იუსტონის მანიფესტი: პროგრესული პოლიტიკის განახლებისათვის

იუსტონის მანიფესტი 2006 წელს იქნა ხელმოწერილი, ბრიტანეთში მცხოვრებ და მოღვაწე აქტივისტთა, აკადემისტთა და ჟურნალისტთა მიერ. როგორც პრეამბულაში ცხადდება, მანიფესტის მთავარი მიზანი იყო ნამდვილი მემარცხენე პრინციპების ხელახლა გაცხადება.

ვფიქრობთ, მანიფესტის ტექსტი ეხება ჩვენი სოციალური სინამდვილის მრავალ მნიშვნელოვან საკითხს. ტექსტი საინტერესო იქნება სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული სტუდენტებისთვისაც. მნიშვნელოვანია საჯარო დისკუსია მანიფესტში გადმოცემულ დისკურსთან დაკავშირებითაც, რადგან თავად დასავლურ მემარცხენე აკადემიაშიც განსხვავებული ინტერპრეტაციები არსებობს საჯარო აქტივიზმის ბუნებისა და სოციალური ცხოვრების პოლიტიკურ სივრცეში არტიკულირებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ დელიბერაციული სააზროვნო სივრცის შექმნას, სადაც კრიტიკული თეორიის თვალსაწიერიდან მოხდება თანამედროვე პროცესების გააზრება.

ამ მხრივ, მანიფეტი არამარტო საინტერესო, არამედ საჭირო საკითხავიც უნდა აღმოჩნდეს.

 ინგილსურიდან თარგმნა გრიგოლ გეგელიამ.

© European.ge

A. პრეამბულა

ჩვენ ვართ დემოკრატები და პროგრესისტები. euston

ჩვენ შემოგვაქვს წინადადება ახლებურ პოლიტიკურ ერთიანობაზე. ბევრი ჩვენგანი მემარცხენეა, მაგრამ პრინციპები, რომელთაც აქ ვაყალიბებთ, არ არის ექსკლუზიურად მემარცხენეთათვის. პირიქით, ჩვენ ვცდებით მემარცხენე სოციალისტებს და გვსურს დავუკავშირდეთ ეგალიტარიანელ ლიბერალებსა და სხვებს, რომელთაც გააჩნიათ ცალსახად დემოკრატიული პოზიციები. პროგრესული აზრის გადააზრება, რაც ჩვენი მიზანია, გულისხმობს გამყოფი ხაზის გავლებას იმ მემარცხენე ძალებს შორის, რომელიც რჩებიან ერთგული მისი ჭეშმარიტი ღირებულებებისა და იმ დინებებს შორის, რომლებიც ბოლო დროს გამოირჩეოდნენ ზედმეტი მოქნილობით ამ ღირებულებათა მიმართ. ჩვენ მივისწრაფვით საერთო მიზანი დავსახოთ ნამდვილ დემოკრატებთან, იქნებიან ისინი სოციალისტები თუ არა.

მოცემული ინიციატივის საწყისები ინტერნეტშია, სადაც მან იპოვა მხარდამჭერთა წრე, განსაკუთრებულად — „ბლოგოსფეროში“. თუმცა, ჩვენი ხედვით, ეს წრე სხვაგან ნაკლებადაა წარმოდგენილი — იქნება ეს მედიაში, თუ თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების სხვა ფორუმებში.

პრინციპების ჩამონათვალი, რომელიც მოჰყვება პრეამბულას, განზრახვის დეკლარაციაა. ის ოფიციალურად ხსნის ვებ–გვერდს, რომელიც იქნება რესურსი იმ აზრთა დინებისათვის, რომელთა წარმოდგენის სურვილიც მას გააჩნია, ისე როგორც რამდენიმე დამფუძნებლურ ბლოგსა და სხვა გვერდებს, რომლებიც ახლებური პროგრესული ერთიანობისადმი მოწოდების უკან დგანან.

