ინტერვიუ ხოსე მუხიკასთან: „მემარცხენეობას არ წაუგია”

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

muhika5წარმოგიდგენთ  ხოსე მუხიკა ინტერვიუს თარგმანს გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeineთან.

ხოსე მუხიკა იყო მეყვავილე, პარტიზანი, პატიმარი და ურუგვაის პრეზიდენტი (2010-2015). დღეს იგი 81 წლის არის და პოლიტიკაში საკულტო ფიგურას წარმოადგენს. იგი ლათინურ ამერიკულ მემარცხენეობაზე, მარიხუანასა და ცხოვრებაზე გვიამბობს.

60-იან წლებში ხოსე მუხიკა იყო ნაციონალური განმანთავისუფლებელი მოძრაობა- ტუპამაროს წევრი. სამხედრო დიქტატურის მმართველობის პერიოდში ის თოთხმეტი წელიწადი იჯდა მონტევიდეოს ციხეში, აქედან უმეტესად მარტო, მიწაში გათხრილ ორმოში ყავდათ ჩაგდებული. 74 წლის მუხიკა გახდა ურუგვაის  პრეზიდენტი. პრეზიდენტობისას იგი საქველმოქმედო საქმიანობას წირავდა საკუთარი ხელფასის 90 პროცენტს. ის დიდ დროს ატარებდა თავის უბრალო სახლში და გადაადგილდებოდა “ფოლკსვაგენის” მარკის  მანქანით, რომელიც ხოჭოს სახელით არის ცნობილი. ენაწყლიანად და ამავე დროს პრაგმატულად იბრძოდა იმისათვის, რისიც სჯეროდა. გასულ წელიწადს მუხიკამ თავისი თანამდებობა თავის პარტიულ კოლეგა ტაბარე ვასკესს გადააბარა. ურუგვაიში ის მხოლოდ დეპუტატია, ხოლო  დანარჩენ ლათინურ ამერიკაში კრიზისში ყოფნის გამო შერყეული მემარცხენეობის საკულტო ფიგურად რჩება. ხანდაზმულობის მიუხედავად იგი მუდმივად მოგზაურობს. ბერლინში ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოწვევით ჩამოვიდა.

© European.ge

  • ბატონო პრეზიდენტო,…

პეპე  დამიძახეთ!

  • პეპე, პერუელმა მწერალმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა მარიო ვარგას ლიოსამ სულ მცირე ხნის წინ ჩვენს გამომცემლობასთან ინტერვიუში ლათინურ ამერიკაზე აღნიშნა: „საკმაოდ ნათელია რეგიონში მემარცხენე პოპულისტი მთავრობების ჩაფლავება“. თქვენ რა პასუხს გასცემდით მას?

ადამიანების ისტორია არის ძალიან გრძელი პროცესი, პერმანენტული ბრძოლა პროგრესსა და რეგრესს შორის. რასაც ჩვენ დღეს განზოგადებულად  „მემარჯვენეობას“ და „მემარცხენეობას“ ვუწოდებთ, სინამდვილეში ეს ყველაფერი ადამიანის ორი მხარეა. კონსერვატორული – დამცველი  მხარე და მხარე, რომელიც იმისათვის იბრძვის, რათა გადანაწილება გააუმჯობესოს და მსოფლიოში უსამართლობა შეამციროს. ეს გავს დინებას, თითქმის შეუქცევად ორთაბრძოლას. მემარცხენეობას ჯერ არ წაუგია, ვინაიდან მას წაგება და მოგება თითქმის ერთნაირად გამოსდის. ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ შევეხოთ ზეცას და ვუთხრათ: ისტორიამ ჩაიარა. ჩვენ ისტორია უნდა დავინახოთ როგორც პროცესი და არა როგორც  ფოტოგამოსახულება.

