ჟილ დელიოზი: P.S. კონტროლის საზოგადოების შესახებ

მარიამ გაჩეჩილაძის თარგმანი

 

1. ისტორიული მიმოხილვა

ფუკო დისციპლინარული საზოგადოებების წარმოშობას მიაკუთვნებს მეთვრამეტე და მეცხრამეტე ასწლეულს. მათ საკუთარ აღმავლობას მიაღწიეს მეოცე საუკუნის დასაწყისში. ისინი შეუდგნენ პატიმრობის უზარმაზარი სივრცეების ორგანიზებას. მას შემდეგ ინდივიდუუმი უწყვეტად გადადიოდა პატიმრობის ერთი სივრციდან – მეროეში, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კანონი გააჩნდა: ჯერ ოჯახის კანონი, შემდეგ სკოლის, ( „შენ უკვე აღარ ხარ შენს სახლში, შენს ოჯახში“), შემდეგ ფაბრიკა, დროდადრო ჰოსპიტალი, შესაძლოა ციხე, პატიმრობის სივრცის ყველაზე მეტად გამორჩეული და დასრულებული ინსტანცია. სწორედ ციხის მოდელს იმეორებს პატიმრობის სხვა სივრცეები: ქარხანაში მუშების დანახვისას როსელინის „ევროპა 51“ ის გმირი წამოიძახებს: „მე მგონია, რომ მე ვუყურებ პატიმრებს!“ Deleuze

ფუკომ მშვენივრად გაანალიზა  პატიმრობის სივრცეების ეს იდეალური პროექტი, განსაკუთრებულად შესამჩნევი ქარხნებში; მისი ამოცანაა – კონცენტრირება, სივრცეში გავრცელება, დროში განაწილება, მწარმოებლური ძალის დრო-სივრცულ განზომილებაში განთავსება, იმგვარად, რომ მიღებულმა ეფექტმა გადააჭარბოს ყველა კომპონენტს ცალ-ცალკე და ერთად აღებულს. მაგრამ თავად ფუკომაც აღიარა ამ მოდელის წარმავალობა: დისციპლინირებულმა საზოგადოებებმა ჩაანაცვლეს ძალაუფლებრივი საზოგადოებები, რომელთა მიზანიც და აზრიც სავსებით განსხვავდებოდა ( ისინი უფრო ორიენტირდებოდნენ გადასახადების აკრეფაზე, ვიდრე წარმოების ორგანიზებაზე, მათ ერჩივნათ ებატონათ სიკვდილზე, ვიდრე ემართათ სიცოცხლე). გარდამავალი ეტაპი ამ ორ საზოგადოებას შორის დროში გაიწელა და მხოლოდ ნაპოლეონის დროს მოხერხდა მასშტაბური და დასრულებული პატიმრობის სივრცეების ფორმირება. თუმცა, თავის მხრივ, დისციპლინირებული საზოგადოებებშიც დადგა კრიზისი, რომელიც თანდათან გზას უთმობს ახალ ძალებს, ძალებს, რომლებიც განსაკუთრებულად განვითარდნენ და მომძლავრდნენ  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: მას შემდეგ ჩვენ აღარ წარმოვადგენდით დისციპლინირებულ საზოგადოებას, ჩვენ შევიცვალეთ.

