ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ სიტყვათხმარებაში აზრს ვეძახით, სხვა არაფერია თუ არა ენის ფაქტობრიობა. ფაქტობრიობა აქ არა მხოლოდ აზრის ენასთან ურთიერთობის რეალობაზე მიუთითებს, არამედ და რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, აზრის ენისგან გამოცალკევების შეუძლებლობასაც აღნიშნავს. ყოველი აზრი ენაში და ენის ძალით ხდება არსებულის ნაწილი, მხოლოდ ენის საშუალებით გვესმის ჩვენ აზრის ხმა და ენისავე დახმარებით ვგებულობთ აზრის აზრად გახდომის ისტორიის შესახებ. აქ ჩვენ აზრს თავიდანვე ვათავისუფლებთ ყველა იმ შინაარსისგან, რომელიც მას ყველაფერ უაზროს დაუპირისპირებდა, ან კიდევ იზოლირებული ერთეულის სახით დასრულებულ მთლიანობად წარმოიდგენდა. პირიქით, ამ ნაწერისთვის არაფერია აზრთან ისე ახლოს, როგორც უაზრობა, რომელიც ერთიანად განსაზღვრავს აზრის შინაგანობასა და გარეგანობას, მის სხეულებრიობასა და დროითობას. გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ უაზრობა უბრალოდ აზრის დაუსწრებლობაა ან კიდევ ის, რომ აზრი მის ისტორიულ განვითარებულობაში სხვა არაფერია, თუ არა გადალახული და მოშინაურებული უაზრობა. ამ ორი ფართოდ გავრცელებული სქემა-ჟარგონის საპირისპიროდ ჩვენთვის აზრი ყველგან და ყოველთვის განფენილ უაზრობის ზედაპირზე დატანილი ნიშანია, ამ ზედაპირის ორგანული ნაწილია, საგანთა ბოლოს ამ ზედაპირისავე მეხსიერებაა. უაზრობა ყველგან და ყოველთვისაა, ვერაფერი აღწევს თავს მის ყოვლისმომცველობას, მაკროსკოპული მასშტაბებიდან ელემენტარულ ნაწილაკებამდე ყველაფერი ყველგან და ყოველთვის უაზრობითაა აღბეჭდილი, სიცოცხლის პარადოქსი ისაა, რომ უაზრობის ამ ფიზიკო-გეოგრაფიული თუ არითმეტიკული ჰეგემონიის მიუხედავად აზრი კიდევ უფრო მეტად ყველგან და ყოველთვისაა. მისი მოძრაობის სიჩქარეები და სიხშირეები უსასრულოდ აღემატება უაზრობის ამავე მაჩვენებლებს, ამ მაჩვენებლების მიხედვით აზრი არც გაგებადობის ხარისხით იზომება და არც ამხსნელობითი დიაპაზონით იდგენს თავს, აქ იგი საბოლოოდ წყვეტს კავშირს რაიმე სახის ხელშესახებ ობიექტად დაფიქსირებულობასთან და სანაცვლოდ უაზრობის ზედაპირზე ნიშნის სახით დატანილი, ახალი რეალობების ქმნის მექანიზმად, არსებულის აქამდე უცნობი სფეროების, ვარიაციების, ფაზებისა და სტრუქტურების მქმნელ ენერგიად გვევლინება.
აზრის მიერ არსებულის ამ ახალი, აქამდე უცნობი რეალობების ქმნის პირველადი ძრავი პოლიტიკურის ენასთან ურთიერთობის სინამდვილეა. ამ ურთიერთობის ისტორია პოლიტიკურის არსებულისადმი განწყობის შინაარს ინახავს, მასში იკითხება პოლიტიკურის არსებულისადმი დამოკიდებულების ხასიათი, პოლიტიკურის მიერ რეალობის ინტერპრეტაციისა და განმარტების დინამიკა, პოლიტიკური ცხოვრების გეომეტრიზაციისა და მისი შემადგენელი ელემენტების გადანაწილების კოორდინატები, დაძაბულობები ცენზირების სისტემებსა და გათავისუფლების სტრატეგიებს შორის, ძალაუფლების ცნობიერი ზედნაშენისა და ძალაუფლებისავე არაცნობიერის გეოლოგიური მასალები. პოლიტიკურის ენასთან ურთიერთობის სინამდვილე არსებულის ყველა სხვა დისპოზიციაზე მეტს გვეუბნება საგნებს შორის იგივეობისა და განსხვავების პრინციპების ურთიერთმიმართების სტატუსზე, შესაძლებლობების აქტუალიზაციის გლობალურ თუ ლოკალურ პირობებზე, არსებულის იდეოლოგიზაციის ნორმატიულ ჩარჩოსა და ამ ჩარჩოს პრაქტიკულ ეფექტებზე. სწორედ პოლიტიკურის ენასთან ურთიერთობის სინამდვილეში მატერიალიზდება პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შინაარსი, ამ შინაარსის ეთიკა და ფსიქოლოგია, მხოლოდ ამ ურთიერთობიდან ამოიკითხება სიტყვის პოლიტიკურობის ისტორია, სიტყვის პრაქტიკული ღირებულება, ის, რისი საშუალებითაც აზრს მოქმედებაში მოჰყავს არსებულის ახალი რეალობები.
