გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
► 23 იანვარს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ინიციატივთ და დაფინანსებით, ჩატარდა კვლევის პრეზენტაცია „თაობა გარდამავალ პერიოდში – საქართველოს ახალგაზრდობის კვლევა 2016“. კვლევა ჩაატარა “ეისითიმ” – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა. კვლევა გამოქვეყნდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ვებგვერდზე. კვლევა ჩატარდა შელის მოდელის მიხედვით. როგორც ცნობილია მსგავსი ტიპის კვლევები 1953 წლიდან ტარდება გერმანიაში და ფონდი ბოლო ათი წელია ატარებს კლაუს ჰურელმანის თაოსნობით, ჰერტის მმართველობის სკოლიდან. თუმცა, რეგიონული სპეციფიკების მიხედვით ხდება მეთოდოლოგიისა და ფორმატის ადაპტირება. პარასკევს, 10 თებერვალს, კვლევის შესახებ დისკუსიას გეგმავს ებერტის ფონდი. ღონისძიების Facebook ბმული შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ჩვენ ვებგვერდზე სიამოვნებით დავუთმობთ ადგილს ამ საკითხის გარშემო დისკუსიებს და მოვუწოდებთ ჩვენს მკითხველებს აქტიურად ჩაერთონ მსგავსი საკითხების განხილვაში.
► წინამდებარე წერილის ავტორია ბაია ჯანელიძე, სოციოლოგი, კასელის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.
2017 წლის 24 იანვარს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები – “თაობა გარდამავალ პერიოდში. ახალგაზრდობის კვლევა 2016 – საქართველო”. კვლევის მიზნებისა და ინტერესის შესახებ ინფორმაციას პუბლიკაციის შესავალშივე ვხვდებით:
“საქართველოში ბოლო წლების მანძილზე არ ჩატარებულა სიღრმისეული კვლევა, რომელიც შეისწავლიდა ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ოფისმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით და შეესწავლა ახალგაზრდა თაობის ხედვები, ინფორმირებულობის დონე, მოლოდინები და მიდგომები ცვალებადი გარემოს მიმართ”.[1]
კვლევისთვის თანდართულ წინასწიტყვაობაში ვკითხულობთ, რომ კვლევის ფართო მიზანი სხვადასხვა სივრცეებში აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიათა წამოწყების ხელშეწყობაა.[2] ფონდის მისწრაფება, გარკვეულწილად, წარმატებული გამოდგა: პუბლიკაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ გამოცემებსა და საინფორმაციო გადაცემებში, რომლებიც კვლევის სხვადასხვა შედეგზე ამახვილებენ ყურადღებას.
საკითხები, რომლებზეც ამ წერილში მინდა ვისაუბრო, შეეხება თავად კვლევის მეთოდოლოგიასა და მეთოდებს (1), კვლევის შედეგების ინტერპრეტაციის საკითხს (2) და კვლევის შედეგებზე გამოხმაურებას (3). მართალია, განხილვისას, მისი დიდი მოცულობიდან და სტატიის ფორმატიდან გამომდინარე, ვერ შევეხები კვლევის ყველა თემატურ ბლოკს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ კრიტიკის ძირითად არსი ნათელი გახდება.
აღსანიშნავია, რომ პრობლემა, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის განხილვისას შევხვდებით, არ არის ერთჯერადი საქართველოში, უკანასკნელ წლებში ჩატარებულ და გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევებში ხშირად ვაწყდებით ასეთსავე სურათს: კვლევა არასწორად იგეგმება, მეთოდოლოგია ხარვეზულია და, რაც მთავარია, მონაცემთა ანალიზს, არ მოყვება თეორიული მსჯელობა. ეს კი, ერთი მხრივ, იწვევს იმას, რომ იქმნება საკმაოდ უცნაური წარმოდგენა სოციალური კვლევების შესახებ, თითქოს, მათ მიზანი მხოლოდ მონაცემების შეგროვება იყოს. მეორე მხრივ კი, მასმედიის მიერ ამგვარ მონაცემთა ყოველგვარი გააზრების გარეშე გავრცელების შედეგად, საზოგადოებას მცდარი ცოდნა მიეწოდება.
