European.ge-ს მიმართვა საზოგადოებას: “ჩვენ უნდა გარდავიქმნათ!”

დღეს 26 მაისია – დიადი დღე ჩვენი ქვეყნისთვის!

► დღეს საინფორმაციო საშუალებებით ბევრ ცარიელ სადღეგრძელოსა და შინაარსისგან დაცლილ სიტყვებს მოისმენთ. დღეს, ბევრი შეეცდება ცარიელი სიტყვებით გაყიდოს საკუთარი თავი.

► სინამდვილეში, ჩვენი ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა მძიმე სოციალურ ყოფასა და სიღარიბეშია ჩაფლული. მათ შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებს წართმეული აქვთ განვითარების შანსი. ისინი მოკლებულნი არიან ყველა იმ აუცილებელ და ელემენტარულ კეთილდღეობის სიკეთეს, რომელიც ადამიანს ჭირდება სრულფასოვანი რეალიზებისთვის.

► სინამდვილეში, ჩვენი სოციალური კატასტროფის მთავარი მიზეზი ისევ ჩვენშია. ჩვენ მოვახერხეთ და დავაბრუნეთ ფეოდალიზმი, როდესაც საზოგადოებრივი რესურსები ხელში ჩავუგდეთ ერთ მუჭა ფინანსურ სპეკულანტებს, რომლებიც რესურსებზე მონოპოლიით მთელ დანარჩენ მოსახლეობას უბედურ ყოფაში აცხოვრებენ.

► სინამდვილეში, ჩვენ შევქმენით რადიკალურად უთანასწორო და უპერსპექტივო საზოგადოება, სადაც ღარიბ მასებს არ გააჩნიათ უკეთესი პერსპექტივის განცდა. სადაც ერთი მუჭა მონოპოლისტები მდიდრდებიან და დანარჩენი მოსახლეობა სიღარიბის ჭაობში იფლობა. სადაც ერთის ბედნიერება, მეორის უბედურების ტოლფასია.

► სინამდვილეში, ამ ვითარებით, ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ!

► ჩვენ გვჭირდება სხვა საქართველო, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ადამიანებს ნაცვლად მათი დაყოფისა, ერთმანეთს დააკავშირებს. სადაც ნიჭს და გონიერებას ექნება გასაქანი. სადაც იქნება საუკეთესო ხარისხის საჯარო განათლება, საჯარო ჯანდაცვა და სადაც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, საცხოვრებელი რეგიონისა თუ ქალაქისა, ექნება შესაძლებლობა განვითარდეს. ჩვენ გვჭირდება სოციალური სტრუქტურა, სადაც სხვადასხვა ფენები ერთმანეთთან სოლიდარულად იქნებიან დაკავშირებული და ეს მხოლოდ სხვა ეკონომიკური პოლიტიკით, სხვა საგადასახადო სისტემით და სხვა განვითარების ხედვითაა შესაძლებელი.

► ჩვენ უნდა გარდავიქმნათ!

► დიდება თავისუფლებას! დიდება დამოუკიდებელ საქართველოს! ეს იდეალები ვერ გადარჩება უფრო თანასწორი და უფრო სამართლიანი საზოგადოების გარეშე.

– © European.ge

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