ირაკლი გუნია: ქართულ პოლიტიკასა და სხვა დემონებზე

guniaირაკლი გუნია გახლავთ საერთაშორისო პოლიტიკის დოქტორანტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო, ტარტუს და ტალინის უნივერსიტეტებში. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკა, პოლიტიკური ფილოსოფია და იდეების გავლენა.

ირაკლი გუნია არის აკადემიურ პროექტ “Georgica“-ს იდეის ინიციატორი და ერთ-ერთი შემქმნელი. პროექტის მიზანია მონაცემთა ბაზის შექმნა, რათა გააერთიანოს და თავი მოუყაროს საქართველოს შესახებ არსებულ აკადემიურ ნაშრომებს. დამწყებ მკვლევარებს მისცეს საშუალება, გამოაქვეყნონ თავიანთი ნაშრომები, ჩაერთონ კოლეგებთან აკადემიურ დიალოგში და განავითარონ საკუთარი აკადემიური პროფილი. პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით.

© European.ge

პოლიტიკის არსი თავისუფლებაა.

ჰანა არენდტი

სათაური მეტად ოპტიმისტურია. უფრო უპრიანი და მართებული ქართულ ანტი-პოლიტიკაზე საუბარი იქნებოდა. შევეცდები განვმარტო თუ რატომ.

ცნობილი ფრანგი ანთროპოლოგი ლუი დიუმონი (1911-1998) თავის ნაშრომებში საზოგადოებათა ორ ტიპს, ჰოლისტურსა და ინდივიდუალურს, გამოყოფდა. იგი ამტკიცებდა, რომ სხვა ცივილიზაციების იერარქიულობასა და ჰოლიზმისგან განსხვავებით, დასავლური ცივილიზაცია ინდივიდუალიზმს მტკიცედ ეყრდნობა. თანასწორობისა და თავისუფლების ორი ცენტრალური იდეალი თავის თავში გულისხმობს ადამიანის, როგორც ცალკე ინდივიდუალის ცნებას, კაცობრიობის შედგენას ადამიანთა მიერ და თითოეული ადამიანის წარმოდგენას კაცობრიობის არსად, მისი უნიკალურობის მიუხედავად და ამ უკანასკნელზე მაღლა. ჰოლისტურ საზოგადოებაში, როგორც პლატონის რესპუბლიკაში, ცალკე ინდივიდუალი არაა სრული მორალური არსება, აქ არსებობს არა თანასწორობა და თავისუფლება, არამედ ადამიანის კოლექტიური იდეა და ადამიანს მხოლოდ როგორც ერთი მთლიანის ნაწილს აქვს მნიშვნელობა. დიუმონი წერდა, რომ ინდივიდუალიზმი არის ქრისტიანობისა და სტოიციზმის წმინდად დასავლური მემკვიდრეობა, გაგრძელებული რეფორმაციით, რომელიც შემდგომში თანასწორობის (როგორც საფრანგეთში) ან სინგულარობის (უნიკალურობის, როგორც გერმანიაში) ინდივიდუალიზმად გამოიხატა.

თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ლუკ ფერი თავის წიგნში “აზროვნების მოკლე ისტორია” (2011 წ.) კაცობრიობის ძველ ბერძნულ და ქრისტიანულ გაგებას ერთმანეთისგან მიჯნავს. მისი თქმით, “ქრისტიანობამ დაამკვიდრა ცნება, რომ კაცობრიობა ძირეულად მსგავსია, ხოლო ადამიანები ღირსებით თანასწორები არიან. თავისი დროისთვის ეს იყო უპრეცენდენტო იდეა, რომლის მიმართ ჩვენი მსოფლიო საკუთარი მთლიანი დემოკრატიული მემკვიდრეობითაა დავალებული.”  თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდესი მოაზროვნე, იურგენ ჰაბერმასი აგრეთვე წერს, რომ თავისუფლების, ეგალიტარიანიზმისა და საყოველთაო უფლებათა ფასეულობები იუდაური სამართლის ეთიკისა და ქრისტიანული სიყვარულის ეთიკისაგან მომდინარეობს.