სათაური
როგორც კვლევის სათაურიდანვე ვიგებთ, მისი მთავარი კვლევითი ინტერესი თაობაა. მიუხედავად სოციოლოგიაში თაობათა კვლევის ხანგრძილივი ტრადიციისა,[3] დღემდე დავის საგანია ის, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ თაობა, რას აღნიშნავს ეს ცნება, როგორ უნდა გავზომოთ თაობა, რა ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს ის, როგორ შეიძლება თაობა სოციალურ ცვლილებათა აქტორად წარმოდგეს.[4] ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, თაობების კვლევისას მუდმივად ხდებოდეს ცნებობრივი აპარატისა და გამოყენებული კვლევითი მეთოდების კრიტიკული ანალიზი. 2016 წელს საქართველოში ახალგაზრდა თაობის შესახებ ჩატარებულ კვლევაში ბევრ დიდ უცნაურობას ვაწყდებით; მათგან პირველი ისაა, რომ ცნება თაობა საერთოდ არ არის განსაზვრული. დაახლოებით 200 გვერდამდე გაშლილ ტექსტში ვერ ვპოულობთ ვერც ერთ ადგილს, სადაც მკვლევარები გვეტყოდნენ, თუ რას გულისხმობენ ამ ტერმინით. კვლევიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ შერჩეულ ასაკობრივ ჯგუფს შეადგენენ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიბადნენ ან გაიზარდნენ.
მეთოდოლოგია და მეთოდები
ზემოხსენებული კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესი შედარებით დეტალურად არის აღწერილი, განსხვავებული ვითარებაა თვისებრივ მეთოდთან დაკავშირებით. კვლევის ავტორები თვისებრივი კვლევის მეთოდად ფოკუს ჯგუფურ დისკუსიას ასახელებენ. თუმცა, მეთოდოლოგიის აღწერაში საერთოდ არ არის განმარტებული ის, თუ რატომ არის კონკრეტულად ეს მეთოდი კვლევისათვის ყველაზე შესაბამისი და არც ის, თუ როგორ მოხდა მონაცემთა შეგროვების შემდეგ მათი ანალიზი. ამგვარი დაზუსტებები იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ დავრწმუნდეთ კვლევის მონაცემთა ანალიზის ვალიდურობაში. მითუმეტეს რომ, თვისებრივ მეთოდებში მონაცემთა ინტერპრეტაციის უამრავი ტრადიცია არსებობს: ფენომენოლოგია, ობიექტური ჰერმენევტიკა, ეთნომეთოდოლოგია და ა.შ. ამასთანავე, კვლევაში შერეული მეთოდების გამოყენება ქმნის შესაძლებლობას მათი სხვადასხვაგვარი ინტეგრაციისა, რომელთა აქ დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანდა. თუმცა, ძირითადი ელემენტი, რომელიც ამგვარი კვლევის ტიპს ახასიათებს შემდეგია: რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით მოპოვებული მონაცემები ერთმანეთთან ურთიერთმიმართებაში უნდა წარმოვადგინოთ და ამ მხრივ, ამ ორმა ერთმანეთი გარკვეულწილად უნდა შეავსოს და/ან დააზუსტოს.[5] რატომ? იმიტომ, რომ თუკი ჩავიხედებით სოციოლოგიის კვლევითი მეთოდების ნებისმიერ, თუნდაც შესავალ სახელმძღვანელოში, ვნახავთ, რომ რაოდენობითი კვლევის მეთოდები მიმართულია რაიმე თეორიის ან ჰიპოთეზის დადასტურებისა ან უარყოფისაკენ, ხოლო თვისებრივი მეთოდები – რაიმე ფენომენის ან აქტორთა ქმედების გაგებისა და საზრისის დადგენისაკენ.[6] თუკი, კვლევაში კონკრეტული რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების კომბინირება ხდება, მაშინ თითოეული მეთოდოლოგიური პარადიგმის მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ.[7] რა თქმა უნდა, როდესაც კვლევა ახალგაზრდა თაობის ინტერესებს, ღირებულებებს, პრიორიტეტებს და მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება, კვლევაში თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდთა ინტეგრირება კვლევის შედეგებს უფრო მეტად რეპრეზენტატიულს ხდის და ამგვარი კომბინაცია მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, ტექსტიდან გაუგებარი რჩება, რატომ შეირჩა თვისებრივი მეთოდის კონკრეტულ ინსტრუმენტად ფოკუს ჯგუფური დისკუსია და არა, ვთქვათ, ბიოგრაფიული ინტერვიუ. მაგრამ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვლევაში არსებული ეს უზუსტობები არ არის მხოლოდ, რაიმე აბსტრაქტული, მეთოდოლოგიური დავის საგანი. სინამდვილეში, კვლევაში ძალიან ბევრი ადგილი გვხვდება, სადაც რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით შეგროვებული და შეფასებული მონაცემები ან გაუგებარია ანაც ურთიერთგამომრიცხავია. დაზუსტებისათვის, ორ მაგალითს მოვიყვან:
