დღის წესრიგი: მდგრადი განვითარების მიზნები – 2030

25-27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე საიუბილეო სესიაზე, 193 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრი,  შეთანხმდება მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებზე.

მდგრადი განვითარების ახალმა დღის წესრიგმა უნდა უზრუნველყოს უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადაწყვეტა ყველა ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

მომავალ 15 წლის განმავლობაში მსოფლიომ უნდა მიაღწიოს სულ მცირე სამ რამეს-დამთავრდეს უკიდურესი სიღარიბე, შეჩერდეს კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია, შემცირდეს უთანაბრობა და უსამართლობა.

მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგი მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDG) შეთანხმება იმ ხანგრძლივი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 1972 წელს სტოკჰოლმში გაეროს  გარემოს კონფერენციით დაიწყო. კონფერენცია მოუწოდებდა მსოფლიოს ქვეყნებს, მათ მთავრობებს, დაეცვათ და გაეუმჯობესებინათ ბუნებრივი გარემო, რაც არის უმთავრესი ფაქტორი ხალხის კარგად ყოფნისა (კეთილდღობის) და ეკონომიკური განვითარებისა. იმავე წელს „რომის კლუბის“ მიერ გამოქვეყნდა ბესთსელერი „ზრდის შეზღუდვები“ („Limits to Grouth”), რომელშიც პროგნოზირებული იყო 21-ე საუკუნის პრობლემები ბუნებრივი რესურსების ამოწურვისა და გარემოს დეგრადაციის შესახებ.

დრომ დაამტკიცა ამ გათვლების სისწორე: ოცი წლის შემდეგ, 1992 წელს გაიმართა გაეროს კონფერენცია გარემოსა და განვითარებაზე, რომელიც ასევე ცნობილია „რიოს დედამიწის სამმიტის“ (Rio Earth Summit) სახელით. ამ სამიტზე მიიღეს ორი ცნობილი კონვენცია: კლიმატის ცვლილებაზე და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. კიდევ ოცი წლის შემდეგ, 2012 წლის ივნისს, ისევ რიოში გაიმართა გაეროს კონფერენცია მდგრად განვითარებაზე, რომელიც არაფორმალურად ცნობილია, როგორც რიო+20.

დროში დადასტურდა, რომ წარმოჩენილი გლობალური სიმპტომები თანდათან ძლიერდებოდა, მაშინდელი დასკვნები საკმაოდ კორექტული აღმოჩნდა (მოსახლეობის ზრდა, ნახშირორჟანგის აირების ემისიის ზრდა, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ა.შ.). მდგრადი განვითარების გამოწვევების ყველაზე მწვავე, სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა  – უკიდურესი სიღარიბე, – აისახა მილენიუმის განვითარების მიზნებში (MDG) 2000 წელს, თუმცა 2012 წელს  გადაწყდა, რომ მილენიუმის მიზნები უნდა ტრანსფორმირებულიყო მდგრადი განვითარების მიზნებად („მომავალი, რომელიც გვინდა“).

რიო+20-ზე შეთანხმდა, რომ მდგრადი განვითარების მიზნები უნდა ყოფილიყო მკაფიო, ადვილად გასაგები, შეზღუდული რაოდენობის,  გლობალური ბუნების, ქმედებისკენ ორიენტირებული, შთამაგონებელი, ყველა ქვეყნისათვის უნივერსალურად მისადაგებული, ამასთანავე ნაციონალური რეალიების, პოლიტიკებისა და პრიორიტეტების გამთვალისწინებელი.

გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტის ქსელებმა (SDSN), ცნობილი ეკონომისტის და პან გი მუნის მრჩევლის ჯეფრი საქსის ხელმძღვანელობით  თავდაპირველად შეიმუშავა მდგრადი განვითარების  10 ძირითადი მიზანი, რომლის საფუძველზეც შემუშავდა 2015 წლის სექტემბერში მისაღები საბოლოო დოკუმენტი,  სახელწოდებით „გარდავქმნათ მსოფლიო: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს დღის წესრიგი არის სამოქმედო გეგმა ხალხის კეთილდღეობისთვის, პლანეტისათვის, ასევე უნივერსალური მშვიდობისა და მეტი თავისულებისთვის.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომელიც დღეს ცხადდება ჩვენს მიერ,  არის ამ ახალი და უნივერსალური დღის წესრიგის  ამბიციისა და მასშტაბის დემომონსტრაცია. მიზნები არიან განუყოფელი და ინტეგრირებული და აბალანსებენ მდგრადი განვითარების 3 განზომილებას – ეკონომიკურს, სოციალურს და ეკოლოგიურს“.

ამ მიზნებმა და ამოცანებმა მომდევნო 15 წლის განმავლობაში უნდა ასტიმულირონ მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოქმედებები იმ სფეროებში, რომლებიც კრიტიკულია, როგორც კაცობრიობისათვის, ისე პლანეტისთვის.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, 2030 წლამდე დავამთავროთ სიღატაკე და შიმშილი ყველგან; ვებრძოლოთ უთანასწორობას ქვეყნებში და ქვეყნებს შორის; ვაშენოთ მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები; დავიცვათ ადამიანის უფლებები და ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობას, ქალთა და გოგონათა უფლებების რეალიზებას; უზრუნველვყოთ პლანეტისა და მისი ბუნებრივი რესურსების უწყვეტი დაცვა.

ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ  მდგრადი, ინკლუზიური და განგრძობილი ეკონომიკური ზრდის,  გაზიარებული კეთილდღეობის, ყველას ღირსეული სამუშაოთი უზრუნველყოფის  პირობები, ეროვნული განვითარების სხვადასხვა დონისა და შეძლებების გათვალისწინებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია არამდგრადი წარმოებისა და მოხმარების წესების ფუნდამენტური ცვლილება, რისთვისაც  საჭიროა განვითარებადი ქვეყნების მეცნიერულ-ტექნოლოგიური და ინოვაციური ქმედითუნარიანობის გაზრდა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გლობალური კლიმატური ცვლილებების გამოწვევებზე ადეკვატური რეაქციის მნიშვნელობას, რაშიც გადამწყვეტი როლი ენიჭება კლიმატურ ცვლილებებზე  გაეროს ჩარჩო კონვეციის (UNFCCC) ფარგლებში თანამშრომლობას. მიმდინარეობს ქვეყნებს შორის შეთანხმების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის დეკემბერში პარიზის კონფერენციით (მონაწილეთა 21-ე სესია, COP21). შეთანხმების მიზანია, არ იქნას დაშვებული გლობალური ტემპერატურის მომატება 1,5-2 გრადუსზე მეტად პრეინდუსტრიულ ეპოქასთან შედარებით, რისთვისაც უნდა მოხდეს ე.წ. სათბურის გაზების ემისიების შემცირება, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილება  და ადაპტაცია, შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარება და გადაცემა, დაფინანსების ამოცანების გადაწყვეტა და ა.შ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რეზოლუციის მთავარი ნაწილია მდგრადი განვითარების ზუსტად ფორმულირებული 17 მიზანი, რომელის თარგმანს ქვემოთ გთავაზობთ:

  1. სიღატაკის აღმოფხვრა ყველგან და მის ყველა ფორმაში
  2. შიმშილის დამთავრება, საკვების უსაფრთხოების და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა
  3. ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა და კარგადყოფნის ხელშეწყობა ყველასათვის და ყველა ასაკში
  4. ინკლუზიური (ჩართული) და თანასწორი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა ყველასთვის
  5. გენდერული თანასწორობის მიღწევა ყველა ქალისა და გოგონასათვის
  6. წყლით და სანიტარიით ყველას უზრუნველყოფა და წყლის მდგრადი მართვა
  7. ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიით უზრუნველყოფა ყველასათვის
  1. სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და ნაყოფიერი დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის
  2. გამძლე ინფრასტრუქტურის აშენება, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და ინოვაციის დაჩქარება
  3. უთანასწორობის შემცირება ცალკეულ ქვეყანასა და ქვეყნებს შორის
  4. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიურობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა
  5. მდგრადი მოხმარების და წარმოების წესის უზრუნველყოფა
  6. კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის აღმკვეთი გადაუდებელი ზომების გატარება
  7. ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება განვითარებისათვის
  8. დედამიწის ეკოსისტემების დაცვის, აღდგენის და მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა, ტყეების მდგრადი მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, მიწის დეგრადაციის შეჩერება და შემობრუნება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
  9. მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, სამართლიანობის ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
  10. გლობალური პარტნიორობის და საშუალებების გაძლიერება მდგრადი განვითარების რეალიზებისათვის

ეს ზოგადი მიზნები, როგორც აღინიშნა, კონკრეტდება 169 ქვემიზნად (ამოცანად), რომელთა განხორციელება უნდა მოხდეს შესაბამისი გეგმებით, პროგრამებით, ღონისძიებებით ნაციონალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე, – „უნდა გაერთიანდნენ მთავრობები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, გაეროს სისტემა, მობილიზებულ იყოს ყველა რესურსი.

გავეცნოთ ზოგიერთი მიზნის ქვემიზანს, ამოცანას, მათ შორის საქართველოს მაგალითზე, რომელიც სხვებთან ერთად წარუდგენს საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნული მიზნების განმახორციელებელ თავის გეგმებსა და პროგრამებს.

მაგალითად, 1.1. ამოცანაა, 2030 წლისათვის აღმოიფხვრას უკიდურესი სიღატაკე, ისე რომ აღარსად მსოფლიოში აღარ არსებობდნენ 1.25 დოლარის საარსებო მინიმუმზე მყოფი ადამიანები. 1.3.-ით კი განსაზღვრულია,რომ 2030 წლისათვის ყველა ქვეყანაში დაინერგოს ისეთი სოციალური დაცვის სისტემები, რომლებიც უკლებლივ  ყველა ღარიბს და მოწყვლად ჯგუფს მოიცავს.

