ჯეკ ლონდონი: როგორ გავხდი სოციალისტი

ვისაც სურს აღმოაჩინოს ნამდვილი ამერიკა უნდა წაიკითხოს ჯეკ ლონდონი..

ამერიკა წარმოუდგენელია ჯეკ ლონდონის გარეშე და ჯეკ ლონდონი – ამერიკის გარეშე. საქართველოში ალბათ არ მოიძებნება ისეთი მკითხველი, მარტინ იდენს არ იცნობდეს.

თუმცა გაცილებით ცოტა ვიცით მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. გთავაზობთ ჯეკ ლონდონის ერთ-ერთი პოლიტიკური წერილის – “რატომ გავხდი სოციალისტი” – თარგმანს.

პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „comrade“-ში 1903 წელს

ინგლისურიდან თარგმნა ზვიად ავალიანმა

© European.ge

სიმართლისგან შორს არ იქნება თუ ვიტყვი, რომ სოციალისტი დაახლოებით ისე გავხდი, როგორც ძველი გერმანელები გახდნენ ქრისტიანები: სოციალიზმი თითქოს უროთი ჩამიჭედეს თავში. თანაც იმ დროს, როცა ეს მოხდა, არათუ “მოქცევაზე” არ ვფიქრობდი, არამედ პირიქით, ვეწინააღმდეგებოდი კიდეც ამას.

მაშინ ძალიან ახალგაზრდა და უმწიფარი ვიყავი, ბევრი არც არაფერი ვიცოდი და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გამეგო “ინდივიდუალიზმის” სკოლის შესახებ, მთელი არსებით ვცემდი თაყვანს ძლიერი პიროვნების კულტს.

თაყვანს ვცემდი იმიტომ, რომ თავადაც ძლიერი ვიყავი. მქონდა შესანიშნავი ჯანმრთელობა და ძალიან მაგარი კუნთები. ეს ასეც უნდა ყოფილიყო – ადრეული ბავშვობა ხომ კალიფორნიაში, რანჩოზე გავატარე. ჯერ კიდევ პატარა ბიჭობაში გაზეთებს ვყიდდი დასავლეთ ქალაქში, სადაც შესანიშნავი კლიმატია, სიჭაბუკეში კი სან-ფრანცისკოს ყურისა და წყნარი ოკეანის ჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავდი. იმ დროიდან მოყოლებული ძალიან მომწონდა ღია ცის ქვეშ ყოფნა და ღია ცის ქვეშ მუშაობა. სამუშაოს კი ყოველთვის ყველაზე მძიმეს ვირჩევდი.

მაშინ არავითარი სპეციალობა არ გამაჩნდა და თამამად გადავდიოდი ერთი სამუშაოდან მეორეზე. სამყაროს ძალიან ლაღად ვუყურებდი. ვთვლიდი, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მშვენიერია. ყველაფერი ბოლომდე მშვენიერი.

ვიმეორებ: ლაღად ვუყურებდი სამყაროს იმიტომ, რომ ჩემს თავში ვგრძნობდი ძალას და ენერგიას. არ გამომეცადა არც ავადმყოფობა, არც სისუსტე. ვერავინ ჩამთვლიდა გამოუსადეგარად და არავინ მეტყოდა უარს სამუშაოზე. ნებისმიერ დროს შემეძლო მეშოვნა საქმე, შემეძლო ნიჩბით მემუშავა ნახშირზე, მატროსად მეცურა გემზე, შემესრულებინა ნებისმიერი ფიზიკური შრომა.

ერთი სიტყვით, საკუთარი ახალგაზრდობით და ენერგიით მოჯადოებული ჯიუტი ინდივიდუალისტი ვიყავი, რომელსაც შეეძლო თავისი გაეტანა შრომაშიც და ჩხუბშიც. მუდმივი გამარჯვებებით მთვრალი, სამართლიანია ეს თუ არა, ცხოვრებას ვუყურებდი როგორც თამაშს ნამდვილი მამაკაცისთვის. ჩემთვის კი მაშინ ადამიანად ყოფნა მამაკაცად ყოფნას ნიშნავდა.

