გთავაზობთ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორისა და განათლების ისტორიის მკვლევარის, ამერიკელი მეცნიერის, დიანა რავიჩის გამოცემა Huffington Post-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
რავიჩი 20-ზე მეტი წიგნის ავტორია. მისი პირველი წიგნი The Great School Wars (1974), წარმოადგენს ქ. ნიუ-იორკის საჯარო სკოლების ისტორიას. მისი წიგნები ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ეფექტური საჯარო განათლების როლი ეკონომიკურ განვითარებაზე, ურბანული მოწყობის საკითხებს უკეთესი განათლებისთვის, განათლების სისტემის მართვის ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ფორმებს, პრივატიზაციის შედეგებს, ასევე განათლებისა და სამოქალოქო საზოგადოების ურთიერთმიმართებას.
მის წერილებს, რომელიც ქვეყნდება მისსავე საავტორო ვებგვერდზე, 8,3 მილიონი ვიზიტორი ყავდა ნახევარ წელიწადში.
1991-1993 წლებში ის მუშაობდა აშშ-ის განათლების მდივნის თანაშემწედ.
ინგლისურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა
© European.ge
საყოველთაოდ აღიარებულია ის ფაქტი, რომ „განათლება კრიზისულ მდგომარეობაშია“. ამ თემის ირგვლივ ბევრი ინტერვიუერი მისვამს შეკითხვას. ისინი დაახლოებით ამას მეკითხებიან: „როგორ ფიქრობთ, განიცდის თუ არა ამერიკული განათლება კრიზისს? რა არის კრიზისის გამომწვევი მიზეზი?“ მე კი ვპასუხობ, „ დიახ, კრიზისი ნამდვილად არის, მაგრამ არა ის, რომელზეც თქვენ წაგიკითხავთ. დღევანდელი განათლების კრიზისი არსებითი მუქარაა, რომელიც საჯარო განათლებას საფრთხეს უქმნის. ეს მუქარა მოდის მათგან, ვინც უსამართლოდ ადანაშაულებს სკოლას სოციალური პირობების გამო და შემდეგ თხზავს ყალბ ამბებს სკოლის წარუმატებლობასთან დაკავშირებით. რეალური საფრთხე არის პრივატიზაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლის შერყევა“.
როგორც უკვე ვხედავთ, პროფესიული განათლების ინდუსტრია მთელი ძალით ცდილობს შეიჭრას ამერიკის საჯარო განათლებაში და მის თავისუფალ ბაზრად გადაქცევას ესწრაფვის, სადაც შეუძლიათ სკოლები გარდაქმნან ფინანსებად და მთავრობის მხარდაჭერაშიც დარწმუნებულები იყვნენ. საერთო ჯამში, ჩვეულებრივი საჯარო სკოლის შედეგები ამ პრივატიზირებული ინსტიტუტების მიერ ნაჩვენები ტესტების ქულებს არაფრით ჩამოუვარდება, გამონაკლისია ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც საკუთარ რიგებში მხოლოდ საუკეთესო სტუდენტებს იღებენ და გაჭირვებულ ან ცუდი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს უარს ეუბნებიან. ფილანტროპების, ამერიკის განათლების დეპარტამენტის, მემარჯვენე პოლიტიკოსების (და რამდენიმე დემოკრატის, მაგალითად კუომო და კონეკტიკუტიდან მალოი), ჰეჯ-ფონდების და მზარდი საგანამანათლებლო თანასწორობის ინდუსტრიის მიერ პრივატიზაციის ხელშეწყობა საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას. ზოგიერთ საზოგადოებაში საჯარო სკოლები გაკოტრების პირას არიან, რადგან ჩარტერული სკოლები* ისრუტავენ მათ რესურსებსა და საუკეთესო სტუდენტებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩარტერულმა სკოლებმა გზა გაუკვალა იმ მიდგომას, რომ „სკოლის არჩევისას“ ორი აზრი აღარ არსებობს.