  • ოთხმოცდაათიანების ბოლოს ლათინურ ამერიკაში, ხელისუფლების სათავეში მემარცხენეების დაბრუნების შემდეგ  მილიონობით ადამიანმა სიღარიბიდან, ქვედა ფენიდან საშუალო ფენაში ამოაღწია, მაგრამ…

ეს არ ითვლება? არ არის ეს ღირებული? ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, მათ ვისაც უკეთესი სახლი აქვს, ეს ღირდა მათთვის. თუ ჩვენ შემდეგ გადაგვირჩევენ და დავმარცხდებით, ეს უკვე სულერთია, ვინაიდან ამ  ადამიანების ყოფა უკვე გაუმჯობესდა.

  • მიუხედავად ამ წარმატებისა უთანასწორობა ლათინურ ამერიკაში თითქმის შეუცვლელად მაღალი დარჩა. რაში მდგომარეობს პრობლემა?

ეს არის დღევანდელი კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის მახასიათებელი. ბაზარი მიმართულია რათა მოახდინოს სიმდიდრის გენერირება და კონცენტრაცია. მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, მაგრამ საზოგადოებაში მატულობს უფსკრული ღარიბებსა და მდიდრებს შორის. ზოგჯერ ღარიბების მდგომარეობაც უმჯობესდება, მაგრამ მდიდრების მდგომარეობა მრავალგზის უმჯობესდება.

  • ნუთუ მემარცხენე მთავრობებს ამ ყოველივეს შეცვლა არ შეეძლოთ?

თუ ჩვენ ეკონომიკას დამოუკიდებლად მუშაობის უფლებას მივცემთ, სავარაუდოდ ის ჩვეულებისამებრ იფუნქციონირებდა და ბევრ სიმდიდრეს შექმნიდა. მაგრამ, ის    ვერ წყვეტს სოციალურ საკითხებს, პირიქით აუარესებს მას. სწორედ ამიტომ, მე და ბევრ სხვას გვჯერა, რომ საჭიროა სოციალური წინსვლა დავაჩქაროთ. საშემოსავლო გადასახადების დაწესებით, შრომითი კანონებით, პროფკავშირებთან ერთად, სადაც მშრომელები საკუთარი სამუშაოს ღირებულებაზე და პირობებზე თანასწორ დონეზე მყოფნი თავისსავე დამსაქმებლებთან შეთანხმებას შეძლებენ. ყოველივე ეს არის ღონისძიებანი, რომელიც ემსახურება სიმდიდრის განაწილებას. როცა სახელმწიფო ხელებს იბანს და აცხადებს, რომ ის ნეიტრალურია, ეს ძლიერებს აძლევს ხელს, რაც  ბევრ ქვეყანაში ხდება. ამის გარდა სიმდიდრის კონცენტრაციას  მოაქვს პოლიტიკური შესაძლებლობები – მდიდრების გავლენით მათსავე სასარგებლოდ მიღებული მთავრობების გადაწყვეტილებები. აქ დემოკრატია მძევლად არის აყვანილი, ეს    დემოკრატიისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

ეს შეიძლება ასე იქნას დანახული. სოციალური გამოწვევები, რომლის წინაშე მემარცხენე მთავრობები იდგა, იყო ძალიან დიდი. მე არ ვიცი არცერთი ქვეყანა, რომელმაც ათ წელიწადში სიღარიბის დაძლევა და გამდიდრება მოახერხა. მე ვფიქრობ ჩვენ რამდენიმე წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ არასაკმარისს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ღარიბია ლათინურ ამერიკაში, ამავე კონტინენტზე არსებული სიმდიდრის გათვალისწინებით. მემარცხენებმა მოახერხეს რამდენიმე ქვეყნის მთავრობაში მოსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ საბოლოო ანგარიშით გაიმარჯვეს. არც მემარჯვენეებს უწერიათ ამ კუთხით გამარჯვება. ამ პოლიტიკური ნიშნით შეიქმნება მთავრობები, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. ვინაიდან ჩვენ რაციონალიზმის მიმდევრები ვართ, ჩვენთვის ყველაფერს თავისი დასაწყისი და  დასასრული აქვს. მაგრამ, ეს არის ვარგას ლიოსას პრობლემა და ასევე იმათი, ვინც მსგავსად აზროვნებს. მე არ მჯერა ესქატოლოგიური დასაწყისისა და დასასრულის, მე მჯერა სავალი გზის.

