ხუთდღიანმა ომის ვერც ერთმა მონაწილემ ვერ მიიღო ის, რისკენაც მიისწრაფვოდა.
09.08.2013 «Газета.Ru»
ომიდან ხუთი წლის შემდეგ საქართველოს ჩამოშორებული ავტონომიები კვლავ უსტატუსო ტერიტორიებად რჩებიან. თბილისი დამარცხების მიზეზებისა და დამნაშავეების ძებნით არის დაკავებული, ხოლო მოსკოვმა არ იცის რა უყოს მფარველობაში მიღებულ ,,სახელმწიფოებს“.
აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებამდე თითქმის, ორი ათეული წლით ადრე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ფორმალურად თამაშობდა მხარეთა მომრიგებელი ძალის როლს, ფაქტობრივად კი, იგი მფარველობდა საქართველოს ჩამოშორებულ ავტონომიებს და ცდილობდა სამაგალითოდ დაესაჯა თბილისის, ერთმანეთის მონაცვლე რეჟიმები.
მოსკოვი ამ რეგიონში აშკარად, ყველაზე ძლიერი მოთამაშე და ჰეგემონი იყო, მაგრამ, მან ვერ მოახერხა (და შესაძლოა, არც უცდია) მკაფიოდ განესაზღვრა თუნდაც საკუთარი თავისათვის, თუ რა სტრატეგიული მიზნები ამოძრავებდა სამხრეთ კავკასიის ხსენებულ ნაწილში. სრულიად ცხადი იყო, რომ კრემლი ოდნავადაც არ ცდილობდა მოეძებნა სოხუმისა და ცხინვალის ყოფილ მეტროპოლიასთან შერიგების ფორმულა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ რუსეთის მესვეურებს აშკარად არ მოსწონდათ საქართველოს არც ერთი ხელმძღვანელი; მოსკოვს ეს განწყობა განსაკუთრებით გაუძლიერდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი მოვიდა.
ამასთან, 2008 წლამდე, მოსკოვს არც ის უნდოდა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულფასოვან სახელმწიფოებად ქცეულიყვნენ. მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო, რომ ეს ორივე ტერიტორია რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო და განუსაძღვრელად დიდ ხანს დარჩენილიყო კრემლზე დამოკიდებული; მაგრამ, რუსეთთან მათი პირდაპირი შეერთებაც არ მზადდებოდა, რადგან, ასეთი ანექსიის სანაცვლოდ, კრემლს ძალიან ძვირი საფასურის გადახდა მოუხდებოდა როგორც დიდ, მსოფლიო პოლიტიკაში, ასევე ახლო საზღვარგარეთთან ურთიერთობაში.
მოსკოვის ასეთმა მოქმედებამ კონფლიქტში მონაწილე მხარეების იმედგაცრუება გამოიწვია და გაუჩინა მათ სურვილი ნებისმიერი საშუალებით დაეღწიათ თავი ამ ჩიხისათვის. 2008 წლის დასაწყისიდან სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა.
თებერვალში, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კოსოვომ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც მალევე აღიარა ათეულობით დიდმა სახელმწიფომ. თუ სერბეთისაგან გამოყოფილ მხარეს, რომელმაც სამოქალაქო ომი და ეთნიკური წმენდები გამოიარა, უფლება ჰქონდა ცალმხრივად გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, მაშინ, რატომ არ უნდა ჰქონოდა ამისი უფლება, მაგალითად, აფხაზეთს?! რუსეთის ხელისუფლებამ მკაცრად დაგმო კოსოვოს ეს ნაბიჯი, მაგრამ, აშკარად სხვა თვალით დაუწყო ყურება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციას. მას გაუჩნდა საშუალება – ევროპისა და ამერიკისათვის სიმეტრიული პასუხი გაეცა.
ამასთან, თბილისს სულ უფრო უძლიერდებოდა სურვილი გაემეორებინა ცხინვალში და თუ გამოუვიდოდა სოხუმშიც, ის, რაც მოსკოვმა 1999 წელს მოიმოქმედა გროზნოში. საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რატომღაც არ ესმოდა, რომ ამისათვის ძალიან არახელსაყრელი მომენტი აირჩია.
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი – ტერიტორიები, რომლებიც ოსებით, აფხაზებით და ქართველებით იყო დასახლებული, გადაიქცნენ სარბიელად, სადაც ერთმანეთს შეეჯახა ორი სახელმწიფოს – უშველებელი რუსეთისა და საკუთარ შესაძლებლობებში ზედმეტად დარწმუნებული, პატარა საქართველოს ამბიციები. ადგილობრივ ძალებს ამ კონფლიქტში მეორეხარისხოვანი როლი ენიჭებოდათ, ხოლო, მშვიდობიანი მოსახლეობა (ცხინვალელი ოსები) ჯერ ქართული არმიის სამიზნე გახდა, ამის შემდეგ კი იძულებული იყო აყრილიყო მშობლიური მიწიდან და დევნილად ქცეულიყო (ქართული სოფლების მკვიდრნი). ომები მიმზიდველი და რომანტიულია მხოლოდ კინოეკრანზეა.
ცნობილია, რომ თუ პრობლემის გადაწყვეტას ვერ ახერხებენ, ზოგჯერ ცდილობენ, ის გორდიას კვანძის მსგავსად, გაკვეთონ. ხუთი წელი საკმარისი ვადაა იმისათვის, რომ დავინახოთ, რა მოგვიტანა ასეთმა ,,რადიკალურმა მკურნალობამ“ სამხრეთ კავკასიაში?
