გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტს ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტის ჯოზეფ სტიგლიცის წიგნიდან “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება”. იგი წლების მანძილზე მსოფლიო ბანკის მთავარ ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ეკონომისტად მუშაობდა, ამიტომ ეს წიგნი სწორედ მისი პრაქტიკული გამოცდილების ანალიზის ნაყოფია. წიგნში გაანალიზებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების – მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის – მიერ წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკა, დაშვებული შეცდომები და მიღებული შედეგები. წიგნში ასევე საუბარია თუ რა პრობლემებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი განვითარებად სახელმწიფოებში.
საქართველოში თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესების გაანალიზებასთან დაკავშირებით გამოცემული წიგნების მწვავე დეფიციტია. აღსანიშნავია, რომ სტიგლიცის წიგნი “გლობალიზაციაზე” არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამმა” გამოსცა ქართულად. “რადარამი” თვეში ერთხელ ქართულად გამოსცემს თანამედროვე არამხატვრულ ლიტერატურას, რომელიც აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება.
ფრანგმენტი წიგნიდან “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება”
გაჟონვის ეკონომიკა
ე.წ. სოციალური კონტრაქტი ,,თანაბარ განაწილებას~ გულისხმობს – ეკონომიკური წინსვლის შედეგები პირველ რიგში ღარიბებმა უნდა იგრძნონ და კრიზისის დროს პრობლემები მდიდრებმაც უნდა გაიზიარონ. ვაშინგტონის კონსენსუსი თანაბარი განაწილების პრინციპს არ ითვალისწინებდა, რის შესახებაც შეთანხმების მხარდამჭერები გეტყოდნენ, რომ ღარიბების დასახმარებლად ყველაზე ეფექტური საშუალება ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა. მათ გაჟონვის პოლიტიკის სჯერათ. მათი აზრით, დროთა განმავლობაში ეკონომიკური წინსვლის სიკეთე ღარიბებამდეც მიაღწევს. გაჟონვის ეკონომიკა უბრალოდ რწმენის საკითხია და მეტი არაფერი. მეცხრამეტე საუკუნეში პაუპერიზმი პოპულარული გახდა ინგლისში იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა წინ მიდიოდა. ყველაზე დრამატული მაგალითი 1980-იან წლებში ამერიკაში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა იყო, როცა დაბალ სოციალურ ფენას შემოსავალი რეალურად შეუმცირდა. კლინტონის ადმინისტრაცია გაჟონვის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო: ის თვლიდა, რომ გაჭირვებულების დასახმარებლად სპეციალური ქმედითი პროგრამების შექმნა იყო საჭირო. როცა თეთრი სახლიდან მსოფლიო ბანკში გადავედი, მეც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ პოლიტიკის მიმართ: თუ ამან ამერიკაშიც კი არ გაამართლა, რატომ გვგონია, რომ განვითარებად ქვეყნებში იმუშავებს? მართალია, საგრძნობი ეკონომიკური წინსვლის გარეშე ცხოვრების დონის გაუმჯობესება შეუძლებელია, საწინააღმდეგო რამ სავალდებულო სულაც არ არის: ზრდას არ მოაქვს შედეგი ყველასათვის. არ არის მართალი, თითქოს ,,მოქცევა ყველა ნავს ადგილიდან ძრავს~. მოქცევა ზოგჯერ შეიძლება ისეთი ძლიერი იყოს (მით უმტეს, თუ შტორმიც თან ერთვის), რომ სუსტი ნავები შეიძლება ნაპირს შეახეთქოს და ნაწილებად აქციოს.
გაჟონვის ეკონომიკას სერიოზულ ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ მის წარმოშობას ძლიერი ინტელექტუალური საფუძველი გააჩნია. ნობელის პრემიის ერთი მფლობელი არტურ ლევისი ამტკიცებდა, რომ უთანასწორობა კარგია განვითარებისა და ეკონიმიკური ზრდისათვის, რადგან მდიდრები მეტ ფულს ინახავენ, ვიდრე ღარიბები და ზრდისათვის კი კაპიტალის დაგროვება აუცილებელია. ნობელის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატი საიმონ კუზნეთსი ამტკიცებდა, რომ განვითარების ადრეულ სტადიებზე უთანასწორობა იმატებს, მაგრამ მოგვიანებით ვითარება იცვლება .
მაგრამ უკანასკნელი ორმოცდაათი წლის მოვლენებმა ეს თეორიები და ჰიპოთეზები არ დაადასტურა. მომდევნო თავში ვნახავთ, რომ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა: სამხრეთ კორეამ, ჩინეთმა, ტაივანმა, იაპონიამ აჩვენეს, რომ დიდი ფულის დასაზოგად უთანასწორობა სულაც არ არის აუცილებელი და სწრაფი ზრდა უთანასწორობის ზრდის გარეშეც შეიძლება მოხდეს. ამ ქვეყნის მთავრობები არ თვლიდნენ, რომ ეკონომიკური ზრდა სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს გაუმჯობესებულ ცხოვრების პირობებს ავტომატურად მოუტანდა. თვლიდნენ, რომ თანაბარი პირობების არსებობა ზრდას ხელს შეუწყობდა კიდეც, ამიტომ მთავრობები ზრუნავდნენ იმაზე, რომ ზრდა ყველათვის საგრძნობი ყოფილიყო _ ხელფასებს შორის განსხვავება ძალიან არ გაზრდილიყო და განათლება გარკვეულწილად ყველასათვის მისაწვდომი ყოფილიყო. ამ პოლიტიკის შედეგი იყო სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა, რამაც, თავის მხრივ, ისეთი ეკონომიკური გარემოს შექმნას შეუწყო ხელი, სადაც ბიზნესი წარმატებით ვითარდებოდა. ახალი ტალანტების აღმოჩენამ რეგიონის განვითარება უფრო დინამიური გახადა.