  • არგენტინაში მემარცხენე მთავრობა გადაირჩიეს,ხოლო ბრაზილიაში საერთოდ გადააყენეს. ვენესუელა კი, რომელსაც ნიკოლას მადურო მართავს ქაოსში იმყოფება. მემარცხენეების კრიზისი უკიდეგანოა.

და გერმანიაში, რა მემარცხენეობა კრიზისში არ იმყოფება?

  • დიახ, აქაც იგივე მდგომარეობაა.

და მემარცხენეობა გაქრა.

  • ჯერ არა.

ოჰ, ძალიან კარგია. არსებობს მოსვლა და წასვლა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით უკუქცევის ფაზაში, მაგრამ ეს ჩვენს დემორალიზირებას არ ახდენს. მემარჯვენე მთავრობები მემარცხენეების მიერ მოტანილ ცვლილებების ნაწილს შეინარჩუნებენ, ნაწილს კი უარყოფენ. ჩიკაგოში მუშათა გამოსვლის ჩახშობას ფაქტიურად მათი მოწამეობრივი სიკვდილი მოყვა, ისინი ყველა დახოცეს. დღეს მსოფლიოში რვა საათს ან უფრო ნაკლებს მუშაობენ. არავინ აყენებს ამას დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ, არც კონსერვატორი მთავრობები. ისინი, ვინც მონობას ეწინააღმდეგებოდნენ, თავდაპირველად დამარცხდნენ. ისინიც, ვინც განქორწინების უფლებისთვის იბრძოდნენ. ისინიც, ვინც პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრე იყო და ა.შ. ზოგიერთებმა აწიეს კიბე და დააჩქარეს კაცობრიობის პროგრესი. დამარცხდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ბრძოლა შეწყვიტა.

  • თქვენ ერთხელ აღნიშნეთ: „ძალაუფლება ეს არის ჭირვეული შეყვარებული“. რატომ უჭირს ბევრ პოლიტიკოსს რაღაც დროის შემდეგ კვლავ გაყრა საკუთარ შეყვარებულთან?

ეს ჩვენ გვიჭირს, რადგან წარმავალი არსებები ვართ. ჩვენი სიცოცხლე მოკლეა და  შეგვიძლია  კიბის მხოლოდ ერთ საფეხურზე ავიდეთ. სოციალური ცხოვრება კი გზას განაგრძობს. სოციალური რევოლუციები იმაზე ხანგრძლივია ვიდრე ერთი ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ კი გვსურს შედეგები ჩვენივე სიცოცხლეში ვიხილოთ.

ნათლად ვხედავ მე მხოლოდ ერთ გამოსავალს, რაც მეტია გარედან ჩარევა, ქვეყნისთვის ის უფრო უარესია. შემდეგ ყველა ვენესუელელი გახდება პარანოიკი. მეორე: მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, თავად უნდა იპოვონ გამოსავალი. და მესამე: მათ დიდი ხნის პრობლემა უნდა გადაჭრან, რომელიც შემდგომში მდგომარეობს.  ქვეყანა  ძირითად  ნავთობის გაყიდვით საზრდოობს, ხოლო ეკონომიკის სხვა დარგები უგულვებელყოფილია.

  • ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში უმრავლესობაში არის, მადუროს გადაყენების მიზნით რეფერენდუმის ჩატარება სურს. მათ ამისათვის საჭირო ხელმოწერებიც კი შეაგროვეს. იქნება ეს დაძაბული მდგომარეობიდან გამოსავალი?

