გორან თერბორნი – რას აკეთებს მმართველი კლასი როდესაც ის მართავს?

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

therbornგთავაზობთ კემბრიჯის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორის, გორან თერბორნის წიგნის მიმოხილვას – “რას აკეთებს მმართველი კლასი როდესაც ის მართავს?: სახელმწიფო აპარატები და სახელმწიფო ძალაუფლება ფეოდალიზმის, კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ქვეშ.”

წიგნს მიმოიხილავს პოლიტოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი.

ილუსტრაცია წერილის გარეკანზე: The Economist.

© European.ge

ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი იმას, რომ გორან თერბორნი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია სოციალურ სწავლებათა სფეროში. მისი სოციოლოგიური და ინტელექტუალური ინტერპრეტაციები თუ დაკვირვებები ისეთ სოციალურ თუ პოლიტიკურ ფეონომენებზე, როგორებიცაა სახელმწიფო, ძალაუფლება, იდეოლოგია, კაპიტალიზმი, მარქსიზმი, თანასწორობა, კლასი, საზოგადოება და ასე შემდეგ ფასდაუდებელ როლს ასრულებს თანამედროვე სამეცნიერო და ინტელექტუალურ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ გორან თერბორნის ნაშრომები მდიდარია არა მხოლოდ მისი ინტელექტუალური თუ სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ იმითაც რომ მისი ნაშრომების სულისკვეთება შთამაგონებელია სოციალურ და პოლიტიკურ სწავლებათა სფეროში მომუშავე მეცნიერთათვის.

წიგნი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ “რას აკეთებს მმართველი კლასი როდესაც ის მართავს?: სახელმწიფო აპარატები და სახელმწიფო ძალაუფლება ფეოდალიზმის, კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ქვეშ” (What Does the Ruling Class do When it Rules?: State Apparatuses and State Power under Feudalism, Capitalism and Socialism) პირველად გამოიცა 1978 წელს გამომცემლობა “NLB”-ის მიერ, ხოლო მეორედ კი 2008 წელს “Verso” გამომცემლობის მიერ სერიიდან “რადიკალური მოაზროვნეები.” 1977 წელს დაწერილი წიგნის წინასიტყვაობას პროფესორი თერბორნი ასე ამთავრებს „ეს ნაშრომი ძირითადად ეხება არა ჩემი, არამედ სხვა საზოგადოებების ისტორიასა და პოლიტიკას, აქედან გამომდინარე, ძალიან დაინტერესებული ვარ ურთიერთობებით იმ ჩემს ამხანაგებთან თუ კოლეგებთან, რომელთაც განხილულ თემებზე პირდაპირი შეხება და გამოცდილება აქვთ. შეგიძლიათ მნახოთ შემდეგ მისამართზე: სოციოლოგიის ინსტიტუტი, 220 05 ლუნდი 5, შვედეთი

წინასიტყვაობის ასეთი ღია, გულწრფელი და მონდომებული დასასრული მეტყველებს გორან თერბორნის აკადემიურ სტილზე, რაც მას ყოველთვის ახასიათებს – ღიაობა მეტი დისკუსიისთვის. ცხადია, ეს წინასიტყვაობა ასევე მეტყველებს იმაზეც, რომ თერბორნმა წიგნი ფაქტიურად სადისკუსიო მასალად წარმოგვიდგინა, იმდენად რამდენადაც მასში თავმოყრილია ის იდეები და დაკვირვებები, რაც შესაძლოა სხვადასხვა ინტელექტუალური პერსპექტივებიდან სხვადასხვაგვარდ იქნას აღქმული და გაგებული.

და მაინც რაზეა ეს წიგნი? შეიძლება ითქვას წიგნი ყველაფერზეა, რაც კი უკავშირდება საზოგადოებას, პოლიტიკას, ძალაუფლებას, სოციალურ ურთიერთობებსა და სახელმწიფოს ფუნქციონირების სტილსა და იდეას სოციალური ფორმაციის სამ ეტაპზე: ფეოდალიზმში, კაპიტალიზმსა და სოციალიზმში. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, თერბორნი ცდილობს ახსნას თუ როგორ ფუნქციონირებს და წარმოაჩენს თავს სახელმწიფო ფეოდალურ საზოგადოებაში, კლასიკურ და თანამედროვე დასავლურ სამყაროსა და ცივი ომის დროინდელ აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მის იდეოლოგიურ იდენტობას სოციალისტურ ეთოსზე თუ ნარატივებზე აფუძნებდნენ.

ჩემს მიმოხილვაში, ვეცდები წამოვწიო რამდენიმე საკითხი, რაც ყველაზე საგულისხმო და დამაფიქრებელია გორან თერბორნის ამ ნაშრომში და რის სოციალურ თუ პოლიტიკურ რელევანტურობას დღესაც წავაწყდებით.

