ძველი კულტურები, თავისუფალი სოციალიზმი და ადამიანისა და დედამიწის ახლებური ურთიერთკავშირი

anthropocene-william-stoneham

“ძველი კულტურები, თავისუფალი სოციალიზმი[1] და ადამიანისა და დედამიწის ახლებური ურთიერთკავშირი საქართველო და სოციალური დემოკრატიის ადგილ-მდებარეობის განსაზღვრა 21-ე საუკუნეში” – ჩვენს პორტალზე 2015 წელს გამოქვეყნებული წერილია, რომელიც დღეს მიმდინარე გლობალური პროცესების ღრმა ანალიზს გვთავაზობს, მათ შორის არაერთი საკულტო ავტორისა და ნაშრომის გავლით – არაერთ დისციპლინაში. ტექსტი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან საქართველოს ისტორიული და უახლესი გამოცდილებების საფუძველზე, ცდილობს იპოვნოს გამოსავალი ახალი პოლიტიკური პროექტისათვის, რაშიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიის გზის კრიტიკულ ანალიზს იშველიებს. წერილი ასევე ესადაგება და ავრცობს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ულრიხ ბრანდთან, რომელიც ჩვენმა ავტორმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა ნინო ხელაიამ მოამზადა. გთავაზობთ ტექსტის განახლებულ ვერსიას

ავტორები: ფრანკ ტრემელი, მაია რაზმაძე

თარგმნა გიორგი ბრეგაძემ

► რედაქტორი: ნინო ხელაია

► გარეკანზე გამოყენებულია უილიამ სთოუნჰენის ნახატი “ანთროპოცენი”

Ⓒ European.ge

როცა ადამიანი, გასაჭირიდან გამომდინარე, ბოლოს და ბოლოს ტოვებს ადამიანისა და დედამიწის მარტოოდენ ბუნებრივ ურთიერთკავშირს და რაციონალურად გააზრებულსა და ფორმირებულში გადადის,  რაც გაფართოების ველურ მისწრაფებას აღვირს ამოსდებს, მაშინ ეს არსებობის მთლიან სფეროზე ახდენს გავლენას და მას არსობრივად შეცვლის. მყარდება სრულიად სხვა სულიერი და გონებრივი კლიმატი და არსებობის სრულიად სხვა ახალი შესაძლებლობები.“

 „სოციალიზმი სულის, მისგან გამომავალი ფუნდამენტური ახალი სურვილის იმპულსების გარეშე არ არსებობს. სხვა დანარჩენი სოციალიზმი კი არაა, არამედ, უფრო საჭირო, უფრო საკმაოდ ახალი, უფრო ყოვლისმომცველი ეკონომიკური მმართველობის ტექნიკა, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, სრულიად ცარიელი სამოსია.“

საბაზრო ეკონომიკა იგივე არაა, რაც კაპიტალისტური ეკონომიკა. საბაზრო ეკონომიკა არსებობდა სოფლების ეკონომიკასა და ქალაქების ხელოსნურ მეურნეობებში, იმაზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე კაპიტალიზმი გაჩნდებოდა, რომელმაც საბაზრო ეკონომიკას მხოლოდ ერთი განსაკუთრებული, ისტორიულად განპირობებული ფაქტორი დაუმატა: კაპიტალის ორგანიზებულ დაგროვებაზე დაფუძნებული მოგების მაქსიმიზება.“

ალფრედ ვებერი

 

ევროპული, განსაკუთრებით კი გერმანული სოციალ-დემოკრატიის ხანგრძლივი კრიზისი თავის ჩრდილს ქართულ დემოკრატიულ მემარცხენეობასაც აწვდენს, რომელიც თავის გზას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი მძიმე წლებიდან დღემდე ეძებს. ქართული სოციალიზმის დავალებები და პერსპექტივები (კარლ კაუცკი) შეცვლილი პირობების ფონზე ხელახალა უნდა განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს. ქართული სოციალ-დემოკრატიის ტრადიციულად ძლიერი დასავლეთ ევროპული ორიენტაცია, 21-ე საუკუნეში გაღრმავებასა და გაფართოებულ ხედვას საჭიროებს. აუცილებელი ისტორიული ადგილმდებარეობის დადგენა კი ისეთ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს მოითხოვს, რომლებსაც სოციალ-დემოკრატია არც გერმანიაში და არც საქართველოში ჯერ-ჯერობით არ ფლობს. ცალკეული სოციო-სტრუქტურული ანალიზი, პოლიტიკური მიმართულებების კვლევა და მორალური მოწოდებანი ახალი, გლობალური ისტორიის გამოწვებს ვერ უმკლავდება. მართალია, სოციალ-დემოკრატიამ „ისტორიული მატერიალიზმის“ ისტორიულ და საზოგადოებრივ გაგებაზე გასაგები მიზეზების უარი თქვა და მას ჩამოსცილდა, მაგრამ მან მაინც ვერ მოახერხა განვითარების ისტორიული ალტერნატიული ხედვის შექმნა, რომელიც გაუმკლავდებოდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის გამოწვევებს.

