ჟურნალისტი ზვიად ავალიანი: “მედიაჩეკერს” ბოდიშის მოხდისკენ მოვუწოდებ!

avaliani-zviadi-300317

► ზვიად ავალიანი გახლავთ ჟურნალისტი და პოლიტილოგი. მას მიჰყავს პოლიტიკური “თოქ-შოუ” “არგუმენტების დრო” საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე. ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ მის Facebook გვერდზე გავრცელებულ მიმართვას:

“მინდა საგანგებოდ გამოვეხმაურო 23 მაისს მედიაჩეკერში გამოქვეყნებულ შეფასებას, რომელიც ეხებოდა „არგუმენტების დროს“ 22 მაისის ეთერს, სადაც გადაცემის სტუმარი იყო მე-8 მოწვევის პარლემენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ თამაზ მეჭიაური.

მიუხედავად იმისა რომ არასდროს მქონია პრეტენზია უშეცდომობაზე, ყოველთვის ყურადღებით ვისმენ კრიტიკას და ამასთანავე, ყოველთვის ავტორიტეტად ვთვლიდი მედიაჩეკერს ჟურნალისტური ეთიკის საკითხებში, დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ ამ შეფასებას არაფერი აქვს საერთო ობიექტურ კრიტიკასთან და ტექსტის ზოგადი პათოსი ტოვებს ერთგვარი პოლიტიკური ცენზურის დაწესების მცდელობის შთაბეჭდილებას, რომელიც გაჯერებულია ჟურნალისტის პროფესიული ღირსების შემლახავი პასაჟებით.

ასე, მაგალითად, სტატიის ავტორი, რომლის გვარსაც შეგნებულად არ დავასახელებ აცხადებს, რომ „წამყვანმა არც ერთხელ არ შეაწყვეტინა სტუმარს, არ გაემიჯნა გავრცელებულ სიძულვილის ენას, არ შეეწინააღმდეგა დეზინფორმაციას, გადაცემაში არ დასმულა არცერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც მაყურებელს სტუმრის არასწორ დამოკიდებულებებზე მიუთითებდა“.

ეს განცხადება არის არა მხოლოდ სიცრუე (გადაცემაში დაისვა არაერთი კრიტიკული კითხვა) არამედ საინტერესოა სხვა მხრივაც – კერძოდ, ნიშანდობლივია რა მიაჩნია ავტორს დეზინფორმაციად:

„მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ის ნატოში საქართველოს შესვლის პერსპექტივას ვერ ხედავს, შესვლის შემთხვევაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებს დავკარგავდით, რაც გავრცელებული ანტიდასავლური მესიჯია და რაც რეალობას არ შეესაბამება“ – აღნიშნავს ავტორი.

ამ ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ სტატიის ავტორი ერთმანეთისგან არ (ან ვერ) ანსხვავებს ინფორმაციას, ფაქტს და პოზიციას.

ის, რომ რესპოდენტი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავს არ შეიძლება იყოს არც ინფორმაცია და არც დეზინფორმაცია, რადგან ეს არის პოზიცია(!), ისევე როგორც მოსაზრება რომ შესვლის შემთხვევაში ტერიტორიებს დავკარგავ(დი)თ. რაც შეეხება რეალობას (ანუ ფაქტს), იგი საერთოდ შეუძლებელია განისაზღვროს აწმყოში მომავალთან მიმართებით. მომავალზე საუბარი შესაძლებელია სწორედ და მხოლოდ პოზიციების და პროგნოზების დისკურსში. აქედან გამომდინარე ფრაზა „რეალობას არ შეესაბამება“ აბსოლუტურად ანტილოგიკურია – შეუძლებელია რესპოდენტმა, წამყვანმა, სტატიის ავტორმა ან საერთოდ ვინმემ დღეს დანამდვილებით იცოდეს რა იქნება ფაქტი ხვალ.

ავტორი ასევე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ „ყოფილი დეპუტატი შეეხო საქართველოში დიდგორობის დღესასწაულის დაწესებასაც, რომლის დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზად, თურქეთის მხრიდან ზეწოლა დაასახელა“

ეს არის კიდევ ერთი საყვედური გადაცემის შინაარსის მიმართ თუმცა ამ საყვედურში ჩანს, რომ სტატიის ავტორმა აქ ფაქტს და პოზიციას ისევ „თავის სასარგებლოდ“ (უფრო სწორად – გადაცემის იმიჯის საზიანოდ) შეუნაცვლა ადგილები: რეალურად, „დიდგორობის“ კანონპროექტის ინიციატორმა პარლამენტარებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ შეჩერების მიზეზი იყო თურქეთის ელჩის ჩარევა.

