დემოკრატიული ტრანზიციის სოციალურ-ეკონომიკური განზომილება და საქართველო

ingaავტორი: ინგა ორმოცაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. წერილი პირველად გამოქვეყნდა “კავკასიური სახლის” ანალიტიკურ ვებგვერდზე.

გამოიწერეთ ჩვენი Facebook გვერდიEuropean.ge

დემოკრატიზაციის პროცესის შესწავლისას აუცილებელია ქვეყანაში არსებული იმ წინაპირობების განსაზღვრა, რომლებიც ხელშემწყობ ან პირიქით, ხელისშემშლელ როლს თამაშობენ დემოკრატიის გამყარებისთვის. მკვლევარები დემოკრატიზაციის პროცესს ხშირად უკავშირებენ ქვეყანაში არსებულ ისეთ წინაპირობებს, როგორებიც პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. მათ გარეშე დემოკრატიის გამყარება თითქმის წარმოუდგენელია.1 პოლიტოლოგთა გარკვეული ნაწილი დემოკრატიზაციის პროცესის განვითარებაში რელიგიასაც დადებით კონტექსტში განიხილავს. მაგალითად, ამერიკელი პოლიტოლოგი ერნესტ გრიფიტი იუდო-ქრისტიანულ ეთიკას პირდაპირ უკავშირებს დემოკრატიული ინტიტუტების გამყარების პროცესს.ამავდროულად, ამ პროცესში წარმოუდგენელია სოციო-ეკონომიკური ფაქტორების უგულებელყოფა.

ამერიკელი პოლიტიკური სოციოლოგი სეიმურ მარტინ ლიპსეტი მიიჩნევდა, რომ ორი სტრუქტურული მახასიათებელი, რომელიც მნიშვნელოვანია მყარი დემოკრატიზაციისთვის, არის ეკონომიკური განვითარება და ლეგიტიმურობა. მისი აზრით, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებს დემოკრატიზაციისკენ უფრო ძლიერი მიდრეკილება გააჩნიათ. ეკონომიკური დეპრესია, სიღარიბე, უმუშევრობა და სოციალური დეზორგანიზაცია კი ხელს უწყობს ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერებას, როგორც ეს იტალიისა და გერმანიის შემთხვევაში მოხდა ფაშიზმისა და ნაციზმის გაძლიერებით. ლიპსეტი ხაზს უსვამდა ეკონომიკური განვითარების კომპლექსის (ინდუსტრიალიზაცია, ურბანიზაცია, სიმდიდრე და განათლება) მნიშვნელობას დემოკრატიზაციისათვის და გერმანიის მაგალითზე განიხილავდა, თუ როგორ ხდებოდა ეკონომიკური განვითარება დემოკრატიზაციის პროცესის პარალელურად და მასთან მჭიდრო კავშირში.რაც შეეხება მეორე სტრუქტურულ მახასიათებელს, ლეგიტიმაციას, ლიპსეტის აზრით, იგი უკავშირდება საზოგადოების მხრიდან ინსტიტუტების მიმართ მაღალ ნდობას და მათი არსებობის აუცილებლობისა და მართებულობის გაცნობიერებას.4

ლიპსეტის მიერ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების დაკავშირება პოლიტოლოგებსა თუ ეკონომისტებს შორის ამ საკითხის გარშემო დღემდე დებატებს იწვევს. ძირითადად დისკუსია მიმდინარეობს შემდეგი კითხვის გარშემო: დემოკრატია იწვევს ეკონომიკურ განვითარებას თუ ეკონომიკური განვითარება – დემოკრატიზაციას?

ამ კითხვის პასუხად პოლიტოლოგთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარება პოლიტიკური განვითარების შედეგია. მათი აზრით, საზოგადოების დაბალი ფენები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, ზეწოლას ახდენენ ხელისუფლებაზე. საპროტესტო აქციებისა და რევოლუციური მოძრაობების ტალღა აიძულებს მმართველ პოლიტიკურ ძალას შექმნას ფართო მასების ინტერესების გამომხატველი დემოკრატიული ინსტიტუტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატიზაცია უთანასწორობის შედეგად აჯანყებული მასების შიშით გამოწვეული პროცესია. თუმცა, „არაბული გაზაფხულის“ მაგალითზე რამდენიმე ქვეყნის მოყვანა შეიძლება, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულმა საპროტესტო ტალღამ აიძულა მმართველი ელიტა პრო-დემოკრატიული რეფორმები გაეტარებინა (მაგ. იორდანია), თუმცა ეს რეფორმები უფრო ფასადურ სახეს ატარებდა და რეჟიმის თვითგადარჩენას ემსახურებოდა. შესაბამისად, ამას რეალური დემოკრატიზაცია არსად არ მოჰყოლია.