ის რაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში მომუშავე მკვლევართათვის უპირველესად დამაინტერესებელია არის ის, რომ ნაშრომის დასაწყისშივე ავტორი თანმიმდევრულად მოგვითხრობს იმ აკადემიური დებატების შესახებ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიმდინარეობდა როგორც დასავლეთის, ასევე აზიის, საბჭოთა კავშირისა და ლათინურ ამერიკის აკადემიურ წრეებში, დებატები კი ძირითადად ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა – სახელმწიფო, კლასი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი, დემოკრატია და ა.შ. აქედან განსაკუთრებით საინტერესოა ინტელექტუალური დებატები, რომლებიც დუღდა დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერთა წრეებში და ძირითადად ეხებოდა იმას რომ, უნდა იყოს თუ არა პლურალიზმი და ელიტების ძალაუფლება თანამედროვე დასავლური პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი. თავად თერბორნი საკმაოდ კრიტიკულად აღიქვამს პლურალიზმის იმ მოდელს, რასაც დასავლურ კაპიტალისტურ დემოკრატიებში ელიტები ქმნიან და წარმოგვიდგენს საკმოდ ძლიერ კრიტიკას დასავლური დემოკრატიული პოლიტიკის პრაქტიკის.

თერბორნი უაღრესად საინტერესოდ აღწერს იმ აკადემიურ პროცესებს და ინტელექტუალურ დისკუსიებს, რომლებიც მიმდინარეობდა ევროპაში მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში. დისკუსიები მეტწილად ეხებოდა იმას თუ როგორია დემოკრატია დასავლეთში და როგორ შეიძლება შეიცვალოს ბურჟუაზიული დემოკრატიული მმართველობის სტილი.  თერბორნი განიხილავს სხადასხვა ევროპელი ინტელექტუალების, როგორებიცაა: პერი ანდერსონის, სანტიაგო კარილოს, ნიკოს პულანცასის, რალფ მილიბენდისა და სხვათა ნაშრომებსა და იდეებს. თერბორნი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ნორბერტო ბობიოს მიერ ინიცირებულ დისკუსიაზე იტალიაში 1975-76 წლებში, როდესაც მან ორი საკმოდ პროვოკაციული საკითხი წამოაყენა: პირველი, არსებობს თუ არა საერთოდ სახელმწიფოს მარქსისტული დოქტრინა და მეორე, რა არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის ალტერნატივები.

წიგნში უაღრესად საინტერესოდ არის წარმოჩენილი ის ინტელექტუალური დაკვირვებები იმ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც გაბატონებული კლასი იყენებს როგორც ფეოდალური ასევე კაპიტალისტურ საზოგადოების პირობებეში. თერბორნი ამტკიცებს, რომ თუკი მასების აბსოლუტური უმრავლესობის უციდინრობა და გაუნათლებლობა იყო ძალაუფლების ზრდის და ჰეგემონიის ერთგვარი ტექნიკა ფეოდალური დომინანტური კლასისთვის, თანამედროვე კაპიტალისტური წესრიგის პირობებში ახალ ტექნოლოგიებად მმართველი კლასი იყენებს ბიუროკრატიასა და საპარლამენტო პოლიტიკას, რომელიც აფუძნებს სრულიად ახალი ტიპის სახელმწიფოს რასაც ვუწოდებთ წარმომადგენლობით დემოკრატიას. ამასთანავე, თერბორნის ხაზს უსვამს იმას, რომ ვებერიანული ტიპის ბიუროკრატია გვიანდელმა კაპიტალისტურმა კლასმა თანდათან გარდაქმნა მენეჯერულ ტექნოკრატიად. ცხადია, ბიუროკრატია ისევე როგორც მენეჯერული ტექნოკრატია კაპიტალისტური სახელმწიფოს მართვის უმნიშვნელოვანესი აპარატია, სადაც ცოდნას, მგრძონებლობასა და ღირებულებებს ანაცვლებს ახალი კულტურა – ადამიანები, რომლებიც აღჭურვილნი არიან გარკვეული უნარებითა და ჩვევებით რაც სასიცოცხლოა კაპიტალისტური ბიუროკრატიული აპარატის ფუნქციონირებისათვის.

პრაქტიკულად, წიგნი წარმოადგენს იმ ბურჟუაზიული დემოკრატიის კრიტიკას, რომელიც ამოზრდილია ევროპული მონარქსიტული ტრადიციებიდან. თერბორნი ასე განსაზღვრავს ბურჟუაზიული დემოკრატიის არსს „ბურჟუაზიული დემოკრატია, როგორც ერთი მუჭა უმცირესობის მმართველობა ისეთი ინსტიტუტებით, როგორებიცაა საყოველთაო საარჩევნო უფლება და თავისუფალი არჩევნები, არის განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოების  ძალიან მნიშვნელოვანი და დამაინტრიგებელი ასპექტი“. თუმცა, ცხადია ბურჟუაზიული დემოკრატიის კრიტიკა არ უშლის ხელს თერბორნს როგორც მემარცხენე ინტელექტუალს ასევე გააკრიტიკოს საბჭოთა სისტემა. თერბორნი ძირითადად ბრალს დებს საბჭოთა რეჟიმს იმაში, რომ სისტემამ ვერ შეძლო უზრუნველყო მშრომელთა კლასის ერთიანობა ან ადმინისტრაციული თუ ტექნიკური კომპეტენციის ადეკვატური დონის უზრუნველყოფა და რომ მშრომელთა კლასი მთლიანად დაექვემდებარა უზენაეს პარტიულ კონტროლს რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიულმა კადრებმა შეაღწია სოციალურ და პოლიტიკური სტრუქტურათა ყველა უჯრედში.

ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს კაპიტალისტური ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზეც, თერბორნი ცდილობს კრიტიკულად გაიაზროს კაპიტალისტური სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა, რომელიც მისი მტკიცებით ეფუძნება არა მხოლოდ კაპტალთაშორის და ერთაშორის ურთიერთობებს, არამედ ასევე საერთაშორისო კლასობრივი სოლიდარობას, რაც ნიშნავს სხვა ბურჟუაზიული საზოგადოებების დაცვას სოციალიზმის საფრთხეებისგან. თუმცა აქაც, მისი მტკიცებით ახალი არაფერია რადგან თუკი ისტორიული პერსპექტივიდან შევხედავთ ასე ხდებოდა წარსულშიც, მაგალითად ფეოდალური სახელმწიფოთა კოალიცია საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური ინტერვენციების ის მექანიზმები რომლებიც ახასიათებს ერთის მხვრივ სოციალისტურ, ხოლო მეორეს მხრივ კაპიტალისტურ ქვეყნებს. საინტერესოა ის რომ მეთოდები, რომლებიც აქტუალური იყო გასულ საუკუნეში, ჩვენს დღევანდელ რეალობაშიც აქტუალური რჩება, განსაკუთრებით კი საგარეო ინტერვენციების ის მექანიზმები, რომლებსაც დასავლური დემოკრატიები დღესაც იყენებენ. თერბორნის მტკიცებით, თუკი მაგალითად სოციალისტური სახელმწიფოები იყენებენ „პროლეტარული ინტერნაციონალიზმის“ იდეას თუ მექანიზმის, კაპიტალისტური სახელმწიფოები ძირითადად იყენებენ ისეთ ეკონომიკურ მექანიზმებს როგორებიცაა: ბოიკოტი, ბლოკადა, ეკონომიკური სანქციების გამოყენება (თერბორნის არგუმენტაციით ამ უკანასკნელს დასავლური კაპიტალისტური ელიტები იყენებდნენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ) და სხვა.

ნაშრომში ძალიან საინტერესოდაა განხილული ფეოდალიზმისა და კაპიტალიზმის როგორც მსგავსება ისე განსხვავება. მაგალითად, თერბორნი ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ კაპიტალიზმის პირობებში, მთელი რიგი ფეოდალური სამართლებრივი რეგულაციები ჩაანაცვლა ბაზრის ეკონომიკურმა მექანიზმებმა, რაც ნიშნავს იმას რომ მთლიანი სისტემა, ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი მორგებულია ბაზრისა და თავისუფალი მეწარმეობის ინტერესებზე, მაშინ როდესაც სოციალისტურ სახელმწიფოში შიდა პოლიტიკა, და მართვის ადმინსიტრაციული და სამართლებრივი ფორმები მთლიანად მორგებულია მასების იდეოლოგიურ მობილიზაციაზე.

უნდა ითქვას, რომ თერბორნის კრიტიკული დამოკიდებულება საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ მკვეთრად თვალშისაცემია და ამ ინსტიტუტებს იდეოლოგიურ ფუნქციას ანიჭებს, რაც ცხადია დღესაც აქტუალურია მიუხედავად სოციალისტური ბანაკის კოლაფსისა. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, თერბორნის მტკიცებით „არიან კაპიტალისტური შანტაჟის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რაც მიმართულია სოციალისტური ან ექსცესიურად რეფორმისტური მთავრობების წინააღმდეგ.

დავუბრუნდეთ ისევ იმ ტექნოლოგიებს კაპიტალისტური წესრიგის პირობებში, რომლის შესახებ თერბორნი გვესაუბრება. მისი აზრით განსხვავებით ფეოდალური წესრიგისაგან, კაპიტალისტური ბიუროკრატიული და მენეჯერული მმართველობის სტრუქტურები ეფუძნება დისციპლინის კულტივაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც სახელმწიფო აპარატი (ადმინისტრაციული და რეპრესიული) ასევე კაპიტალისტური სტრუქტურები ავლენს იმ ღრმა დისციპლინის სულისკვეთებას, რაც თავის მხრივ მთლიანად მორგებულია საბაზრო რაციონალიზის ინტერესებზე, მენეჯერული ტექნოკრატია კი ამ ყველაფრის ტექნიკურ მოქნილობას უზრუნველყოფს. ცხადია თერბორნი არ უარყოფს დისციპლინის მნიშვნელობას მშრომელთა მოძრაობაში, თუმცა მისი აზრით წარმატებული მშრომელთა კლასის ორგანიზება მეტწილად ეფუძნება თავდადებასა და სოლიდარობას ვიდრე ფორმალურ ბრძანებებსა თუ იერარქიებს. აქ კი ცხადია თერბორნი არ გულისხმობს დისციპლინის იმ სტრატეგიას, რომელიც მოქმედებდა იმ დროინდელ სოციალისტურ აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დისციპლინის წარმოება და შენარჩუნება ხდებოდა პოლიტიკურ-იდეოლოგიური განათლებით და სახელმწიფოს ადმინსიტრაციული სტრუქტურების მიერ.

უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი ნაშრომი არის საკმაოდ ამბიციურ მცდელობა ავტორის მიერ კლასის, სახელმწიფოსა და ძალაუფლების გაანალიზების და ძირითადად სხვამს კითხვებს ისეთი თემების გარშემო როგორებიცაა: არსებობს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში მმართველი კლასი? თუკი არის მაშინ ვინ არის ეს კლასი? როგორ ახორციელებს ძალაუფლებას? როგორ შეიძლება დაიკარგოს ძალაუფლება? და ა.შ.

თერბორნი ხაზს უსვამს იმას, რომ მარქსისტი მკვლევარები ძირითადად დაინტერესებულნი არიან კლასების ურთიერთობით სახელმწიფო ძალაუფლებასთან, რადგანაც ისინი აღიქვამენ სახელმწიფოს როგორც ცალკეულ მატერიალურ ინსტიტუტს, რომელსაც არა აქვს ძალაუფლება იმდენად რამდენადაც ეს არის მხოლოდ ინსტიტუტი სადაც სოციალური ძალაუფლება კონცენტრირდება და ხორციელდება. თერბორნი ამტკიცებს რომ „ისტორიული მატერიალიზმის აქსიომას მიხედვით კლასი და სახელმწიფო ერთმანეთს განაპირობებს: იქ სადაც არ არიან კლასები, არ არის სახელმწიფოც“. შესაბამისად, როგორც ავტორი გვარწმუნებს, ნებიმისმიერი სახელმწიფო ატარებს კლასობრივ ხასიათს და ყოველ კლასობრივ საზოგადოებას ჰყავს მისი მმართველი კლასი.

მიუხედავად მარქსისტული იდეების, დისკურსებისა და ინტერპრეტაციების წარმოუდგენელი პოპულარობისა გასული საუკუნის 70-იანი წლების ევროპულ აკადემიურ წრეებში, ცხადია მარქსისტული აღქმა სახელმწიფოსი არ არის ერთარდერთი რომელმაც შეიძლება მკვლევართა ყურადღება მიიპყროს. თერბორნი ასევე ცდილობს წარმოგვიდგინოს კლასიკური ელიტისტური თეორეტიკოსების (გუმპლოვიჩი, მოსკა, პარეტო, მიხელსი) მოსაზრებები სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ძალაუფლების შესახებ. განსხვავებით მარქსისტებისგან, მათ სწამდათ, რომ საზოგადოება ზოგადად არ იცვლება და რომ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ციკლურ პროცესებს გარკვეული ელიტების აღზევების, მართვის, დეგენერაციისა და დაცემის. გარდა ელიტისტებისა თერბორნი ძალიან დიდ ადგილს უთმობს სტრატიფიკაციისა და ძალაუფლების ვებერიანულ ხედვას, რომელსაც თავის მხრივ უპირისპირებს მარქსისტულ ინტერპრეტაციებს.

სახელმწიფო ძალაუფლებისა და სახელმწიფო აპარატის ერთმანეთთან ურთიერთობისა და ანალიტიკურად განსხვავებული ერთეულების წარმოჩენისას თერბორნი ცდილობს გარკვეული ისტორიული გამოცილებებითაც ახსნას თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა მაგალითად ცარისტულ რუსეთში, ინგლისში ან პრუსიაში სახელმწიფოს იდეოლოგიასთან და მის იდეოლოგიურ აპარატთან, და როგორი იყო სახელმწიფო ძალაუფლებისა და მმართველი კლასისი კლასობრივი ხასიათი.

თერბორნი ყურადღებას ამახვილებს კლასობრივ ალიანსებსა და მმართველი კლასის სეგმენტაციაზე, რაც თავის მხრივ ჰეგემონიის საკითხს წარმოშვებს. თერბორნი საუბრობს ჰეგემონიის ორ გაგებაზე, რომელიც არსებობდა ორ განსხვავებულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში: რუსეთსა და დასავლეთში. შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთში პოპულარული ჰეგემონიის მარქსისტული გაგება შესაძლოა არა სუბსტანციურად, მაგრამ მაინც განსხვავდებოდა ჰეგემონიის იმ გაგებისგან, რომელსაც მაგალითად ანტონიო გრამში, დასავლური მარქსიზმის ემინენტური წარმომადგენელი გვთავაზობს.

კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად უტრიალებს თავში თერბორნს არის შემდეგი: რას აკეთებს მმართველი კლასი როდესაც მართვას? პასუხი კი ასეთი აქვს: ის განსაკუთრებით დაინტერესებულია მისი გაბატონების ეკონომიკური, პოლიტიკური და იდეოლოგიური ურთიერთობების კვლავწარმოებით, კონკრეტულად კი თერბორნი ამაში გულისხმობს იმას, რომ „ეს ხდება სახელმწიფო ძალაუფლების საშუალებით, ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ სახელმწიფოს ინტერვენციების ან პოლიტიკების საშუალებით და მათი ეფექტებით მმართველი კლასის პოზიციების კვალწარმოებაზე, სახელმწიფო აპარატისა და იდეოლოგიური სისტემების ურთიერთობების გზით“. ცხადია, სახელმწიფო ძალაუფლების დეტერმინანტების გარკვევა ამ წიგნის ალბათ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია და ამბიციაა.  განსაკუთრებით საინტერესოა თერბორნის მიერ აღწერილი სახელმწიფო ძალაუფლების ხასიათის განსმაზღვრელი ოთხი პრინციპი სტრუქტურალური თვალსაზრისიდან.

ნაშრომში საკმაოდ კრიტიკულადაა გაააზრებული ის ლიბერალური დისკურსები თუ ნარატივები, რომლებიც დღესაც მანიპულაციურ როლს ასრულებენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. „კანონის წინაშე თანასწორობა“ – ამ პრინციპს თერბორნი განსაკუთრებით ვერ ურიგდება და ამგვარ დისკურსს ბურჟუაზიული სულისკვეთების გამოვლინებად აღიქვამს, რადგან მისი აზრით ბურჟუაზიული სახელმწიფო როგორც წესი ასრულებს მედიატორის როლს მმართველ და მართულ კლასებს შორის წმინდა ფორმალურლი უნივერსალიზმის გამო და ამ პროცესში „კანონისა და წესრიგის“ უგულველყოფა როგორც წესი ერთ მხარეს ბრალდება – იმას ვინც იფიცება და მანიფესტაციებს აწყობს. ამიტომ ლოგოკურია ისიც, რომ თერბორნის არგუმენტაციით „როდესაც ეკონომიკური რეკონსტრუქციისა თუ მოდერნიზაციის პროგრამები ძალაში შედის, მათგან სარგებელს მხოლოდ მსხვილი კაპიტალისტები და მსხვილი ფერმერები იღებენ”.

წარმოდგენილ ნაშრომში თერბორნი გამოყოფს იდეოლოგიური ინტერპელაციის სამ ფორმას: იდეოლოგიის მიზანია ასწავლოს ადამიანს ის თუ რა არსებობს, რა არის შესაძლებელი, რა არის სწორი და არასწორი, ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ავტორის აზრით ამით ხდება არა მხოლოდ ძალაუფლების ლეგიტიმაციის კონცეფციის განსაზღვრა, არამედ ასევე სამუშაო ეთიკის, თავისუფალი დროის ცნების და ადამიანთა შორის ურთიერთობების ხედვების განსაზღვრა და ჩამოყალიბება, მათ შორის მეგობრობიდან სექსუალურ სიყვარულამდე. ეს ფორმები კი თავის მხრივ დამახასიათებელია ნებისმიერი იდეოლოგიისათვის.

ცხადია სახელმწიფო ძალაუფლებაც შეიძლება ასევე დაიკარგოს ან ტრანსფორმირდეს. თერბორნი გვესაუბრება რამდენიმე ისტორიულ  მაგალითზე, როდესაც გარკვეულ სოციალურ წესრიგს და სახელმწიფო ძალუფლებას დესტრუქციის საფრთხე დაუდგა, მაგალითად ძალადობამ და ეკონომიკურამ შევიწროებამ ძირი გამოუთხარა მე-16 და მე-17 საუკუნეებში ინგლისის ფეოდალური კლასს ან მაგალითად 1917 წლის მოვლენები რუსეთში, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა და გლეხობმა უარი განაცხადა დამორჩილებოდნენ კერენსკის მთავრობას, რადგან კერენსკი ცდილობდა მათ დარწმუნებას უარი ეთქვათ რევოლუციაზე და მეტი ყურადღება ომზე გადაეტანათ. საქმე იმაშია, რომ თერბორნი ძირითადად ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ ისტორიის დიალექტიკის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სოციალური კვლაწარმოების პროცესები ამავდროულად არის სოციალური რევოლუციის პროცესები. რევოლუცია კი აღმოცენდა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი უფრო ძლიერდება ვიდრე სოციალური კვლაწარმოების პროცესი. თერბორნის მიხედვით რევოლუციური პროცესები ორი ძირითად გზით ვითარდება: შიდა წინააღმდეგობებითა და არასწორი განვითარების ეგზარტიკულაციით, თერბორნი ამ ორ გზებზე უფრო ვრცლად საუბრობს მარქსისტული ინტერპერტაციების გზით.