მაგალითი 1. თემატურ ბლოკში “განათლება და დასაქმება” რაოდენობრივი კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ გამოკითხულთა 52 პროცენტი ქვეყანაში არსებული განათლების დონით კმაყოფილია. თუმცა, მალევე აღმოვაჩენთ, რომ ფოკუს ჯგუფური დისკუსიის ანალიზის შედეგად, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ახალგაზრდები არსებულ განათლების ხარისხსა და გარემოს დამაკმაყოფილებლად არ მიიჩნევენ. ტექსტს თუ მივყვებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს უკმაყოფილება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, რომლებზეც დისკუსიებში მონაწილე ახალგაზრდები კრიტიკულად საუბრობენ: საგანმანათლებლო პოლიტიკა, ლექტორებისა და მასწავლებლების კვალიფიკაცია, მიწოდებული ცოდნის შეუსაბამობა ბაზრის მოთხოვნებთან; სულაც მშობლები, რომლებიც შვილებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარებას სთხოვენ. რატომ გვაქვს ასეთი შეუსაბამობა რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს შორის ან რითი შეიძლება აიხსნას ის, კვლევის ავტორები არ გვიმხელენ.
მაგალითი 2. ასევე დავიბნევით, როდესაც მივადგებით თემატურ ბლოკს “იდენტობა, ღირებულებები და რელიგია”, განსაკუთრებით კი იმ ნაწილს, სადაც საუბარია ტოლერანტობის საკითხზე. კვლევის შედეგების მიხედვით ახალგაზრდებში ტოლერანტობის ხარისხი დაბალია. ტექსტის ეს ნაწილები იმდენად დამაბნეველია, რომ მათი ციტირება მომიწევს.
“ახალგაზრდები საუბრობენ საქართველოს მოქალაქეებს შორის ეთნიკური უმცირესობებისადმი (ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ა.შ.) არსებულ ტოლერანტობის მაღალ ხარისხზე. ისტორიულად ეთნიკური ქართველების თანაარსებობა სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებთან სახელდება როგორც ტოლერანტობის ნათელი მაგალითი. თუმცა, ახალგაზრდების მონათხრობიდან ჩანს, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია არსებობს, მაგალითად სომხების მიმართ. მართალია, ახალგაზრდები ამბობენ, რომ სომხების მიმართ მძაფრი აგრესია არ არსებობს, არსებობს დისკრიმინაციის უფრო მალული ფორმები, ისეთები როგორიცაა გარიყვა, მეგობრობის თავიდან აცილება, დაცინვა და სხვა უსამართლო მოპყრობის ფორმები. საქართველოში მცხოვრები სომხების შემთხვევაში, ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ადამიანის „სომხად“ მოხსენიება ნეგატიურ მნიშვნელობას ატარებს”.[8]
თუ ახალგაზრდები საუბრობენ ტოლერანტობის მაღალ ხარისხზე, მაშინ რატომ საუბრობენ ისინი ასევე დისკრიმინაციაზე? ამ ციტატაში ტექსტი ისეა გაწერილი, თითქოს ახალგაზრდები ამტკიცებენ, ტოლერანტობის მაღალი ხარისხი გვაქვსო და ამ დროს, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მტკიცების მიუხედავად, აგრესიაც არსებობს და დისკრიმინაციაც. ამას მოსდევს სამი ამონარიდი ფოკუს ჯგუფების დისკუსიებიდან:
“ებრაელები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ უკვე წლებია. ისინი არავის შეუწუხებია და მათ არავინ ავიწროვებს”
“პიროვნული შეურაცხყოფაა, ბევრჯერ გამიგია სომხერი არისო და როგორ ვართ ტოლერანტულები?”
