გიორგი ღვინჯილია: “კირუხი” და ნარკოპოლიტიკა

giorgi
ფოტო © EMC

რთულია ამ სიტყვის განმარტება. ქუჩის ჟარგონზე კირუხი გაჭირვებულ, დაუკმაყოფილებელ, დაჩაგრულ მდგომარეობას ნიშნავს, უპერსპექტივობას და აპათიას, რომელიც ქუჩაში ხშირად ისადგურებს. კირუხი ხანდახან გალიაკსაც ემთხვევა, პერიოდს, როდესაც ნარკოტიკების შოვნა რთულდება. ხანდახან პირიქით, კაიფის სიჭარბესთან ერთად დგება.

მაგ: „ბიჭო რა ხდება უბანში? – რავი მაგარი კირუხია“, ან „შეხედე როგორი ჩაკირუხებულები დგანან ყინვაში“ ან „ცუდად გახსნა და მაგრად დამაკირუხა“, ან „ბიჭო არ გვინდა ეს კირუხი კარგზე ვილაპარაკოთ“.

ბოლო დროს გაძლიერდა ტენდენცია, რომელიც ნარკოპოლიტიკაზე საუბარს კირუხის და გაჭირვების გამოტოვებით ცდილობს. უხეშად, რომ ვთქვათ ასეთი მოსაუბრე თვლის, რომ „ვიღაცეების დაშლილი ღვიძლი მათივე საქმეა“. ასეთი მსჯელობა ხაზს უსვამს პირად თავისუფლებას, სიამოვნებას და ბედნიერებას, რომელსაც ნარკომომხმარებლებს ართმევენ და არ საუბრობს სოციალურზე, ანუ საუბრობს ნარკოპოლიტიკაზე პოლიტიკის გარეშე. ასეთმა მოსაუბრემ ქუდი უნდა დაიხუროს და დაკავებული თანამდებობიდან წავიდეს. ცხადია ყველანი ვთანხმდებით, რომ არ უნდა გვიჭერდნენ და „ნულოვანი ტოლერანტობის“ პერიოდის კანონმდებლობა, რომელიც მიკროსკოპური დოზებისთვის ასტრონომიულ სროკებს იძლევა, მთლიანად შესაცვლელია.

რა ხდება სინამდვილეში გარეუბნებსა და რაიონებში, სადაც ჩვენი დამუნჯებული და ჩაკირუხებული დები და ძმები ცხოვრობენ? რითი კაიფობენ ამ ქვეყანაში? საიდან ნაშოვნი და რამდენი ფულით? ვინ მდიდრდება ხალხის გაჭირვებაზე? რატომ არის ნარკომანია ასეთი ფართო პრობლემა საქართველოში? როგორც ჩანს ამ რეალობას ეთნოგრაფიული აღწერა ჭირდება, იმისთვის რომ ყველაფერი მკაფიო და ადვილად გასარჩევი გახდეს.

წიწვები

თბილისის შემოგარენში სპეციფიკური წიწვოვანი ხის ჯიში ხარობს, რომელსაც ეფედრა ქვია. მისი ხარშვის შედეგად ეფედრინის ხსნარი, ანუ ე.წ. ვინტი მიიღება. ბოლო ინფორმაციით ვინტი ქალაქში ყველაზე გავრცელებული ინტრავენური ნარკოტიკია. სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში 50 000 პრობლემური ინტრავენური მომხმარებელია, ცხადია ეს ზედმეტად მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „არაპრობლემური“ მომხმარებლების რაოდენობა ბევრად დიდია და ასევე იმას, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ამგვარი პრობლემის დამალვას ცდილობს, შეიძლება ბევრად უფრო საგანგაშო მონაცემები მივიღოთ.

წიწვების საკრეფად წასულ ბიჭს ვხვდები, რომელსაც უჩვეულოდ ჭრელი ტანსაცმელი აცვია და ტურისტის ზურგჩანთა კიდია. ზურგჩანთაში წიწვებია. ასეთი ჩაცმულობა კომუფლიაჟია, რომელსაც პოლიციის გასაცურებლად იყენებენ -ტურისტებს იშვიათად აჩერებენ. ურბანული ანეკდოტი გვეუბნება, რომ შემოგარენში წიწვის შეგროვება გართულებულია, იმდენი მოკრიფეს, რომ წიწვები მხოლოდ ზედა ტოტებზე დარჩა, ხეებზე ასვლა რთული საქმეა.

