ამ წერილით მინდა გამოვეხმაურო ჩემი მეგობრის, გიორგი ღვინჯილიას ამავე მედია პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიას – “კირუხი და ნარკოპოლიტიკა”, სადაც ის ანთროპოლოგიური მეთოდის გამოყენებით, შესანიშნავად აღწერს ნარკოდამოკიდებულთა პრობლემებს საქართველოში და ცდილობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე არსებულ დისკურსს პოლიტიკური შინაარსი შესძინოს, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტივისტური პროცესის გაჯანსაღებისთვის.
სამწუხაროდ, ის რიტორიკა, რომელიც ბოლო პერიოდში ლაიტმოტივად გასდევს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისათვის მებრძოლი აქტივისტური ჯგუფების პრაქტიკებს, ხელს არ უწყობს კრიზისის ერთიანი სურათის დანახვას და მისი დაძლევის კომპლექსურ მეთოდზე რეფლექსიას.
ამ წერილში, უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრებ კრიზისზე, რომელიც გამოიწვია სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, და მის ანატომიაზე. ამასთანავე, შევეცდები შემოგთავაზოთ კრიზისის დაძლევის ჩემეული, პოზიტიური ალტერნატივის იდეაც.
1990-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში შემაშფოთებლად იმატა ნარკომომხმარებელთა რიცხვმა, რაც საზოგადოებაში ყოვლისმომცველი სტრუქტურული კრიზისის არსებობით აიხსნება. საზოგადოებაში არსებული კრიზისი მისი დიდი ნაწილის სოციალური და ეკონომიკური მარგინალიზაციის შედეგია. ამის დასამოწმებლად მარტივი სტატისტიკური მონაცემების მოშველიებაც კი საკმარისია. რომლის მიხედვითაც ჩვენი მოსახლეობის მდიდარი ფენა 5–6%-ს შეადგენს, საშუალო ფენა – დაახლოებით 4–5%-ს, ხოლო გაჭირვებულთა რაოდენობა თითქმის 90%-ს აღწევს.
გაღარიბებულ და უიმედო საქართველოში 2003 წლიდან დაიწყო ე. წ. მოდერნიზაციის პროექტი, რომელმაც ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში ეგზოტიკური იდეების ექსპერიმენტულ ლაბორატორიად აქცია. ნეოლიბერალური მოდელი მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ვარიაციით მკვიდრდებოდა. ნეოლიბერალური შეხედულება ეკონომიკის წარმატებულად ფუნქციონირების მთავარ მექანიზმად ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას გულისხმობს. ამ მიდგომას კი „ბაზრის უხილავი ხელის“ არსებობით ამართლებს, რომელიც, თავისთავად, თეორიული კონსტრუქტი უფროა, ვიდრე – ემპირიულად გაზომვადი მონაცემი. ამ პერიოდის მძიმე, სოციალური დარვინიზმით გაჯერებულმა სოციო-ეკონომიკურმა რეფორმებმა, სრულმა დერეგულაციამ და პრივატიზაციამ მოსახლეობის დიდი ნაწილი სავალალო ეკონომიკურ ნიშნულამდე მიიყვანა და გამოთიშა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისაგან.
ყველა კვლევა ადასტურებს, რომ რეფორმების კვალდაკვალ გაიზარდა უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ამის გამო, საზოგადოების დიდ ნაწილს ხელმისაწვდომობა შეეზღუდა განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა პირველად უფლებებზე. შედეგად, აბსოლუტურ ციფრებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ სინამდვილეში ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის დიდ ნაწილს არათუ არ შეეხო, არამედ როგორც მატერიალურად, ისე მორალურად, დააზარალა.
თუკი საზოგადოების მრავალრიცხოვანი ჯგუფი აქამდე მხოლოდ ვერ ერთვებოდა სოციალურ ცხოვრებაში, ამგვარმა მიდგომამ ის უკვე პრინციპულადაც გამორიცხა პოლიტიკის წარმოების პროცესიდან.
ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაც ამ პროცესების შედეგია. თუმცაღა, აუცილებელია დავინახოთ მკაფიო განსხვავება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებელთა ჯგუფებს შორის. , წარსულშიც და დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმისი ფუფუნება, რომ მსუბუქი ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება სასიამოვნო რეკრეაციულ საშუალებად გამოიყენონ. მაგრამ ამ ჯგუფს საზოგადოების უმცირესობა განეკუთვნება. მათ გვერდით კი არსებობს უამრავი ჯგუფი, რომელიც მარგინალურ უმრავლესობას მიეკუთვნება. მათთვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, ალკოჰოლი და ნარკოტიკები რეკრეაციის რაციონალური არჩევანი არ არის.