ჩვენ ვიმყოფებით პატიმრობის სხვადასხვა სივრცის  ზოგად კრიზისში – პენიტენციალური სისტემის კრიზისი, მედიცინის კრიზისი, წარმოების კრიზისი, კრიზისი სკოლებსა და ოჯახებში. ოჯახიც იმავე კრიზისს განიცდის, რასაც ყველა დანარჩენი „შიდა“ სივრცე, ორგანიზებული „პატიმრობის სივრცეების“ მოდელის მიხედვით. სხვადასხვა დონის მმართველები გამუდმებით აცხადებდნენ რეფორმების აუცილებლობაზე: საგანმანათლებლო რეფორმების, წარმოების, მედიცინის, პენიტენციალური და სამხედრო რეფორმების. მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ თითოეული ამ ინსტიტუტის საქმე დამთავრებულია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდხანს გაახანგრძლივებენ მათ სასიკვდილო აგონიას. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ უკანასკნელი რიტუალების მოწყობაზე და ადამიანების დასაქმებაზე, მანამ სანამ უკვე კარზე მომდგარი ახალი ძალები საბოლოოდ არ დაფუძნდებიან. დისციპლინირებული საზოგადოება განწირულია იმისთვის, რომ ჩანაცვლდეს „კონტროლის“ საზოგადოებით. „კონტროლი“ – ეს არის სიტყვა, რომლითაც ბეროუზი აღნიშნავს ახალ მონსტრს, ხოლო ფუკო ამაში ხედავს ჩვენ უახლოეს მომავალს. პოლ ვირილიო კი გამუდმებით აანალიზებს სულ უფრო სწრაფად განვითარებადი თავისუფლად მოცურავე კონტროლის ფორმებს, რომელთაც ჩაანაცვლეს ძველი დისციპლინარული მეთოდები, ყოველთვის მოქმედნი დროში შეზღუდულ დახურულ სისტემაში. საკმარისია გავიხსენოთ ექსტრაორდინალური ფარმაცევტული პროდუქტები, მოლეკულური ინჟინერია, გენეტიკური მანიპულაციები და ა.შ. არ ღირს კითხვის დასმა: მათგან რომელი რეჟიმია ყველაზე უფრო სასტიკი ან ლმობიერი, ვინაიდან ყოველ მათგანში არსებობს ერთმანეთთან დაპირისპირებული ფაქტორები – გამათავისუფლებელი და დამატყვევებელი. მაგალითისთვის, ტრადიციული სამედიცინო დაწესებულებების კრიზის, როგორებიცაა რაიონული საავადმყოფოები, ჰოსპიტლები და ყოველდღიური პროცედურები (ყოველი მათგანი, ასე თუ ისე ეფუძნება „პატიმრობის სივრცეების“ მოდელს), თავდაპირველად მათ შეუძლიათ  მოგცენ ახალი თავისუფლება, მაგრამ შემდეგ კონტროლის ახალი მექანიზმები  მიგიყვანენ იმ შედეგებამდე, რომლებიც თავისი შინაარსით აღემატებიან პატიმრობის ყველაზე უფრო უხეშ ფორმებს. საუბარია არაა შიშებზე ან იმედებზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ახალი იარაღის ძიებაზე.

 

 2. ლოგიკა

ინდივიდუუმების ინტერნირება „პატიმრობის სხვადასხვა სივრცეებში“, რა გზასაც ისინი გადიან, ეფუძნება სხვადასხვა მოდელების არსს: იგულისხმება, რომ ყოველ ჯერზე  ჩვენ ვიწყებთ ნოლიდან, თუმცა კი ყველა სივრცეში არსებობს საერთო ენა, ის ეფუძნება არა ამ სივრცეების განგრძობითობას, არამედ ანალოგიებს.  მეორე მხრივ, კონტროლის მექანიზმები ეფუძნება ერთიანი სტრუქტურის ვარიაციებს, რაც ქმნის ცვალებად გეომეტრიას, რომლის ენაც წარმოადგენს ციფრულ არსს (თუმცა აუცილებლობით არ გულისხმობს ბინალობას). პატიმრობის სივრცეები წარმოადგენენ ცალკე მატრიცებს, გამოკვეთილ ყალიბებს, ხოლო კონტროლის სივრცეები წარმოადგენენ ერთიანი სუბსტანციის მოდულაციას, ისე როგორც თვითტრანსფორმირებადი თხევადი ნივთიერება გამუდმებით გადადის ერთი ფორმიდან მეორეში, ან მსგავსად საცერისა, რომლის ძაფები გამუდმებით გადადიან ერთი შეხების წერტილიდან მეორეში.