მოდერნიზაციის დასავლურ თეორიებზე ორიენტაციამ და მრავალფერად მოკაშკაშე პოსტმოდერნზე გეზის აღებამ, მოქმედების ახალი ასპარეზის გაჩენისა და ახალი მიზნების გამოვლენის ნაცვლად, კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ჯერ კიდევ 1954 წელს, გერმანული სოციალ-დემოკრატიის მიერ გოდესბერგის პროგრამისათვის მოთხოვნილი დროითი ანალიზი არ განხორციელდა. მთლიანობაში, ომის შემდგომ პერიოდში, დასავლეთ გერმანიაში საბაზრო ეკონიმიკის ფრიად საჭირო, მაგრამ ახლებურმა შეფასებამ, „სოციალური საბაზრო ეკონომიკის“ ნეოლიბერალურ კონცეფციაზე ცალმხრივი მორგება გამოიწვია. ასევე, ხელიდან იქნა გაშვებული შანსი ჩვენი დროის საკითხების მარქსიზმისა და ეკონომიკური ნეოლიბერალიზმისგან მიღმა, რადიკალურად ახლებურად დასმის (ჰაინც-დიტრიხ ორტლიბი). 1960-იანი წლების მეორე ნახევრის სტუდენტური მოძრაობისა და მისი ნეომარქსიზმისგან, მისი „ინსტიტუტებში მსვლელობებიდან“ კი, ბოლოს მხოლოდ მემარცხენე, ლიბერალური პროგრესივიზმიღა დარჩა, რომელიც არსებულ ამოცანებს წარმოების საზოგადოების მიღმა (ბერტრანდ დე იუვენელი) სრულყოფილად ვერც კი ითვალისწინებს. გერმანული სოციალური დემოკრატია გაისრისა ერთის მხრივ ნეოლიბერალური მოდელების მორჩილებაში – რომლებიც ჯერ კიდევ 1950-იან წლებში გამოვიდა ასპარეზზე სამარკო ნიშნით მესამე გზა (ალექსანდერ რიუსტოვი, ვილჰელმ რიოპკე, ვალტერ ოიკენი) და მეორეს მხრივ იმის ცდაში, რომ კულტურულ-რადიკალური დროის მიმდინარეობების თავის თავში ინტეგრირება მოეხდინა.

მრავალი წლის მანძილზე, სოციალ-დემოკრატიამ შეძლო გახლეჩის ამ გამოცდისათვის გაეძლო, რადგანაც ამომრჩეველთა ტრადიციული წრეები, ასე თუ ისე, სტაბილური რჩებოდა. მაგრამ მეცნიერულ-ტექნიკურ რევოლუციაზე გადასვლასთან ერთად, ძირეულად შეცვლილი გლობალური გარემოს პირობებში, მუშათა საშუალო ფენის ამ ინტეგრაციულ ფუნქციაზე დაყრდნობა ვეღარ მოხერხდა. „ახალი შუალედისთვის“ სასოწარკვეთილი ბრძოლა, 1980-იანი წლების ბოლოს ტექნოლოგიური, სტრუქტურული და კულტურული გარდაქმნების გამო, უიმედო აღმოჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ მომავალზე ორიენტირებული, პოლიტიკური და კულტურული ჰუმანიზაციის პროექტში ახალი სოციო-კულტურული წრეების ნაყოფიერი ტენდენციები და მუშათა კლასის შეცვლილი შემადგენლობა გაეერთიანებინა, ის ნეოლიბერალიზმის სიღრმეებში ჩაიკარგა. ამის გამო, საუკუნეების გასაყარის შემდეგ, სოციალ-დემოკრატიამ მხოლოდ გერმანიაში ათი მილიონი ამომრჩევლის ხმა დაკარგა. ის გაიხლიჩა და თანამედროვე ცნობიერებაზე მისი გავლენა თანდათანობით გაქრა.

1953 წელს, იმ წელს, როდესაც ნოე ჟორდანია (1868-1953), 1918-დან 1921 წლამდე არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი, ფრანგულ ემიგრაციაში გარდაიცვალა, მისმა თანატოლმა და თანამედროვემ, ალფრედ ვებერმა (1868-1958) თავისი უკანასკნელი წიგნი გამოაქვეყნა, როგორც ანდერძი დემოკრატიული და ლიბერალური მასობრივი მოძრაობისა. წიგნში „მესამე თუ მეოთხე ადამიანი“, ვებერმა გლობალური ეპოქის ისტორიული ანთროპოლოგიის კვლევის პროგრამა ჩამოაყალიბა. ადამიანსა და დედამიწასთან დაკავშირებული ახალი მდგომარეობა უნდა ახლებურად გააზრებულიყო იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო ისტორიული ადამიანის განახლებისთვის, რომელიც „ღერძულა ხანაში“ 800-დან 200 წწ. ჩვ.წ. აღ.-მდე ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ისრაელსა და საბერძნეთში წარმოიშვა. ალფრედ ვებერი, 1919 წლის ივნისში, ბერლინში შეხვდა საქართველოს იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, აკაკი ჩხენკელს, და საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. 1953 წელს, მან, როგორც სოციალ-დემოკრატმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირების შემდეგ, ჰუმანისტური და ეკოლოგიური აზროვნება ჩამოაყალიბა.

