გიორგი ძნელაძე: ნეოლიბერალებს რომ ჰკითხოთ..

ნეოლიბერალებს ვთხოვ ხოლმე, ამიხსნან, რატომ უნდა გადამიხადოს დამქირავებელმა 1000 ლარი რვათვიანი, ან ერთწლიანი, ან წელიწადნახევრიანი უმძიმესი შრომის სანაცვლოდ, ან რატომ უნდა იღებდეს ბანკირი, დეპუტატი, მომღერალი, მოდელი, ფეხბურთელი და სხვა პროფესიის წარმომადგენელი ჩემზე 7-ჯერ მაღალ ხელფასს. მუდამ ერთსა და იმავე ფაშისტურ პასუხს ვიღებ: „რას იზამ, ასეა გადანაწილებული რესურსები. არ გინდა დაბალი ხელფასი? დაემშვიდობე დამქირავებელს, დაიხურე ქუდი და წადი.“

მეოთხე წელია, მხატვრულ ლიტერატურას ვთარგმნი; ყველა სიტყვას ვეფერები და ვაქანდაკებ, რათა მაღალი ხარისხის თარგმანი გამოვიდეს. საშუალოდ, 6 ლარს მიხდიან ერთი გვერდის სანაცვლოდ. 3 წლის მანძილზე ვთარგმნიდი ერთ რომანს, მაგრამ მხოლოდ 800 ლარი გაიმეტეს. ჩემს მეგზურად იქცა შერყეული ჯანმრთელობა, დაქვეითებული მხედველობა და ხერხემლის გამრუდება, რადგან დილიდან საღამომდე კლავიატურას ვაჩხაკუნებ. ვინ იცის, რამდენი წლის სიცოცხლე მომაკლო ასეთმა რეჟიმმა? ჩემი ჰონორარი შეეწირა ოფთალმოლოგს, მასაჟისტს, თვალის სამკურნალო წვეთებსა და წამლებს. ალბათ, „შევცდი“, მთარგმნელობა რომ ვარჩიე ფეხბურთელობას, პოლიტიკოსობასა და ბანკირობას. რომელიმე კუნთმაგარ დეპუტატს, „კოკა-კოლას“ დირექტორს, ნებისმიერი ბანკის, ონლაინ-კრედიტის („ჯაბაჯუბაკრედიტი“, „თიკოთაკჩოკრედიტი“ და ა.შ) დირექტორს იმდენი ხელფასი აქვს, მე რომ ვერც კი ვიოცნებებ; სულ რომ ყირაზე დავდგე და 6 წიგნი ვთარგმნო ერთ თვეში, მაინც არ გადამიხდიან ამდენს. მთარგმნელი არ არის მანქანა; ფრაზის გადმოქართულებას სჭირდება დრო, გონების დაძაბვა და აზრის მიტანება. „გუგლ თრანსლეითი“ ნამდვილად არა ვარ, 200 გვერდიანი წიგნი რომ ერთ თვეში ვთარგმნო, რათა ყოველთვიური შემოსავალი გამიჩნდეს. ალბათ, თანაბარი კომპეტენცია გვაქვს მეც, იმ კუნთმაგარ დეპუტატებსაც და ,,კოკა-კოლას“ დირექტორსაც, თორემ, აბა, მე რატომ მიხდიან 8 თვიანი შრომის სანაცვლოდ 500 ლარს, ისინი კი 242 847 248 ლარს იჯიბავენ? თურმე, უფრო მეტ ენერგიას, ძალასა და დროს მოითხოვს მთქნარება, ორიოდე, ორაბზაციანი წერილის დაწერა, რამდენიმე ქვეშევრდომისათვის დარეკვა, ბრძანების გაცემა, საბუთზე ხელის მოწერა და საქმის ასე „მოკვარახჭინება“, ვიდრე მრავალთვიანი, განუწყვეტელი გონებრივი დაძაბულობა, თავაუღებლად წერა და დღე-ღამის გასწორება. ჟურნალში გამოჭენებული ბარძაყის, საჯდომის, ან სულ რაღაც ორმოცწუთიანი ფოტოსესიის ფასი ათასებია; აი, სამწლიანი, მუხლჩაუდრეკელი შრომის, ჯოჯოხეთური ჯაფის, თვალების დათხრისა და ხერხემლის გამრუდებისა კი – 800 – 1000 ლარი. კლუბის, რესტორნის, თუ კაფეს თანამშრომელი, საშუალოდ, 300 ლარს იღებს; აი, ამავე დაწესებულების მენეჯერი კი ტელეფონით საქმის მოგვარების, დოკუმენტზე საკუთარი სახელ-გვარის მიჯღაბნის, სავარძელში ნებივრობის, „დოტას“ თამაშისა და მცონარობის სანაცვლოდ იჯიბავს ასტრონომიულ თანხას.

