ერნესტო კარდენალი: იესოს შობა

ernesto-cardenal

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► ერნესტო კარდენალი – განთავისუფლების თეოლოგიის წარმომადგენელი, მღვდელი, პოეტი და მწერალი. 1979-87 წლებში იყო ნიკარაგუის კულტურის მინისტრი.

► ნაწყვეტი წიგნიდან „სოლენტინამელი გლეხების სახარება“

© European.ge

„დადგა მისი შობის დღეები. და შვა ძე თავისი, პირმშო, და შეახვია იგი და ჩააწვინა იგი ბაგაში, რადგან არ იყო ადგილი მათთვის სასტუმროში“ (ლკ.2:6-7).

შუაღამეა. სოლენტინამეს პატარა ეკლესიაში საშობაო ღვთისმსახურებას აღვავლენთ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ქადაგების და დისკუსიის თემა ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში მომხდარი მიწისძვრაა. დედაქალაქში,სადაც უდიდესი სიღარიბის გვერდით დიდი ოდენობით სიმდიდრეა თავმოყრილი, იქ არ ზეიმობენ იესო ქრისტეს შობას, არამედ ფულის კერპს სცემენ თაყვანს. მე რადიოში მოსმენილ ამბავს ვყვები, რომელიც მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე შევიტყვე. დედაქალაქის მთავარი კათედრალის წინ ახალგაზრდები შეიკრიბნენ და  სამდღიანი მარხვა დაიწყეს. ამის მიზეზი კი მათი პროტესტია ქვეყანაში არსებული სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ: შიმშილი, უსახლკარობა, მუშების ექსპლუატაცია, მოსახლეობის ძარცვა… შობა პოლიტიკური პატიმრების გარეშე.

საუბარი რებეკამ დაიწყო: თავდაპირველად ღმერთმა სიღარიბე აირჩია. მე მწამს, რომ ღმერთს არ სურს მისი დაბადება დიდი სუფრებითა და დიდი ფინანსური რესურსების ფლანგვით იქნას აღნიშნული. როგორც ერნესტომ უკვე აღნიშნა, არც ბიზნესმენებისათვის უნდა იყოს ეს დღე მათი კიდევ უფრო გამდიდრების მიზეზი. შეიძლება მას სურს, რომ ყველა ჩვენთაგანი ვიყოთ მის მოლოდინში ისე როგორც ამჟამად მანაგუაა. ღმერთი იბადება ღარიბი და სურს ყოველი ჩვენგანი ღარიბი იყოს, არ არის მართალი? ან უკეთესად ვიტყვი: ყოველი ჩვენთაგანი იმყოფებოდეს თანასწორ და ღირსეულ პირობებში. და არა ისე როგორც ეს დედაქალაქში ხდებოდა, შობის დღესასწაული მხოლოდ მათთვის ვისაც ამის შესაძლებლობა გააჩნია. მე დარწმუნებული ვარ ეს ხალხი არასოდეს არ ზეიმობს იესოს დაბადებას.

ერთერთი ეკლესიაში მყოფი: ჩვენ ადამიანებს დიდი შოკი გვჭირდება, რათა შევიცვალოთ.

პედრო  გუტიერესი, ჟურნალისტი მანაგუადან , დაახლოებით ორი თვეა რაც სოლენტინამეს ქრისტიანულ კომუნაში ცხოვრობს:  პრაქტიკულად მე თქვენთვის უცხო ვარ, ჩემი აქ მოსვლის დღიდან ზუსტად ორი თვე გავიდა. მაგრამ ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს თითოეულ აქ მყოფთან. ოქტავიო, ტომას პენა, დონა ხუსიტა, ლაურეანო, ალეხანდრო, უილიამი, ტერეზიტა, ერნესტო…ძალინ მიჭირს თქვენი დატოვება, მაგრამ მე უნდა წავიდე მანაგუაში და ჩემი ოჯახი მოვძებნო. თქვენ ყველანი აქ ძალიან ღარიბები ხართ, მანაგუაში მე თქვენზე ღარიბებს ვიპოვი, ადამიანებს  წყლის, საკვები საშუალების, ელექტროენერგიის გარეშე, გარიყულებს საზოგადოებისაგან…. მანაგუაში კვდებიან უცოდველი ადამიანები, ისე როგორც ეს იესოს დაბადებისას მოხდა. მაგრამ ქრისტე დარჩა სიცოცხლის წყარო. ვისურვებ ეს ტრაგიკული შობა საყოველთაო შემობრუნებად ქცეულიყოს. ადიოს.

