გია ჟორჟოლიანი: "მმართველობაზე ორიენტირებული ბიუჯეტიდან ჩვენ გადავდგით პირველი დიდი ნაბიჯი კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტისკენ"

საქართველოს შრომის კოდექსი კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. მას აკრიტიკებენ როგორც ექსპერტთა შიდა წრეებში, ასევე ქვეყნის გარეთაც. ანგარიშში – “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში 2011 წლის განმავლობაში”, მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ქვეყანაში მოქმედ შრომის კოდექსს შეეხებოდა. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს საქართველომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან დიალოგში წინსვლას მიაღწია და ამ ორგანიზაციის ზოგიერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა, მათი ნაწილი ჯერ კიდევ შესასრულებელია. 

შრომის კოდექსის გადახედვის პირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მაისში, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას დადო.  

“აუცილებლად გადავხედავთ შრომის კოდექსს, რომელიც ქვეყანაში პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს. არავითარი უფლებები დღეს არ გააჩნიათ მუშებს. ყველაფერი დამქირავებელეზეა აგებული, ძალიან ხშირად დაქირავებულები მონურ პირობებში მუშაობენ, მათ არ აქვთ ხელფასი და ა.შ. ჩვენ არ ვაშინებთ ინვესტორებს, პირიქით, რეალურ პირობებს შევუქმნით მათ, მაგრამ არა ხალხის დაჩაგვრის პირობებში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამდენად, რა სიახლეებია ამ მიმართულებით, როდის და რა ფორმით შევა ცვლილებები მოქმედ შრომის კოდექსში, ამ თემაზე “პირWელი” საპარლამენტო უმრავლესობის წევრს “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარეს გია ჟორჟოლიანს ესაუბრა. 

– ბატონო გია, შრომის კოდექსის შეცვლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება იყო. თუ დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე?

– შრომის კოდექსის ცვლილების აუცილებლობა ძალიან აშკარა გახდება, თუ შევხედავთ, როგორი საგაფიცვო მოძრაობა დაიწყო საქართველოში. ეს იმის შედეგია, რომ ხალხმა დაინახა, რომ მათ თვითგამოხატვა შეუძლიათ, თუმცა ამას დღეს შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა არ აქვს. ამიტომ უახლოეს მომავალში, მისაღებია ისეთი კანონმდებლობა, რომელიც შრომით ურთიერთობებს დაარეგულირებს. აუცილებელია, პრაქტიკულად ახალი შრომის კოდქსის მიღება. დღეს მოქმედი კოდექსი აბსოლუტურად მიუღებელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ჩვენ თანამშრომლობა გვინდა. მხედველობაში მაქვს ევროკავშირის ქვეყნები. 

– როგორც მახსოვს, შრომის კოდექსში რიგი ცვლილებების შეტანა ევროკავშირის მოთხოვნაც იყო… 


– დიახ და შესაძლოა, ესაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ეს საკითხი დიდი ხანია, დგას. როგორც ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ბრიუსელში ყოფნის დროს, ევროკავშირის წარმომადგენლების ძალიან დიდი მხარდაჭერა და შეიძლება ითქვას, სიხარულიც კი გამოიწვია იმან, რომ ჩვენ შრომის კოდექსში ცვლილებების მიღებას ძალიან სწრაფად ვაპირებთ. საქმე ისაა, რომ წარმოშობილია ისეთი შრომითი დავები, რომლებიც რაღაც ფორმით ახლავე უნდა იქნას ნორმალიზებული. ახალი კოდექსის ცდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად სწორი
არ არის, რადგან კოდექსი ერთ დღეში ვერ მიიღება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მეთაურობით. მეც და ყველა მინისტრიც, რომელიც რაიმე ფორმით ამ საკითხთანაა დაკავშირებული, ამ კომისიის წევრები გახლავართ. ეს კომისია მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, თუმცა მხოლოდ გაფიცვებს არ ვგულისხმობ. ეს კომისია იმუშავებს იმ რეკომენდაციების და წინადადებების მომზადებაზე, რომელიც შემდეგ ასახვას პოვებს ახალ შრომის კოდექსში. ამასთან, უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან უკვე დაგროვილია საკმარისი გამოცდილება, გვაქვს მთელი რიგი მოსაზრებები ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან, რომლებიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში. საქართველო მიერთებულია მთელ რიგ კონვენციებს, რომლის მოთხოვნებიც არ სრულდება. ამიტომ, ამ ვითარების მოსაწესრიგებლად ძალიან ინტენსიური მუშაობა უნდა წავიდეს. შრომის კოდექსზე სამუშაოდ უკვე შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით, რომლებმაც მუშაობა უკვე დაიწყეს. მეც, როგორც “სოციალ-დემოკრატების” ლიდერი, პარლამენტში ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული ამ პროცესში. შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს ექსპერტებთანაც. 