B. პრინციპების ჩამონათვალი    

      1. დემოკრატიისათვის

ჩვენ ვუცხადებთ ერთგულებას დემოკრატიულ ნორმებს, პროცედურებსა და სტრუქტურებს — აზრისა და შეკრების თავისუფლებას, თავისუფალ არჩევნებს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების დაყოფას და სახელმწიფოსა და რელიგიის განცალკევებას. ჩვენ ვაფასებთ იმ ქვეყნების ტრადიციებს, ინსტიტუტებს და კარგი მმართველობის გამოცდილებას, რომლებშიც ლიბერალურმა, პლურალისტულმა დემოკრატიებმა დაისადგურეს.

  1. არავითარი გამართლება ტირანიას

ჩვენ უარს ვაცხადებთ გავამართლოთ, მოწყალებით „გავუგოთ“, რეაქციულ რეჟიმებსა და მოძრაობებს, რომელთათვისაც დემოკრატია საძულველი მტერია — რეჟიმებსა და მოძრაობებს, რომლებიც ჩაგრავენ საკუთარ ხალხს. ჩვენ ვავლებთ მყარ გამყოფ ხაზს საკუთარ თავსა და იმ მემარცხენე–ლიბერალურ მოაზროვნეებს შორის, რომლებიც დღეს ამგვარი პოლიტიკური ძალების ქმედებების გამამართლებელ ახსნას გვთავაზობენ.

  1. ადამიანის უფლებები ყველასათვის

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ძირითადი ადამიანური უფლებები, რომლებიც კოდიფიცირებულია უნივერსალურ დეკლარაციაში ნამდვილად უნივერსალურია, ავალდებულებს ყველა სახელმწიფოსა და პოლიტიკურ მოძრაობას და საერთოდ — ყველას. ამ უფლებათა დარღვევა თანაბრად უნდა იქნას დაგმობილი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი და განურჩევლად კულტურული კონტექსტისა. ჩვენ უარვყოფთ ორმაგ სტანდარტს, რისი გამოყენებითაც თვით–გამოცხადებული პროგრესული აზრი ახლა მოქმედებს, რომელიც სახლთან ახლოს, ან არასასურველი მთავრობების მიერ, ჩადენილ ადამიანის უფლებათა უფრო მცირე (თუმცა, საკმარისად ნამდვილ) დარღვევებს უფრო დასაგმობად მიიჩნევს, ვიდრე სხვა დარღვევებს, რომლებიც შემზარავად უარესია. ჩვენ ასევე უარვყოფთ კულტურულად რელატივისტურ ხედვას, რომლის მიხედვითაც ეს საბაზისო ადამიანური უფლებები არ არის შესაფერი ზოგიერთ ერებისა და ხალხებისათვის.

  1. თანასწორობა

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეგალიტარიანულ პოლიტიკას. ჩვენ ველით პროგრესს სქესთა შორის ურთიერთობებში (სანამარ იქნება მიღწეული სრული გენდერული თანასწორობა), განსხვავებულ ეთნიკურ თემთა შორის, მათ შორის ვისაც განსხვავებული რელიგიური მრწამსი გააჩნია და მათ შორის ვისაც ის საერთოდ არ გააჩნია, და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა შორის  — ისე როგორც უფრო ფართო სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ჩვენ ღიად ვტოვებთ საკითხს ამ ფართო თანასწორობის განსახორციელებლად საუკეთესო ეკონომიკური ფორმის შესახებ, როგორც საკითხს, რომელზეც ჩვენს შორის აზრთა სხვაობაა. მაგრამ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მომუშავე ხალხის ინტერესებს ყველგან და მათ უფლებას გაერთიანდნენ და შეიკრიბონ ამ ინტერესების დასაცავად. დემოკრატიული პროფესიული კავშირები საძირკველია მომუშავეთა უფლებების დასაცავად და ერთერთ ყველაზე მნიშნელოვან ძალას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ხელის შეწყობასა და ეგალიტარიანული ინტერნაციონალიზმის დაცვასა და განვითარებაში. შრომის უფლებები ადამიანური უფლებებია. საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენციათა—რომელიც ახლა ყოველდღიურად ირღვევა მთავრობების მიერ მსოფლიოს მასშტაბით—უნივერსალური მიღება ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია დავიცვათ ბავშვთა უფლებები და დავიცვათ ადამიანები სექსუალური მონობისა და ყველა სახის ინსტიტუციონალური ჩაგვრისაგან.

