ლევან მურადაშვილი
უკვე ემპირიულად განმტკიცებული, თუმცა ლოგიკურად ჯერაც ბოლომდე დაუსაბუთებელი ჭეშმარიტებაა – თუ გვაქვს კაპიტალისტური ეკონომიკა, მაშინ გვაქვს ეკონომიკური კრიზისებიც. ამის საპირისპიროდ კი, ლოგიკურად განმტკიცებული, თუმცა მხოლოდ ჰიპოთეტური და ემპირიულად დაუსაბუთებელი მტკიცება გამოდის: არ გვაქვს კაპიტალისტური ეკონომიკა – არ გვაქვს არც კრიზისები.
ზოგიერთის საკმაოდ მოსწრებული, თუმცა ცხადია, არც ისე კორექტული თქმით, გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველომ მაინცდამაინც ვერ იგრძნო მართლაც სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ საამისოდ უნდა გვქონოდა კიდეც ეკონომიკა. ასეთი შეფასება, რა თქმა უნდა, თავისთავად მცდარია, ვინაიდან გარკვეული ეკონომიკური სტრუქტურის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებს, და რადგანაც თუნდაც თუნდაც ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებსაც კი გააჩნიათ თავიანთი ეკონომიკა. მაგრამ ამ შეფასებაში მაინც დაჭერილია რაღაც სიმართლე იმ კუთხით, რომ გლობალური კრიზისის მგრძნობიარობა ყოველ ცალკეულ ეკონომიკაზე განისაზღვრება ამ უკანასკნელის ინტეგრაციის ხარისხით გლობალურ გარემოში. ამ მხრივ კი, დიდად ვერ დავიკვეხნით, რადგან საქართველოს ეკონომიკის ჩართულობა მსოფლიო სისტემაში შემოიფარგლება მხოლოდ უარყოფითი სავაჭრო ბალანსით, სანაცვლოდ შემოდინებული არც ისე მწარმოებლურად განთავსებული უცხოური ინვესტიციებით და კიდევ იმით, რომ გარეთ იციან: ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ!
აღარაფერს ვამბობ, ვთქვათ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობაზე და აქედან გამომდინარე, მსოფლიო ფინანსურ გარემოში ჩვენი უმნიშვნელო ჩართულობის კიდევ ერთ მტკიცებულებაზე. მიმდინარე გლობალურმა კრიზისმა კი სწორდ ფინანსური სფეროებიდან იფეთქა (არადა, ნეოლიბერალებს რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი თვითრეგულირების უნარი სწორედ ფინანსურ სისტემას აქვს, სადაც მაღალია ფასების მოქნილობა და ლიკვიდობა). ერთი შეხედვით, მართლაც უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფრის მიზეზი მართლაც ინტეგრაციის დაბალი დონეა და ჩვენ საიმედოდ ვართ დაცულნი ჩვენივე ეკონომიკური განუვითარებლობით. მაგრამ მთლად ასეც არ არის. ჩართულობა იმაზე მაღალია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და გლობალურ კრიზისსაც იმაზე გამანადგურებელი შედეგები შეუძლია დაგვატეხოს თავს, ვიდრე ესეც ერთი შეხედვით ჩანს.
. . .
გასული საუკუნის მიწურულს, საბჭოთა კავშირის დაშლის კვალობაზე, საქართველოში ხელახლა დაიწყო კაპიტალის ე.წ. თავდაპირველი დაგროვების პროცესები, რომლებიც დღესაც გრძელდება. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური წელთაღრიცხვით საქართველოში XVI-XVII საუკუნეებია. ამასთან, ამის გვერდით, ბუნებრივია, გვხვდება თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი ტენდენციებიც, რაც საბოლოოდ ერთგვარ ანომალიურ ვითარებას ქმნის ქვეყანაში, სადაც მერკანტილიზმმა ხელახლა (ანდა საერთოდ – პირველად) დაიწყო განვითარება. კერძოდ, კაპიტალის დაგროვების ეს პროცესები შეხამებულია ჩვეული ლოგიკით განვითარებული გარესამყაროს თანამედროვე, ნორმალურ ეკონომიკურ პროცესთა მსვლელობასთან. ქართული საზოგადოება უცნაური სიტუაციაშია უფრო მეტად სოციალური თვალსაზრისით: საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც ზემოთ ხსენებული თავდაპირველი დაგროვების ამჟამინდელ რეალობამდე უკვე ,,გადატანილი’’ აქვს ერთგვარი სოციალისტური ინდუსტრიული რევოლუცია. ეს კი აისახება არა იმდენად ეკონომიკურ, რამდენადაც სოციალურ მდგომარეობაზე; ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობის მიუხედავად, ჩვენთან საზოგადოებრივი ცნობიერება მეტნაკლებად პოსტინდუსტრიულია.
