► ავტორი: ირაკლი ჯავახიშვილი – რომის წმ. თომა აქვინელის პონტიფიკალური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი; კვლევისა და ინტერესის სფეროებია – ევროკავშირი საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
► ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ, ასევე, ავტორის წერილი: “ეკლესია, კაპიტალიზმი და ღარიბები”
წინამდებარე სტატიის მიზანი არ არის, მკითხველი ევროპული თანამეგობრობის შექმნისა და ეტაპობრივი განვითარების ისტორიას გააცნოს, თუმცა შევეცდები, ორიოდე სიტყვით ვახსენო მისი საგარეო პოლიტიკის თანდათანობითი ფორმირების პროცესი, რაც დაგვეხმარება საკითხთან დაკავშირებული კონტექსტის გაგებაში. როგორც კეიკელერი და დელრო (2014) წერენ თავიანთ ცნობილ წიგნში „ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკა“ (Keukeleire and Delreux 2014), ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მრავალმხრივი, მრავალმეთოდური და მრავალდონიანია. გარდა ამისა, ისინი გამოყოფენ მისი საგარეო პოლიტიკის განვითარების სამ ძირითად ეპიზოდს: პირველი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი – ევროპული პროექტის წარმოშობა და ფორმირება, შემდეგ კი მომდევნო ათწლეულები; მეორე, გვიანი 1980-იანი და ადრეული 1990-იანი წლები – ცივი ომის დასასრული და დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის დაახლოების ახალი შესაძლებლობები; და მესამე, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი – გლობალური ძალთა ბალანსის ცვლილება.
1950 წლის 9 მაისს, შუმანის დეკლარაცია აცხადებდა: “ევროპა ერთბაშად ან ერთი ცალკეული გეგმით ვერ შეიქმნება. ის აშენდება კონკრეტული მიღწევებით, რომლებიც თავდაპირველად დე ფაქტო სოლიდარობას შექმნის” (Hill and Smith 2003: 13). ცნობილი ფუშეს პირველი გეგმა „ევროპის პოლიტიკური კავშირის შექმნის ჩარჩოხელშეკრულების შესახებ“ (1961წ), რომელსაც მხარს უჭედა შარლ დე გოლი, მიზნად ისახავდა – “მიიღოს ერთობლივი საგარეო პოლიტიკა იმ საკითხებში, რომლებიც წევრ სახელმწიფოთა საერთო ინტერესს წარმოადგენს” (Hill and Smith 2003: 48). 1983 წელს, მიღებულ იქნა შტუტგარტის დეკლარაცია ევროპის კავშირის შესახებ, რომლის მიხედვითაც საჭირო იყო: “ერთობლივი პრინციპების და მიზნების პროგრესული განვითარება და განსაზღვრა, ასევე საერთო ინტერესების დადგენა, რათა გაძლიერდეს საგარეო პოლიტიკის სფეროში ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობები” (Hill and Smith 2003: 131). 1992 წელს, მიღებული იქნა მაასტრიხტის ხელშეკრულება (ძალაში შევიდა 1993 წლის 1 ნოემბერს), რომელმაც ფორმალურად დააფუძნა ევროპის კავშირი. გარდა ამისა, მან (რომელსაც სხვაგვარად უწოდებენ ხელშეკრულებასაც ევროპის კავშირის შესახებ) დააფუძნა ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ხელშეკრულების B მუხლში ვკითხულობთ, რომ კავშირის მიზანია, “განამტკიცოს თავისი იდენტობა საერთაშორისო სცენაზე, განსაკუთრებით ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებით, რომლის ნაწილსაც შეადგენს ერთობლივი თავდაცვის პოლიტიკის საბოლოო ფორმირება” (EU 1992: 8).
მაასტრიხტის სულისკვეთებას იმეორებდა ამსტერდამის ხელშეკრულებაც (1997წ). ხოლო მოგვიანებით, 2003 წელს, ევროკავშირმა შეიმუშავა ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია, რომელშიც ნათქვამია: “… ჩვენ უნდა გავზარდოთ აღმოსავლეთში ჩვენს მეზობლებთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის სარგებელი და იმავდროულად, ვებრძოლოთ იქ არსებულ პოლიტიკურ პრობლემებს. ახლა უფრო ძლიერი და აქტიური ინტერესი უნდა გამოვიჩინოთ სამხრეთ კავკასიის პრობლემების მიმართ” (CEU 2009: 35) სტრატეგია, ასევე, დასძენდა, რომ “ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, და ასევე, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის აზრი ისაა, რომ უფრო ძლიერი ვართ მაშინ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ…” (CEU 2009: 41).