ნამდვილი მამაკაცივით მეძებნა თავგადასავლები, ნამდვილი მამაკაცივით მებრძოლა, ნამდვილი მამაკაცივით მემუშავა (თუნდაც მოზარდის ხელფასზე) – აი, რა იყო მაშინ ჩემი მიზანი და თუკი ხანდახან მომავალზეც ვფიქრობდი, მსურდა მომავალშიც გამეგრძელებინა ზუსტად ეს, როგორც მაშინ ვეძახდი, მამაკაცური თამაში – მსურდა დაუშრეტელი ჯანმრთელობით და დაუღალავი კუნთებით შეიარაღებულს გამეგრძელებინა მოგზაურობა უკიდეგანო მომავალშიც, სადაც წინასწარ დაზღვეული ვიქნებოდი ყოველგვარი უბედურებისგან

ჰო… მომავალი მაშინ თვალწინ წარმომიდგებოდა როგორც უსასრულობა. მეგონა, რომ უსასრულოდ ვიხეტიალებდი ქვეყანაზე და ნიცშეს ქერა ბესტიის მსგავსად, მუდამ გამარჯვებული დავტკბებოდი საკუთარი ძალით და უპირატესობებით.

რაც შეეხება უიღბლოებს, ავადმყოფებს, მოხუცებს, სუსტებს, ხეიბრებს – სიმართლე რომ ვთქვა, მათზე თითქმის არც კი ვფიქრობდი, მხოლოდ ბუნდოვნად წარმომედგინა, რომ უბედურება რომ არ შემთხვეოდათ, თითოეულს შეეძლო ჩემზე არანაკლებად ემუშავა და ჩემსავით ეცხოვრა. უბედური შემთხვევა კი უკვე ბედისწერაა. სიტყვა ბედისწერას მე დიდი ასოებით ვწერდი: ბედისწერას ვერ გაექცევი. ვატერლოოსთან ბედისწერამ დასცინა ნაპოლეონს, თუმცა ეს ვერ ამცირებდა ჩემს სურვილს გავმხდარიყავი ახალი ნაპოლეონი. მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ჩემს ძვირფას პერსონასაც შეიძლებოდა შეხებოდა რამე უბედურება. ჩემი კუჭის პატრონისთვის, რომელიც დაჟანგულ რკინასაც კი მოინელებდა და საერთოდ, ჩემი ჯანმრთელობის კაცისთვის, რომელსაც ყველა სიძნელე კიდევ უფრო აკაჟებდა, ამის წარმოდგენა ნამდვილად ძნელი იყო.

იმედია, საკმარისად კარგად გადმოვეცი, როგორ ვამაყობდი მაშინ მე იმით, რომ მივეკუთვნებოდი განსაკუთრებით გამორჩეულთა რიცხვს. შრომის კეთილშობილება – აი რა მიზიდავდა მაშინ ყველაზე მეტად და მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა წაკითხული არც კიპლინგი და არც კარლეილი, მე თვითონ უკვე მქონდა ჩემი შრომის ევანგელიე, რომლის წინაშე მათი სახარებებიც კი ფერმკრთალდებოდა.

შრომა – ეს იყო ჩემი ცხოვრების აზრი. შრომა იყო ხსნაც და გამართლებაც. თქვენ ალბათ ვერც გაიგებთ რა სიამაყეს ვგრძნობდი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, როცა საქმე კარგად გამომდიოდა. ახლა, როცა იმ დროს ვიხსენებ, მე თვითონ ვერ გამიგია რა გრძნობა იყო ეს. მე ყველაზე ერთგული ვიყავი ყველა იმ დაქირავებულ მონას შორის, რომელიც კი ოდესმე რომელიმე კაპიტალისტს გამოუყენებია. წაზარმაცება ან იმ კაცის საქმის ზერელედ შესრულება, რომელიც ფულს გიხდის ცოდვად მიმაჩნდა. ცოდვად მიმაჩნდა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის წინაშე და მერე – პატრონის წინაშე. ეს ზუსტად ისევე მძიმე და სამარცხვინო ცოდვად მიმაჩნდა როგორც, მაგალითად, ღალატი.