ნეოლიბერალებს რომ ჰკითხოთ, ჩემი მიზერული ხელფასი ერთი გარემოების „ბრალია“: ბევრი არ ყიდულობს თარგმანს; ბაზარზე არ ითხოვენ; არ იყიდება და ა.შ. თურმე, ეს ამართლებს იმ ფაქტს, რომ მრავალთვიანი შრომის „ნაყოფს“ – 600 ლარს ვიღებ. თურმე, ნუ იტყვით და ბოვუარის, დიურასისა და სხვა ავტორების მაღალფარდოვანი ნაწარმოებებით ტკბობა უნდა მოვთხოვო მუშას, მაღაროელს, ხელოსანსა და სხვა პროფესიის ადამიანს, შიმშილით კუჭი რომ უხმება; ალბათ, ჭიათურელი მაღაროელები იმიტომ იტანჯებიან, რომ სიზარმაცე სისხლში აქვთ გამჯდარი, თორემ აბა, რატომ უხდიან 150 ლარს გვერდების ჩანგრევა-ჩალეწვის სანაცვლოდ, აი, ბანკირს, ან მინისტრს კი ათი ათასებს? თურმე, ღატაკ მუშას უნდა ვუსაყვედურო, რატომ არ შეიძინე იმ ფრანგი მწერლის ქართული თარგმანი, რომელიც 16 ლარი ღირს-მეთქი. როცა მაღაროელს ლუკმა-პური აქვს სანატრელი, ნამდვილად ვერ დააინტერესებ სუმბურული ლექციით.

როგორც კი ლიბერ-პრავაკები ამგვარ სიტყვებს მოჰკრავენ ყურს, მყისვე მეტყვიან ხოლმე: „თუ არ მოგწონს ეგ ხელფასი, ადექი და შეეშვი თარგმნას“. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, მთავაზობენ შიმშილით სიკვდილს. მათი მეორე „არგუმენტი“ კი ისაა, რომ „სწორი“ პროფესია არ ავირჩიე; ანუ უნდა გავმხდარიყავი ბანკირი, ადვოკატი, ბიზნეს-მენეჯერი, სპორტსმენი, შოუმენი, მომღერალი და ა.შ. აი, აქ კი „ნეოლიბერები“ აწყდებიან თავიანთი იდეოლოგიისათვის ნიშნეულ, მთავარ შიდა წინააღმდეგობას/პარადოქსს: სისტემა (რომელიც გვარწმუნებს, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და არჩევანი) თავს გვახვევს მთელ რიგ მოვალეობებს, გვიზღუდავს თავისუფლებას და გვაიძულებს, „სწორი“ გზით ვიაროთ, ანუ ავირჩიოთ არა ის პროფესია/ხელობა, რომელიც ნამდვილად გვსურს, არამედ ის, უფრო კარგად რომ „იყიდება“ ბაზარზე. თავისუფალ არჩევანზე საუბარიც კი სასაცილოა კაპიტალისტურ სამყაროში.

