წარმოგიდგენთ თანამედროვე ინტელექტუალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოაზროვნის, სამხრეთ კორეელი ეკონომისტის, ჰა-ჯოონ ჩანგის ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
ჩანგი კემბრიჯის უნივერსიტეტის პოლიტეკონომიის პროფესორია. ის სპეციალიზდება განვითარების ეკონომიკის სფეროში. ჩანგი რამდენიმე ბესტსელერი წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა “Kicking Away the Ladder: Development Strategy in Historical Perspective” (2002); “23 Things They Don’t Tell You About Capitalism” (2010); “Bad Samaritans: The Myth of Free Trade and the Secret History of Capitalism (2008); “Economics: The User’s Guide” (2014).
2013 წ. Prospect Magazine-ის მიერ დასახალებულ იქნა პლანეტის 20 ყველაზე დიდ მოაზროვნეს შორის. ის წლების მანძილზე მუშაობდა World Bank-ის, Asian Development Bank-ისა და Oxfam-ის წამყვან კონსულტანტად. ჩანგი ასევე Center for Economic and Policy Research-ის წამყვანი მკვლევარია ვაშინგტონში.
ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მისი მოხსენების თარგმანი მსოფლიო ბანკის მიერ განვითარებადი ეკონომიკების შესახებ 2009 წლის 22-24 ივნისს გამართული კონფერენციიდან – “ინდუსტრიული პოლიტიკა: შეგვიძლია თუ არა გავცდეთ არაპროდუქტიულ კონფრონტაციას?”.
© European.ge
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს წრეების ზოგიერთმა წარმომდგენელმა ბაზრის გაყალბებით, გადასახადებისგან თავის არიდებითა თუ გაუმართლებელი ბონუსებით, სცადა ბიზნესის დისკრედიტაცია, ბიზნესი ბრიტანეთში ჯერ კიდევ დიდი პატივშია. ყველანაირი ინიციატივა, რომელიც მაღალ შემოსავალზე გადასახადების გაზრდას ან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს, უარყოფილია როგორც ძალიან საშიში და ბიზნესის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. საყოველთაოდაა მიღებული, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც სერიოზულად უდგებიან ერის ეკონომიკურ აყვავებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის საკითხს, აუცილებლად უნდა იყვნენ ბიზნესის მხარეს (პრო-ბიზნეს).
მაგრამ, განა რას ნიშნავს იყო ბიზნესის მხარეს? პირველ რიგში, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ბიზნესისა და სიმდიდრის მხარეს ყოფნა. ყველა მდიდარი როდია ბიზნესმენი ან „დოვლათის შემქმნელი“, როგორც ამას დღეს უწოდებენ. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ მემკვიდრეობით ერგო უამრავი ფული, ზოგიერთმა კი დოვლათი სხვაგან შექმნა და თავად ბრიტანეთში ცხოვრობს.
რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ხარჯავენ ფულს, რითაც ირიბად ხდებიან სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის გაჩენის თანამონაწილე. თუმცა, სამუშაო ადგილების შექმნა, მოხმარებაში დახარჯული ფულით ყველას შეუძლია, თუ რა თქმა უნდა, მათ დასახარჯი ფული ექნებათ. შეიძლება იმის მტკიცებაც, რომ შედარებით უფრო დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა რეალურად, ბევრად უფრო ეფექტურია ამ კუთხით, ვინაიდან ისინი თავინთი შემოსავლის უდიდეს წილს ხარჯავენ მოხმარებაში და ამით ზრდიან მოთხოვნას ბიზნესისთვის. ასე რომ, გადასახადების დაკისრება “უმოქმედო მდიდრებზე“ და ამით მათი შემოსავლის ნაწილის გადანაწილება შედარებით უფრო ღარიბ ფენებზე შესაძლოა, სინამდვილეში პრო-ბიზნეს პოლიტიკაა.
ახლა კი მოდით განვაცალკევოთ თავთავი და ბზე. ბიზნესის მომხრეობა არ ნიშნავს და არც უნდა ნიშნავდეს, შემწყნარებლობას ზოგიერთი ბიზნესისა თუ კომპანიის მიერ უკანონო ან ნახევრად კანონიერი საქმიანობის მიმართ. მაგრამ, ინგლისის კონსერვატიული პარტიის დამფინანსებლებსა და მემარჯვენე გაზეთებს სურთ, რომ პრო-ბიზნეს პოლიტიკა სწორედ ამას გულისხმობდეს.