პოლიტიკურის ენასთან ურთიერთობის ნედლი მასალაც ყოველთვის სიტყვაა. ამ ურთიერთობის გზაზე სიტყვა არაერთხელ შეიცვლის მნიშვნელობასა და ფორმას, იმოგზაურებს ლექსიკონის ცენტრსა თუ პერიფერიაში, შეიძენს აღსანიშნთა დამატებით სერიებს და ახლებურად გარდაქმნის საგანთა პოლიტიზაციის კონტექსტებს. ამ ურთიერთობის პროცესში გამოიმუშავებს სიტყვა თანაობის სპეციფიკურად მისთვის დამახასიათებელ კომბინაციებს, რომელთაც ენა წინადადების სახით განაზოგადებს და ამ განზოგადებაში სიტყვებს შორის აზრის პოლიტიკურობის ინტენსივობას მონიშნავს. პოლიტიკურის სიტყვაც სხვა სიტყვებთან კომბინირების ისეთნაირი სამუშაოა, რომელიც წინადადების საშუალებით აზრის პოლიტიკურობის კვლავწარმოებას ხდის შესაძლებელს. პოლიტიკურის ენასთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ მხოლოდ წინადადება, მისი ტოპოგრაფია და ქრონოგრაფია გვეხმარება სიტყვის პოლიტიკურობის დადგენაში, მხოლოდ წინადადებაა სიტყვასთან პოლიტიკურად ურთიერთობის საშუალება, პოლიტიკურს სასიცოცხლოდ სჭირდება სიტყვების ერთად ორგანიზებული ბლოკები, კავშირები, ქსელები და ამდენად, არც ისაა გასაკვირი, რომ პოლიტიკურის ყოველი სიტყვის ორგანული მისწრაფებაა წინადადების ნაწილად გახდომა, უფრო ზუსტად, წინადადების საშუალებით აზრის პოლიტიკურის შინაარსებით გაჯერება, აზრის პოლიტიკურად და პოლიტიკურით უზრუნველყოფა.
დღეს ასეთი აზრისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ საკითხი, რომელიც ენის პოლიტიკურობას შეეხება ცალკეულად არც თეორიულ განზომილებას შეიძლება მიემართოს და იგი არც არათემატიზებული ყოველდღიურობის პირისპირ უნდა დავტოვოთ. არსებულის თანამედროვე, სემიოკაპიტალისტური რეჟიმის პირობებში, წარმოების ტექნიზაციასთან ერთად ენა სრულად ინტეგრირდება კაპიტალის ვალორიზაციის პროცესში, რის შედეგადაც კაპიტალი მატერიალურ საქონელთან ერთად ფსიქიკური სტიმულების წარმოებასაც იწყებს.[i] არსებულის სემიოკაპიტალისტური რეჟიმის პირობებში, მნიშვნელობებზე მონადირე ცენზირების აპარატები აღარ კმაყოფილდებიან ცალკეულად შრომის პროცესის მონიტორინგით, კონტროლითა და სანქცირებით, უფრო მეტიც, ამ რეჟიმის სხეული, ამ სხეულის ავტომატიზებული კანი, სისხლძარღვები და კუნთები ნაწილობრივ ტოვებს კიდეც შრომის ადგილს და მის ხელთ არსებული რესურსების უზარმაზარ ნაკადს ენის ავტორიზაციისკენ მიმართავს. სემიოკაპიტალიზმის პირობებში, კაპიტალი საბოლოოდ ითვისებს ვალორიზაციის იმ მეთოდებს, რომლებიც აქამდე მისთვის სტრუქტურულად უცხო იყო. თუ აქამდე კაპიტალის მიერ საკუთარი თავის განვრცობის საფუძველმდებარე პრინციპს შრომის პროცესის დისციპლინირება და შემდგომ უკვე მისი კონტროლი წარმოადგენდა, ახლა უკვე ასეთად ის ენა იქცევა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შრომის პროცესის შესახებ ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, კაპიტალის სემიოტიზაციის დინამიკა, ცხოვრების ყოველდღიურობის ორგანიზების თვალსაზრისით, გლობალურად განსხვავებული სიმძლავრეებით რეალიზდება, მაგრამ ამ განსხვავებულობის მიუხედავად, არსებულის ფაქტია, რომ ყველაზე ნაკლებად ტექნოლოგიზებული პოლიტიკური ერთობებიც კი ამ პროცესის შორეულ ექოდ ფორმდებიან მაშინ, როდესაც ტექნიკური აპარატის საშუალებით სხვადასხვა მიმართებაში მოდიან სემიოკაპიტალის მიერ მათგან თუნდაც შორს, მეტროპოლიებში ნორმირებულ მოდელებთან. გარკვეული აზრით, იმის თქმაც კი შეიძლება, რომ არსებულის ამ რეჟიმის უმთავრესი იდიოსინკრაზიაც ზუსტად ისაა, რომ საკუთარივე თავი მუდმივად ბრჭყალებში ჩასმის ოპერაციებით გაიმრავლოს, პერმანენტულად აწარმოოს ინსტიტუციონალიზებული და კვაზი-ინსტიტუციონალიზებული დისკურსები მისი არარსებობის ან თუნდაც სხვაგან არსებობის შესახებ და შედეგად ამ გზით მოიპოვოს სუვერენიტეტი რეალობაზე.
