ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენში ჟურნალისტიკის მთავარი პრობლემა არ არის არაპროფესიონალიზმი. ეს მეორე რიგის პრობლემაა. მთავარი პრობლემაა თავად ‘პროფესიონალიზმის’ არასწორი გაგება.
რისი პროფესიონალია ჩვენებური ‘პროფესიონალი’ ჟურნალისტი? ჟურნალისტიკის. უკეთ, ჟურნალისტური ტექნიკის (დაბალანსება, ობიექტურობა…) და პრობლემების სათავეც ამაშია. ჩვენ, ცოტა, მაგრამ გვყავს ‘პროფესიონალი’ ჟურნალისტები, მაგრამ თითქმის არ გვყავს ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიულ დონეზე იცნობენ კონკრეტულ სფეროებს – ეკონომისტი, სოციოლოგი, პოლიტოლოგი, კულტუროლოგი და ა.შ. ჟურნალისტები. როგორც ჩანს, ერთადერთი დარგი, სადაც ‘ჟურნალისტიკის’ ‘ცოდნით’ ფონს ვერ გახვალ და ასე თუ ისე, დარგიც უნდა იცოდე, სპორტია (თუმცა ეს შთაბეჭდილება შეიძლება იმის ბრალია, რომ თავად საერთოდ ვერ ვერკვევი სპორტში). დანარჩენში ჟურნალისტები დიდად არა, ზოგჯერ მხოლოდ გრამატიკის უკეთ ცოდნის და ‘სკანდალური’ სათაურის მოფიქრების უნარით განსხვავდებიან მარშუტკებში აქტუალურ თემებზე მობაასე რიგითი მოქალაქეებისაგან.
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად ექს–მინისტრ ბენდუქიძესთან ჟურნალისტების შეხვედრა მახსენდება, როცა ექს–მინისტრმა მცოდნე, კომპეტენტური ადამიანის ტონით გააკრიტიკა პრემიერ–მინისტრი ბენზინის ფასების კლების გამოცხადების გამო – სად გაგონილა ერთ ქვეყანაში ბენზინზე სხვადასხვა ფასები იყოს, ესე იგი კორუფციააო. ყველა თქვენგანს შეუძლია ინტერნეტით მოიძიოს მსოფლიოს ქალაქებში ბენზინის ფასები, და დამოუკიდებლად აღმოაჩინოს რომ ბატონი ბენდუქიძე ცდება – ან ტყუის. მეორე დღეს მე თავად დავდე ფეისბუქზე თითო კონკრეტულ ქალაქში (ნიუ–იორკი, ლონდონი, პარიზი) ერთი და იმავე მარკის ბენზინზე სხვადასხვა ფასები (5 სხვადასხვა ფასი ლონდონში და ა.შ.). იმის გამო, რომ საკითხში ვერავინ ერკვეოდა, გამოვიდა, რომ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა მოუგო ჟურნალისტებს, დაასაბუთა პრემიერ–მანისტრის არაკომპეტენტურობა (სულ მცირე), თავად კი ‘ჭკვიანი’ კაცის რეპუტაცია გაიმაგრა. ამიტომაც, ჟურნალისტებმა ეგ რა შუაშიაო და… მერე ამას მოჰყვა ლაპარაკი ზრდილობაზე, კულტურაზე და ა.შ. არადა საქმე ისაა, რომ ბენდუქიძე ზრდილობაში კი არა, პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკაშია უვიცი (ან თაღლითი), და ამის დასაბუთებას არა მაღალი მორალი ან ჟურნალისტიკის ტექნიკის, არამედ – ეკონომიკის ცოდნა სჭირდება.
სხვათაშორის, სერიოზული გაუგებრობა და არაპროფესიონალიზმის ბრალია ისიც, რომ თავად ჟურნალისტები კრიტიკას არასწორად აღიქვამენ, როცა ჰგონიათ, რომ მათგან ითხოვენ ყურადღება არ დაუთმონ სკანდალურ თემებს, და სხვა თემებზე ილაპარაკონ. ამ დროს ისინი გაკვირვებულები იჩეჩავენ მხრებს – როგორ არ უნდა გავაშუქოთ 8 თებერვლის, ტელეეთერში ჩხუბის და ა.შ. ინციდენტი?
