დეკრიმინალიზაცია იმუშავებს მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასთან ერთად

foi-uk-drug-conviction-ethnicity-282-body-image-1454355384-size_1000► ავტორი:  ალექს სტივენსი, კენტის უნივერსიტეტის კრიმინალური სამართლის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტში სოციოლოგიის, სოციალური პოლიტიკისა და სოციალური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი. მუშაობდა ნარკოტიკების, ჯანდაცვისა და დანაშაულის კვლევის მიმართულებით, როგორც  აკადემიური მკვლევარი და  ამავე საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფოს მრჩეველი. მისი უკანასკნელი წიგნის სახელია “ნარკოტიკები, დანაშაული და სახელმწიფო ჯანდაცვა – ნარკოპოლიტიკის პოლიტეკონომია” (Routledge, 2011).  წინამდებარე სტატიაში განხილულია ნარკოპოლიტიკის სხვადასხვა ასპექტები პორტუგალიის გამოცდილების მაგალითზე, მათ შორის დეკრიმინალიზაციის შედეგების კორელაცია კეთილდღეობის პოლიტიკასა და დეკომოდიფიკაციის [1] დონესთან, რაც განვითარებადი ქვეყნებისათვის განსაკუთრებით აქტუალურია და საქართველოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გარშემო მიმდინარე დებატების ფონზე,  უკიდურესად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. 

► სტატია პირველად გამოქვეყნდა ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE) ბლოგზე. 

► თარგმნა ნინო შანიძემ 

► რედაქტორი : ალექსანდრა აროშვილი

► მედია პლატფორმა მადლობას უხდის თარგმანის ავტორს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.

© European.ge

პორტუგალიის ნარკოპოლიტიკა აჩვენებს, რომ დეკრიმინალიზაციას შეუძლია იმუშაოს მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების შემთხვევაში

ბრიტანეთის პარლამენტის საშინაო საქმეთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ნარკოპოლიტიკის შეფასების დოკუმენტი, რომელიც პორტუგალიაში ნარკოტიკების შენახვის დეკრიმინალიზაციის შედეგებს ეყრდნობა და მას სახავს, როგორც მაგალითს ბრიტანეთისათვის, რომელმაც უნდა შეიმუშაოს საკუთარი პოლიტიკა. ალექს სტივენსი, აფასებს რა პორტუგალიაში არსებულ სიტუაციას, ამბობს, რომ დეკრიმინალიზაცია დაემთხვა ნარკომოხმარების ყველაზე პრობლემატური ფორმების შემცირებას და ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი. ნარკოდამოკიდებულების თერაპიის მასშტაბების გაზრდამ და პორტუგალიის კეთილდღეობის სახელმწიფომ, დეკრიმინალიზაციასთან ერთად, თავისი როლი შეასრულა, რამაც გამოაჩინა სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკების გაუმჯობესების მნიშვნელობა.

ფოტო: ძალადობის დასავლური პარადოქსი, newyorker.com
ფოტო: ძალადობის დასავლური პარადოქსი, newyorker.com

მას შემდეგ, რაც 2001 წელს, პორტუგალიამ მიიღო არალეგალური ნარკოტიკების ფლობის დეკრიმინალიზაციის კანონი, ქვეყანა გადაიქცა ნარკოპოლიტიკის შედეგების შესახებ განსხვავებული იდეების ბრძოლის ველად. ამ ბრძოლის ველზე ახალი შეტაკება ბრიტანეთის საშინაო საქმეთა კომიტეტმა წამოიწყო. მათი ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა (დეკემბერი, 2012. რედ.შენიშვნა) საუბრობს პორტუგალიაზე, როგორც მაგალითზე, რომლითაც ბრიტანეთმა საკუთარი ნარკოპოლიტიკის გადასინჯვისას უნდა იხელმძღვანელოს.