ქართული პოლიტიკის საფუძვლების ახსნისას, ვფიქრობ, საინტერესოა ლუი დიუმონის კლასიფიკაციით ჩვენი საზოგადოების განხილვა. ქართული კულტურა, რომ ქრისტიანულის ნაცვლად წარმართულია, პირველმა 1927 წლის პუბლიკაციაში “ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი” ფილოსოფოსმა სერგი დანელიამ შენიშნა. დანელიას თქმით, ქრისტიანობაში ადამიანის კავშირის საფუძველი არის არა სისხლი, როგორც წარმართულ კაცობრიობას სწამდა, არამედ სიმართლე. ქრისტიანული ინდივიდუალიზმი არის თავისი ძმისგან გათიშვა და სამაგიეროდ უმაღლესი სიმართლის ძიება, გაპიროვნება ქრისტეში. ქართულ წარმართულ ინდივიდუალიზმში კი ადამიანი “ემიჯნება თავის წრეს, არა სიმართლისთვის, არამედ “მე”-სათვის”, ეტრფის დანარჩენისგან განაპირებას, გამიჯვნას, გაპიროვნებას, მაგრამ პიროვნებად ქცევა უჭირს.

ქართული ყოფის დიონისურობას 1924 წელს საინტერესოდ აღწერდა მოგზაური ოდეტ კეუნი, როდესაც მას ადარებდა დოღის ცხენს, “ველურს, დაუმორჩილებელს, რომელიც ბრმად წინ ისწრაფვის და არ იცის, თუ საითკენ მიდის”, “არსება შექმნილი აღლუმისთვის, თვალის სიამოვნებისთვის, ვიდრე მოხმარებისთვის”. იმავე ხანებში, 1932 წელს გამოცემულ წიგნში “ქართველი ხალხის ისტორია”, ისტორიკოსი უილიამ ალენი ქართველთა ინდივიდუალისტურ, “ესთეტიკურ უპასუხისმგებლობას” და “პირველყოფილი ადამიანის უზნეობასა და მოუთოკავობას” აღნიშნავდა.

დასავლური გაგებით ინდივიდუალიზმზე ქვეყნის ისტორიული გამოცდილებაც ნაკლებად მეტყველებს. საბჭოთა ეპოქის ადგილობრივ ისტორიოგრაფიაში (ჯავახიშვილი, ჯანაშია, ბერძენიშვილი, ლორთქიფანიძე) მყარად იყო დამკვიდრებული დასავლეთთან ნათესაობის თეზისი, ქართული პატრონყმობის ევროპულ ფეოდალიზმთან, ვიდრე უშუალო მეზობლებთან, მსგავსებების გამო. საქართველოში ფეოდალიზმის ალბათ ყველაზე ავტორიტეტულ, 1971 წელს საფრანგეთში გამოცემულ კვლევაში, მეცნიერმა ჟორჟ შარაშიძემ ქართული „პატრონყმობა“ ფრანგული „féodalité”-სგან პირიქით გამოყო. მან აღნიშნა, რომ აზნაურები უფრო მეტად იყვნენ მათი ბატონების ნებაზე დამოკიდებულნი, ვიდრე ფრანგი ვასალები. საფრანგეთში ფიცის და ინვესტიტურის რიტუალები უფრო ჩამოყალიბებული იყო, ვიდრე საქართველოში, სადაც დაწერილ კოდექსებს ამჯობინებდნენ. რომაული სამართლის ინტელექტუალური და იურიდიული არყოფნის გამო, ქართულმა ფეოდალიზმმა აბსტრაქტული თეორიული ჩარჩო ვერასოდეს ჩამოაყალიბა. საბოლოოდ, ფრანგული საზოგადოებისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება არასოდეს იყო დაყოფილი სამ ნაწილად – ვინც ლოცულობდა, ვინც იბრძვოდა და ვინც მუშაობდა.

