თორნიკე ჩივაძე: არგუმენტები მდიდრების გადასახადისთვის

tornike

► ავტორი: თორნიკე ჩივაძე – ეკონომიკის მკვლევარი,  European.ge-ს სარედაქციო საბჭოს წევრი და ერთ-ერთი რედაქტორი.

► სტატია მომზადებულია  „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის: “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები” ფარგლებში. 

© European.ge

მდიდრები მუდმივად წუწუნებენ, რომ ისინი არაფერს იღებენ „უზარმაზარი გადასახადების“ სანაცვლოდ. ეს გასაგებიცაა, მათი უმრავლესობა თითქმის არასდროს სარგებლობს საჯარო ტრასპორტით, საჯარო სკოლებით თუ სახელმწიფო საავადმყოფოებით, მდიდრებს არასოდეს დასჭირდებათ უმუშევრობის შემწეობა და ხანდაზმულობაში არც სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე მოუწევთ ფიქრი. მაშ, რატომ უნდა გადაიხადონ მათ გადასახადი, თუ მინიმალურად იყენებენ სახელმწიფო სერვისებს? ერთი შეხედვით ეს ლოგიკურია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავად კითხვაა არასწორად დასმული. რა მოხდება, თუ დავსვამთ კითხვას – შეძლებდნენ კი ისინი საკუთარი სიმდიდრის დაგროვებას საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან განცალკევებით რომ ეცხოვრათ? – პასუხი მარტივია – რა თქმა უნდა არა. მდიდრებისთვის დაწესებული გადასახადები სანაცვლოდ ექვივალენტური სარგებლის მიღების პრინციპს კი არ ეფუძნება (თანაც, მათ არავინ უშლის, ისარგებლონ საჯარო სიკეთეებით), არამედ მტკიცებას, რომ ისინი მხოლოდ საზოგადოების წყალობით არიან მდიდრები – მათ უკვე მიიღეს საზოგადოებისგან ის, რამაც  მათი გამდიდრება  შესაძლებელი გახადა. იმის მიუხედავად, რომ ფულად გამოხატულებაში მდიდრებს არ ხვდებათ იმდენი, რამდენსაც იხდიან, ისინი საბოლოოდ ღარიბებზე ბევრად მეტს იღებენ: უსაფრთხოებას, წესრიგს ქვეყანაში, მასიურ საჯარო ინვესტიციებს განათლებაში, კვლევებში, სამუშაო ძალის მომზადებაში და ზოგადად ცივილიზაციას. ამ ყველაფრის გარეშე კი თანამედროვე საზაოგადოებაში სიმდიდრის შექმნა და შენარჩუნება შეუძლებელია.

ეს კარგად ესმოდა  რუზველტს. 1906 წლის სამ დეკემბერს, მან სენატს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „საჭიროა, დავამკვიდროთ მემკვიდრეობის და შემოსავლების საფეხურეობრივი გადასახადი. მდიდრებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ, რადგან ისინი უბრალოდ სახელმწიფოს არსებობითაც კი განსაკუთრებულ სარგებელს იღებენ“. რუზველტის შეხედულება არ არის ახალი – ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ სახელმწიფო, როგორც წესრიგის მაორგანიზებელი, ქმნიდა პირობებს წარმატებული ეკონომიკური საქმიანობისთვის, რისგანაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენა განსხვავებულ სარგებელს იღებდა, შესაბამისად, საზღაურიც სხვადასხვა უნდა ყოფილიყო. ამერიკელი გადასახადების ექსპერტი და ცნობილი ჟურნალისტი დევიდ ჯონსტონი თავის გამოსვლაში საუბრობს ძველი ბერძნების შესახებ, რომლებიც შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ :

„არ არსებობს არანაირი ეკონომიკური სარგებელი ცივილიზაციის გარეშეერთი წუთით დაფიქრდით ამაზე. თუ ვიცხოვრებდით წესების გარეშე, ჯუნგლების კანონებით, არ გვექნებოდა სახლი ან  ბიზნესი, რადგან ყოველთვის იქნებოდა შესაძლებელი ვინმეს ყველაფერი წაერთმია. სწორედ, ცივილიზაცია ქმნის ჩვენს გარშემო სიმდიდრის არსებობას შესაძლებელს. მორალური თეორია, რომლამდეც ათენელები მივიდნენ, შემდეგია – „თუ გამდიდრება მხოლოდ ცივილიზებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი, მაშინ რაც უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს იღებ ცივილიზებული საზოგადოების მეშვეობით, მით უფრო დიდია შენი ვალდებულება გადასახადების მეშვეობით ხელი შეუწყო ამ საზოგადოების ფუნქციონირებას.