სამოქალაქო აქტივიზმი, რომელიც ბოლო პერიოდში გავააქტიურეთ, სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის მთავარ პრობლემად ადამიანებისათვის პირადი თავისუფლების შეზღუდვას განიხილავს. ასეთი დამოკიდებულება თავისი შინაარსით უახლოვდება “გირჩის” ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ უპასუხისმგებლო პოზიციებს. ეს კი, ზემოთ მოცემული მსჯელობის თანახმად, მომხმარებელთა მხოლოდ მცირე, ელიტური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს და კომპლექსური პრობლემის გამარტივებას ახდენს.
დღევანდელი ნარკოკანონმდებლობა არსობრივადაა მცდარი, რამდენადაც ის ხელს უწყობს ადამიანის ხელოვნურად კრიმინალიზებას, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის არისტოტელესეულ ბაზისურზე ბაზისურ პრინციპსაც კი, რომლის მიხედვითაც, სამართალი ორი კომპონენტის – რაციოსა და მორალის – სინთეზით უნდა დგებოდეს. ჩვენ კი დღეს წინ გვიდევს არათუ ამ ორი კომპონენტის სინთეზი, არამედ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ცალი კომპონენტის პრინციპებსაც კი ვერ ითვალისწინებს სრულყოფილად.
სამართლებრივი ნორმა ნარკომომხმარებელს არ უნდა მიიჩნევდეს ანტისაზოგადოებრივ სუბიექტად, რომლის დროებითი იზოლირებაა საჭირო. ცხადია, ადამიანებს ხელოვნურად ჩამორთმეული ეს თავისუფლება უნდა აღუდგეთ. მაგრამ ჩვენ იმათზე დაფიქრებაც გვმართებს, ვისთვისაც ეს თავისუფლება პოზიტიური ვერ იქნება, ვინაიდან სოციალური ალტერნატივების გაჩენა ავტომატური პროცესის შედეგად არ მოხდება.
ჩვენ ამ ალტერნატივებზე ფიქრი, ჩვენი შეხედულებების კონსოლიდაცია და შემდგომი მწყობრი, მიზანმიმართული მუშაობა გვჭირდება.
მოდერნული სახელმწიფო მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობას არ გულისხმობს, მხოლოდ ეს პრინციპი ჯერ კიდევ არ ხდის შესაძლებელს იმას, რაც ყოველი პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს: აღიაროს არსებული უთანასწორობა და საზოგადოების სამართლიანობის პრინციპით ორგანიზებისათვის განსხვავებულ სოციალურ ფენებს შორის ბალანსი უზრუნველყოს.
შესაბამისად, პრობლემურია ის რიტორიკა, რომელიც, ერთი მხრივ, ამბობს, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა აიღოს ადამიანთა რეპრესირებისაგან, აღუდგინოს მათ ლეგიტიმური უფლებები, და, მეორე მხრივ, ვერ ხედავს, რომ პოზიტიური ინსტიტუტების გარეშე გამორიცხულია მარგინალიზებული ჯგუფების სოციალიზაცია და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა-შენარჩუნება.
თავისუფლების განხორციელებას ბაზისურ საზოგადოებრივ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა უნდა ასაზრდოვებდეს. იქნება ეს ჯანდაცვის, განათლების, თუ სხვა ძირითადი სოციალური უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ბრძოლის მიზანი მხოლოდ მცირე, პრივილეგირებული ჯგუფის უფლებების დაცვა იქნება, ვისთვისაც მოწევა და დალევაეკრეაციული არჩევანია.
ჩვენი არსობრივი ამოცანა “კრიზისის დეკრიმინალიზაციასთან” ერთად, პოზიტიური ახლის დაბადებასთან დაკავშირებული კონსენსუსის ძიება უნდა იყოს, რომელმაც სოციალური და ეკონომიკური შრეებიდან გარიყული ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი.
