Brexit: ევროკავშირის დატოვებისა და დარჩენის მომხრეთა არგუმენტები

ინწარმოგიდგენთ ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ზე 2016 წლის 20 ივნისს  ამავე გამოცემის პოლიტიკური მიმომხილველის ბენ რაილი-სმიტის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს ბრიტანეთში 23 ივნისს დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებ, სადაც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ – დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში.

© European.ge

მიგრაცია

დატოვების მომხრეები: გამოსვლის მომხრეები ფიქრობენ, რომ მიგრაციის კონტროლი ქვეყნისათვის შეუძლებელია მანამ, სანამ ბრიტანეთი არ დატოვებს ევროკავშირს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას კონტინენტის ნებისმიერი მიმართულებით და ავტომატურ უფლებას იცხოვრონ ბრიტანეთში..

დარჩენის მომხრეები: ევროკავშირის დატოვება ვერ გადაჭრის მიგრაციის პრობლემებს. უფრო მეტიც, დაამძიმებს, ვინაიდან სასაზღვრო კონტროლი კონტინენტზე გადავა საფრანგეთიდან (ქალაქი კალე) დიდ ბრიტანეთში (ქალაქი დოვერი).

 

კრიმინალი

დატოვების მომხრეები:  “დაპატიმრების ევროპული ორდერი” (European Arrest Warrant) საშუალებას იძლევა ბრიტანეთის მოქალაქეები გასამართლებულნი იყვნენ უცხოურ სასამართლოებში, ხშირად წვრილმანი დანაშაულებისთვისაც. ევროკავშირიდან გამოსვლა ამ პროცესს შეაჩერებს.

დარჩენის მომხრეები: მოძალადენი, მკვლელები და სხვა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილნი, რომლებიც დაპატიმრების ევროპული ორდერის წყალობით ქვეყნიდან გასულები არიან, ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ შეიძლება უკან დაბრუნდნენ.

 

ვაჭრობა

დატოვების მომხრეები: ბრიტანეთი და ევროკავშირის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მჭიდრო ურთიერთობას განვითარებად ბაზრებთან – მაგალითად, არ არსებობს ძირითადი სავაჭრო გარიგება ინდოეთსა და ჩინეთთან. “ბრექსიტის” მომხრეები თვლიან, რომ ევროკავშირიდან გამოსვლა ბრიტანეთს საშუალებას მისცემს მოახდინოს ბაზრების დივერსიფიკაცია.

დარჩენის მომხრეები: დიდი ბრიტანეთის ექსპორტის 44% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. რაიმე ხელოვნური ბარიერების შექმნა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ბრიტანეთს სავაჭრო ურთიერთობა აქვს, ეკონომიკისათვის დამანგრეველი იქნება.

 

კანონმდებლობა

დატოვების მომხრეები: ბრიტანეთში მოქმედი კანონების უმრავლესობა უცხოეთში მიიღება და ბრიუსელის უშუალო ზედამხედველობით ძალაში შეჰყავს ევროპის სასამართლოს. ბრიტანეთი კვლავ უნდა გახდეს სუვერენული ამ საკითხში.

დარჩენის მომხრეები: “ბრექსიტის” კამპანია ძალზედ აზვიადებს ბრიტანეთის გარეთ შექმნილი კანონების რაოდენობისა და მოცემულ საკითხში ევროკომისიის ჩართულობის თაობაზე. “ბრექსიტის” მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ უმჯობესია ევროკავშირში მოქმედი კანონები კონტინენტის შიგნით შეიქმნას.

 

დასაქმება

დატოვების მომხრეები: დასაქმების პრობელემებთან დაკავშირებული საფრთხე ზედმეტად გაზვიადებულია.  მოგების გადასახადის დაწევის მეშვეობით ინვესტიციების წახალისებით მოცემული პრობლემა აღმოიფხვრება და უფრო მეტიც, ბრიტანეთს დიდი შანსი აქვს მოცემული პოლიტიკით სკანდინავიურ ქვეყნებს დაემსგავსოს.

დარჩენის მომხრეები: დაახლოებით სამი მილიონი სამუშაო ადგილი, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თუ მოსახლეობა ბრექსიტს დაუჭერს მხარს. ასევე, ბიზნესი უარს იტყვის მსხვილი ინვესტიციების ჩადებაზე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფ ბრიტანეთში.

 

გავლენა

დატოვების მომხრეები: ბრიტანეთი არ არის დაინტერესებული ევროკავშირის ინტერნაციონალური განვითარებით. თანამეგობრობაში დაბრუნებულ ბრიტანეთს ისეთივე პოლიტიკური გავლენა ექნება როგორც ევროკავშირის შიგნიდან აქვს.

დარჩენის მომხრეები: ნიკ კლეგი ამბობს, რომ თუ ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, ის “შუაგულ ატლანტიკაში აღმოჩნდება”. გლობალიზებულ მსოფლიოში გაერთიანებული სამეფოს ინტერესები ყველაზე დაცული ევროკავშირის ბლოკში დარჩენის შემთხვევაში იქნება. იგივეს ამბობენ ამერიკელი და ჩინელი ლიდერებიც

 

ფინანსები

დატოვების მომხრეები: საუბარი კაპიტალის გადინებაზე ნონსენსია. ლონდონი ევროკავშირის გარეთაც დარჩება წამყვან ფინანსურ ცენტრად და ბანკები მაინც დაინტერესებული იქნებიან სათავო ოფისების ბრიტანეთში განლაგებით დაბალი გადასახადების გამო

დარჩენის მომხრეები: თუ ბრიტანეთი გასვლას დაუჭერს მხარს, ბანკები გაიქცევიან გაერთიანებული სამეფოდან და ლონდონი კოლაფსში აღმოჩნდება, რადგან სავაჭრო უპირატესობები, რასაც ევროკავშირში ყოფნა იძლევა, ზრდის ბანკების მოგებას.

 

სუვერენიტეტი

დატოვების მომხრეები: ბრიტანეთის პარლამენტს აღარ დარჩა სუვერენიტეტი. ევროს კრიზისის შემდეგ ევროკავშირი წავა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისკენ, ამიტომ უმჯობესია გასვლა მანამ, სანამ ურთიერთდამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდება

დარჩენის მომხრეები: გლობალიზებულ მსოფლიოში თითოეული ქვეყანა მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს სხვებთან თუ მას სურს ეკონომიკური განვითარება. ინგლისელი ნაციონალისტების იზოლაციონისტური სურვილები რეალურად ძირს გამოუთხრის გაერთიანებულ სამეფოს. პლუს, ბრიტანეთის პრემიერს ყოველთვის შეუძლია რეფერენდუმით თავი დაიცვას „უფრო მჭიდრო ინტეგრაციისგან“.

 

თავდაცვა

დატოვების მომხრეები: მალე ბრიტანეთს შეიძლება წაუყენონ მოთხოვნა ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. როგორც წყაროები იუწყებიან, სხვა დათმობების სანაცვლოდ, ანგელა მერკელმა შეიძლება პრემიერი დაითანხმოს ამ საკითხზე. ეს დაასრულებს გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დამოუკიდებლობას და არ უნდა იქნას დაშვებული.

დარჩენის მომხრეები: ევროპის ქვეყნები დგანან საერთო საფრთხეების წინაშე ISIS-ისა და აღორძინებული რუსეთისგან. ამ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი ძალებით ყველაზე ეფექტიანია. თუ ბრიტანეთი ევროკავშირს ზურგს შეაქცევს, ის ძირს გამოუთხრის ამ ბრძოლას.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