სინამდვილეში, კანონდამრღვევი ბიზნესის მიმართ ლმობიერება, ანტი-ბიზნესური მიდგომაა. როდესაც ზოგიერთი კორპორაცია და ბიზნესმენი თავის წილ სამართლიან გადასახადს არ იხდის, ამით ისინი გადასახადებს უზრდიან საზოგადოების სხვა წევრებს, მათ შორის სხვა ბიზნესებსაც. როდესაც არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები არღვევვენ კონკურენციის წესებს, იქნება ეს სავალუტო ბაზრის გაყალბება, თუ მინიმალური ხელფასის არ გადახდა, ისინი ამგვარი ქმედებებით ზიანს აყენებენ დანარჩენებს.
ახლა კი როდესაც გავარკვიეთ, რომ ბიზნესის მხარეს ყოფნა არ ნიშნავს კანონდამრღვევებზე თვალის დახუჭვას, გვაძლევს თუ არა ეს საფუძველს იმისა, რომ კანონმორჩილი ბიზნესის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ? პასუხია არა – დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელიც მსგავს რამეს ჩადის, არღევეს საკუთარ სამსახურებრივ მოვალებებს.
პრო-ბიზნეს რიტორიკის გავლენის ქვეშ მოქცეულებს, ხშირად გვავიწყდება, რომ მთავრობას ბიზნესის გარდა, სხვათა ინტერესების დაცვაც ევალება. მაგალითად, ბიზნესს შესაძლოა სურდეს დაბალი კორპორატიული გადასახადის დაწესება, მაგრამ ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ მთავრობას მოუწევს უფრო მეტად დაბეგროს საზოგადოების სხვა წევრები, რათა მივიღოთ იგივე ხარისხის საჯარო სერვისი. უფრო მეტიც, არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა სტრუქტურები, რომელთაც არ მოაქვთ მოგება, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ რასაც ისინი ქმნიან. ასეთებია მაგალითად: „ბიბისი“ (BBC), ხელოვნების საბჭო (Arts Council), ასევე უნივერსიტეტში არსებული: ანგლო-საქსური, ძველი სკანდინავიური, კელტურული კვლევებისა და ფილოსოფიის დეპარტამენტები.
თუმცა თუ ჩავთვლით, რომ მთავრობისთვის პრირიტეტი, სწორედ ბიზნესის დახმარებაა, ამ შემთხვევაშიც ვდგებით პრობლემების წინაშე, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა – „ბიზნეს ინტერესი“.
ბიზნესი ბევრი სხვადასხვა სექტორისგან შედგება: სოფლის მეურნეობა, მანუფაქტურული წარმოება, ენერგეტიკა, მშენებლობა, ფინანსები, ვაჭრობა და ა.შ. ასევე, არსებობენ სრულიად განსხვავებული ტიპის ფირმები: დაწყებული პატარა ხალიჩების წმენდის სერვისიდან და საშუალო ზომის „ჰაი-ტექ“ ბიზნესიდან, დამთავრებული ისეთი მსოფლიო გიგანატებით, როგორიცაა „როლს როისი“ (Rolls –Royce) ან HSBC. ეს ნიშნავს, რომ ერთი რომელიმე სექციის დახმარების პოლიტიკამ შესაძლოა დააზარალოს მეორე. მაგალითად, თუ ენერგო კომპანიას მივცემთ საშუალებას თავისი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს, სხვა ბიზნესები, რომლებიც ენერგიას მოიხმარენ ამით დაზარალდებიან. ასევე ფინანსური ინდუსტრიის დიდი სიყვარული მყარი ვალუტისადმი, ცუდად აისახება ექსპორტიორ მანუფაქტურულ ფირმებზე. უფრო მეტიც, ფინანსური სექტორის დერეგულაცია, ფინანსურ ინდუსტრიას არჩევანის საშუალებებს უზრდის. სწორედ ამის გამო ის ნაკლებად მომთმენი ხდება, რაც ართულებს იმ კომპანიების მდგომარეობას ვისაც, გრძელვადიანი ფინანსური გათვლები აქვთ.