წიგნი ყურადღებას ამახვილებას ლიდერთა შერჩევის სისტემაზე ანუ რეპრეზენტაციის ფორმატებზე. ცხადია, თერბორნისთვის ეს არის პროცესი რა დროსაც მმართველი კლასის ეკონომიკური, პოლიტიკური და იდეოლოგიური პოზიციების კვლავწარმოება სახელმწიფოს ლიდერების რეპრეზენტაციის საშუალებით ხდება. მაგალითად, თერბორნის აზრით რეპრეზენტაციის სოციალისტური ფორმატი არის ექსპლიციტურად კლასობრივი რეპრეზენტაციის ანუ სახელმწიფო თვითონ, პირდაპირ წარმოადგენს მშრომელთა კლასს და მის მოკავშირეებს, ხოლო ბურჟუაზიული რეპრეზენტაციის ფორმატი და თავის მხრივ მმართველი კლასისი რეპრეზენტაცია გამოვლინდება როგორც ეროვნული ანუ მთლიანი ერის რეპრეზენტაცია (თერბორნისთვის ეს ბურჟუაზიული მმართველი კლასისთვის დამახასიათებელი მანიპულაციური დისკურსი, ტექნიკა და სტრატეგიაა). ხოლო ფეოდალური ფორმატის პრინციპი კი მდგომარეობს იმაში, რომ ის თითქმის უარყოფს რეპრეზენტაციის იდეას. თერბორნი ასევე საინტერესოდ განიხილავს ლიდერთა შერჩევის პრინციპებს რაც სჭირდება პოლიტიკური რეპრეზენტაციის ნებისმიერ ფორმატს.

თერბორნის მოსაზრებით ბურჟუაზიული რეპრეზენტაციის კლასიკური ფორმატი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური ლიდერები როგორც ცნობილი ადამიანები აღმოცენდებიან არაფორმალური ბურჟუაზიული ჯგუფებიდან, რომლებიც არიან მმართველი კლასისი წევრები ან წარმოადგენენ მოკავშირე ჯგუფებს (მაგალითად იურისტები და ბიუროკრატები). საინტერესოა ის, რომ ეს საკითხი დღესაც აქტუალურია, თუმცა გარდა პროფესიონალთა კლასის წარმომადგნელებისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მმართველი კლასის მიერ სამოქალქო და კულტურული ელიტების ეფექტური მობილიზაცია და მათი წარმოჩენა, როგორც ახალ პოლიტიკურ ელიტებად, რაც ცხადია ემსახურება სახელმწიფო ძალაუფლების მეტ განმტკიცებას და არის ერთგვარი მანიპულაციური ტექნიკა სახელმწიფოს ძალაუფლების მიმართ მორჩილებისა და სიმპათიის გასაძლიერებლად.

თერბორნი კომპლექსურად მიმოიხილავს ევროპაში ბურჟუაზიული პარტიების კომპოზიციასა და სტრატეგიას და აქცენტებს აკეთებს იმაზე, თუ როგორ ხდებოდა სხვადასხვა პარტიების მიერ ისეთი სოციალური ფენომენების ინტერნალიზაცია როგორებიცაა ნაციონალიზმი და რელიგია. თერბორნი ასევე საკმოდ ვრცლად საუბრობს სტატიზმის ფენომენზე ბურჟუაზიულ საზოგადოებებში და მის ტიპოლოგიაზე (მაგალითად ბონაპარტიზმი ევროპაში და სამხედრო რეჟიმები ლათინურ ამერიკაში).

ნაშრომში სიღრმისეულად არის განხილული სკანდინავიური პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური ონტოლოგია, მოქმედების სტილი და სტრატეგიები მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. განსაკუთრებით საინტერესოა ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიისა და შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შედარება, ანუ მაშინ როდესაც ნორვეგიელები უფრო მეტად იხრებოდნენ მემარცხენე რადიკალიზმისკენ და თავს მიიჩნევდნენ ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომი მოძრაობის ნაწილად, შვედეთის სოციალ-დემორკატიული პარტია ისტორიულად სოციალისტური წესრიგისკენ უფრო მიილტვოდა ვიდრე პროლეტარიატის დიქტატურისკენ.

თერბორნი სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატებს განიხილავს, როგორც ყველაზე ძლიერს ქომაგებს და მცველებს გაბატონებული სოციალური წესრიგისა. თუმცა მისივე აზრით ცენტრალიზებული რეპრესიული აპარატის თავგასულობამ შესაძლოა ბიძგი მისცეს ამბოხს, ნაშრომში ამის მაგალითად მოყვანილია გლეხთა ამბოხი პარიზში 1358 წელს და სხვა ისტორიული გაკვეთილები. თერბორნის მიხედვით კლასობრივი მმართველობის დროს, რეპრესიების ოთხი საშუალება ან გნებავთ ფორმა არსებობს: ოპოზიციის აკრძალვა, ინტრასისტემური ოპოზიციის შეზღუდვა, დაშინება/ტერორი და ფარული მიყურადება. წიგნში ფართოდ არის განხილული ოპოზიციის შევიწროების, პოლიციის მიერ დაშინების, პოლიტიკური აკრძალვების, ფარული მიყურადებისა და სხვა რეპრესიული პროცესების ალგოროთმი დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თერბორნი ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ რეპრესიული აპარატი არა მხოლოდ დიქტატურისთვის, არამედ ასევე დასავლური წერისგისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და ამის მაგალითად ის გვისახელებს ორ დასავლურ ბურჟუაზიულ სახელმწიფოს, სადაც რეპრესიული პოლიტიკა ყველაზე მეტად გამოიხატებოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში: ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ გერმანია. ცხადია თერბორნი ასევე საუბრობს სახელმწიფო რეპრესიების იმ ფორმების შესახებ რომლებიც ფუნქციონირებდა იმდროინდელ სოციალისტურ ევროპაში, სადაც რეპრესიები მიმართული იყო არა მხოლოდ ბურჟუაზიის წინააღმდეგ, არამედ ასევე მძლავრად გამოიყენებოდა კომუნისტური პარტიებსა და მშრომელთა კლასის შიგნით მოქმედი დისიდენტური სექტორის წინააღმდეგაც.