ვებერმა იწინასწარმეტყველა ეპოქა, რომელშიც კაცობრიობა დედამიწის ისტორიის ცენტრალური გავლენის მქონე სიდიდედ იქცეოდა და დაფიქრდებოდა თავისი კულტურული საწყისების მრავალფეროვნებაზე. უწინდელი „ძალოვანი სახელმწიფოები“ და გეოპოლიტიკა, თავისუფალ სოციალიზმს“  და ეკოსფერულ პოლიტიკას უნდა ჩაენაცვლებინა. ათი წლის შემდეგ, მისმა მოწაფემ, სოციალ-დემოკრატმა, სოციალური და ეკონომიკის თეორიის მეცნიერმა, ედუარდ ჰაიმანმა (1889-1967) ჩამოაყალიბა ახალი კულტურული ეკონომიკის პრინციპები მაშინდელ აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკონომიკურ სისტემებს მიღმა. მასში ჰაიმანმა განავითარა მოსაზრებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1944 წელს უნგრელმა ეკონომიკის ანთროპოლოგმა კარლ პოლანიმ თავის მონოგრაფიაში „The Great Transformation“ („დიდი ტრანსფორმაცია“) გამოთქვა. ფრანგმა ფილოსოფოსმა პოლ რიკოურმა (1913-2005), რომელიც ასევე ახლოს იყო სოციალურ-დემოკრატიასთან, 1955 წელს მოითხოვა, მომავლის მკვლევარ, გასტონ ბერგერზე დაყრდნობით, „attitude prospective“ – „მომავალზე ორიენტირებული პოზიციი“-ს გაშლა, რომელიც ეკონომიკურ ლიბერალიზმს დაამარცხებდა. რიკოურის აზრით, ახალ, „განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებას“ სჭირდება მომავლის ხედვა და საკუთარი საწყისების მოფრთხილება სჭირდებოდა, რამეთუ საზოგადოება, დეკოლონიზაციის პროცესის გათვალისწინებით, დგას გამოწვევის წინაშე, მოახდინოს კულტურის შემოქმედებითი ბირთვის და ცივილიზაციის თანამედროვე პროცესის ერთმანეთთან დაკავშირება. რიკოურის ისტორიის ისეთი აღქმა, ალფრედ ვებერის მოსაზებას მრავალმხრივ უახლოვდება.

ერიხ ფრომმა (1900-1980), რომელიც 1920-იან წლებში ალფრედ ვებერთან ჰაიდელბერგში სწავლობდა, 1955 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისი წიგნი „The Sane Society“ (გერმანულად – „Der moderne Mensch und seine Zukunft („თანამედროვე ადამიანი და მისი მომავალი“) გამოსცა. მასში მან თავისი მასწავლებლის უკანასკნელი ნაშრომი განიხილა და მისი აზრები განავრცო. ფრომისეული ისტორიის ანთროპოლოგიური აღქმა ცდილობდა ზუსტად განესაზღვრა ჰუმანური, ტრანსცენდენტულობის, კრეატიულობისა და სოლიდარობისკენ მიმართული მოქმედების პოტენციალი ცალკეულ ისტორიულ ეპოქებში. საამისოდ, ფრომი მარქსისტულ და ფსიქოანალიტიკურ მოსაზრებებს იყენებდა. მაგრამ ის დოგმატიზმის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა. ფრომის კრიტიკა ბიუროკრატიული საბჭოთა სისტემისა და დასავლური სუპერკაპიტალიზმის თანამედროვე გაუცხოების ფორმების შესახებ დღემდე აქტუალურია. ისევე როგორც ვებერი, ფრომიც დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ მონაწილეობითი (პარტისიპატორული) თავისუფალი სოციალიზმის ალტერნატივა კაცობრიობის განახლების გარეშე, ესე იგი „ნორმალურობის პათოლოგიის“ გააზრების გარეშე, არ შეიძლება არსებობდეს. დემოკრატიულ-სოციალისტური მოძრაობა, რომელიც არ ცდილობს, ფუნქციონერობა, ჩინოვნიკობა და მარკეტინგული ხასიათი დაძლიოს, საქართველოშიც იმავე კრიზისში აღმოჩნდება გამომწყვდეული, როგორც ეს დასავლეთ ევროპაში მოხდა და რომელმაც ევროპული სოციალ-დემოკრატია  ესოდენ დააუძლურა. ფრომის ჰუმანისტური მეცნიერება ადამიანის შესახებ დღემდე შეუცვლელია პროდუქტიული ორიენტაციისკენ მიმავალ გზაზე.

