიფოებშიც კეთილდრეობის სახელმწიფოს მოდელის ადრეული განვითარების ეტაპები დაკავშირებულია ინდუსტრიალიზაციასთან და სოციალური, დემოგრაფიული და პოლიტიკური ცვლილებების მთელ რიგთან: ურბანიზაცია, მუშათა კლასის გაჩენა, ერის ფორმირება, პროგრესული გარღვევა პოლიტიკური დემოკრატიისაკენ. სკანდინავიური მოდელის განსაკუთრებულობა გამოიწვია იმ ინდივიდუალურმა მხოლოდ ამ ქვეყნებისათვის დამახასიათებელმა პირობებმა, რომლებმაც გამოარჩია სკანდინავია დანარჩენ ევროპას. ისტორიული განვითარების პროცესებში მიუთითებენ რაღაც ახალი, ნორდიკული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი გზისკენ კეთილდღეობის სახელმწიფოს შენების გრძელ მარშუტზე.

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია რელიგიის როლი ამ საქმეში, აგრეთვე უფრო შემდგომი ცვლილებები, რაც გამოწვეული იყო რელიგიისა და სახელმწიფოს შორის ძალაუფლების გაყოფით, ეს უკანასკნელი განაპირობა რეფორმაციამ და ლუთერანიზმზე მოქცევამ. უპოვართა შემწეობაზე და დახმარებაზე პასუხისმგებლობა უკვე ეკლესიიდან სახელმწიფოზე გადავიდა და რადგანაც თავდაპირველად ცენტრალიზებული სახელმწიფოს ძალა არც ისე დიდი იყო, დაუცველთა და უპოვართა დახმარება ევალებოდა ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციულ გაერთიანებებს(მუნიციპალიტეტებს), სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი შემდგომი კეთილდღეობის სახელმწიფოს შენებაში ადგილობრივი საზოგადოებრივი გაერთიანებების როლის მნიშვნელობის ზრდას.

სკანდინავიაში მიწათმფლობელობის წესი განსხვავებული იყო, გლეხურ მოსახლეობას შედარებით ძლიერი პოზიცია ეკავა, გაზრდილი იყო მათი ავტონომია თავიანთ ტერიტორიებზე, პროდუქციის მთავარი წყაროს ოჯახური ტიპის ფერმები წარმოადგენდნენ. ეს ფერმერები ინდუსტრიალიზაციის დასაწყისიდანვე მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილად და უფლებების მქონე პოლიტიკურ ძალად დარჩნენ განსხვავებით ბრიტანეთისა და დანარჩენი ევროპისა, სადაც გლეხობის ჯერ კიდევ არსებულ ფეოდალურ წესებს ემორჩილებოდა.

დამოუკიდებელი ფერმერები სკანდინავიური ტრიპოლარული კლასობრივი სტრუქტურის მნიშვნელოვან ქვაკუთხედად დარჩნენ მუშათა და მოწინავე კლასებთან ერთად. ასეთმა ინდივიდუალურმა კლასობრივმა სისტემამ და მისმა შედეგებმა უდიდესი გავლენა იქონია კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობის პროცესზე. საგულისხმოა, რომ მოქალაქეობისა და თანაბარი უფლებების იდეებმა როგორც ფერმერებში, ასევე მუშათა კლასში ჰპოვა დასაყრდენი. ამან კი კარგი პირობები შექმნა თანამშრომლობისა და კონსენსუსისათვის. სოციალური პოლიტიკა აქ მხოლოდ “მუშათა საკითხებს” არ ეხებოდა, იგი ასევე მოიცავდა სოფლის მოსახლეობასთან დაკავშირებულ თემებსაც, ეხმარებოდა მათ უნივერსალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

არსებობს მკვეთრად განსხვავებული როლი მემარცხენე პოლიტიკისა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს როგორც ესპინგ-ანდერსენის “რეჟიმის თეორიას” ისევე მის საპირისპირო ძალაუფლების რესურსების სკოლის მიმდევართა თეორიებს. 1930_იან წლებში სამივე სკანდინავიურ ქვეყანაში(დანია, შვედეთი, ნორვეგია) სათავეში სოციალ-დემოკრატიული პარტიები მოექცნენ, რომლებიც ალიანსში იყვნენ აგრარულ და სოციალ-ლიბერალურ პარტიებთან. მათ დაუყოვნებლივ დანერგეს რეფორმები სოციალური დაცვის სფეროში(მოხუცთა პენსიები და უმუშევართა დაზღვევა) მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმები მკვეთრ წინააღმდეგობაში იყო ბისმარკისეულ სოციალურ დაზღვევათა შესახებ ნააზრევთან და იქ არსებულ ტრადიციულ მანამდელ მდგომარეობასთანაც.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულებში შვედეთსა და ნორვეგიაში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა თითქმის ჰეგემონური პოზიცია მოიპოვეს, საიდანაც მათ უკვე შეეძლოთ ეფექტურად გაეკონტროლებინათ კეთილდღეობის პოლიტიკის განხორციელების მასშტაბები. სოციალ-დემორკატების გავლენა ძლიერი იყო დანიაშიც, თუმცა იგი უფრო მეტად იყო დამოკიდებული ლიბერალურ პარტიასთან თანამშრომლობაზე. ფინეთსა და ისლანდიაში კი სოციალ-დემოკრატიული პარტიები მნიშვნელოვნად მოიკოჭლებდნენ, გამომდინარე აქედან, ისინი ამ ქვეყნებში არ წარმოადგენდნენ ანგარიშგასაწევ ძალას, რათა მათ არ შეეძლოთ კეთილდღეობის პოლიტიკის იმპლემენტაციაში სერიოზული წვლილის შეტანა.