განსხვავებული ბიზნეს ინტერესები აქვთ ასევე ეკონომიკის ერთსა და იმავე სექტორში მომუშავე კომპანიებს. სხვადასხვა ბიზნესი გასნხვავებულ საშუალებებს იყენებს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. მაგალითად, ყველა მანუფაქტურული ბიზნესი გეტყვით, რომ სურს უკეთესი ინფრასტრუქტურა და უფრო კვალიფიციური მუშახელი. თუმცა, რასაც ბირმინგემში არსებული დანადგარების მწარმოებელი კომპანია გულისხმობს უკეთეს ინფრასტრუქტურასა და უფრო კვალიფიციურ მუშა ხელში, განსხვავდება იმისგან, თუ რას გულისხმობს ამაში კემბრიჯის ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ფირმა.
თითოეული ზემოხსენებული მაგალითის შემთხვევაში, ნათელი არ არის თუ რისი გაკეთება ჩაითვლება პრო-ბიზნესად მთავრობის მხრიდან. რა ევალება მთავრობას? უნდა დაუშვას თუ არა ენერგო კომპანიების მიერ სხვა ბიზნესისთვის ზედმეტი ფულის გამოძალვა? უნდა დააყენოს თუ არა ფინანსური სექტორის ინტერესები, მანუფაქტურული სექტორის ინტერესებზე მაღლა? რა სახის კვალიფიკაცია და როგორი ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა უზრუნველყოს მან: რომელიც ბირმინგებულ ფირმას სჭირდება თუ რომელიც კემბრიჯის ფირმას სჭირდება?
ოფიცილურად ბრიტანეთის მთავრობა, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს და ეხმარება ყველა ბიზნესს, მაგრამ ზუსტად ამ ბუნდოვანების გამო, უფრო ძლიერი ინდუსტრიის ლობისტებმა შეძლეს „განსაკუთრებული პირობების“ მიღება. უბრალოდ გაიხსენეთ ექსპლიციტური და იმპლიციტური სუბსიდიები, რომელსაც საბანკო სექტორი ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე იღებდა, „ბეილ-აუთებისა“ და იაფი ფულის მეშვეობით. რას იტყვით, ბრიტანეთის მიერ სარკინიგზო ოპერატორების მასიურ ფარულ სუბსიდირებაზე? რომლის მეშვეობითაც კომპანია -Network Rail- რკინიგზის ინფრასტრუქტურით ზედმეტად დაბალ ფასში სარგებლობდა. ამაზე უარესი კი ის არის, რომ ეს სუბსიდიები გაიცემა, სერვისისა თუ შესრულების ხარისხის ძალიან დაბალი სტანდარტის მიუხედავად. წარმოიდგინეთ რამხელა კონტრასტია, თუ ამას შევადარებთ სტანდარტის იმ მოთხოვნებს, რაც დაწესებულია შრომისუუნაროებისა და დრობით უმუშევრების შემწეობის მისაღებად.
როდესაც ზოგიერთი ბიზნესი ასეთ განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს, ამით სხვები ზარალდებიან, რადგანაც მთავრობას ცოტა ფული რჩება რათა მოახდინოს ინვესტირება ინფრასტურქტურულ, კვლევისა და განვითარების თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში. ამ ყველფრის შედეგად კი ბიზნესების უმრავლესობა ზარალდება.
ჩვენ გვესაჭიროება, ჭეშმარიტად ბიზნესის მომხრე მთავრობა, რომელსაც ექნება ნათელი ეკონომიკური სტრატეგია და ცნობს სხვადასხვა ბიზნესის განსხვავებულ ინტერესებსა და პრიორიტეტებს, და ამასთანავე, შეუთავსებს მათ საზოგადოების დანარჩენი წევრების ღირებულებებსა და ინტერესებს. თუ ეს ზედმეტად რადიკალურად ჟღერს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად დიდი ხნის მანძლზე, ჩვენ დავუშვით უქნარა მდიდრების, კანონდამრღვევი ბიზნესმენებისა და ძლიერი ინდუსტრიის ლობისტების მიერ პრო-ბიზნეს რიტორიკის ბოროტად, მხოლოდ თავიანთი, ვიწრო ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება.
-ინგლისურიდან თარგმნა მაგდა ლაბაძემ