ბაქარ ბერეკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ძლიერი მემარცხენე ალტერნატივა

სულ უფრო ნათელი ხდება ის, რომ პოსტსაბჭოთა ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აუცილებელია გაჩნდეს ახალი ტენდენციები და გარდამტეხი პერსპექტივები, თუმცა ბრძოლა ცვლილებებისათვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსეა. European.ge გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგთან და მემარცხენე თეორეტიკოსთან ბაქარ ბერეკაშვილთან, რომელსაც ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრეთ.

ბაქარ ბერეკაშვილი, არის ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი პოლიტიკურ მეცნიერებებში და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორანტი.

© European.ge

ბაქარი
გორან თერბორნის წიგნი: “ძალაუფლების იდეოლოგია და იდეოლოგიის ძალა.”

– ბაქარ, მოგესალმებით და გვახარებს, რომ აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენს ვებპლატფორმასთან. პირველ რიგში გვაინტერესებს, როგორ აფასებთ დღევანდელ შიდა პოლიტიკურ ვითარებას? მოგეხსენებათ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში დაინიშნა და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია.

პოსტკომუნისტური პოლიტიკის დრამატულობა საქართველოში ყოველთვის გამოიხატებოდა მოქალაქეთა სუსტი პოლიტიკური ინტერვენციებით, რასაკვირველია, ეს ტენდენცია დღესაც დომინანტურია. ამაში უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ იმას, რომ უკვე მრავალი წელია მოქალაქეებს არ გააჩნიათ იდეოლოგიური პრეფერენციები ან პოლიტიკური იდეალები, რადგან თავად პარტიებია დაცლილი იდეალებისგან და მხოლოდ პოსტკომუნისტური პოპულიზმის პრაქტიკას იმიტირებენ.

ქართული პოლიტიკა გრადუალისტურად პოსტმოდერნული ხდება, სადაც ფორმას მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე შინაარს. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც ის, რომ უმრავლესობა პარტიებისა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ტიპის დემოკრატია, საუბარია ძალიან ზედაპირულ კონტექსტებზე, რადგან სინამდვილეში არც ერთი პარტია არ ცდილობს გაერკევს მის შინაარსში თუ რას ნიშნავს ევროპული დემოკრატია და როგორია მისი ბედი დღეს. თანამედროვე ევროპული დემოკრატია მისი ისტორიული განვითარების პროცესში ყალიბდებოდა თანასწორობისა და სოლიდარობის იდეალებზე დაყრდნობით, რაც წარმოჩინდებოდა როგორც მორალური და ეთიკური საკითხი, რაც არ ესმით ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას. მათთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თავისუფლებისა და საბაზრო ლოგიკის ცარიელი აღმნიშვნელები, ქართული პოლიტიკა რასაკვირველია დაცლილია მორალური კონტექსტებისგან და მასში შინაარსობრივად ჭარბობს სოციალური დარვინიზმი, რაც ბუნებრივია ქმნის ღრმა მორალურ კრიზისს საზოგადოებასა და პოლიტიკაში.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ამაზე ერთხელ ჩემს სტატიაშიც აღვნიშნე ერთგან, რომ სავარაუდოდ არაფერ ახალს არ უნდა ველოდოთ. ეჭვი არ მეპარება, რომ უმეტესობა პოლიტიკური პარტიებისა, თავიანთ დღის წესრიგს კვლავ მოძველებულ ტენდენციებს და ტრივიალურ დისკურსებს დააფუძნებს, როგორებიცაა ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრის აუცილებლობა, ევროატლანტიკური მეგალომანია, საბაზრო მესიანიზმი და ასე შემდეგ. ქართულ პოლიტიკაში ჭარბია პოპულისტური პარადიგმები, რაც ბუნებრივია ახასიათებს პოსტკომუნისტური პარტიების უმეტესობას და ამ მხრივ ქართული პოლიტიკა და პოლიტიკური ძალები ძალიან სასტიკია, ყველაფერი ისეა როგორც მიხელსის ცნობილ ნარატივში, არისტოკრატია დემოკრატიული ფორმით და დემოკრატია არისტოკრატიული შინაარსით, მიხელსი ამას მე-20 საუკუნის დასაწყისში წერდა, თუმცა როგორც ვხედავთ ჩვენს შემთხვევაში დღემდე არაფერი შეცვლილა.

– როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს არჩევნები ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრებაში?

ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა დაინახონ ქართული პოლიტიკის ყველაზე სუსტი მხარე რაც არის –  მორალური და ეთიკური პრობლემები ქართულ პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართთველოში ჩამოყალიბდა იმგვარი პოლიტიკური ტრადიციები, რომელიც უფრო და უფრო აშორებს მოქალაქეს და სახელმწიფოს ერთმანეთისგან. პოლიტიკა გახდა თითქოს პროფესიონალთა საქმე, ის რაც ყველას საქმეა გახდა მხოლოდ პრივილეგირებული კლასების საქმე. რასაკვირველია, ეს სხვა საზოგადოებებშიც ასეა, მაგრამ, ჩვენში ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. ვფიქრობ, რომ ბევრს არაფერს არ შეცვლის მომავალი არჩევნები, თუმცა არის იმის შესაძლებლობა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობამ კრიტიკულად უპასუხოს წამყვან პოლიტიკურ პარტიათა ტრივიალურ პროგრამებს და მეტი თანმიმდევრულობისკენ და კონკრეტისკენ აიძულონ პოლიტიკის კეთება, თუმცა რასაკვირველია ეს ვერ მოხდება მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გარეშე.

უნდა ითქვას ისიც, რომ არ არსებობს ერთგვარი პოლიტიკური დანაწილებაც, ყველა პარტია ახდენს ერთმანეთის იმიტაციას უმცირესი განსხვავებებით. პრაქტიკულად არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც გამოხატავს იმ სოციალური ჯგუფების ინტერესებს ვინც დაიჩაგრა პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმის წნეხის ქვეშ, რადგან სისტემატურად ხდება სტიგმატიზაცია და მკაცრი მარგინალიზაცია იმგვარი პოლიტიკური ენის, რომელიც კრიტიკულად აღიქვამს კაპიტალიზმის სოციალურ შედეგებს პოსტსაბჭოთა საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ პარტიები საქართველოში ან მემარჯვენე პოპულისტები არიან ან გამოხატავენ მხოლოდ დომინანტური ეკონომიკური და სამოქალაქო ელიტების ინტერესებს, რაც ასევე მემარჯვენე პოლიტიკის ნაწილია.

– თქვენ ახსენეთ პოლიტიკური დაყოფები (cleaveges), როგორ ფიქრობთ რა იწვევს ჩვენში ასეთ პოპულისტურ და ეკლექტურ მდგომარეობას? არსებობს კი პარტიული პოლიტიკის განვითარების შანსი?

ჩვენ ვცხოვრობთ პოსტკომუნისტური პოლიტიკის პირობებში, ეს კი ძალიან გროტესკული და ამავდროულად, დრამატული რამ არის. პოპულიზმი კი, განსაკუთრებით მემარჯვენე პოპულიზმი, პოსტკომუნისტური პოლიტიკის ორგანული ნაწილია. ამის მიზეზი სხვადასხვაა, განპირობებული როგორც ლოკალური ასევე ექსტერნალური ფაქტორებით. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ მემარჯვენე პოპულიზმის სოციო-კულტურულ კონტექსტებზე, მისი წარმატება იმით არის განპირობებული, რომ ჩევნ ვართ ტრადიცული საზოგადოება მრავალი ტრავმითა და მსხვერპლად ყოფნის განცდებით, შესაბამისად ასეთ პირობებში ადვილია იმგვარი პოლიტიკის კეთება, რა დროსაც აქცენტები კეთდება წარსულზე, მის დემონიზაციასა თუ ლეგიტიმაციაზე, ხოლო როცა საუბარია მემარჯვენე პოპულიზმის სოციო-ეკონომიკურ ასპექტებზე, აქ სამწუხაროდ თავისი წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის, რადგან ყველა პარტიის მიერ ერთხმად აღიარებული საბაზრო ფეტიშიზმი არის იმ ეკონომიკური და პოლიტიკური იდეების ექსპორტის შედეგი, რის ინტენსიურ კვალწარმოებასაც დასავლეთი ახდენს მრავალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან მიმართებაში. ხშირად, დასავლური ინსტიტუტები ხელს უწყობენ საქართველოში ნეოლიბერალური, ანტისოციალური პოლიტიკის ნორმალიზაციას, ისინი ცდილობენ წარმოგვიდგინონ ნეოლიბერალური უტიპია როგორც შეუქცევადი რეალობა და რომ საბაზრო ჰეგემონიას არა აქვს ალტერნატივა.