უფრო დაწვრილებით შევეხოთ მდგრადი განვითარების მერვე და მეცხრე მიზნებს, რომლებიც ეკონომიკური ამოცანების გადაჭრას გულისხმობს და მთლიანობაში მოიცავს 20  ამოცანას.  საილუსტრაციოდ მოვიყვანთ მდგრადი განვითარების მიზნებში ასახულ კონკრეტულ ამოცანებს  და ზოგიერთი ამოცანის შესაბამისი პროგრამების მაგალითებს საქართველოსთვის.

მაგალითად, 8.1 ამოცანაა სტაბილურად შენარჩუნდეს ქვეყანაში ერთ სულზე ეკონომიკური ზრდის ტემპები, ნაკლებადგანვითარებული ქვენებისთვის კი შენარჩუნდეს არანაკლებ 7 პროცენტიანი ზრდა.

8.9. ამოცანა კი გულისხმობს 2030 წლისათვის  ქვეყნებში შემუშავდეს და დაინერგოს მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობის პოლიტიკა, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს და პოპულარიზაციას გაუწევს ადგილობრივ კულტურასა და პროდუქტებს. ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მიმდინარე პროგრამაა რეგიონების ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარება, რაც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნებში.

მერვე მიზნის ამოცანებია აგრეთვე ეკონომიკის ზრდისა და გარემოს დეგრადაციის გამიჯვნა-მდგრადი მოხმარება და წარმოება- ათწლიანი პროგრამა; „სამუშაო ადგილების გლობალური პაქტის“ (ILO) დანერგვა და სხვ.

ამოცანა 9.1. ხარისხიანი, საიმედო, მდგრადი და მედეგი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ ამოცანას შეესაბამება მაგალითად, „კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტი 2012-16“, ან დაგეგმილი-ნარჩენების გადამამუშავებელი სიმძლავრეების მშენებლობა. ამ პროექტებზე პასუხისმგებელია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ამოცანა 9.2. ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და 2030 წლისათვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს ინდუსტრიის წილი დასაქმებაში და მთლიან შიგა პროდუქტში. ამ მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების სამინისტროს დაგეგმილი აქვს „ინოვაციური და მდგრადი ინდუსტრიული განვიტარების სტრატეგიის შემუსავება და შესაბამისი ინსტიტუციური მშენებლობა UNIDO-ს დახმარებით“ და ა.შ.

როგორ უნდა განხორციელდეს ეს მართლაც გრანდიოზული გეგმა? 17 გლობალური მიზანი, 169 ქვემიზანი, 200-მდე ქვეყნის უამრავი პროგრამა თუ პროექტი.

იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კარგად ჩამოყალიბებული მიზნები კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მობილიზაციისთვის. ისინი დარწმუნებული არიან, რომ დასახული მიზნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებიან პოლიტიკოსები, მთავრობები, ე.წ. ექსპერტული ცოდნის საზოგადოებები, საჯარო და კერძო სექტორები თავიანთი ფინანსებით (მ.შ. ოფიციალური დახმარება განვითარებისათვის – ODA), ახალ ძალებს მოიკრებს გლობალური პარტნიორობა. განხორციელდება ე.წ. კარგი მმართველობა (Gოოდ Gოვერნანცე), რაც უპირველესად გულისხმობს ანგარიშგებას, მონაწილეობას და გამჭვირვალობას. მოხდება პროცესების, ინსტიტუციების და მექანიზმების განხილვა. ნაციონალური ანგარიშები შეაფასებენ პროგრესს და გამოავლენენ პრობლემებს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე  და ა.შ. დაგეგმილია, რომ 2016 წელს გაიმართება „მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი მდგრად განვითარებაზე“, რომელიც განიხილავს კოჰერენტულ, ეფექტიან და ინკლუზიურ მიდევნებას (მოქმედებებს) გლობალურ დონეზე, გაარკვევს ინსტიტუციურ პასუხისმგებლობებს და მიმართულებებს ყოველწლიურ თემებზე და ა.შ.

არის  თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი? ფიქრობენ, რომ  მსოფლიოს გააჩნია გამოცდილება კარგად დაგეგმილი და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროცესებისა. მაგალითად, ტექნოლოგიებში –  ინტეგრალური სქემების გაუმჯობესების დაგეგმვა (ტექნოლოგიური გზამკვლევების შედგენა), რამაც მონაცემთა შენახვა-გადაცემა-გადამუშავების მასშტაბები ისე გაზარდა, რომ  სახეზეა ინფორმაციული რევოლუცია. ან კიდევ,  მილენიუმის განვითარების მიზნების (MDG) ფარგლებში წარმატებით განხორციელებული ისეთი გლობალური ჯანდაცვის პროგრამები, როგორებიცაა მალარიასა და შიდსთან ბრძოლა და სხვ.

ჩვენც ვენდოთ მისაღები რეზოლუციის ბოლო, 91-ე პარაგრაფს „ვადასტურებთ განუხრელ მზადყოფნას ამ დღის წესრიგის მიღწევაში და მის სრულ გამოყენებაში, რათა მსოფლიო უკეთესობისკენ გარდაიქმნას 2030 წლისთვის“, … და გვჯეროდეს მსოფლიოში  ახალი – მდგრადი განვითარების ეპოქის დასაწყისის.

აღნიშნული წერილი პირველად გამოქვეყნდა გაზეთში “ბანკები და ფინანსები”.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