ეს კარგად ჩანს ხელფასის ანაზღაურებაში: ქარხანა წარმოადგენს ისეთი ტიპის ორგანიზმს, რომელიც ცდილობს თავისი შიდა ძალები ჰყავდეს წონასწორობის მდგომარეობაში: მაქსიმალურად მაღალი – წარმოების საკითხში და მაქსიმალურად დაბალი  – გამომუშავებული თანხის საკითხში. მაგრამ კონტროლის საზოგადოებაში კორპორაციამ ჩაანაცვლა ქარხანა და მისი აშკარად უხეში ორგანიზაცია. კორპორაცია – ეს არის სული, ეს არის გაზი. რა თქმა უნდა, ქარხნებშიც იყო წახალისებისა და პრემიების სისტემა, მაგრამ კორპორაციები უფრო ღრმად ჩადიან, რათა გამოიმუშაონ თითოეული ანაზღაურების მოდულაცია, რითიც იქმნება მეტასტაბილურობის რთულ სისტემა, რომელიც ოპერირებს გამოწვევებით, შეჯიბრებებით და ყველაზე უფრო სასაცილო ჯგუფური მეცადინეობებით. ყველაზე იდიოტური სატელევიზიო თამაშების ასეთი პოპულარობა აიხსნება ზუსტად იმით, რომ ისინი ერთი-ერთში ასახავენ კორპორაციის მოდელს. ქარხანა წარმოადგენს ინდივიდუუმების გაერთიანებას ერთ სხეულში, რომელსაც სარგებელი მოაქვს ორი ინსტანციისთვის – ბატონისთვის, რომელიც თვალს ადევნებს ამ მასის ყველა ელემენტს და პროფკავშირისთვის, რომელიც ახდენს მასობრივი პროტესტის ორგანიზებას. მაგრამ კორპორაციები პირად შეჯიბრებას ასაღებენ, როგორც მოტივაციის ყველაზე უფრო ჯანსაღ ფორმას, როგორც ყველაზე ძლიერ იმპულსს, რომელიც ერთ ინდივიდუუმს უპირისპირებს მეორეს და მართავს ამ გათიშულობის ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, ყოველ ინდივიდუუმს შინაგანადაც თიშავს. მოდულაციის პრინციპი, რომელიც ამკვიდრებს, რომ „ხელფასი დამოკიდებულია დამსახურებაზე“,  შეეხო ეროვნულ განათლებასაც. იმისდა მიხედვით თუ როგორ ანაცვლებს კორპორაცია ქარხანას, მუდმივი სწავლებაც ანაცვლებს სკოლას, ხოლო უწყვეტი კონტროლი ანაცვლებს ერთჯერად გამოცდებს.

დისციპლინირებულ საზოგადოებაში ადამიანი გამუდმებით იწყებს თავიდან (სკოლიდან ბარაკებამდე, ბარაკებიდან ქარხნამდე). კონტროლის საზოგადოებაში – პირიქით, არაფერი არასოდეს არ მთავრდება – კორპორაცია, საგანმანათლებლო სისტემა, სამხედრო სამსახური, ყველაფერი ეს წარმოადგენს მეტასტაბილურ მდგომარეობას, მათ ერთმანეთთან შეუძლიათ თანაარსებობა ერთი და იგივე მოდულაციის ფარგლებში, როგორც დეფორმაციის უნივერსალური სისტემა.  გააცნობიერა რა საკუთარი თავი , როგორც ორი ფორმაციის გზაგასაყარზე მდგომი, კაფკამ –  თავის „პროცესში“ აღწერა ყველაზე უფრო საშინელი იურიდიული ფორმები. დისციპლინარული საზოგადოებების მოჩვენებითი გამამართლებელი განაჩენი  (ორ  პატიმრობას შორის პერიოდში) და კონტროლის საზოგადოებაში  საქმის დაუსრულებელი წარმოება (გამუდმებულ ვარიაციებში). ეს არის სამართლებრივი ცხოვრების ორი ტიპი და დღეს კანონი ვლინდება ასე გაუბედავად, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ერთი მოდელიდან მეორეში გადასვლის კრიზისულ ფაზაში. დისციპლინირებულ საზოგადოებებს გააჩნიათ ორი საყრდენი: საკუთარი ხელწერა, რომელიც მიეკუთვნება ინდივიდუალურობასა და ნომერი (ან დოკუმენტის ნომერი), რომელიც მიუთითებს მის (ქალის ან კაცის) პოზიციაზე საზოგადოებაში.