რა თქმა უნდა,­ მდიდარს მეტი აქვს დასაკარგი და მისთვის საზოგადოებრივი წესრიგი უფრო მეტს ნიშნავს, თუმცა არგუმენტის მთავარი არსი ეს არაა – დაბალი გადასახადების იდეოლოგიის მიხედვით, წარმატება ინდივიდუალური მოქმედების შედეგია, შესაბამისად, მისგან მიღებული სარგებელიც ინდივიდმა უნდა მიიღოს და მისი ხარჯვაც ინდივიდის ნებაზე იყოს დამოკიდებული, სახელმწიფო კი სრულიად ზედმეტია.  ამ შეხედულების გაბათილებას სტატიის ბოლო ნაწილში შევეცდებით. ახლა კი შევხედოთ იმ შედეგებს, რაც დაბალი გადასახადების და დერეგულაციის მსოფლიო ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ მოიტანა.

სიმდიდრის კონცენტრაცია, როგორც ბაზრის შინაგანი ტენდენცია

სიმდიდრის გადანაწილება ყოველთვის ღრმად პოლიტიკური საკითხი იყო, და არ შეიძლება ის უბრალოდ ეკონომიკურ მექანიზმებამდე იყოს დაყვანილი“  – თ. პიკეტი

ერთეულების ხელში სიმდიდრის კონცენტრაცია საბაზრო კაპიტალიზმის შინაგანი ტენდეციაა. ეს ტენდენცია თომას პიკეტიმ შემდეგ ფორმულაში გამოხატა r>g[i], რასაც ის კაპიტალიზმის ცენტრალურ წინააღმდეგობას უწოდებს. პიკეტის მიხედვით,  უკუგება კაპიტალზე (r) უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მთლიანი ეკონომიკა (g), რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალის მესაკუთრეების (ანუ უმცირესობის) ხელში სიმდიდრის კონცენტრაციას იწვევს.

ეს მარტივი ფორმულა სინამდვილეში ეკონომიკური მეინსტრიმისთვის შოკი გამოდგა. აქამდე გაბატონებული იყო კუზნეცის მიდგომა, რომლის მიხედვითაც უთანასწორობა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური განვითარების შედეგად თავისთავად მცირდება. კუზნეცის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის საწყის ეტაპზე უთანასწორობა იზრდება, რამდენადაც ამ პერიოდში, დაბალპროდუქტიულ საარსებო აგრარულ საქმიანობას თანდათან დატოვებენ მშრომელები და გადაინაცვლებენ წარმოების სექტორში. შედეგად რურალურ და ურბანულ შემოსავლებს შორის სხვაობა გაიზრდება, რაც, პირველ ეტაპზე გაზრდის უთანაბრობას, თუმცა ეკონომიკის მოდერნიზაციის შემდეგ უთანასწორობა კვლავ მცირდება. ამისგან განსხვავებით, პიკეტმა ხანგრძლივი პერიოდის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ გრძელვადიან პერსპეტივაში ეკონომიკური მოდერნიზაციის შემდეგაც, კაპიტალის უკუგების ტემპსა და ეკონომიკური ზრდის ტემპს შორის სტაბილური სხვაობის გამო, უთანასწორობა აგრძელებს ზრდას.

