ესმა გუმბერიძე: რატომ გვჭირდება თანასწორი საზოგადოება

esma

ავტორი: ესმა გუმბერიძე, ტელერადიოწამყვანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი (ამჟამად გაცლითი პროგრამით იმყოფება ალექსანდრუ იონ კუზას უნივერსიტეტში, ქ. იაში, რუმინეთი). სწავლობდა გერმანიაში (ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი 2016) და აშშ–ში 2012–2013 წლებში. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული შშმ ქალთა დასაქმების სფეროში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში.

© European.ge

ამ რამდენიმე დღის წინათ ვკითხულობდი ერთ–ერთი ახალგაზრდას მიერ ერთ–ერთი კვლევითი ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას. შინაარსობრივად და ხარისხობრივად ეს ბლოგი ჩემს ჩვეულებრივ ფბ პოსტებს მივამსგავსე. მას მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები ჩემსავით აინტერესებს და ადარდებს, ჩემსავით აქვს გარკვეული ინფორმაცია ყოველივე ამის შესახებ, არის გათვითცნობიერებული, აქვს ჩემსავით საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება და მასთან დაკავშირებული კულტურული გამოცდილება. რომ წავიკითხე, ვიფიქრე, რომ აი ჩემი რამე პოსტიც თავისუფლად შეიძლებოდა, ასე გამოქვეყნებულიყო, რომ მეც იგივენაირად მაქვს ინტერესი და მოტივაცია მსგავსი საკითხების განხილვისა და მსჯელობისა, ვინატრე, რომ ეს შესაძლებელი იყოს ჩემთვისაც, ხელმისაწვდომი. მის საჯარო გამოსვლებს რომ ვუსმენ, რომ ვაკვირდები მის შეხვედრებს პარლამენტში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, პოლიტიკოსებთან, მეფიქრება, რომ მეც შევძლებდი მსგავს შეხვედრებზე სათქმელის გაჟღერება–მიტანას. უცხო ენებიც ორივემ კარგად ვიცით. მაგრამ ამ შინაარსობრივ მსგავსებათა მიღმა ჩვენს შორის უდიდესი განსხვავებაა. ის საერთაშორისო ურთიერთობების ახალგაზრდა ექსპერტია, მე კი– უბრალოდ უსინათლო გოგონა ვარ, მეტი არაფერი; ის სწავლობდა დასავლეთის პ რ ე ს ტ ი ჟ უ ლ უნივერსიტეტში, მე კი არცისე პრესტიჟულებში; მას კარგი გარეგნობა აქვს, მე კი, რაც არ უნდა იყოს, უსინათლო ვარ, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს; მან შეძლო სკოლის ადრეულ ასაკში დამთავრება, იმიტომ რომ მშობლებმა მისი სკოლაში ადრე მიყვანა შეძლეს, ამიტომ ლექტორობაც მოასწრო და მუშაობაც, მე კი მშობლებმა 8 წლის შემიყვანეს სკოლაში, იმიტომ რომ ოჯახს თბილისში გადასასვლელად ფული არ ჰქონდა, იმიტომ, რომ სამკურნალოდ დავყავდი და ჩემი სწავლის პირველი წლებიც ნახევრად საავადმყოფოში გავატარე თვალებთან/მხედველობასთან დაკავშირებით; მე რეგიონიდან მოვდივარ, ის კი– დედაქალაქშია დაბადებულ–გაზრდილი. მას კარგი სოციალური კაპიტალი აქვს, ოჯახს კავშირები და ა.შ. მე კი… გაგრძელება აღარ ღირს… ისედაც ცხადია… ბაკალავრიატის დამთავრებაც კი ვერ მოვასწარი 22 წლამდე. რამდენიმე სამოხალისეო პროექტი, რამდენიმე დროებითი სამუშაო და ეგაა… საავადმყოფოში მრავალთვიანმა ყოფნამ კი გამზარდა, მაგრამ ამას სივში ხომ ვერ ჩაწერ, გასაუბრებაზე ხომ არ აღნიშნავ, როგორც კულტურული გამოცდილების ნაწილს. შეიძლება, აქეთ უარესად დაგბრაკონ მსგავსი აღსარებების გამო. ასე რომ ჩემს გამოცდილებას ფორმალურად არავითარი ღირებულება არ აქვს.

