ერნესტო კარდენალი – გათავისუფლების თეოლოგიის წარმომადგენელი, მღვდელი, პოეტი და მწერალი. 1979-87 წლებში იყო ნიკარაგუის კულტურის მინისტრი.
გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა
© European.ge
ინგლისელი კათოლიკე მწერალი და იუმორისტი ჩესტერტონი ამბობდა: “ქრისტიანობა არ დამარცხებულა, ვინაიდან იგი არასოდეს ყოფილა პრაქტიკაში განხორციელებული“. ასევე მეც განვმეორდები, ვინც საუბრობს მარქსიზმის და კომუნიზმის დამარცხებაზე. არავითარი დამარცხება არ ყოფილა, ვინაიდან კომუნიზმი ჯერ კიდევ არასოდეს ყოფილა განხორციელებული პრაქტიკაში. რამდენადაც, მე ვრჩები ქრისტიანი, მით უფრო მეტად მწამს კომუნიზმის იდეა.
მე თავს ვთვლი კომუნისტად და ქრისტიანად, საერთოდაც, პირველი ქრისტიანები იყვნენ პირველი კომუნისტები. ლუკა წერს საქმე მოციქულთაში: „ არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის.. და ეძლეოდა თვითეულს ვისაც რა სჭირდებოდა“. (საქმე 4, 34-35). მსგავსი სახით მრავალი ასწლეულის შემდეგ მარქსმა განსაზღვრა კომუნიზმი.
კომუნიზმს ნამდვილად გააჩნია ქრისტიანული წარმომავლობა. ის, რომ ქრისტიანობა მოგვიანებით მომართულ იქნა ანტიკომუნისტურად, უხეში ფალსიფიკაციის ნაყოფია. მექსიკელი ხოსე პორფირიო მირანდა, მემარცხენე თეოლოგი და ბიბლეისტი თავის წიგნში „კომუნიზმი ბიბლიაში“ წერს: „ რა სიგიჟემ შეიპყრო დასავლეთი, რომ ის როგორც უბოროტეს მტერს ებრძვის იმას, რაც წარმოადგენს თავად ქრისტიანულს ყველა სხვა არსებული კონცეფციიდან?“ შემდეგ ის აგრძელებს, რომ პოლიტიკური პროპაგანდა, რომელიც წარმოაჩენს კომუნიზმს განუყოფელს მატერიალიზმისაგან, ვერ შენიშნავს იმას, რომ მე-18 საუკუნეში კომუნიზმის იდეა არსებობდა ყოველგვარი მატერიალიზმის გარეშე. ის რომ კომუნიზმი არ შეიძლება გამოვყოთ მატერიალიზმისაგან, ისეთივე უსინდისო ტყუილია, როგორც ჰიტლერის ტყუილები, მიმართული იმდროინდელი საზოგადოებისადმი. ყველა შემთხვევაში მაშინ თავად ქრისტე ყოფილა პირველი მატერიალისტი, რადგანაც ის ამბობდა: „მშიოდა და არ მომეცით საჭმელი, მწყუროდა და არ მასვით მე“ (მათ 25:42).
მირანდა ასევე გვაჩვენებს იმას, რომ არსებობს წინააღმდეგობა ბიბლიის ორ განსხვავებულ ინტერპრეტაციაში, მაგრამ არა ქრისტიანებსა და ათეისტებს შორის.ეს იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ძალიან ზედმიწევნით ვიღებთ ქრისტეს გზავნილს. ის, ვინც ჩვენ გვსაყვედურობს იმაზე, რომ სტრუქტურის ცვლილება უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე პიროვნების ცვლილება, შეგვიძლია მირანდასთან ერთად ვუპასუხოთ: სოციალური სტრუქტურის შეცვლა – აუცილებელი საშუალებაა იმისათვის, რათა ასევე შევცვალოთ პიროვნებაც. ამის ძირითადი მტკიცებულება თავად ბიბლიაში, ის გვასწავლის ჩვენ კომუნიზმს.
ლუკა გვიყვება ჩვენ პირველ ქრისტიანებზე: „ ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ქონდათ“ (საქმე2: 44).„ არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ქონდათ“(საქმე მოც. 4:32). ეს ნიშნავს, კომუნიზმი ყველას უნაწილებდა და არ იყო ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთეულებისათვის. კომუნიზმი იყო წინაპირობა, რათა ყოფილიყავი ქრისტიანი. ქრისტიანად გახდომა იყო თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანი, არავის ამისათვის ძალას არ ატანდნენ. მაგრამ შემდგომში თითოეული ქრისტიანისათვის კომუნიზმი ხდებოდა მოვალეობა. რაც შეესაბამება ქრისტეს სიტყვებს: „ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე“ (ლუკ 14:33).