დურგალი ხოსე: ეს შემობრუნება ყველასათვის უნდა იყოს. აგრეთვე აქ ჩვენთვისათვის, არავის უნდა ქონდეს სხვისი ბატონობის სურვილი. ჩვენ უკვე წავიკითხეთ, რომ იესო ღარიბი დაიბადა.  ამ ყოველივეს თავისი საფუძველი გააჩნია…

მოხუცი ტომასი, გლეხი და კარგი მეთევზე: ამის მიზეზი ის არის, რომ იესოს ჩვენთვის  სურდა ეჩვენებინა არ ვეძებოთ სიმდიდრე, მაგალითად დიდი სახლი. არამედ უბრალო და ბუნებრივი ცხოვრების წესი. მე ვიტყოდი, რომ პედრო მართალია. ის საუბრობს ამ მტკივნეულ შობაზე როგორც დაბადებაზე. ქრისტემ  ისაუბრა სერობისას საკუთარ სიკვდილზე და ასევე დაბადებაზე. ყოველი ქალი გრძნობს ტკივილს, როდესაც ბავშვს ბადებს. მაგრამ როდესაც ბავშვი მოევლინება, ის მხოლოს სიხარულს შეიგრძნობს.  ამას ჩვენში ქალები უფრო კარგად გაიგებენ. და ეს ძალიან კარგად იცოდა მარიამმა, რომელსაც მშობიარობის ტკივილის გადატანა გომურში მოუხდა. ადამინურ ტკივილებს გააჩნია საკუთარი საზრისი, ის ჩვენთვის არის დაბადების ტკივილები.

ფილიპე, მოხუცი ტომასის შვილი: ერნესტო მე მჯერა,  რომ ქრისტემ ეს შობა ასე იმიტომ მოაწყო, ვინაიდან ყველაზე მეტად თანასწორობა უყვარს. ბევრი დედაქალაქის მოსახლე ემზადებოდა შობისათვის, მიუხედავად იმისა რომ მათი გარშემომყოფები დამწუხრებულები იყვნენ. რომ არა ეს მიწისძვრა, ისინიც არ დამწუხრდებოდნენ და დაფიქრდებოდნენ.  დედაქალაქი ნანგრევებშია, ჩვენ ყველანი კი ახლა ერთ სიბრტყეზე ვიმყოფებით, ყველა შეიგრძნობს ყველას ტკივილს.

ჟურნალისტი პედრო გუტიერესი: რაც ფელიპემ თქვა, დამაფიქრებელი. წინა შობის დღესასწაული დედაქალაქისათვის იყო ბედნიერი. მდიდრებს სუფრაზე ქონდათ მომზადებული უშველებელი ინდაური, მდიდრული საშობაო ნაძვის ხეები. მათი სახლები იყო მორთული და განათებული. მაგრამ ქალაქის ისეთი ნაწილი როგორიცაა აკაჰულიაკა(ქალაქის ღარიბი გარეუბანი) არაფერი გააჩნდათ. იქ სიღარიბე გაცილებით დიდი მასშტაბისაა ვიდრე მთელ ჩვენ ქვეყანაში. ამ ტკივილმა ყველა დაგვაკავშირა და ერთ სიმაღლეზე დაგვაყენა.  ნიკარაგუის ისტორიაში პირველად მდიდრები და ღარიბები ინაწილებენ ამ ტკივილს, რომელსაც ადრე მხოლოდ ღარიბები შეიგრძნობდნენ. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია რაც კი შეიძლება აქედან გავიაზროთ. ტკივილს და ტანჯვას მოაქვს თანასწორობა.