“ზოგიერთი ქართველი იყენებს ასეთ მიმართვას დაცინვის მიზნით, ‘შე სომეხო!”’[9]
აქ ჩვენ მხოლოდ პირველ ამონარიდში ვხედავთ, რომ საუბარია მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. დანარჩენ ორში, ტოლერანტობაზე საუბარი არ არის. ჩვენ არ ვიცით, რატომ და როგორ შეირჩა ეს ამონარიდები, არც კონტექსტი ვიცით. ამიტომ, ისიც კი გაუგებარი რჩება, რა უნდა გავიგოთ. ზოგადად, ამ ნაწილში ასეთ ურთიერთგამომრიცხავ წინადადებებს მრავლად შევხვდებით. მაგალითად, უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტ ჯგუფების მიმართ კვლევის შედეგების მიხედვით ცალსახაა, თუმცა, პერიოდულად, აღმოვაჩენთ მკვლევარების მიერ გაკეთებულ ასეთ ჩანართებს: “აღსანიშნავია ისიც, რომ ფოკუსური დისკუსიის მონაწილეები ლგბტ ჯგუფის მიმართ ტოლერანტობის მაღალ ხარისხს მიიჩნევენ საზოგადოების თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალ მაჩვენებლად”.[10] ამის დასასაბუთებლად კი ყოვლად გაუგებარი ამონარიდებია მოყვანილი, რომელთა მიხედვითაც დისკუსიის მონაწილეები ამბობენ, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები უზრდელები არიან ან ამბობენ, რომ საერთოდ უნდა გაასახლო ისინი სოფლიდან.[11] საიდან დაადგინეს მკვლევარებმა ზემოთ მოყვანილი მოსაზრება, რა შუაშია მასთან ეს ამონარიდები, კვლავაც, არ ვიცით. შესაძლოა, გვცოდნოდა, თუკი თვისებრივი მეთოდების შედეგად მოპოვებული მონაცემების შეფასებისა და ინტერპრეტაციის კონკრეტული ინსტრუმენტები გვეცოდინებოდა, ანდაც, სულ მცირე, შესაძლებლობა გვექნებოდა გვენახა კითხვარები. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდოლოგიის აღწერაში კვლევის ავტორები გვთავაზობენ ჩავხედოთ N1 და N2 დანართებს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტის სანახავად, გამოქვეყნებულ კვლევას ეს დანართები მიბმული არ აქვს და ისინი არც ცალკე ფაილად მოიპოვება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ვებ-გვერდზე.
გარდა იმისა, რომ თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები ადეკვატურად არ არის შეხამებული, კვლევაში გამუდმებით ვაწყდებით ერთ დიდ უზუსტობასაც. შესწავლილი ახალგაზრდების ასაკობრივი ჯგუფი, როგორც აღვნიშნეთ 14-დან 29 წლის ახალგაზრდებს მოიცავს. თუმცა, ზოგან ეს ჯგუფები დაყოფილია სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ზოგან არა. მაგალითად, კვლევიდან ვიგებთ, რომ კვლევაში მონაწილე ახალგაზრდების უმრავლესობა, 73%, დაუსაქმებელია. ჩვენ აქ უნდა ვენდოთ მკვლევარებს და ვიფიქროთ, რომ აქ ასაკობრივი ჯგუფები ჩაშლილია, რადგან მაგალითად 14 და 15 წლის ასაკის ადამიანები, როგორც წესი, არ მუშაობენ და ამგვარ სტატისტიკაში მათი გათვალისწინება ყოველგვარ აზრს იქნებოდა მოკლებული. სხვა მაგალითი: დაინტერესება პოლიტიკით, იქნება ეს გლობალური, რეგიონალური თუ შიდა პოლიტიკა. აქაც არ გვაქვს ასაკობრივი დაყოფა, არადა ხომ ცხადია, რომ 14 და 15 წლის მოზარდის ინტერესი პოლიტიკისადმი ნებისმიერ ქვეყენაში უფრო ნაკლები იქნებოდა, ვიდრე შედარებით უფროსი ახალგაზრდებისა.