ერთი სიტყვით – იმ დროს ჩემი ოპტიმისტური ინდივიდუალიზმი ბურჟუაზიული მორალის სრულ ტყვეობაში იყო: ვკითხულობდი ბურჟუაზიულ გაზეთებს, ვუსმენდი ბურჟუაზიული სამღვდელოების ქადაგებას და აღფრთოვანებული ვუკრავდი ტაშს ბურჟუაზიული პოლიტიკოსების მაღალფარდოვან, ყალბ ფრაზებს. ეჭვიც არ მეპარება, ჩემი ცხოვრება რომ სხვა გზით წასულიყო, ალბათ პროფესიონალი შტრეიკბრეხერი გავხდებოდი და რომელიმე განსაკუთრებით აქტიური პროფკავშირელი ერთ დღესაც თავს გამიტეხავდა, ხელებს მომამტვრევდა და უსუსურ ხეიბრად მაქცევდა.

იმ პერიოდში ახალი დაბრუნებული ვიყავი შვიდთვიანი მოგზაურობიდან, სადაც გემზე მატროსად ვიყავი. ამ დროს შემისრულდა თვრამეტი წელიც და გადავწყვიტე ადგილი მომეცვალა. დასავლეთ სანაპიროდან, სადაც კაცს ფასი ადევს და სადაც შრომა თვითონ ეძებს მშრომელს, ვაგონის სახურავზე მოკალათბულმა მივაღწიე აღმოსავლეთ სანაპიროს სამუშაო ცენტრებს, სადაც ხალხი ბუზივით ირევა და სადაც ყველა ენაგადმოგდებული ეძებს სამუშაოს. ქერა ბესტიის ამ ახალმა მოგზაურობამ მაიძულა ცხოვრებისთვის სრულიად სხვა, სრულიად ახალი კუთხით შემეხედა. მე უკვე აღარ ვიყავი პროლეტარი. მე, სოციოლოგების საყვარელი გამოთქმის თანახმად, “ფსკერზე დავეშვი” და სრულიად შემძრა იმის გაგებამ, თუ როგორ ეშვებიან ადამიანები ფსკერზე.

აქ მე ვნახე სულ სხვადასხვანაირი ხალხი… ბევრი მათგანი წარსულში ისეთივე ყოჩაღი ყოფილა, როგორც მე… ზუსტად ისეთივე ქერა ბესტია… ეს მატროსები, ჯარისკაცები და მუშები მძიმე შრომამ დაასახიჩრა და თანამდევმა უბედურებამ ადამიანის სახე დაუკარგა, პატრონებმა კი ისინი ბედის ანაბარა მიატოვეს, როგორც ტოვებენ ხოლმე ბებერ ცხენებს. მათთან ერთად ბევრჯერ გავთოშილვარ სატვირთო ვაგონებსა თუ ქალაქის პარკებში და ბევრი ისტორიაც მოვისმინე. ცხოვრებას ისინი ჩემზე უარესად არ იწყებდნენ. კუჭი და კუნთები ოდესღაც მათაც ისევე მაგარი ქონდათ, როგორც მე და ზოგს ჩემზე მაგარიც, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი თავიანთ დღეებს ამთავრებდნენ ადამიანთა სანაგვეზე – ჩემს თვალწინ – სოციალური უფსკრულის ფსკერზე.

მე ვისმენდი მათ ისტორიებს და ჩემი ტვინიც ნელ ნელა იწყებდა მუშაობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა ქუჩაში მოხეტიალე ქალებისა და უსახლკარო კაცების ბედი. მე დავინახე სოციალურ უფსკრული ისე მკაფიოდ და ნათლად, თითქოს ეს რაღაც კონკრეტული საგანი ყოფილიყოს, რომელსაც ხელით შეეხები. სადღაც ძალიან ღრმად, ფსკერზე მე ვხედავდი ამ ადამიანებს და ოდნავ მაღლა – არც თუ ისე შორს – საკუთარ თავს, ადამიანს, რომელიც მთელი ძალით ებღაუჭებოდა ამ უფსკრულის ციცაბო კედლებს, რომ ბოლომდე არ დაშვებულიყო იქ, ფსკერზე.

არ დავმალავ – შიშმა შემიპყრო. რა მოხდება, როცა ძალა და ენერგია მიმტყუნებს? როცა უკვე ვეღარ შევძლებ ვიმუშავო ისე, როგორც იმუშავებენ ისინი, ვინც ჯერ არც კი დაბადებულან? მაშინ მე დავიფიცე. დავდე უდიდესი ფიცი და ეს ფიცი დაახლოებით ასეთი იყო: ჩემი ცხოვრების თითოული დღე მძიმე ფიზიკურ შრომაში გავატარე და თითოეული ასეთი დღე სულ უფრო მაახლოვებდა ფსკერს. მე ამოვალ ამ ფსკერიდან, მაგრამ ამოვალ არა კუნთების ძალით – არა – მე აღარასოდეს ვიმუშავებ ფიზიკურად. ღმერთმა დამწყევლოს თუ ოდესმე გავიწიო მძიმე სამუშაოსკენ და ვიმუშავო კუნთებით იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელია პირადად ჩემთვის. ამის შემდეგ მე შეგნებულად ვერიდებოდი ყოველგვარ მძიმე, ფიზიკურ შრომას.