დასავლეთ ევროპაში, სოციალ-დემოკრატია უკვე 1985 წლიდან გამოკვეთილ კრიზისში აღმოჩნდა. ღრმა ეკონომიკური რეცესიის ნიშნები უკვე ათი წლით ადრეც შეიმჩნეოდა. 1980-იანი წლების შუა პერიოდში, ეკონომიკური ზრდის მძიმე ინდუსტრიული მოდელის შესაძლებლობებიც საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში საბოლოოდ ამოიწურა. ინდუსტრიული ცივილიზაციის საძირკველში მრავალი ბზარი გამოჩნდა, რომლებიც ცნობიერებაში შემოვიდა სხვადასხვა, ეკოლოგიური და ახალი სოციალური მოძრაობების სახით. დასავლეთ ევროპულ სოციალ-დემოკრატიას გაუჭირდა დამაჯერებელი პასუხები გაეცა ამ ცვლილებებისთვის. თუმცა, აღსანიშნავია, მან ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ცნებას ცხოვრების ხარისხი“ პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა. შემდგომ მოხდა სოციალური დემოკრატიის სულ უფრო მეტად დაკავშირება ძველმოდურ ინდუსტრიულ ტრადიციონალიზმთან. ის ძირითადად მიჰყვა ინდივიდუალისტურ ეკონომიზმს (ჰაინც-დიტრიხ ორტლიბი), მაშინაც კი, როდესაც დასავლური ისტორიის ეკონომიკური პერიოდი (ჟან ფურასტიე) უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ცივილიზაციის გლობალურ პროცესში გადადიოდა, სადაც საზოგადოებრივი სიმდიდრის წყარო კოლექტიური ცოდნა გახდა.

მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია, რომელიც 1960-იანი წლების მეორე ნახევარში სისტემების კონკურენციის ძირითად ცნებად იქცა, 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან დასავლეთის მსოფლიო ისტორიიდან ცოდნის საზოგადოების გლობალურ ისტორიაზე გადასვლას მოასწავებდა. აქედან იწყება უკვე ადამიანის ხანა“, ანთროპოცენი[2], ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების პრინციპული ტრანსფორმაცია. მუშაობისა და ცოდნის ურთიერთკავშირის გაცნობიერება, რომელიც პრაქტიკულად და თეორიულად გერმანიასა და საქართველოში მუშათა მოძრაობის საწყისებს წარმოადგენდა, სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს ამ ახალი ეპოქის პოლიტიკურად ფორმირების რესურსად თითქმის არ გამოუყენებიათ. მართალია მხოლოდ ის, რომ ეკონომიკური სისტემის, როგორც კულტურის მატარებლის აღმშენებლობა და სრულყოფა, გლობალურად, ისევ და ისევ მომავლის ამოცანად რჩება. ამაში კი ევროპულ სოციალ-დემოკრატიას საკმაო გამოცდილება გააჩნია.

როცა ქართველი მენშევიკები დასავლეთ ევროპული მუშათა მოძრაობის მსგავსად იზიარებდნენ პოზიციას, რომ საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობას ეკონომიკური პროგრესი (ვახტანგ გურული) წარმოადგენს, ეს მცდარი პოზიცია როდი იყო, ისევე როგორც რუსი მენშევიკების ახალ ეკონომიკურ პოლიტიკასა (NEP) და რუსეთის ელექტრიფიკაციის სახელმწიფო გეგმაში (GOELRO-გეგმა) მონაწილეობა. ის გარეშე ეკონომიკური ძალა, რომელიც აზიის ქონების გადანაწილების იმპერიებში არსებობდა, და რომელიც ბოლშევიზმის ულტრა მემარცხენე პოლიტიკას განსაზღვრავდა, ეკონომიკური ხანის დასრულებას მხოლოდ აფერხებდა. თუმცა, ასევე სწორია ის, რომ ეს ამოცანა დღეს უკვე გაცნობიერებულად იმ ახალი დიდი ტრანსფორმაციის სამსახურში უნდა ჩავაყენოთ. სწორედ მის წიაღში უნდა მოხდეს ეკონომიკური პროცესების კულტურულ და ბუნებრივ ურთიერთკავშირში მოყვანა. სოციალ-დემოკრატიის, როგორც კულტურულ და საგანმანათლებლო მოძრაობის გამოცდილებები ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც ეკონომიკის საჭიროებების ცოდნა. ამ გამოცდილებათა რიცხვს, სხვათა შორის, მიეკუთვნება ასევე 1895 წელს ავსტრიაში დაფუძნებული ბუნების მეგობართა საერთაშორისო მოძრაობაც.