  1. განვითარება თავისუფლებისთვის

ჩვენ მხარს ვუჭერთ გლობალურ ეკონომიკურ განვითარებას–როგორც–თავისუფლებას და ვეწინააღმდეგებით სტრუქტურულ ეკონომიკურ ჩაგვარასა და გარემოს/ბუნების გადაგვარებას. გლობალური ბაზრისა და თავისუფალი ვაჭრობის ამჟამინდელ ექსპანსიას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა ემსახუროს განვითარებული მსოფლიოს პატარა კორპორატიულ ელიტათა ვიწრო ინტერესებს და მათ თანამზრახველებს განვითარებად ქვეყნებში. გლობალური ვაჭრობის წყალობით მიღებული ფართო განვითარების სარგებელი უნდა იქნას გადანაწილებული იმდენად ფართოდ, რამდენადაც შესაძლებელია, რათა ის ჩადგეს მშრომელთა ეკონომიკური და სოციალური ინტერესების სამსახურში, ფერმერთა და მომხმარებელთა სამსახურში ყველა ქვეყანაში. გლობალიზაცია უნდა ნიშნავდეს გლობალურ სოციალურ ინტეგრაციას და სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერას. ამ მიზანთა მისაღწევად, ჩვენ ვემხრობით გლობალური ეკონომიკური მმართველობის უმთავრეს ინსტიტუტთა (მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო მონეტარული ფონდი, მსოფლიო ბანკი) რადიკალურ რეფორმას და მხარს ვუჭერთ თავისუფალ ვაჭრობას, გაზრდილ ფინანსურ დახმარებას, ვალების გაუქმებასა და კამპანიას „აქციე სიღარიბე ისტორიად“. განვითარებას ძალუძს გაზარდოს სიცოცხლისუნარიანობა და ცხოვრებით ტკბობა, შეამციროს მძიმე შრომა და შეამციროს სამუშაო დღე. მას ძალუძს მეტი თავისუფლება მიანიჭოს ახალგაზრდობას, მისცეს მოგზაურობისა და დაკვირვების შესაძლებლობა შუახნის ადამიანებს და მიანიჭოს უსაფრთხოება მოხუცებს. განვითარება აფართოებს ჰორიზონტებსა და მგზავრობის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს უცხოთა შორის მეგობრობას. მსვლელობა გლობალური განვითარებისაკენ უნდა მოხდეს იმგვარი ზრდის მეშვეობით, რომელიც მდგრადია გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

  1. ანტი–ამერიკანიზმის წინააღმდეგ

ჩვენ უპირობოდ უარვყოფთ ანტი–ამერიკანიზმს, რომლითაც ამჟამად დასნეულებულია მემარცხენე–ლიბერალური (და ზოგი კონსერვატორული) აზრი. ამით სავსებით არ ვემხრობით აშშ–ს სანიმუშო საზოგადოებად წარმოჩენას. ჩვენ ვიცნობთ მის პრობლემებსა და ჩავარდნებს. მაგრამ, ისინი გარკვეულწილად განვითარებული ქვეყნების საერთო მახასიათებლებია. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდებული ქვეყანა და ერი. ის არის ნავსაყუდელი ძლიერი დემოკრატიისა, რომელსაც ფონად აქვს ღირსეული ტრადიცია. მის სახელს უკავშირდება ხანგრძლივი კონსტიტუციური და სოციალური მიღწევები. მისმა ხალხებმა წარმოშვეს რეზონანსული და ძლიერი კულტურა, რომელიც მილიონთათვის სიამოვნების, შურისა და შთაგონების წყაროა. აშშ–ს საგარეო პოლიტიკა ხშირად ეწინააღმდეგებოდა პროგრესულ მოძრაობებს და მთავრობებს და მხარს უჭერდა რეგრესულ და ავტორიტარიანულ მოძრაობებს და მთავრობებს. მაგრამ, ეს სავსებით არ ამართლებს განზოგადოებულ ცრუ შეხედულებებს ან ამ ქვეყნის, ან მისი ხალხის წინააღმდეგ.