წიწვები სახლში, გაზქურაზე იხარშება, პატარა ემალგაცვეთილ ქვაბში, რომელშიც ცოტა ხნის წინ ჩახოხბილი და ქათმის ბულიონი იხარშებოდა. გაზქურასთან ხარშვის სუნით შეწუხებული მოხუცი ქალი ზის, მისი წინააღმდეგობა დიდი ხნის წინ გატყდა, შვილის მეგობრებს პოლიციას ვერ გადასცემს, ისტერიკებიც გაცვდა. ბიჭები ვარკას ელოდებიან და ღერს ღერზე ეწევიან. გაზქურასთან ბავშვები დარბიან და ცდილობენ მშობლების ყურადღება მიიქციონ. ვარკას სპეციფიკური სუნი აქვს, რომლითაც ოთახი იჟღინთება, სახლში ყველა ნივთს წიწვის ნახარშის სუნი ასდის. ერთი ვარკა შვიდი ლარი ჯდება, მხოლოდ გულუბრყვილო იდიოტს შეიძლება ჯეროდეს, რომ ბასიანის სამი ათასიანი არმია ემდიემეის და ექსტაზის მოიხმარს – ეს ზედმეტად ძვირი სიამოვნებაა.

ფურთხი

გავრცელების მასშტაბით მეორე ნარკოტიკს ცინიკურად ფურთხს ეძახიან. მომხმარებლები ამ სახელს მხოლოდ ერთმანეთთან ხუმრობისას ხმარობენ.

სუბოქსინის პროგრამაში ჩაჯდომა 300-400 ლარი ჯდება. თანხის საშოვნელად ძირითადად სწრაფ სესხებს იღებენ და ამის შემდეგ ყოველი აბი სუბოქსინისთვის 35 ლარი უნდა გადაიხადო. ესეც ძვირიანი სიამოვნებაა. ფულის შეგროვება დილის საათებში იწყება. ეზოში 20-30 კაცი იკრიბება, ცდილობენ ერთად არ იდგნენ, მაგრამ უბანს მაინც დვიჟენიის ტემპი ეტყობა. ყველა რაღაცას ელოდება, ყველას სადღაც ეჩქარება. 35 ლარი 12 საათამდე გროვდება, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ რთული საქმეა 15 კაცისთვისაც კი. ფული პროგრამის ბენეფიციარს მიაქვს, ადგილზე მისვლისა და ფულის გადახდის შემდეგ, მას ერთ აბ სუბოქსინს აძლევენ, რომელიც ადგილზე უნდა გადაყლაპოს, შემდეგ ღია პირი მორიგეს აჩვენოს, რომელიც დარწმუნდება, რომ აბი უკვე კუჭშია. ბენეფიციარი გადაყლაპვას სიმულირებს და აბი ენით კბილებსა და ენას შორის მდებარე პირის ზედა ნაწილში ააქვს და ოთახს სწრაფად ტოვებს. სუბოქსინი სულ უფრო იჟღინთება ნერწყვით, ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს. მომხმარებელი თითს კბილებს და ტუჩს შორის იცურებს, ფაფად ქცეული მასა პირიდან გამოაქვს და უბანში მოაქვს. დღეს 15 ადამიანი გაიჩხერს.

შავ ბაზარზე ერთი აბი სუბოქსინის ფასი 800 ლარია, ამიტომ ზოგიერთები ფურთხით ვაჭრობას იწყებენ. ერთი ვიზიტი 770 ლარიან მოგებას იძლევა. ამ ფულით კარგი ტანსაცმლის ყიდვა და გოგოს სადმე დაპატიჟებაც შესაძლებელია. ეს ყველას ჭირდება. არიან ბენეფიციარები, რომლებიც სამეგოროს უფასოდ უსწორებენ, ასეთებს ქუჩაში პატივს ცემენ.

