‘ჩინური ოცნება’ და გლობალიზაცია: მოკლედ ჩინური პოლიტიკური დისკურსის შესახებ

chinaმოკლედ თანამედროვე ჩინური პოლიტიკური დისკურსის შესახებ.

ავტორი: გიორგი ქართველიშვილი.

© European.ge

შესავალი

‘ჩინური ოცნება’ დღევანდელი სახით 2012 წლის ნოემბერში ‘დაიბადა’, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა და კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა სი ძინპინმა ჩინეთის ნაციონალურ მუზეუმში, გამოფენაზე სახელად ‘გზა განახლებისაკენ’, სიტყვა წარმოთქვა. გამოფენაზე გამოტანილი იყო ნამუშევრები, რომლებიც, თუ მუზეუმის ტექსტს დავესესხებით, გვაჩვენებს „1840 წლის ოპიუმის ომიდან მოყოლებული ჩინეთის იმპერიისა და ნახევრად-ფეოდალური სისტემის დაცემის, ჩაგრული სოციალური ჯგუფების მრავალი წინააღმდეგობის, და საბოლოოდ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) მიერ ყველა ეთნოსის გათავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას“.[1] მას შემდეგ, ეს ცნება არა მხოლოდ რიგი დისკუსიების საგანი და ანალიტიკოსების განსახილველი ობიექტია როგორც აზიაში, ისე დასავლეთში, არამედ ‘ჩინური ოცნება’ ასევე გახდა ცენტრალური სლოგანი პარტიის თანამედროვე, მე-5 თაობის ხელმძღვანელობის რიტორიკაში. ამასთან, მსოფლიო მედიასა და აკადემიურ სივრცეებში განსაკუთრებით პოპულარულია საკითხი, რომელიც ჩინეთის აღმასვლასა და გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბებას (თუ ვერჩამოყალიბებას) შეეხება. ვეცდები ამ კუთხით, მოკლედ გაავანალიზო არსებული ტენდენციები თანამედროვე ‘ჩინურ დისკურსში.

ძველი და ახალი ნარატივების ძიებაში

მოდით გადავხედოთ ჩინეთის გასული საუკუნის ისტორიას. მე-20 საუკუნის დასაწყისში ცინის დინასტია უკვე ღრმა კრიზისშია და 1912 წელს ასრულებს კიდეც არსებობას. სახეზე გვაქვს რევოლუციები და აჯანყებები (1911 და 1913 წლების), ‘ახალი კულტურული მოძრაობა’ (ე.წ. ჩინური განმანათლებლობა), ხანგრძლივი სამოქალაქო ომი. ‘შეურაცხყოფის საუკუნის’[2] ტრავმატულმა გამოცდილებამ იმდროინდელი, სხვა მხრივ უაღრესად ფრაგმენტული ჩინური საზოგადოება, ერთი ნარატივის ქვეშ გააერთიანა. ეს იყო ჩინური ანტიიმპერიალისტური ნაციონალიზმი, რომელსაც ერთნაირად იზიარებდა ჩინეთის ნაციონალისტური პარტია გომინდანიც, ჩინეთის კომუნისტური პარტიაც, და ამ პერიოდის თითქმის ყველა დანარჩენი სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფიც, ლიბერალებითა თუ ტრადიციონალისტებით დაწყებული, და ანარქო-კომუნისტებით დამთავრებული.[3] სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მსგავსი ნაციონალისტური ელფერი გასდევს ორივე მთავრობის ხედვასა და რიტორიკას: ჩინეთის რესპუბლიკაშიც (ტაივანი) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც. 1949 წელს დაარსების და, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური დებატებისა და საბოლოო განხეთქილების შემდეგ, სახალხო რესპუბლიკაში ანტიიმპერიალიზმი და ჩინური ნაციონალიზმი ერთგვარ ჩინურ მაოისტურ დისკურსში გვევლინება, სადაც ჩინეთი ცივი ომის ორ პოლუსთან შედარებით მესამე, და ერთადერთი ნამდვილი ანტიიმპერიალისტური ალტერნატივაა.[4] ამ უკანასკნელ ნარატივს დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩინეთის საგარეო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობაა. მაგალითისათვის, ხშირად, როდესაც კრიტიკის საგანი ხდება ჩინეთის ყველაზე მასშტაბური „ერთი სარტყელი -ერთი გზის“ პროექტი, როგორც ეკონომიკური ნეოკოლონიალიზმი, სწორედ გასული საუკუნის მსგავსი ანტიიმპერიალისტური ნარატივები ჩნდებიან ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, იქნებიან ესენი პარტიის მაღალჩინოსნები, თუ პროექტთან დაკავშირებული მრჩევლები, ეკონომისტები, და პოლიტიკისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაოისტური ნარატივები 1978 წლის შემდგომ ჩინეთში, შეიძლება ითქვას, არაფორმალურად ტაბუდადებული და რეპრესირებულიცაა. ერთი მხრივ, კომუნისტური პარტია კვლავ წარმოადგენს საკუთარ იდეოლოგიას როგორც მაოისტურს, თუმცა, მეორე მხრივ ეს იდეოლოგია უკავშირდება ისეთ პოლიტიკოსებს, როგორიც ბო სილაია, პოლიტბიუროს ყოფილი წევრი და ქალაქ ჩონგცინის მერი, რომელიც 2013 წელს ცნობილი და სკანდალური ანტიკორუფციული კამპანიის ყველაზე მსხვილი სამიზნე გახდა.[5] ჩინეთის კულტურული რევოლუცია, როგორც კიდევ ერთი ტრავმატული გამოცდილება ისტორიიდან ამ მოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ჩინელი ისტორიკოსი ვანგ ჰუეი 1978 წლიდან დაწყებულ ამ პროცესს საინტერესოდ აფასებს და ჩინეთის რევოლუციური ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობის და, ზოგადად, გლობალური მასშტაბით – პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კონტექსტში სვამს.[6]