ეს ადამიანების თეფშებზე საჭმელს არ მოიტანს. ჩემი აზრით ვენესუელას უმწვავესი პრობლემა არის სურსათით უზრუნველყოფა. ცხადად, შეიძლება ითქვას, რომ სურსათის პრობლემის გადაჭრა, მხოლოდ პოლიტიკური პრობლემის მოგვარებით გახდება შესაძლებელი. კარგი, მაშინ ისინი უნდა შეთანხმდნენ, სურთ თუ არა ახალი არჩევნების ჩატარება, როგორ უნდა წარიმართოს იგი და ა.შ. მაგრამ, მე ვხედავ პოლარიზირებულ ვენესუელას. სწორედ ამ პოლარიზირების გამო არ არსებობს დიალოგის შესაძლებლობა.

  • თქვენ ვენესუელასთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. არ შეგეძლოთ თქვენ ან სხვა სამხრეთ ამერიკელ პოლიტიკოსს გეშუამავლათ არსებული პრობლემის მოგვარების საქმეში?

დიახ. მთავარია არც ევროპელები ჩაერიონ და არც ამერიკელები. ეს ჩვენი საქმეა. ჩვენ  მაგიური გამოსავალი არ გაგვაჩნია. მაგრამ, ერთი რამ ცხადია: როცა ვიღაცა გარედან ერევა, ღმერთმა დაგვიფაროს და შემდეგში უფრო ცუდი რამეები მოხდება.

მე ვფიქრობ, რომ ბრაზილიაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საზოგადოების ნდობის კვლავ მოპოვება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, მაშინ ეკონომიკაც არ ვითარდება. ბრაზილიის კონსტიტუციაში ჩადებულია მრუდე მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანაში არსებობდეს ოცდაათზე მეტი პარტია. ყველა მნიშვნელოვანი კანონი თითოეულ მათგანთან უნდა შეთანხმდეს და ეს იმდენჯერ, რომ პარლამენტი ადრე თუ გვიან ბაზრად გადაიქცევა. ეს კი პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის.

  • სხვა ლათინურ ამერიკულ ქვეყნებთან შედარებით პატარა ურუგვაი ამ მხრივ საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია.

და  ბოლივია, ისიც კარგ მდგომარეობაში იმყოფება.

  • გასულ წელს თქვენი პარტიული კოლეგა ტაბარე ვასკესი თქვენს მეკვიდრედ იქნა არჩეული. და თქვენ რა გააკეთეთ სხვა ურუგვაისათვის?

ურუგვაი ყოველთვის იყო ქვეყანა ლათინურ ამერიკაში, რომელსაც ყველაზე კარგად ინაწილებდნენ. ეს არის ძალიან პატარა ქვეყანა და კონტინენტის ლაიცისტური სახელმწიფო. პირველი, ქვეყანა სადაც ქალებმა განქორწინების უფლება მოიპოვეს. პროსტიტუცია ლეგალიზებული იქნა. სახელმწიფომ ალკოჰოლის მკაცრი რეგულაციების ნაცვლად მის წარმოებას მიჰყო ხელი. ორმოციან წლებში სამუშაო ხელშეკრულებებში მკაცრად იქნა შრომითი უფლებები გაწერილი. ჩვენ რომ  50 მილიონიანი ქვეყანა ვყოფილიყავით, მაშინ მსოფლიო ისტორია იტყოდა, რომ  სოციალურ-დემოკრატია ურუგვაიში დაფუძნდა. ჩვენ კი მხოლოდ ქალაქის კვარტლის ზომისანი ვართ, ამიტომ არასოდეს არ შეგვეძლო ვყოფილიყავით ანგარიშგასაწევი მოთამაშეები. ჩვენი ხელისუფლება ამ ისტორიულ კონტექსტში იმყოფება.

  • ურუგვაი მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როცა ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა.და არა მხოლოდ მოხმარების, არამედ მისი მოშენების. ამას გარდა, ის სახელმწიფოსაგან კონტროლირებად აფთიაქებში გაიყიდება. როგორ მიმდინარეობს ეს ცვლილება?