საინტერესოა ის, რომ თერბორნი კრიტიკულად აღიქვამს სახელმწიფოს მიერ მართული კლასის მატერიალურ მხარდაჭერას და პარალელს ავლებს ფეოდალურ და კაპიტალისტურ საზოგადობებზე სადაც სახელმწიფოს მიერ გაწეული ქველმოქმედება და მატერიალური მხარდაჭერა ხშირად ნაწილი იყო პოლიტიკური სტრატეგიებისა. თერბორნის მოსაზრება ეფუძნება იმ არგუმენტაციას, რომ ძალიან ხშირად სახელმწიფოს მიერ გაღებული დახმარება ემსახურება გაბატონებული სისტემის პოლიტიკურ დომინაციას. აქ უკვე თერბორნს მეტი სიცხადისთვის მოჰყავს ბისმარკის მაგალითი, როდესაც მან 1881 წელს შემოიღო სოციალური დაზღვევის ცნობილი პაკეტი რაც იყო ნაწილი სისტემის გაბატონების და რასაც წინ უძღვოდა მთელი რიგი აკრძალვები გერმანიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ. თერბორნს ასევე მაგალითად მოჰყავს ბრიტანეთში ლორდი ბევერიჯის ანგარიში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იცავდა კეთილდღეობის სიღრმისეულ პროგრამებს, რადგან მას სწამდა, რომ მხოლოდ ასეთი ზომების მიღება გადაარჩენდა „თავისუფალ საზოგადოებას“ მოსალოდნელი საფრთხისგან, თერბორნის მტკიცებით კი ლორდი ბევერიჯი ცხადია მიანიშნებდა კაპიტალისტური დემორკატიის გადარჩენაზე, როდესაც ის იყენებდა ტერმინს „თავისუფალი საზოგადოება“. თერბორნის აზრით სახელმწიფო კეთილდღეობის პროგრამები ნათელი მაგალითია იმისა, რომ კლასობრივი მმართველობა გარდაუვალი კონფლიქტური ხასიათისაა.

შესაჯამებლად, თერბორნი აცხადებს, რომ ნაშრომის მთავარი მიზანი იყო კლასობრივი მმართველობის და პოლიტიკური ძალაუფლების ანალიზის წარმოდგენა, ანუ როგორ უნდა მოვახდინოთ ამ ორი ფენომენის შესწავლა და გაანალიზება. ცხადია მეტწილად, ასეთი ანალიზისისა, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით თერბორნი უფრო ეყრდნობა ისტორიულ მატერიალიზმს, თუმცა როგორც თვითონვე ნაშრომის შემაჯამებელ თავში განმარტავს „ისტორიულ მატერიალიზმს ჩვენ ვიყენებთ არა როგორც სპეციალურ ენას მოვლენათა რეინტერპრეტაციისთვის, არამედ როგორც ინსტრუმენტს ადამიანის სოციალური კონდიციებისა და შესაძლებლობების ემპირიულად შესწავლისთვის“. თერბორნი გვთავაზობს სხვადასხვა თეორიულ შესაძლებლობებსა და ჩარჩოებს სახელმწიფო ძალაუფლებისა და კლასობრივი მმართველობის გასაგებად. ცხადია გორან თერბორნი, როგორც მარქსისტი არ გამოყოფს ამ ორს ერთმანეთისგან და ბუნებრივია მას სწამს რომ სახელმწიფო ძალაუფლება მანამდე იარსებებს სანამ იარსებებს კლასობრივი საზოგადოება. რასაკვირველია, უნდა ითქვას ისიც, რომ  ის როგორც კაპიტალისტურ ასევე სოციალისტურ სახელმწიფოებს განიხილავს როგორც კლასობრივ საზოგადოებებს.

ყურადსაღებია ისიც, რომ თერბორნი ისევ და ისევ განსაკუთრებით უსვამს ხაზს მე-20 საუკუნის 70-იან წლებში კაპიტალისტურ საზოგადოებებში აღმოცენებულ მემარცხენე დებატებს, რომლებიც ძირითადად ორი თემის გარშემო ტრიალებდა: სოციალიზმი და დემოკრატია. თერბორნი ციდლობს ახსნას სოციალიზმისა და დემოკრატიის კორელაცია და მისი მნიშვნელობა რევოლუციურ მშორმელთა მოძრაობისთვის, ცხადია, მას სწამს რომ დემოკრატია ყოველთვის იყო აღქმული როგორც ინსტრუმენტი, რომელიც მშრომელთა კლასს ხელისუფლების სათავეში მოიყვანდა და რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა სოციალიზმის განხორციელებას. ამასთანავე, წიგნში ხაზმასმით არის აღნიშნული, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები ანუ თანასწორი და საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე არჩეული ხელისუფლება ყოველთვის წარმოადგენდა სოციალიზმის მარქსისტული კონცეფციის განუყოფელ ნაწილს მის ადრეულ ეტაპზე.