ქართული და დასავლური ფასეულობების შეუთანხმებლობა შეიძლება აგრეთვე სამხრეთული კულტურისთვის დამახასიათებელი ფაქტორებითაც აიხსნას. ხორხე ლუის ბორხესი ესსეში “ჩვენი საცოდავი ინდივიდუალიზმი” (1946წ.) ამბობს, რომ არგენტინელი, განსხვავებით ამერიკელისგან ან ევროპელისგან, საკუთარ თავს  სახელმწიფოსთან არ აიგივებს. მისთვის “სახელმწიფო” არის წარმოუდგენელი აბსტრაქცია, რადგან ის იმპერსონალური, პირად ურთიერთობებს დაცილებული ცნებაა, ხოლო საჯარო ფულადი სახსრების გაძარცვა მისთვის დანაშაული სულაც არაა. როგორც ბორხესი ასკვნიდა, “ერთი რამ ცხადია, რომ არგენტინელი ინდივიდუალია და არა მოქალაქე.” შეიძლება ჩვენც განვაზოგადოთ, რომ ქართული საზოგადოება დიუმონის ინდივიდუალური ტიპისგან შორს და  ჰოლისტურ-იერარქიულთან ახლოსაა. მისი ინდივიდუალიზმი სხვა არაფერია, თუ არა პრე-საზოგადოებრივი, წარმართული. ჩვენთვის უცხოა ისეთი დასავლური ტერმინები, როგორიცაა “სახელმწიფო”, “სამოქალაქო საზოგადოება”, “მოქალაქე”, “ინდივიდუალი”. ეს ის ქვეყანაა, რომლის ენაში სიტყვა “კანონი” ნასესხებია (დანელია ამატებდა, რომ “სინდისიც”) და რომლის დედაქალაქში დიდი ჯიპები დინოზავრებივით დადიან.