– დაახლოებით, რა ვადაში შეიძლება, შევიდეს პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების პაკეტი? 

– ძნელი სათქმელია. ჩემს სურვილს გეტყვით, რომ დაახლოებით, ერთ-ორ თვეში პარლამენტში მთლიანად კოდექსი თუ არა, გარკვეული წინადადებები მაინც უნდა შევიდეს, მისი განხილვა სწრაფად წარიმართოს და მიღებული იყოს გადაწყვეტილებები. ასე, რომ, არ არის გამორიცხული, ახალი შრომის კოდექსი საგაზაფხულო სესიაზე იქნას განხილული და მიღებულიც კი. 

– ხშირად ისმის, რომ შრომის მოქმედი კოდექსი დისკრიმინაციულია და მასში დასაქმებულის უფლებები გათვალისწინებული არ არის. უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლიათ თქვათ, რაში მდგომარეობს მისი დისკრიმინაციულობა?


– ესაა კონტრაქტების არარსებობა, ანუ ზეპირი დაქირავება, სამუშაოდან დათხოვნის პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლება დამქირავებლის მიერ, დაქირავებულების მაქსიმალური შეზღუდვა – გამოეხატათ საკუთარი ინტერესები, ასევე, დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის დიალოგის ფორმით კომუნიკაციის არარსებობა. ცივილიზებული ქვეყნების შრომის კოდექსში ეს პირდაპირაა გაწერილი. დაქირავებულებს აქვთ ორგანიზების ფორმები, დამქირავებლები ვალდებულები არიან, მათთან მოლაპარაკებები აწარმოონ და ა.შ. მსგავსი არაფერი ჩვენს მოქმედ კოდექსში არ არის. ცხადია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ხელფასები 3-ჯერ და 4-ჯერ გაიზრდება, მაგრამ უნდა ველოდოთ, რომ დამქირავებლებიც და დაქირავებულებიც კარგად გააცნობიერებენ, რომ ისინი პროცესის თანაბარი მხარეები არიან. ჩვენთან ითვლება, რომ დამქირავებლები არიან კეთილისმყოფელები და დაქირავებული ბედნიერი უნდა იყოს, რაც არ უნდა მონურ პირობებში მუშაობდეს. ჩვენთან ასეთი გაგება იყო – ინვესტიცია ანუ ფული არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც პროდუქტს ქმნის. ეს არის ტყუილი. დაქირავებული მუშაკი ისეთივე აუცილებელი კომპონენტია შემდეგ შექმნილი პროდუქტისა, როგორც ფული, რომელიც ამ საქმიანობის დასაწყებადაა საჭირო. თუ ეს ასეა, მაშინ დაქირავებულებსაც ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორც მათ, ვისაც ეს ფული აქვს. მოლაპარაკებისა და პროდუქტის შემქნის პროცესში ისინი თანაბარნი უნდა იყვნენ. ახალმა კოდექსმა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს უნდა მისცეს გარანტიები, რომ კანონმდებლობის ფარგლებში დაიცვან საკუთარი უფლებები და მიაღწიონ კონსესუსს.

– ბატონო გია, შრომის კოდექსის შეცვლა ხომ არ გამოიწვევს დამსაქმებლის უფლებების შეზღუდვას და ეს ნეგატიურად ხომ არ აისახება ინვესტიციებზე, ბიზნესის განვითარებასა და მთლიანად, ეკონომიკაზე?