კუზნეცის მრუდი

toko1

კუზნეცის მიდგომა ინტერპრეტირებული იყო, როგორც განვითარების ბუნებრივი კანონი, რომელიც იმპლიციტურად გულისხმობს, რომ ზრდას თავისთავად მოაქვს თანასწორობა. შესაბამისად, სახელმწიფოს როლს მეორადი მნიშვნელობა აქვს, მეტიც, რეკომენდირებულია ბაზარზე ჩაურევლობა, რაც უფრო დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და შესაბამისად, უფრო მალე აღმოფხვრის უთანასწორობის პრობლემას. ამისგან განსხვავებით, პიკეტი ამტკიცებს, რომ უთანასწორობის გაღრმავება კაპიტალიზმისთვის ბუნებრივი ტენდენციაა, შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში მისი დაბალანსება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს ინტერვენციული პოლიტიკის მეშვეობით.

toko2

Figure 1. წყარო : Piketty (2014). ასევე Piketty and Saez (2014).

პიკეტის თეორიას ადასტურებს 1980-იანი წლებიდან, ჩვენს რეგიონში კი – 90-იანი წლებიდან გაბატონებული ჩაურევლობის ეკონომიკური პოლიტიკა. რეფორმების შედეგად რადიკალურად შემცირდა საჯარო აქტივების წილი, მოხდა ფინანსური სექტორის დერეგულაცია, შემცირდა გადასახადების ზედა ზღვრული განაკვეთები, რამაც უფრო გააძლიერა კაპიტალის კონცენტრაციის ტენდენცია.

toko3

Figure 2. წყარო : https://wir2018.wid.world/files/download/wir2018-full-report-english.pdf

ამ ყველაფერმა საერთო ჯამში სიმდიდრის კონცენტრაციას და უთანასწორობის გაღრმავების ტენდენციას შეუქცევადი ხასიათი მისცა. მსოფლიო ნეოლიბერალურმა ჰეგემონიამ ეკონომიკური ზრდის მანამდე არსებული შედარებით დაბალანსებული ხასიათი გარდაქმნა და ზრდა მთლიანად ეკონომიკური ელიტების სამსახურში ჩააყენა.

toko4

გადასახადების შემცირებასთან ერთად, ამ პროცესში დიდი როლი მასიურმა პრივატიზაციამ ითამაშა: „ეკონომიკური უთანასწორობა მეტწილად კაპიტალის არათანაბარი ფლობითაა განპირობებული. კაპიტალი შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო მფლობელობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ 1980 წლის შემდგომ თითქმის ყველა, მდიდარ თუ ღარიბ ქვეყანაში სახელმწიფოდან კერძო სექტორში ქონების უდიდესი ტრანსფერი განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სიმდიდრე მნიშვნელოვნად იზრდებოდა, საჯარო სიმდიდრე ნეგატიურ ან ნულოვან ზრდას აჩვენებს მდიდარ ქვეყნებში. ეს ზღუდავს სახელმწიფოების შესაძლებლობას გაუმკლავდნენ უთანაბრობას; უდავოა, რომ ამას დიდი როლი აქვს ინდივიდებს შორის ქონებრივი უთანასწორობის გაღრმავებაში“  – ვკითხულობთ  2018 წლის მსოფლიოს უთანასწორობის ანგარიშის ტექსტში.

toko5

იმის მიუხედავად რომ უთანასწორობის ზრდის მნიშვნელოვანი წყარო შრომით შემოსავლებში სხვაობის ზრდაა (აღმასრულებელი დირექტორების (CEO) სახელფასო შემოსავლების რადიკალური ზრდის შედეგად), არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქონებრივი უთანასწორობა ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე შემოსავლების უთანასწორობა. შვეიცარიული ფინანსური კონგლომერატის “სუის კრედიტის” ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის 2017 წლის ანგარიშში „,მსოფლიო სიმდიდრის კვლევა“, წარმოდგენილია მსოფლიო სიმდიდრის პირამიდა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 70 %, ანუ დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი ფლობს მთლიანი მსოფლიოს სიმდიდრის მხოლოდ 2.7 %.