ალეხანდრო: აქვე მინდა რაღაც შევნიშნო. ჩვენ ხომ არ გვინდა გვიხაროდეს ის რომ ყველანი იტანჯებიან. ყველაზე კარგი იქნება, როდესაც არავინ იტანჯება და ყველას თავის საკმარი გააჩნია, რათა ბედნიერად იზეიმოს შობა.

ერნესტო კარდენალი: მიზანი ეს არის  დავამარცხოთ ტკივილი და თვით სიკვდილი. სიცოცხლით, სიყვარულით.  დღეს ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა ავადმყოფობა, უსწავლებლობა, სიღარიბე და ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივი კატასტროფებიც დავამარცხოთ. მაგრამ  ჩვენ ამჟამად გვაქვს სოციალური სისტემა, რომელსაც ამ პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია.  ძალიან დიდი უბედურება დაატყდა ქალაქს, რათა ეგოისტურ სისტემაზე დაგვაფიქროს, როგორიც ჩვენში არსებული კაპიტალიზმია, სადაც ყველა თავის ინტერესების მიხედვით მოქმედებს, სადაც არ არსებობს ერთობა.  ერთობლივი მუშაობა  ზოგიერთ მწერებსაც კი ახასიათებთ. ამის მაგალითია ჭიანჭველები და ფუტკრები.  საზოგადოებაში, რომელიც არ არის ეგოისტური არამედ სოლიდარულია შესწევს  სხვადასხვა საშუალებების და გზების გამოძებნის უნარი, რათა მსგავსი კატასტროფებისაგან დაგვიცვას.  როგორიცაა მაგალითად ვულკანის ამოფრქვევა ან მიწისძვრა. სწორედ ამის გამო მოევლინა იესო ამქვეყნად. ის დაიბადა დანაწევრებულ და დანაშაულებით სავსე საზოგადოებაში, რათა ჩვენ გავეერთიანებინეთ და ასეთი „წესრიგი“ შეეცვალა. ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ….

ფელიქსმა შეაწყვეტინა: მე ვფიქრობ, რომ მიწისძვრა გარდაუვალი იყო ჩვენი ცოდვების გამო….

ოლივია, ალეხანდროს დედა: მიწისძვრა არ მომხდარა ცოდვების გამო. არამედ შედეგია, რომელიც წარმოიშვება, შეიძლება კიდეც  ითქვას ცოდვებისაგან, ეს ცოდვა კი ეგოიზმია.

ხულიო: განსაცდელი არ არის ღვთის სასჯელი, ვინაიდან ყოველთვის და უმეტესწილად ღარიბები იტანჯებიან. როდესაც მდიდარი ხარ, მაშინ შენ გადაიხდი მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთის ფულს და  ქალაქიდან გაქრები.  ეს პრობლემა შენ აღარ შეგაწუხებს, ღარიბები კი აქ რჩებიან.

კიდევ ერთხელ სიტყვას წარმოთქვამს პედრო გუტიერესი:  მე ვფიქრობ, რომ ისინი ვინც ყველაზე მეტად მიწისძვრით დაზალდნენ მდიდრები არიან. აქვე მე განვმარტავდი თუ რატომ: ღარიბების უბანი აკაჰულიაკაში არასოდეს ქონიათ სასმელი წყალი და ელექტროენერგია, რძე, ბრინჯი ან ლობიო. ამ შობაზე სხვა დანარჩენებიც დარჩნენ ამ ყოველივეს გარეშე. მაგრამ ღარიბები უკვე დიდი ხანია რაც საჭმლის და სასმელ წყალს არიან მოკლებულები, ყოველი წლის შობა დღევანდელი დღის მსგავსია.  რადიოში მოვისმინეთ ადამიანები ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარეშე გარბოდნენ, მაგრამ ეს დაწყევლილი, რამდენი ხანია ღარიბებს არ აქვთ ჩასაცმელი და ფეხსაცმელი?