ამგვარად, შეიქმნა ევროკავშირის სამი “სვეტი”: ევროპის თანამეგობრობა (EC), ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) და მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები. მეორე სვეტის ნაწილს წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაც (ESDP), რომელიც ევროპულმა საბჭომ შეიმუშავა 1999 წელს. კეიკელერი აგრეთვე საუბრობს ევროკავშირის “სტრუქტურულ საგარეო პოლიტიკაზე”, რომელიც “ემყარება იმ მრავალგვარ სტრატეგიასა და პარტნიორობას, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა რეგიონებთან, და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გრძელვადიან სტრუქტურულ ცვლილებებს ამ რეგიონებში” (Keukeleire 2003: 31-32).
პირველი სვეტი მოიცავს “თანამეგობრობის მეთოდს”, რომელსაც მინისტრთა საბჭო, ევროპის კომისია, ევროპის პარლამენტი და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო წარმართავენ. რაც შეეხება მეორე სვეტს, თავისი მთავრობათაშორისი ბუნებით, დისკუსიები მინისტრთა საბჭოში, პოლიტიკურ კომიტეტში, CFSP-ის მრავალ სამუშაო ჯგუფში, და ESDP-ის ფარგლებში შექმნილ ახალ კომიტეტებსა და ერთეულებში შიდა კონფლიქტების მოგვარებისა და გაზრდილი ურთიერთგაგების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკურ-ფინანსურ და დიპლომატიურ-პოლიტიკურ ინსტრუმენტებს ზურგს არ უმაგრებს ევროპის სამხედრო ინსტრუმენტები, რომლებიც არსებითია ზოგიერთ რეგიონში სტრუქტურული ცვლილებებისა და გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად.
“ვის დავურეკო, როდესაც ევროპასთან მინდა საუბარი?” შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის, ეს რიტორიკული ხუმრობა თუ გამოთქმა კარგად გამოხატავდა შეერთებული შტატების სკეპტიკურ დამოკიდებულებას ევროკავშირის ერთობლივი პოლიტიკის ფორმირების მიმართ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში. 2009 წელს, ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ხოსე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ე.წ. კისინჯერის საკითხი უკვე მოგვარებული იყო. რასაკვირველია, ის გულისხმობდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ინსტიტუტის შექმნას, ლისაბონის ხელშეკრულების შედეგად (ხელი მოეწერა 2007 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 2009 წელს).
2016 წლის ივნისში, ევროკავშირმა მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი საერთო ხედვა, ერთობლივი მოქმედება: ძლიერი ევროპა. გლობალური სტრატეგია ევროპის კავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისათვის, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ მოამზადა. წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: “ჩვენ ვცხოვრობთ ეგზისტენციალური კრიზისის ეპოქაში, როგორც ევროპის კავშირის შიგნით, ისე მის გარეთ. ჩვენი კავშირი საფრთხის ქვეშაა. ევროპული პროექტი, რომელმაც უპრეცედენტო მშვიდობა, კეთილდღეობა და დემოკრატია მოიტანა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აღმოსავლეთით, ევროპის უსაფრთხოების წესრიგი დარღვეულია, მაშინ როცა ტერორიზმი და ძალადობა მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთს, თვით ევროპასაც კი” (EC 2016: 7).