მონაცემთა ინტერპრეტაცია და გამოხმაურება
ა) ინტერპრეტაცია
ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში რომელიმე ახალი “სოციალური კვლევის შედეგები” გამოქვეყნდება თუ არა, მედია მას ისე იტაცებს და ავრცელებს, თითქოს რაიმე ურყევი ჭეშმარიტება აღმოჩენილიყოს. ასე განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც კვლევაში ბევრი ციფრებია და როდესაც ის გვეუბნება, რომ ქართული საზოგადოება უფრო “ტრადიციული ღირებულებებისკენ იხრება”, ვიდრე “რაციონალურ-სეკულარულისკენ”, ან თუ იმეორებს ყბადაღებულ ფრაზას “საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ”… დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ასე რატომ ხდება. იმიტომ, რომ ზოგადად (და სამწუხაროდ) კვლევებია მწირი; თუ იმიტომ, რომ არ გვაქვს ცოდნა მეთოდების შესახებ; თუ კიდევ იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვიცით, სოციოლოგია და სოციალური მეცნიერებები ზუსტი მეცნიერებების რიცხვს რომ არ განეკუთვნება და რაც არ უნდა კარგად იყოს კვლევა ჩატარებული, მასში მოცემული ციფრები არასდროს იქნება 2×2=4-ის ეკვივალენტური. ასეა იმიტომ, რომ სოციალურ მეცნიერებებს, და კერძოდ სოციოლოგიას, საზოგადოება აინტერესებს. ხოლო, საზოგადოება, სხვადასხვა ჯგუფები თუ აქტორები არ არიან სტატიკური მოცემულობები. სწორედ ამიტომაც, სოციოლოგია ინტერპრეტაციული, გნებავთ რეკონსტრუქციული, ანდაც საზრისის გაგების ან სულაც დაკვირვებაზე დაკვირვების მეცნიერებაა.[12] მაგრამ ის არც ფიქციაა და არც ფანტაზიის ნაყოფი და სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, მუდმივად ერთ მთლიანობად მოვიაზროთ თეორიული აპარატი, მეთოდოლოგია და კონკრეტული მეთოდები და ისინი კრიტიკულად გავიაზროთ.
ვინმემ შეიძლება იფიქროს: ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ხომ გვაჩვენა კვლევამ, რომ ამდენი და ამდენი ახალგაზრდა ცხოვრობს მშობლებთან ერთად და არ ცხოვრობს დამოუკიდებლად, ანდაც რომ ახალგაზრდები პოლიტიკურად აქტიურები არ არიან ან რომ ტოლერანტობის ხარისხი ახალგაზრდებში დაბალია, ან საერთოდაც იქნებ ამ კვლევამ უბრალოდ მონაცემები შეგვიგროვა და გვაჩვენა, მათი ინტერპრეტაცია კი უკვე სხვა კვლევათა საგანია? ის, რომ რაღაც მონაცემები შეგროვდა, ცუდი ნამდვილად არ არის. თუმცა, წარმოიდგინეთ, რომ ხართ მკვლევარი და გაინტერესებთ რამდენად არიან ან არ არიან ტოლერანტულები ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესბობების მიმართ და როგორ ესმით მათ ტოლერანტობა. რას უნდა დაეყრდნოთ? პირველ რიგში, მონაცემებს, რომლებიც შეაგროვეთ. მათგან უნდა ამოხვიდეთ. მაგრამ, ზემოთ განხილული მაგალითიდან ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ მონაცემებში არსებული გაუგებრობის გამო, ვერც ვერაფერს ვერ გავიგებთ. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ა) რაღაც სხვა მონაცემები გაანალიზეს ავტორებმა. ისინი, რომელსაც კვლევის ტექსტში არ გვაჩვენებენ. ბ) რაღაც ხელოვნურ კვლევით კონსტრუქტთან გვაქვს საქმე.
ბ) გამოხმაურება
მედიის მხრიდან ახალგაზრდობის კვლევის შედეგების თავისებურმა გადმოცემამ კიდევ დამატებითი დატვირთვა მიანიჭა მას, რისი სანიმუშო მაგალითიც არის ბლოგ-პოსტი “ქართველი ახალგაზრდის პორტრეტი”.[13] ამ პოსტის დასაწყისში ვიგებთ, რომ ახალგაზრდობის კვლევის შედეგების საფუძველზე, ავტორებმა გადაწყვიტეს “საშუალოსტატისტიკური ქართველი ახალგაზრდის პორტრეტი”[14] შეექმნათ. მართალია, ალბათ არავინ იცის და ვერავინ გაიგებს, რას ნიშნავს „საშუალოსტატისტიკური ქართველი ახალგაზრდა“, მაგრამ მოდით მაინც გავყვეთ პოსტში მოცემულ მსჯელობას.
- პოსტში ვკითხულობთ, რომ საშუალოსტატისტიკური ახალგაზრდა ცხოვრობს მშობლებთან (70%). აქ არასწორი გენერალიზება გვაქვს. ჩვენ უკვე ვიცით კვლევიდან, რომ კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 1200 ადამიანი, ასაკობრივი კატეგორია 14-29. ისიც ვიცით, რომ ზოგიერთ ადგილას კვლევაში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყოფა გვაქვს, ზოგან არა. ასევე, ვიცით, რომ ეს უკვე თავად კვლევის პრობლემაა. თუმცა, ამ მონაცემთან დაკავშირებით კვლევაში ასაკობრივი კატეგორიები დაყოფილია და ასაკის ზრდასთან ერთად ეს რიცხვიც კლებულობს. მაგრამ ბლოგში, რომელსაც უკანა ფონად მუდმივად თან სდევს ირონიული ტონი, ავტორი სულაც არ უფიქრდება ან არ სურს დააზუსტოს, რომ წინადადება – “ახალგაზრდების 70% ცხოვრობს მშობლებთან“,[15] მცდარია. საერთოდ კი, თინეიჯერები არამარტო საქართველოში, არამედ თითქმის ყველგან მშობლებთან ერთად ცხოვრობენ.