ბიო, ფაქტის დაბომბვა და გაფეხება

„ფეხი“ ბარიგის დისტრიბუტორი, ე.წ. პადბარიგაა. გაფეხება ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს ბარიგის ფეხად უწევს ყოფნა. სქემა მარტივია – რამდენიმე მცირე პარტიის გაყიდვის შემდეგ, გამსაღებელი პარტიის მინიმალურ რაოდენობას ადიდებს, ანუ ამბობს, რომ შემდეგ გაყიდვაზე ერთი ჩეკი (ნივთიერების განსაზღვრული რაოდენობა) აღარ გაიყიდება და მომხმარებელმა მინიმუმ ხუთი უნდა შეიძინოს. ცხადია არცერთი მომხმარებელი არ მოიხმარს ამ რაოდენობის ნარკოტიკებს, ამიტომ უბანში ფულის ფორსირებულად აკრეფა ხდება საჭირო. ფეხი შუამავალია ბარიგასა და დანარჩენ მომხმარებლებს შორის.

ფაქტის დაბომბვა, ფეხის მიერ დანარჩენი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკის მცირე ნაწილის მითვისებას ნიშნავს. თუ ფეხს ფული არ აქვს(და ძირითადად ეს ასეც არის), კაიფს დაბომბილი ფაქტით იწყებს, ანუ მიაქვს სხვების ფული და ყველა ჩეკიდან ცოტ ცოტას იღებს. უნდობლობის ნიადაგზე ხშირად მძიმე კონფლიქტები ხდება.

ე.წ. ბიო ემდიემეის, რომლის ფორმულაც იმდენად გრძელია, რომ მისი დამახსოვრება კარგ ქიმიკოსსაც გაუჭირდება, ინტრავენურად მოიხმარენ. ამ პრეპარატს ძლიერი ლომკა აქვს. როგორც წესი, ბარიგა ფეხს საზღვარგარეთიდან სკაიპით ეკონტაქტება, შესაბამისად არანაირი რისკის გაწევა არ უწევს. გამსაღებელი იმ ადგილის კოორდინატებს იძლევა, სადაც ფეხს ფაქტი დახვდება. პირისპირ შეხვედრა არ ხდება. ფაქტით ქალაქში ფეხი მოძრაობს, გამსაღებელი კი უსაფრთხოდაა.

ხშირად საკმარისი ფულის არქონის შემთხვევაში მომხმარებლები ცდილობენ ფაქტის დადების დრო და ადგილი გამოიანგარიშონ. ქალაქში რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ნაწილდება, რომელმაც ფეხს ფაქტის აღება უნდა დაასწროს. ამისთვის ყველა სავარაუდო წერტილი დროულად უნდა გადამოწმდეს. ვინ მოთვლის რამდენი ლომკისგან გაუბედურებული ადამიანი აღმოჩნდა ასე ციხეში.

სააფთიაქო ნარკომანია

ტაბლეტების დასახელებების ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ საქართველოში ისევ არსებობს აფთიაქები, სადაც ფსიქოტროპულ ტაბლეტებს არალეგალურად ყიდიან, ამასთანავე აბის ღირებულებას ხელოვნურად ადიდებენ – 3 თეთრიან აკრძალულ პრეპარატებს 2 ლარად ასაღებენ. სხვები 12 ლარიც ღირს. ამ ტაბლეტებს ყოველდღიურად მოიხმარენ, დამოკიდებულების შემთხვევაში მისი დილით მიღება აუცილებელია დღის განმავლობაში ქმედითუნარიანობის შენსანარჩუნებლად. ჯანდაცვის მინისტრის სუსტი მცდელობის მიუხედავად, აფთიაქებს კარგი კრიშებიც ყავთ და ვიღაცეები ისევ ისე უნამუსოდ მდიდრდებიან. ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ მომხმარებელს ჯოჯოხეთის გამოვლა უწევს. ამ ტაბლეტებს ძირითადად სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები მოიხმარენ.

სკოლა

ცოტა ხნის წინ ჩემს სკოლას ვეწვიე. საკლასო ოთახების ნაწილში ისევ ძველი მერხებია, კედლებზე ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ ათი წლის წინ დანით ამოკაწრული სახელები წერია.