  1. ორ–სახელმწიფოებრივი გამოსავლის მხარეს

ჩვენ ვაღიარებთ ისრაელის, ისე როგორც პალესტინელი ხალხის უფლებას თვით–გამორკვევისა ორ–სახელმწიფოებრივი გამოსავლის ჩარჩოში. შეუძლებელია ისრაელი–პალესტინის კონფლიქტის კეთილგონივრული გადაჭრა, რომლის ფარგლებშიც უარყოფილი ან მეორეხარისხოვნად წარმოჩენილი იქნება კონფლიქტის ერთი რომელი მხარის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები.

  1. რასიზმის წინააღმდეგ

ლიბერალებისა და მემარცხენეებისათვის, ანტი–რასიზმი აქსიომატურია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რასისტული ცრურწმენებისა და ქცევის ყველა ფორმას: ულტრამემმარჯვენეთა ანტი–იმიგრანტულ რასიზმს; ტომობრივ და შიდა–ეთნიკურ რასიზმს; მუსლიმური ქვეყნების ხალხთა და მათ შთამომავალთა წინააღმდეგ მიმართულ რასიზმს, განსაკუთრებულად როცა ის გვევლინება ტერორიზმთან ბრძოლის ქოლგას შეფარებული. რასიზმის სხვა, ძველი ფორმის, ანტი–სემიტიზმის, ახლახან დაბრუნება ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად დაფასებული მემარცხენე და ლიბერალურ წრეებში. ზოგი ბოროტად იყენებს ისრაელის ოკუპაციის ქვეშ მყოფი პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უკმაყოფილებას და „ანტი–სიონიზმის“ ფორმულაში მალავს საკუთარ ცრურწმენებს ებრაელი ხალხის წინააღმდეგ. თქმაც არ სჭირდება, რომ ჩვენ უარვყოფთ ამ ტიპის რასიზმსაც.

  1. ერთიანნი ტერორიზმის წინააღმდეგ

ჩვენ უარვყოფთ ყველა ფორმის ტერორიზმს. მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახ მიზანში ამოღება დანაშაულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისე როგორც ბრძოლის ყველა აღიარებული წესის მიხედვით. დაუშვებელია მისი გამართლება იმ აზრით, რომ ის სწორი მიზნის სამსახურში ხორციელდება. ისლამისტური იდეოლოგიით შთაგონებული ტერორიზმი დღეს ფართოდ არის გავრცელებული. ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანთა სიცოცხლესა და თავისუფლებებს მრავალ ქვეყანაში. ეს არ ამართლებს მუსლიმთა წინააღმდეგ არსებულ განზოგადოებულ ცრუ ხედვებს, ვინც ტერორიზმის პირველი მსხვერპლია და რომელთა რიგებშიც ვნახავთ მის ყველაზე მამაც ოპონენტებს. მაგრამ, ყველა ფორმის ტერორიზმის მსგავსად, ისლამისტური ტერორიზმიც ჭირია, რომელიც უნდა იქნას არა შეწყნარებული, არამედ დამარცხებული ბრძოლით.

  1. ახალი ინტერნაციონალიზმი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ინტერნაციონალისტურ პოლიტიკას და საერთაშორისო სამართლის რეფორმას, მივდევთ რა გლობალური დემოკრატიზაციისა და გლობალური განვითარების ინტერესს. ჰუმანიტარიანული ინტერვენცია, როდესაც ის საჭიროა, არ წარმოადგენს სუვერენულობის უგულვებელყოფას, არამედ ყველა ხალხთა „საერთო ცხოვრებაში“ იმავეს წესიერად დანერგვას. თუკი რომელიმე მცირედი გაგებით მაინც სახელმწიფო იცავს მის ხალხთა საერთო ცხოვრებას (თუ ის არ აწამებს და არ ხოცავს საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს და პასუხობს ცხოვრების ყველაზე საბაზისო მოთხოვნილებებს), მაშინ მის სუვერენულობა უნდა იქნეს პატივცემული. მაგრამ, თუ სახელმწიფო თვითონ დაარღვევს ამ საერთო ცხოვრებას შემზარავი გზებით, მისი პრეტენზია სუვერენულობაზე განულებულია, საერთაშორისო საზოგადოება კი ვალდებულია ჩაერთოს საშველად. როგორც კი არაადამიანურობის ზღურბლი გადალახულია, ჩნდება „ვალდებულება დაცვისა“.