კულტურული ფენომენები არ უნდა იქნას დაყვანილი მათ ტექნიკურ და ეკონომიკურ განზომილებამდე. ეს ასპექტები, ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, კულტურის პერიფერიას მიეკუთვნება. ისინი, ერთად აღებული, ქმნიან სოციოსფეროს, რომელიც ადამიანის შიდა ბუნებას მის გარემომცველ სამყაროსთან აკავშირებს. კულტურული ფენომენები, პირველ რიგში სიმბოლოები და, როგორც ალფრედ ვებერი ამბობდა, განუმეორებელი, შეუდარებელი, სულიერების გამომხატველი გამოსახულებანია. წარმოსახვითი და შემოქმედებითი ფენომენები, რომლებიც სიმბოლოებში გამოიხატება, ისტორიული სხეულის ცენტრად, მის გულად რჩება. ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული ტექსტების გამოყენება,“ როგორც ეს ჩეხმა სემიოტიკოსმა და „პრაღის გაზაფხულის“ მონაწილემ, ივან ბისტჟინამ ჩამოაყალიბა, პირველ რიგში ადამიანის ფიზიკური გადარჩენისათვისაა, მაშინ როცა, კულტურა და წარმოსახვითი შემოქმედება მგრძნობიარე და სუსტი არსების, ადამიანის, ფსიქიკურ და სულიერი გადარჩენის გარანტიაა.“

განვითარების ჰუმანურმა პოლიტიკამ, ორივე განზომილება უნდა გაითვალისწინოს, რათა ამგვარად, როგორც ალფრედ ვებერის მოსწავლე და პუბლიცისტი ჰარი პროსი წერდა ყველა ადამიანს იმდენი სოციალური ასპარეზი უნდა მიანიჭოს, რომ მან თავიანთი სუბიექტის, შეიძლება ითქვას, თავიანთი პიროვნების, განახლება შეძლოს გარემოსთან მიმართებაში და თავისუფალი არჩევანის პირობებში. გარემოსთან ხომ ადამიანი სიცოცხლის ბოლომდეა დაპირისპირებაში.“

სოციალ-დემოკრატიულმა პოლიტიკამ, თუკი ის კრიზისიდან გამომავალ გზებს მართლაც სერიოზულად ეძებს, თავი უნდა დაანებოს აქამდე დომინატ „რეფლექსურ მოდერნიზაციაზე“ (დარსი რიბეირო) კონცენტრაციას და კულტურულ თვითაქტივაციზე გააკეთოს აქცენტი. და ეს ყველაზე მეტად სწორედ ევროპის კიდეებზე მყოფ პოლიტიკას ესაჭიროება. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადამიანური არსებობის ბუნებრივი წინაპირობები, როგორც ჩვენი ფსიქიკის მიკროკოსმოსის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი პლანეტის ეკოლოგიასთან მიმართებაში.

კულტურის პოლიტიკამ, მხოლოდ გლობალური რაციონალურობის მოთხოვნები კი არ უნდა დააკმაყოფილოს, მან აგრეთვე კაცობრიობისა და დედამიწის სიღრმისეული შრეებიც (ნიკოლაუს ზომბარტი) უნდა გაითვალისწინოს. საამისოდ კი, დასავლური სოციალ-დემოკრატიის მეშვეობით მხოლოდ ფორმალური ორგანიზატორული ცოდნის გადაცემა არ კმარა. სწორედ ცოდნის ტექნოკრატიული ტრანსფერის წყალობით სულ უფრო შორდება ერთმანეთს პირველადი, საჭიროებასთან ახლოს მყოფი კულტურული და სისტემური განზომილებანი: ცოდნის ინტუიტიური და რაციონალური ფორმები, საკუთარი გამოცდილება და დანატოვარი ცოდნა. ამით კი ქართული სოციალ-დემოკრატია მსოფლმხედველობათა ავბედით ბრძოლაში ხდება ჩაბმული, იმის მაგიერ, რომ კავკასიის რეგიონის ადგილმდებარეობა და ახლო აღმოსავლეთს მოსაზღვრეობა გლობალური ცოდნის საზოგადოებისკენ გარდამავლ პერიოდში სწორედ თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. სოციალ-დემოკრატიამ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი კულტურისა და განათლების პოლიტიკას აღმოცენებას, რომელსაც შეუძლია კონგიტური გაცალმხრივების“ (იურგენ ჰაბერმასი) თავიდან არიდება, სოციალური სწავლებების კულტურის დამკვიდრება და ინდივიდუალური თანამედროვეობის (ალექს ინკელეს) ჩამოყალიბება. თანამედროვეობას ვერც ექსპორტზე გაიტან და ვერც მის იმპორტირებას მოახდენ. ის, სულ მცირე, დამოკიდებულია ხალხების სიბრძნეზე, როგორც სუბიექტის ცოდნაზე. ნამდვილი ცოდნის საზოგადოებების წარმოშობას ცოდნის ფორმებისა და წყაროების მრავალფეროვნება განაპირობებს, რაც თვითმყოფად, ლოკალურ ცოდნასაც […] გულისხმობს“ (იუნესკო (UNESCO)-მსოფლიო მოხსენება 2005).