არის კიდევ ასეთი ფაქტი, რომ ბიბლია მუდმივად კიცხავს მდიდრებს, მაგრამ სხვადასხვა თარგმანები ამის ფალსიფიცირებას ახდენენ. ხშირად „მდიდრები“ გადათარგმნილია როგორც „ბოროტისმქმნელი“, ამ სახით, გაკიცხვა ხდება დაფარული: რათქმაუნდა, გაკიცხვა „ბოროტმოქმედების“ ნებისმიერ შემთხვევაში სწორია. ასევე გერმანიაში ერთერთი ყველაზე გავრცელებული თარგმანი, ციურიხის ბიბლია, იყენებს ამ პრაქტიკას, იქ სადაც, ტექსტში საუბარია „მდიდრებზე“, დგას „ბოროტისმქმნელი“.
მდიდრები ბიბლიაში არიან წარმოჩენილნი როგორც „უსამართლონი“. „მდიდარი“ და „უსამართლო“ – ამ ორ სიტყვას პრაქტიკულად გააჩნია ერთი და იგივე მნიშვნელობა. ამოს წინასწარმეტყველი ამბობს, ისინი, ვინც „სამართალს აბზინდად რომ აქცევთ და სიმართლეს მიწად რომ თელავთ!“ (ამოს5:7). და ის ამბობს მათზე, რომ ისინი „რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით“ (ამოს5:11), ეს ის არის, რასაც აკეთებენ ყოველდღიურად, და ისინი ამას აკეთებენ არასამართლიანი სისტემის ხელშეწყობით. სწორედ ამიტომ აქცევენ სამართალს აბზინდად. ეს პერმანენტული ქურდობაა, კაპიტალიზმის პერმანენტული პარვა.
ზუსტად ამას ამბობს იერემია წინასწარმეტყველი: „გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ: სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ“ (იერ. 5:28).
ბიბლიაში სიმდიდრე შეიკვრება ქურდობის და ძარცვის გზით. სწორედ ამიტომ, „მდიდარი“ აღნიშნავს „უსამართლოს“. ბიბლია კიცხავს მდიდრებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მდიდრები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათი მოპოვების გზა ყოველთვის უსამართლო იყო. „მდიდარი“ პრაქტიკულად აღნიშნავს „უსამართლოს“ და „უკანონოს“.
ხშირად ბიბლიაში გაცნობიერებულად აყალბებენ, ასე მაგალითად: (საუბარია ციურიხის ბიბლიაზე), თარგმნილია „უსამართლო“ როგორც „უღმერთო,“ ან „ურწმუნო“. ამ სახით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კიცხავენ ათეისტებს და არა მდიდრებს. იმისდა მიუხედავად, რომ უმეტესობა ნაწილი მდიდრებისა ბიბლიაში სულაც არ არიან ათეისტები.
იაკობ მოციქული გარკვევით გვეუბნება ჩვენ თავის წერილში ( იაკ 2:6): „განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?“. სამსჯავრო ნახსენებია, ვინაიდან ის აღმსრულებელია კანონის. კანონი მათ მხარესაა და ძარცვა, რომელსაც მიმართავენ მდიდრები, ხდება არასამართლიანი სისტემის ჩარჩოებში ლეგალური სახით. სწორედ ამიტომ, მდიდრები ბიბლიაში უსამართლონი არიანი უკვე იმიტომ, რომ მდიდრები არიან.
კიდევ ერთი გაუგებრობა წარმოიქმნა, ვინაიდან მათე უწოდებს „ცათა სასუფეველს“ იმას, რასაც სხვა მახარებლები „ღვთის სასუფეველად“ მოიხსენიებენ. ეს ამას აკეთებს იუდაური ტრადიციის თანახმად და არ ახსენებს ღმერთის სახელს. რათა არ ახსენოს „ღმერთი“, ის ამბობს „ცათა“, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს სასუფეველი სხვა სამყაროშია. ქრისტე იმეორებს კვლავაც და კვლავაც, რომ სასუფეველი მოვა მიწაზე. გვასწავლის ჩვენ ლოცვას – „მამაო ჩვენო“ . ამის დასტურია ნაწყვეტი ამავე ლოცვიდან „წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი“. ჩვენ უნდა შევთხოვოთ მას, რათა სასუფეველი დამკვიდრდეს აქ, და არა ის,რომ ჩვენ თავად უნდა მივიდეთ .
„სასუფეველი“-ს სწორი თარგმანი – არაა ღმერთის„ბატონობა“. ეს ასე არ არის, როგორც ჩვენ ვიტყოდით მაგ: „საფრანგეთი“ (გერმანულად Frankreich, ნიშნავს ფრანკების სამეფოს), არა ასე, როგორც ჩვენ ვამბობთ ბატონობაზე ან დროებით მმართველობაზე ბურბონების. ეს ნიშნავს გაქრობას ყველა პოლიტიკური ძალის და ახალი სისტემის შექმნას. ზოგიერთი თანამედროვე თეოლოგი თვლის, რომ გამოთქმა „ ღვთის სასუფეველი“, რომელსაც იყენებდა იესო, ძალიან გავს დღევანდელ სიტყვას „რევოლუცია“. ეს სიტყვა იყო იმდენად ფეთქებადი მაშინდელ საზოგადოებაში, რომ ამან იესოს სიკვდილი მოუტანა.