საქართველოში კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტრანზიციის პერიოდში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის შედეგად გამოწვეული საპროტესტო ტალღა ძირითადად მალევე პოლიტიკურ ელფერს იძენდა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით სრულდებოდა. სოციალურ-ეკონომიკური საკითხები კი ხშირ შემთხვევაში დღის წესრიგის გარეთ რჩებოდა. გარდა ამისა, იგივე საპროტესტო ტალღა იწვევდა არა დემოკრატიზაციის განმტკიცებას, არამედ პირიქით, ხელს უწყობდა ავტორიტარიზმისკენ სწრაფვას. კერძოდ, მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილების მუხტი ხელისუფლებას არჩევნებში დემოკრატიული გზით გამარჯვების იმედს უქრობდა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არჩევნების გაყალბებისკენ და პოლიტიკური რეპრესიებისკენ უბიძგებდა. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება პირდაპირ უკავშირდება მის ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური სტაგნაცია პირდაპირ აისახება ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შენელებაზე.

პოლიტოლოგთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დემოკრატიზაცია ეკონომიკური განვითარების შედეგია და არა მიზეზი. ამ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მდიდრდება და გადანაწილებაც მეტ-ნაკლებად თანასწორად ხდება, სოციალურად ძლიერი ფართო მასები მზად არიან, რომ პოლიტიკური თანასწორობა მოითხოვონ და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეკონომიკური წინსვლა და თანასწორობის პრინციპზე დამყარებული გადანაწილება ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას იწვევს. ყოველდღიური სოციალური პრობლემებით დატვირთული ადამიანისგან განსხვავებით კი კეთილდღეობით უზრუნველყოფილი საშუალო ფენა უფროინტერესდება პოლიტიკით, მეტი უფლებებითა და თავისუფლებებით, მეტი ინდივიდუალური არჩევანის შესაძლებლობით ცხოვრებაში და იოლად აღარ ეგუება ავტორიტარულ მთავრობას.

დემოკრატიულ სისტემაშიც კი ეკონომიკური დაღმასვლა და სოციალური უთანასწორობის ზრდა დემოკრატიის მთავარი პრინციპის, ხალხის მმართველობის დეგრადაციას იწვევს. როცა ეკონომიური ძალაუფლება უმცირესობის ხელშია, ეს უმცირესობა პოლიტიკაზე მეტ ზეგავლენას ახდენს.შესაბამისად, უმრავლესობის ინტერესების რეპრეზენტაცია აღარ ხდება. სწორედ, ეს წარმოადგენს დღევანდელი დემოკრატიული სახელმწიფოების პრობლემას. ევროპისა და ამერიკისდემოკრატიის კრიზისისერთერთი უმთავრესი ფაქტორი სწორედ უმრავლესობის მიერ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობის შემცირებაა. გარდა ამისა, მოსახლეობის გაღარიბებულ მასას და მცირე გამდიდრებულ ელიტას ყოველთვის მივყავართ პლუტოკრატიამდე,რაც ავტორიტარიზმისკენ დიდი მიდრეკილებით გამორჩეული მმართველობის ფორმაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში უკანასკნელ ხანებში გარკვეული წარმატებით მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეკონომიკურმა დაღმასვლამ და სოციალური ფონის გაუარესებამ. კერძოდ, მხარდამჭერთა რაოდენობის შემცირება წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არადემოკრატიული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.

ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ქვეყანაში არსებული დისკურსის შეცვლა, რომელიცსოციალურეკონომიკურ უზრუნველყოფასა და თანასწორობას პრიორიტეტად არ აღიარებს. ამის მაგალითი უახლოეს წარსულშიც მოგვეპოვება, რომლის დროსაც ეკონომიკური წინსვლა და ინსტიტუციური მოდერნიზაცია არ გადაიზარდა წარმატებულ დემოკრატიზაციაში. ამის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, უგულებელყოფილი იყო სოციალური სამართლიანობის იდეა და არ ხდებოდა გაზრდილი დოვლათის თანასწორად გადანაწილება საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, მოსახლეობაში გაიზარდა სოციო-ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული უკმაყოფილების მუხტი, ხოლო დემოკრატიის დროშით მოსული ხელისუფლება, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დემოკრატიის ღირებულებებს სულ უფრო დასცილდა. შესაბამისად, სოციო-ეკონომიკური საკითხების უგულებელყოფამ შედეგად მოგვიტანა მოდერნიზაცია დემოკრატიზაციის გარეშე.