ეს ყოველივე ახლა იწყებს ფუნქციონირებას. ჩვენ  დავნერგეთ პოლიტიკა, რომელმაც ვაჭრობა უნდა დაარეგულიროს. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მარიხუანას, ჩვენ არ ვართ მეგობრები რაიმენაირი დამოკიდებულების. ეს არის იგივე პრინციპი, რაც პროსტიტუციის შემთხვევაში არსებობდა. ქვეყანამ პროსტიტუციის ლეგალიზაცია მოახდინა, ვინაიდან მისი არსებობა ფაქტია. ურუგვაიში დაახლოებით ათიათასი ადამიანია, რომელიც მეტნაკლებად მარიხუანას მომხმარებელია. ჩვენ არ გვსურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს მარიხუანის მომხმარებელი. მაგრამ, არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც არალეგალურ ბაზარს წავართვით.  ჩვენ მათ ლეგალური მომსახურება და კარგი პროდუქტი უნდა შევთავაზოთ. ეს ყველაფერი ზომიერების საკითხია. როცა მე რამდენიმე ჭიქა ვისკის ვსვამ, მაშინ შეიძლება თავს არც ისე კარგად ვგრძნობ. მაგრამ, მე ამის ატანა შემიძლია. ხოლო, როცა მე ყოველდღე ერთ ბოთლ ვისკის ვსვამ, მაშინ მე ალკოჰოლიკი ვარ და ჩემი ადგილი კლინიკაშია. იგივე ეხება მარიხუანას მოხმარებასაც. როცა ადამიანი ხანდახან ეწევა, ის კრიმინალია? უნდა ვსდიოთ მას, დავიჭიროთ ციხეში ერთი ღერი მარიხუანასათვის? თუ მას ღერი ღერზე მოწევა სურს, ნახევრად ზომბს ემსგავსება, მაშინ ის  ავად არის. შემდეგ ჩვენ მას როგორც ავადმყოფს უნდა მივხედოთ და არა როგორც პატიმარს.

  • თქვენ ლეგალიზაცია როგორც „სოციალური ექსპერიმენტი“ ისე შეაფასეთ. სახეზეა  პირველადი შედეგები?

არა, ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია შეჯამება. მაგრამ პირადად ჩემთვის ნათელია, რომ ნარკოტიკებზე საშინელი ნარკომაფიაა. ამიტომ მე უკეთეს პოლიტიკად მიმაჩნია, მისთვის ბაზრის წართმევა. ლეგალიზაცია. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიო ნარკოტიკებისაგან გავწმინდოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ის მაფიას ჩამოვართვათ.

  • ამისათვის კოკაინის ლეგალიზაციაც უნდა მოხდეს?

დიახ. ეს შემდეგი თემაა, მაგრამ მსოფლიო ძველი, მშიშარა კონსერვატორებისაგან  იმართება. და ყოველი პატარა ნაბიჯი წარმოუდგენელ ჯაფას მოითხოვს.

  • ბოლო წლებში ურუგვაიში ასევე მოიმატა კრიმინალმა.

კრიმინალმა 2000, 2002 და 2003 წლებთან შედარებით მოიმატა  85 პროცენტზე მეტით. ეს იყო ეკონომიკური კრიზისის შედეგი. შემდეგ ქვეყანა უკეთესობისკენ წავიდა, მაგრამ კრიმინალი კვლავ დარჩა. ის კიდევ მწვავედ დგას საზოგადოებაში. ეს კი ძალიან ძნელია, რათა კვლავ შევამციროთ.

  • მთელი სამხრეთ ამერიკა კრიმინალისა და ნარკობანდების ძალადობის ქვეშ იტანჯება. რატომ არის  ყოველივე ეს ასეთი ძნელი დასამარცხებელი?