– ჩვენთან იყო გაგება, რომ ინვესტორი არის ციდან მოვლენილი ბედნიერება და რაც არ უნდა უვარგის პირობებში მუშაობდეს დაქირავებული, კმაყოფილი უნდა იყოს. ამ მიდგომას და იაფ მუშახელს საქართველოსთვის ინვესტიციების ნაკადი არ მოუტანია. ევროპის ქვეყნებში გაცილებით დიდი ინვესტიციებია, მაგრამ ჩვენაირი კანონმდებლობა არ არის. ესე იგი, რაშია საქმე? ინვესტორს
მხოლოდ ის კი არ სჭირდება, რომ მუშა ადვილად გააგდოს, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულმა კარგად იმუშაოს. კარგად მუშაობა კი რამდენიმე საკითხთანაა დაკავშირებული – ეს ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი, ჰქონდეს კვალიფიკაცია და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ სადღაც უნდა იყოს სახსრები, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობა, განათლება, ფული უნდა იხარჯებოდეს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა რეალურად მოდერნული ეკონომიკა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლონიალური ეკონომიკა იქნება, სადაც არაკვალიფიციურ სამუშაოს არაკვალიფიციური ადამიანები შეასრულებენ.  ჩვენთან ხშირად კვალიფიციური ადამიანებიც კი არაკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ, ვინაიდან ინვესტიციები კვალიფიციურ საქმესთან დაკავშირებით ცოტა შემოდის. რატომ, ავწიოთ ეს დონე! თუ დონეს ავწევთ, შემოვა ინვესტიციები, რომელსაც განვითარების პერსპექტივა აქვს. ჩვენ თუ ისეთი ეკონომიკა შევქმენით, რომელიც მარტო ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული და არა მუდმივად მზრდად შემოქმედებით პოტენციაზე, მაგალითად, ტექნოლოგიების გამოგონებაზე, მას მომავალი არ აქვს. ამიტომ ჩვენ ყველა შემთხვევაში, ცოდნაზე დამოკიდებული ეკონომიკის გზით უნდა წავიდეთ. ამას ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მუშახელი ჭირდება, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როცა მათ მუშაობა უხარიათ. თუ ადამიანები ენთუზიაზმით არ მუშაობენ, ისინი შემოქმედებით საქმეს ვერ გააკეთებენ. მონათმფლობელობა დაანგრია იმან, რომ მონების მუშაობა არაპროდუქტიული იყო. ეს იყო ეკონომიკური სტაგნაცია, ვერ ვითარდებოდა. მონა მუშაობდა მხოლოდ გადარჩენისთვის, შემოქმედებითი ელემენტი არ იყო და განვითარებას არ ჰქონდა ადგილი.  ამიტომ ჩვენ ისეთი შრომის კოდექსი უნდა შევქმნათ, სადაც ადამიანები იმუშავებენ ენთუზიაზმით, განავითარებენ ეკონომიკას და ეს ქვეყნის განვითარება იქნება. ინვესტორმა უნდა დაინახოს, რომ აქ ისეთი მუშახელია, რომელიც მის ინვესტიციას განავითარებს. თუ გვინდა, კონკურენტული ეკონომიკა შევქმნათ, მაშინ ისეთი ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ, რომელიც ეფექტურ და განვითარებაზე ორიენტირებულ წარმოებას გულისხმობს, ეს კი იმ შემთხვევაში მოვა, თუ აქ დაქირავებეული ადამიანები იმუშავებენ ენთუზიაზმით. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით, აქვს ნორმალური სამუშაო პირობები და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა თავისი ანაზღაურებით. ინვესტორებისთვის ასეთი ადამიანები არიან ყველაზე უფრო საინტერესო. 


– რამდენად მნიშვნელოვანია პროფკავშირების როლი შრომითი უფლებების დაცვის საქმეში? პრიორიტეტია თუ არა მათი გაძლიერება?


– პროფკავშირები არის გამოცდილი ინსტიტუტი დასავლურ საზოგადოებაში, რომელიც უზრუნველყოფს ამ ურთიერთობების წარმართვას და გამოხატვას მშრომელების უფლებებს. არის სხვა ტიპის მექანიზმებიც, მაგალითად, შრომითი კომიტეტები ადგილებზე, რომელიც არ არის გაერთიანებული დარგობრივ პროფკავშირებში და ა.შ. ჩვენ გვაქვს პროფკავშირები, რომლებიც ზოგ მიმართულებაში ძლიერები არიან, ზოგან – ნაკლებად. მათ უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება. პროფკავშირებმა წინა რეჟიმის პირობებში ბევრი რამ გააკეთეს, თუმცა ეს რეჟიმი როგორც ყველას, ისე მათ საქმიანობასაც ზღუდავდა. დღეს დაქირავებულთა და მშრომელების გაერთიანებების თვითმმართველობების სხვადასხვა ფორმები ინერგება. ეს არის პროცესი, რომელშიც არსებული პროფკავშირი თავის ადგილს აუცილებლად ნახავს, ვინაიდან მათ აქვს დიდი გამოცდილება, ორგანიზაციული მზადყოფნა და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, უნდა წარმოიშვას სხვა ტიპის ორგანიზაციებიც, რომლებიც ერთმანეთთან რაღაც ფორმით იქნებიან დაკავშირებული. ჩვენ პროცესის დასაწყისში ვართ. სხვა სახელწიფოში დავიწყეთ ცხოვრება, ეს აღარ არის რეპრესიული რეჟიმი, ხალხი თავისუფლად სუნთქვს. 