აი, ასეთი ფორმალური და არა მაინცდამაინც შინაარსობრივი განსხვავებები არის ხშირად გადამწყვეტი, სწორედ ასეთი. შინაარსის მსგავსების მიუხედავად, მოტივაციის მიუხედავად სწორედ ფორმა წყვეტს ყველაფერს. და მერე ერთი ხდება წარმატებული, ღირსეული, სანაქებო, მეორე კი– ხშირად სამზარეულოს/ბირჟის ფილოსოფოსად იქცევა ხოლმე. ჩემთვის ხშირად უთხოვიათ, მესაუბრა/დამეწერა წარმატებისკენ გზების შესახებ. მეც ვწერ და ვამბობ, რომ ასეთ სოციალურ–კლასობრივ განსხვავებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, არ უნდა ვკონცენტრირდეთ, არ უნდა ვიფიქროთ ამაზე, მაგრამ ხშირად ჩემთვისაც ძალიან რთულია ამ რეალობის არშემჩნევა. საფიქრალი და სადარდებელი კი ისაა, რომ ეს საკითხი მეხება არამხოლოდ მე. შეიძლება, ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია იმის მიუხედავად, რომ ჩემზე ნიჭიერიცაა, ჩემზე შრომისმოყვარეც და ჩემზე მოტივირებულიც, მაგრამ ნაკლებად იღბლიანი. რამდენიც გინდა, იმდენი იქნება ისეთი ახალგაზრდა, შინაარსობრივად ჩემსავით რომ იყოს ყველაფრით დაინტერესებული და ჩემსავით და უკეთ შეეძლოს სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა, მაგრამ არ ჰქონდეს თავის გამოვლენის იმდენი და ისეთი შესაძლებლობა/საშუალება, რაც მე მაქვს. ხომ შეიძლება, ვიღაცის მშობელს/მშობლებს ვერ გაებედათ ვერ გაერისკათ და ჩემი მშობლებივით ვერ აყრილიყვნენ მშობლიური დასახლებიდან, ვერ მიეტოვებინათ იქ უკვე ასე თუ ისე აწყობილი საქმე და მცირე შემოსავლის წყარო და თავიანთი დრო და ენერგია ბავშვის განათლებისთვის არ დაეთმოთ სრულად, ვერ ჩაედოთ ბავშვში ამდენი ენერგია და დრო. ხომ შეიძლება, ვიღაცის დედას დედაჩემივით სამსახურზე ვერ ეთქვა უარი იმის გამო, რომ უსინათლო ბავშვისთვის შეესრულებინა მასწავლებელ–რეპეტიტორის/მოტივატორის როლი.

ამ უთანასწორო შანსებში, სოციალური მობილობისა და წინსვლისადმი არათანაბარ წვდომაში დამნაშავე არც ამ ბლოგში განხილული ახალგაზრდა, არც მე და არც სხვა წარმატებული, პოტენციურად წარმატებული თუ წარმატებისკენ მიმავალი ახალგაზრდა არაა. რა მისი ბრალია, რომ წინსვლის ხელშემწყობ გარემოცვაში დაიბადა, გაიზარდა და იმყოფება; რა მისი ბრალია, თუკი ის გარშემორტყმულია მხოლოდ პოზიტიური გამოცდილების მქონე ადამიანებით, წინმავალი ადამიანებით; რა ჩემი ბრალია, რომ ჩემმა მშობლებმა დაინახეს ჩემთვის განათლების მიცემის მნიშვნელობა და აზრი. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ყოველივე ეს არცერთი ცალკე აღებული ადამიანის ბრალი არ არის, არცერთი წარმატებისკენ მიმავალი ცალკეული ჯგუფისა, საქართველოში დღეს არსებული საზოგადოებრივი მოწყობა ჰგავს გემს, რომელზეც რაც უფრო მაღლა იმყოფები, მით უფრო განათებს ზემოდან და გიბერავს მაცოცხლებელი ნიავი და მით უფრო მარტივია კიდევ უფრო ზემოთ ასვლა, ხოლო იმათ, ვინც წყალხაზს ქვემოთ მოთავსებულ სივრცეშია გამოკეტილი, რაც უფრო დაბლაა სიბნელესა და უჰაერობაში, რაც უფრო სჭირდება, აქედან გამომდინარე, სინათლე და ჰაერი, რაც უფრო მეტად განიცდის ის მის ნაკლებობას, მით უფრო არ უშვებენ მას ზემოთ, ჰაერისკენ და სინათლისკენ, აი როგორც ძველად იყო ხოლმე, როცა ზედა გემბანებზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მგზავრები იყვნენ განთავსებულნი, წყალხაზს ქვემოთ კი– მონები ან პატიმრები გადაყავდათ. ეს სოციალური სისტემა და საზოგადოებრივი მოწყობა, სადაც შესაძლებლობისადმი წვდომა ნამდვილად არ არის თანაბარი, დიდწილად განპირობებულია 2 მნიშვნელოვანი ფაქტორით, სტრუქტურული სიზარმაცით და სტრუქტურული უნდობლობით.