- იგივე არგუმენტები ვრცელდება ბლოგში მოწოდებულ სხვა ინფორმაციაზეც, რომლის თანახმადაც ეს საშუალო სტატისტიკური ქართველი ახალგაზრდა, “მშობლებისავე კმაყოფაზე ცხოვრობს (62%)”, სრული საშუალო განათლება აქვს (47%) და მის გადაწყვეტილებებზეც მშობლები ახდენენ გავლენას (55%).[16] აქ, ზემოთ მოყვანილ ასაკთან დაკავშირებულ არგუმენტებს ისიც ემატება, რომ კვლევაში წერია: “ასაკის ზრდის პარალელურად, იკლებს მშობლებზე ფინანსური დამოკიდებულების მაჩვენებელიც (14-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში რესპონდენტების 96% ფინანსურად დამოკიდებულია მშობლებზე; 19-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – 64%, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – 35%)”.[17]
- ბლოგის ავტორი ასევე ირონიით გვამცნობს, რომ ეს უმუშევარი ახალგაზრდა (34%), ფიქრობს, რომ დასასაქმებლად კარგი ნაცნობები უნდა გყავდეს (74%). აქ, ავტორი ისე გვაწვდის ინფორმაციას, თითქოს, ეს ახალგაზრდები „ჩემი ცოლის დაქალების“ შაბლონური პერსონაჟები არიან, „ბირჟავიკები” ანდაც სამსახურის ქონის სურვილის მქონე, მაგრამ მუშაობის არმოსურნე ადამინები და ამიტომაც თვლიან, რომ ნაცნობის გარეშე ვერაფერს გახდებიან. კვლევაში გამოკითხული ახალგაზრდები ნამდვილად ასე თვლიან, მაგრამ ნეპოტიზმის პრობლემაზეც გვესაუბრებიან.
- “ასეა თუ ისე, ქართველ ახალგაზრდას ყოველ თვე რაღაც სახარჯო ფული მაინც აქვს. ამ ფულიდან ის სიგარეტზე უფრო მეტს ხარჯავს (თვეში 80 ლარი), ვიდრე გართობაზე (60 ლარი) ან წიგნებსა თუ სხვა საკითხავებზე (26, 7 ლარი)”.[18] მოკლედ, ეს მშობლებზე დამოკიდებული, მის კმაყოფაზე მცხოვრები, უსაქმური ახალგაზრდა, ცოტა ფულს თუ აკოწიწებს, იმის მაგივრად, რომ წიგნებსა და გართობაზე ხარჯოს, მეტწილად სიგარეტში ფლანგავს. არადა, კვლევა გვაჩვენებს, რომ გამოკითხულ ახალგაზრდათა 11%-ის ოჯახს მთლიანი შემოსავალი საკვებზეც კი არ ყოფნის. მხოლოდ 33%-ს ყოფნის ფული საკვებზე, მაგრამ არა ტანსაცმელზე, 43% პროცენტს ყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არა ძვირფას ნივთებზე (ძვირფას ნივთებად კი მაცივარი, ტელევიზორი და მისთანანი ითვლება, მაგრამ არა – მანქანა). მათი რიცხვი კი, ვისაც ყველაფრის ყიდვა შეუძლია, რაც სურს, მხოლოდ 3%-ია. ამასთანავე, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდები, ვინც დასაქმებულები არიან, სინამდვილეში ყველაზე მეტ ფულს სიგარეტზე კი არ ხარჯავენ, არამედ საბანკო სესხებსა და კრედიტებში მისდით, საშუალოდ 189.5 ლარი, მოგზაურობაში 110.6 ლარი და ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში 80.3 ლარი. ბოლოს ალბათ აჯობებს, პოსტის ავტორებისგან განსხვავებით, კვლევაში შეგროვებულ მონაცემებს გავცდეთ და იმაზეც დავფიქრდეთ, რომ ეს უსაქმური, მშობლებს ვერმოწყვეტილი ახალგაზრდა, რომელსაც შემოსავლის უდიდესი ნაწილი კრედიტში მისდის (ალბათ სწავლის საფასურის დასაფარად, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელია კვლევის თანახმად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალგაზრდების მიერ სწავლის შეწყვეტისა), თბილისში ბინას ქირაობს, ისევ და ისევ იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ისწავლოს. თბილისური სტუდენტური საცხოვრებლების მდგომარეობის და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ მეტ-ნაკლები წარმოდგენა გვაქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაც დავსვათ : რა ჯდება ბინის ქირაობა?
რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა
საკითხები, რომლებიც ამ წერილში მიმოვიხილე, არც სოციოლოგიის ‘მშრალ’ მეთოდოლოგიას ეხება მხოლოდ და არც, კვლევაში შესწავლილ ახალგაზრდათა ‘ავ-კარგიანობის’ დადგენას ცდილობს. სინამდვილეში, როგორც უშუალოდ კვლევას, ასევე მასზე გამოხმაურებასაც ბევრად უფრო სიღრმისეული და სტრუქტურული პრობლემები ახასიათებს. მიუხედავად განხილული ხარვეზებისა და უზუსტობებისა, თუ შეგროვებული მონაცემების ინტერპრეტაციის ნაკლებობისა (ტექსტში მონაცემთა განხილვისას ძალიან ხშირად გვხვდება, სიტყვები “საინტერესოა, რომ”), მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღინიშნოს – კვლევის დაგეგმვა, მისი ჩარჩო, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, არ არის ერთმანეთს მოწყვეტილი პროცესები. ხოლო, შედეგები, რომლებიც თუნდაც პროცენტული მაჩვენებლების სახით გვხვდება, არ წარმოადგენს რაიმე ‘ზეიდეოლოგიურ’ ჭეშმარიტებას.
რა თქმა უნდა, თუკი, მაგალითად, რომელიმე კომპანიას ახალი პროდუქტის, მაგალითად, ხაჭოს, გამოშვება უნდა და ამასთან დაკავშირებით სურს მონაცემების შეგროვება, აქ მნიშვნელობა მხოლოდ იმას ექნებოდა, რომ მონაცემები მეტ-ნაკლებად ზუსტად შეგროვდეს. მაგრამ, როდესაც საუბარია ახალგაზრდა თაობის კვლევაზე, მათ ინტერესებსა და ღირებულებებზე, საქმე ასე ადვილად აღარ არის. ცხადი რომ გავხადო, რას ვგულისხმობ და აბსტრაქტულ მსჯელობაში არ გადავიდე, ისევ კვლევიდან მოგიყვანთ მაგალითს. ისეთი ზოგადი და დაუსაბუთებელი ფრაზები, როგორებიცაა “პოლიტიკური კულტურის კუთხით, საქართველო ისევ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის გავლენის ქვეშაა”,[19] ანდაც “პროდასავლური საქართველო, სხვა პატარა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც ძლიერ მეზობლებთან ‘მიტმასნებას’ არჩევენ, ამ უკანასკნელისაგან მიღებულ მატერიალურ სარგებელს, სხვა ღირებულებებს ამჯობინებს”,[20] კვლევაში მრავლადაა. თუმცა, გარდა იმისა, რომ ეს ფრთიანი ფრაზები კონკრეტული იდეოლოგიური რეალობის ნაწილია და ამიტომაც არანაირი იდეოლოგიური ბაზისისგან ეს კვლევა თავისუფალი არ არის, აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისინი ცარიელი აბსტრაქციებია, რომლებსაც კონკრეტული მნიშვნელობა არ გააჩნიათ: რა სახის პოლიტიკურ კულტურაზეა საუბარი? საბჭოთა კავშირის პოლიტიკური კულტურა როგორი იყო? რას ნიშნავს მისი მემკვიდრეობის გავლენის ქვეშ ყოფნა? ვინ არიან ეს ხაზებს შორის ნაგულისხმევი და ამოსაკითხი პატარა ქვეყნები? რას ნიშნავს მიტმასნება? ვინ რა სარგებელს იღებს და ვისგან? სხვა ღირებულებები რა არის? საიდან ვასკვნით რომ ერთნი ერთს ამჯობინებენ, მეორენი კი მეორეს? ამ ფრთიან ფრაზებს მიღმა, არსებობს კიდევ ერთი შრე. მკვლევარები სახელმძღვანელო მოდელად იღებენ ისეთ კვლევით ჩარჩოებს, რომლებიც, მაგალითად, გვიდგენენ ტრადიციულია, მოდერნული თუ პოსტ-მოდერნული რომელიმე საზოგადოება, ჩვენს შემთხვევაში კი, ქართული საზოგადოება. ამ მექანიცისტური, გაურკვეველი უნივერსალური მოდელების შემუშავებაზე მიმართული თეორიებისა და კვლევითი მოდელების მიხედვით, მაგალითად, ტრადიციული საზოგადოებისათვის რელიგიური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო რაციონალურ-სეკულარულისათვის – ნაკლებ. ხოლო, ის საზოგადოებები რაც ამ მოდელში არ ჯდება, მუდმივად გამონაკლისით აიხსნება. უკანასკნელ წლებში მთელს მსოფლიოში მიმდინარე რელიგიურ განვითარებებს რომ დავაკვირდეთ, უნდა მივიჩნიოთ, რომ მათი უმრავლესობა გამონაკლისია? ანდაც, რას ნიშნავს საზოგადოების ერთ, ტოტალურ მთლიანობად წარმოდგენა, რომელიც ან ესეთია ან ისეთი? და თუ მაინცდამაინც ტრადიციულია, რაციონალური რატომ არ არის?