  1. კრიტიკული ღიაობა

ვისწავლეთ რა გაკვეთილები სტალინიზმისა და მაოიზმის გამმართლებელ მემარცხენეთა საშინელი ისტორიიდან, ისე როგორც უფრო ახალი მცდელობებიდან იმავე მიმართულებით (ზოგიერთი რეაქციიდან 9/11–ის დანაშულის მიმართ, თვით–მკვლელ ტერორისტთა გამართლებიდან, არალიბერალ თეოკრატებთან ბოლო დროს დამყარებული სამარცხვინო ალიანსებიდან „ანტი–ომი“ მოძრაობაში), ჩვენ უარვყოფთ მოსაზრებას, რომ არ არსებობენ ოპონენტები მემარცხენეთა რიგებში. ამასთანავე, ჩვენ უარვყოფთ იდეას, რომ შეუძლებელია გახსნა ჩვენგან მარჯვნივ არსებული იდეებისა და ინდივიდუალების მიმართ. მემარცხენეები, რომლებიც საერთო მიზნებს ნახულობენ ანტი–დემოკრატიულ ძალებთან, ან ამართლებენ მათ უნდა იყვნენ გაკრიტიკებული ნათლად და მიდებ–მოდების გარეშე. პირიქით, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ლიბერალურ და კონსერვატორულ ხმებსა და იდეებს თუ მათ წვლილი შეაქვთ დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკების გაძლიერებასა და ბრძოლაში ადამიანური პროგრესისათვის.

  1. ისტორიული ჭეშმარიტება

ვუკავშირდებით რა მოძრაობის ადამიანური პროგრესისათვის პირველად ჰუმანისტურ იმპულსებს, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ვალდებულებას ისტორიული ჭეშმარიტების პატივისცემისა, რომელიც აკისრია ნამვდილ დემოკრატებს. ისტორიულ ჩანაწერთა გაბუნდოვანება მხოლოდ ფაშისტებს, ჰოლოკოსტის უარყმოფლებსა და მსგავსებს როდი უცდიათ. მემარცხენეობის ერთერთი ტრაგედიაა ის, რომ ამ მიმართულებით მისივე რეპუტაცია მასობრივად შეილახა ამ მხრივ საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მიერ და ზოგს ჯერ კიდევ არ უსწავლია ეს გაკვეთილი. პოლიტიკური პატიოსნება და პირდაპირობა ჩვენთვის პირველადი ვალდებულებაა.

  1. იდეათა თავისუფლება

ჩვენ ვერთგულებთ ტრადიციულ ლიბერალურ თავისუფლებას იდეებისა. დღეს ისე როგორც არასდროს აუცილებელია დადასტურება, რომ ცილისწამების, ძაგებისა და ძალადობისკენ მოწოდების ჩვეულებრივ შეზღუდვათა ფარგლებში, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ჰქონდეთ თავისუფლება გააკრიტიკონ იდეა – და იდეათა მთელი კორპუსიც კი – რომლებსაც სხვები მისდევენ. ეს შეიცავს თავისუფლებას რელიგიის კრიტიკისა: კონკრეტული რელიგიებისა და რელიგიისა ზოგადად. სხვათა პატივისცემა არ გულისხმობს გაჩუმებას მათი რწმენის შესახებ, როცა მიიჩნევა რომ ისინი ნაკლოვანია.

  1. ღია წყარო

იდეათა თავისუფალი გაცვლის მომხრენი და საერთო გონებრივი მცდელობების წახალისების ინტერესებში მდგომნი, ჩვენ მხარს ვუჭერთ პროგრამული საშუალებებისა და სხვა შემოქმედებითი ნაშრომების განვითარებას და ვეწინააღმდეგებით გენების, ალგორითმებისა და ბუნების ფაქტების დაპატენტებას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამის წინააღმდეგ მიმართულ გაფართოებას ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობისა, რომელიც ემსახურება კორპორატიული საავტორო უფლებების მფლობელთა ფინანსურ ინტერესებს. ღია წყაროს მოდელი არის კოლექტიური და კონკურენტუნარიანი, ერთობლივი და მერიტოკრატიული. ის არის არა თეორეტიკული იდეალი, არამედ გამოცდილი რეალობა რომელმაც შექმნა საერთო სიკეთე, რომლის ძალაც და კეთილგონივრულობაც ათწლეულთა განმავლობაში დადასტურდა. მართლაც, სამეცნიერო საზოგადოების საუკეთესო კოლეგიალური იდეალები, რომლებმაც დასაბამი მისცეს ღია წყაროს პრინციპით თანამშრომლობას, საუკუნეებია ადამიანური პროგრესის სამსახურში დგას.