პოსტინდუსტრიული ცნობიერება, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს შემთხვევაში დიდი ვერაფერი მშველელია. პირიქით, უფრო მეტწილად ეს უარყოფითი გარემოებაც კია. ალბათ იმიტომ, რომ იგი პოსტსაბჭოურია.
მაგრამ მოვეშვათ ცნობიერების საკითხს და მივყვეთ ყოფიერებას, ე.ი. კაპიტალის დაგროვების ტენდენციას.
საქართველოში, თავისი განვითარების ამ, პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის, ეტაპზე კაპიტალის დაგროვების ძირითად საშუალებად იქცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ,,ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ განსაკუთრებით იმატა ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოდინებამ. მაგრამ ერთია თვით კაპიტალის მოდინება და მეორე – ის, თუ სად მოხდება მისი განთავსება. უსამართლობა იქნება, თუ ვუარყოფთ, რომ შემოდინებული სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკის ,,რეალურ სექტორშიც’’ იქნა განთავსებული, მაგალითად – დამამუშავებელ მრეწველობაში; მაგრამ სამწუხაროდ, მათი ასევე სერიოზული ნაწილის ადრესატი არ ყოფილა ეკონომიკის ის სფეროები, რომლებშიც ახალი მწარმოებლური კაპიტალღირებულება შეიძლებოდა შექმნილიყო. ამიტომ, საბოლოო ანგარიშით, ქვეყანაში იმაზე საგრძნობლად მეტი ფინანსური რესურსი შემოვიდა, ვიდრე მისი ათვისება მოხდა ,,რეალური’’ თვალსაზრისით. შეუსაბამოდ დიდი ნაწილი მოზიდული ფინანსებისა დაბანდდა უძრავი ქონების სექტორში (12,5% – 2011 წ.), ასევე ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (13,3%), ენერგეტიკაში (16,1%) და სხვ. მაშინ როცა ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიც სოფლის მეურნეობაა, 2011 წელს შემოვიდა სულ რაღაც 1,4% პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთელი მოცულობისა (კიდევ უფრო ნაკლები შემოდიოდა მანამდე). ჩვენ, რასაკვირველია, ტრანსპორტიც გვჭირდება, კავშირგაბმულობაც და ენერგეტიკაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გვჭირდება იმ სფეროების განვითარება, რომლებშიც რეალური მატერიალური ღირებულება შეიქმნება. ამის საპირისპიროდ, გამოდის ისე, რომ საქართველოში შემოდის ე.წ. ,,ფინანსური ბუშტი’’, უფრო სწორად კი შემოდის ფინანსები, რომლებიც შემდგომ აქ იქცევა ,,ბუშტად’’, რაკიღა ადგილი აქვს მის დაუბალანსებლობას ,,რეალური სექტორის’’ განუვითარებლობით.
არის მეორე უარყოფითი მომენტიც. შემოსული უცხოური ინვესტიციებიდან საკმაოდ დიდი ნაწილის განთავსება ხდება ფინანსურ სექტორში (18% – 2011 წ. მონაცემებით). ვითარდება საბანკო მომსახურების სფერო, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა, სხვა უარყოფით მოვლენებს რომ არ უწყობდეს იგი ხელს. კერძოდ იმას, რომ ბანკები ძირითადად ორი, არცთუ ისე მომგებიანი და, ასე ვთქვათ, არც ისე მწარმოებლური მიმართულებით გასცემენ კრედიტებს. ერთი მხრივ, ისინი აკრედიტებენ სამშენებლო ბიზნესს, ანუ სახსრებს იგივე უძრავ ქონებაზე მიმართავენ, რითაც კიდევ უფრო ბერავენ ,,ფინანსურ ბუშტს’’; ხოლო, მეორე მხრივ, ისინი ახდენენ სამომხმარებლო სესხების გაცემას – ანუ ფულის იქით გასტუმრებას, საიდანაც იგი ძლივს იქნა მოზიდული. სხვა სიტყვებით, სამომხმარებლო სესხები მოსახლეობის მიერ გამოიყენება ძირითადად იმ პროდუქციის შესაძენად, რომლებიც ასევე უცხოეთიდან არის შემოსული. და გამოდის, რომ ბანკების მიერ შემოტანილი უცხოური სახსრები, რომლებსაც ისინი სამომხმარებლო კრედიტების სახით გასცემენ, ისევ უცხოეთში მიედინება, ვინაიდან მათი უშუალო მომხმარებლები იმპორტულ პროდუქციას იძენენ. ,,რეალურ სექტორს’’ ამით კვლავ არაფერი შეეხება.