ჩვენში ასევე აქტუალურია ე.წ. დემოკრატიის ექსპორტის თემატიკა, რაც ბუნებრივია ასევე უტოპიური პროექტია და ილუზორული. შეუძლებელია დემოკრატიის დამყარება გარედან თუკი არ არის შიდა პირობები, თუკი არ არსებობს საკმარისი სოციალური რეკვიზიტები, ისეთები როგორებიცაა: ეკონომიკური განვითარება და განათლების მაღალი დონე. ამგვარი პოლიტიკის პირობებში კი სადაც ეკონომიკური თამაშის წესები ეფუძნება თავისუფალი ბაზრის ჰეგემონიას და არა თანასწორობას შეუძლებელია დემოკრატიული განვითარება, ისევე როგორც შეუძლებელია დემოკრატიული განვითარება განათლების სფეროში არსებული სისტემური კრიზისით და მითუმეტეს, როდესაც სახელმწიფო მინიმალურ ინტერვენციებს ახდენს ამ კრიზისის აღმოსაფხვრელად.

რაც შეეხება პარტიული პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობებს, მიმაჩნია რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი მემარცხენე ალტერნატივა, რომელიც დაუპირისპირდება არსებულ წამყვანი პარტიების ანტიპოლიტიკურ პოლიტიკას. ვფიქრობ, რომ საჭიროა მემარცხენე ძალების გააქტიურება, როგორც ალტერნატივა, ანტისახალხო ჰეგემონური მემარჯვენე, ერთგვარი ტექნოკრატიული სტილის პოლიტიკის.

– საერთაშორისო გავლენებზე საუბრისას, თქვენ მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში განიხილავთ საგარეო ჩარევას. თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ მაგალითად, ევროკავშირიდან შესაძლებელია პოზიტიური შინაარსის მქონე ინსტიტუტების ექსპორტი საქართველოში. როგორ აფასებთ ამ საკითხს?

რასაკვირველია! როცა მე ვახდენ საგარეო ფაქტორებზე კრიტიკულ რეფლექსიებს აქ სულაც არ ვგულისხმობ მის საერთოდ გამორიცხვას ქართულ პოლიტიკაში. ბუნებრივია, ჩვენ ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ ევროპისგან, მაგალითად ის გამოცდილება, რაც უკავშირდება თანასწორობაზე და სოციალურ სოლიდარობაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ევროპა უკვე თავად შედის კრიზისში და არსებობს საფრთხეები განმანათლებლობის იდეების დავიწყების. შეგიძლიათ დააკვირდეთ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს დასავლეთ ევროპაში, მის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ჭარბობს ინდივიდუალისტური აქცენტები, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა, თუნდაც 60 ან 70-იან წლებში როცა ყალიბდებოდა ევროპული დემოკრატიის პარადიგმები და როცა ევროპამ მისი მოდერნიზაცია დააფუძნა განმანათლებლობის სოციალურ და პოლიტიკურ დოქტრინებს.

დღეს კი ევროპა უფრო და უფრო შორდება განმანათლებლობას და თითქოს წარსულს უბრუნდება. იმ წარსულს, სადაც ვხედავთ სოციალური კონფლიქტების კვალწარმოებას, კონკურენციას და მზარდ დაუნდობელ ინდივიდუალიზმს და ასევე, ამის პარალელურად ევროცენტრისტულ მიდგომებს, რასაც ხშირად ნეოკოლონიური ექსპრესიები ახლავს თან. ვფიქრობ ევროპული დემოკრატია მიმზიდველი ფენომენია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ დასავლეთ ევროპაც დგას ამ ტრადიციების დაკარგვის ზღვარზე, სიტუაცია ძალიან რთულია. არსებობს სხვა პრობლემებიც ევროპაში, რომელიც გამოიხატება არა ევროცენტრიზმში ან მკაცრ ინდივიდუალიზმში, არამედ პირიქით ევროსკეპტიციზმში და აგრესიული ნაციონალიზმის აღზევებაში.