მათ წარმოუდგენელი მოგება აქვთ. მათ აქვთ საკმარისი ფული სახელმწიფოს რეპრესიების ორგანოები ორი მხრიდან ჩართონ კორუფციაში. სამწუხაროდ, სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნიათ ჩე გევარას მენტალიტეტი. ის  ადამიანებისაგან შედგება. ამ ორმხრივ ზეწოლას  ვერ უძლებენ – ფული, რომელსაც სთავაზობენ და მეორე – დაშინება.  სწორედ ამიტომ  ვამბობ მე: თუკი ჩვენ ამის შეცვლა გვსურს, არ უნდა გავაკეთოთ ისე როგორც წინად. სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ ეს ექსპერიმენტი. ჩვენ ვცდილობთ ნარკომაფია ბაზრიდან გავაძევოთ.

  • პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის ბოლოს თქვენ თქვით, გახარებთ ის ფაქტი, რომ ტრაქტორით მუშაობისთვის მეტი დრო დაგრჩებათ. ამის მიუხედავად, თქვენ მაინც სულ გზაში ხართ. რა ახდენს თქვენს მოტივაციას?

ეს იგივე იქნებოდა თქვენ გაზაფხულის პერიოდში გეკითხათ: „რატომ ყვავის და იკვირტება ირგვლივ ყველაფერი? ყველა თესლი ხომ არ ღვივდება“. მაგრამ, ზოგიერთი მათგანი ახერხებს ფესვის გადგმას. სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი მომავალი მსოფლიოს მუშაკნი უნივერსიტეტებში იდგამენ ფეხს. რევოლუცია გრძელდება და ის აუცილებლად პლურალიზმამდე მიგვიყვანს. ამიტომ გვჭირდება ჩვენ უფრო მეტი კვალიფიციური ადამიანები. მე ვთესავ იდეებს მომავლისათვის. გაინტერესებთ რატომ? ვინაიდან ზოგიერთნი მხოლოდ ჭექა-ქუხილის მსგავსად ხმაურს იწვევენ და ამ ამოცანას სხვას მიუგდებენ, რომ იყვნენ ნაყოფის მომტანი წვიმები.

  • ინტერნეტში თქვენი Youtube-ვიდეო ჰიტია, სადაც თქვენ ცხოვრების საზრისზე საუბრობთ. გახარებთ ის ფაქტი, რომ ამით თქვენ ახალგაზრდა თაობასთან საერთო ენის გამონახვა შეძელით?

აჰ, არა. ეს ყველაფერი მე ძალიან მძაბავს, მოგზაურობებიც. ფიზიკური თვალსაზრისით ის ძალიან ძვირი მიჯდება. მაგრამ, მე ისეთი განცდა მაქვს, რომ  მოვალე ვარ ვაკეთო ეს ყოველივე. ჩვენს დროში ძალიან ბევრს საუბრობენ უსარგებლო თემებზე. და არ ხდება იმ გამოწვევებზე ფიქრი, რომელიც ჩვენს წინაშე მალე დადგება. მე ვფიქრობ პირადად ადამიანმა უნდა დაიწყოს ფიქრი და არა მარტო სახელმწიფომ. სიღარიბე აფრიკაში, კლიმატის ცვლილება, ფინანსური სისტემის თვითნებობა,  ამ ყოველივეს გადაწყვეტა არ შეუძლია მხოლოდ ერთეულ ქვეყნებს.

  • საიდან იღებთ თქვენ ცხოვრებისეულ სიბრძნეს?

მე აქამდე უკვე საკმაოზე დიდხანს ვიცხოვრე. მე დიდხანს ვიყავი ციხეში და იქ ბევრი ვიფიქრე. მაგრამ, სიბრძნე არ არის ჩემი პირადი საკუთრება, ეს არის საზოგადოებრივი სიბრძნე. მე ვარ ჩემი ცხოვრებისეული გარემოებების პროდუქტი, მეტი არაფერი.

ესაუბრა დევიდ კლაუბერტი.


– გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა.

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