რატომ სწავლობს ურიცხვი სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე? რად ირჩევს თითო-ოროლა ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნეობას, ლიტერატურათმცოდნეობას, ფილოლოგიას? პასუხი მარტივია: კაპიტალისტური სისტემა ბავშვობიდანვე გვასწავლის, რომელი პროფესიის წყალობით ვიშოვით მეტ ფულს; რა უფრო „ღირებულია“ და ა.შ. ქართველ სტუდენტსაც ეშინია უმუშევრად დარჩენის, შიმშილის და დგამს იმ ნაბიჯს, რომელიც მის თავისუფალ ნებას ეწინააღმდეგება. აკვარიუმში გამომწყვდეული თევზივით დილიდან საღამომდე ბანკში, ან მაღაზიაში გამოკეტილი ადამიანი ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნის; რუტინულ, უნაყოფო, ერთფეროვან, მოსაწყენ საქმეს ასრულებს; იგი არაა ჩართული შემოქმედებით პროცესში; ეს შრომა მისი ნების გამოხატულება კი არა, თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა. ამიტომაც, ახალგაზრდები ცდილობენ იმ პროფესიების არჩევას, მატერიალურად რომ უზრუნველყოფს მათ. ამიტომაც, ქვა რომ ააგდოთ, უცილობლად იურისტს, ან ეკონომისტს, ან ბაკირს დაეცემა.

არ ვიცი, რა ტიტანური ძალა, ურყევი ნებისყოფა, სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე და გამბედაობა უნდა გამოიჩინოს ადამიანმა, რათა წინ აღუდგეს თანამედროვე კაპიტალიზმის სიველურეს, არ დანებდეს შიმშილის შიშს, არ დაემორჩილოს ურთიერთგადაჯაჭვულ ბურჟუაზიულ-კაპიტალისტურ-ნეოლიბერალურ კანონებს და გააკეთოს ის, რაც ნამდვილად სურს, რისი ნიჭიც აქვს და რასაც ესწრაფვის მთელი არსებით. უმუშევრობის შიშით ატანილი, ირჩევს იმ პროფესიას, რომელიც ლუკმა-პურს მოუტანს. ამიტომაცაა, ნემსს რომ ვრ ჩააგდებთ იმ აუდიტორიაში, სადაც ლექტორი საუბრობს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტზე.

„თუ არ გინდა თვალების დათხრა და ხერხემლის გამრუდება, ადექი და დაანებე თავი“ – ეს არავითარი არგუმენტი არაა. ამგვარი რიტორიკა ფაშისტებს სჩვეოდათ. როცა სასწორის ერთ პინაზე ძევს მონური ჯაფა და ჭაპანწყვეტა, მეორეზე კი შიმშილით სიკვდილი, ბუნებრივია, პირველს აირჩევ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი არჩევანი გაქვს.

ნეოლიბერალური წყობა იმიტომაა მახინჯი, ველური და სისხლისმსმელი, რომ ადამიანს აქცევს პირუტყვად; ესაა სისტემა, რომელიც მხარს უჭერს ერთის გამდიდრება-გაქსუებას, მეორის დამშევისა და გაღატაკების ხარჯზე (თორემ ვერანაირად ვერ ავხსენი, რატომ უნდა შეეწიროს წამლებს, თვალის წვეთებსა და სამკურნალო მასაჟებს ერთწლიანი შრომის სანაცვლოდ მიღებული ჩემი საცოდავი 800 ან 1000 ლარი); ეს ის იდეათა „თაიგულია“, დაუღალავად რომ ქადაგებს: „სხვას შია? არ მაინტერესებს“. კაპიტალიზმი უმოწყალოდ ანადგურებს ჰუმანიზმს, თრგუნავს ადამიანის თავისუფალ ნებას და აქრობს მის ნიჭს.

მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით; წარმოებული საკვების დაახლოებით 30-40% ნაგავსაყრელზე ლპება; თუ თვალს გადავავლებთ ნებისმიერი სახელმწიფოს ბიუჯეტს, ნათელი გახდება, რომ სამხედრო-მილიტარისტულ სფეროს კოლოსალური დაფინანსება აქვს; თვალს მოგჭრით ეს ასტრონომიული რიცხვი; აი, რაც შეეხება განათლებას, მეცნიერებას და ა.შ., ამ დარგებისათვის გამოყოფილი თანხა იმდენად მიზერულია, ტირილი მოგინდებათ.