toko6

ამ სიმდიდრის კიდევ 11.6 % მთლიანი მოსახლობის 21%-ზე ნაწილდება, დარჩენილ სიმდიდრეს კი, ანუ მთლიანი მსოფლიოს ქონების 85.6%-ს, მსოფლიოს მოსახლეობის უმცირესი ნაწილი, ყველაზე მდიდარი ადამიანები ინაწილებენ. ისინი მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 8.6 % შეადგენენ, აქედან კი მოსახლეობის მხოლოდ 0.7% მსოფლიოს ქონების 45.9%-ს ფლობს (მეთოდოლოგიისთვის იხილეთ კვლევა). კიდევ ერთი მზარდი ტენდენცია, რომლითაც კაპიტალისტური დემოკრატია ფეოდალურ წესრიგს ემსგავსება, სიმდიდრეში მემკვიდრეობის როლის განმსაზღვრელ ფუნქციასთანაა დაკავშირებული. „როდესაც კაპიტალზე უკუგება ისევე უსწრებს ეკონომიკური გამოშვების და შემოსავლების ზრდას, როგორც ეს XIX საუკუნეში იყო და რაც ,როგორც ჩანს, XXI საუკუნეშიც მოხდება, კაპიტალიზმი წარმოშობს თვითნებურ და არამდგრად უთანაბრობას. ეს ძირს უთხრის  მერიტოკრატიულ ღირებულებებს, რასაც დემოკრატიული საზოგადოებები ეფუძნება“ (Thomas Piketty, Capital in the Twenty-First Century p. 1, 2013). – წერს პიკეტი.

მართლაც, იზრდება იმ კვლევების რაოდენობა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გამდიდრების უმნიშვნელოვანეს წყაროს მემკვიდრეობა და არა სამეწარმეო სულისკვეთება ან სხვა მერიტოკრატიული ფენომენი განსაზღვრავს (პიკეტის მიხედვით სიმდიდრის 80%-90% კაპიტალიზმის პირობებში მემკვიდრეობითია და არა წარმოებული; ასევე იხილეთ ოქსფამის კვლევა –  Extreme Wealth is Not Merited).

უთანასწორობა ვნებს კაპიტალისტურ წესრიგს

საბოლოო ჯამში, ეკონომისტების დაკვირვებით მზარდი უთანასწორობა საფრთხეს უქმნის კაპიტალისტური სისტემის ფუნქციონირებას. ეს ამცირებს  მასების მსყიდველუნარიანობას, ხოლო შემცირებული მოთხოვნა აფერხებს მოგების რეალიზაციას, რაც ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკურ გამოშვებაზე. უთანასწორობა ხელს უშლის  სოციალურ მობილობას და ზრდის სოციალურ დიფერენციაციას, რაც ძირს უთხრის პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასა და ეკონომიკურ დინამიზმს ადამიანური რესურსების ფლანგვის გამო. მეორეს მხრივ, ფინანსური დერეგულაცია ხელს უწყობს არაპროდუქტიულ სპეკულატიურ ფინანსურ სექტორებში კაპიტალის მასიური შედინებას, რაც ფინანსური ბუშტების და სპეკულაციური საქმიანობების წარმოქმნით სისტემას არამდგრადსა და   კრიზისისადმი მიდრეკილს ხდის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფრო და უფრო დიდი კაპიტალი მიედინება საქმიანობებში, რომლებიც არა ეკონომიკური სიმდიდრის შექმნასთან, არამედ არსებულის მოპოვებასთანაა დაკავშირებული.

1980 წლიდან 2012 წლამდე, 159 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როდესაც ყველაზე მდიდართა 20%-ის შემოსავლის წილი იზრდება 1%-ით, ეკონომიკა მომდევნო ხუთი წლის მანძილზე იზრდება 0.08%-ით უფრო ნელა. „ამისგან განსხვავებით, ქვედა 20 პროცენტისთვის (ღარიბებისთვის) შემოსავლის წილის ზრდა ნიშნავს მშპ–ს ზრდასაც,“ – ამბობს ანგარიში. როცა ყველაზე ღარიბთა 20%-ის შემოსავლის წილი 1%-ით მატულობს, ეკონომიკა იზრდება 0.38%-ით უფრო სწრაფად. ეს ნიშნავს შემდეგს: შეუმცირეთ გადასახადები ან მიეცით უფრო მაღალი ხელფასები ღარიბებს და ეკონომიკა გაიზრდება; მიეცით საგადასახადო შეღავათები ან გაუზარდეთ ხელფასები მდიდრებს და ეკონომიკა ზომაში შემცირდება.