უიმედო აწყმოსა და მომავლის წინაშე მდგომი ახალგაზრდები (“ლიჟბი აქედან წავიდე” ხალხი), იმდენად ჯოჯოხეთურ გარემოში ცხოვრობენ, რომ მათი სააზროვნო სისტემა საზღვრის გადალახვას ბედნიერებასთან აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ არც საზღვრის მიღმა მოქმედი თამაშის წესები იციან და არც სათანადო ჩვევები და გამოცდილება არ გააჩნიათ.
სახელმწიფოს პოლიტიკამ ამ ადამიანებს უთანასწორო საგანმანათლებლო ინსტიტუციები, ექსკლუზიური შრომის ბაზარი და დაუბალანსებელი კულტურული და სოციალური სივრცეები შეუქმნა, რითიც მათ განვითარების ყოველგვარი პერსპექტივა შეუზღუდა.
როდესაც სამტრედიაში დემურ სტურუას ტრაგედიის გასაპროტესტებლად ჩავედით, ვესაუბრეთ მის მეგობრებს, მეზობლებს, დეპრესირებულ ახალგაზრდებს, რომელთა სასაუბრო თემა სამუშაოს არარსებობა და პოლიციის ზეწოლაა. ყოველთვიურად, თუ არა კვირეულად ერთ-ერთი მათგანი პოლიციის მსხვერპლი ხდება, მარიხუანას გამო იჭერენ, აშანტაჟებენ, მეგობრების დასმენას აიძულებენ და ნარკოკანონმდებლობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით ისედაც გამრუდებულ ცხოვრებას კიდევ უფრო უმწარებენ.
ირგვლივ უამრავ ადამიანს შეხვდებით, რომლებსაც მიუხედავად იმისა, შეძლეს განათლების მიღება თუ ვერა, შრომის ბაზარმა ადგილები არ დაუტოვა. ოცდახუთი-ოცდაშვითი წლის ახალგაზრდები ტოტალური უიმედობის წინაშე, თავ-თავიანთ უბნებში არიან იზოლირებულები. რასაკვირველია, მათი უფლება იზღუდება, როდესაც, სახელმწიფო მარიხუანას მოწევის გამო სასტიკად ავიწროვებს. მაგრამ მათი თავისუფლება მხოლოდ მაშინ განხორციელდება, თუკი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის გარდა, იმავდროულად საზოგადოებრივი სიკეთეებითაც მოახერხებენ ინკლუზიურ სარგებლობას.
სწორედ ინკლუზიურობისა და მარგინალური ჯგუფების სოციალიზაციის ხელშეწყობა უნდა იყოს პოზიტიური ალტერნატივის წანამძღვარი. ასე რომ, დეკრიმინალიზაციის მოთხოვნისას არ უნდა შემოვიფარგლოთ ზიანის შემცირების პროგრამაზე ფოკუსირებით, არამედ მუდამ „ზიანის მიყენებისა“ და სოციალური მარგინალიზაციის პრევენციაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
განსახილველად შემოვიტან ოთხ ძირითად კომპონენტს, რომლებსაც, ჩემი ხედვით, ზემოთქმულ პროლემატიკაზე მომუშავე, პროგრესზე ორიენტირებული მოძრაობები, როგორც მინიმუმ, საკუთარ რიტორიკაში უნდა იყენებდნენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვა:
ამ მიმართულებით ჩვენ ევროპული მოდელით უნდა ვიხელმძღვანელოთ, სადაც სახელმწიფოები, მუნიციპალური ერთეულები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წასახალისებლად, არა მხოლოდ ზოგად, ჯანმრთელი ცხოვრების სააგიტაციო პიარ აქციებს მიმართავენ, არამედ, ზრუნავენ რომ შესაბამისმა ინსტიტუციებმა სრულყოფილად იმუშაონ და მათთან ყველა სოციალურ ჯგუფს თანაბრად მიესვლებოდეს. ასეთია, ვთქვათ, მუნიციპალური სპორტულ-რეკრეაციული ცენტრები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სივრცეები, სადაც ახალგაზრდები ცურვას, ვარჯიშსა და ფიზიკურ ტონუსში ყოფნას ახერხებენ. მაგალითად, ლაიფციგში ჩემს ამჟამინდელ უნივერსიტეტში ტრენაჟორებისა და აუზის სემესტრული გადასახადი თხუთმეტი ევროა.
კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები:
ევროპის არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა სახელით გვხვდება დაწესებულებები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არსებული პიონერთა სასახლის ფუნქცია აქვს. ესენია ე.წ. კულტურის სახლები, რომლებშიც თინეიჯერებს უფასოდ, ან ხელმისაწვდომ ფასად შუძლიათ მუსიკის, კინოსა და ხელოვნების სხვა წრეებზე სიარული, მონაწილეობის მიღება თემატური კლუბების ღონისძიებებში და ა. შ. ამგვარი ცენტრები თბილისსა და რეგიონებში უამრავ ახალგაზრდას აღუძრავდა ინტერესს. მაგალითად, საფრანგეთის კულტურის სამინისტრო, გაუთავებელი ჯაზ-ფესტივალების ორგანიზების ნაცვლად, ამგვარი კულტურის სახლების ფუნქციონირებისათვის საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებს.
პროფესიული საგანმანათლებლო კერები:
ადამიანთა რესოციალიზაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოკალური, პროფესიული საგანმანათლებლო კერების არსებობა მგონია, სადაც ადამიანებს, შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების შესაბამისად, პროფესიული განათლება უსასყიდლოთ მიეცემათ, იმისათვის, რომ დაუბრუნდნენ საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას და ხანგრძლივი სასოწარკვეთა საფუძვლიანი იმედით ჩაინაცვლონ.
თანამედროვე ტექნოლოგიები:
გასათვალისწინებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მეცნიერული განვითარებისას ხანგრძლივი წყვეტა განიცადა. ამდენად, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფოკუსირება უნდა იყოს. რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, სხვა დარგებისაგან განსხვავებით, ხანგრძლივი ტრადიციის არსებობას არ საჭიროებს. უნდა ითქვას, რომ მთავრობამ უკვე განახორციელა ძალიან საჭირო და სასარგებლო პროექტი, რომელიც მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს. აუცილებელია ამ მიმართულების რეგიონალიზაცია და შესაბამისი სივრცეების მუნიციპალურ დონეზე გაჩენა, რომლებიც ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების განვითარებისა და დახვეწის ტექნიკურ შესაძლებლობებს მისცემდა.
გასაგებია, რომ მარგინალური ჯგუფების სოციალიზაცია ხანგრძლივი პროცესია და დროის მოკლე მონაკვეთში ვერ განხორციელდება. თუმცა ჩვენი მსუბუქი აქტივიზმი მაშინ გათავისუფლდება ზერელე მიდგომისაგან და მაშინ შეიძენს რეალურ სიმძიმეს, როცა სინამდვილეს თვალს გავუსწორებთ, პრობლემებს სტრუქტურულად განვიხილავთ და შევეცდებით, ადეკვატური პოზიტიური ალტერნატივაც ჩამოვაყალიბოთ. მხოლოდ ამგვარი მიდგომით შევძლებთ მივმართოთ ჩვენი რეფლექსია არა მარტო პრივილეგირებული ნაწილის გათავისუფლებაზე, რომელსაც შესაძლოა თავადაც წარმოვადგენდეთ, არამედ – საზოგადოების ყველა ჯგუფის ემანსიპაციაზე. ჩვენი ამოცანა კეთილდღეობის ინფრასტრუქტურების არსებობაზე საზოგადოებრივი კონსოლიდაცია უნდა იყოს. ჩვენი პრობლემების სტრუქტურული დანახვა ქვემოდან, ჩვენივე წიაღიდან არტიკულირებული პროგრესული იდეებით გვჭირდება, რომელიც საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობით დაიბადება.
ამ მიმართულებით დაფიქრებისაკენ მოწოდებამ, ცხადია, საპირისპირო შედეგამდე არ უნდა მიგვიყვანოს და აქტივისტური ჯგუფების დისკრედიტაციისა თუ დემორალიზების საფრთხე არ უნდა გააჩინოს. არამედ უნდა გააჯანსაღოს და გააძლიეროს ისინი. ვიმედოვნებ, რომ ჩემს მეგობრებს, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებს (რომლებთან ერთადაც მრავალ აქტივობაში მიმიღია მონაწილეობა) თუ სხვა აქტივისტურ ჯგუფებს ეს წერილი ნაწილობრივ მაინც დაგვეხმარება წარსულისა და აწმყოს კრიტიკულად გააზრებასა და შემდგომი ნაბიჯების უკეთ დაგეგმვაში.
– ფოტო ტექსტში: © ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.