განათლება უფრო მეტია, ვიდრე წერაკითხვის უბრალო ცოდნა. ის ადამიანთა ცნობიერებას აღვიძებს და მათ აძლევს საშუალებას,  უფრო მეტად  მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აღნიშნავდა ვილი ბრანდტი, ჩრდილოეთ-სამხრეთის კომისიის თავმჯდომარე, 1980 წელს. ქართულ სოციალ-დემოკრატიას კარგი მიზეზები აქვს საიმისოდ, რომ „ეკონომიკური სისტემის“ (ედუარდ ჰაიმანი) განვითარების დასავლეთ ევროპული გამოცდილება უფრო ვრცელ გლობალურ ისტორიულ კონტექსტში მოაქციოს. ფრანგმა ეკონომისტმა, ჟან ფურასტიემ ჯერ კიდევ 1961 წელს შენიშნა, რომ ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი ფენომენი გაცნობიერებაა, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იმ საშუალებათა გაცნობიერების დასაწყისი, რომელსაც ადამიანი სინამდვილის შესაცნობად იყენებს.“ გუშინდელი ევროპული თანამედოვეობის (მოდერნის) ორიენტაციის აღების ნაცვლად, უფრო უპრიანი იქნება ეკონომიკური სისტემის ფორმალური რაციონალიზმი სწორედ იმ ცნობიერების ნაწილად აღგვექვა, რომელშიც გონება და კულტურული იდენტურობა ერთმანეთს არ დაუპირსპირდება. თავისუფალი, დემოკრატიული სოციალიზმის დავალება საბაზრო ეკონომიკის გაუქმება კი არაა, არამედ ის, რომ საბაზრო ეკონომიკა გაათავისუფლოს მისი კაპიტალისტური ფორმისაგან. რაც ნიშნავს, მოგების მაქსიმიზაციის იძულებისგან თავის დახსნას, და მის ეკოსფერული პოლიტიკის კონტექსტში, მრავალფეროვანი კულტურული მიზნების სამსახურში ჩაყენებას.

საამისოდ ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ საერთაშორისო დემოკრატიული მემარცხენეობის მთელი გამოცდილება უნდა გამოიყენოს და გაიაზროს. ამ გამოცდილებას, სხვათა შორის, ლათინურ ამერიკული მცდელობებიც მიეკუთვნება. ეს მცდელობა კი გამოიხატება დამოკიდებული, ნეოკოლონიალური მდგომარეობისგან და კაპიტალისტური დაგროვების პროცესის იძულებისგან გათავისუფლების ძიებაში. მათში ფართო კულტურული შემოქმედებითობა იკითხება და ვლინდება. ისეთი ქართული სოციალ-დემოკრატია, რომელსაც მაგალითად არ გაუგონია ბრაზილიელი ეკონომისტის, ცელსო ფურტადოს შესახებ, არ იცნობს ანთროპოლოგ დარსი რიბეიროსს და არ ითვალისწინებს ბრაზილიელ პედაგოგს პაულო ფრეიერს, ან ყურადღების მიღმა რჩება შემოქმედებითი, ინტელექტუალური და ემანსიპატორული მოძრაობები მექსიკასა და ჩილეში, არა მარტო ღალატობს ევროპულ მემკვიდრეობას, უფრო მეტიც, ის პროვინციულ თანამედროვეობას (მოდერნს) იხდის თავის სამიზნედ.

კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი მემკვიდრეობის შემოქმედებით ათვისებას და გააზრებას. საქართველოს, მაგალითად, ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძის (1886-1950) სახით ჰყავდა ისეთ მოაზროვნე, რომელმაც შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეზე გავლით, არა მხოლოდ თანამედროვე საერთაშორისო ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაზე მოახდინა გავლენა, არამედ მათ კოგნიტიურ გაცალმხრივებას ალტერნატივებიც კი შეუქმნა. პროზაული სახელწოდება განწყობის ფსიქოლოგიამისი ნააზრევის მთელ მოცემულობას და მნიშვნელობას არასაკმარისად ახასიათებს. უზნაძის ადრეული ცნებების პოეზია (ედუარდ კოდუა), რომელიც მან ცნობიერების ფართო ეკოლოგიად აქცია, შეუცვლელია ქართული კულტურის პოლიტიკის სფეროს მნიშვნელოვნად გაცნობისთვის. ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში (1909) მოღვაწეობის შემდეგ, მისი ეს კონცეფცია ნაწილი გახდა ფართო პედაგოგიური პროგრამისა, რომელიც შემეცნებას ემსახურებოდა. უზნაძემ საკმაოდ ადრე აღმოაჩინა ქართული პოეზიის ცხოვრებისეული სიბრძნე და ის იდენტურობის წყაროდ დაასახელა, ამით კი თანამედროვე ცნობიერების ჩამოყალიბება ადამიანის სასიცოცხლო სიღრმისეულ შრეებს დაუკავშირა. ცოდნის სოციოლოგიასთან ერთად, ფილოსოფოსმა კონსტანტინე მეგრელიძემ (1900-1944) სრულიად ორგინალურად დაამუშავა მარქსისტული, ფენომენოლოგიური და ფორმით ფსიქოლოგიური (Gestaltpsychologie) კონცეფციები და ამით რამდენამდე წინ გაუსწრო თანამედროვე კომუნიკაციისა და აღქმის კვლევების კონცეფციებს (იურგენ ჰაბერმასი, მიხაელ ტომასელო). ამდენად, არსებობს საფუძვლები, რომელთა შემოქმედებითი ათვისებაც ქართულ სოციალ-დემოკრატიას საშუალებას მისცემდა, ახალი დროის გამოწვევებისთვის თავისი საკუთარი პასუხები ეპოვა.