როგორც ვხედავთ, ეკონომისტების მტკიცებას მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდისა და გადანაწილების შესახებ (მაგ, იმანუელ საეზი  და ტომაზ პიკეტი მიიჩნევენ, რომ ყველაზე მაღალ შემოსავლებზე ოპტიმალური განაკვეთი 80%-ია) საფუძვლად მხოლოდ პოლიტიკური და სოციალური მიზეზები არ უდევს, მეტი თანასწორობა ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური სისტემის წარმატებული ფუნქციონირებისთვის და ზრდისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პროგრესული გადასახადებისა და კაპიტალურ შემოსავლებზე გადასახადების ზრდა, მემკვიდრეობის გადასახადის გაძლიერება და სხვადასხვა ტიპის გადასახადების შემოღება სუპერ მდიდრებზე, რაც მზარდ უთანასწორობას მოთოკავს და აღადგენს საზოგადოებრივ ფენებს შორის ბალანსს.

ვინ მკის და ვინ ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას

გადასახადების ლეგიტიმაციისთვის საჭიროა, ვიფიქროთ არა მხოლოდ  სოციალურ თანასწორობაზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, არამედ ეკონომიკური ღირებულების წარმოების პროცესზეც. თუ საკითხს მხოლოდ გადანაწილების საგნად ვაქცევთ, არც მართლები ვიქნებით და ლიბერალებსაც უკეთეს პოზიციაში ჩავაყენებთ, მათ ყოველთვის ექნებათ საფუძველი ამტკიცონ, რომ გადანაწილება ეწინააღმდეგება სამართლიანობას, რამდენადაც სიმდიდრე ინდივიდუალურია. კერძო საკუთრების იმპერატივიდან გამომდინარე ლეგალურად ეს ასეცაა,  თუმცა პოლიტ ეკონომიურად საკითხი სხვაგვარად დგას – საკუთრება მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური შრომის ინდივიდუალურად დასაკუთრების ლეგალურად გარანტირებული უფლებაა.  აქ ჩნდება ცენტრალური შეკითხვა, რომელიც ნეოკლასიკურმა ეკონომიკამ ეკონომიკური მეცნიერებიდან გააქრო- ვინ ქმნის ღირებულებას ? (ეკონომიკური ღირებულება აერთიანებს, მოგებას რენტას და ხელფასებს).

ეკონომისტი ჰა ჯონ ჩანგი წერს:

„ადამიანები, რომლებიც  ამბობენ, რომ გადასახადები ქურდობაა, მიიჩნევენ, რომ მათ ხელთ არსებული სიმდიდრე მათ თავად შექმნეს. გადასახადებზე ასეთი შეხედულება შესაძლოა, მეტ-ნაკლებად სწორი იყოს XVI საუკუნისათვის, როდესაც თითქმის ყველა საარსებო ფერმერობას ეწეოდა. მაგრამ დღეს სიმდიდრის შექმნისთვის მთელი რიგი საჯარო დახმარებაა საჭირო: შენ გჭირდება საკანონმდებლო სისტემა, შენ გჭირდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევები და მეცნიერება, შენ გჭირდება სახელმწიფო ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, სახელმწიფო ინვესტიციები განათლებაში და მშრომელთა მომზადებაში და სწორედ ამ გარემოებების გამოყენებით ქმნი შენს სიმდიდრეს. გამოდის, რომ ის, რაც შენ შექმენი, რეალურად იმ საერთო ძალისხმევის შედეგია, რომელიც აერთიანებს შენს სამეწარმეო უნარ-ჩვევებს ან შრომას მთელი საზოგადოების წვლილთან”.

მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის  საკმაოდ რეალურია  – წარმოვიდგინოთ კურორტი X, რომელიც ძალზედ მიმზიდველი დასასვენებელი ადგილია, თუმცა ინფრასტრუქტურის არქონის გამო იქ ეკონომიკური საქმიანობა შენელებულია. კერძო ინვესტორები კოორდინაციის არარსებობის და მასიური ხარჯების გამო, ვერ ახდენენ ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია-გამართვას. ინფრასტრუქტურულ მშენებლობებში სახელმწიფო ინვესტიციების წყალობით იწყება ეკონომიკის გამოცოცხლება, მოთხოვნა და  უძრავი ქონების ფასები მკვეთრად იზრდება, რის შედეგადაც მთელი ეკონომიკური მოგება მიედინება მესაკუთრეების ხელში – გამოდის, რომ ხარჯები მთლიანად საზოგადოებრივია, ხოლო მოგება კერძო. ეს მაგალითი გამარტივებულად აჩვენებს იმ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც აგებულია სხვა უამრავი ეკონომიკური საქმიანობა, რომლებშიც ბიზნესი ისე იღებს მოგებას, რომ ხარჯებს საერთოდ არ სწევს. ასეთი ტიპის უშრომელი შემოსავლების დაბეგვრაზე XIX საუკუნიდან მოყოლებული მსჯელობდნენ კლასიკური ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლები და ასეთი შემოსავლების დაბეგვრა აპრობირებულია ბევრ, მათ შორის განვითარებად ქვეყნებშიც, თუმცა ჩვენთან ამას კანონი კრძალავს. მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტები შემოსავლების მწვავე დეფიციტის წინაშე დგანან, ზოგიერთები, როგორც სტუარტ მილი იტყოდა, ძილში მდიდრდებიან.

ნეოლიბერალური მიდგომა ზოგადად სახელმწიფოს განიხილავს როგორც მომხმარებელს და არა როგორც მწარმოებელს, რითიც ის ეკონომიკური ღირებულების შექმნის პროცესში საჯარო სექტორის როლს აკნინებს, შესაბამისად მის მიერ გადასახადების მიღების ლეგიტიმაციასაც ასუსტებს. მარიანა მაცუკატო მის ბოლო წინგში „ყველაფრის ღირებულება“ ცდილობს ამ საკითხის დებატებში დაბრუნებას. მაცუკატოს მუდმივად მოჰყავს ერთი მკაფიო მაგალითი iphone-ის შესახებ. ასეთი მაგალითებით ჩვენ კარგად ვხედავთ მთლიანი საზოგადოების წვლილს ეკონომიკური ღირებულების წარმოების პროცესში, რაც ხშირად მიზანმიმართულად უგულებელყოფილია: ჩვენ მუდმივად გვესმის გმირი მეწარმეების სახელები, როგორიცაა სტივ ჯობსი, თუმცა არასდროს გაგვიგია იმის შესახებ, რომ აიფონის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს მასიური ინვესტიციების გარეშე და რომ ინოვაციების ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს შემოქმედების შედეგია.

toko7

მაცუკატოს აზრით, აუცილებელია კვლავ დავაბრუნოთ ღირებულების წარმოების საკითხი ეკონომიკურ მეცნიერებებში ნეოკლასიკური ღირებულების სუბიექტივისტური მოძღვრების საწინააღმდეგოდ. ამით ჩვენ კვლავ ვბრუნდებით გადანაწილებიდან წარმოების პროცესში, რასაც არა უბრალოდ თეორიულ საკითხებამდე, არამედ მწვავე პოლიტიკურ საკითხამდეც მივყავართ – პირველ რიგში,  რამდენად სამართლიანია (სახელწმიფოს მიერ გადანაწილებამდე) არსებული უკუგების განაწილება ბაზრის მიერ – ვინ ქმნის სიმდიდრეს და ვინ ისაკუთრებს მას?ამ ხაზით, კვლავ დღის წესრიგში დგება კლასიკოსი ეკონომისტების მოსაზრება კაპიტალისტურ ეკონომიკაში ღირებულების კოლექტიურ წარმოებას და კერძო აპროპრიაციას შორის მზარდი წინააღმდეგობის შესახებ: ღირებულება კოლექტიურად იწარმოება, ხოლო ბაზარი წარმოადგენს ღირებულების გამანაწილებელ ინსტიტუციას, რომელიც თავის თავში გულისხმობს საკუთრების ლეგალურ სტრუქტურას და ძალთა ბალანსს აგენტებს შორის (მშრომელები, მესაკუთრეები და სახელმწიფო). შესაბამისად, გამოდის, რომ ღირებულების წარმოება და მისი განაწილება ორი განსხვავებული რამაა, ბაზრის მიერ შემოსავლების განაწილება კი სოციალური და ისტორიული ფენომენია და არა ბუნების ან სამართლიანობის შეუვალი კანონი – ამიტომაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ძალთა ბალანსს და  პოლიტიკურ ფაქტორებს ენიჭება.