კონფუციანიზმის აღზევების ბოლოდროინდელი ტენდენცია უდაოდ აღნიშვნის ღირსია. ეს პროცესი პოსტ-მაიოსტურ ჩინეთში დიდი ხანია დაწყებულია, რომელიც შეინიშნება როგორც აკადემიურ წრეებში, ასევე ჩკპ-ს ლიდერების რიტორიკაში, რომლებიც 1980-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად აჟღერებენ ძველი კონფუციანური ფილოსოფიური ტექსტებიდან ამოღებულ სხვადასხვა ტერმინებსა და კონცეპტებს. ამის ერთ-ერთი მაგალითი დენ სიაოპინის ცნობილი სლოგანი კეთილდღეობის საზოგადოებაა, [7] რომელიც მან პოსტ-რეფორმატურ, ჩინური ტიპის სოციალიზმს (‘Socialism with Chinese Characteristics’) დაუკავშირა. 2000-იანი წლებიდან იწყება საერთაშორისო ურთიერთობების კონფუციანურ მიდგომაზე მუშაობა, სადაც, სახელწიფო დაფინანსებით, აქტიურად ჩაებნენ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული – ცინგჰუას უნივერსიტეტის მკვლევრები. საერთაშორისო ურთიერთობების ჩინელი მკვლევარი იან სუეტონგი[8] და ცინგჰუას კანადელი პოლიტოლოგი დანიელ ბელი ამ აკადემიური წრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან. ამ მიდგომასა და მის მნიშვნელობას, მოკლედ, ესეს შემდგომ ნაწილშიც შევეხები.

ჩინეთი და გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები 

ჩინეთის გლობალურ ლიდერად აღზევებაზე დღეს ბევრი საუბრობს და წერს. მართლაც, ჩინეთმა მრავალწლიანი უზარმაზარი ეკონომიკური ზრდის ტემპების ფონზე მასშტაბურ ეკონომიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ რესურსს მოუყარა თავი, რასაც ემყარება ჩკპ-ს ლიდერების საგარეო პოლიტიკა და რეგიონული (მაგ. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში) თუ გლობალური ამბიციები, რისი ნაწილიცაა ისეთი საერთაშორისო ინსტიტუციების შექმნა, როგორებიცაა “ბრიკსი”, “ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმი”, “ახალი განვითარებისა და აზიის განვითარების ბანკები”. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს სი ძინპინის ინიციატივა ‘ერთი სარტყელი, ერთი გზა’, რის გამოც ჩინეთის როლი თანამედროვე ეკონომიკურ გლობალიზაციაში 2017 წლის იანვარში დავოსში ჩატარებულ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. ინიციატივა გულისხმობს ჩინეთისა და 60-დე ქვეყნის მომავალი ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიებს და ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ‘აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი’ და ‘აბრეშუმის საზღვაო გზა’. ამის პარალელურად, ბუნებრივია, შესაბამის ტრანსფორმაციას განიცდის ჩინური ოფიციალური რიტორიკა და დისკურსიც. ბევრისათვის მოულოდნელი იყო კომუნისტური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, როგორც თანამედროვე გლობალიზაციის მედროშის როლში გამოსვლა. აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დასავლეთში ბოლო დროს შეინიშნება საპირისპირო, უკურეაქცია, რასაც ვხედავთ ისეთ პროცესებში, როგორებიცაა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა და თანამედროვე ევროპული კრიზისისა, და ბრექსიტის ფონზე მემარჯვენე ნაციონალისტური პოლიტიკური ძალების უჩვეულოდ მზარდი პოპულარობა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საერთაშორისო დონეზე არსებული დისკურსიც გარკვეულ ცვლილებებს განიცდის.