შესაბამისად, გაურკვევველია რას თვლის ავტორი დეზინფორმაციად – ელჩის ჩარევის ფაქტს, თუ ისევ და ისევ ჩარევის პოლიტიკურ შეფასებას („ზეწოლას“). თუ პირველს – მაშინ ეს ფაქტების არცოდნას მიუთითებს, ხოლო თუ მეორეს – მაშინ კონკრეტულ შეფასებაზე ცენზურის დაწესების მცდელობაა და სხვა არაფერი.

საერთოდაც, ვიდრე საუბარს დაიწებდა ანტითურქული კონტექსტის შესახებ, სტატიის ავტორს ალბათ ჯობდა გადაეხედა დასავლეთის წამყვანი დემოკრატიების ლიდერებისა და დასავლელი ანალიტიკოსების მიერ ბოლო წლებში თურქეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე და უპირველეს ყოვლისა გაეკრიტიკებინა ისინი იმ გამონათქვამებისთვის, რომლებიც თავიანთ ფორმით და შინაარსით გაცილებით უფრო მძაფრი და კონფრონტაციულია, ვიდრე ის რაც მაყურებელმა ჩვენი ეთერით მოისმინა. მრჩება შთაბეჭდილება რომ სტატიის ავტორი ელემენტარულად მოვლენებს ჩამორჩა და არ იცის, რომ დასავლეთის რიტორიკა თურქეთის მიმართ ბოლო პერიოდში უპრეცედენტოდ კრიტიკული გახდა და ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებში ეს სრულიად ბუნებრივ პროცესად აღიქმება თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

სტატია შეიცავს კიდევ რამდენიმე მსგავს პასაჟს, რომელთა ერთი ნაწილი მთლიანად სუბიექტურ ინტერპრეტაციაზეა აგებული და შესაძლოა გავიგოთ ისეც, როგორც ავტორს სურს რომ გვითხრას და ისეც, როგორც რეალობაში ითქვა…

ზოგადად სტატიაში თითქმის ყველაფერი სუბიექტურ აღქმაზეა აგებული და საბოლოო ჯამში ერთადერთი, რაც დანამდვილებით ნათელი და კონკრეტულია, ეს არის ჟურნალისტისთვის „თითის დაქნევის“ მცდელობა რათა მან სავარაუდოდ, მსგავსი დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, მომავალში უარი თქვას კონკრეტული პოლიტიკური პოზიციების მქონე რესპოდენტების მოწვევაზე.

ცალკე მინდა გამოვყო ჟურნალისტური ეთიკისა და სიძულვილის ენის მომენტი, რაც მეორე მხრივ კავშირშია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან: ზოგადად ტექსტის მთელი პათოსი მიუთითებს იმაზე, რომ ავტორს ძალიან თავისებური (მე ვიტოდი – ფაქტობრივად უნიკალური) წარმოდგენა აქვს არა მხოლოდ ფაქტებსა და პოზიციებზე, არამედ მთლიანად იმ არხზე და გადაცემაზე, რომელსაც აკრიტიკებს. „არგუმენტების დრო“ ისევე როგორც მეორე არხი მთლიანად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არამეინსტრიმულ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც არ არის „განებივრებული“ ეთერით კომერციულ არხებზე. ეს იყო ყოველთვის მეორე არხის ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფუნქცია და მისი ღირსებაც. პოლიტიკური ჯგუფების ამ დიაპაზონში ცხადია არსებობს როგორც ევროსკეპტიკური (და „ნატო-სკეპტიკური“) ისე არალიბერალური შეხედულებების მქონე საზოგადოებრივი გაერთიანებები.

შესაბამისად, ასეთ ფორმატებში არ არის გამორიცხული გაკეთდეს ისეთი განცხადებებიც, რომელიც ლიბერალურ ღირებულებათა სისტემაში შესაძლებელია შეფასდეს როგორც ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ა.შ. (მაგალითად – ჰეტერონორმატივიზმის პროპაგანდა) მაგრამ თუ საქმე არ გვაქვს ძალადობისკენ მოწოდებასთან ან ძალადობის მხარდაჭერასთან (გამართლებასთან), ცხადია აბსოლუტურად მიზანშეუწონელია წამყვანი რესპოდენტისთვის დამამცირებელი ტონით „გაემიჯნოს“ ყველა სიტყვას (რასაც ავტორი გვირჩევს!), ფაქტობრივად არ მისცეს მას აზრის გამოთქმის საშუალება და ამით შექმნას ისეთი კონფლიქტური სიტუაცია, რომ გამოირიცხოს ამ რესპოდენტის შემდგომი სტუმრობა მოცემულ გადაცემაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ რეალური მიზანი სწორედ ეს არის და თუ ვინმეს მიაჩნია რომ კონკრეტული პოზიციები, პარტიები ან პიროვნებები ეთერისგან უნდა „დაიბლოკონ“ თავიანთი შეხედულებების გამო, ეს მოთხოვნა მათ უნდა დააყენონ პოლიტიკურ ჭრილში და აიღონ კიდეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პოზიციაზე.

