გელა ბანძელაძე: ძალადობა და სამართლიანი უსამართლობა

gela
შრომის საერთაშორისო დღე, 1 მაისი, 2011 წ.

წარმოგიდგენთ გელა ბანძელაძის 2011 წლის 19 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს. გელა გახლდათ ლექტორი პოლიტიკურ მეცნიერებებში და ასწავლიდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ასევე იყო სოციალ-დემოკრატების გენერალური მდივანი.

გელას უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში პროგრესული იდეების გავრცელებაში. მისი თანასწორობისა და თავისუფლების იდეალებისთვის ბრძოლის სულისკვეთება დღესაც დიდ ემოციებს აღძრავს თითოეულ ჩვენგანში.

გელა 2013 წელს 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოცნებები უკეთესი საზოგადოების შესახებ მიღწევადია. 

ბრძოლა გრძელდება.

© European.ge 

გამოჩენილი იდიოტი თავადი მიშკინი ერთ–ერთ დიალოგში აყალიბებს აზრს სიკვდილით დასჯის თაობაზე. მისი აზრით დამნაშავის სიკვდილით დასჯა გაცილებით დიდი დანაშაულია, ვიდრე მის მიერ ჩადენილი, თუნდაც უსაზარლესი მკვლელობა. ყოველივე ამას ორი ძირითადი მიმართულებით ხსნის:

ერთი – როდესაც ვინმეს ბოროტმოქმედი კლავს, თუნდაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე, თუნდაც უკვე ყელგამოჭრილზე, არსებობს იმედი, რომ გადარჩება. დამნაშავის სიკდილით დასჯის შემთხვევაში სასჯელის მთავარი სიმძიმე არა უშუალოდ სიკვდილის დადგომაშია, არამედ გარდაუვალი (!) სიკვდილის მოლოდინში. რაც დოსტოევსკის აზრით, გაცილებით დიდი სულიერი ტანჯვაა და არათანაზომადი სასჯელია ბოროტმოქმედის დანაშაულთან შედარებით.

მეორე – როდესაც ბოროტმოქმედი მსხვერპლს კლავს ამ უკანასკნელსაც სიკვდილამდე და მთელს საზოგადოებას აქვს განცდა, რომ მოხდა დანაშაული; მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო; ეს ადამიანი არ უნდა მომკვდარიყო; სამართლიანობა დაირღვა. ანუ დაირღვა სამართლიანობა, რომელიც იდეაში არსებობს (თუ არ არსებობს ვერც დაირღვევა). წესით და რიგით ადამინებს არ უნდა კლავდნენ და რაც მთავარია ყოველივე ამას ყავს გამოკვეთილი დამნაშავე. ის ვინც უნდა დავადანააშაულოთ! ყოველივე ეს ქმნის სამართლიანობის ვირტუალურ განცდას და გაბრაზების ობიექტის არსებობის მეშვეობით ახდენს უბედურების მიერ შექმნილი მუხტის განტვირთვას.

რა ხდება სიკვდილით დასჯის შემთხვეაში? ხდება მკვლელობა, რომელშიც არ არსებობს დამნაშავე. ვერავიზე ვერ გაბრაზდები და არც სამართლიანობის დარღვევის განცდაა. ანუ თავად `სამართლიანობაა” მკვლელი. ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ისე ხდება როგორც საჭიროა, მაგრამ ადამიანს კლავენ. ცხოვრება გრძელდება! დოსტოევსკის აზრით, ყოველივე ეს განუზომელი უსამართლობაა, ვინაიდან, თუნდაც მხოლოდ თეორიულად აღიარებული დანმაშავის არსებობა აუცილებელია და შვებაა ჭეშმარიტი სამართლიანობის შეგრძნებისათვის.

დოსტოევსკის ამ ნააზრევის გადმოცემის მიზანი არაა ვიდაოთ სიკვდილით დასჯის მართებულობა-არამართებულობაზე. ამ შემთხვევაში, ჩემი მცდელობაა უფრო დიდი უსამართლობის განსაზღვრის იგივე ლოგიკა მოვარგო თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკურსებს.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც თითქმის ყველა განსხვავებული კულტურის, პოლიტიკური მსოფლმხედველობის თუ ეკონომიკური შესაძლებლობების სახელმწიფოს თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურად დეკლარილებული ღირებულებები სასტიკად კრძალავს და გმობს ძალადობას. ადამიანების მასიური დახვრეტები მეოცე საუკუნის უმთავრეს ბოროტებადაა მიჩნეული და მთელი რიგი რეჟიმები დაგმობილია, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი საზარელი დანაშაულის ავტორები. დღევანდელი მსოფლიო აღიარებს ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას!

მაგრამ, კიდევ რა ახასიათებს თანამედროვე მსოფლიოს? ნეოლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და ფინანსური გლობალიზაცია. კონკურენცია და ბრძოლა არსებობისათვის უნივერსალური მარეგულირებელი პრინციპებია. შესაბამისად ვიღებთ მსოფლიოს, სადაც სიმდიდრისა და რესურსების უდიდესი ნაწილი მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილის ხელშია თავმოყრილი, მილიონები კი შიმშილით იხოცებიან!

სტალინმა როცა პოლონელი ოფიცრები დახოცა კატინის ტყეში, ეს ამბავი გაასაიდუმლოვეს, ვინაიდან იცოდნენ, რომ დანაშაული იყო. დღეს ყველამ ვიცით, რომ ეს დანაშაული მოხდა და აღშფოთების გამოხატვა და ვინმეს დადანაშაულება შეგვიძლია. მაგრამ, როდესაც სომალიში ბავშვები შიმშილით იხოცებიან ამას არავინ მალავს, ვინაიდან არავინ არ თვლის თავს დამნაშავედ. და არსებული სისტემის ლოგიკით, ვერც ვერავიზე გავბრაზდებით. როგორც დოსტოევსკის სიკვდილმისჯილმა, ამ ბავშვმაც მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს!

სამართლიანობა არ ირღვევა, ანუ თავად სამართლიანობაა უსამართლო. ეს გაცილებით დიდი საშინელებაა!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