გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
► წარმოგიდგენთ ინტერვიუს ეკონომიკის დოქტორ, პროფესორ დავით ასლანიშვილთან. ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა გაზეთ “ბანკები და ფინანსების” ვებგვერდზე.
ლარის რყევები კვლავ გრძელდება. გასულ კვირას სწრაფი გამყარების შემდეგ, ეროვნული ვალუტა მცირედით, თუმცა, კვლავ გაუფასურდა. რა განაპირობებს ლარის კურსის მუდმივ ცვალებადობას, ხომ არ გვაქვს ბაზარზე სავალუტო სპეკულაციები, როგორია ქართულ საბანკო სისტემაში არსებული მდგომარეობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს” ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი დავით ასლანიშვილი ესაუბრა.
– ლარი გასულ კვირას 16 პუნქტით გამყარდა, შემდეგ გვქონდა გაუფასურება და ბოლოს კვლავ გამყარება. ეს ყველაფერი მოხდა ერთ კვირაში, რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ ხდება სპეკულაციები სავალუტო ბაზარზე?
– მოდით, ცოტა შორიდან დავიწყებ. 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ დაგვეხმარნენ 6 მილიარდი დოლარით. 4,5 მილიარდი დახმარების სახით მივიღეთ, ხოლო 1,3 მილიარდი მსოფლიო ბანკის მიერ. ამ რესურსის მეშვეობით, ჩვენ გადავაგორეთ ეს რთული პერიოდი 2013 წლის ჩათვლით. წლის ბოლოს კი ეს რესურსი დაგვიმთავრდა და სწორედ ამის შედეგად ლარმაც დაიწყო დრეიფი. ამას მოყვა დამატებით ის, რომ ლარის მასა მიმოქცევაში მკვეთრად გაიზარდა, 4,69 მილიარდით. ამ ყველაფრის ფონზე, 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ამერიკამ ღიად და პირდაპირ თქვა, რომ შეწყვეტდა შერბილების პოლიტიკას. ჩვენ კი ამას დავახვედრეთ სხვა ვითარება, 4 მილიარდიანი ლარის მასა გავზარდეთ 6,5 მილიარდამდე. ფულადი მასის ზრდა გვაქვს 50%, იმ პირობებში, როდესაც ლარის მამართ შერყეულია მისი მთავარი ფუნქცია, შენახვისა და დაზოგვის ფუნქცია. ამ ყველაფერმა, მასობრივად გამოიწვია ლარის დეპოზიტების გაქრობა საბანკო არხიდან, დახურდავება ფაქტიურად უცხოურ ვალუტაში და ლარის კურსის ვარდნაც ადეკვატურია იმ ვითარებისა რაც გვაქვს, ანუ 60%-ზე მეტია ლარის ვარდნა. ეროვნულმა ბანკმა დაიჭირა ზამბარა, როცა ზედა ზღვარი დაუწესა ლარს აგვისტო-ოქტომბერში და 2,3-2,35-ის ფარგლებში ახდენდა ინტერვენციას.
ამ ყველაფერმა შექმნა ყალბი მოდული, ესაა ბაზრის ერთ-ერთი ჯანსაღი ინსტრუმენტი, რომელიც ასწორებს ამ უსწორმასწორო ადგილებს და ბაზარს არბიტრს სძენს. შეიქმნა მოლოდინი, რომ სულ ასე იქნებოდა, ბაზარიც მიეჩვია ამ ყველაფერს. ამით გაიპარა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონებიდან, რის გამოც ნოემბერში მოხდა პანიკა. ანუ, როცა დილერი მოვიდა, რომ დოლარის ახალი პორცია შეიძინოს კლიენტისათვის. მსგავსი ქმედება,რომ არ მომხდარიყო, ჩვენ ვერასოდეს ვიქნებოდით ტაბლოზე 2,7-ზე და მეტზე – კურსი იქნებოდა მაქსიმუმ 2,5.
რაც შეეხება ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს, რამოდენიმე დღის წინ, როცა უცაბედად 2,7-მდე დაცემული ლარი გამყარდა, ერთ დღეში, თითქმის 2,4-მდე და მერე უცებ ისევ დაიწყო უკან ვარდნა 2.55-მდე. ეს არ იყო შედეგი უშუალოდ ერთი დღის ოპერაციის, უპირველესად კურსი ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაში დაეცა, ანუ იქ სადაც ბანკები ვაჭრობენ. ეს უბრალოდ არის შეცდომები ფულად საკრედიტო პოლიტიკაში და არა საგარეო ფაქტორებისგან გამოწვეული გაუფასურება.