ასეთი გაორება დაფუძნებულია იმაზე, რომ კონტროლის საზოგადოებები ამ მოდალობებს შორის ვერ ხედავენ ვერანაირ წინააღმდეგობას – ძალაუფლება ერთდროულად ახდენს ადამიანის ინდივიდუალიზირებას და ამავე ინდივიდს მასაში პრესავს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაქვემდებარებულ სუბსტანციას თავს უყრის ერთიან სხეულში, რომლის საშუალებითაც მართავს და, ამავდროულად, ამ სხეულის თითოეულ ფრაგმენტს ინდივიდუალურად ასხამს ცალკეულ ყალიბში. (ფუკო ამ ორსახოვანი „ზრუნვის“ წარმომავლობას აკავშირებდა მღვდლის მრევლურ ძალაუფლებასთან, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამწყსოს, როგორც მთლიანად აღებულს, ისე მასში შემავალ თითოეულ ცხვარს, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი ძალაუფლებიდან შექმნა ერთგვარი „სეკულარული მღვდელი“). მეორე მხრივ, კონტროლის საზოგადოებაში უკვე მნიშვნელოვანია არა  ხელმოწერა და ნომერი, არამედ კოდი. კოდი – ეს პაროლია, მაშინ როცა დისციპლინირებული საზოგადოება რეგულირდება მეტსახელების სისტემით (რომელიც გამოხატავს, როგორც ინტეგრაციულ, ისე რეზისტენტულ ასპექტებს). კონტროლის საზოგადოების ციფრული ენა ეფუძნება კოდს, რომელიც უზრუნველყოფს ან არ უზრუნველყოფს თქვენ წვდომას ინფორმაციაზე. ჩვენ აღარ გვაქვს საქმე მასა/ინდივიდუუმის ტანდემთან. ინდივიდუუმი ხდება „დივიდუუმად“, ხოლო მასები – სემპლებად [ნიმუშებად], მონაცემებად, ბაზრებად და „ბანკებად“. ეს განსხვავება ალბათ ყველაზე უკეთ ჩანს ფულის შემთხვევაში. დისციპლინირებული საზოგადოება თავის ფულად სისტემას აკავშირებს ფიქსირებულ ეტალონთან, რომელიც ციფრულ სტანდარტად იღებს ოქროს. კონტროლის საზოგადოება ვალუტას მიაკუთვნებს გაცვლის მცურავ რეიტინგს, რომელიც მოდულირებს სტანდარტული ვალუტების ქსელის მიერ განსაზღვრული კურსით. მონეტარული ბებერი ძუნწი თხუნელა – ეს არის „პატიმრობის სივრცის“ ცხოველი. კონტროლის საზოგადოების ცხოველი კი – გველია. ჩვენ ერთი ცხოველიდან გადავედით მეორეზე, თხუნელადან – გველზე. სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ – გველის სისტემაა, მაგრამ ეს ეხება ჩვენი ცხოვრების მანერასაც და ჩვენს დამოკიდებულებას სხვების მიმართ. დისციპლინირებული ადამიანი იყო ენერგიის უწყვეტი მწარმოებელი, ხოლო კონტროლის ადამიანი – ეს არის ტალღისებური, ორბიტალური, მუდმივად ქსელში მყოფი არსება.  ამიტომაა, რომ სერფინგი უსწრებს სპორტის სხვა სახეობებს.