ამ თეორიათა დეტალური განხილვა და მათი კრიტიკა, კიდევ უფრო შორს წაგვიყვანდა და აქ არც ამის ადგილია და არც დრო. ერთს კი შევნიშნავ, რომ მეინსტრიმული თეორიებისა და კვლევების განმეორება, მათი მორგება ჩვენს რეალობაზე, მათი გავრცელება მედიის თუ სოციალური ქსელების მეშვეობით, მათ ისეთ შინაარსებს სძენს, რის შედეგადაც, ზოგისთვის ტრადიცია ჩამორჩენილობის, ხოლო მოდერნულობა პროგრესის აღმნიშვნელებად წარმოდგებიან ან პირიქით. თუმცა, ეს უკვე, ნამდვილად სულ სხვა და ბევრად ფართო განხილვის საგანია.
გამოყენებული ლიტერატურა:
[1] ფრიდრიხ ებერტის ფონდი (2017): თაობა გარდამავალ პერიოდში. ახალგაზრდობის კვლევა 2016 – საქართველო. თბილისი, გვ.12
[2] შდრ. იგ., გვ. 4
[3] შდრ. Bude, Heinz (2010): Soziologie der Generationen. In: Kneer, Georg und Schroer, Markus (Hrsg.) Handbuch Spezielle Soziologien. VS Verlag für Sozialwissenschaften, Wiesbaden
[4] იქვე
[5] Flick, Uwe (2011): Triangulation. Eine Einführung. VS Verlag für Sozialwissenschaften, Wiesbaden, გვ. 76-78
[6] შდრ. Kelle, Udo (2008): Die Integration qualitativer und quantitativer Methoden in der empirischen Sozialforschung. Theoretische Grundlagen. VS Verlag für Sozialwissenschaften, Wiesbaden, გვ. 13
[7] Przyborski, Aglaja und Wohrab-Sahr, Monika (2014): Qualitative Sozialforschung. Ein Arbeitsbuch. Oldenburg Wissenschaftsverlag, München. გვ. 6
[8] ფრიდრიხ ებერტის ფონდი (2017): თაობა გარდამავალ პერიოდში. ახალგაზრდობის კვლევა 2016 – საქართველო. თბილისი, გვ.118
[9] იგ., გვ. 118-119
[10] იგ., გვ. 123-124
[11] იქვე
[12] იხილეთ მაგ., Max Weber (1921), Alfred Schütz(1974), Luckmann and Berger (1966), Glaser/Strauss (1978/1998)
[13] ქართველი ახალგაზრდის პორტრეტი. ხელმისაწვდომია: https://jam-news.net/?p=14288&lang=ka
[14] იქვე
[15] იქვე
[16] იქვე
[17] ფრიდრიხ ებერტის ფონდი (2017): თაობა გარდამავალ პერიოდში ახალგაზრდობის კვლევა 2016 – საქართველო. თბილისი, გვ.17
[18] ქართველი ახალგაზრდის პორტრეტი. ხელმისაწვდომია: https://jam-news.net/?p=14288&lang=ka
[19] ფრიდრიხ ებერტის ფონდი (2017): თაობა გარდამავალ პერიოდში. ახალგაზრდობის კვლევა 2016 – საქართველო. გვ. 1
[20] იგ., გვ. 13
– ილუსტრაცია © Flamanko.