სხვა ქვეყნებში, სადაც ვაშინგტონის კონსენსუსის პოლიტიკას მისდევდნენ, ეკონომიკური ზრდის შედეგად ღარიბებმა ნაკლებად იხეირეს. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ზრდის პროცესში არ მოხდა უთანასწორობის შემცირება ისევე, როგორც არ შემცირებულა სიღარიბის დონე. ზოგ შემთხვევაში სიღარიბემ მოიმატა, რაც ურბანული ჯურღმულების მომრავლებაშიც გამოიხატა. სავალუტო ფონდი სიამაყით ლაპარაკობს ამ ქვეყნებში უკანასკნელი ათი წლის მანძილზე განხორციელებულ წარმატებულ საბაზრო რეფორმებზე (თუმცა შედარებით იშვიათად მას შემდეგ, რაც 2001 წელს არგენტინაში კრიზისი დაიწყო და სტაგნაცია და რეცესია სხვა ,,რეფორმირებულ” ქვეყნებსაც შეეხო). ფონდი არასდროს ლაპარაკობს სიღარიბესთან დაკავშირებულ ციფრებზე.
ცხადი გახდა, რომ თავისთავად ეკონომიკურ ზრდას არ მოჰყვება ცხოვრების გაუმჯობესება ყველასათვის. შესაბამისად, ტერმინი `გაჟონვის თეორია~ საერთაშორისო დებატების დროს აღარ ფიგურირებს. მაგრამ ეს იდეა ბოლომდე არ გამქრალა. ახალ ვარიანტს გაჟონვა პლუსს ვუწოდებ. მის მიხედვით, ზრდა აუცილებელია და თითქმის საკმარისია სიღარიბის შესამცირებლად, ანუ მთავარი ფოკუსი ზრდის პროცესზეა გადატანილი, მაგრამ ქალების განათლებასა და ჯანდაცვასაც გარკვეული ყურადღება ეთმობა. ამ პოლიტიკის მომხრეებსაც არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ სიღარიბის პრობლემასთან ბრძოლა ფართო კონტექსტში დაწყებულიყო. არც ისეთ კონკრეტულ პრობლემებზე უზრუნიათ, როგორიცაა ქალების განათლება. ამ პოლიტიკის მომხრეების პოზიცია დიდად არ განსხვავდება გაჟონვის პოლიტიკის მომხრეებისაგან. შედეგი ასევე წინააღმდეგობრივი იქნებოდა. ზედმეტად მკაცრი `ადაპტაციის პოლიტიკის~ შედეგად ბევრ ქვეყანაში მოხდა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების დაფინანსების შემცირება. ტაილანდში ამის შედეგად პროსტიტუციამ მოიმატა. შიდსთან ბრძოლის პროგრამის დაფინანსებაც ასევე შემცირდა, რამაც სერიოზულად შეაფერხა ამ წარმატებული პროგრამის საქმიანობა.
ირონიულად ჟღერს, მაგრამ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მხარმდამჭერი კლინტონის ადმინისტრაციის დროს ამერიკის ხაზინა იყო. ამ ადმინისტრაციაში სხვადასხვაგვარი მოსაზრებები არსებობდა. ახალი დემოკრატები, მაგალითად, თვლიდნენ, რომ მთავრობის როლი უნდა შემცირებულიყო, ძველი დემოკრატები კი მიიჩნევდნენ, რომ მთავრობა უფრო აქტიურად უნდა ჩარეულიყო ეკონომიკაში. მაგრამ ცენტრის პოზიცია, რომელიც აისახებოდა პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშში (ეკონომიკურ მრჩვეველთა საბჭოს მიერ რომ მზადდება), გაჟონვის ეკონიმიკის (სხვათა შორის, ასევე გაჟონვა-პლუსის) წინააღმდეგ იყო მიმართული. ე. ი. ხაზინა მხარს უჭერდა პოლიტიკას, რომელიც (თუ შტატებში ვინმე მის გატარებას შეეცდებოდა) ადმინისტრაციის წინააღმდეგობას წააწყდებოდა და დამარცხდებოდა კიდეც. ამ წინააღმდეგობრივი პოლიტიკის მიზეზი მარტივია: საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის გავლენის სფეროს ნაწილი არიან. ეს არის არენა, სადაც მცირე გამონაკლისების გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს უფლება აქვთ საკუთარი პოლიტიკური კურსით იმოქმედონ ისევე, როგორც სხვებს შეუძლიათ დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატარონ საკუთარი გავლენის სფეროებში.