ჩვენ გჭირდება ახალი ტიპის მაჟორიტარი

საქართველოში, ჩვენ ჩვენს რჩეულებს  შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ვირჩევთ, ნახევარს პროპორციული  და ნახევარს მაჟორიტარული პრინციპით. ჩვენი საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებების ნუსხა საკმაოდ გრძელია: ერთიანი ნაციონალური სიები რეგიონალური პარტიული სიების ნაცვლად, უსამართლოდ და არათანაბრად გადანაწილებული საარჩეევნო ოლქები და ასე შემდეგ. მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა  მკითხველის ყურადღება ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ როგორც წინა საარჩევნო პროცესისთვის, ისე პარლამენტის ჯანსაღი საკანონმდებლო მუშაობისთვის მნშვნელოვან დეტალზე გავამახვილო.  პარლამენტის წევრები მიუხედავად იმისა არჩეული არიან პროპორციულად, პარტიული სიით მათზე განაწილებული ხმების საფუძველზე, თუ მაჟორიტარული პრინციპით ერთმანდატიან ოლქებში, უნდა ექვემდებარებოდნენ  წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ წმინდა წესს: ისინი უნდა გამოხატავდენენ არა რომელიმე რეგიონისა და თუ ფენის, არამედ  მთელი ქვეყნის საზოგადოების საერთო ნებას. სწორედ ეს წმინდა წესი არის საქართველოში  იგნორირებული.

ზოგადად შერეული სისტემა ამომრჩეველს საშუალებას აძლევს აირჩიოს როგორც სასურველი პარტია, ისე სასურველი კანდიდატი, მიუხედავად იმისა წარმოადგენს ის თუ არა მის მიერ სიით არჩეული პარტიის წევრს, თუ დამოუკიდებელ კანდიდატს. პარტიული სიის საფუძველზე გაკეთებული არჩევანის შემთხვევაში  აქცენტი უფრო  პარტიაზე კეთდება და არა პიროვნებაზე, მაჟორიტარი კანდიდატზე ხმის მიცემის შემთხვევაში კი პირიქით, წინა პლანზე პიროვნება გამოდის.   პირველ შემთხვევაში დეპუტატები მკაცრად ექვემდებარებიან პარტიულ დისციპლინას, ხოლო, მეორე შემთხვევში მათი საკანონმდებლო მუშობა უფრო დამოუკიდებელია და თავისუფალი.

ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესს მაჟორიტარი კანდიდატები წარმოადგენენ. მათ ევალებათ მათ ოლქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გრძელვადიან საერთო ნაციონალურ საკითხებთან შერწყმა. ის ფასდება არა მისი კუთხურ–პარტიკულარისტული განწყობების გამო, არამედ მის მიმართ არსებული ნდობის საფუძველზე, რასაც მისი საერთო მოქალაქეობრივი თვისებები და საქმინობა განაპირობებს.

საქართველოში დამკვიდრებულმა წარმომადგენლობითობის დამახინჯებულმა ფორმამ, მაჟორიტარი კანდიდატი  ნაციონალურ პოლიტიკაზე  პასუხისმგებელი პირიდან, კონკრეტული ადგილის ( სოფელი, უბანი) საყოფაცხოვრებო პრობლემების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელ პირად აქცია.  

ერთ-ერთ მიზეზი მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობაა. მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ძნელად ათვიცნობიერებენ გძელვადიანი, ფუნდამენტურ, საერთო ეროვნული პრობლემების გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ორიენტირებულნი არიან მოკლევადიანი ყოფთი პრობლემების გადაწყვეტაზე, რაც მსუყე ნიადაგს ქმნის მათი ხმების  ყიდვისა და მათი მანიპულაციისა.

მეორე მიზეზს მკაცრად ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა და უფლებაწართმეული თვითმმართველობები წარმოადგენს. ერთი რომ ყოველდღიური ყოფითი პრობლემების გადაჭრის საშუალებების ძიებით გადატვირთული ადამიანები ვერ მონაწილეობენ ადგილებზე ინტერესთა და გადაწყვეტილებათა ფორმირების პროცესში.  ასეც რომ არ იყოს, თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტი იმდენად მცირეა და მათი სტატუსი იმდენად უმნიშვნელო, რომ ისინი ვერ ახერხებენ უზრუნველყონ თავიანთი ჭეშმარტი ფუნქციები,  მისცენ სტიმული ადგილობრივ საზოგადოებას ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ყველას მონაწილეობით გაუმკლავდნენ ადგილობრივ პრობლემებს.

ამით კარგად სარგებლობს მმართველი პარტია. კანდიდატად წარადგენს რომელიმე ადგილობრივ ბიზნესმენს, რომელიც სხვადასხვა მოტივების გამო: საკუთარი ბიზნეს საქმიანობის დასაცავად თუ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში იმ კუთხურ-პატრიოტული  განცდის გამო, რასაც ის კონკრეტული ადგილის მიმართ განიცდის, მზად არის წინაასაარჩევნოდ დახარჯოს გარკვეული თანხა, კონკრეტული ადამიანების თუ კონკრეტული სოფლის ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად და ამით მოიპოვოს მათი მხარდაჭერა, პრაქტიკულად იყიდოს მათი ხმები. სწორედ ეს მექანიზმი აყალიბებს პატრონ – კლიენტელისტურ დამოკიდებულებას მაჟორიტარ დეპუტატსა და მის ამორჩეველს  შორის. გაწეული დახმარების საფასურად მაჟორიტარი კანდიდატი ყიდულობს მათ ხმებს და შემდგომ მათ ლოიალობას.  გამომდინარე აქედან, რადგან მისი არჩევა საკანონმდებლო ორგანოში ხდება არ მისი ზოგადმოქალაქეობრივი პოზიციის გამო, არამედ  გაღებული თანხისა თუ გაწეული  სამსახურის საფუძველზე, მას მოხსნილია აქვს პასუხუხისმგებლობა, საერთო ნაციონალური საკითხების მიმართ და შესაბამისად იმ ადმიანების მიმართაც რომელთა „მოსყიდვამაც“ მისი არჩევა უზრუნველყო პარლამენტში.

ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის მაჟორიტარი, რომელსაც სრულად აქვს გათვიცნობიერებული  პარლამენტის წევრის, ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს წარმმადგენლის მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომლის თვალთახედვის არეალი სცილდება ერთ ადგილს, ერთ ოლქს და ორიენტირებულია ადგილობრივი პრობლემების საერთო ეროვნულ კონტექსთან შერწყმასა და მათი შემდგომ  გადაწყვეტაზე საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში.

ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის მაჟორიტარი, რომელიც შეძლებს, როგორც საზოგადოების გათვიცნობიერებას ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებისა და მათი რეალიზაციის გზებზე, ისე მის მაქსიმალურ ჩართვას ამ პრიორიტებების ფორმირებისა და მათი რეალიზაციის პროცესში.

ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის მაჟორიტარი, რომელიც ხელს შეუწყობს უკუკავშირს ადგილობრივსა და ეროვნულს შორის და რაც მთავარია საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, ყველას პრობლემების გადასაჭრელად, ყველას ღირსეული ცხოვრებისათვის.

დავიწყოთ კამპანია ახალი ტიპის მაჟორიტარული ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და ძველი ტიპის დისკრედიტაციისა. 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