დასკვნა

დასკვნის სახით, მოკლედ შევაჯამოთ ის მთავარი არგუმენტები, რომლებსაც ეფუძნება მდიდრებისთვის განსაკუთრებული გადასახადის დაწესების მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკა. პირველ რიგში, აუცილებულია გადააზრებულ იქნას სიმდიდრის წარმოების შესახებ მოძველებული ინდივიდუალისტური ხედვა, რომლის მიხედვითაც სიმდიდრის ფლობა ინდივიდუალური დამსახურებაა. სიმდიდრის წარმოება მხოლოდ საზოგადოებრივადაა შესაძლებელი და ამ პროცესში სწორედ ეს საზოგადოების წვლილია მდიდრების განსაკუთრებული გადასახადების ლეგიტიმაციის წყაროც. მეორე მხრივ, ემპირიული კვლევები და ისტორია ამტკიცებს, რომ აქტიური გადამანაწილებელი როლის მქონე სახელმწიფოს გარეშე ბაზარზე ჩაურევლობა იწვევს სიმდიდრის რადიკალურ კონცენტრაციას და უთანასწორობის უფრო და უფრო სწრაფად ზრდას, რაც თავის მხრივ ანელებს ეკონომიკურ ზრდას. სწორედ აქედან გამომდინარეობს მდიდრების განსაკუთრებული გადასახადების კიდევ ერთი გამართლება, რომელიც საფუძვლად ედო ევროპული ქვეყნების განვითარებას და კეთილდღეობის სახელმწიფოს. ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ღირებულების წარმოების პროცესი კოლექტიური შრომის და სახელმწიფოს გადამწყვეტი მწარმოებლური როლი ეკონომიკაში.

ამ და სხვა მიზეზებზე დაყრდნობით, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ მდიდრების ვალდებულებების განსაკუთრებულობა გაზიარებული და ინსტიტუციონალიზებული იყო განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში. ამის მიუხედავად, ძლიერმა ნეოლიბერალურმა ტალღამ ამ შეთანხმებას დიდი დარტყმა მიაყენა. თუმცა 2008 წლის მსოფლიო კრიზისმა მოიტანა ის, რომ ნეოლიბერალიზმის ფლაგმანი საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი (საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი) ალაპარაკდნენ კაპიტალის კონცენტრაციის მოთოკვის  და აქტიური სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებლობაზე. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს საკითხები თავისი არსით არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკურია, შესაბამისად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება კი გაბატონებული ეკონომიკური ელიტების ინტერესებშია.

ასეთი სიტუაციაა საქართველოშიც, რომლის განვითარებისთვისაც დღეს მასიური ინვესტიციებია საჭირო, ინვესტიციებისთვის კი რესურსების მობილიზებაა აუცილებელი. უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რომ ნეოლიბერალურმა მიდგომებმა, მცირე სახელმწიფოს მოდელმა და ბაზარზე მიდნობილმა განვითარებამ საქართველოში ფიასკო განიცადა.  საჭიროა  არასებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილება, რისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც, სახელმწიფოს მიერ ინდუსტრიული და გეგმიური ეკონომიკური პოლიტიკის დამკვიდრებასთან ერთად,  მდიდრებისთვის გადასახადების შემოღებაა.

შენიშვნები:

[i] დეტალებისთვის ქართულ ენაზე წაიკითხეთ ზეზვა ზანგურაშვილის სტატია – „უთანასწორობა თომას პიკეტის პერსპექტივიდან“

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