1960-იანი წლების შემდგომ, საქართველოში გაჩნდა ახალი აზროვნების კიდევ სხვა მნიშვნელოვანი იმპულსები, რომლებიც ამ ხაზს მიეკუთნება. ფილოსოფოსები ანგია ბოჭორიშვილი (1902-1982), ნიკო ჭავჭავაძე (1923-1997), ზურაბ კაკაბაძე (1926-1982), თამაზ ბუაჩიძე (1930-2001), ოთარ ჯიოევი (1928-1999) და ედუარდ კოდუა მჯელობდნენ რა საბჭოთა მარქსიზმთან, ისინი საკუთარ შრომებს ქმნიდნენ ანთროპოლოგიაში, კულტურისა და ისტორიის ფილოსოფიაში. მათი დროის-დიაგნოსტიკური პოტენციალი ჯერ კიდევ ელის განახლებას. ამიტომ, გუშინდელი დასავლურ ევროპული დროის გამოძახილის უკან დევნის მაგიერ, უფრო უპრიანი იქნებოდა სწორედ ამ მემკვიდრეობის კრიტიკული ათვისება და შემდგომი განვითარება. ამით, ალფრედ ვებერის 1953 წელს ჩამოყალიბებული კვლევითი პროგრამაც ახალ აქტუალურობას მოიპოვებდა და ქართული სოციალ-დემოკრატიის ევროპული ორიენტაცია უფრო ღრმა, ფართო მნიშნელობას შეიძენდა. ამ გზით, ჰუმანური განზომილება, გლობალური ცივილიზაციის პირობებში, ხელახლა გაითავისებდა თავის მნიშვნელობას, ღირებულებას და თავისუფლებას.

შენიშვნები: 

[1] თავისუფალი სოციალიზმი, გერმანულად freiheitlicher Sozialismus ცნება მომდინარებს ალფრედ ვებერიდან (Freier Sozialismus) და განსაკუთრებით კი სოციალისტს და ეკონომიკის მეცნიერი ჰაინც-დიტრიხ ორტლიბიდან, ის თავის თავში მოიცავს დემოკრატიული სოციალიზმის გაგებას, დემოკრატიას, კულტურულ ელემენტებს, ეთიკურ ვალდებულებეს და თავისუფლებას იდეას, ამით ის ემიჯება ლიბერალიზმს და ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას (შენიშვნა მ.რ.)

[2]ანთროპოცენის ცნება (ძველბერძნულად: „ადამიანისეული [მისგან შექმნილი] სიახლე“ – ძველბერძნულად ἄνθρωπος, ánthropos, „ადამიანი“ და καινός, „ახალი“) გულისხმობს ახალ გეოქრონოლოგიურ დედამიწისეულ ეპოქას. ის მოიცავს იმ დროის პერიოდს, როცა ადამიანი დედამიწაზე ბიოლოგიურ, გეოლოგიურ და ატმოსფერულ პროცესებზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გავლენის ფაქტორად გადაიქცა. ეს ცნება 2000 წელს ჰოლანდიელი ქიმიკოსისა და ატმოსფეროს მკვლევრის, პაულ კრუცენის და მასთან ერთად ოიგენე ფ. შტიორმერის მიერ იქნა ნახმარი. ამით კრუცენმა მოახდინა მოდიფიკაცია იტალიელი გეოლოგის ანტონიო სტოპანის შემოთავაზებისა, რომელმაც ჯერ კიდევ 1873 წელს „ანთროპოცენული ერა“ ან „ანთროპოცოიკუმი“ დედამიწაზე ახალი ხანის აღსანიშნავად დაასახელა. რუსმა გეოლოგმა და მინერალოგმა ვლადიმირ ი. ვერნაცკიმ იმავე ცნების აღსანიშნავად, სავარაუდოდ 1922 წელს, დასაბუთებულად კი 1937 წელს, „ნეოსფერო“ იხმარა.