ქართული პოლიტიკის სრულფასოვანი განხილვა არასრულყოფილია საბჭოთა პერიოდის ხსენების გარეშე, დროის, როდესაც ყალიბდება ქართული “მარტოსული ბრბო”. პირველი (და შესაძლოა უკანასკნელი) ქართველი პოლიტიკოსები, სოციალ-დემოკრატები, მრავალმხრივად (სოციალურად თუ კუთხობრივად) გაყოფილი მოსახლეობის კონსოლიდირებას სოციალიზმის საშუალებით მოიაზრებდნენ. მათი ჩანაფიქრი თანხვედრია იმავე ხანებში დასავლეთ ევროპული სახელმწიფოებში არსებული “გლეხებიდან მოქალაქეების” ქცევის რესპუბლიკანური ტრადიციისა. სოციალ-დემოკრატების კეთილშობილური ოცნება საბჭოთა კავშირმა განახორციელა, ოღონდ სრულიად საპირისპირო შედეგებით. საქართველოში, ისევე როგორც სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებში, უნგრელი მოაზროვნის გაშპარ მიკლოშ ტამაშის თქმით, “მოდერნიზაციის ბინძური საქმე”, სახელმწიფო სოციალიზმმა შეასრულა. ამ პერიოდს უკავშირდება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სოციალური მობილობა, ურბანიზაციის მაღალი ტემპი და მასშტაბური გადასვლა სოციალური კიბის ერთი საფეხურიდან მეორეში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ანალოგიურმა პროცესმა აშშ-ში ამერიკული ოცნების მომხიბვლელი წარმოდგენა შექმნა, რწმენა იმისა, რომ “შესაძლებლობების მიწაზე” მძიმე შრომა ზედა ფენაში აღმასვლით დასრულდება. იმავე ხანებში დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში კეთილდღეობის სახელმწიფოს ეტაპობრივმა წარმოშობამ ფართო მასებისთვის სოციალური კონტრაქტის, მერიტოკრატიისა და სამართლიანად მოწყობილი დემოკრატიის იდეები ახლობელი გახადა. საბჭოთა საქართველოში “მწარმოებლის ეთიკა” არ გაჩენილა, მუშაობა გაუფასურდა, მის ნაცვლად  დემონსტრაციული მოხმარება (conspicuous consumption) გამეფდა და დაიკარგა თერგდალეულებისა და მათი შემდგომი თაობების ნანატრი საერთოს განცდა, გნებავთ “საერთო მოქმედების ნიადაგი” (არჩილ ჯორჯაძის ტერმინოლოგიით). “მორალური ადამიანი არამორალურ საზოგადოებაში” (რაინოლდ ნიბური) მუშაობისას ისეთივე უხერხულ ვითარებაში აღმოაჩენდა საკუთარ თავს, როგორც ოთარ იოსელიანის “გიორგობისთვის” მთავარი მოქმედი გმირი. საგულისხმოა, რომ საბჭოთა ქართული მომხმარებლურობის ხატება, სუფრა, ამავე დროს ეთნიკური ნაციონალიზმის სიმბოლოა. იზოლირებულმა ადამიანებმა გაბრიელ გარსია მარკესის მაკონდოს მკვიდრებივით მარტოობის შესავსებად თითქოს წარსულის აჩრდილებს უხმეს. სახელმწიფოს წარმოდგენა ადამიანებს, პასუხისმგებლობის გრძნობას დასცილდა. მან  ისტორიულ რუკებზე გადაინაცვლა, ხოლო ინდივიდუალი და სამოქალაქო საზოგადოება “ხაპიდან დოქში” გადმოდენილი სისხლითა და “ქართული სულით” ჩანაცვლდა. როგორც ნობელიანტი მწერალი ვიდიადჰარ ნაიპოლი ინდოეთზე წერდა, (ნაციონალიზმის) “რელიგიამ აქ ადამიანებს ერთმანეთთან კონტრაქტის, სახელმწიფოს იდეა არ მისცა”.

დამოუკიდებელმა საქართველომ საბჭოური პერიოდისგან მემკვიდრეობად გადაიბარა ქვეყნის ეთნონაციონალისტური, ჰოლისტური გაგება, მკვლევარ პიტერ კაბაჩნიკის ტერმინით – “კარტოგრაფიული სასოწარკვეთილება”. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციას უკავშირდება “მოდერნიზაციის” პროექტი (ან “მენტალური რევოლუცია”), რომელმაც თავისი ნეოლიბერალური პოლიტიკური ეკონომიური მოდელის და მმართვის ავტორიტარული ბუნების დამსახურებით მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკაში “შესასვლელი ბილეთი” (რალფ დარენდორფი) არ მისცა  და სიღარიბემ ისინი “სოციალურად გარიყა” (ამარტია სენი). ლიბერტარიანელმა იაკობინელებმა გააღმერთეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ბიზნესის სიმარტივის სიაში მაღალი პოზიციები, საბაზრო ფუნდამენტალიზმი, გაუგებარი “სინგაპურიზაცია”. როგორც პიერ პაოლო პაზოლინი 1969 წლის ფილმში “Il Porcile” გადმოსცემს, ფაშიზმის და პოსტ-ომისეული ბიზნესმენობის თუ მომხმარებლურობის არსი ერთი და იგივეა, ორივე “ღორობაა”, გნებავთ ნაბოკოვისეული “poshlost”.

