ბასტილია უნდა ავიღოთ, თუნდაც სიმბოლურად!

ფაშისტურ გერმანიაში ხალხის უმრავლესობა არ მონაწილეობდა უმცირესობის გენოციდში. მათ ბოლომდე არც იცოდნენ რა მასშტაბის დანაშაულს აფარებდნენ ხელს. მაგრამ ეს დანაშაული არ იყო ცალკე იზოლირებული მოვლენა, რომელიც სხვა მხრივ მოწესრიგებული სისტემის მახინჯ შეცდომას წარმოადგენდა. სისტემა მთლიანად აგებული იყო ძალადობაზე, და ამ ძალადობამ ლოგიკურად მიიღო უკიდურესი გამოვლინება ებრაელთა მასობრივ განადგურებაში. სისტემის ფუნქციონირებას განაპირობებდა ძალადობის ესკალაცია, რომელიც, მართალია, უკიდურესი სისასტიკით ვლინდებოდა ძირითადად დახურულ სივრცეებში – საკონცენტრაციო ბანაკებში, მაგრამ ემსახურებოდა ნებისმიერი გერმანელის მორჩილების უზრუნველყოფას, სისტემის ფუნქციონირებას. იმავე პრინციპზე დაყრდნობით არსებობდა საბჭოთა კავშირი, სადაც “ერთი მუჭა ხალხის მტრების” განადგურება მთელი დანარჩენი საზოგადოების მორჩილებას უზრუნველყოფდა.

ქართულ ციხეებში არსებული ძალადობა არ არის იზოლირებული ფაქტი, რომელიც მხოლოდ იქ მყოფებს ეხება, იქნებიან ისინი კრიმინალები, პოლიტიკური აქტივისტები თუ უსამართლობის მსხვერპლი. ეს ძალადობაც სისტემურია იმ თვალსაზრისით რომ ემსახურება მთელი საზოგადოების მორჩილების მიღწევას. ძალისმიერი რეფორმების გატარება მოითხოვს სწორედ ამგვარ ციხეებს, და არა ცივილიზებულ დაწესებულებებს. ხელისუფლება ვერ იარსებებს პოლიციის ზურგსუკან დამალული და დაცული, თუკი ციხე არ იქნება ისეთი, როგორიც ის დღეს არის.

სწორედ ამიტომ დღევანდელი ბრძოლა მიმართულია არა სისტემის რომელიღაც ერთ რგოლში არსებული სიმახინჯის გამოსწორებაზე, არამედ მთელი სისტემის დემონტაჟზე, მისი ყველაზე ბაზისური საყრდენით -ძალადობით -დაწყებული.

ციხის გამოსწორება შეუძლებელია რეჟიმის გასამართლების გარეშე! ბასტილიის აღება, თუნდაც სიმბოლური, არის ერის საერთო ამოცანა!

“ტყეს ჭრიან -ნაფლეტები ცვივა” – განა ეს არ თქვა ფაქტიურად სააკაშვილმა, როდესაც იუსტიციის სახლს ხსნიდა? განა არა ხართ სტალინისტები და ბერიისტები ისინი, ვისაც მიგაჩნიათ რომ შედეგი ამართლებს საშუალებას? განა არა ხართ ფაშისტები ისინი, ვინც “ქვეყნის ინტერესებით” მოსახლეობაზე , ადამიანებზე ძალადობას ამართლებთ?

ქვეყანაში არ არსებობს ციხის პრობლემა – ქვეყანაში სისტემური ძალადობის პრობლემაა. კართაგენი უნდა დაინგრეს!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