ჯონ რისი
ჯონ რისი არის ავტორი წიგნებისა ,,იმპერიალიზმი და წინააღმდეგობა“, ,,ვადები: თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური ისტორია“, ასევე თანაავტორი წიგნისა ,,ხალხის მოთხოვნა: არაბული რევოლუციების მოკლე ისტორია“. იგი არის თანადამფუძნებელი კოალიციისა ‘შეწყვიტე ომი’ (გაერთიანებულ სამეფოში) და რეგულარული ავტორია Counterfire–ში. ჯონ რისმა მონაწილეობა მიიღო ივლისში „პოსტ–გლობალიზაციური ინიციატივის“ მიერ თბილისში გამართულ კონფერენციაზე.
არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ კრიზისში ჩაფლული, სირიის პრობლემაში უიმედოდ გახლართული, რუსეთისა და ჩინეთის გამოწვევების პირისპირ მყოფი, დაცემის გზაზე შემდგარი ზესახელმწიფო? არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შტატებმა თავისი ძალაუფლების ზენიტი უკვე გაიარა. ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს, მაგრამ, არის კი ეს ნიშნები გრძელვადიანი ტენდენციების მაჩვენებელი, თუ საქმე გვაქვს უბრალოდ კონიუნქტურულ კრიზისთან, რომლიდანაც შტატები ადრე თუ გვიან გამოვა და კვლავ დომინანტურ გლობალურ ძალად იქცევა? ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუ ვითარებას ისტორიულ პრიზმაში არ განვიხილავთ.
შეერთებული შტატების ძალა ცივი ომის შემდეგ
გავრცელებულია აზრი, რომ შეერთებული შტატები ცივი ომის შემდეგ აშკარად მოგებული დარჩა. ერთი შეხედვით, ეს ნამდვილად ასეა. იგი არ დაშლილა რევოლუციის შედეგად და არც მისი ეკონომიკა შემცირებულა ერთ დეკადაში 40 %–ით. ყოველივე ეს რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის იმპერიას დაემართა 1989 წლის შემდგომ, ახალი ათასწლეულის დასაწყისამდე.
თუმცა, ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში გაბატონებული ,,ჯერ კიდევ ზესახელმწიფოს“ ძალაუფლება გარკვეულწილად პარადოქსული ხასიათისაა და ეს გარემოება არსებითია 1989 წლის შემდგომი ისტორიის გასაგებად. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდში შეერთებული შტატები, 1940 და 50–იანი წლებთან შედარებით, ეკონომიკური დაღმავლობის სტადიაში იმყოფება, ამასთან ერთად, სამხედრო თვალსაზრისით, იგი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რეგრესირებადი ეკონომიკური ძალაუფლებისა და შეუდარებელი სამხედრო ძლევამოსილების შეუთავსებლობამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბოლო ორი დეკადის კონფლიქტების ხასიათი – განსაკუთრებით ტერორიზმთან ომისა.
მოდით, ეს პარადოქსული მდგომარეობა ცოტა დაწვრილებით განვიხილოთ. შეერთებული შტატების ეკონომიკა ჯერაც მსოფლიოში უდიდესია და მნიშვნელოვნად წინ უსწრებს სხვა ქვეყნების ეკონომიკებს, მაგრამ, თუ 1945 წელს მსოფლიო წარმოების დაახლოებით 50 % აშშ-ზე მოდიოდა, 1960 წელს ეს ციფრი 31 %–მდე, ხოლო 2010 წელს – 18 % -მდე შემცირდა. აბსოლუტურ მონაცემებით ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკები შტატების ეკონომიკასთან შედარებით, მცირეა, მაგრამ, ისინი, გაცილებით სწრაფად იზრდებიან, და აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ზრდის მიმართულებაა. (იხ ნახ. 1)
სულ სხვა მდგომარეობაა სამხედო ძალაუფლების ბალანსის მხრივ. შერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი აღემატება სიაში მის შემდგომ მყოფ ათი ქვეყნის ერთად აღებულ ბიუჯეტს, ამიტომ, აშშ -ს სამხედრო ძალაუფლებას დღეს სერიოზული გამოწვევები არ გააჩნია. (იხ. ნახ. 2)
სწორედ ამან იქონია გადამწყვეტი ზეგავლენა აშშ-ს ცივი ომის შემდგომ საგარეო პოლიტიკაზე. ეკონომიკური ვარდნის საკომპენსაციოდ შტატები სულ უფრო ხშირად იყენებენ სამხედრო ხელკეტს. სპარსეთის ყურის პირველი ომი წამოწყებულ იქნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შუა აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ჰეგემონიის განსაახლებლად; მას თან დაერთო მცდელობა, რომ სამხედრო მოქმედებათა და ომის საფასურის ტვირთი ,,გადანაწილებულიყო“ შტატების მოკავშირეებზე. ქცევის ეს მოდელი გამოყენებული იყო, ასევე, ბალკანეთის ომის, ავღანეთში შეჭრის, ერაყის ომისა და ლიბიაში ინტერვენციის დროს.