სადამდე შეიძლება გაიზარდოს ,,ფინანსური ბუშტი’’? – საერთოდ, ბუშტები ან იფუშებიან, ან სკდებიან. მაგრამ როცა საქმე ,,ფინანსურ ბუშტებს’’ ეხება, ისინი მეტწილად გაბერვის ტენდენციით ხასიათდებიან, რის გამოც უფრო ხშირად სკდებიან, ვიდრე იფუშებიან. ფინანსური კრიზისის გადავლის შემდგომ ყველაფერი თავიდან იწყება; თვით კრიზისის მომენტებში კი დამატებითი სახსრების დიდი დეფიციტია. უცნაურია: სახსრები აღარ მოიპოვება იმიტომ, რომ ისინი მეტისმეტად ჭარბად მოიპოვებოდა ერთ დროს. მაგრამ აქ ჩვენ საკუთრივ უფრო ის გარემოება გვაინტერესებს, რომ კრიზისის კრიტიკულ მომენტებში ეკონომიკას ჰაერივით ესაჭიროება დამატებითი სახსრები; თვით კრიზისი კი ,,ფინანსური ბუშტის’’ გასკდომით იწყება, რაც ან ჩვენთან უნდა მოხდეს, ან სადმე სხვაგან და შემდგომ ჩვენზეც გადმოვიდეს. ჩვენს შემთხვევაში, ცხადია, ეს ,,სხვაგან’’ მოხდა. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა აშშ-ში იფეთქა და სწრაფად გავრცელდა ევროპის ქვეყნებზე; საბანკო პანიკა სწრაფად მოედო მთელ ევროპას და მან საქართველოშიც კი შეაღწია, რადგან ჩვენი ბანკები ფინანსებს სწორედ ამ ბანკებიდან სესხულობენ; და სწორედ აქ ვამჩნევთ პირველად, რომ ჩვენი განუვითარებელი ეკონომიკის ჩართულობა მსოფლიო ფინანსურ სისტემაში რეალურად იმაზე მეტად საგრძნობია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით იგრძნობა. გლობალური ფინანსური კრიზისის ,,იმპორტი’’ სწორედ ჩვენმა ბანკებმა მოახდინეს საქართველოში; საბანკო კრიზისი კი ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ფენომენია კრიზისების მთელ ,,კატალოგში’’. და ჩვენ ამ დამანგრეველ შედეგებს აუცილებლად ვნახავდით, ის ზემოთხსენებული ,,დამატებითი სახსრები’’ რომ არ გამოჩენილიყო უეცრად. ამ სახსრების გამოჩენა მართლაც უეცრი სიახლე იყო, რადგან იგი დაკავშირებული იყო მარტოდენ დონორი ქვეყნების მიერ სრულიად შემთხვევით გამოჩენილ კეთილ ნებასთან, დახმარებოდნენ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ ქართულ ეკონომიკას. მაშასადამე, რომ არა ომი, საქართველოში უზარმაზარი მოცულობის ფინანსები (4,5 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც საქართველოს დონორმა ქვეყნებმა გამოუყვეს ბრიუსელის კონფერენციაზე. აქედან 2 მლრდ სესხია) დახმარების სახით არ შემოვიდოდა და საბანკო პანიკა გარდაუვალი გახდებოდა. ამ მოულოდნელობამ, წესით, კარგად უნდა დაგვანახოს მდგომარეობის რეალური სურათის მთელი სიმძიმე, რაკი ასეთი შემთხვევითი უბედურების ბედნიერ უკუჩვენებაზე გავხდით მთლიანად დამოკიდებული.
