2008 წლის აგვისტოს პირველ ნახევარში არც ამსტერდამში ვყოფილვარ, არც ლონდონში და არც ნიუ იორკში, თბილისში ვიყავი და ვაკვირდებოდი როგორ თანდათან გადაიზარდა მოსახლეობის უმრავლესობაში ცხინვალის დაბრუნებით გამოწვეული აღფრთოვანება თბილისის დაკარგვის შიშით გამოწვეულ თავზარდაცემაში. ის აღშფოთება, გაბრაზება, სასოწარკვეთა და ა.შ. რაზეც ასე ხაზგასმით საუბრობენ ბოლო დროს გავრცელებულ ანტისაოკუპაციო ვიდეორგოლებში გამომსვლელები, მე მათგან განსხვავებით არ დამწყებია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსულმა შენაერთებმა უწყვეტად იწყეს შემოჭრა როკის გვირაბიდან და დამეწყო მათზე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე, როდესაც ჩვენი შენაერთები ცხინვალში შევიდნენ, რადგანაც ჩრდილოეთ კავკასიაში მობილიზებული რუსული ძალების პირობებში ნათელი იყო, რა თანმიმდევრობით განვითარდებოდა მოვლენები.
ჩემი აღშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ოკუპანტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გასულმა დავინახე, თუ როგორ ცდილობდნენ პატრიოტული პროპაგანდის საშუალებით თბილისში შემორჩენილი ხელისუფლების წევრები და მათი მხარდამჭერები მოსახლეობის მობილიზებას და ამით საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას. სწორედ პროპაგანდისტული ელემენტები მეცნო ამ დღეებში გავრცელებული ვიდეორგოლებშიც. მართალია, მაშინდელისგან განსხვავებით შინაარსი და ფორმები დახვეწილია, მაგრამ მიზანი იგივე რჩება, ხალხის დარაზმვა და ძალაუფლების შენარჩუნება. სწორედ ამიტომაც დღევანდელ ვიდეოებზეც მწვავე რეაქცია მაქვს, მსგანსად 2008 წლის აგვისტოსა, როდესაც პარტიის მხარდამჭერ აქციად ქცეული ანტისაოკუპაციო გამოსვლა ვიხილე.
რუსული აგრესია საქართველოზე მეც უამრავი ქართველის მსგავსად მაწუხებს, მაგრამ ოკუპაციის ამგვარი ფორმით გაპროტესტების წინააღმდეგი ვარ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ვხედავ ტრავმატული (დამარცხების) ნარატივის შექმნის/წინ წამოწევის მცდელობას და სასტიკად არ ვეთანხმები ქართულ საზოგადოებაში რაიმე სახის ტრავმატული ნარატივის გავრცელებას, რადგანაც მას საკმაოდ ძლიერი ემოციური ეფექტის მოხდენა შეუძლია ზოგადად და სახიფათო იარაღად შეიძლება იქცეს ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის ხელში, რომელიც მისი საშუალებით საკუთარი მიზნების მიღწევას ან ქმედებების გამართლებას შეეცდება.
ამიტომაც, როდესაც ნარატივის შექმნის ან წინ წამოწევის მცდელობის მოწმენი ვხვდებით, როგორც შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი ვაითბრუგი გვირჩევს საკუთარ წიგნში „იდენტობა, ნარატივები და პოლიტიკა“, ემოციებს არ უნდა ავყვეთ და საკითხს რაციონალურად მივუდგეთ. აუცილებელია იმის განხილვა, თუ რა ინსტიტუტებმა მიიღეს მის შექმნაში/გავრცელებაში მონაწილეონა, რა ტექნიკის და სტრუქტურის გამოყენებით მოხდა მისი შექმნა/გავრცელება და რაც ყველაზე მთავარია, რამ განაპირობა ამ ნარატივის შექმნის აუცილებლობა. და მართლაც, ვისი ხელშეწყობით მოხდა და რამ განაპირობა ოკუპაციის ტრავმატული ნარატივის განსაკუთრებით გააქტიურება 2013 წლის 25 თებერვალს? ან ვის ინტერესებში შედის დღეს ამ ნარატივის წინ წამოწევა?