დომინანტური ეკონომიკური სისტემა ემსახურება პრივილეგირებული უმცირესობასა და ელიტის ინტერესებს და აკანონებს უმრავლესობის ექსპლუატაციას, მონურ შრომასა და დამშევას. გაათანაბროს ეკონომიკური სისტემა სახელმწიფომ, გადაანაწილოს სხვადასხვა სფეროებზე, მისცეს ნორმალური ანაზღაურება მთარგმნელსაც, ჭიათურელ მუშასაც და მერე ვნახოთ, გაჩნდება, თუ არა მოთხოვნა ბოვუარისა და ირენ ნემიროვსკის თარგმანებზე („ნეოლიბერების“ საყვარელი არგუმენტიც ხომ სწორედ ესაა: „მოთხოვნა არაა“).

თუკი ვერ მიაღწევ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და ეკონომიკურ ემანსიპაციას, თავისუფლება დარჩება ეფემერულ ილუზიად. თუკი გაგაჩნია პურის ფული, ოთახი, კარი და ამ კარზე მორგებული მყარი საკეტი, შეგიძლია, თქვა, რომ თავისუფალი ხარ. ნეოლიბერალური დისკურსის მთავარი შიდა წინააღმდეგობაც ეგაა, რომ ქადაგებს მხოლოდ კულტურულ თავისუფლებას, მხარს უჭერს ლგბტ თემის თავისუფლებას და სხვა, მაგრამ სამაგიეროდ, თითქმის მთლიანად უგულებელყოფს მატერიალურ ფუნდამენტს, რომელსაც უნდა დაეშენოს ინდივიდის თავისუფლება; თავისუფლებაზე საუბარიც კი სისულელეა ამ საფუძვლის გარეშე. ყბადაღებულ „სექსუალურ რევოლუციას” არ მოაქვს სრული, ხელშესახები და რეალური ემანსპაცია. მატერიალური საფუძვლისა და ეკონომიკური ემანსიპაციის გარეშე, თავისუფლება ეფემერული იდეა, ქიმერა და უტოპიაა. შორს ვერ წაგიყვანს ახალგაზრდული ამბოხი, თინეიჯერული ჯანყი და მარადიული „რებელობა“.

ნეოლიბერალები არად აგდებენ თანაბარ შანსებს. ელიტებსა და დანარჩენ მოსახლეობას არა აქვთ თანაბარი სასტარტო პირობები; იგივე ითქმის მაღაროელის ქალიშვილსა და „კოკა-კოლას“ დირექტორის შვილზე. ელიტისტური უპირატესობა „დაბოღმილი მემარცხენეების“ მოგონილი მითი კი არა, თვალისმომჭრელი რეალობაა.

ნეოლიბერალები მარწმუნებენ, რომ „ასეთია დაუწერელი კანონი“; რომ ბუნებრივია ჩემი ექსპლუატაციაც, დაქვეითებული მხედველობაც, გამრუდებული ხერხემალიც და სამწლიანი შრომის სანაცვლოდ მოყრილი კაპიკებიც; აი, ბანკირის, დეპუტატის, მოდელისა და კალათბურთელის მილიონები კი – უცვლელი, გარდაუვალი მოცემულობა და სამყაროსეული კანონზომიერებაა. ამიტომაცაა, მუდამდღე რომ ერთი და იგივე პასუხი ჩამესმის: „ასეა, ძმაო. იმას მწვანეები აქვს, შენ კი გროშები. თუ არ მოგწონს, შეეშვი მაგ საქმეს. რატომ იკლავ თავს? რა გიყო. გინდა ეგ საქმე? გადაგიხდიან 500 ლარს 8 თვეში. არ გინდა? მაშინ ბანკირობა, ან სპორტსმენობა აგერჩია.“

მე კი მწარე ღიმილით ვუჯიბავ ჩემს შესაბრალის ჰონორარს ოფთალმოლოგს; ჭეშმარიტად მემარცხენეული ხელგაშლილობით ვფლანგავ სიმწრით შეკოწიწებულ გროშებს სამკურნალო, მლაშე წვეთებში. კაპიტალიზმი შეგეწიოთ; პრავაკიზმს ებარებოდეთ; უბრალოდ, ერთი რამ გახსოვდეთ: კაპიტალისტურ სამყაროში „თავისუფალ არჩევანზე“ საუბარიც კი სასაცილოა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