ისმება კითხვა, არის თუ არა ეს ცვლილებები ფუნდამენტური? როგორ შეიძლება შევხედოთ ჩინეთის თამაშში ასე ჩართვას? ვფიქრობ, აქ შეგვიძლია მოვიშველიოთ ფრანგი სოციოლოგის პიერ ბურდიეს თეორია, კერძოდ კი მისი ერთ-ერთი ცენტრალური – ველის (field) კონცეპცია, და შევხედოთ ჩინეთს ორი მთავარი – რეგიონული და გლობალური ველის კონტექსტში. ველი, ესაა მასში მოქმედი ძალების პოზიციებისა და ურთიერთმიმართების სტრუქტურა, რომლებიც, თავის მხრივ, ემყარება მათ ეკონომიკურ, სიმბოლურ და კულტურულ კაპიტალს. ამგვარ მიდგომაზე დაყრდნობით, შეგვიძლია რიგი დასკვნების გამოტანა, მაგალითისათვის, ჩინეთის, როგორც აზიის რეგიონალური ლიდერის კონტექსტიდან. და რას გვაგონებს დღეს რეგიონულ დისკურსში ჩინელი ლიდერების რიტორიკა და ზემოთხსნებული კონფუციანიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შერწყმა, თუ არა ბურდიეს ცნობილი ჰაბიტუსის ნაწილი, რომელიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეფუძნება აზიისა თუ მსოფლიოს ისეთ ჰარმონიულ, კონფუციანურ გაგებას, სადაც ჩინეთი ‘ბარბაროსებით’ გარშემორტყმული ერთადერთი ცივილიზაციაა?[9] შეგვიძლია თუ არა ასევე შევაფასოთ ზოგიერთი მაოისტური ნარატივის დაბრუნება ჩკპ-ს ლიდერების რიტორიკაში, ანდაც ჩინეთის ეკონომიკური ელიტების მიერ ატაცებული ‘ახალი სტრუქტურული ეკონომიკა’ – ნეოლიბერალური ეკონომიკური თეორიის ახალი ‘მეტოქე’, რომელიც ცნობილი ეკონომისტის, მსოფლიო ბანკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის ჯასტინ იფუ ლინის სახელს უკავშირდება?[10] თუმცა, უნდა აღინიშნოს ველში მოქმედი აქტორების ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია: ველში ჩაბმისას ანტაგონისტურად განწყობილი აქტორებიც კი, მიუხედავად მათი ინტერესებისა, ველში არსებული თამაშის წესებით მოქმედებით ახდენენ სწორედ ამ წესების, ველის სტრუქტურის იმ მდგომარეობის რეპროდუქციას, რასაც ბურდიე doxa-ს უწოდებს.

რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ჩვენ? ალბათ ის, რომ გადასახედი გვაქვს გლობალიზაციის თანამედროვე ასპექტები, რომლებიც უდაოდ მნიშვნელოვანია. მოძველებული, სინქრონული ტიპის ანალიზი არ გვაძლევს საშუალებას ბოლომდე ჩავწვდეთ თანამედროვე გლობალიზაციის კომპლექსურობას. კვლავ გავრცელებულია შეხედულება, რომლის მიხედვითაც, გლობალიზაცია ავტომატურად აღიქმება, როგორც დასავლეთიდან წამოსული პროცესი. მეტიც, ჩვენთან იგი პროდასავლურობის საზომიცაა, რასაც ხშირად ქართველი ანალიტიკოსებისგანაც ვისმენთ და ვკითხულობთ. [11] თუმცა, ცხადი ხდება, რომ გლობალიზაცია, და განსაკუთრებით – ეკონომიკური გლობალიზაცია, დღითი დღე უფრო და უფრო კომპლექსურ და დინამიურ პროცესად გვევლინება, სადაც გლობალიზაციამ და ე.წ. ‘ანტიდასავლურმა’ პოლიტიკურმა შეხედულებებმაც შეიძლება თავისუფლად მოახერხონ ‘ჰარმონიულად’ თანაარსებობა.

 

გამოყენებული წყაროები:

  1. E. S. (2000). In Search of Chinese Democracy: Civil opposition in Nationalist China, 1929-1949. New York. (pp. 5-7).
  2. Lin, J. Y. (2012). New Structural Economics: a framework for rethinking development. Washington, D.C: World Bank.
  3. ‘Red’ Songs Banned in Chongqing. (2012, March 19). Retrieved February 10, 2017, from http://www.rfa.org/english/news/china/songs-03192012144328.html
  4. თევზაძე, გ. (2016). წარსულის განვითარების სცენარები: სხვა ისტორია და სხვა მომავალი. XXI ქართული ესე, 149-162.
  5. Wang, H. (2006). Depoliticized Politics: From East to West. New Left Review, 41, 29-45. Retrieved from https://newleftreview.org/II/41/wang-hui-depoliticized-politics-from-east-to-west.
  6. Yan, X. (2013). Ancient Chinese Thought, Modern Chinese Power. Princeton: Princeton Univ. Press.

შენიშვნები:

[1] http://en.chnmuseum.cn/Default.aspx?TabId=520&ExhibitionLanguageID=83&AspxAutoDetectCookieSupport=1

[2] შეურაცხყოფის საუკუნე, სრულად – ეროვნული შეურაცხყოფის ასი წელი. იგულისხმება პერიოდი ოპიუმის ომების შემდგომ, სადაც ჩინეთი დასავლურ იმპერიებთან დამარცხდა და იძულებული იქნა ‘უთანასწორო ხელშეკრულებებზე’ დათანხმებულიყო (მაგ. გადაეცა ჰონგ კონგი ბრიტანელებისათვის, გაეხსნა პორტები და დაეშვა თავისუფალი ვაჭრობა და მიმოსვლა, და სხვ.).

[3] ამ თემაზე იხ. Fung. E. S. (2000). In Search of Chinese Democracy: Civil opposition in Nationalist China, 1929-1949. New York. (pp. 5-7).

[4] იგივე „სამი მსოფლიოს თეორია“.

[5] ბო სილაის დაპატიმრების შემდეგ ქალაქ ჩონგცინში სახალხო ე.წ. „წითელი სიმღერები“ აიკრძალა, რომლებიც მისი მმართველობის პერიოდში ჩონგცინის მთავარ მოედნებსა და პარკებში რეგულარულად სრულდებოდა სახალხოდ. http://www.rfa.org/english/news/china/songs-03192012144328.html

[6] Wang, H. (2006). Depoliticized Politics: From East to West. New Left Review, 41, 29-45. Retrieved from https://newleftreview.org/II/41/wang-hui-depoliticized-politics-from-east-to-west.

[7] ჩინურად – 小康社会 (სიაოკანგ შიჰუეი).

[8] იან სუეტონგის წიგნი ძველი ჩინური აზრი, თანამედროვე ჩინური ძალა“, რომელიც ინგლისურადაც გამოიცა, ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაშრომია.

[9] 天下 (ტიანსია) კონფუციანიზმის გეოგრაფიისა და კოსმოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ცნებაა, სადაც ჩინეთი ხორციელი სამყაროს ცენტრია, დედამიწაზე კი კონფუციანურ მორალურ და ეთიკურ პრინციპებზე დამყარებული ჰარმონია სუფევს.

[10] იხ. Lin, J. Y. (2012). New Structural Economics: a framework for rethinking development. Washington, D.C: World Bank.

[11] მაგ. იხ. თევზაძე, გ. (2016). წარსულის განვითარების სცენარები: სხვა ისტორია და სხვა მომავალი. XXI ქართული ესე, 149-162.


ილუსტრაცია © US-China Perception Monitor

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