ტატო ხუნდაძე: „City Park-ის ქალაქი“

“სითი პარკი…” ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ხალხს ამწარებს დღენიადაგ. უსამართლოდ და უსაფუძვლოდ წელიწადში გვართმევს 50 ლარს და შემდეგ ხან ჩვენს მანქანებს იპარავს, ხან 10 ლარიანი ჯარიმით “გვასაჩუქრებს”. ნეოლიბერალიზმის თვისებაა თავი გაგრძნობინოს დამნაშავედ. გაქსუებული ელიტებისა და ტვინგამორეცხილი თანამედროვე თავადაზნაურობის მიერ ჩვენში ჩანერგილი იდეოლოგიური ვირუსი, შიგნიდან მოგვიწოდებს რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია, რომ ჩვენ თავის დროზე უნდა შეგვემოწმებინა ელ. ანგარიში და დროულად გადაგვეხადა “სამართლიანი” ჯარიმა. ინდივიდუალიზებულ, გათითოკაცებულ საზოგადოებაში პასუხისმგებლობას არავინ იღებს, რადგან ძალაუფლებაც ფრაგმენტირებულია. მერიას მიადგები “სითი პარკში” გაგზავნის, “სითი პარკს” მიაკითხავ მერიის მისამართზე გაგიშვებენ და ასე უსასრულოდ გრძელდება ეს ჩაკეტილი წრე, მანამ სანამ საბანკო ანგარიშს არ დაგიყადაღებენ და იძულებულს არ გაგხდიან რომ გადაიხადო, 150 ლარიანი საურავი.meotxe

ბარემ ჩემს ისტორიასაც მოგიყვებით. თუ “სითი პარკს” დავუჯერებთ, 17 და 18 ივლისს ჩამაბარეს საჯარიმო ქვითრები, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ერთი თვის შემდეგ უნდა დამკისრებოდა საურავები საერთო ჯამში 300 ლარის ოდენობით. თუმცა რეალურად ქვითრები ჩამაბარეს აგვისტოს თვის მეორე ნახევარში. „სითი პარკში“ იმდენად უგუნურები აღმოჩნდნენ, რომ ვერ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ 17 ივლისი კვირა დღეა, შესაბამისად მათი პროვაიდერი ფოსტის კურიერები კვირას არ მუშაობენ. და მეორე, მათდა სამწუხაროდ 18 ივლისს თბილისის დროით სამუშაო საათებში საქართველოში არ ვიმყოფებოდი, შესაბამისად ქვითრებსაც ვერ ჩავიბარებდი. სინამდვილეში ქვითრები ჩამაბარეს აგვისტოს მეორე ნახევარში. გამოდის რომ ქვითრებში თარიღები გააყალბეს. როცა ამობეჭდილი ქვითრის ასლები მანახეს, ციფრებს ნათლად ეტყობა რომ გადასწორებულია.

დავუშვათ მე მაქვს იმის დრო, საშუალება და უნარი, რომ ბოლომდე მივიყვანო ეს საქმე. ვუჩივლო მათ და ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ დავამთავრო. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ გამიმართლა და „სითი პარკის“ მიერ მოგონილ პერიოდში საქართველოში არ ვიყავი. თუმცა, რა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვისაც არც ამის დრო აქვს და არც საშუალება, რომ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. „სითი პარკი“ ცალსახად კლასობრივი ჩაგვრის იარაღია. როგორც სხვა ძირითად შემთხვევაში, აქაც ყველაზე დაჩაგრული ჩვენი ქვეყნის ღარიბი და ე.წ. საშუალო კლასია, მათ შორის: დისტრიბუტორები, ტაქსისტები, წვრილი მოვაჭრეები, ხელოსნები, მუშები და კიდევ მრავალი დაბალ შემოსავლიანი პროფესიის ხალხი, რომელთაც უწევთ გიჟური გადაადგილება ქალაქში ყოველდღიურად. მდიდარ ბანკირებს და გაბღენძილ მენეჯერებს მძღოლები ემსახურებათ და ამასთან ერთად მათ საკუთარი პარკინგებიც აქვთ მოწყობილი. უბრალო ხალხი როგორც ყოველთვის ფეხქვეშ ითელება.