ლარის გაუფასურებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს რეფინანსირების ავადსახსენებელი სესხი და, სამწუხაროდ, ეს პრობლემა არ მთავრდება კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე. ესაა ისეთი სახის სესხი, რომლის ოდენობაც 1,5 მილიარდამდეც კი ავიდა შარშან და ამავდროულად, ჩვენ არც კი ვიცით კონკრეტულად, რომელ ბანკზე რა რაოდენობით ნაწილდება არსებული რეფინანსირების სესხები.
– მაგრამ ხომ ვიცით მთლიანად რამდენია რეფინანსირების სესხის მოცულობა, თუ თქვენ თვლით, რომ ვინაიდან ჩვენ არ ვიცით რეფინანსირების სესხებს რომელი ბანკები რა რაოდენობით იღებენ, ეს სერიოზული პრობლემებს ქმნის?
– რეფინანსირების სესხების მთლიანი მოცულობა ვიცით, თუმცა, კონკრეტულად რომელ ბანკს რამდენს აძლევს ეროვნული ბანკი, არაა ცნობილი. ამ მხრივ, ანალიზის გაკეთება საკმაოდ რთულია. გაურკვეველია, რა იწვევს ამ თანხის გაცემას, ფაქტობრივად ეს ფულის ემისიაა. ანუ, ჩვენ გვაქვს 6,5 მილიარდი ლარი მიმოქცევაში, აქედან დაახლოებით 1,5 მილიარდი ესაა ის ფული, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დამატებით მისცა ბანკებს. არადა, რეალურად ეს თანხა უნდა აღემატებოდეს 5 მილიარდს.
რეფინანსირების სესხი ჩვენ გვქონდა 1,1 მილიარდი 2015 წლის ნოემბერში, 2016 წლის მაისამდე ნელ-ნელა მოხერხდა მისი 200 მილიონამდე დაყვანა, ესაა ადეკვატური უკრაინასთან პროცენტულ მიმართებაში. სამწუხაროდ 2016 წლის ივნისიდან ეროვნულმა ბანკმა კვლავ შეცვალა პოლიტიკა, მან გაამკაცრა მოთხოვნები სარეზერვო კუთხით დოლარშიც, ლარშიც და თქვა, რომ შეუზღუდავად გასცემდა ამ რესურსს და გასცა კიდეც – 200 მილიონი იქცა 1,4 მილიარდად. ესაა მონეტარული დაფინანსება, ანუ სახელმწიფო სესხულობს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად. შემდეგ, ბანკები საჭიროების მიხედვით სარგებლობენ რეფინანსირების სესხებით, სადაც გირაო უნდა ჩადო მხოლოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი.
2 მილიარდ 200 მილიონი ლარი არის შიდა ვალი. ბანკები უბრალოდ დააგირავებენ ამას ეროვნულ ბანკში და გამოაქვთ რეფინანსირების სესხი. ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი აფინანსებს საქართველოს ბიუჯეტს მონეტარული დაფინანსებით.
– მოდით ორი სიტყვით დავახასიათოთ ჩვენი საფინანსო სექტორი, რომლის 90% ლამის შედგება საბანკო სექტორისაგან, ხოლო დანარჩენ 10%-ში თავს იყრის სადაზღვევო, მიკროსაფინანსო და არასაბანკო საფინანსო სექტორები, რაც მიუღებელია და ამაზე პრაქტიკულად, ყველა თანხმდება. მინდა გკითხოთ, როგორაა ამ ვითარების გამოსწორება შესაძლებელი?
– მინდა დავაზუსტოთ, რომ 90% კი არ მოდის საბანკო სექტორზე, არამედ მთლიანად 100%. ის დანარჩენი 10% რაზეც თქვენ საუბრობთ, ესაა უბრალოდ რაფინირებული სტრუქტურა. ბანკებს დაპყრობილი აქვთ საფონდო ბაზარი სრულად, მარტო ბანკების ფილიალები დარჩა საბროკერო კომპანიების სახით ბირჟებზე. ძირითადად, ბანკებია საფინანსო სექტორი. თქვენც, რომ იყოთ ბანკი ან მე და კანონი ამის საშუალებას გვაძლევდეს, ბუნებრივია, ამით ვისარგებლებდით.
ქართული ბანკების რეალური მფლობელები დღეისათვის არიან უცხოური ფონდები, რომელთა მთავარი მიზანიც არის მაქსიმალურად მაღალი მოგების მიღება. მენეჯმენტის მთავარი დავალებაც არის, რომ მათ უნდა მოახერხონ მაქსიმალურად დიდი მოგების მიღება. შემდეგ კი, ჩვენი ეკონომიკური დოვლათი სწრაფად კონვერტირდება და გადის უცხოეთში.