არსებულის სულ უფრო მზარდი ტექნიზაციის საშუალებით სემიოკაპიტალი არა მხოლოდ მნიშვნელობებისა და წარმოდგენების ორგანიზებულ სისტემას ქმნის არსებულის შესახებ, არამედ პარალელურად ამ მნიშვნელობებისა და წარმოდგენების გამოთქმის, მათი ენაში მოქცევის მზა რეცეპტების ფაბრიკაციასაც ისე ახდენს, რომ ინდივიდს ერთი მხრივ, ხელიდან გამოეცალოს არსებულის კრიტიკის რეალური ინსტრუმენტები, იგი გულგრილ, დაუინტერესებელ და საკუთარ თავთანვე მიმართებაში ნებაგამოცლილ ბიოლოგიურ ერთეულად აქციოს, მეორე მხრივ, კი აბსოლუტური კონტროლი დაამყაროს ამ ინდივიდის პოლიტიკურად გახდომის თითოეულ ელემენტზე, მის იდეებზე, სურვილებზე, ემოციებსა და ღირებულებებებზე. ამ პროცესში სემიოკაპიტალისთვის ენა არა უბრალოდ საშუალებაა, რომლითაც იგი საკუთარ თავს განივრცობს არსებულში, არამედ ჯერ კიდევ დასაუფლებელი სამიზნეც, რისკენაც კონცენტრირებულია კიდეც მთელი მისი მაშინერიის ძალისხმევა.
წარმოების ტექნიზაციით მოშინაურებული შრომის პირობებში, სემიოკაპიტალისთვის ყველა სხვა მიზანზე უპირატესი სწორედ ენის დაქვემდებარებაა. მხოლოდ ენაღა რჩება კაპიტალის აბსოლუტური დომინაციის მიღმა. ამ ნაკლის საკომპენსაციოდ კაპიტალი სერიული წარმოებისთვის დამახასიათებელი ავტომატიზმით აპატენტებს ლექსიკონების, სინტაქსების, პუნქტუაციებისა და ფრაზირების მზა ფორმულებს და ამ გზით ყოველთვის უკვე განპირობებულ განწყობას ქმნის რეალობასთან. დაუგეგმავისა და წინასწარ განუსაზღვრელის პრევენციისთვის სემიოკაპიტალი მეთოდურად გამოიმუშავებს კრიტიკის საწინააღმდეგო იმუნურ სისტემას, არსებულის ეს რეჟიმი პერმანენტულად თვითონვე აწარმოებს საკუთარივე თავის “უარმყოფელ” აღმნიშვნელთა სერიებს, რომლებშიც ერთიანადაა ჩაშენებული სხვადასხვა ტიპის გათავისუფლების კომერციალიზებული სტრატეგიები, წინააღმდეგობის თვითმარქვია პრაქტიკები და ენის ბიუროკრატების მიერ დადგენილი პოლიტკორექტულობის პერვერსიული ნორმები. სწორედ ამ პრაქტიკებისა და ნორმების მიერ კულტივირებულ ენაში ინვესტირდება და გაიბნევა არსებულის ძირეული კრიტიკის ენერგია და მუხტი. მართალია ასეთი პრაქტიკა კიცხავს, ბრალს დებს, ამხელს, გამოააშკარავებს, საჭიროების შემთხვევაში იგი არც ღია დაპირისპირებასა და კონფრონტაციაზე იტყვის უარს, მაგრამ ამ იდეებისგან გამოხშირული და პოლიტიკურისგან დაცლილი რეპრეზენტაციების მიღმა, როგორც წესი მხოლოდ სტატუს კვოს შენარჩუნების პრაგმატული ინტერესი დგას, რომელიც მხოლოდ იმიტომ უარყოფს, რომ არსებითად კიდევ უფრო მეტად შეინარჩუნოს, რომ უფლებრივად და ძალაუფლებრივად კიდევ უფრო მეტად ხელშესახები გახადოს არსებულზე პროეცირების საკუთარი ალგორითმი და ამ გზით პოლიტიკურ ცხოვრებას ხელიდან საბოლოოდ გამოაცალოს ენა, იგი არსებულის მაორგანიზებელი ძალიდან სამყაროს აღწერის პასიურ მედიუმად აქციოს, რომელშიც ენისავე ემანსიპატორული ძალა არსებულის შესახებ მხოლოდ ყოველთვის უკვე დამზადებული მონაცემების რეგისტრირებამდე იქნება დეგენერირებული.