პრობლემა კი სულაც არაა ის, რომ ამ ინციდენტებს აშუქებენ, ნაცვლად სხვა რამისა. რა თქმა უნდა, ინციდენტის გაშუქება აუცილებელია და სკანდალებს მედია, მით უმეტეს, ნიუსები, ვერ გაექცევა – გვინდა თუ არა ეს.
მაგრამ მთლიანობაში მედიაში სიტუაციის არაადექვატურობას ის განაპირობებს, რომ იქ სკანდალების, ნახევრადსკანდალების, სკანდალებისკენ მისწრაფების, სკანდალების ღეჭვის და სკანდალების მოწყენილი ლოდინის მეტი არაფერია. თითქმის მთელი მედია სივრცე მხოლოდ ესაა: სკანდალები ნიუსებში, ხოლო ე.წ. თოქ–შოუებში – ნიუსებში გასული სკანდალების განხილვები: იყო თუ არა ესა თუ ის სკანდალი საკმაოდ სკანდალური, ეს სკანდალი უფრო საკნდალური იყო თუ ის, ვინ უფრო სკანდალურად გამოხატავს თავის აზრს ამა თუ იმ სკანდალის შესახებ… და ჟურნალისტის ‘პროფესიონალიზმიც’ იმით იზომება, რამდენად უახლოვდება ენერგიული ყვირილის და ‘გვარები დაასახელეთ’ დონის A-la ინგა გრიგოლიას ‘სტანდარტებს’.
სისულელეა იმით თავის მართლება, რომ ხალხს მხოლოდ, ან ყველაზე მეტად სკანდალები აინტერესებს. ჯობია ვაღიაროთ, რომ ხალხს რაც აინტერესებს, იმის კეთება არ შეგვიძლია.
ჯერჯერობით არ შეგვიძლია ხალხისთვის რეალურად მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, საგანამანათლებლო თემებზე არგუმენტირებული დებატების, დისკუსიის წარმოება, კომპტენტური ანალიზი და შეფასება.
კვლავ მხოლოდ მაგალითისთვის, თუ რა ტიპის ტელეპროდუქციაზე ვსაუბრობ, გავიხსენებ უამრავიდან ერთს, ‘რატომ სიღარიბე’–ს (Why Poverty?) – სრულიად არასკანდალურ, და მაინც, ერთ–ერთი ყველაზე ყურებად გადაცემათა სერიას BBC–ზე, სადაც ტონი ბლერი და აფრიკელი სტუმრები ძალიან ‘არასკანდალურ’ თემაზე – ათწლეულების განმავლობაში აფრიკაში მიმდინარე პრობლემატურ სოციალურ პროცესებზე საუბრობდნენ. გადაცემის ძალიან კარგ წამყვან ზეინაბ ბადავის – არასოდეს (!) უსწავლია პროფესიულად ჟურნალისტიკა, სამაგიეროდ სწავლობდა პოლიტიკას, ეკონომიკას და ფილოსოფიას ოქსფორდში.
გამოსავალიც სწორედ ესაა – ტელევიზიებმა და სხვა მედია საშუალებებმა დაიწყონ ამგვარი – არა ჟურნალისტიკაში, არამედ – სხვადასხვა სფეროებში პროფესიონალი ადამიანების მიზიდვა.
სერიოზულმა, თავისი თავის პატივისმცემელმა და რეპუტაციაზე მზრუნველმა ტელევიზიებმა ჟურნალისტიკაში უნდა მიიზიდონ ადამიანები, რომლებსაც რაიმე სფეროში აკადემიური განათლება აქვთ მიღებული. ჟურნალისტიკის სკოლებიც ასეთი – რაიმე სფეროში ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანების სპეციალური მომზადების მოკლე კურსებს უნდა წარმოადგენდეს, ხოლო ჟურნალისტიკის საბაკალავრო სწავლებას ის ბედი უნდა ეწიოს, რასაც აბსურდული, არარაციონალური, მეტიც – სრულიად ბარბაროსული საქმეები იმსახურებენ – უნდა გაუქმდეს.