ანალოგიურად – თუ ვინმეს მიაჩნია რომ სიტყვის თავისუფლება არის მხოლოდ იმ პოზიციების მრავალფეროვნების დაშვება, რომლებიც ჩვენ მართებულად მიგვაჩნია ან თუ ვინმე ფიქრობს რომ ჩვენ ლიბერალიზმი უნდა გამოვაცხადოთ ქვეყნის ერთადერთ, ოფიციალურ იდეოლოგიად და ყველა სხვა იდეოლოგიური პოზიცია (მაგალითად იგივე კონსერვატიზმი) უნდა წარმოვაჩინოთ როგორც „შეცდომა“, „მტრის პროპაგანდა“ ან „ქვეყნის ღალატი“, ესეც პირდაპირ უნდა ითქვას და სწორედაც რომ აბსოლუტურად არაეთიკურია ასეთი „ცენზურის“ დაწესების მცდელობა „შემოვლითი გზებით“ და ჟურნალისტების „პოლიტიკური შანტაჟით“.

სხვათა შორის – ჩანართის სახით – აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტს საუბრობენ სიტყვის თავისუფლებაზე და პოზიციების მრავალფეროვნებაზე, რეალურ ისტორიაში როგორც წესი ყველაზე შეურიგებლები იყვნენ მეორე არხის მიმართ, სადაც ეს მრავალფეროვნება ალბათ ყველაზე სრულად იყო წარმოდგენილი. ამიტომ აქვე მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც წლების მანძილზე თავისი წილი ქვა აქვს ნასროლი მეორე არხის იდეისთვის, თავი შეიკავონ ფსევდო-სოლიდარობისგან და ნუ ცდილობენ საკუთარი პერსონების თუ ორგანიზაციების „გაპიარებას“ დღეს იმ ყალბი „შეშფოთებებით“, რომლისაც არავის სჯერა და არც არავის სჭირდება.

…და ბოლოს – რაკი სტატიის ავტორმა (მადლობა მას!) გულისხმიერად მიგვითითა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ბმული, რომელსაც ცხადია თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგად იცნობს, მადლიერების ნიშნად ჩემი მხრიდან მეც მივცემდი მას რჩევას არ შემოიფარგლოს მხოლოდ ამ დოკუმენტით და პერიოდულად მიადევნოს თვალყური თანამედროვე მედიას და მის პრაქტიკას მსგავს კონტექსტებში, უპირველეს ყოვლისა – დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი აშკარად მოისაკლისებს ინფორმაციას ამ კუთხით.

ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა მედიაჩეკერის კრიტიკასთან დაკავშრებით, რომელსაც, სიმართლე გითხრათ არც კი მივაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას – (ბოლოს და ბოლოს შეცდომისგან დაზღვეული არავინ ვართ) – რომ არა ის პატივისცემა ამ ორგანიზაციისა და გუნდის მიმართ რომელიც წლების განმავლობაში გამაჩნდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მივმართავ მედიაჩეკერის რედაქციას – იმ, ჩემი აზრით სრულიად ალოგიკური და არაობიექტური პათოსის გამო, რითაც არის გაჯერებული ეს სტატია და რის გამოც პირადად მე, ისევე როგორც გადაცემის მთელმა გუნდმა უკიდურესად შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი, გთხოვთ და მოგიწოდებთ კიდეც, იქნებ ხანდახან თქვენი კრიტიკის შესაძლებლობაც დაუშვათ და აღიაროთ რომ ხანდახან შეიძლება თქვენც შცდეთ ან გადააჭარბოთ, რის გამოც შეიძლება ადამიანებს ძალიან მძიმე შეურაცხყოფაც მიაყენოთ.

თუ თქვენ დაუშვებთ საკუთარი კრიტიკის პრეცედენტს და ბოდიშს მოიხდით თუნდაც შეურაცხყოფის კონტექსტში, რაც იმედს ვიტოვებ არ ყოფილა მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა, მე ამ ინცინდენტს ამოწურულად ჩავთვლი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნათელი იქნება, რომ ეს არ ყოფილა ბანალური გაუგებრობა ან გადაჭარბება და უფლებას ვიტოვებ გამოვიტანო შესაბამისი დასკვნები და გავაკეთო შესაბამისი შეფასებები.”


ფოტო გადმოტანილია სააგენტო “მედიანიუსის” ვებგვერდიდან.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