მაგალითად: მოვლენები რომლებიც ვითარდება უნგრეთსა და პოლონეთში საოცრად დრამატულ ხასიათს იძენს, იქაური რეჟიმები ძალიან სიმპატიურად არიან განწყობილნი ავტორიტარული ტენდენციების მიმართ, ეს კი თავის მხრივ, გვაფიქრებს იმაზე, რომ შესაძლებელია მოულოდნელად შეიცვალოს ევროპული დემოკრატიის ბედი. ის, რაც ხდება პოლონეთსა და უნგრეთში, გვაფიქრებს არამარტო დემოკრატიის კრიზისზე ევროპაში, არამედ იმაზეც, რომ ეს არის ამავდროულად ძალიან საშიში ტენდენციები, რადგან პოლონური და უნგრული ნაციონალიზმი დატყვევებულია უცხოს შიშით და ამავე დროს წარმოაჩენენ თავიანთ თავს როგორც უზენაესს. ამაში სამწუხაროდ თავისი წვლილი შეაქვს ე.წ. დეკომუნიზაციის პროცესს, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი რამეა, მაგრამ, მას თან ახლავს ძალიან სერიოზული საფრთხეები, სწორედ დეკომუნიზაციის სახელით ქმნის ვიქტორ ორბანი ავტორიტარულ სისტემას უნგრეთში და დეკომუნიზაციის სახელით ხდება პოლონეთში ისეთი უმთავრესი სოციალური მოაზროვნის სრულიად სამარცხვინო დისკრედიტაცია, როგორიც მაგალითად ზიგმუნტ ბაუმანია. ასე რომ მდგომარეობა რთულია.

ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ სკანდინავიური ქვეყნებიდან, რადგან თანასწორობა და კეთილდღეობა ამ ქვეყნების პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დღის წესრიგის უმთავრესი პრინციპებია. სკანდინავიური პოლიტიკის ხიბლი მის მორალურ უპირატესობაში მდგომარეობს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ამაში ვგულისხმობ იმას რომ ისტორიული კონსენსუსი, რომელიც ამ ქვეყნებში შედგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიმართული იყო თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოების ფორმირებისკენ, სკანდინავიური ქვეყნებისთვის უთანასწორობა მორალური კონტექსტის ჭრილში იყო ყოველთვის განხილული, ანუ რამდენად არის ნორმა უთანასწორობა და თანასწორობა დევიაცია, ჩრდილო ევროპული განვითარების ტრადიციებისათვის უთანასწორობა ყოველთვის დევიანტური ტენდენცია იყო, რასაც ვერ ვიტყვი ანგლო-საქსური ქვეყნების შემთხვევაში, მითუმეტეს კი ჩვენი პოსტკომუნისტური პოლიტიკის შემთხვევაში. ასე რომ დიახ, შეიძლება რაღაც გამოცდილება გადმოვიტანოთ, მაგრამ ფრხთხილად უნდა დავაკვირდეთ პროცესებს ამ გამოცდილების გაზიარებს მცდელობისას.

– როგორია სამოქალაქო საზოგადოების როლი და ადგილი საქართველოში? რა ფორმით არსებობს იგი დღეს? არის ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში?

ქართული სამოქალაქო საზოგადოება ჩემთვის ერთგვარად საბჭოთა კულტურული ელიტების რეპლიკაციაა. იცით, რომ საბჭოთა კავშირში კულტურული ელიტების ფუნქცია იყო ლეგიტიმაცია და ინტელექტუალიზაცია მოეხდინათ დომინანტური საბჭოთა პოლიტიკური თუ სოციალური იდეების, რომლის ინტენსიური რეპროდუქცია ხდებოდა სახელმწიფო აპარატიდან. ასევეა დღევანდელი ქართული კულტურული თუ სამოქალაქო ელიტები, რომლებიც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ქმნიან, ისინი ახდენენ უალტერნატივობის ლეგიტიმაციას, მათ საქმიანობას არა აქვს ანტისისტემური ხასიათი და ხშირად არიან სუბირდინირებული ძლიერ დასავლურ ინსტიტუტებზე. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ისინი რასაკვირველია ჩართულნი არიან პოლიტიკის კეთებაში.