ერთხელ, შეერთებულ შტატებსა და კანადაში ათი ათასი მილის ხეტიალის შემდეგ ნიაგარას ჩანჩქერთან მოვხვდი და კონსტებლმა დამაპატიმრა, რომელმაც ჩემზე ფულის გაკეთება მოისურვა. სიტყვაც კი არ მათქმევინეს თავის გასამართლებლად, ისე მომისაჯეს 30 დღე პატიმრობა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და შემოსავლის წყაროს არარსებობის გამო. დამადეს ხელბორკილები, გადამაბეს ჯაჭვით ისეთსავე უბედურებს, როგორიც მე ვიყავი და წამიყვანეს ბუფალოში, ერის ოლქის გამოსასწორებელ ციხეში. იქ სრულად გადამპარსეს თავი, ჩამაცვეს პატიმრის ზოლიანი პიჟამა, მიმაბარეს სტუდენტ-მედიკოსს, რომელიც პატიმრებზე სწავლობდა ყვავილის აცრას, ჩამაყენეს რიგში და მაიძულებდნენ მემუშავა ვინჩესტერებით შეიარაღებული ზედამხედველების თვალყურის ქვეშ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ქერა ბესტიას თავგადასავლების ძიება სურდა. იმაზე, თუ რა ხდებოდა ციხეში, ჯობს დეტალურად არ ვწერო, თუმცა ერთ რამეში დავრწმუნდი – ჩემი ამერიკული პატრიოტიზმი მაშინ გახუნდა და ალბათ, გაქრა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ამ განსაცდელის მერე მე გაცილებით მეტს ვფიქრობდი ჩვეულებრივ ადამიანებზე, კაცებზე, ქალებზე და ბავშვებზე, ვიდრე რაღაც პირობით საზღვრებზე რომლებსაც გეოგრაფიულ რუკაზე ვხედავთ.

თუმცა დავუბრუნდეთ ჩემს მოქცევას. ვფიქრობ ყველასთვის ცხადია, რომ ჩემი ჯიუტი ინდივიდუალიზმი ცხოვრებმ წარმატებით ამომიგდო თავიდან და სამაგიეროდ ასევე წარმატებით ჩამიდო რაღაც სხვა, თუმცა, როგორც მანამდე არ ვიცოდი რომ ინდივიდუალისტი ვიყავი, ისევე არ გამიგია, რომ თურმე სოციალისტი გავხდი. რა თქმა უნდა ეს სოციალიზმი შორს იყო მეცნიერული სოციალიზმისგან. მე თითქოს მეორედ დავიბადე, მაგრამ რაკი მეორედ არავინ მომნათლა და არც სახელი დაურქმევიათ, გავაგრძელე ხეტიალი რომ გამეგო, ბოლოს და ბოლოს ვინ ვიყავი და რა ვიყავი.

ბოლოს ისევ დავბრუნდი კალიფორნიაში და წიგნებს ჩავუჯექი. აღარ მახსოვს, რა წიგნი გადავშალე პირველად, ალბათ ეს არც არის მნიშვნელოვანი. მე უკვე ის, ვიყავი, ვინც ვარ და წიგნებმა მხოლოდ ამიხსნეს რა ქვია ამას: კერძოდ, ამიხსნეს რომ სოციალისტი ვარ. იმ დროიდან მოყოლებული არაერთი წიგნი წავიკითხე, მაგრამ არც ერთ ეკონომიკურ თუ ლოგიკურ არგუმენტს არ მოუხდენია ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება, როგორი შოკიც მივიღე მაშინ – იმ დღეს, როცა ჩემს თვალწინ დავინახე სოციალური უფსკრულის კედლები და ვიგრძენი როგორ ვეშვებოდი თანდათან ქვემოთ, ამ უფსკრულის ფსკერისკენ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