ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ

Commissioner for European Neighbourhood Policy and Enlargement Negotiations Johannes Hahn addresses the media after the European Union (EU) - Turkey ministerial political dialogue meeting at Ankara Palace in Ankara on January 25, 2016. / AFP PHOTO / ADEM ALTAN

”შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვის პროცესში,  2018 წლის 13 თებერვალს,  რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივი წერილით მიმართა ევროკომისრებს იოჰანეს ჰანს, მარიანა ტისენის და სესილია მალმსტრომს – რომელსაც, ხელს ჩვენი მედია-პლატფორმაც აწერს.

წერილში ყურადღება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის გარშემო ოთხ ძირითად ფაქტორზე იყო გამახვილებული: კანონის მოქმედების სფეროზე, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ ვრცელდება დასაქმების ყველა ადგილზე; ინსპექციის უპირობო დაშვებაზე, რაც ასევე არ არის კანონპროექტით გარანტირებული; სანქცირების მექანიზმზე, რაც კანონპროექტის მიხედვით მხოლოდ მინიმალურ ჯარიმებს ითვალისწინებს და ასევე, რეფორმის აღსრულებისთვის აუცილებელ რესურსებზე – ზედამხედველობითი მექანიზმის გაფართოებასა და გაძლიერებაზე.

“გამოვთქვამთ, იმედს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან რათა კანონპროექტის მიღება პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირობებს.” – ნათქვამი იყო წერილში.

საპასუხო წერილი ევროკომისრებისგან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ გამოიგზავნა, სადაც აღწერილია ევროკომისრების მოსაზრებები შრომის უსაფრთხოების მიღებულ კანონთან და საქართველოში შრომის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

“ევროკავშირი სრულად ინფორმირებულია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ეხება სამუშაო ადგილებზე არსებულ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, ასევე, სამუშაო პირობებსა და ზოგადად სოციალურ დაცვას. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ [მთავრობას] მოქმედებისაკენ და შეშფოთებულნი ვართ სამუშაო პირობებზე, შრომით ურთიერთობებსა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის შექმნის პროცესში პროგრესის ნაკლებობის გამო.

შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით (მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) აღებული ვალდებულებების – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციებით განმტკიცებული შრომის ძირითადი სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის – დარღვევა.

საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, სრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის [სტანდარტებთან] სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროში. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ეფექტიანი, პროპორციული და გამჭვირვალე სანქციების მოქმედებას, რომლებსაც დამსაქმებლებთან მიმართებით გააჩნია ნამდვილი და შემაკავებელი ეფექტი. ნათელი, განჭვრეტადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის. საქართველომ ცნო ის სარგებელი, რომელიც ძირითად შრომით სტანდარტებსა და ღირსეულ სამუშაოს შესაძლოა ჰქონდეს ეკონომიკის ქმედითობაზე, ინოვაციებსა და პროდუქტიულობაზე.

ამ ფონზე, კარგად ვიაზრებთ თქვენს შეშფოთებას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის დებულებებთან მიმართებით. ევროკავშირი მჭიდროდ დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, და განაგრძობს დაჟინებით მოთხოვნას, რათა კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებმა შრომის ინსპექტირების ჯეროვანი სისტემის დაარსებასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის ეფექტიანი დაცვა ზედამხედველობისა და სანქციონირების უფლებამოსილებების მქონე ორგანოთა მიერ.

ასოცირების შეთანხმების თავის – ვაჭრობა და მდგრადი განვითარება, დებულებების შესაბამისად დაარსებული სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები (როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს მხარეს არსებული ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფები), წარმოადგენს მნიშვნელოვან გამტარს, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ევროკავშირთან და საქართველოს ხელისუფლებასთან წამოჭრას ნებისმიერი პრობლემა, რომელიც უკავშირდება როგორც შრომით უფლებებს, ასევე ვაჭრობის კონტექსტში რელევანტურ გარემოსდაცვით საკითხებს. მოგიწოდებთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული სტრუქტურებითა და მათ ფარგლებში ხელმისაწვდომი შესაძლებლობებით.

ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო სისტემის დაარსებისა და საქართველოში უკეთესი სამუშაო პირობების ჩამოყალიბების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, საქართველო, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად შრომის დაცვის მაღალი სტანდარტებისკენ გააგრძელებს სწრაფვას.”

წერილს ხელს აწერს ევროკომისიის წევრი, იოჰანეს ჰანი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