2008 წლის აგვისტომდე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს ჰქონდათ გარკვეული, იმედი, რომ ადრე თუ გვიან საერთაშორისო თანამეგობრობა მათ აღიარებდა. (უდავოა, რომ აფხაზეთის პრეტენზია უფრო რეალისტური იყო, სამხრეთ ოსეთისა კი თითქმის, მთლიანად ილუზორული). სწორედ ომმა, რუსეთის მიერ ამ რესპუბლიკების ოფიციალურმა ცნობამ და ჩვენი ჯარის იქ დაბანაკებამ ეს იმედი წყალს გაატანა. დღეს მსოფლიო ამ პოლიტიკურ ერთეულებს რუსეთის პროტექტორატებად აღიქვამს და უნდა ითქვას, რომ აფხაზეთს სულაც არ მოსწონს ეს სტატუსი.
დასავლეთის ქვეყნების პატრონაჟის შედეგად, კოსოვო აღიარა ასეულობით სახელმწიფომ, ხოლო მოსკოვის მფარველობა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი არაეფექტური გამოდგა. დსთ-ს ქვეყნებმა და რუსეთის მოკავშირეებმა – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოებმა, უარი თქვეს თავიანთ კლუბში ახალი წევრების მიღებაზე, ვინაიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძველი მეტროპოლიიდან გამოყოფა მათთვის არასასურველი პრეცედენტი იყო, ამ პროცესში რუსეთის ძალისმიერი ჩარევა კი – ძალიან არასასიამოვნო ამბავი.
თვიგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ორ ათეული წლის განმავლობაში, ადამიანთა იძულებითი გასახლებისა, თუ ნებაყოფლობითა წასვლის გამო, მოსახლეობის ნახევარი დაკარგეს. ისინი დღეს სიღარიბეში ცხოვრობენ, მატერიალურად მთლიანად არიან დამოკიდებულნი რუსეთზე; მათი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი მდგომარეობა კვლავ სრულიად გაურკვეველია. ხუთი წლის წინ ამ გაურკვევლობამ ახალი ფორმა მიიღო, მაგრამ, საფიქრებელია, რომ ეს მდგომარეობა ისევე არახელსაყრელია მათთვის, როგორც წინანდელი. რეალობა სრულიად არ ჰგავს იმას, რაზედაც ისინი ოცნებობდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წლებში. მომავლის პერსპექტივაც ფრიად გაურკვეველია. აქ, განსაკუთრებით აფხაზეთში, ადამიანები ცხოვრობენ იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში რუსეთის მარწუხები შესუსტდება და საქართველოც ვერ მოახერხებს თავისი გავლენის გაძლიერებას.
თვით საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება ბოლოსდაბოლოს დაემხო. ეს მოხდა არა რუსეთის არმიის ჩარევის გამო, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმმა ვერ გაუძლო შინაგან წინააღმდეგობებს. საქართველომ ორჯერ ზედიზედ წააგო. პირველად მაშინ, როდესაც შეეცადა ომით დაესაკუთრებინა მოკვეთილი ტერიტორიები და მეორედ – როდესაც უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ დაკარგულს ვეღარ დაიბრუნებდა და ვერ შეძლო მთელი ყურადღება საკუთარი განვითარების ამოცანებისათვის დაეთმო.
თუმცა, საქართველოზე გამარჯვებამ არც რუსეთს მოუტანა რაიმე სასიკეთო. ამას არ მოჰყოლია მისი გავლენისა და პრესტიჟის ზრდა საერთაშორისო არენაზე.
საერთაშორისო ზეწოლის გამო, თბილისის ტრიუმფალური აღება ვერ მოხერხდა. დღეს საქართველოში რუსეთისადმი გაცილებით უფრო კეთილგანწყობილი ხელისუფლებაა. მას სათავეში პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი უდგას. სიტუაცია ერთგვარად დაემსგავსა მდგომარეობას, რომელიც შეიქმნა უკრაინაში, იანუკოვიჩის გამარჯვების შემდეგ. ორივე ლიდერი, მიუხედავად იმისა, თუ რა აკავშირებთ მათ მოსკოვთან, მოქმედებენ ადგილობრივი რეალიების გათვალისწინებით და მარიონეტებად სულაც არ გვევლინებიან.
სრულიად აშკარაა, რომ კრემლში წარმოდგენა არ აქვთ არა მართო იმაზე, თუ როგორ უნდა მართონ ჩვენი ჩრდილოკაცკასიური ავტონომიები, არამედ ომაზეც, თუ როგორ უნდა უხელმძღვანელონ ტერიტორიებს, რომელთა პატრონობაც ვიკისრეთ. მოსკოვის ურთიერთობა ცხინვალთან და სოხუმთან ძირითადად შემოიფარგლება მუდმივი ჩხუბით სადღაც გაუჩინარებული სუბსიდიების გამო. ამას ემატება ე.წ. ,,საკადრო კონფლიქტები“, რადგან ადგილობრივი მმართველები ეწინააღმდეგებიან (და ხშირად წარმატებითაც) მოსკოვის მიერ თავს მოხვეული ხელმძღვანელების დანიშვნას.
როგორც ომამდე, ისე ახლაც, კრემლს არ გააჩნია ამ რეგიონისათვის მკაფიო, სტრატეგიული ხედვა, იგი უმეტესწილად ვარაუდით მოქმედებს. მან ვერ დაიმორჩილა საქართველო, ვერც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და ქმედითი კონტროლიც აქ ვერ დაამყარა. ორივე მხარის ,,მაგარი ბიჭობა“ ძვირად დაუჯდა ყველას, ვინც უნებლიედ აღმოჩნდა ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, რეგიონის მოწყობის საყოველთაოდ აღიარებული მოდელი კი, როგორც 2008 წლამდე არ იყო, ისე დღემდე არ არსებობს.
რუსულიდან თარგმნა ქეთევან ამირეჯიბმა