15. ძვირფასი მემკვიდრეობა

ჩვენ უარვყოფთ თანამედროვეობის შიშს, თავისუფლების შიშს, ირაციონალიზმს, ქალთა სუბორინაციას; და ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ იდეებს რომლებმაც შთააგონეს მეთვრამეტე საუკუნის დემოკრატიულ რევოლუციათა შემკვრელი ძახილი[1]: თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა; ადამიანის უფლებები; ბედნიერების ძიება. ეს სულისჩამდგმელი/შთამაგონებელი[2] იდეები ჩვენს მემკვიდრეობად აქცია მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის სოციალ–დემოკრატიულმა, ეგალიტარიანულმა, ფემინისტურმა და ანტი–კოლონიალურმა ტრანსფორმაციებმა, სოციალური სამართლის ძიებით, კეთილდღეობის მიწოდებით, ყველა ქალთა და კაცთა ძმობითა და დობით. არავინ უნდა გამოვტოვოთ, არავინ უნდა დაგვრჩეს უკან. ჩვენ ამ ღირებულებათა პარტიზნები ვართ. მაგრამ, ჩვენ არ ვართ ფანატიკოსები. ჩვენ ასევე ვემხრობით თავისუფალ კვლევა–ძიების, ღია დიალოგისა და შემოქმედებითი ეჭვის ღირებულებას, სიფრთხილეს განსჯისას და მსოფლიოს გასაჭირთა განუკურნებლობას. ჩვენ ვდგავართ წინააღმდეგნი ყველა პრეტენზიისა ტოტალურ ჭეშმარიტებაზე.

C. დაზუსტებები

ჩვენ ვიცავთ ლიბერალურ და პლურალისტურ დემოკრატიებს ყველას წინააღმდეგ, ვინც აკნინებს განსხვავებებს მათსა და ტოტალიტარულ თუ სხვა ტირანულ რეჟიმებს შორის. მაგრამ, ამ დემოკრატიებს საკუთარი დეფიციტები და ნაკლულოვანებები აქვთ. ბრძოლა მეტი დემოკრატიული ინსტიტუტისა და პროცედურის განვითარებისთვის, გავლენის არმქონეთა, უხმოთა თუ მწირი პოლიტიკური რესურსის მქონეთა შემდგომი გაძლიერებისთვის, მემარცხენეთა დღის წესრიგის მუდმივი ნაწილია.

სოციალური და ეკონომიკური საფუძვლები, რომლებზეც ლიბერალური დემოკრატიები გავითარდა, ხასიათდება სიმდიდრისა და შემოსავლის ღრმა უთანასწორობითა და დაუმსახურებელი პრივილეგიის გადარჩენით. თავის მხრივ, გლობალური უთანასწორობები შოკისმომგვრელია კაცობრიობის მორალური სინდისისათვის. მილიონობით ადამიანი ცხოვრობს შემაძრწუნებელ სიღარიბეში. კვირიდან კვირამდე, ათობით ათასობით ადამიანი – განსაკუთრებულად, ბავშვები – კვდებიან განკურნებადი დაავადებებით. სიმდიდრის უთანასწორობა, ინდივიდუალთა ისე როგორც ქვეყანათა შორის, შემთხვევითი წესით ანაწილებს სიცოცხლის შანსებს.

ასეთი რაღაცეები წარმოადგენს უცვლელ საბრალდებო დასკვნას საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ, მარცხნივ მყოფნი, ვაგრძელებთ რა ჩვენს ტრადიციებს, ვიბრძვით სამართლიანობისათვის, ნორმალური ცხოვრებისათვის ყველასათვის. იმავე ტრადიციის სამსახურში მყოფნი, ჩვენ ასევე უნდა შევებრძოლოთ ტოტალიტარული სტილის ტირანიის გავლენიან ძალებს, რომლებიც კვლავ ფეხზე წამომდგარან.[3] ორივე ბრძოლა ერთდროულად უნდა იქნას წარმოებული. ერთი არ უნდა იქნას გაწირული მეორეს გამო.

