საქართველო უკვე 20 წელზე მეტია, რაც ლიბერალური მითებისა და უტოპიების ტყვეობაში ცხოვრობს. ეს გაბატონებული წარმოდგენები მთლიანად განაპირობებენ ქვეყნის განვითარების კურსს და მემარჯვენე-ლიბერალურ გზას აქცევენ ერთადერთ და უალტერნატივო მოდელად რომელსაც მთლიანად აქვს მონოპოლიზებული პოლიტიკური სპექტრი, როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიციური პარტიები. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის რომ განვითარების ეს კურსი სულაც არ არის ხალხის არჩევანი და პირიქით ის თავს მოხვეულია მათზე ელიტების მიერ, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ როგორც პოლიტიკურ დღის წესრიგს, ისე პოლიტიკურ ლანდშაფტს.
საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ხალხი კომუნისტურ რეჟიმს უპირისპირდებოდა და უფრო მეტ დემოკრატიასა და თავისუფლებას ითხოვდა კორუფციის, კლანურობისა და ექსპლუატაციის გარეშე. თუმცა რა მივიღეთ ჩვენ ყველაფერი ამის შემდეგ? მხოლოდ ის რომ კომუნისტური უტოპია ახალმა ლიბერალურმა უტოპიამ ჩაანაცვლა, რომელიც წინამორბედის მსგავსად განვითარების ამ კურსს ერთადერთ ჭეშმარიტებად აცხადებს, აქვს დიადი მიზანი რომლისკენაც მიისწრაფვის და ეყრდნობა ისეთ ტრანსცენდენტალურ ფაქტორებს როგორიცაა ბაზარი და მისი უხილავი ხელი.
ეს არის ახალი უტოპია, რომელიც არანაკლები ტელეოლოგიურობით, კონსპირაციულობითა და ტოტალიტარიზმით ხასიათდება. შედეგად ჩვენ მივიღეთ თავისუფლება და დემოკრატია სოლიდარობისა და სამართლიანობის გარეშე. სახელმწიფო რომელიც მმართველი ჯგუფების ბატონობისა და გამდიდრების ბერკეტად იქცა და არა საყოველთაო კეთილდღეობის გარანტად.
ჩვენ ხშირად გვესმის ლიბერალური მითები, იმის შესახებ, რომ დაბალი გადასახადებით, პრივატიზაციით, უცხოური ინვესტიციებითა და სახელმწიფოს შეზღუდული როლით შევძლებთ ეკონომიკურ წინსვლას, უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევას. თუმცა არ არსებობს არცერთი პრეცედენტი მსგავსი გზით წარმატებული ეკონომიკური განვითარებისა, არც ევროპაში, არც ამერიკაში და არც აზიაში. მათ შორის არც ყბადაღებულ სინგაპურში, რომელიც ხშირად სახელდება ხოლმე ჩვენს მისაბაძ მოდელად, სინგაპური, ისევე როგორც სხვა სამხრეთ-აღმოსავლური აზიური ვეფხვები, წარმოადგენენ შერეულ ეკონომიკურ მოდელებს სადაც სახელმწიფოს მონაწილეობას ეკონომიკაში და რეგულაციებს ძალზედ დიდი როლი უკავია და სახელმწიფო თითქმის მთლიანად წარმართავს ინდუსტრიულ პოლიტიკას.
საქართველოში გავრცელებულია კიდევ ერთი ლიბერალური მითი რაც მდგომარეობს იმაში, რომ იმისათვის რომ გადავანაწილოთ, საჭიროა რომ ჯერ გავმდიდრდეთ. ცხადია ეს აქსიომაა, მაგრამ აქ მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს როგორ უნდა გავმდიდრდეთ? პოლიტიკოსები, ფინანსური ელიტები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პროპაგანდისტული საშუალებები გვატყუებენ როდესაც გვიმტკიცებენ, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა ეკონომიკურ წარმატებასა და სიმდიდრეს დაურეგულირებელი საბაზრო ფუნდამენტალიზმითა და მინიმალისტური სახელმწიფოთი მიაღწიეს.
ომის შემდგომმა ევროპამ, რომელმაც კეთილდღეობის, დემოკრატიისა და სოციალური დაცვის ყველაზე მაღალი დონის მიღწევა მოახერხა, ამ ყველაფერს მიაღწია კეინზიანური ეკონომიკით, ინდუსტიული პოლიტიკის ხელშეწყობით, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობითა და რეინვესტირებით ეკონომიკაში. ამ გზას არანაირი საერთო არ აქვს იმ ნეოლიბერალურ მოდელთან რასაც ჩვენ უალტერნატივო ჭეშმარიტებად გვიხატავენ, როგორც ხელისუფლება ისე მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიები.