მარცხი ტერორიზმთან ომში
,,ვერც ერთი გეგმა ვერ უძლებს მტერთან შეხვედრას“ – ნაპოლენის ეს ცნობილი გამონათქვამი შეერთებული შტატების პოლიტიკამაც დადასტურა. არსებობს მოსაზრება, რომ აშშ-ს ზემოაღწერილი პოლიტიკა პირველ ეტაპზე ამერიკის სასარგებლოდ მუშაობდა. ბალკანეთის ომმა დაშალა იუგოსლავია, ხელი შეუწყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების მარყუჟში მოაქცია. სპარსეთის ყურის პირველმა ომმა, მართალია, ძვრა ვერ უყო სადამ ჰუსეინის რეჟიმს, მაგრამ, მოახერხა მისი ეფექტური განეიტრალება და შეერთებულ შტატებს შუა აღმოსავლეთში ჰეგემონია შეუნარჩუნა.
2002 წლის 9 სექტემბრის შემდგომ, ტერორიზმთან ომმა შტატების იმპერიალისტური ამბიციების გაძლიერებას შეუწყო ხელი, მაგრამ, პატივმოყვარეობა დაუსჯელი არ დარჩენილა. ერაყის ომი, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, შეერთებული შტატების აშკარა კრახი იყო. ერაყული წინააღმდეგობის შეუპოვრობამ, თვით ქვეყნის შიგნით ომისადმი დამოკიდებულებამ, ქაოსმა ქვეყნის ომის შემდგომ ადმინისტრაციაში ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ ერაყის ხელისუფლებამ შეურაცხმყოფელი უარი უთხრა შეერთებული შტატებს მისი 50 000–იანი სამხედრო კონტინგენტისათვის სამშვიდობო ძალების სტატუსის მინიჭებაზე და ამ სახით ამ შენაერთის ერაყში დარჩენაზე. შეერთებული შტატების კომპანიებმა, შესაძლოა, კიდეც ნახეს რაიმე ეკონომიკური მოგება ერაყული ინდუსტრიის, განსაკუთრებით, სანავთობო ინდუსტრიის ,,ნაღების მოხდით“, მაგრამ, ერაყის ომის საბოლოო მიზანი – შუა აღმოსავლეთში ოპერაციებისათვის სტაბილური პროდასავლური ბაზის შექმნა – მიუღწეველი დარჩა.
ავღანურ ომს კიდევ უფრო დიდი ფიასკო ელოდა. ნაცვლად დამარცხებისა, ამ ომმა გააძლიერა და გამოაცოცხლა ტალიბანი. ამჟამად, შეერთებული შტატები იზულებული გახდა აწარმოოს მასთან მოლაპარაკება პოსტოკუპაციურ მთავრობაში მისი შესვლის საკითხზე. ამასობაში ალ–ქაიდა საერთაშორისო ფრანჩაიზინგად იქცა – მოქმედებს პაკისტანში, ერაყში, სირიაში, იემენში, სომალიში, მალიში და ა.შ. პაკისტანი დესტაბილიზებულია. ამ ყველაფრის მცირეოდენ კომპენსაციად შეიძლება ოსამა ბინ ლადენის ექსტრა–სამართლებრივი ლიკვიდაცია ჩაითვალოს.