ცხადია, ქართულ სამოქალაქო სექტორს აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, ჩაბმულნი არიან ერთგვარ პროზელიტზმში და ცდილობენ დაამყარონ მკაცრი სოციალური კონტროლი. მაგალითად, ქართული სამოქალაქო ელიტები, რომლებიც დატყვევებულნი არიან დასავლური მესიანიზმით, გადაიქცნენ ერთგვარ მაკონტროლებელ ინსტიტუტებად იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ზოგიერთი თანამედროვე დასავლური იდეების თუ პრაქტიკის მიმართ, ყველაფერი ისეა როგორც საბჭოთა კავშირში, სადაც დომინანტური იდეოლოგია განსაზღვრავდა ცხოვრების ყველა სფეროს, ბოლშევიკური მესიანიზმი, რომელიც დღეს დასავლურმა მესიანიზმმა ჩაანაცვლა.

– რატომ ფუნქციონირებს სამოქალაქო საზოგადოება ასეთი მახინჯი ფორმით?

აქ ისევ მივდივართ პოსტკომუნისტური პარადიგმების პრობლემასთან. ჩვენში ჩამოყალიბდა მავნე ჩვეულება იმაზედ, რომ თითქოს მოქალაქე არ უნდა იყოს ჩართული აქტიურ პოლიტიკაში, ამავე დროს თავის მხვრივ პოსტმოდერნული კონდიციაც ხელს უწყობს იმას, რომ მოქალაქე უცხოვდება პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ ადამიანებს სურთ იყვნენ მეტწილად აქტიური სამოქალაქო სივრცეში და ილუზია აქვთ შექმნილი იმაზე, რომ თითქოს სამოქალაქო სივრცეში ყოფნა ნიშნავს პოლიტიკური ცხოვრებისგან დისტანციას. ეს კი ცხადია ასე არ არის.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები არიან პოლიტიკის კეთების სხვაგვარი ინსტრუმენტები, ამიტომ ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ თითქოს იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრი ნიშნავს იყო დაცლილი პოლიტიკური მიზნებისაგან. პირიქით, ინდივიდი ამ დროს უფრო მეტად ხდება პოლიტიკური. ოღონდ, მისი ეს ერთგვარი გაპოლიტიკურობა დრამატულად ხდება, აჯერებენ იმაში, რომ რასაც ის აკეთებს ან რასაც ემსახურება, მას პოლიტიკასთან არანარი საერთო წერტილები არა აქვს, სინამდვილეში კი აქვს.

მაგალითად მედია, რომელიც მოიაზრება სამოქალაქო სექტორის ნაწილად სინამდვილეში პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, რადგან ის ქმნის დღის წესრიგს, რომელიც ნაკარნახევია მათი მფლობელების მხრიდან, მათ მფლობელებს კი როგორც წესი პოლიტიკური ინტერესები და ძალაუფლების განმტკიცების მისწრაფებები ამოძრავებს. ასევეა ე.წ. არასამთავრობო სექტორი, რომელთა უმეტესობა თავს წარმოაჩენს, როგორც აპოლიტიკურს, მაგრამ სინამდვილეში მათი მოქმედების სტილი, დისკურსული რეფლექსიები და რიტორიკა მიმართულია დომინანტური გლობალური კაპიტალისტური წესრიგის გასამტკიცებლად, რომელიც საბოლოოდ აძლიერების მჩაგვრელი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ინტერესებს გლობალურ დონეზე.

– პოლიტიკურ ოპოზიციაზეც მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით მას?