დებატები ძირითადად შემდეგი საკითხის გარშემოა – გარდაუვალია თუ არა დეკრიმინალიზაციის შემდგომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზრდა?  მე და ქეთლინ ჰაგსმა ეს საკითხი გავშალეთ სხვადასხვა სტატიებში, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალებში British Journal of Criminology და Drug and Alcohol Review. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ჩვენი ოპონენტები, გლენ გრინვალდი და მანუელ პინტო კოელიო დამნაშავეები იყვნენ საკითხების გაზვიადებაში.  მაგალითად, გრინვალდის თქმით, დეკრიმინალიზაციას მივყავართ ნარკოტიკების მოხმარებისა და ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისაკენ; პინტო კოელიოს მტკიცებით კი – პირიქით, იზრდება ორივე მაჩვენებელი. სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს, ცალ-ცალკე, ორივე არგუმენტის გამყარება შეუძლიათ, მაგრამ თუკი მათ ერთიანად შევხედავთ, 2001 წლიდან [2] 2007 წლამდე [3] პერიოდში, ნარკომოხმარების ყველაზე პრობლემატური ფორმები (მათ შორის, ახალგაზრდების მიერ მოხმარება) შემცირდა, მნიშვნელოვნად დაიწია ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეულმა სიკვდილიანობისა და HIV ვირუსის გავრცელების დონემაც. ასევე, მანამდე გადატვირთულ ციხეებში,  შემცირდა პატიმართა რაოდენობა.

თუმცა რთულია, დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ტენდენციებსა და 2001 წელს მომხდარ დეკრიმინალიზაციას შორის. ნარკოპოლიტიკის ცვლილება მოიცავდა ნებისმიერი ნარკოტიკის ფლობის დეკრიმინალიზაციას მიწოდებიდან 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ის ასევე მოიცავდა ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის მასშტაბურ გაფართოებას, მათ შორის მეტადონით მკურნალობას, რაც მომხმარებლებს ჰეროინის ინექციისათვის თავის დანებებაში დაეხმარებოდა. ეს პოლიტიკები განხორციელდა პორტუგალიური კეთილდღეობის სახელმწიფოს ზრდასთან ერთად, რომელსაც წინ უძღოდა გარანტირებული მინიმალური შემოსავლის შემოღება.

EMCDDA-ის მიერ (ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი) გამოქვეყნებულ ანგარიშში და ასევე ჩემს წიგნში: „ნარკოტიკები, დანაშაული და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (Drugs, Crime and Public Health) ნათქვამია, რომ  ნარკოდანაშაულის დასჯასა და ნარკოტიკების მოხმარებას/ნარკოპრობლემებს შორის, არსებობს მცირე კორელაცია. EMCDDA დააკვირდა იმ ქვეყნების ნარკომოხმარების დონეებს, რომელთაც შეცვალეს (გაზარდეს ან შეამცირეს) სასჯელი კანაფის ფლობაზე. შედეგად, არ გამოვლინდა აშკარა კავშირი, რომ სასჯელის გაზრდა ამცირებს მოხმარებას, ან პირიქით, რომ შემცირებული სასჯელი ზრდის მას. მე ნარკოტიკების მოხმარების სიხშირეს დავაკვირდი სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე, ვერ ვიპოვე კავშირი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კანონების ამოქმედებასა და მოხმარების დონეების ცვლილებას შორის.

თუმცა, დამაფიქრებელი კორელაცია აღმოვაჩინე ყველაზე საშიში ნარკოტიკის, ინექციური ნარკოტიკის მოხმარებასა და კეთილდღეობის სახელმწიფოს სიუხვეს, თუ  დეკომოდიფიკაციას შორის. ქვეყნები, სადაც დაბალია პენსიები, ავადმყოფობის გამო განაცდური დღეების ანაზღაურება და უმუშევრობის დაზღვევა, გამოირჩევიან ინექციური ნარკოტიკის მოხმარების მაღალი მაჩვენებლით. მაგალითად, აშშ-ში, რომელიც მინიმალური კეთილდღეობის სახელმწიფოა, ნარკოდანაშაულის სასჯელიც საკმაოდ მკაცრია. სწორედ ეს ქვეყანა ლიდერობს ციხეში პატიმრების რაოდენობით, სადაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი იხდის სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის, თუმცა, ამავდროულად,  სწორედ ამ ქვეყანაშია ნარკოტიკების მოხმარების მაღალი დონე, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაღალი დონე და HIV-ის გადაჭარბებული გავრცელება ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის.

შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ კრიმინალური სასჯელები (ან მათი შემცირება) არის პასუხი ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებისა, საკითხის არსს გვაშორებს. საშინაო საქმეთა კომიტეტი ასკვნის, რომ საჭიროა საკითხის უფრო ფართოდ დანახვა: ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკების გათვალისწინება, თუკი ჩვენ მართლაც გვაქვს მიზნად დასახული ნარკოპრობლემების გადაჭრის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.  ეს კი, პორტუგალიის შესახებ დამაფიქრებელი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა.  2007 წლის შემდგომ, პორტუგალიამ განიცადა უდიდესი რეცესია, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა საჯარო დანახარჯები, მათ შორის იმ ინსტიტუტის დაფინანსება, რომლის ეგიდითაც შემუშავდა 2001 წლის ნარკოპოლიტიკა. ასევე, შემცირდა ჯანდაცვისა და კეთილდღეობის ხარჯები. საბერძნეთის გამოცდილება გვაფრთხილებს HIV ინფექციის გავრცელების საფრთხეებზე ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობისა და თერაპიის კურსების გაუქმებასთან ერთად. 2007 წლის შემდგომ, ნარკოტიკების მოხმარების დონე სკოლის მოსწავლეებს შორის გაიზარდა, პარალელურად კი შემცირდა ალკოჰოლის მოხმარება. გაიზარდა ციხეში პატიმრების რაოდენობაც და 2001 წლის შემდგომ მიღწეული შედეგების მნიშვნელოვან ნაწილს ჩამოშლა ემუქრება. მიუხედავად ამისა, დეკრიმინალიზაცია კვლავ ძალაში რჩება და არ გადადგმულა სერიოზული ნაბიჯები მისი გაუქმებისკენ.  მემარცხენე ბლოკი (Bloco de Esquerda) გეგმავს დეკრიმინალიზაცია კანაფის მომხმარებლებისა, რაც მათ 10 ძირამდე მოყვანის საშუალებას მისცემს, სხვა მომხმარებლებზეც გავრცელდეს, როგორც ეს ესპანურ კანაფის კლუბებშია (Spain’s cannabis clubs).

ბრიტანეთის საშინაო საქმეთა კომიტეტი იყენებს პორტუგალიის მაგალითს, როგორც იარაღს ბრიტანული ნარკოპოლიტიკის  კომიტეტისადმი. თუკი მთავრობა ამას დათანხმდება, მან უნდა უზრუნველყოს ისიც, რომ კომისიამ მოიცვას ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკები.

შენიშვნები: 

[1] დეკომოდიფიკაცია  – სოციალური უფლებების ძალა, რომელიც დამოკიდებულია მოქალაქეების ბაზარზე დამოკიდებულებისაგან იმუნიზაციის დონეზე. დეკომოდოფიკაციის ხარისხი განსაღვრავს ადამიანის შესაძლებლობას სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით შეინარჩუნოს ცხოვრების დონე მაშინაც კი, როდესაც ვერ ახდენს საკუთარი თავის ბაზარზე რეალიზაციას; რედ.შენიშვნა

[2] 2001 – დეკრიმინალიზაციის წელი პორტუგალიაში; რედ.შენიშვნა

[3] 2007 – პორტუგალიის კრიზისის წელი, რომელსაც მოყვა სოციალური დანახარჯების შემცირება; რედ.შენიშვნა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