მასწავლებელი მიყვება, რომ მოსწავლეები გაკვეთილის პროცესში ფანჯრის რაფაზე სხედან და სიგარეტს ეწევიან. ხანდახან მასწავლებლებს აგინებენ კიდეც. „ასეთი არაფერი მინახავს გოგოც და ბიჭიც დატაბლეტებულები მოდიან, აი რო შეატყობ მეცხრე კლასელს რომ აკიმარებს, ვერც მშობლები აჩერებენ, ვერც დაელაპარაკები.“

სკოლის ირგვლივ მდებარე რამდენიმე შენობაში დევნილები არიან შესახლებულები. ხშირად დიდი ოჯახები არა ერთოთახიან ბინებში, არამედ ერთ ოთახში ცხოვრობენ. ბავშვებს არც სამეცადინო სივრცე აქვთ, არც პრივატული. მშობლებს არ ცალიათ, ხშირად „ცელქი“ ბავშვები „პრობლემური ნარკომომხმარებლების“ ოჯახებიდან არიან. ყველა ოჯახი ძირითად პრობლემად გაჭირვებას და უსაქმურობას ასახელებს. რთულია ბავშვი ისე დააკავო, რომ ძირითადი დროის ქუჩაში გატარება არ უწევდეს, ეს სიღატაკის დაძლევასთან არის დაკავშირებული.

მიშა მაგარია

დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ 11 დეკემბრის აქციაზე, იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც საკუთარი და დანარჩენი მოსახლეობის პირადი თავისუფლებისთვის შეუპოვრად იბრძვიან, აქციაზე დვიჟენიიდან მოსული ბიჭებიც იდგნენ. ბევრი არ ულაპარაკიათ და პოლიციასთან ატეხილ ისტერიკასაც ოდნავ მოშორებით აკვირდებოდნენ. საქმე ისაა, რომ აქციაზე მყოფი 1000 ახალგაზრდა დანარჩენ 1500 ახალგაზრდას წარმოადგენდა, რომლებსაც სხვადასხვა ინტელექტუალების ფეისბუქ მეგობრებში შეგვიძლია მივაგნოთ, ხოლო ორასიოდე დვიჟენიიდან მოსული, ყველა იმ დანარჩენს, ვინც სიტყვა კირუხის მნიშვნელობა იცის და ხშირად იყენებს კიდეც.

აქტივისტები ხშირად წუწუნებენ, ხალხი აქციებზე, როგორ გამოვიყვანოთო, ეშინიათ, უტყდებათ, იმალებიანო და ა.შ. მე კი მგონია, რომ პირად თავისუფლებასთან ერთად გარეუბნებში მუნიციპალური კინოების მოწყობა, სკოლების გარემონტება, სააფთიაქო ნარკომანიის აკრძალვა და ა.შ. და ა.შ. უნდა მოვითხოვოთ. ადამიანის უფლებების ძირითადი ხაზი ნარკოპოლიტიკაზე კი არ გადის, არამედ ისევ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პოლიტიკაზე. დემოკრატიაზე და არა სიამოვნებაზე ზრუნვაში. ხოლო ვისაც ამაზე ლაპარაკი არ უნდა, ის არც არაფერზე ლაპარაკობს. დემოკრატიას სოციალური ინფრასტრუქტურა ჭირდება, რაც თავისუფალი ბაზრის და პირადი თავისუფლების ქურუმებს ყოველთვის ავიწყდებათ.

პარლამენტთან შეკრებილებს მიშა მშვილდაძემ მოგვმართა. იმ მიშამ ნარკომომხმარებლებზე დატეხილ გაგანია მიშისტურ კირუხში „მიშა მაგარიას“ შექმნაში, რომ მიიღო მონაწილეობა. გვერდზე ჩემი დიდი ხნის მეგობარი მედგა, 30 წლის ბიჭი, რომელიც მცირე დოზით დაიჭირეს, შემდეგ თანამშრომლობაზე ხელის მოწერას აიძულებდნენ და ბოლოს ისე ცემეს, რომ ყველა კბილი და ხერხემლის სამი მალა ჩაუმტვრიეს. „რეზბალნიცაზეა ბიჭო საწყალი“ – ამბობდნენ უბნელები, თვალებს დაბლა ხრიდნენ და სიგარეტს ნერვულად უკიდებდნენ. მიშას გამოსვლისას ეცინებოდა და „ბიჭო ეს რა ხდება“-ს ისტერიულად იმეორებდა.