პასუხი მარტივია, ტრავმატული ნარატივის საშუალებით 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება და რამდენიმე წლით გახანგრძლივება. შესაბამისად, ისინი კვლავ ეცდებიან მის წინ წამოწევას, რაც ქვეყანას ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს. საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური ჯგუფებისთვის ტრავმატული ნარატივი კარგი საშუალებაა მტრის ხატის შესაქმნელად, მაგრამ მას გააჩნია ძალიან ფეთქებადი ბუნება და ქართულ ცნობიერებაში ჩადებული ეს დროის ნაღმი, მომავალი ათწლეულების განმავლობაში სწორედ დეოკუპაციის პროცესსა და საზოგადოებრივი ცნობიერების სწორად განვითარებას შეუშლის ხელს.
ტრავმატული ნარატივის შექმნისთვის კი აუცილებელია კოლექტიური მეხსიერების ფორმირება. ტერმინის შემქმნელის, მორის ჰალბვაქსის განმარტებით, კოლექტიური მეხსიერება სცილდება ინდივიდუალური მეხსიერების ჩარჩოებს და მართალია, ამ შემთხვევაშიც არსებობს “მე მახსოვს“, მაგრამ ის დაფუძნებულია არა საკუთარ მეხსიერებაზე, არამედ გარკვეულ ჯგუფთან ინტერაქციის საშუალებით მიღებულ ინფორმაციაზე. სწორედ კოლექტიური მეხსიერების ფორმირებაზეა გათვლილი ვიდეორგოლებში გამომსვლეთა მწარე მოგონებები და ემოციები. მათი ზემოქმედებით, ინდივიდებმა უნდა მოახდინონ საკუთარი მეხსიერების კორექტირება.
ოკუპაციის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის ამგვარმა ფორმამ სწორედ ზემოდხსენებული მიზეზების გამო გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება. ცხადი გახდა, რომ 1 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის დამარცხების მიუხედავად ვერ დავამარცხეთ ის სიმახინჯე, რასაც საზოგადოებისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხების პროპაგანდის საშუალებად ქცევა ქვია. ჩემთვის კი, როგორც უბრალო მოქალაქისთვის, გაცილებით უსიამოვნო სანახავია, როდესაც პროპაგანდას ხელისუფლების მაგივრად უკვე აკეთებენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, რომელთა გარკვეული ნაწილი საზოგადოებაში მეტნაკლები სიმპათიით სარგებლობს.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვიდეორგილებში გამომსვლელთა ნაწილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება და მათ წინასწარგანზრახულ პროპაგანდისტობას ნამდვილად ვერ დავწამებ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ისინიც ისევე გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლნი, როგორ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. მხოლოდ ერთია, ჩემი აზრით, ცნობად სახეებს, რომელთა აზრი გასათვალისწინებელია მოსახლეობის თუნდაც მცირე ნაწილისთვის, მეტი დაფიქრება და პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, რომ ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლად არ იქცნენ და სხვებიც არ აქციონ.
და კიდევ ერთი სიმახინჯე, რაც ტრავმატული ნარატივს ახასიათებს, არის მისი აგრესიული ხასიათი საწინააღმდეგო აზრის მიმართ. იგი დამყარებულია პრინციპზე: „quote me, use me, believe me, but never ask me”, ამიტომაც ყველა ადამიანი, რომელსაც შეკითხვები უჩნდება მისი ფორმის, შინაარსის, მიზნის მიმართ, ცხადდება მტრად. ანტისაოკუპაციო ვიდეოებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილიც უკვე შევირაცხეთ რუსეთის აგენტებად და კოლაბორაციონისტებად. ეს ის მემკვიდრეობაა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დაგვიტოვა და მასთან ბრძოლა შეიძლება კიდევ დიდხანს მოგვიწიოს, თუმცა ამ მახინჯი მიდგომისგან თავის დაღწევა იქნება კონსტრუქციული მეთოდებით დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯი.
P.S. ანტიოკუპაციური ვიდეორგოლებში რამდენიმე ცნობადი სახის ხილვამ მე პირადად მარკ ტვენის ცნობილი გამონათქვამი გამახსენა: “ფარისეველი არის ადამიანი, რომელმაც მშობლები თავად მოკლა და სასამართლოს იმის საფუძველზე სთხოვს შეწყალებას, რომ ობოლია.”