მანქანის სახეობებიც სავსებით მარტივად შეესაბამებიან საზოგადოების თითოეულ ტიპს. არა ის, რომ მანქანები განსაზღვრავენ ამ ტიპებს, არამედ ისინი გამოხატავენ იმ სოციალურ ფორმებს, რომლებიც აგენერირებენ  მათ და იყენებენ მათ [მანქანებს]. ძველმა ძალაუფლებრივმა საზოგადოებებმა გამოყენებაში შემოიტანეს უბრალო მანქანები, ბერკეტები, ბორბლები, საათები. უფრო გვიანდელი დისციპლინირებული საზოგადოებები შეიარაღდნენ მანქანებით, რომლებიც იყენებენ ენერგიას, რამაც წარმოქმნა პასიური საფრთხე – ენთროპიისა და აქტიური საფრთხე – საბოტაჟისა. კონტროლის საზოგადოებებს საქმე აქვთ მესამე ტიპის მანქანებთან – კომპიუტერებთან, რომელთა პასიური საფრთხე – გაჭედვაა, [ჩახშობა] ხოლო აქტიური – პირატული ქმედება და ვირუსების ჩანერგვა. ეს ტექნოლოგიური ევოლუცია ბევრად ღრმად ასახავს კაპიტალიზმის მუტაციას. ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილ მუტაციას, რომელიც შესაძლოა დავიყვანოთ შემდეგზე: მეცხრამეტე საუკუნის კაპიტალიზმი იყო საქონლისა და საკუთრების კონცენტრაციის კაპიტალიზმი. რისთვისაც იქმნება ქარხანა, როგორც „პატიმრობის სივრცე“, რომელსაც ფლობს კაპიტალისტი – როგორც უშუალოდ საწარმოო საშუალებების მფლობელი, ისე ანალოგიებით შექმნილი მომიჯნავე სივრცეების მფლობელი, (დასახლებები მუშათათვის, სკოლებით და ა.შ.) ბაზრების დაპყრობა ხომ მოხდა ან სპეციალიზაციის, ან კოლონიზაციის საშუალებით, ან საქონლის თვითღირებულების დაწევის ხარჯზე. მაგრამ, თანამედროვე სიტუაციაში კაპიტალიზმი უკვე აღარ არის ჩართული წარმოებაში, რომელსაც ის ხშირად გადასცემს მესამე სამყაროს ქვეყნებს, რთული ტექსტილის წარმოების, მეტალურგიის და ნავთობგადამუშავების შემთხვევაშიც კი. ახლანდელი კაპიტალიზმი არის უმაღლესი დონის წარმოების კაპიტალიზმი. ის უკვე აღარ არის დაკავებული ნედლეულის შესყიდვით და მზა საქონლის გადაყიდვით: ამიერიდან ის თავად იძენს მზა საქონელს ან აწყობილ ნაწილებს. ერთადერთი რასაც ის ყიდის – ეს არის სერვისი და ერთადერთი, რასაც ყიდულობს – არის აქციები. ეს არის კაპიტალიზმი არა წარმოებისა, არამედ უკვე წარმოებული პროდუქციისა, კაპიტალიზმი, რომელიც პასუხისმგებელია გაყიდვებზე და მარკეტინგზე. ამიერიდან კაპიტალიზმი თავისი არსით დისპერსიულია, ხოლო ქარხანამ გზა დაუთმო კორპორაციას. ამიერიდან ოჯახი, სკოლა, არმია, ქარხანა, აღარ წარმოადგენენ ტიპოლოგიურად მსგავს „პატიმრობის სივრცეებს“, რომლებიც ორიენტირებულნი არიან  სახელმწიფო თუ კერძო მესაკუთრის სარგებელზე. ისინი გარდაიქმნებიან  ერთიანი კორპორაციის გამუდმებით დეფორმირებად და ტრანსფორმირებად კოდირებულ ფიგურებად, კორპორაციისა, რომელსაც მხოლოდ აქციონერები ჰყავს. ხელოვნებამაც კი დატოვა „პატიმრობის სივრცეების“ (გალერეები) ფარგლები და შევიდა ბანკების ღია ცირკულაციაში. ამიერიდან ბაზრების დაპყრობა ხდება არა დისციპლინირებული სწავლების საშუალებით, არამედ კონტროლის მიტაცების ხარჯზე, არა საქონლის ღირებულების დაწევით, არამედ გაცვლითი კურსის ფიქსაციის საშუალებით, არა წარმოების სპეციალიზირებით, არამედ პროდუქციის ტრანსფორმაციის ხარჯზე. კორუფცია ყველგან იკრებს ძალას. მარკეტინგი იქცა კორპორაციის ცენტრად ან კორპორაციის „სულად“. ჩვენ ნასწავლი გავქვს, რომ კორპორაციასაც გააჩნია სული, რაც არის ყველაზე საშინელი მსოფლიო სიახლე. ამიერიდან საბაზრო ოპერაციები წარმოადგენენ სოციალური კონტროლის ინსტრუმენტს და სწორედ ისინი აყალიბებენ ჩვენი ბატონების უტიფარ მოდგმას. კონტროლი ხორციელდება მოკლევადიანი ოპერაციებისა და ელვისებური სავაჭრო ბრუნვის საშუალებით, მაგრამ, ამავდროულად, კონტროლი უწყვეტი და შეუზღუდავია. დისციპლინარული საზოგადოებები პირიქით – ისინი იყვნენ მიმართულნი გრძელვადიან პროექტებზე, მოქმედებდნენ ხანგრძლივი დაუსრულებელი ეტაპებით, რომელთაგან სათითაოს მკაცრად დადგენილი საზღვრები გააჩნდა. ამიერიდან ადამიანი  წამოადგენს არა პატიმრობაში მყოფ, არამედ ვალში მყოფ ადამიანს, რომელიც ამავდროულად რჩება ერთგული. იმის გამო, რომ კაპიტალიზმი საკუთარ ბალანსს გამუდმებით ინარჩუნებს, კაცობრიობის სამი მეოთხედი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, რაც ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ღარიბები არიან, იმისთვის, რომ იყვნენ ვალში და ძალიან მრავალრიცხოვანნი, იმისთვის, რომ ჩასხდნენ ციხეში. ამიტომ კონტროლის საზოგადოებას საქმე ექნება არამხოლოდ საზღვრების ეროზიასთან, არამედ მოუწევს შეეჯახოს სოციალურ აფეთქებებს ღარიბ კვარტალებში და ინდუსტრიულ გეტოებში.