6424ac796d

2000-იანი წლების პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოსგან გაუცხოება კიდევ უფრო გაიზარდა, ეკლესიასთან მიკუთვნებულობის შეგრძნება გაძლიერდა და ქართულ ანტი-სხეულს ხელახალი სული შთაებერა. ამ უკანასკნელის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს 2012 წლის არჩევნების შემდეგ სპორადულად აღმართული სტალინის ბიუსტები და 2013 წლის 17 მაისის აქციის ვანდალური დარბევა. სააკაშვილის ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში 2008 წლამდე, თავადაც მიმართავდა ნაციონალიზმს, როგორც “მუსიკას მასებისთვის” (“დალიეთ გმირებო, ეს ფსოუს წყალია”). რუსეთიდან მომდინარე საფრთხის სეკურიტიზაცია საშინაო, რეალურ პრობლემებს მოხერხებულად ფარავდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, თავისი ღარიბი პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში, უსაფრთხოების საკითხებით პედალირებას დღემდე აგრძელებს.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება, ანალიტიკოს თომას დე ვაალის სიტყვებით, “უფრო ქართული გახდა”. პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებული მოდერაციის თეორიის შესაბამისად, დემოკრატიზაციისას შედარებით რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს უწევთ უფრო ზომიერ პოზიციებზე გადასვლა. ჩვენს შემთხვევაში, “ქართული ოცნების” პლატფორმა ცენტრისკენ გადაიწია. დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს გრამშიანული ტერმინით “ინტერრეგნუმ” – კრიზისული პერიოდი, როდესაც ძველი კვდება და ახალი ვერ იბადება. ქართული ანტი-სხეული, ან ბიზანტინიზმი, ძლიერი ხელის მიერ მართული ერი და ბერი, კვდება, არსებობას ძირითადად “ასავალ-დასავალის” ფურცლებზე განაგრძობს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ვერ იბადება.

საქართველოში აქტიური კამათი არ გამოუწვევია ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიც იყო საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამის შემოღება. გერმანელი სოციოლოგის ნიკლას ლუმანის აღიარებით, “კეთილდღეობის სახელმწიფოს ლოგიკა” სოციალური კომპენსაციის სახით მოპყრობის თანასწორობის ცნებაშია. ამით უნდა შემცირდეს სოციალური სხვაობები ამჟამინდელ და მომავალ და აგრეთვე, განსხვავებულ კლასებსა და რეგიონებს შორის. ჩვენთან სოციალური ინიციატივების შემოტანა სოლიდარობის პრინციპისგან დაცლილი აღმოჩნდა.

ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას ცალკე აღსანიშნავია ლიბერალურ ძალებად იდენტიფიცირებული პარტიები (მაგალითად, რესპუბლიკური პარტია). მათი raison d’être “უმრავლესობის ტირანიისგან” თავდაცვა, ინდივიდუალის უფლებებსა და თავისუფლებებზე კონცენტრირებაა. ფრანგი სოციოლოგი მარსელ გოშე თავის ნაშრომებში თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიებში არსებულ ტენდენციას, “პოლიტიკურის განჯადოებას”, შენიშნავს. მისი თქმით, ადრინდელი მოქალაქის ნაცვლად, რომელიც საკუთარ პარტიკულარულ ინტერესებზე მაღლა საერთოს აყენებდა, დღეს გვყავს ინდივიდუალი, რომელიც ექსკლუზიურად თავის ინტერესებზეა მიმართული.  “ინდივიდუალთა საზოგადოებას” მსხვერპლად ეწირება პოლიტიკა და გოშესთვის საზოგადოება პოლიტიკის გარეშე არც არსებობს. ქართული ლიბერალური ძალები ვერ სცდებიან მაჯორიტარიანიზმისგან თავდაცვას და ინდივიდუალის უფლებებით აპელირებას. დანარჩენთა მსგავსად, ისინიც ვერ სთავაზობენ მოსახლეობას “საერთო მოქმედების ნიადაგს” და ამით ანტი-პოლიტიკის ჩაკეტილი წრე არ ირღვევა.