პოლიტიკური ოპიზიცია ნაწილია იმ გროტესკული პოლიტიკური ცხოვრებისა, რომელიც საქართველოში გვაქვს. ბუნებრივია ოპოზიცია სუსტია, რადგან მას არ შეუძლია შეთავაზოს მოქალაქეეებს განსხვავებული პოლიტიკური იდეები, ვიდრე ჩვენ ვისმენთ პოსტკომუნისტური ტრანსფორმარციის ეპოქაში, მათ აქვთ მორალური ლეგიტიმაციის პრობლემები და მეტწილად წარსულთან ასოცირდებიან, ვიდრე მომავალთან. ასევე, ბევრი მათგანი გამოირჩევა ექსტრემალური მემარჯვენე იდეებით, რომლებიც სიმბოლურად არის ინტერნალიზირებული მათ რიტორიკასა და დისკურსებში ისე, რომ ბოლომდე ისიც არ ესმით თუ რა სოციალური შედეგები შეიძლება მოიტანოს ტექნოკრატიულმა პოლიტიკამ ან მემარჯვენე პოპულისტურმა პრაქტიკამ.

– რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი იმუშავებენ კონკურენცია-თანამშრომლობის რეჟიმში ხელისუფლებასთან, როგორ გესმისთ ეს?

ეს აბსურდია და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს პოლიტიკურობის კრიზისს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რეპუბლიკური პარტია არის კლასიკური ბურჟუაზიული ტიპის ლიბერალური პოლიტიკური ასოციაცია, რომელიც გამოხატავს ლიბერალური ელიტების ინტერესებს, ვგულისხმობ როგორც კულტურულ ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს. გასაგებია, რომ ეს მათი არჩევანია, მაგრამ მათი პოლიტიკური ენა და რეპრეზენტაციის სტილი აპათიურია საქართველოში მცხოვრები უმრავლესობისთვის, ამიტომ რასაკვირველია ისინი ცდილობენ ერთის მხრივ ძალაუფლების ინსტრუმენტები შეინარჩუნონ, მეორეს მხრივ კი წარმოჩინდნენ როგორც არსებული მმართველი პოლიტიკური ელიტის კონკურენტებად, რაც ძალიან სასაცილოა, იმდენად რამდენადაც თავადაც წარმოადგენენ მმართველ ელიტას, მაგრამ ამავე დროს ცდილობენ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. ეს კი ერთგვარი ძალადობაა ქართულ პოლიტიკაზე და უფრო და უფრო უშინაარსოს ხდის პოლიტიკურ ცხოვრებას. ამავდროულად, ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ რესპუბლიკურ პარტიას შეუძლია რამე ალტერნატივა შეთავაზოს საზოგადოებას, რადგან თავად ეს პარტია წარმოადგენს ელიტურ წარმონაქმნს, სადაც მემარჯვენე იდეები ყველაზე სტერილურად არის თავმოყრილი. პოსტსაბჭოთა მემარჯვენე პოლიტიკა კი ემპირიული დაკვირვებით როგორც წესი სოციალური კატასტროფებით მთავრდება, რაც გამოიხატება მკაცრ სოციალურ ატომიზაციასა და ახალი კლასობრივი წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობაში.

– საინტერესოა, თქვენი მოსაზრება საზოგადოების ატომიზაციისა და ინდივიდუალიზაციის შესახებ. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ ახალ კოლექტიურ მოძრაობებს, რომელსაც სამწუხაროდ ნაციონალისტური შინაარსი გააჩნიათ. მაგალითად, UKIP დიდ ბრიტანეთში, “ნაციონალური ფრონტი” საფრანგეთში, დონალდ ტრამპის ფენომენი ამერიკაში. თქვენ როგორ ხსნით ამ ტენდენციებს და არსებობს თუ არა იმის საშიშროება საქართველოში, რომ 90-იანების ნაციონალისტური აჩრდილები კვლავ მოგვევლინონ კიდევ უფრო ძალადობრივი ფორმით?

დომინანტური დარვინისტული წესრიგი, რომელიც მეტასტაზივით ვრცელდება ყველგან მთელს მსოფლიოში ამავდროულად ასაზრდოებს ნაციონალიზმის ყველაზე უარყოფით ფორმებს.