 

3. პროგრამა

კონტროლის მექანიზმის კონცეფცია, რომელიც ზუსტად აფიქსირებს თითოეული ელემენტის პოზიციას ღია სივრცეში ყოველ კონკრეტულ მომენტში (ცხოველის – ნაკრძალში, ან ადამიანის – კორპორაციაში, მაგალითად ელექტრონული საყელოს მეშვეობით), აუცილებლი არ არის, რომ ის იყოს სამეცნიერო ფანტასტიკიდან გადმოღებული. ფელიქს გუატარიმ დახატა ქალაქი, სადაც ყველას შეუძლია დატოვოს საკუთარი სახლი, საკუთარი ქუჩა, საკუთარი რაიონი „დივიდუალური“ ელექტრონული ბარათების მეშვეობით, რომლებიც აღებენ სასურველ კარებს ან გასასვლელს. მაგრამ ბარათი რომელიღაც კონკრეტულ დღეს ან კონკრეტულ საათს შეიძლება ადვილად გაუქმდეს. მნიშვნელოვანია არა თავად ბარიერი, არამედ კომპიუტერი, რომელიც თვალს ადევნებს ყველა სათითაოდ აღებული პირის ადგილმდებარეობას – კანონიერად თუ უკანონოდ – ახორციელებს გლობალურ მოდულაციას.

კონტროლის მექანიზმების სოციო-ტექნოლოგიური კვლევები, რომლებიც აიტაცეს ჯერ კიდევ მათ [კონტროლის მექანიზმების] გაჩენამდე, უნდა ატარებდნენ კატეგორიულ ხასიათს და ასახავდნენ იმ რეალობას, რომელშიც ხდება პატიმრობის დისციპლინარული მოდელების ჩანაცვლება, რომელთა კრიზისიც დღეს ყველგან ღიად არის გაცხადებული. შესაძლოა გამოყენებულ იქნას ძალაუფლებრივი საზოგადოებებიდან მემკვიდრეობით მიღებული კიდევ უფრო მოძველებული მეთოდები, ანუ მოხდება წარსულთან მიბრუნება გარდაუვალი ცვლილებებით. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით რაღაც ახლის დასაწყისთან.