მაშ, რა ვქნათ, რომ ამგვარ სრულიად შემთხვევით მოვლენებზე არ იყოს დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობის საკითხი? მომავალშიც ომის ,,იმედად’’ ხომ არ უნდა ვიყოთ? – პასუხი მარტივია, რაკი გარკვეულია, თუ რისი მოტანა შეუძლია შედეგად ,,ფინანსურ ბუშტებს’’ და რაკი გაცნობიერებულია აუცილებლობა ეკონომიკის ,,რეალური სექტორის’’ განვითარებისა. და რა კეთდება ამ მხრივ? – მმართველი ხელისუფლება სერიოზული გაცნობიერების გარეშე გვთავაზობს სინგაპურისა და შვეიცარიის მოდელების ფანტასტიკურ, სრულიად აბსტრაქტულ სინთეზებს; ასევე თითქმის გაუცნობიერებლად იქნა დასახული ტურიზმის განვითარების პრიორიტეტი და მერე, როცა ცხადი შეიქნა, რომ ამის პერსპექტივა მინიმუმ ნორმალურ დონეზე განვითარებულ სოფლის მეურნეობას მაინც უნდა ეფუძნებოდეს – გადაწყვეტილ იქნა, მიეხედოს აგრაგულ სექტორსაც. აი, აქ კი მოვლენათა შემდგომი მსვლელობა მხოლოდ მდგომარეობის სიმძიმის აღიარებით შემოიფარგლა, რასაც ერთი თუ ორი წარუმატებელი აგრარული პროგრამაც დაემატა მხოლოდ.
ეკონომიკური კრიზისი საქართველოში, ასე ვთქვათ, ფარულ ფორმებს ღებულობს. აშკარაა, რომ ადგილი აქვს რეცესიას, მაგრამ ეს ისე არ იგრძნობა (უფრო სწორად – ისეთ ნიშნებში არ იგრძნობა), როგორც გლობალურ კრიზისში მყოფ ევროპასა თუ ამერიკაში. ჩვენთან ეკონომიკურმა კრიზისმა არ მიიღო განსაკუთრებით მწვავე ფორმები არა იმდენად ჩვენი ჩაურთველობის გამო გლობალურ გარემოში (თუმცა რაღაც დოზით ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია), რამდენადაც უფრო იმ ფინანსური დახმარების წყალობით, რაც ომის პერიოდში დონორმა ქვეყნებმა გაიმეტეს. ეს ერთგვარი ,,ორმოზე გადახტომა’’ იმას არ ნიშნავს, რომ გზაზე სხვა ორმოები აღარ იქნება. რეალურად, საფრთხე მუდმივად არის, რადგან არ იცვლება საფრთხის მოხდენის ხელშემწყოფი პირობების შეცვლა. განვითარების არსებული მიმართულება არ იცვლება; არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ – თუნდაც ამ დახმარების შემდეგ, რომელმაც უფრო მწვავე კრიზისს გადაგვარჩინა, – მდგომარეობა სტაბილური გახდება; არ არსებობს გარანტია, რომ ამის შემდგომ კვლავ ახალი და ახალი ,,ფინანსური ბუშტები’’ არ გაიბერება და კრიზისის ახალი წინაპირობები არ მომწიფდება. პირიქით, არსებულ პირობებში, ამ ყოველივეს განმეორების გარანტიები უფრო შეიძლება აღმოვაჩინოთ, ვიდრე მათი აღკვეთისა. ამიტომ, კითხვაზე – არის თუ არა საქართველოში კრიზისი – შეიძლება ვუპასუხოდ მხოლოდ ის, რომ კრიზისი არის და მას მომავალშიც დიდი ალბათობებით ექნება ადგილი მის განმეორებადობას, თუკი შეცვლილი არ იქნება განვითარების ასებული მოდელი (თუკი გვაქვს რაიმე ასეთი). საჭიროა ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური ხედვა (სხვა საკითხია, თუ კერძოდ, როგორი), რომელიც ნამდვილად არ გააჩნია მოქმედ ხელისუფლებას და რომლის საჭიროების მხოლოდ აღიარება, თუნდაც ყველა არსებული პოლიტიკური ძალის მხრიდან, ვერ იქნება საკმარისი, თუ არ მოხდა მისი შემუშავება რეალურად. ამას გარდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენ, ისედაც არამდგრადი მსოფლიო ნეოლიბერალური წესრიგის მეტად მცირე ნაწილმა, შევიმუშავოთ და პრაქტიკულად განვახორციელოთ ისეთი მოდელი, რომელიც სამუდამო გარანტი იქნება მდგრადი, არაკრიზისული განვითარებისა, მაშინ როცა თვით ეს სისტემა, რომელსაც ასე თუ ისე ვეკუთვნით, უკვე მუდმივი არასტაბილურობის მძლავრ მუხტს ატარებს. მაშასადამე, პირველ ყოვლისა, საერთო ნეოლიბერალური წესრიგია გარდასაქმნელი უფრო სტაბილურ, სოციალურად ორიენტირებულ გლობალურ სისტემად.
მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მანამდეც, სანამ ტრანსფორმაციის ეს რთული პროცესები გაივლის, არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ, ანდა გავლენა მაინც შევუსუსტოთ არაერთ უარყოფით გარემოებას, თუნდაც არსებული სისტემის პირობებში.