მას შემდეგ რაც იესო მოევლინა ამ ქვეყანაზე, ეს ასეა…

კვლავ ფელიქსი აგრძელებს: მე მსურს თქვენ რაღაც გითხრათ. შეწყვიტე პედრო. მდიდრები არასოდეს არ იტანჯებიან. ხელისუფლება მათ აძლევს „საქმიანობის“ უფლებას ძალიან დაბალი პროცენტის, გადასახადების და მთელი რიგი შეღავათების სანაცვლოდ. ფიქრობთ თქვენ რომ ისინი ყველაფერს იხდიან? არა.  ვინც იხდის, ესენი  ღარიბები არიან! და გთხოვ თქვი: ვინ არიან ნიკარაგუელი მშრომელები თუ არა ღარიბები? და ვისთვის არის ამდენი მაღაზიები? მათთვის ვისაც იქ შესვლა და გადახდა შეუძლია? შემდეგ იბადება ეს კრიზისი. რომლითაც ისინი კვლავ სარგებლობენ, კვლავ იღებენ ყველაფერს. ჩვენგან, გლეხებისაგან, მუშებისაგან, ყველა მათგანისაგან ვინც ნიკარაგუაში შრომობს.

გარეთ სავსე მთვარეა, ეკლესიის ორივე მხარეს ზღვა მშვიდია. მხოლოდ ახალგაზრდები საუბრობენ.

– ღარიბები მხოლოდ ჩვენ არ ვართ. ასევე მანაგუა არის სავსე ღარიბებით, იქ მხოლოდ მდიდრები არ ცხოვრობენ. ღარიბები ყველგან არიან.  იესო მოვიდა რათა ღარიბების ბედი გაეზიარებინა. მარიამმა და იოსებმა უკუაგდეს სასტუმრო, ვინაიდან ისინი ღარიბები იყვნენ. ისინი რომ მდიდრები ყოფილიყვნენ, ნამდვილად მოიძებნებოდა მათთვის ადგილი.

–  ღმერთს სურდა, რათა მისი ძე გომურში დაბადებულიყო. მას სურდა მისი შვილი მუშათა კლასის წარმომადგენელი ყოფილიყო, არა? თუკი ღმერთი მოისურვებდა, რომ მისი ძე მდიდარი ქალბატონისაგან შობილიყო, მაშინ ამ ქალბატონს სასტუმროში უკვე ექნებოდა ოთახი აღებული მისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე.

– მე აქ ვხედავ ღმერთის თავმდაბლობას. იესო ყოვლისშემძლე ღმერთის შვილი, ასეთ პირობებში ევლინება დედამიწას. იესოს სურდა მსოფლიო უსამართლობისაგან გაენთავისუფლებინა, რომელიც დღეს კიდევ არსებობს.  მას შეუძლია ჩვენ კვლავ გაგვაერთიანოს, რათა  ერთობლივად ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ…. ვინაიდან ჩვენ კვლავაც ასე ვცხოვრობთ, უსამართლობისაგან დაჩაგრულები. და როგორ გვიყურებენ ჩვენ მდიდრები? მაღლიდან დაგვცქერიან. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მტკიცედ შევერწყათ ერთურთს, ჩვენ ყველანი როგორც რიგითი რევოლუციონერები ისე როგორც იესო. ქრისტე იყო ყველაზე დიდი რევოლუციონერი.  მიუხედავად იმისა რომ ის ღვთის ძე იყო,  ის ღარიბებთან იდენტიფიცირდება. ის მოგვევლინა ზეციდან, რათა ღარიბების კლასებს შეხებოდა. ამას გარდა მან   გასცა თავისი სიცოცხლე ჩვენთვის. მე ეს მესმის ისე, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა  მოყვასისათვის უნდა იბრძოლოს, ამის მაგალითი თავად იესოა.  ერთმანეთს შევერწყათ, არ უნდა შეგვეშინდეს. აღარავინ იქნება სახლის გარეშე და თუ მიწისძვრა დაანგრევს მათ სახლებს, თავიდან ავაშენებთ. არავინ იქნება მაღალი კლასებისაგან დაჩაგრული.

– სახარების მიხედვით არცერთი ღარიბი არ უნდა იქნეს უარყოფილი. მე მჯერა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღარიბი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მდიდარი. მე მწამს ღმერთისათვის ჩვენ უფრო მნიშვნელოვანები ვართ. მდიდრებისათვის არა, მათთვის მისაღები მაშინ ვართ, როდესაც მათთვის ვმუშაობთ.