დიახ, განათლება კრიზისშია. სწავლების პროფესიონალიზმს საფრთხე ემუქრება გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციიდან „ისწავლე ამერიკისთვის“, რომელიც უცნაურ იდეას უწევს პროპაგანდას: ვითომ მოყვარული, არაპროფესიონალი მასწავლებლები უფრო წარმატებით ართმევენ თავს სწავლებას, ვიდრე გამოცდილები. ამ ორგანიზაციამ და მათ მიერ არაპროფესიონალების მხარდაჭერამ – საკანონმდებლო ორგანოებს საქმე უფრო გაუმარტივა, რათა მასწავლებლებს ძირითადი უფლებები შეეკვეცოთ და შესაბამისად ანაზღაურებაც, რომელიც გამოცდილებასა და ცოდნის დამდასტურებელ მოწმობებზეა მიბმული.
განათლება კრიზისს განიცდის, იმის გამოც, რომ დღეს ტესტირებების ბუმია და მთავრობა კი ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტესტების ქულებს, თითქოს ისინი განათლების საშუალება და ამასთანავე მისი საბოლოო შედეგი იყოს. ქულები მიჩნეულია როგორც მასწავლებლის მიერ სწავლებისა და სკოლის ეფექტურობის საზომი, სინამდვილეში კი ისინი სტუდენტის ოჯახის შემოსავლის ინდიკატორია. სტანდარტული ტესტირებისადმი მიდრეკილების ყველაზე უარესი შედეგი ის არის, რომ ბავშვები დაჯგუფებულია, კატეგორიზებულია და მათი ადამიანური ღირებულება განისაზღვრება ქულების შეფასებით, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი იყოს რაიმეს ზუსტი ან ობიექტური მტკიცებულება. ამგვარად, ბავშვები ხდებიან ინსტრუმენტები, იარაღები, საგნები, ვიდრე თვითმყოფადი ადამიანები, რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი პოტენციალი გააჩნია.
განათლება კრიზისშია კიდევ იმიტომ, რომ კარგად გაანგარიშებული ძალისხმევის შედეგად ის ხდება ბიზნესი, რომელიც თავიდან ბოლომდე სარგებელზეა ორიენტირებული. სკოლები ისეთი სიხშირით იხსნება და იკეტება, თითქოს ჩვეულებრივი ქსელური მაღაზიები იყოს და არა საზოგადოებრივი ინსტიტუტები. მასწავლებლებს არასწორი კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურიდან ათავისუფლებენ. განხეთქილებას უყურებენ როგორც სტრატეგიას, და არა როგორც მცდარ და არაჰუმანურ ქმედებას. ბავშვები და მათი განმანათლებლები ჩვეულებრივი მონაცემები არიან, რომლითაც ეკონომისტები, სტატისტიკოსები, მეწარმეები და პოლიტიკაში მყოფი დილეტანტები მანიპულირებენ.
განათლებამ დაკარგა თავისი მიმართულება, თავისი მიზანი, თავისი განსაზღვრება. ოდესღაც იგი ახალგაზრდების გონების განმანათლებლობის და ცოდნით აღჭურვის საშუალება იყო, რომელიც ხელს უწყობდა მსოფლმხედველობის გაფართოებას, მეცნიერებისა და ისტორიის შესწავლას, თითოეული ბავშვის წარმოსახვისთვის თავისუფლების მინიჭებას; დღეს კი იგი გახდა წინასწარ გაწერილი პროცესი ტესტირებისა და ქულებისა, რომელიც მონაცემებისთვის სჭირდებათ.
განათლება კრიზისულ მდგომარეობაშია, ჩვენ კი უნდა შევძლოთ რომ წინ აღვუდგეთ, უკუვაგდოთ, ვიბრძოლოთ სწავლის მექანიზაციისა და ბავშვების სტანდარტიზაციის წინააღმდეგ.
განმარტება:
*ჩარტერული სკოლები – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკოლები, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ და ადგენენ სასწავლო პროგრამას იმ საჯარო განათლების რეგულაციებისა და წესების ფარგლებში, რომელშიც ისინი არსებობენ.