უხმოთა ხმა: არაბული რევოლუციები
არაბულ რევოლუციათა კასკადმა ამ ისედაც გართულებულ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შემატა. 2011 წლის დასაწყისიდან ტუნისის და ეგვიპტის რევოლუციები ისე აზვირთდა, რომ დიდმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს რაიმე გავლენა მოეხდინათ პროცესებზე. რევოლუციებმა ძალაუფლებას ჩამოაშორა ორი სამარცხვინოდ ,,პროდასავლური“ დიქტატორი, რომელთაგან ერთი, ჰოსნი მუბარაქი, ისრაელსა და მთელ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის მთავარი დასაყრდენი იყო.
მაგრამ, იმპერიალისტურმა ძალებმა მაინც მონახეს რაღაც გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. 2011 წლის მარტში არაბულ რევოლუციებში შემობრუნება მოხდა. სპარსეთის ყურის ქვეყნები, კერძოდ, საუდის არაბეთი და კატარი, შუა აღმოსავლეთში დასავლეთის მიერ მხარდაჭრილ კონტრ–რევოლუციების ცენტრებად იქცნენ. მათ ერთიანი ძალით შეუტიეს ბაჰრეინის რევოლუციას და ჩაახშვეს იგი. ამ სიტუაციაში ლიდერობდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნები, ხოლო შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა მათი დიპლომატიური მხარდაჭერა იკისრეს. ამის შემდეგ, იმავე ძალებმა ყურადღება მიაპყრეს ლიბიას, ოღონდ, ლიდერობა ნატომ, კერძოდ კი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა ითავა. ამჯერად რევოლუციონერთა დაქვემდებარება სამხედრო დახმარებით მოქრთამვის გზით მოახერხეს.
ვერ ვიტყვით, რომ ამით ლიბიელებს გაუმართლათ. ქვეყანა გამოიფიტა, იქცა იარაღის ბაზრად მთელი შუა აღმოსავლეთისთვის და ძლივს შეინარუნა გეოგრაფიული მთლიანობა. უნიკალური და საგულისხმო ფაქტია, რომ არაბული სამყაროს პირველი პოსტრევოლუციური ხელისუფლება პარიზში, ჰილარი კლინტონისა და ნიკოლა სარკოზის მეთვალყურეობის ქვეშ გამოცხადდა.
მაგრამ, გაუმართლათ დიდ ძალებს. ისინი თამაშში დაბრუნდნენ. ნეოკონსერვატორთა ადრეულ ჩანაფიქრს, შეექმნათ სუბვერსიული დემოკრატიული მოძრაობები დასავლეთის ინტერესებისთვის არახელსაყრელი მთავრობების შესაცვლელად, არაბულმა რევოლუციებმა ახალი შესაძლებლობები შემატა. სწორედ ამიტომ, დღეს ბრძოლა მიმდინარეობს ფუნდამენტური სოციალური ცვლილებების მოსურნე მასებსა და იმ უცხოურ პოლიტიკურ წრეებსა და მათ ადგილობრივ კლიენტთა შორის, ვისაც ამ მასების დასავლური პოლიტიკის სათამაშოდ გადაქცევა უნდა.
ეს კონფლიქტი ყველაზე თვალშისაცემი სირიაში გამოდგა. ამ ქვეყნის მმართველი რეჟიმის სიხისტემ და დაპირისპირების ადრეულმა მილიტარიზაციამ მისცა შესაძლებლობა დასავლეთს ეცადა რევოლუციური პროცესების ასადის რეჟიმის პროდასავლური ხელისუფლებით შეცვლაზე დაყვანა, მაგრამ, მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც ეს ლიბიაში მოხდა.
გა –უ – ერთიანებელი ერების ორგანიზაცია
მრავალი თვალსაზრისით, სირია არის ადგილი, სადაც ძალაუფლებისათვის ხანგრძლივი ბრძოლა და იმპერიალიზმის მიმდინარე კრიზისი ერთმანეთს დაემთხვა.