წიგნის დასასრულს თერბორნი მიმოიხილავს ლენინის, გრამშისა და მაო ძედუნის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ რეფლექსიების ისეთი თემების გარშემო როგორებიცაა: იდეოლოგია, რევოლუცია, მშრომლეთა კლასი, სახელმწიფო და ა.შ. თერბორნი განსაკუთრებით უსვამს ხაზს გრამშის ინტელექტუალურ მემკვიდრეობას მარქსისზმის სწავლებაში და „გრამშიანიზმს“ დასავლური მარქსიზმის ნარკოტიკს უწოდებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ წიგნი დაიწერა გასული საუკუნის 70-იან წლებში, ცივი ომის პერიოდში. თერბორნი ცივ ომს და ზოგადად ცივი ომის დიალექტიკას განიხილავს როგორც სერიოზულ რეგრესს როგორც დემოკრატიისთვის ასევე სოციალიზმისთვის რადგან ამ პროცესში დემოკრატიული პოტენციალი და თავისუფლებები შეზღუდულ იქნა როგორც დასავლეთში ასევე სოციალისტური ევროპის სივრცეში, ხოლო კომუნისტური და სოციალისტური პარტიების მიმართ განხორცილებულ იქნა მთელი რიგი შეზღუდვები და აკრძალვები დასავლეთის ბურჟუაზიულ ქვეყნებში.

საგულისხმოა ისიც, რომ მარქსისა და ლენინის მიერ ხშირად გამოყენებულ ტერმინს “პროლეტარიატის დიქტატურა“ თერბორნი განიხილავს როგორც დემოკრატიის ყველაზე ფართო ფორმას, ანუ სახელმწიფოს სადაც მოსახლეობის უმრავლესობის თავისუფალი ნება ყველაზე მეტად არის გამოხატული, თუმცა თერბორნი აქვე იმასაც ამატებს, რომ  არც მარქსს და არც ლენინს არ უსაუბრია კონკრეტულად იმაზე თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ასეთი სისტემა.

თერბორნის მთელი ამ ნაშრომის სულისკვეთება მდოგომარეობს იმაში, რომ მომავლის პერსპექტივა მხოლოდ დემოკრატიულ სოციალიზმშია. ის მონდომებით ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ გზა სოციალიზმისკენ არ შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ და მხოლოდ იდეალების, იმედებისა და ოცნებების კონტექსტში, არამედ ეს გზა უნდა იქნას დაფუძნებული წარსულისა და აწმყოს რეალობაზე, საჭიროა გააზრებულ იქნას წარსულის გაკვეთილები და აწმყოს არსი. თერბორნი საინტერესოდ აღწერს იმ შეცდომებს და მიღწვებს რაც განიცადა მემარცხენე მოძრაობებმა (კომუნისტებმა, სოციალისტებმა, სოციალ დემოკრატებმა) როგორც დასავლეთში ასევე, სოციალისტურ სამყაროსა და ლათინურ ამერიკაში.

დაბოლოს, თერბორნის აზრით ცხადია დემოკრატიული სოციალისტური სტრატეგია ერთგულია პლურალიზმის და ბუნებრივია მას სწამს რომ პლურალიზმი არის მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიის, როგორც პროცესის. მაგრამ როგორც თავშივე ავღნიშნე თერბორნი სკეპტიკურად და კრიტიკულად უყურებს პლურალიზმის ადგილს და როლს ბურჟუაზიულ საზოგადოებებში, სადაც მისი აზრით პლურალიზმი მნშივნელოვანდ ახდენს საზოგადოების ატომიზაციას რაშიც ის გულისხმობს იზოლაციას, დაუცველობას, დამცირებას, დეგრადაციას და თვითდესტრუქციას, ასეთ „პლურალიზმე“ კი მისი აზრით ცხადია ვერანაირი სოციალიზმი ვერ აშენდება.

ჩემი აზრით, გორან თერბორნის ეს უკვე კლასიკად ქცეული ნაშრომი დღესაც, 38 წლის შემდეგ, არის ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიური ლიტერატურა როგორც სოციალურ, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე მკვლევართა თუ მეცნიერთათვის, რათა ის კრიტიკული რეფლექსიები, რომლებსაც ავტორი გვთავაზობს სახელმწიფოსა და გაბატონებული პოლიტიკური თუ კულტურული კლასების შესახებ დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას არსებული პოსტმოდერნული წესრიგის პირობებში.

იხილეთ ბაქარ ბერეკაშვილის სხვა წერილები ჩვენს ვებგვერდზე.

bakar

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