– თქვენ შეხვდით ტყიბულის და ჭიათურის გაფიცულ მაღაროელებს, ასევე ფოთის პორტის მუშებს. გადაწყდა თუ არა მათი პრობლემები?

– პრობლემა ასე უცებ ვერ გადაწყდებოდა, მაგრამ დაიწყო პროცესი, სადაც დამქირავებლებმა და დასაქმებულებმა ერთამენთთან დაიწყეს ლაპარაკი, დადეს დროებითი შეთანხმებებები გარკვეულ საკითხებზე, სხვადასხვა პოზიციებით, მაგრამ ისინი მზად არიან ერთად განიხილონ ისინი. საამისოდ ვადებიც განისაზღვრა. შრომის კანონმდებლობის შეცვლამ უნდა უზრუნველყოს, რომ შემდგომშიც ეს პროცესი მხოლოდ ასე გაგრძელდეს და არ მივიღოთ დესტაბილიზაცია,  ქაოტური მოქმედებები და ა.შ. მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ გარანტიდ დაქირავებულები ხედავენ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და იმ კომისიას, რომლის წევრი მეც გახლავართ. ისინი ენდობიან ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმაში, რომ სამართლიან პოზიციას დაიკავებს. ცხადია, გარკვეული ნდობა დამქირავებელთა მხრიდანაც არის. 

– “ქართული ოცნების” მხრიდან წინასაარჩევნოდ ბევრი სოციალური დაპირება გაჟღერდა. როგორ აისახა ეს ბიუჯეტში და რა სახსრების შეზღუდვის ხარჯზე მოხდება მათი შესრულება?  

– პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტი ძალიან სერიოზულადაა შეცვლილი. ეს დაპირებების შესრულების მისამართით ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ჩვენგან არ ყოფილა დაპირება, რომ დღეს არსებული ეკონომიკის საფუძველზე შევქმნით კეთილდღეობას. ჩვენი დაპირება იყო, რომ შევცვლით ეკონომიკას და შეცვლილი ეკონომიკის პირობებში მოხდება დაპირებების შესრულება. ცხადია, ჯერ არაფერი შეგვიცვლია და ეს არის იმ რეჟიმის, სააკაშვილის ეკონომიკა. ეს ბიუჯეტი იყო სწორედ იმ ეკონომიკის და იმ წესების ამსახველი, რომელიც წინა მთავრობას ჰქონდა შექმნილი. რა გავაკეთეთ ჩვენ – ძალიან სერიოზულად შევცვალეთ ორიენტირები, ბიუჯეტში გაჩნდა 740 მლნ, რომელმაც მიმართულება შეიცვალა და გადამისამართდა სოციალური მიმართულებით. ეს თანხა მანამდე ფასადურ პროექტებზე იყო გათვლილი. ახლა ეს სახსრები წავა პენსიების ზრდაზე საარსებო მინიმუმამდე, რაშიც არ შედის დაზღვევა, დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებაზე, სტუდენტების დამატებითი დაფინანსებაზე, საყოველთაო ჯანდაცვაზე და სხვა. ეს ბიუჯეტი გახდა ბევრად უფრო მეტად კეთილდღეობაზე ანუ ხალხზე ორიენტირებული, ვიდრე მანამდე იყო. აქ არაფერს ვლაპარაკობ ერთ მილიარდდოლარიან ფონდზე, რომელიც არ შედის ბიუჯეტში, იქმნება კერძო სახსრებით, მაგრამ გარკვეული მიმართებით, სამთავრობო პროგრამების ამოცანების შესრულებისთვის. ასე, რომ, ეს არის რადიკალურად განსხვავებული ბიუჯეტი. მმართველობაზე ორიენტირებული ბიუჯეტიდან ჩვენ გადავდგით პირველი დიდი ნაბიჯი კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტისკენ, თუმცა ჩვენი დაპირებების შესრულება დაკავშირებულია იმ დიდ ეკონომიკურ ცვლილებებთან, რომელიც ჩვენ მომავალში უნდა განვახორციელოთ. 
 
  
ნათია რთველიაშვილი
საინფორმაციო სააგენტო “პირWელი”

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