გასული საუკუნის ისტორიამ გვიჩვენა, რომ ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობისაკენ ყველაზე უკეთ სოციალ დემოკრატიულ მოდელებს მივყავართ, ამის მაგალითები მრავლადაა, ამერიკაში კეინზიანური ახალი კურსის დროს, ამგვარივე მიდგომის შედეგია ევროპაში ჩამოყალიბებული საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო. მემარცხენე მოდელის დამსახურებაა უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა ბრაზილიაში, სადაც სიღატაკის რიცხვმა ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და პირველად მოსახლეობის უმრავლესობად საშუალო კლასი იქცა.
ხოლო ნეოლიბერალურ საბაზრო ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებულ მოდელებს განვითარებისა და თანასწორობის ნაცვლად მზარდ სოციალურ უთანასწორობამდე და კრიზისებამდე მივყავართ. ეს გზა მხოლოდ იმ 5-10%-ის ინტერესში, შედის რომელიც საქართველოში მმართველ ჯგუფს წარმოადგენს, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას კი იაფი მუშახელის, განუვითარებელი და უცხოური ინვესტიციების იმედზე მყოფ მესამე სამყაროს ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის სწირავს.
განსხვავებით ჩვენი მეინსტრიმული პოლიტიკოსებისგან ქართველი ხალხი ამ ყველაფერს აცნობიერებს, რაც ყველაზე კარგად სოციალოგიურ კვლევებში აისახება. ადამიანები მთავარ პრობლემად უმუშევრობას, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობას ასახელებენ. ამომრჩეველის დაკვეთა აშკარაა ხალხი პოლიტიკოსებისაგან მოითხოვს სოციალური თემატიკის წინა პლანზე წამოწევას, ანუ იმ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული მოდელების წარმოდგენას, რაც ყველაზე მწვავედ დგას მათი ყოველდღიური ცხოვრების წინაშე.
სანაცვლოდ კი ლიბერალური უტოპიებით გაბრუებული ოპოზიციური ლიდერებისგან გამუდმებით ისმენს საუბრებს თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სასამართლოზე, სამართლიან არჩევნებზე, ადამიანის უფლებებსა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე. არავინ და მათ შორის არც ნაციონალური მოძრაობა არ დაობს იმაზე რომ საჭიროა თავისუფალი მედია, სასამართლო და სამართლიანი არჩევნები. ამგვარად ამ საკითების დღის წესრიგის მთავარ თემად ქცევა პოლიტიკას შინაარს უკარგავს და საფუძველშივე სპობს ალტერნატიული პოლიტიკური ხედვების წარმოშობის შესაძლებლობას. ხალხს კი სწორედ ასეთი ალტერნატივები ჭირდება. ისეთი პასუხისმგებელი ოპოზიცია რომელიც ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მოდელებს შესთავაზებს და არა ისედაც ცხად ჭეშმარიტებებზე ესაუბრება მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში.
ამგვარად ქართული ოპოზიციის მთავარი მტერი და სისუსტე საკუთარი თავია. ის რომ კვლავ ვერ მოახერხა ლიბერალური მითებისა და უტოპიებისგან თავის დაღწევა. მიხეილ სააკაშვილის დამარცხება მისივე იდეოლოგიითა და მეთოდებით შეუძლებელია ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნეოლიბერალური პოპულიზმის ხელოვნებას ნაციონალური მოძრაობა გაცილებით უკეთ ფლობს ვიდრე ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია, რისი დასტურიცაა, მოხშირებული მემარცხენე ლოზუნგები პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან და მეორე და მთავარი ამგვარი პოლიტიკითა და მიდგომით ოპოზიცია ვერასდროს ვერ მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას რადგან მათ განსხვავებით ოპოზიციური ლიდერებისგან კარგად იციან რომ ნაციონალური მოძრაობა კი არ არის თავისთავად ცუდი, არამედ თვითონ ის კურსია უვარგისი რომლითაც ქვეყანა იმართება.
სწორედ ამიტომ ხალხი მხარს დაუჭერს მხოლოდ ამ კურსის ფუნდამენტურ ცვლილებას და მის ალტერნატივას, რომლის შეთავაზებაზე ოპოზიცია ჯიუტად ამბობს უარს. აქედან გამომდინარე სულაც არ არის გასაკვირი რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე ნაციონალური მოძრაობა კომფორტულ პირველ ადგილს იკავებს ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვაში და ეს არ არის უპირატესად არც ფალსიფიკაციის და არც შიშის შედეგი, ეს უპირველეს ყოვლისა ოპოზიციის არასწორი კურსისა და იმის შედეგია რომ ის ვერ ახერხებს ხალხს ნაციონალური მოძრაობის მემარჯვენე ლიბერალური კურსის ალტერნატივა შესთავაზოს.