გლობალური სტრატეგიის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირის უსაფრთხოება: “ევროკავშირის გლობალური სტრატეგია იწყება შინ. ჩვენი კავშირი შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ უპრეცედენტო უსაფრთხოებით, დემოკრატიითა და კეთილდღეობით… ამბიციისა და სტრატეგიული ავტონომიის შესაფერისი დონე მნიშვნელოვანია ევროპის შესაძლებლობისათვის, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას თავის საზღვრებში და მათ მიღმა. ამიტომაც, ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას, კიბერუსაფრთხოებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ენერგო და სტრატეგიულ კომუნიკაციებს… ევროკავშირი გაზრდის თავის წვლილს ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაში, მჭიდროდ იმუშავებს თავის პარტნიორებთან, პირველ რიგში კი ნატო-სთან” (EC 2016: 9). ხოლო საგარეო პოლიტიკის მხრივ, დოკუმენტში წერია, რომ “… ძლიერი კავშირი აგრეთვე მოითხოვს ინვესტირებას საგარეო პოლიტიკის ყველა განზომილებაში. განსაკუთრებით გადაუდებელი საქმეა ინვესტირება უსაფრთხოებასა და თავდაცვაში” (EC 2016: 10) და, ამასთანავე, “ევროკავშირი სისტემატურად წაახალისებს თავდაცვით თანამშრომლობას და შექმნის მყარი ევროპული თავდაცვის ინდუსტრიას, რაც მნიშვნელოვანია ევროპის გადაწყვეტილებისა და მოქმედების ავტონომიისათვის” (EC 2016: 11).
აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის საგარეო საქმიანობის მრავალ სხვა პრიორიტეტს (მაგალითად, ინტეგრირებული მიდგომა კონფლიქტების მიმართ, რეგიონული თანამშრომლობა და გლობალური მმართველობა ოცდამეერთე საუკუნეში) მოიცავს, რომელთა აქ დახასიათებაც ძალიან შორს წაგვიყვანდა. თუმცა, ზემოთხსენებული მოსაზრებებიდანაც კარგად ჩანს ის მთავარი იდეა, რომ საჭიროა “ძლიერი ევროპა”, რომელიც კავშირის მოქალაქეთა ინტერესებშია. დოკუმენტში აგრეთვე ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი სამოქმედო პრინციპები, როგორებიცაა ერთობა, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, პარტნიორობა.
ის, თუ რამდენად შეძლებს ევროპის კავშირი 2016 წლის გლობალურ სტრატეგიაში მოცემული მიზნებისა და პრინციპების განხორციელებას, მომავლის საკითხია. თუმცა, იმასაც ვერ უარვყოფთ, რომ ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ან თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას შეიძლება ხელი შეუშალოს ცალკეული წევრი სახელმწიფოების “თვითნებურმა” მოქმედებებმა, რაც არაერთხელ მომხდარა. მეორე მხრივ, უდავოა, რომ თანამშრომლობას და კოორდინაციას შეუფასებელი მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მართლაც დადგება, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმის არ იყოს (1999წ), “ევროპის საათი”.
კომპლექსურ, ურთიერთდამოკიდებულ და კონკურენტულ მსოფლიოში, ევროკავშირის ფუნდამენტური ამოცანაა, უზრუნველყოს მშვიდობა და უსაფრთხოება საკუთარ ტერიტორიაზე და კეთილდღეობა შეუქმნას საკუთარ მოქალაქეებს. ამისათვის, უფრო მტკიცე უნდა იყოს მისი მხარდაჭერა დემოკრატიული ფასეულობებისა და “წესების მორჩილი” გლობალური წესრიგისადმი. ევროკავშირის საგარეო საქმიანობა ცხადი პრინციპებით უნდა წარიმართებოდეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
CEU. 2009. European Security Strategy: A Secure Europe in a Better World. Brussels, Belgium: European Communities.
2016. Shared Vision, Common Action: A Stronger Europe. A Global Strategy for the European Union’s Foreign and Security Policy. Brussels, Belgium: European Union.
1992. Treaty on European Union. Brussels/Luxembourg, Belgium/Luxembourg: Council of the European Communities/Commission of the European Communities.
Hill, Christopher, and Karen E. Smith. eds. 2003. European Foreign Policy: Key Documents. New York: Taylor and Francis.
Keukeleire, Stephan. 2003. “The European Union as a Diplomatic Actor: Internal, Traditional, and Structural Diplomacy”. Diplomacy and Statecraft 14(3): 31-56.
Keukeleire, Stephan, and Tom Delreux. 2014. The Foreign Policy of the European Union. New York: Palgrave Macmillan.