ასევე სრულიად ნათელია, რასაც იესო ეუბნება პილატეს, რომ მისი სამეფო არ არის ამქვეყნიური, არ გააჩნია სახე, რომ ეს სამეფო არსებობს სადღაც სხვა ადგილას. ბერძნული გამოთქმა „დან“ მიუთითებს წარმომავლობას. წმინდა ავგუსტინე განმარტავს ძალიან მკაფიოდ: იესო არ ამბობს, რომ მისი სამეფო – არ არის ამ ქვეყანაზე, არამედ ის მიუთითებს, რომ ის არ წარმოიშვება ამ ქვეყნიდან.
სასუფევლის სხვა სამყაროში გადატანა – სახარების ღალატი იქნებოდა. სასუფეველი იქნება სამართლიანი, ერთიანი საზოგადოება, საზოგადოება ყოველგვარი კლასების გარეშე. სწორედ ამიტომ მე ერთ ჩემს ლექსში დავწერე:“ კომუნიზმი თუ ღვთის სასუფეველი დედამიწაზე – ერთი და იგივეა“.
დიდი ხანია არ არის არაფერი განსაკუთრებული იმაში, რომ ქრისტიანები და მარქსისტები მიდიან ერთად, როგორც ეს იწინასწარმეტყველა ფრანგმა თეოლოგმა ტეიარ დე შარდენმა. ჩვენ ქრისტიანები გვიან მივედით მარქსიზმამდე, მაგრამ ჩვენ მივედით, რათა დავრჩეთ. უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენ დავუბრუნდით საკუთარ ფესვებს. ენგელსი ხშირად აღნიშნავდა: ქრისტიანების ასკეტიზმი ეს იყო პროტესტი მდიდრების წინააღმდეგ!
ჩვენ ამოვდივართ კომუნიზმიდან. კომუნისტური იყო ჩვენი საფუძველი, ჩვენი ეკლესიის წმინდა მამებიც ხშირად აღნიშნავდნენ ამას. წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი(+374) ამბობდა, რომ „თავდაპირველად ჩემი და შენი, ეს უმადური სიტყვები, იყო უცხო“. წმინდა ბასილი დიდი(+379) ამატებს: “სრულყოფილი საზოგადოება ეს არის, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი სახის კერძო საკუთრებას“. „ყველა ნივთი, რომელიც არსებობს ამ ქვეყნად, უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი“- ამბობს კლიმენტი რომაელი. წმინდა ამბროსი მედიოლანელი (+397) აღნიშნავს:“უფალს უნდოდა, რათა დედამიწა ყოფილიყო ყველა ადამიანის საერთო საკუთრება“.იოანე ოქროპირი(+407) აღნიშნავს თავის ქადაგებებში:„საერთო საკუთრება – უფრო ახლოსაა ადამიანის ბუნებასთან, ვიდრე კერძო საკუთრება“.
ერთხელ მე ვეწვიე ბენედიქტიანელებს მონასტერში და წინამძღვარმა მკითხა, თუ რატომ ვიცავდი მე კომუნიზმს. მე ვუპასუხე მას, რომ ეს ორდენიც ასევე კომუნისტურია, თუკი ისინი კიდევ არიან ბენედიქტე ნურსიელის წესების ერთგულნი, სადაც ის ამბობს:“კერძო საკუთრება არაბუნებრივი ტვირთია“.
კაცობრიობა იყო სოციალისტური, მანამდე სანამ არ წარმოიშვა კერძო საკუთრება. დღეს ბევრი ვერ რისკავს ისაუბროს მარქსიზმზე და სოციალიზმზე, მით უფრო ნაკლებს საუბრობენ კომუნიზმზე. მე თვალს ვადევნებ, რომ მემარცხენეებში სწორედ მემარცხენე ქრისტიანებმა და თეოლოგებმა დაკარგეს სიმამაცე, გააკრიტიკონ არსებული მანკიერი სისტემა.ხოლო ისინი ვინც ბოლონი მივიდნენ მარქსიზმამდე, აღმოჩნდნენ ვინც შეინარჩუნა უტეხი იმედი.
მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანისათვის არ არსებობს სხვა არჩევანი, გარდა სოციალიზმისა, მე მწამს, რომ XXI საუკუნე გახდება ახალი მარქსიზმის და ქრისტიანობის გამაერთიანებელი – მარქსისტული ქრისტიანობის.
მე უკვე აღვნიშნე, როცა ვამბობთ „რევოლუცია“ – ეს იმავეს გვეუბნება, რასაც „ცათა სასუფეველი“. მე მწამს ცათა სასუფევლის, რომელიც დამკვიდრდება ჩვენს ქვეყანაზე.