ციხეების შესახებ კვლევაზე მუშაობისას ასეთი ისტორია მოვისმინე – ერთერთ ზონაზე ნარკოტიკების მოხმარების გამო დაჭერილი ბიჭი რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ამიტომ მთელი ზონა პატივს ცემდა. ბიჭი რამდენიმეჯერ ცემეს და კარცერში ჩააგდეს, ხოლო ბოლოს მთელი ზონის თვალწინ გამოიყვანეს და დაჩოქილს „მიშა მაგარია“-ს სიმღერას აიძულებდნენ. ცხადია, როგორც ნებისმიერმა სხვა კულტურულმა ადამიანმა, ბიჭმაც უარი განაცხადა. რის შემდეგაც ბადრაგებმა მისი ცემა დაიწყეს. პატიმრები შეძახილებით ამხნევებდნენ – „თავი დაადებინეს ძმაო ბეტონიან პოლზე და ბათინკებით ხტუნაობდა ტიპი ზევიდან, პირიდან სისხლი მოდიოდა და კბილები ცვიოდა, მაინც არ იმღერა, აქედან ჩვენ ვამხნევებდით, თან ვაგინებდით იმათ“. ბოლოს ერთერთმა ბადრაგმა ციხის მთავარი „ქათმის“ გამოყვანის ბრძანება გასცა და გამოაცხადა, რომ თუ ბიჭი არ იმღერებდა, მთელი ზონის თვალწინ გააუპატიურებდნენ. ამის შემდეგ სისხლიან ფაფად ქცეული ბიჭი მუხლებზე დგება და სამარისებურ სიჩუმეში სიმღერას იწყებს…

ვინც ახლა ამ სიმღერის ჩართვას გადაწყვეტს, იქნებ ისიც წარმოიდგინოს, როგორ ამოდის ამ სიმღერის ფრაზები, თავისი ბექებით და კრიმანჭულით იმ დალეწილი ბიჭის პირიდან – „ჩვენ შევაღეეებთ ევროპის და ნატოოს კარს“, ან ეს „დარია თუ ავდარია მიშა მაგარია“, ესეც შეიძლება „არ გვაქვს ბევრი ნავთობი და არც ბევრი ფართობი მაინც დიდი მომავალი გვააააქვს“, არც ამას დაეწუნება რამე „ავტობანიიით სოხუუმისკენ მივუყვებით გზაას“. ვინ ელაპარაკება ამ მანქანის მსხვერპლებს ჩვენი სახელით? ან ამის შემდეგ ვინ იწუწუნებს ადამიანები აქციებზე რატომ არ მოდიანო?

ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს კვლევაში შავით თეთრზე იკითხება – „თუ 2005 წელს საქართველოში 9,688 პატიმარი იყო, 2009 წელს მათმა რაოდენობამ 21,079-ს მიაღწია, 2010 წელს – 23,684-ს და 24, 114-ს 2011 წელს -45-ს. ამდენად, 2003 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, პატიმართა რაოდენობა 300%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 2010 წელს თავისუფლებააღკვეთილთა რაოდენობა იყო 538 პირი 100,000 სულ მოსახლეზე, რაც საქართველოს მსოფლიოში მეხუთე ადგილზე აყენებდა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი პირველ ადგილზე, რუსეთის გამოკლებით.“

იგივე კვლევის მონაცემებით 2009 წელს საქართველოში სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0.1%-მდე დაეცა, ანუ სასამართლო დავების მხოლოდ 0.1% წყდებოდა ბრალდებულის სასარგებლოდ. ვისაც დაავიწყდა შეუძლია ასევე გიხსენოს, რომ 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა 24 000 ფარული ჩანაწერი, რომელიც სასამართლო თანხმობის გარეშე იყო გაკეთებული. ამასთანავე „ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ გამოცემული მასშტაბური კვლევის თანახმად გამოკითხულ პატიმართა უმრავლესობა (50-85%) აცხადებს, რომ მათ შეემთხვათ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რესპოდენტთა 75,4% აცხადებდა, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ, ხოლო 84,2% კი მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ ფსიქიკური წამების მსხვერპლნი. ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში დაფიქსირდა, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ფაქტები არ წარმოადგენდა ერთი რომელიმე კონკრეტული სასჯელაღსრულებითი ან სხვა დაწესებულების პრაქტიკის ნაწილს, არამედ გავრცელებული იყო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა თუ სტრუქტურებში.“

პატიმრების მნიშვნელოვანი ნაწილი სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდა. ნულოვანი ტოლერანტობა ხორცსაკეპი მანქანა იყო. მგონია, რომ პროგრესული მოძრაობები, ამ მანქანას გადარჩენილების პოლიტიზირებას უნდა ცდილობდნენ.