  1. სტრუქტურული სიზარმაცე გულისხმობს იმას, რომ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და სახელმწიფო სტრუქტურებიც კი არ ცდილობენ ხოლმე, მოიძიონ ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე სუსტი ადამიანები მათთვის და მათს გასაძლიერებლად შექმნილი სოციალური სერვისების მისაწოდებლად და უზრუნველსაყოფად. იქმნება სოციალური დაცვის, ჯანდაცვისა და სხვა პროგრამები და ვისაც უნდა, ვინც თვლის, რომ მათში ჩასართავ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მოვიდეს და შემოიტანოს განცხადება, ჩვენ კი გადავწყვეტთ. მაგრამ ხშირად ადამიანები მოწყვლადები სწორედ იმიტომ არიან და სწორედ იმაში გამოიხატება მათი მოწყვლადობა, რომ არ შეუძლიათ მათთვის საჭირო პროგრამების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება/საიდანღაც მისი აღმოჩენა და შემდეგ მის მისაღებად ბრძოლა. სოციალური დახმარება ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ადამიანს შეუწყვიტეს. იმისთვის, რომ ის დაიბრუნო, უნდა მიხვიდე სადღაც, საიდანაც კიდევ სადღაც ცენტრში გამისამართებენ, შემდეგ იქ რიგში უნდა ელოდო, შემდეგ უამრავი საბუთი მოიტანო, მოძებნო, დაუყარაულდე და გამოიჭირო უფროსი, მას უნდა დაელაპარაკო, მჭევრმეტყველებით უნდა მოხიბლო და დაარწმუნო, თუ არა და იურისტად უნდა იქცე და სასამართლოში წახვიდე. უსინათლოთა სკოლის არსებობის შესახებ რომ გაიგო, ის უნდა დაგუგლო, შემდეგ უნდა მიაკითხო, ჩახვიდე თბილისში, იმიტომ რომ სკოლის ტელეფონს არ პასუხობენ და არც– ელ–ფოსტას და არც– სოციალური ქსელის შეტყობინებებს და თუ იქ პირადად არ იცნობ ვინმეს, პირად საკონტაქტო ინფორმაციასაც ვერ მიიღებ. უნდა ჩამოწერო რა კითხვები გაქვს მასწავლებლებთან და ვისთან რა, რომ პირადად ითხოვო მათი ნახვა და გაესაუბრო. მაგრამ თუ მშობელი მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს? თუ მას კომპიუტერი თვალითაც არ უნახავს, არათუ დაგუგლვა იცის? თუ არცკი სმენია, როგორ შეიძლება, უსინათლო ბავშვს ასწავლონ? თუ იმედი აქვს გადაწურული, რომ ამ ბავშვისგან რამე გამოვა, თუნდაც რომ ასწავლო? როცა სკოლაში ვიკითხე ერთხელ, თუ აქვთ რაიმე საინფორმაციო კამპანიები სკოლის ცნობადობის გასაზრდელად, მოსწავლეთა მოსაზიდად და თემში, პოტენციური მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად, მითხრეს, რომ აქვთ ფეისბუკ გვერდი და უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის უსინათლოთა სკოლამ თუ მიაგნო მათ და თუ ხარკოვის სკოლასთან შეძლეს გამოცდილების გაზიარება, საქართველოში მყოფი მშობელი რატომ ვერ მიაგნებსო, ასე მიპასუხეს. დედაჩემის მიზანსწრაფულობის შედეგი იყო, რომ იპოვეს ის სკოლა, 6 წლის რომ გავხდი, სულ კითხვა–კითხვით მიაგნეს მშობლებმა და იმის წყალობით კიდევ, რომ თბილისში ცხოვრობს ჩემი ბიძის ოჯახი, ისინი დაგვეხმარნენ გარკვევაში, თორემ დედაჩემს მანამდე პედაგოგიურზე რომ სწავლობდა, მაშინ რომ არ ჰქონოდა გაგებული ასეთი სკოლების ზოგადად ბუნებაში არსებობის შესახებ, არც