ის რაც ხდება თანამედროვე ევროპაში ის აგრესიული ნაციონალიზმი, რომელსაც ემოციური კონსერვატორი ელიტები წარმათავენ, პირველ რიგში არის თავად დასავლეთში იმ მმართველი პოლიტიკური ელიტების პასუხისმგებლობა, რომლებიც მეტ ყურადღებას აქცევენ გლობალური კაპიტალის ინტერესებს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების და ამით აკნინებენ დემოკრატიის როლს და ადგილს დასავლურ პოლიტიკასა და საზოგადოებაში.

იურგენ ჰაბერმასმა ღიად ამხილა კანცლერი მერკელი ევროპაში ინვესტორების ინტერესების უფრო მაღლა დაყენებაში, ვიდრე დემოკრატიის, რაც რასაკვირველია ყველაზე სწორი და ძლიერი კრიტიკაა ევროპელი ლიდერების მიერ წარმოებული პოლიტიკის საბერძნეთთან მიმართებაში. მაგრამ, გლობალური კაპიტალის წნეხს განიცდის არა მხოლოდ სამხრეთის ხალხები, არამედ მთლიანად ევროპა. ასეთ პირობებში კი რასაკვირველია ძლიერდება ყველაზე ობსკურანტი სოციალური თუ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება სწყურიათ და მათი აგრესიული რიტორიკა მთლიანად აგებულია გლობალური კაპიტალის კრიტიკასა და ერის გადარჩენის რაღაც გაურკვეველ სტრატეგიებსა თუ მიზნებზე. მაგრამ, როცა მე ვამბობ იმას, რომ ევროპელი ნაციონალისტური ელიტები კრიტიკულად არიან განწყობილნი გლობალური კაპიტალის მიმართ, აქ სულაც არ იგულისხმება ის, რომ თავად არ არიან კაპიტალიზმის მისიონერები, რასაკვირველია ეს ასეა, ისინი წარმოადგენენ ტიპიურ ბურჟუაზიულ წრეებს, რომელთათვის უმთავრესი პრობლემა არა მზარდი უთანასწორობაა, არამედ ის, რომ მათი მთავრობები ვერ უზრუნველყოფენ კონკრეტული ერის დომინაციას გლობალურ დონეზე, ხოლო გლობალური კაპიტალის კრიტიკა კი მათთვის მხოლოდ ფორმალური ინსტრუმენტია, რომელიც მათ პოპულარულობას ზრდის.

ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ ნაციონალიზმი ევროპაში ეფუძნება დასავლური უპირატესობის მონარქისტულ ტრადიციებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა ევროპაში, რაღაც მომენტში ეს პარანოია ევროპაში მე-20 საუკუნეში, მიდერნიზაციის დროს შეჩერდა, მაგრამ ეხლა ისევ აქტუალური ხდება, ამას კი ხელს უწყობს ევროპელი ლიდერების მიერ წარმოებული ახალი პოლიტიკა, რომელიც უპირისპრიდება ევროპული დემოკრატიის იმ გამოცდილებას, რომელიც გასულ საუკუნეში იქმნებოდა.

რაც შეეხება ჩვენს ვითარებას, აქ სიტუაცია ცოტა სხვანაირია. საქართველოში ნაციონალიზმს კვებავს კომუნიზმის ისტორიული აჩრდილები. ჩეხი ისტორიკოსი მიროსლავ ჰროხი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ნაციონალიზმის წარმოშობის მიზეზებს აღმოსავლეთ ევროპაში ამბობს რომ ნაციონალიზმის განვითარება იწყება კულტურული ელიტებისგან. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, შეხედეთ ახალ ქართულ კულტურულ ელიტებს, მწერლებს, ხელოვანებს, მეცნიერებს, მათი უმრავლესობა გამოკეტილია კომუნიზმის და საბჭოთა კავშირისადმი შიშის პატარა ნაჭუჭში და არ შეუძლიათ წინ გაიხედონ, ისინი არიან ქართულ საზოგადოებაში ტრავმისა და ვიქტიმიზაციის მთავარი მწარმოებელნი და ცდილობენ ყველა ჩვენი თანამედროვე პრობლემები მხოლოდ კომუნისტური წარსულის კონტექსტში განიხილონ ისე რომ არ უნდათ აღიარონ ჩვენივე პასუხისმგებლობა დღეს.