ჩვენ უარს ვამბობთ იმგვარ აზროვნებაზე, რომლის მიხედვითაც 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები ამერიკის მიერ დამსახურებული შურისგება იყო, ან „გასაგები“ იმ ლეგიტიმური ჯავრის ჭრილში, რომელიც წარმოშვა აშშ–ს საგარეო პოლიტიკამ. რაც იმ დღეს მოხდა, იყო მასობრივი მკვლელობის აქტი, გამოწვეული საძულველი ფუნდამენტალისტური რწმენებით, რასაც არაფერი არ გაამართლებს. ვერცერთი ორჭოფული ფორმულა ვერ დამალავს ამას.

ამ განცხადების დამფუძნებელი მხარდამჭერები სხვადასხვანაირად უყურებენ სამხედრო ჩარევას ერაყში. ზოგი მომხრეა, ზოგი – წინააღმდეგი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ შესაძლებელი იყო უთანხმოება სამხედრო ჩარევის გონივრულობაზე, იმ გზებზე რომლებითაც ის განხორციელდა, შემდგომი დროის დაგეგმარების (ან მისი ნაკლებობის) თაობაზე, და დემოკრატიული ცვლილების წარმატებულად განხორციელების პერსპექტივის თაობაზე. თუმცა, ჩვენ ვართ ერთ აზრზე ერაყის ბაათისტური რეჟიმის რეაქციოინერული, ნახევრად–ფაშისტური და მკვლელი ასიათის თაობაზე. ჩვენ ვაღიარებთ მის დამხობას, როგორც ერაყელი ხალხის განთავისუფლებას. ჩვენ ასევე ერთ აზრზე ვართ იმის თაობაზე, რომ იმ დღის შემდეგ, როცა ეს მოხდა, ნამდვილი ლიბერალებისა და მემარცხენე ფლანგის წევრების მართებული ინტერესი უნდა ყოფილიყო ერაყში დემოკრატიული პოლიტიკური წესრიგის დამყარება და ქვეყნის ინფრასტრუქტურის ხელახლა აშენება, საშინელი რეპრესიის ათწლეულების შემდეგ ერაყელთათვის სიცოცხლის შესაქმნელად, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრებთათვის მოცემულობაა — ჩარევის თაობაზე კამათის ნაცვლად.

ამას წინააღმდეგობაში მოვყავართ არამარტო იმ მემარცხენეებთან, რომლებიც აქტიურად საუბრობენ ჯიჰადისტ და ბაათისტ ბანდიდთთა ე. წ. „ერაყის წინააღმდეგობის“ მხარდასაჭერად, არამედ ასევე იმათთან, რომლებიც ახერხებენ მონახონ ადგილი ამვარ ძალებსა და მათ შორის, ვინც ცდილობს ქვეყნისათვის ახალი დემოკრატიული ცხოვრების მინიჭებას. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ტენდენციასთან, მოიქცე ასე და იმავდროულად შინ აკრიტიკო პოლიტიკური ოპონენტები (რომლებიც ვითომ დამნაშავეები არიან ერაყის ყველა სირთულის გამო), მაშინ როცა ინარჩუნებ ტაქტიან დუმილს ერაყის „წინააღმდეგობის“ მახინჯ ძალების თაობაზე. ერაყში რეჟიმის ცვლილების ბევრი მემარცხენე ოპონენტი, რომელთაც ვერ შეძლეს გაეგოთ მსჯელობა, რის გამოც სხვა მემარცხენეებმა მას მხარი დაუჭირეს, ახლა კი ანათემასა და ექსკომუნიკაციას გამოსცემენ და, ბოლო დროს, საერთოდაც ბოდიშსა და მონანიებას ელიან, ღალატობენ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელსაც ისინი მოჩვენებით განაცხადებენ.