ცივი ომის დასრულებიდან ლიბიაში ინტერვენციის დასრულებამდე, ყველა კონფლიქტს დაახლოებით ერთნაირი კონფიგურაცია ჰქონდა: ეს იყო ომები, სადაც მთავარი ძალები, მეტად თუ ნაკლებად მკაფიოდ, მეტი თუ ნაკლები ენთუზიაზმით, შეთანხმებული იყვნენ, რომ მცირე, სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ნაციის წინააღმდეგ ომში კოალიციის ხელმძღვანელობას შეერთებულ შტატებს მიანდობდნენ. თვით რუსეთის ან სხვა ქვეყნების წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი, შეერთებულ შტატებს შეეძლო მათი თანხმობის გარეშეც მიეღწია საწადელისთვის. ეს პატერნი მუშაობდა ბალკანეთის ომში, სპარსეთის ყურის პირველ ომში, ავღანეთში, ერაყში და ლიბიაში.
ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთს სირიაში საკუთარი, განსაკუთრებული ინტერესები ჰქონდა, რომლის მსგავსიც სხვაგან არსად ჰქონია, ნაწილობრივ კი მზარდი ანტიდასავლური განწყობების გამო, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ამ ქვეყანას დღევანდელ კონფლიქტში მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ადგილი უკავია.
სიარიაში დღეს არა მხოლოდ სამოქალაქო ომია, არამედ, ასე ვთქვათ, ,,მინდობილობით აღჭურვილთა ომი“ ერთი მხრივ, რუსეთისა და ჩინეთის კლიენტსა და მეორე მხრივ, თურქეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნების, იორდანიისა და დასავლეთის მოკავშირეების მიერ ზურგგამაგრებულ მებრძოლ რაზმებს შორის.
თავისთავად ცხადია, რომ ეს ომი ასევე ერაყის რეგიონალური კონფლიქტის შემდეგ შექმნილი სიტუაციის ნაწილია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰაგმა ისაუბრა ახალ შუა აღმოსავლურ ცივ ომზე, რომელშიც დასავლეთი, ისრაელი, და სპარსეთის ყურის ქვეყნები უპირისპირდებიან სირიას, ჰამასსა და ჰეზბოლას. აღსანიშნავია, რომ ჰაგის ამ გამოსვლის შემდეგ, სირიის კონფლიქტისადმი დამოკიდებულების საკითხში ჰამასსა და ჰეზბოლას შორის განხეთქილება დაიწყო.
ტერორიზმთან ომმა მოიტანა ისეთი შედეგებიც, რომელთა წინასწარ განჭვრეტა ძალიან ძნელი იყო. ასე მაგალითად, ირანი, უფრო ძლიერ რეგიონალურ ძალად იქცა, ვიდრე იგი ამ მოვლენებამდე გვევლინებოდა. შეერთებული შტატებს და მის მოკავშირეებს, განსაკუთრებით ისრაელს, არ სურთ რომ ასეთი ვითარება გაგრძელდეს და ცდილობენ ეს არ დაუშვან.
აშშ-ს სხვადასხვა სახელისუფლებო ძალებს შორის გაჩაღებულმა, ხანგრძლივმა ეკონომიკურმა ბრძოლამ, აგრეთვე, იმ მოკლევადიანმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც ამერიკული იმპერიალიზმი დგას, შეასუსტა დიდ ძალთა კონსოლიდაცია, მაგრამ, ნაადრევი იქნება ვიფიქროთ, რომ ოდესმე არსებულ იმპერიულ ძალთაგან უდიდესი – შეერთებული შტატები დღეს თუ არა ხვალ დაეცემა.
ბრიტანული იმპერია და ბრიტანული ეკონომიკა, თუ უფრო ადრიდან არა, 1918 წლიდან, ღრმა კრიზისში იმყოფებოდა. მრავალი კოლონიური კონფლიქტი და მეორე მსოფლიო ომი გახდა საჭირო იმისათვის, რომ მას იმპერიული უპირატესობა დაეთმო.
შეერთებული შტატები კვლავ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა. იგი შეიარაღებული და საშიშია. თვალნათლივ ვხედავთ, რომ იგი არ არის გაფერმკრთალებული და ღონემიხდილი ზესახელმწიფო, რომელიც მშვიდად უჩინარდება წყვდიადში. ჩვენ წინ დაჭრილი მხეცია.