პენიტენციალურ სისტემაში შესაძლოა იყოს სასჯელის მოხდის „სუბსტიტუტების“ [ჩანაცვლების] ძიების მცდელობები, ყოველ შემთხვევაში წვრილმანი დანაშაულებებისთვის, ასევე ელექტრონული საყელოების გამოყენება, რომელიც პატიმარს აიძულებს დარჩეს სახლში გარკვეული დღეების ან საათების განმავლობაში. განათლების სისტემაში შემოღებული იქნება კონტროლის უწყვეტი ფორმა და მოხდება უწყვეტ, დაუსრულებელ სწავლებაზე  გადასვლა, რაც შედეგად მოიტანს ყველა საუნივერსიტეტო კვლევაზე უარის თქმას და ყოველი საგანმანათლებლო დაწესებულების კორპორაციად გადაქცევას. ჰოსპიტალურ სისტემაში გაჩნდება ახალი მედიცინა „ექიმისა და პაციენტის გარეშე“, რომელიც პოტენციურ ავადმყოფს დატოვებს საკუთარი თავისა და სამედიცინო აპარატების მათემატიკური მაჩვენებლების პირისპირ, ისე რომ მკურნალობა მოხდება თავად ავადმყოფის შიშსა და რისკებზე, ავადმყოფი კი განიხილება არა როგორც ინდივიდუალურობისა და ნომრის შეთავსება, არამედ როგორც „დივიდუალური“ კოდური მატერია, რომელიც ექვემდებარება კონტროლს. კორპორაციულ სისტემაში: შემოღებულ იქნება ფულის, მოგებისა და ადამიანების გამომუშავების ახალი საშუალება, რომელიც უკვე აღარ გაივლის ქარხნის მოძველებულ ფორმას. ყველაფერი ეს პატარა ფრაგმენტული მაგალითებია, თუმცა ესეც გვეხმარება უკეთ გავიგოთ რა იგულისხმება ინსტიტუტების კრიზისში. საუბარია დომინაციის ახალი სისტემის პროგრესულ და დისპერსიულ ინსტალაციაზე. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კითხვა მიმართული იქნება პროფკავშირებზე: გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მათი ისტორია უწყვეტად უკავშირდება დისციპლინარული საზოგადოებების პირობებში და „პატიმრობის სივრცეების“ ფარგლებში ბრძოლას, შეძლებენ კი ისინი შეეთვისონ ახალ გარემოებებს და გამოიმუშაონ კონტროლის საზოგადოებასთან წინააღმდეგობის ახალი ფორმები? შევძლებთ კი ჩვენ უახლოეს მომავალში ჩავწვდეთ სამომავლო პროექტების მიახლოებულ კონტურებს მაინც, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან მარკეტინგის ბედნიერებას? ბევრი ახალგაზრდა ადამიანი დღეს ამაყობს იმით, რომ მათ, როგორც იქნა, გაუჩნდათ „ახალი მოტივაცია არსებობისთვის“, ისინი თავად მოითხოვენ პერმანენტულ სწავლებას და უწყვეტ განათლებას. მათ მოუწევთ იმის გაგება ვის სამსახურში ჩადგებიან ასე ერთგულად, მსგავსად საკუთარი წინაპრებისა (შრომის გარეშე არაფერია), რომელთაც შეიცნეს დისციპლინარული საზოგადოების ჭეშმარიტი მიზანი. გველის ხვეულები კიდევ უფრო რთულია, ვიდრე თხუნელას მიწისქვეშა ლაბირინთები.

 

L’autre journal, Nr. I, Mai 1990.

(1)   ლათინური სიტყვა „individuum” ნიშნავს „განუყოფელს“, ხოლო “dividuum” შესაბამისად „გაყოფადს“

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