წარსულის დემონიზაციით არსებული პრობლემების ლეგიტიმაცია ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფენომენია, რასაც კულტურული ელიტები ახდენენ და რაც იწვევს ნაციონალიზმის აღზევებას და დაჯერებას იმისა, რომ არ გსურს საკუთარი თავი ამოიცნო, არამედ ყველაფერი დააბრალო სხვას, წარსულს. დეკომუნიზაციის პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ვფიქრობ ისე ტრაგიკულად წარიმართება, როგორც ეს ხდება პოლონეთსა და უნგრეთში და შეიძლება უფრო დრამატული სახეც მიიღოს.

საქართველომ გამოიარა ნაციონალიზმის ძალიან მძიმე პერიოდი, როდესაც სიმბოლოებს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე ადამიანს, 90-იან წლებში დაწყებულმა ნაციონალისტურმა ისტერიამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ კრიტიკული აზროვნების საჯაროდ მკვლელობას, არამედ გადაიზარდა პოლიტიკურ ძალადობაში. ნაციონალიზმი, იმ ფორმით როგორიც ეს 90-იან წლებში ხდებოდა, ჩემი აზრით დღეს ვერ განმეორდება, მაგრამ იქმნება ქართული ნაციონალიზმის სრულიად ახალი პარადიგმები, რომელიც მთლიანად აგებულია არა ერის გამორჩეულობაზე, არამედ სხვის სიძულვილზე, რაც რასაკვირველია ძალიან საშიში ფენომენია.

– ჩემი ბოლო შეკითხვა ეხება, მემარცხენ მოძრაობის პერსპქტივას საქართველოში. იმ პირობებში, როცა ინდუსტრიული სექტორი არ არსებობს. შრომაპრეკარიატიზაციასგანიცდის და რეალური უმუშევრობა 50%- აჭარბებს, შესაძლებელია კი ახალი სოლიდარობის დაბადება? როგორ შეიძლება გაჩნდეს ახალი პროგრესული მოძრაობები?

ტრანზიციის იმ მოდელმა, რომლიც საქართველოში საბჭოთა კავშირის ნგრევიდან დღემდე ხორციელდება ვერ გაამართლა. ადამიანთა სოლიდური ნაწილი გათავისუფლდა იმ ილუზიებისგან, რომ დღეს უფრო კარგად ცხოვრობს ვიდრე საბჭოთა პერიოდში, თუმცა ბევრი კვლავ რჩება იმის ტყვეობაში, რომ სიტუაციას ოპტიმისტურად შეხედოს. უფრო და უფრო იზრდება უთანასწორობა და სოციალური უსამართლობა, ასეთ პირობებში კი რასაკვირველია არსებობს პერსპექტივა ახალი პროგრესული მოძრაობების აღმოცენების, რომელმაც უნდა დაანგრიოს ჩვენი პოლიტიკური და კულტურული ელიტების პროპაგანდა პოსტკომუნისტური რეალობის კარგად წარმოსახვის შესახებ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ახალ მოძრაობებს, რომლებიც დაწყებულია სტუდენტებში, რომლებიც ითხოვენ ცვლილებას განათლების სფეროში, მაგრამ საჭიროა უფრო ღრმა და კომპლექსური აზროვნება, კონსენსუსის მიღწევა და სტერეოტიპებისგან თავის დაღწევა. პრობლემა ხშირად სტუდენტებშიც არის, ისინი უნდა გათავისუფლდნენ კომუნიზმის და პოსტკომუნიზმის ტრავმებისგან როგორც ხაფანგისგან, რითაც მხოლოდ დომინანტური კლასი სარგებლობს. იმისათვის რომ ახალგაზრდულ და სტუდენტურ მოძრაობებს უფრო შეემატოს ძალა, მათ უნდა გახადონ საკუთარი მოქმედების სტილი პოლიტიკური და იმუშავონ სოციალური მგრძნობელობის ასამაღლებლად. დღეს ჩვენი საზოგადოება ყველაზე მეტად არის დაცლილი სოციალური მგრძნობელობისგან და ვფიქრობ საჭიროა ახალი მორალური აღორძინება, რაშიც ვგულისმხობ იმას, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ერთამენთის ტკივილი ამ უთანასწორო და ანტისოციალურ გარემოში.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