წარმოგიდგენთ 2016 წლის 27 აპრილს გამოცემა Social Europe-ზე ხავიერ სოლანას მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
ხავიერ სოლანა არის ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (ნატო) ყოფილი გენერალური მდივანი. ის არის საგარეო პოლიტიკის უფროსი მკვლევარი ბრუკინგსის ინსტიტუტში და “ესადე”-ს (ESADE) გლობალური ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის ცენტრის პრეზიდენტი.
ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.
© European.ge
ევროკავშირი განიცდის ნოსტალგიის სახიფათო პერიოდს. არამხოლოდ „ძველი კარგი დღეების“ შესახებ მოგონებები და სურვილები უწყობენ ხელს ნაციონალისტური პარტიების აღმასვლას, არამედ ევროკავშირის ლიდერებიც აგრძელებენ დღეს არსებული პრობლემების გადაჭრას გუშინდელი პასუხებით.
ევროპული ინტეგრაციით ყველას უნდა მიეღო სარგებელი. როდესაც ახალი ქვეყანა გაწევრიანდებოდა, ის იღებდა ფინანსურ დახმარებას, ხოლო ძველ წევრებს ახალ ბაზარზე შესვლის საშუალება ეძლეოდათ. უპირატესობები, რისი მოლოდინიც არსებობდა, ნათელი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ საერთო მონაცემებით, არამედ თითოეული მოქალაქის გამოცდილებიდანაც.
მაგრამ, რეალობა უფრო მძიმე აღმოჩნდა. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დასაწყისში, ევროკავშირის სუსტი ეკონომიკები შეეჯახნენ უმუშევრობის სწრაფად მზარდ პრობლემას, რაც განსაკუთრებით აისახა ახალგაზრდების უმუშევრობაზე, ხოლო ზოგიერთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას მოუწია დახმარების პროგრამებით „სოლიდარობა გამოეჩინა“ გაჭირვებაში მყოფი ქვეყნების მიმართ.
ამ კონტექსტში, პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები აკრიტიკებენ ან ოპონირებას უწევენ იმ მნიშვნელოვან ტვირთს, რაც ევროკავშირმა იტვირთა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში. მაშინ როდესაც ეს მოძრაობები არ წარმოადგენენ რაიმე ახალს, კრიზისით გამოწვეული არეულობის პერიოდში მათი მხარდამჭერების რიცხვი საგანგაშოდ მატულობს. ნამდვილად, ეკონომიკის გამოცოცხლების თითოეული ჩავარდნილი მცდელობის შემდეგ, ევროპელები განიცდიდნენ საკმაოდ დიდ იმედგაცრუებას, რაც აძლიერებდა პოპულისტურ გრძნობებს და ხელს უწყობდა ეროვნული სუვერენიტეტის დაბრუნების მოთხოვნებს.
პოლიტიკურ ლიდერებს, ვისი მისამართითაც ეს მოთხოვნები არის მიმართული, არ სურთ ყველა სფეროში ეროვნული კონტროლის დამყარება; ისინი ასევე იჩენენ გულგრილობას – და მკვეთრ უარყოფით დამოკიდებულებასაც კი – უცხოელების მიმართ, რაც აისახება მათ დამოკიდებულებაში ევროპაში ბოლო დროს მიმდინარე მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით. მათი აზრით, ყველა ქვეყანამ საკუთარი თავი ნებისმიერი საშუალებით უნდა დაიცვას, მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება ეს კანონის უზენაესობას თუ არა.
მაგრამ, მაშინ როცა ეკონომიკური ტკივილი, რომელსაც ბევრი ევროპელი განიცდის, ნამდვილია, ნაციონალისტების დიაგნოზი ამ ტკივილის წარმოშობის შესახებ არის მცდარი. რეალობა არის ის, რომ მართალია ევროკავშირი შეიძლება აკრიტიკო იმისთვის, თუ როგორ უმკლავდება კრიზისს, მაგრამ არ შეიძლება ის დაადანაშაულო გლობალური ეკონომიკის დაუბალანსებლობაში, რამაც გამოიწვია 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი. აღნიშნული დაუბალანსებლობა წარმოადგენს უფრო ფართო ფენომენს: გლობალიზაციას.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გლობალიზაცია ცუდია. საზოგადოების და ეკონომიკის გაღება დანარჩენი მსოფლიოსთვის ბუნებრივად იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს, მაგრამ, ის ასევე აჩენს მდიდარ შესაძლებლობებს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ევროპა იყო მსოფლიო ლიდერი ღიაობის თვალსაზრისით. ფაქტია, რომ ევროპული პროექტი წარმოადგენს ღიაობის სარკეს, რომელიც დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში ცხოვრების განუყოფელი შედეგია.