ქართული პოლიტიკური ცენტრი ერთსულოვანია ქვეყნის “ევროპულ გზად” წოდებული ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერაში. სამწუხაროდ, “ევროპული არჩევანი” არასდროს განიმარტება ისეთი ფასეულობების მხრივ, როგორიცაა თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალები, მოქალაქეობა (ფილოსოფოს ეტიენ ბალიბარის ტერმინით, Égaliberté). ამის სანაცვლოდ, “ევროპული გზა” ბუნებრივად ერწყმის ნაციონალიზმს და ამ უკანასკნელის დანატოვარს წარმოადგენს. პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ საქართველო ევროპისკენ “ისტორიულად მიიწევდა”  ან ის, რომ ქართველები “უძველესი ევროპელები” არიან. 1992 წლის 14 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰანს-დიტრიხ გენშერის საქართველოში ვიზიტისას გამართულ სადილზე, ედუარდ შევარდნაძემ მას მიმართა, რომ საქართველო მუდმივად მიილტვოდა ევროპისკენ, რაც ხშირად ცალმხრივი რჩებოდა (გამოხატული სულხან-საბა ორბელიანის უშედეგო ვოიაჟში). 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ასოცირების შესახებ  შეთანხმების ხელმოწერისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქმა, რომ “სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ… დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს, ევროპას.”

საქართველოს “ევროპული გზა” წარმოადგენს იმის კლასიკურ ნიმუშს, რასაც ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა ისტორიციზმი უწოდა. ისტორიციზმი შეიძლება დახასიათდეს, როგორც დოქტრინა, რომლის მიხედვით ისტორიას განსაზღვრული მიმართულება აქვს და ის წინასწარგადაწყვეტილი ეტაპების კვალდაკვალ პროგრესირებს. პლატონური ისტორიციზმი ორიენტირებული იყო წარსულის, “ოქროს ხანის” მიმართ, ამიტომ პლატონისეული ისტორიის ხედვა უაღრესად პესიმისტური გახლდათ – მსოფლიო დეგრადირებდა დროის მსვლელობასთან ერთად და პოლიტიკის არსი  მისი შეძლებისდაგვარად შეჩერება იყო. პოპერისთვის, ისტორიციზმის შემადგენელი ნაწილია ჰოლიზმი – შეხედულება, რომ ადამიანთა სოციალური ჯგუფები განვითარების საკუთარი კანონების მიხედვით მოქმედებენ. პოპერი ამბობდა, რომ ისტორიციზმსა და ჰოლიზმს საფუძვლები აქვთ “კაცობრიობის ერთ-ერთ უძველეს ოცნებაში – წინასწარმეტყველებაში, მოსაზრებაში, რომ ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, თუ რას გვიქადის მომავალი.”

საქართველოს “ევროპულმა გზამ” ჰოლიზმი და ისტორიციზმი კომუნიზმისგან (რომელშიც საბოლოო მიზანი საყოველთაო კომუნიზმის გამეფებაა) და ეთნონაციონალიზმისგან (სადაც “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”) გადმოიბარა. ერთ სტატიაში ისტორიკოსი სტივენ ჯონსი შენიშნავდა, თუ როგორ ჩაანაცვლა 1990-იანი წლების პრესაში, რამდენიმე წლის ინტერვალში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ღრმად ნაციონალისტური დისკურსი ნატოსა და ევროკავშირზე გეოპოლიტიკურმა გათვლებმა. ჩვენს შემთხვევაში, როგორც არამზადების უკანასკნელი თავშესაფარი, “პროდასავლურობამ” პატრიოტიზმი, ხოლო გეოპოლიტიკურმა ჭადრაკმა ადრინდელი პატრიოტთა თამაშები ჩაანაცვლა.

ჭეშმარიტად, “ნათესავი წავალს და ნათესავი მოვალს და ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე” (ეკლესიასტე, 1:4).


წერილი პირველად გამოქვეყნდა მის საავტორო ბლოგზე.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