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს პოლიტიკურის ამოცანაც ენასთან დამოკიდებულების ფუნდამენტური ტრანსფორმაციაა. ტრანსფორმაციის ამ პროგრამას ვერც ოფიციალური დოკუმენტის სახე ექნება და იგი არც რაიმე სხვა სახის საჯარო ფორმატად შეიძლება რომ მოვიაზროთ, რადგან სინამდვილეში პოლიტიკურისთვის არაფერია ენასთან ურთიერთობაზე უფრო კონკრეტული, განმხოლოებული, პირადული, გნებავთ ინტიმური. ასეთ კონკრეტულობაში, პოლიტიკურის თავისებურებაა ენასთან ურთიერთობის დროს, არა მარტო აღბეჭდოს ის, რაც არსებულში ხდება, არამედ შექმნას და აწარმოოს რეალობის ახალი ფორმები, ერთიანად გადალახოს უაზრობის საკუთარ თავთან უცვლელად მიმართების ჩვეულება და გეზი არსებულის აზრის ახალი რეგისტრებით შევსებისკენ აიღოს. ენასა და პოლიტიკურს შორის მხოლოდ მართებული ურთიერთობა უზრუნველყოფს არსებულში ასეთი აზრების ქმნადობას, ქმნის ამ პროცესის განგრძობითობას, აზრის მუდმივმოქმედ სამუშაოს, რომლის შინაარსიც პოლიტიკურსა და ენას შორის ქმნადი ორმხრივობის პროპორციებიდან ამოიზრდება. ასეთი ურთიერთობა აღარსად ტოვებს ადგილს ცალმხრივობის ჟარგონისთვის, ენის პოლიტიკურობა თანაბარზომიერად თავისუფალია როგორც შემმეცნებელ სუბიექტზე ცენტრირებულობისგან, ასევე ენის აბსოლუტიზაციის ტრანსცენდენტური მემკვიდრეობიდანაც. ამ ორის საპირისპიროდ აქ მხოლოდ ორმხრივობის ჰარმონიული პროპორციები მნიშვნელობს, ენა, რომელიც ყოველთვის უკვე ხდება ენა, საგანთა მოცემის პრაქტიკულ დონეზე, ამავდროულად ყოველთვის უკვე პოლიტიკურის საშუალებით ახერხებს არსებულის ნაწილად გახდომას, მეტყველებაში ხმისა და ნაწერში ფორმის შეძენას. ზუსტად ამ ორმხრივობის დახმარებით ვგრძნობთ, რომ აზრის ენაში მოპყრობით ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით, არამედ ვართ შექმნილები, გვაქვს ძალა და ამავდროულად განვიცდით უძალობას, ვურთიერთობთ სიტყვასთან და თან ბევრს ვერაფერს ვგებულობთ მის შესახებ, იქნებ სწორედ პოლიტიკურის ენასთან ურთიერთობის ორმხრივობაში უნდა მოვუსმინოთ ჰაიდეგერის პოლიტიკურისთვისაც ყურადსაღებ სიტყვებს, რომ “საგანთა ბოლოს არსებითი განსხვავებაა თავისთავად არსებულის სისავსეში წვდომასა და ამ არსებულის სისავსის შუაგულში დგომას შორის. პირველი პრინციპულად შეუძლებელია. მეორე კი ჩვენს ყოფნაში მუდმივად ხდება.”[ii]
[i] Franco “Bifo” Berardi, Precarious rhapsody – Semiocapitalism and the pathologies of the post-alpha generation; (Minor Compositions, London 2009), 150, 46
[ii] Martin Heidegger, Was ist Metaphysik? (Gesamtausgabe, Band 9, Vittorio Klostermann, Frankfurt am Main 1976), 110