ვანდალიზმი სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების წინააღმდეგ, ისე როგორც თავდასხმები თვითონ ებრაელებზე, მომატებულია ევროპაში. „ანტი–სიონიზმმა“ უკვე მიაღწია განვითარების იმ წერტილს, როდესაც ვითომ მემარცხენე ორგანიზაციები თანხმდებიან მიიღონ ღიად ანტი–სემიტი მოსაუბრეები და ჩამოაყალიბონ ალიანსები ანტი–სემიტურ ჯგუფებთან. განათლებულ და შეძლებულ ადამიანთა შორის არიან პიროვნებები, რომელთაც არ რცხვენიათ თქვან, რომ ერაყის ომი იქნა წარმოებული ებრაული ინტერესების სახელით, ან გააკეთონ „ზრდილობიანი“ ალუზიები საერთაშორისო და ეროვულ პოლიტიკაში ებრაული გავლენის მავნებელ ეფექტზე — იმგვარი შენიშვნები, როგორსაც ჰოლოკოსტიდან 50 წელზე უფრო მეტის შემდეგ ვერავინ ვერ გააკეთებს საკუთარი თავის საჯაროდ შერცხვენის გარეშე. ჩვენ ვდგავართ ამგვარი ფანატიზმის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ.

ძირითადი ადამიანური უფლებების სტანდარტების დარღვევა აბუ გრეიბში, გუანტანამოში, ან „გადაცემის“ პრაქტიკა, უნდა იქნას დაგმობილი სრულად, იმად რაც ის არის: გადახვევა უნივერსალური პრინციპებიდან, რომელთა დამყარებაშიც თვითონ დემოკრატიული სახელმწიფოები და განსაკუთრებულად ამერიკის შეერთებული შტატები, ფლობენ ისტორიული ღვაწლის უდიდეს წილს. მაგრამ ჩვენ უარვყოფთ ორმაგ სტანდარტს, რომლითაც დღეს ბევრი მემარცხენე ადამიანის უფლებების ყველაზე უარეს დარღვევებად წარმოაჩენს დემოკრატიების დარღვევებს, მაშინ როდესაც ისინი მას არ იღებენ გაცილბით უფრო აღმატებულ დარღვევებზე. ამ ტენდენციამ მიაღწია წერტილს, როდსაც ათწლეულთა განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის უზარმაზარი, მსოფლიო მასშტაბის პატივისცემის მქონე Amnesty International–ის ოფიციალურ პირებს შეუძლიათ საჯაროდ გროტესკულად შეადარონ გუანტანამო გულაგს, შეუძლიათ თქვან, რომ აშშ–ს და სხვა ლიბერალურ დემოკრატიათა მიერ მიღებული საკანონმდებლო ღონისძიებები „ტერორიზმზე ბრძოლის“ ჟამს ადამიანის უფლებების პრინციპებსა და ღირებულებებზე უფრო დიდ თავდასხმას წარმოადგენს, ვიდრე ნებისიერი რამ ბოლო 50 წლის განმავლობაში და ამასთანავე იყვნენ დაცული ამგვარი შეფასებისას ზოგიერთი მემარცხენე და ლიბერალური ხმის მიერ.

D. დასკვნა

პროგრესული პოლიტიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიბერალური, ეგალიტარიანული და ინტერნაციოალისტური მსოფლხედვის მქონეთა მხრიდან ნათლად საუბარი. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ საკუთარი თავი მათ საპირწონედ, ვინც სიმპლისტური „ანტი–იმპერიალიზმისა“ ან/და ამჟამინდელი აშშ ადმინსიტრაციის წინააღმდეგ ქოლგის ქვეშ მყოფი, მთელს პროგრესულ–დემოკრატიულს დღის წესრიგი მეორეხარისხოვნად აქცევს. ღირებულებები და მიზნები, რომლებიც ქმნის ჯეროვან დღის წესრიგს— დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გაუმართლებელი პრივილეგიისა და ძალაუფლების წინააღმდეგ გაგრძელებადი ომის, ტირანიისა და რეპრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხის მიმართ სოლიდარობის ღირებულება — არის ის, რაც ყველაზე მტკიცედ განსაზღვრავს იმ მემარცხენეობის სახეს, რომლის წევრობაც ღირებულია.

 

ნორმან გერასი

დემიენ ქაუნსელი

ალან ჯონსონი

შალომ ლაპინი

და 2844 სხვა.

 

[1] Rallying call

[2] Inspirationa

[3] On the march again – “…კვლავ იბრძოლებენ…“? გაბრძოლების ვარიანტში

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