რასაკვირველია, მთავარი პრობლემა „სითი პარკი“ არ არის. პრობლემის სათავე ქვეყნის ჩამორჩენილობაშია. ქალაქში საჯარო ტრანსპორტი არ მუშაობს. წარმოების განადგურებისა და წინდაუხედავი პრივატიზაციის შედეგად გაზრდილი უმუშევრობა აიძულებს ადამიანებს ტაქსის ტრაფარეტი შემოადგან საკუთარ მანქანებს და დღე და ღამე ენაგადმოგდებულებმა იმუშაონ. რეგიონებში მაღალი უმუშევრობის შედეგად დედაქალაქს აწყდება ხალხი. საბოლოო ჯამში ვიღებთ დაბინძურებულ, გადავსებულ და ველურ დედაქალაქს. სტრუქტურული ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ნაცვლად, ძველმა მერმა (ახალი მერიც აგრძელებს ამ პოლიტიკას), პრივატიზაცია კიდევ უფრო გააფართოვა. „სითი პარკი“ იქცა ნეოლიბერალური ექსპერიმენტის თვალსაჩინო მაგალითად, რაც უსამართლოც არის, არაეფექტურიც და არაეფექტიანიც.

„სითი პარკი“ განსაკუთრებული შემთხვევაა იმითაც, რომ ბაზრის ლოგიკა პარკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში აპრიორი ვერ იმუშავებდა. „უხილავი ხელის“ ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ კონკურენცია იწვევს ფასების დაცემას გარკვეულ წონასწორობამდე, რის შედეგადაც იზრდება ზოგადი კეთილდღეობა, გაუმჯობესებული მომსახურებისა და დაბალი ფასების სახით. „სითი პარკი“ კლასიკური მონოპოლიაა, მხოლოდ მან უნდა უზრუნველყოს მოწესრიგებული პარკინგების სისტემა და შემოგვთავაზოს კომფორტული ადგილები მანქანის გასაჩერებლად. ჩვენ არ გვაქვს თვით ყალბი ნეოლიბერალური არჩევანის თავისუფლებაც კი. ლედი ტეტჩერის პერიფრაზს თუ მოვახდენთ, ალტერნატივა მართლაც არ არსებობს. მახინჯი მონოპოლიური სისტემა ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი ბაზრის ეფემერულ დაპირებებსაც კი.

mexuteროგორია ის ქალაქი, რომელშიც ყველას მოგვინდება ცხოვრება? ჩვენ გვჭირდება მოწესრიგებული საჯარო ტრანსპორტი, ელექტრო ავტობუსებით, თანამედროვე ტრამვაით და მეტროთი. სწორად დაგეგმილი ურბანული განვითარება, ახალი მწვანე უბნები, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან საჯარო სკოლებით და ბაღებით. ჩვენ გვჭირდება ახალი ინდუსტრიები, სადაც დასაქმდებიან ადამიანები, რომელთაც ექნებათ ღირსეული ხელფასი და მოწესრიგებული სამუშაო გარემო. ქალაქში, რომელშიც ჩვენ მოვინდომებთ ცხოვრებას, არ იქნებიან მშიერ-მწყურვალი და უსახლკარო ბავშვები და მოხუცები. ისტორია გვასწავლის რომ ასეთი ქალაქები მხოლოდ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, ეფექტური განათლების, ინდუსტრიული და რედისტრიბუციული პოლიტიკების გატარებით შეიძლება შეიქმნას.

პრობლემა მართლაც ფუნდამენტურია. დიახ, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩებით. ჩვენ გვჭირდება ახალი რადიკალური პოლიტიკა, რომელიც უარს ეტყვის ველურ კაპიტალიზმს და შემოგვთავაზებს განვითარების ახალ მოდელს, დამყარებულს ინკლუზიურ, საყოველთაო კეთილდღეობაზე. წინ უეჭველად დიდი ბრძოლები გველის, როგორც ცნობილი ბრიტანელი პოლიტეკონომისტი რობერტ ვეიდი ამბობს, „განვითარება სრულიადაც არ არის ადვილი საქმე, ბოლო ორასი წლის განმავლობაში მხოლოდ 10-მდე სახელმწიფო გამდიდრდა“.

თუმცა მე მგონია, რომ ნეოლიბერალური სისტემის ნგრევის პროცესში, „სითი პარკი“, თუ პირველი არა, მეათე მორყეული და შემდეგში გადაგდებული აგური მაინც უნდა იყოს…


მხატვარი © დავით კუხალაშვილი.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