ივარაუდებდა, საქართველოშიც თუ არსებობდა, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ საბოლოოდ თბილისში გადმოსვლას ჩემი სწავლის გამო წლები დაჭირდა, ფინანსების შოვნა. მე გამიმართლა, დედაჩემს საუნივერსიტეტო განათლება რომ აქვს, ერთადერთი ბავშვი რომ ვიყავი ოჯახში, ქალაქში რომ ვცხოვრობდი და ჩემს გამოსაკვებად დედაჩემს მუშაობა რომ არ უწევდა, თორემ როგორ მასწავლიდა სახლში ბრაილით წერა–კითხვას, სანამ თბილისში სკოლაში ჩემს ჩამოყვანას შეძლებდნენ? როგორ ისწავლიდა თვითონ ბრაილს? როგორ დამიწერდა თავისი ხელით ტექსტებს, მე რომ წამეკითხა, იმიტომ რომ სკოლის მოსწავლე რადგან არ ვიყავი, იქიდან წიგნებს ვერ გამოგვატანდნენ, თორემ დავრჩებოდი 8 წლამდე წერა–კითხვის უცოდინარი, რაც კიდევ 1 წლით დამხევდა უკან და ვეღარ მოვასწრებდი საჭირო კვალიფიკაციების/გამოცდილებების მოგროვებას იმ ასაკისთვის, როცა უმრავლესობას ისინი უკვე აქვს. წარმოვიდგინოთ ჩვილ ბავშვთა სახლში მოთავსებული შშმ ახალშობილი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით, რომელსაც ასევე აქვს მხედველობის პრობლემა, რომელსაც არ ყავს მშობელი, ნათესავი, პატრონი, მოკლედ, რომელსაც ლაპარაკიც კი ჯერ არ შეუძლია. როგორ უნდა „იბრძოლოს“ მან იმისთვის, რომ თვალის ექიმთან კონსულტაცია უზრუნველყოს მისთვის სახელმწიფომ და შესაფერისი მკურნალობა, რომელიც მას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ეკუთვნის, მითუმეტეს, რომ ის მოთავსებულია სახელმწიფო მზრუნველობაში. ადამიანებს სოციალური სერვისები სწორედ იმიტომ სჭირდებათ, რომ ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, რომ ეს სიკეთეები უზრუნველყონ; სოციალური ხელშეწყობა ხომ სუსტთა გასაძლიერებლად არსებობს და არა ძლიერთა გასაძლიერებლად. იგივე ეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, ფორმალურსა თუ არაფორმალურს, კულტურულ აქტივობებს. ძალიან ხშირად ორგანიზაციები სიმარტივისთვის რთავენ „გასაძლიერებლად, გასააქტიურებლად“ შექმნილ და დაფინანსებულ პროგრამებში ისევ იმათ, ვისაც უკვე იცნობენ, ვისაც მრავალ აქტივობაში მიუღია უკვე მონაწილეობა, ახალ ადამიანებს აღარ ეძებენ, იმიტომ რომ ეს რთულია. მოწყვლადი ახალგაზრდას მოძიება, მისთვის ინფორმაციის მიწოდება გასაგები ფორმით, მისი დაყოლიება/მოტივირება, ჩაერთოს ამა თუ იმ აქტივობაში რთულია, აგერ რამდენია, ვისაც თქმა არ ჭირდება. და ძალიან ხშირად გაძლიერებაზე ორიენტირებულ მსგავს პროგრამებში აღმოჩნდებიან ზედმეტად კვალიფიციური მონაწილეები, რომლებსაც ის აქტივობა აღარ ჭირდებათ და არცკი აძლევს რაიმე ღირებულს, მათს გაზრდას ხელს არცკი უწყობს. მე რამდენჯერმე მიმიღია მოწვევა ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა შინაარსიც და ის უნარებიც, რასაც იქ ასწავლიდნენ, უკვე მქონდა, სამაგიეროდ იმ პროექტის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა ჩემს მრავალ ისეთ ნაცნობს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ის ტრენინგი ძალიან გამოადგებოდა.