– სახარების მეშვეობით ღმერთი ჩვენ გვაჩვენებს, თუ რამდენად ნაკლები ღირებულების ვართ მდიდრებისათვის. ამ ადამიანებისათვის ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ და  საერთოდაც არ ვარსებობთ.

– იესოს არ შეეძლო ბეთლემში სასტუმროში მოვლინებოდა ამქვეყანას, რადგან ის ღარიბი იყო.  ზუსტად ამ მიზეზის გამო, დღესაც ყველგან უარყოფილია, ისევე როგორც ღარიბები. მე ვგულისხმობ დღეს არსებულ სისტემას.

– მაგრამ დღევანდელ შობას მთელი დედაქალაქი ღამის გასათევის გარეშეა, როგორც მაშინ იესო ბეთლემში. მათ წელს აღარ აქვთ სადღესასწაულო სუფრები, ამიტომ მჯერა რომ ეს შობა უფრო მეტად ქრისტიანულია. შეიძლება ამან გამოაღვიძოს ზოგიერთის სინდისი, რათა შემდგომ წელიწადს ყველას ქონდეს თავშესაფარი და შობა ყველას უხაროდეს. არავინ იყოს უარყოფილი.

საუბრის ბოლოს ყველამ ერთად გადაწყვიტა დედაქალაქის მაცხოვრებლებისათვის ვისაც რა გააჩნდა შეეგროვებინათ და გაეგზავნათ. სიმინდი, ბრინჯი თუ ლობიო. ფელიქსმა მკითხა მე თუ შევძლებდი ამ ყველაფრის ქალაქში გაგზავნას.

მე ვუპასუხე, რომ ვცდი. არ ვიცი საერთოდ სატრანსპორტო საშუალებები თუ მუშაობს.

და თუ ტრანსპორტი არ იქნება, მაშინ ფეხით წავალთ.

შობას გილოცავთ!

ერნესტო კარდენალი –  მღვდელი, პოეტი და განთავისუფლების თეოლოგიის წარმომადგენელი.

1965 წელს კარდენალი მღვდლად ეკურთხა. ნიკარაგუის ტბის სამხრეთ ნაწილში  სოლენტინამეს კუნძულზე დააფუძნა  კომუნა მსგავსი ქრისტიანული მონასტრული საზოგადოებისა. ქრისტიანული კომუნის წევრები იყვნენ კუნძულზე მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა, რომლის დიდი ნაწილს გლეხები და მეთევზეებს შეადგენდნენ.  კუნძული სოლენტინამე, ადგილი თავისი საქმიანობით და   ღარიბებისადმი პრაქტიკული სოლიდარობით მსოფლიოში ცნობილი გახდა.

ნიკარაგუაში არსებულმა მძიმე პოლიტიკური მდგომარეობამ დააღვია სოლენტინამეს ქრისტიანული კომუნის სიმშვიდე. კომუნის ახალგაზრდა წევრები და მღვდელი ერნესტო კარდენალი სანდინისტების განმანთავისუფლებელ ფრონტს შეუერთდნენ (რომელმაც 1979 წელს, სომოზას ოჯახის მრავალწლიანი დიქტატურა დაასრულა). 1977 წელს დიქტატორი სომოზას უშუალო ბრძანებით მისი მომხრე სადამსჯელო რაზმები თავს ესხმიან სოლენტინამეს კუნძულზე მცხოვრებ უდანაშაულო მოსახლეობას, ჯარისკაცებმა მეთევზეების და გლეხების სახლები დაანგრიეს. კუნძულის მოსახლეობას აპატიმრებდნენ ან ადგილზე ხვრეტდნენ.  იმავე წელს ერნესტო კარდენალის დაჭერის ბრძანება იქნა გაცემული. კარდენალმა ნიკარაგუა დატოვა და კოსტა რიკას შეაფარა თავი. სომოზას დიქტატორული რეჟიმის დასრულების შემდეგ ერნესტო კარდენალი რევოლუციური მთავრობის კულტურის მინისტრი გახდა.


– წყარო: Cardenal Ernesto: Das Evangelium der Bauern von Solentiname. Gespräche über das Leben Jesu in Lateinamerika. Band I 1980.

გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