ჩვენ, ასევე გვქონდა საფონდო ბაზარი, მეც ვარ ბირჟის ერთ-ერთი მეწილე, სულ 42% ვართ ბანკებისაგან გადარჩენილები. თუმცა, ეროვნული ბანკის თანხმობით, ბანკებმა გააკეთეს მეორე საფონდო ბირჟა, სადაც მხოლოდ ბანკები არიან მესაკუთრენი, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ კომერციული სესხის ალტერნატივას ფლობს კომერციული სესხის გამცემი. ეს გასაჩივრებულია სასამართლოში და ამ ეტაპზე დაყადაღებულიცაა, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა სხვათაშორის, მაინც გასცა ლიცენზია.
– გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, კონკურენციის გაზრდის კუთხით, ხომ არ იქნება ერთგვარი გამოსავალი ბაზარზე ახალი ძლიერი აქტორების შემოსვლა?
– რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა, მაგრამ დააკვირდით თვითონ საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ქყვეყანაში, რომელიც უცხოური მსხვილი ბანკიც იყო ისიც აღარ დარჩა. “სოსიეტე ჯენერალი” ბაზრიდან წავიდა, ,,პროკრედიტი” შეკვეცილი პორტფელით, შეზღუდული უფლებამოსილებით აგრძელებს მოქმედებას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ესა თუ ის უცხოური ბანკი, სესხებს გასცემდა აქ არა ევროპული სტანდარტით, 1, 10, 15 წლით, რაც ჩვეულებრივად იპოთეკას სჭირდება, არამედ საქართველოში არსებული პირობებით.
ეს ჩვენი კარჩაკეტილი პოლიტიკა, ანუ “კომკავშირული” გადმონაშთი, ეს მენტალობა ბიზნესში, ვლინდება სულ სხვანაირად. მაგალითად, უცხოეთში კომპანიას რაც მეტი აქციონერი ეყოლება, მით უკეთესია მისთვის. თუმცა, დააკვირდით საქართველოში მყოფ კომპანიებს, სადმე, რომელიმე კომპანიაში თუ არის მრავალი აქციონერი? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მსხვილი ბანკებიც ძირითადად, ლონდონის ბირჟისკენ გარბიან. არადა, ისინი ხომ ამ ქვეყანაში აკეთებენ ფულს. მართალია, საქართველოში მოსახლეობას დაბალი შემოსავლები აქვს, მაგრამ თავიანთი კლიენტები ხომ ყავთ, მსხვილი მრავალ ათასიანი დეპოზიტებით – შესაბამისად, სწორედ მათ უნდა შესთავაზონ აქციონერობა.
– ანუ მცირე ნაწილიც, რომ ბრუნავდეს საფონდო ბაზარზე ეს იქნებოდა ახალი სიცოცხლე საფონდო ბაზრისათვის, ფინანსური განათლებისათვის და მთლიანობაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის?
– ამ შემთხვევაში შეიძლება ეროვნული ბანკის ჩართულობაც, როგორც ზედამხედველის. ჩვენ გაგვაჩნდა ფასიანი ქაღალდების კომისია, რომელიც ეროვნულ ბანკთან შეირწყა, ამის შედეგად, ფაქტობრივად, აღარ არსებობს მისი დეპარტამენტი. ყველაფერი შეიერთა ეროვნულმა ბანკმა. გასულმა 10 წელმა ცხადყო, რომ შედეგი არის კატასტროფული. ჩვენთან შემოღებულია ცნება ფიქსინგი, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობას არ ნიშნავს. ეს წერია მხოლოდ ფურცელზე. მაგალითად, მე და თქვენ მოვრიგდებით და ფურცელზე დავწერთ თანხას ერთ ლარს ან მილიონ დოლარს, მივიტანთ ამას ფურცელზე დაწერილს და მზადაა ყველაფერი. ჩვენი გათვლებით ფაქტიურად 6 მილიარდი დოლარია საქართველოდან ამოღებული და გადაცემულია ეროვნული ბირჟისათვის.
– ბატონო დავით, ცნობილი გახდა რომ იგეგმება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება. უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს ეს ყველაფერი?
– საერთაშორისო პრაქტიკაში თუ რამე სახის პრობლემები ექმნება კომერციულ ბანკს, თქვენ მაინც უსაფრთხოდ ხართ, იმიტომ, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელია თავად მოგაწოდოთ ეს რესურსი. პირობითად, თუ თქვენ 5000 ლარი შეიტანეთ რომელიმე კომერციულ ბანკში და კომერციულ ბანკს შეექმნა გადახდის პრობლემა, მაშინ სახელმწიფო მოგაწვდით ამ რესურსს. თუმცა, ამ შემთხვევაში, პროცენტზე აღარაა საუბარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კუთხით, სახელმწიფო იხდის ყველაფერს.
ამავდროულად, კარგია ეროვნული ბანკი ფინანსურ პირამიდებზე, რომ ლაპარაკობს და ყველაზე კარგი იქნება თუ სახელმწიფი ფინანსურ პირამიდასაც მიხედავს, ფასიანი ქაღალდების კუთხით.