გამოყენებული ლიტერატურა:

Brandt, Willy: Das Überleben sichern. Gemeinsame Interessen der Industrie- und Entwicklungsländer. Bericht der Nord-Süd-Kommission [Einleitung], Köln 1980.

Bystřina, Ivan: Synthetische Theorie der Kulturevolution, in: Landsch, Marlene/Karnowski, Heiko/

Bystřina, Ivan (Hrsg.): Kulturevolution. Fallstudien und Synthesen, Frankfurt am Main/Berlin/Bern/New York/Paris/Wien 1992.

Crutzen, Paul: Die Geologie der Menschheit, in: Das Raumschiff Erde hat keinen Notausgang.

Energie und Politik im Anthropozän, Frankfurt am Main 2011.

Ehlers, Eckart: Das Anthropozän. Die Erde im Zeitalter des Menschen, Darmstadt 2008

Fourastié, Jean: Die große Metamorphose des 20. Jahrhunderts, Düsseldorf und Wien 1964.

Freire, Paulo: Unterdrückung und Befreiung, Münster/New York/München/Berlin 2007.

Fromm, Erich: Der moderne Mensch und seine Zukunft. Eine sozialpsychologische Untersuchung [The Sane Society 1955], Frankfurt am Main 1960.

Ders.: Die Pathologie der Normalität. Zur Wissenschaft vom Menschen [hrsg. Von Rainer Funk aus dem Nachlass], Weinheim und Basel 1991.

Furtado, Celso: Akkumulation und Entwicklung. Zur Logik des industriellen Zivilisationsprozesses, Frankfurt am Main 1984.

Guruli, Wachtang: Die westeuropäische Orientierung der georgischen Sozialdemokratie (1892-1904), in: GEORGICA. Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, Heft 20, Jahrgang 1997.

Habermas, Jürgen: Theorie des kommunikativen Handelns, Bd. 1 und 2, Frankfurt am Main 1981.

Heimann, Eduard: Soziale Theorie der Wirtschaftssysteme, Tübingen 1963.

Inkeles, Alex: Was heißt „individuelle Modernität“?, in Schöfthaler, Traugott; Goldschmidt,

Dietrich (Hrsg.): Soziale Struktur und Vernunft. Jean Piagets Modell entwickelten Denkens in der Diskussion kulturvergleichender Forschung, Frankfurt am Main 1984.

Jouvenel, Bertrand de: Jenseits der Leistungsgesellschaft. Elemente sozialer Planung und Vorausschau, Freiburg 1968.

Kautsky, Karl: Aufgaben und Aussichten des Sozialismus in Georgien, Artikel 18.10.192o Tbilissi, Manuskript im Nachlass Kautsky, A 90.

Kodua, Eduard: Eine zweibändige Ausgabe der philosophischen Werke  D. Uznadzes, in GEORGICA, Heft 11, Jena/Tbilissi 1988.

Megrelidze, Konstantin: Grundprobleme der Soziologie des Denkens [Основные проблемы социологии мышления ,1935], Tbilissi 1973.

Mitscherlich, Alexander; Weber, Alfred: Freier Sozialismus, Heidelberg 1946.

Ortlieb, Heinz-Dietrich: Glanz und Elend des deutschen Wirtschaftswunders oder von der Verderblichkeit des Wohlstands. Gedanken und Beobachtungen seit Gründung der BRD, München 1974.

Piaget, Jean: Probleme der Entwicklungspsychologie. Kleine Schriften, Hamburg 1993.

Ders.: Theorien und Methoden der modernen Erziehung, Frankfurt am Main 1974.

Pross, Harry: Memoiren eines Inländers. 1923-1993, München 1993.

Ribeiro, Darcy: Der zivilisatorische Prozess [Anhang: Heinz Rudolf Sonntag: Gespräch mit Darcy Ribeiro], Frankfurt am Main 1983.

Ricœur, Paul: Geschichte und Wahrheit, München 1974.

Sombart, Nicolaus: Krise und Planung. Studien zur Entwicklungsgeschichte des menschlichen Selbstverständnisses in der globalen Ära, Wien 1965.

Tomasello, Michael: Eine Naturgeschichte des menschlichen Denkens, Frankfurt am Main 2014.

UNESCO WORLD REPORT, Towards Knowledge Societies 2005, http://unesdoc.unesco.org/images/0014/001418/141843e.pdf

Uznadze, Dimitri Nikolaevich: The Psychology of Set [Eksperimental’nye osnovy psikhologii ustanoviki], übersetzt aus dem Russischen von Basil Haigh, New York 1966.

Weber, Alfred: Prinzipien der Kultursoziologie, München 1951.

Ders.: Der dritte oder der vierte Mensch. Vom Sinn des geschichtlichen Daseins, München 1953.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