2004 წელს, როდესაც ევროკავშირმა ფორმალურად წევრ სახელმწიფოებად მიიღო ყოფილი საბჭოთა კავშირის 8 ქვეყანა, ევროპის ღიაობამ პიკს მიაღწია. თითქოს ევროპაში ახალი ერა თენდებოდა, სადაც კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური უფლებები უალტერნატივო იქნებოდა. თუმცა, როდესაც დასავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს ღიაობისთვის შეწინააღმდეგება, მსგავსი ნაბიჯები გადადგეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმავ. მართლაც, ზოგიერთ ქვეყანაში – კერძოდ პოლონეთსა და უნგრეთში – ნაციონალიზმმა და ანტიევროკავშირულმა გრძნობებმა იმატეს. სამწუხაროდ, ყველაფერმა ამან გამოიწვია კანონის უზენაესობის ეროზია.
პოლონეთი არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი დახმარება მიიღო ევროპული ფონდებიდან და ერთადერთი ქვეყანა რომელმაც აირიდა რეცესია კრიზისის დროს; მართლაც, მას ჰქონდა 23 წლიანი უწყვეტი ეკონომიკური ზრდა. უფრო მეტიც, პოლონეთის საზოგადოების ფართო ნაწილი, მას შემდეგ რაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდა, აქტიურად უჭერდა კავშირს მხარს. უკანასკნელი ევრობარომეტრიც აჩვენებს, რომ პოლონელების 55% პოზიტიურადაა განწყობილი ევროკავშირის მიმართ.
თუმცა, პოლონეთის მთავრობას, რომელსაც ხელმძღვანელობს მემარჯვენე „კანონისა და სამართლიანობის პარტია“, სურს ამ ფაქტის შეცვლა ევროკავშირის პოლიტიკის პოლონური ეროვნული იდენტობისთვის საფრთხედ წარმოჩენით. იმის მაგივრად, რომ განიხილებოდეს როგორ მოერგოს სხვადასხვა პოლიტიკები პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს ან ამაღლდეს ქვეყნის ხმა ევროპულ დონეზე, „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ ყველა ევროპულ გადაწყვეტილებას აღიქვამს როგორც პირდაპირ გამოწვევას იმასთან, რაც ხდის პოლონეთს პოლონეთად.
ეს განცხადებები უნგრეთის მთავრობის პოლიტიკის გამოძახილია, რომელსაც ხელმძღვანელობს მემარჯვენე პარტია „ფიდესი“. 2013 წელს განხორციელებულმა კონსტიტუციურმა რეფორმებმა, სხვა პოლიტიკებთან ერთად, გაზარდეს მმართველი ძალის ძალაუფლება და მედიის რეგულირებისთვის შექმნეს ახალი, „ფიდესის“ წევრებით დაკომპლექტებული საქალაქო საბჭო.
ვიღაც იტყვის, რომ თუ დღეს უნგრეთი მოითხოვდა ევროკავშირში გაწევრიანებას, ის უარს მიიღებდა. პოლონეთის შემთხვევაში, ევროკომისიამ დაიწყო უპრეცენდენტო გამოძიება ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ არგუმენტით, მთავრობას ენიჭება უფრო მეტი ძალაუფლება.
ეს წარმოადგენს შემაშფოთებელ ცვლილებას. ჩემი ძველი პროფესიული როლის დროს, მე და რამდენიმე სხვა გავხდით მოწმეები ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში პოლონეთისა და უნგრეთის გაწევრიანების. მე პირველ რიგში დავინახე ხალხის ძალიან დიდი სურვილი და იმედი იმ მნიშნველოვან მომენტში. სწორედ ამიტომაც მიჭირს დღეს მათი პოზიციის გაგება.
რა თქმა უნდა, საფუძველს არ არის მოკლებული, რომ პოლონელეთი და უნგრეთი მგრძნობიარეები არიან გადაწყვეტილების მიღების დროს საგარეო შეზღუდვების მიმართ, რადგან მათი სუვერენიტეტი ფართოდ იყო შეზღუდული საბჭოთა კავშირის მიერ. ამის გამო მათ ევროკავშრის სხვა წევრ ქვეყნებზე მეტად აქვთ მომძლავრებული ეროვნული იდენტობის განცდა. ევროკავშირიდან გამოსვლით ისინი ვერ აირიდებენ გლობალიზაციით გამოწვეულ გაურკვეველ შედეგებს. პირიქით, ეს ნაბიჯი მათ უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს უთვალავი რისკების წინააშე.
შეიძლება ვინმეს გამოცდილი ჰქონდეს გლობალიზაციით გამოწვეული იმედგაცრუება და ამით გაამართლოს პროტექციონიზმისკენ შემობრუნება და ძლიერი ნაციონალური საზღვრების არსებობა. სხვები ნაღვლიანად იხსენებენ ერ–სახელმწიფოს , რომელიც არასდროს არსებობდა, ეროვნულ სუვერენიტეტზე აპელირებით უარს ამბობენ ევროპულ სამომავლო ინტეგრაციაზე. ორივე ჯგუფი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპული პროექტის დაარსებას, მაგრამ მათ მეხსიერება ღალატობთ და მათ საფიქრალს ისინი შეცდომაში შეყავს.