საგულისხმოა რომ ნორდიკულ ქვეყნებს აქვთ საერთო სოციალური სტრუქტურა და კულტურული ფასეულობები, რომლებშიც შეინიშნება გენდერული თანასწორობისადმი ძლიერი მიდრეკილება, ქალებს უმნიშვნელოვანესად დიდი ადგილი უჭირავთ სკანდინავიური კეთილდღეობის სახელმწიფოს განვითარებაში. მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა პოლიტიკური აქტიურობაა იმის გამომწვევი მიზეზი რომ ადრეული წლების სოციალური პოლიტიკის კანონმდებლობაში ქალთა უფლებები და ინტერესები ძლიერად აისახა, უფრო ძლიერად ვიდრე ეს სხვა მოწინავე ქვეყნებში მოხდა.

ნორდიკული მოდელის განსხვავებულობისა და ინდივიდუალობის განსასჯელად ზემოთქმულ ფენომენებთან ერთად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ასევე მათი იდეებისა და მსოფლმხედველობის თავისებურებებზე. საყოველთაოდ ცნობილია რომ ნორდიკული საზოგადოებები განსაკუთრებით გამოირჩევიან თანასწორობისადმი მისწრაფებითა და პატივისცემით. ქილდალისა და ქუნლეს მიერ 2005 წელს გამოშვებულ წიგნში წამოჭრილია საკითხი იმისა, თუ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებსა და მორალურ ღირებულებებს შორის რომელ მათგანს აქვს უფრო მეტი გავლენა სკანდინავიურ საზოგადოებებში, წიგნის ავტორები ხაზს უსვამენ იმას რომ კეთილდღეობის პროგრამები გამოხატულებაა მათი მორალური კონცეფციებისა და ღირებულებებისა, სადაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ისეთ იდეებს, როგორებიცაა უნივერსალიზმი, კეთილდღეობაზე საზოგადო პასუხისმგებლობა, ”მუშაობა ყველასათვის”. 

გასათვალისწინებელია რომ სხვადასხვა ფაქტორები,როგორებიცაა ცვლილებათა დაგეგმვა, ძალაუფლების განაწილება და საზოგადოებრივი არაერთგვაროვნებები თავად სკანდინავიურ ქვეყნებს შორისაც კი განსხვავებულია და ინდივიდუალური. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ მათ ისტორიულ მსგავსებებსა და საერთო გამოცდილებას, რეალურად სკანდინავიური ქვეყნები მხოლოდ 1945 წლის შემდეგ გვევლინებიან, როგორც მსგავსი სოციალური პოლიტიკის გამტარებლები, პიონერი ამ მხრივ იყო შვედეთი, ხოლო ნორვეგია, ფინეთი, დანია და ისლანდია კი შემდგომი მიმდევრები.

საერთო ჯამში სკანდინავიური ქვეყნების საერთო გამოცდილებაზე არაერთი ფაქტორი მიუთითებს: მნიშვნელოვნად ურთიერთმსგავსი სტრუქტურული შემადგენლობა,პოლიტიკურ მობილიზაციასა და კლასთა პოლიტიკაში არსებული პარალელები, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა როგორც ცენტრალური პოლიტიკის, ისე ლოკალური საკითხების მიმართებით. სწორედ ასეთმა მსგავსებებმა განაპირობა სკანდინავიური ქვეყნების ახლო ურთიერთობა, კონტაქტები, იდეათა, მოსაზრებათა თანხვედრა და ორმხრივი, საერთო შეგნებაზე დამყარებული გამოცდილების მიღება. შედეგად, ნორდიკული ქვეყნები შედარებით ფართო განხილვის ჩარჩოში ექცევა, როგორც ერთი ოჯახური მთლიანობა .

ინგლისურიდან თარგმნა:

მარიამ ისაკაძემ

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