  2. სტრუქტურული უნდობლობა კიდევ უფრო ბოროტი და, წინა აბზაცისგან განსხვავებით, შეგნებული განწყობაა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ. ეს განწყობა გამოიხატება მისწრაფებაში, ჩართო ის ადამიანები, რომლებსაც იცნობ, რომლებსაც ენდობი არამხოლოდ მათი კვალიფიკაციის, არამედ მათი ღირებულებების, შენდამი თუ შენი ორგანიზაციის იდეოლოგიისადმი დამოკიდებულებების გამო. ასეთები კი ხშირად არიან სხვადასხვა სტრუქტურებთან დაახლოებული, იქ ნამუშევარი, ნამოხალისევი, სტაჟირებაგავლილი ადამიანები, მათი სასწავლო პროექტების კურსდამთავრებულები ანდა ისეთი ადამიანები, რომლებიც უცხონი არ არიან და სოციალურად ძალიან შორს არ დგანან სხვადასხვა სტრუქტურებისგან და იქ მომუშავე ადამიანებისგან. ხშირად ერიდებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე ანდაც სიტყვის მთქმელ/წარმომადგენლობით პოზიციაზე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლების (მაგალითად რეგიონებში მცხოვრებთა, შშმ პირთა, დევნილთა, მზრუნველობამოკლებულთა, არაპრივილიგირებულ ქალთა) დანიშვნას, თუნდაც პოზიციის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ და მაღალი კვალიფიკაცია ჰქონდეთ. ერიდებიან იმიტომ, რომ არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს ადამიანები არ წარმოადგენენ მათისგან განსხვავებულ პოზიციას, პერსპექტივას, ხედვას, არ არიან დარწმუნებულნი, რომ არ მოხდება რაიმე სოციალური ჩაგვრის გამხელა, არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს ადამიანები არ გააჟღერებენ განსხვავებული სოციალური ჯგუფის ინტერესებსა და მოსაზრებებს.

თუ ზემოთაღწერილ ფაქტორთაგან პირველი გამოწვეულია გულგრილობით, გაუფრთხილებლობით, სიზარმაცით, რომელსაც ხშირად რესურსების ნაკლებობითა და პოტენციურ ბენეფიციართა პასიურობით ამართლებენ ხოლმე (სუსტისთვის დაბრალება), მეორე ფაქტორი გამოწვეულია შეგნებული დამოკიდებულებით, განზრახვით, არ იქნას დაშვებული არავითარი გადახვევა მეინსტრიმისგან, თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი “divience), არ მოხდეს რამე დაუგეგმავი. ორივე ეს ფაქტორი ცალცალკე და ერთობლიობაში იწვევს ისედაც უკვე მოწყვლად ადამიანთა დემოტივირებას, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საგანმანათლებლო, კულტურული, ეკონომიკური, საერთაშორისო ცხოვრებიდან გამოთიშვა, მოწყვეტა, ერთგვარად ხდება მათი დასჯა: თუ ხმის ამომღები არ ხარ, თუ წარმატებული არ ხარ, თუ ძლიერი და აქტიური არ ხარ, სიტყვაც აღარ გეთქმის, თავი უნდა დახარო და იყო იქ, სადაც ხარ, იმიტომ რომ მეტის ღირსი არ ხარ. ხდება ყველაფრის გადაბრალება იმ მოწყვლადი ადამიანისთვის, მსხვერპლის დადანაშაულება იმაში, რომ თუკი მას სჭირდება რაღაც, თვითონ უნდა იბრძოლოს, გაბედოს, ხმა ამოიღოს. მაგრამ ვაითუ მას ამისთვის გარემო არ აქვს? თუ იმდენი დროის განმავლობაში უწევს მუშაობა, რომ სამსახურს ვერ მოწყდება და ვერ ჩაიცვამს რკინის ქალამნებს და დღეებს ვერ დაყოფს თავისი უფლებების დაცვაში? თუ მას ფიზიკურად არ შეუძლია, მივიდეს/შევიდეს საჭირო დაწესებულებაში? მაინც მისი ბრალია. ფაქტობრივად ეს ყველაფერი ნიშნავს სიღარიბის დასჯადობასა და წარმატების კულტის დამკვიდრებას, რაც იწვევს სოციალური სტრუქტურის გაქვავებას, მის ერთ მდგომარეობაში პარალიზებას, მის მოუქნელობას, მაღალ საფეხურებზე მყოფთათვის კონკურენციის მოსპობას–მინიმალიზებას, მათი დაზღვეულობის გაზრდასა და მათი პრივილეგიების განმტკიცებას. აღნიშნული ტიპის საზოგადოება კი, სადაც ის, თუ როგორ ოჯახში დაიბადა ადამიანი, რომელ უბანში, რომელ დასახლებაში, როგორ გარემოცვაში, როგორი განათლება, ფინანსური მდგომარეობა და კავშირები აქვს მის ოჯახს/სანათესაოს, როგორი გარეგნული მონაცემებით, როგორ სკოლაში ისწავლის, თითქმის მთლიანად განსაზღვრავს მის ბედს, მის მომავალს, ნამდვილად არ ჰგავს დემოკრატიულს, არცკი ჰგავს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