ეს წარსული არ არის, ეს ყველაფერი იმ თაობამ გამოიარა, რომელიც დღესაც კირუხსა და გაჭირვებაში ცხოვრობს და მომავალში ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, არა მხოლოდ აქტივიზმში, არამედ ეკონომიკაში, პოლიტიკასა და კულტურაში, ყველა მეორე და მესამეხარისხოვან სამსახურში, იმათმა ვინც ბავშვები უნდა გაზარდოს და ეს ქვეყანა ამუშავოს.

კირუხში ცხოვრება ერთ რამეს გასწავლის: თუ აქ ხარ, მეორე ლოყის მიშვერის ფუფუნება არასდროს გაქვს, ამიტომაც აბაროტი ყოველთვის უნდა აიღო, თუ არ აიღებ შენი საქმე ცუდად წავა. ოღონდ უნდა შევთანხმდეთ, რომ მიშა მშვილდაძისთვის, ზურა ჯაფარიძისთვის და ნიკა მელიასთვის ხელის ქნევას და გინებას არანაირი აზრი არ აქვს. აბაროტი სხვაგან არის ასაღები, იმ სოციალური ინფრასტრუქტურისთვის ბრძოლაში, რომელმაც ჩვენი შვილები, დები და ძმები სიღარიბისგან, ქუჩაში ცხოვრებისგან და პოლიციური მანქანისგან უნდა დაიცვას, გაჭირვებასთან და კირუხთან ბრძოლაში. ამაზე ჩვენს ნაცვლად არავინ იზრუნებს და განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც გონია, რომ ხალხი ქლაბინგით თავისუფლდება.

იმასაც ამბობენ საქართველოში ნარკომომხარებლების მთავარი პრობლემა სტიგმა და საზოგადოების ირაციონალური შიშები არისო, დავძლიოთ ფობია და ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით მორწმუნე ნეოლიბერალები იმასაც ამბობენ ყველა პრეპარატის ლეგალიზაცია უნდა მოხდესო, ეს სასაცილოც კი აღარ არის. მკაფიოდ და გასაგებად უნდა ითქვას, რომ ნარკომომხმარებლების მთავარი პრობლემა საქართველოში გაჭირვება, კირუხი და კულტურული იზოლაციაა. ერთი სიტყვით უთანასწორობა, რომლის მაჩვენებლითაც [შეგახსენებთ] რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში და ცხადია ევროპაშიც ვლიდერობთ.

აქციაზე გაისმა ჩემი ქუთაისელი ამხანაგის ეკო დეისაძის სიმღერაც, რომელიც ყოველთვის ჩვენთან ერთად იბრძოდა უკეთესი სამყაროსთვის. სიმღერაში შემდეგ სიტყვებს ვხვდებით -„ეს ხდება როცა აბრაზებენ გეტოს მგოსანს, რომელიც ხრუშოვკებში ვარსკვლავების მტვერს იყნოსავს“- საქმე იმაშია, რომ გეტოში არ არის არანაირი მგოსანი, რომელსაც ვარსკვლავების მტვერის ცხვირით შეყნოსვას არ აცლიან. არანაირი გაშიშით მთვრალი ბოდლერი, რომელიც ინსპირაციას გარეუბნებში ეძებს. გეტოებში ციხეში ნაწამები უპერსპექტივო ბიჭები, დევნილები, მომხმარებლები, რომლებიც საკუთარი ბებიების ტელევიზორებს ერთ ზახოდ სუბოტექსში ცვლიან, ვარკის ფონზე ჩაფიქრებული დიასახლისები და კლასში ჩაკიმარებული მეცხრეკლასელები არიან. ეს ადამიანები ამ კირუხში გადარჩენისთვის ყოველდღე იბრძვიან, პრობლემა სოციალურია და არა უბრალოდ პოლიციური. ჩვენც ამ ხალხთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ამისთვის ბევრი რამის სწავლა და გადახედვა მოგვიწევს.


– ფოტო გარეკანზე: The Economist

– ავტორის ფოტო: ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