საქართველოში დემოკრატიისა და სოციალ-ეკონომიკური საკითხების დაშორებას თავად მოსახლეობის ფართო ფენების მიერ დემოკრატიზაციის არასწორმა აღქმამაც შეუწყო ხელი. ეს, თავის მხრივ, გამოწვეული იყო მმართველი ელიტის მხრიდან წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის შესახებ დისკურსის განზრახ დამახინჯებით. დემოკრატიზაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დისკუსიაში აქცენტი ნეგატიურ უფლებებსა და თავისუფლებებზე კეთდებოდა, თუმცა დემოკრატიული ღირებულებები ემყარება არამარტო მათ (მაგ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება), არამედ პოზიტიურ უფლებებსაც (მაგ. სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის ღირსეული სამუშაო პირობებითა და ანაზღაურებით უზრუნველყოფა). სწორედ, პოზიტიურ და ნეგატიურ უფლებებსა და თავისუფლებებზე დაყრდნობით შეიქმნა ევროპაში კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელები, რომლის გარეშეც დასავლური ღირებულებების მქონე თანამედროვე სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია. ამ მოდელში ევროპულმა ქვეყნებმა კარგად მოახერხეს ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიზაცია ურთიერთგანუყოფელ ელემენტებად ექციათ.

დღესდღეობით კეთილდღეობის სახელმწიფოს რამდენიმე მოდელი არსებობს. მათ შორის გამორჩეულია: ლიბერალური (ირლანდია, დიდი ბრიტანეთი), კონსერვატიული (გერმანია, ბელგია) და სოციალ-დემოკრატიული (შვედეთი, დანია). მათ ხშირად კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელის ქვეშ აერთიანებენ და ევროკავშირის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა მისი ძირითადი პრინციპების საკუთარი ქვეყნისთვის მორგებასა და იმპლემენტაციას ცდილობს. ზემოთხსენებული სამივე მოდელი აღიარებს ადამიანის პოზიტიურ უფლებებს, თუმცა განსხვავება მათ შორის ამ უფლებების დაცვასა და გარანტირებაში სახელმწიფოს მონაწილეობის დონეშია.ზოგადად კი, კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის სიძლიერე იმაში გამოიხატება, რომ სახელმწიფო გარკვეული დოზით მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში და ეს სფეროები არ ეყრდნობა მხოლოდ საბაზრო პრინციპებს.

საქართველოში, უკანასკნელი წლების განმავლობაში დეკლარირებული პროდასავლური კურსის მიუხედავად, კეთილდღეობის სახელმწიფოს ელემენტები ან იგნორირებული იყო, ან მხოლოდ საჩვენებელ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისა და დემოკრატიზაციის პროცესის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორება მოხდა. ვითარება გარკვეულწილად 2012 წლის შემდეგ შეიცვალა, რასაც ერთი მხრივ – ხელისუფლების ცვლილებამ, ხოლო მეორე მხრივ კი – ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ შეუწყო ხელი. ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს დემოკრატიზაციის პროცესში მეტი როლი მიენიჭა, თუმცა ქვეყანაში ჯერ კიდევ ძლიერია ხედვები და პრინციპები, რომლებიც შეუსაბამობაში მოდიან არამარტო კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპულ მოდელთან, არამედ ასოცირების ხელშეკრულების შედეგად ნაკისრ ვალდებულებებთან. დემოკრატიზაციის პროცესში სოციალურად პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს როლი ბოლომდე არ არის გააზრებული, რაც დიდი ალბათობით შეაფერხებს ქვეყანაში კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის დამკვიდრებას და დაბრკოლებად იქცევა ევროინტეგრაციისთვის აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა

Armijo, A., Biersteker, L. E., & Lowenthal, T. (1994). The Problems of Simultaneous Transitions.Journal of Democracy , 161-175.

Dolenec, D. (2008). Europeanization as a Democratising Force in Post-communist Europe: Croatia in Comparative Perspective. Politička misao , 23–46.

Learn Europe. (2009). MODELS OF THE WELFARE STATE IN EUROPE. Retrieved April 2, 2016, from http://www.learneurope.eu: http://www.learneurope.eu/index.php?cID=300

Lijphart, A. (1999). Patterns of Democracy: Government Forms and Performance in Thirty Six Countries. New Haven: Yale University Press.

Lipset, S. M. (1959). Some Social Requisites of Democracy: Economic Development and Political Legitimacy. The American Political Science Review , 69-105.

Petersheim, M.-J. (2012). The European Union and Consolidating Democracy in Central and Eastern Europe. Journal of European Integration , 75-91.

Teorell, J. (2010). Determinants of Democratization: Explaining Regime Change in the World, 1972-2006. Cambridge : Cambridge University Press

1Jan Teorell. (2010). Determinants of Democratization: Explaining Regime Change in the World, 1972-2006. Pg. 17-19

2 Lipset, S. M. (1959). Some Social Requisites of Democracy: Economic Development and Political Legitimacy. The American Political Science Review , 69-105. Pg. 69-70

3იქვე. გვ. 71-72

4იქვე. გვ. 86

5Lipset, S. M. (1959). Some Social Requisites of Democracy: Economic Development and Political Legitimacy. The American Political Science Review , 69-105. Pg. 75

Learn Europe. (2009). MODELS OF THE WELFARE STATE IN EUROPE. Retrieved 2016 წლის 2 April from http://www.learneurope.eu: http://www.learneurope.eu/index.php?cID=30

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