(ნაწყვეტი „საპყრობილის ჩანაწერებიდან“, თარგმნილია ინგლისურიდან).
მთარგმნელი: გიორგი ხარიბეგაშვილი
© European.ge
ვინ არიან ინტელექტუალები, ავტონომიური და დამოუკიდებელი სოციალური ჯგუფი, თუ თითოეულ სოციალურ ჯგუფს თავისი საკუთარი, ინტელექტუალთა განსაკუთრებული კატეგორია ჰყავს? გადასაჭრელად რთული საკითხია, რადგან ინტელექტუალთა სხვადასხვა კატეგორიების ფორმირების რეალური, ისტორიული პროცესი დღემდე განსხვავებულ სახეებს ღებულობს.
მათგან ყველაზე მნიშვნელოვან ორ სახეს გამოვყოფთ:
- ყოველი სოციალური ჯგუფი[1], რომელიც კი ეკონომიკური წარმოების სამყაროს სასიცოცხლო ფუნქციის საწყის ნიადაგზე იბადება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე იქმნის ინტელექტუალთა ერთ ან რამოდენიმე ფენას, რომლებიც მას ჰომოგენურობს ანიჭებენ და მისი საკუთარ როლის გაცნობიერებაში ეხმარებიან როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში.
მეწარმე კაპიტალისტი მის გვერდში ქმნის ტექნიკურ სპეციალისტს მრეწველობისათვის, სწავლულ სპეციალისტს – პოლიტიკურ ეკონომიაში, ორგანიზატორებს ახალ კულტურასა და სამართალში და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ თავად მეწარმე უმაღლესი დონის სოციალურ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც უკვე ხასიათდება ხელმძღვანელობისა და ტექნიკური(ანუ ინტელექტუალური) უნარებით. ის განსაკუთრებულ ტექნიკურ უნარებს არა მხოლოდ მის სამოქმედო სფეროსა და წამოწყებებშიუნდა ფლობდეს, არამედ მასთან ერთად სხვა სფეროებშიც, სულ მცირე იმ სფერეობში მაინც, რომლებიც ახლოს დგანან ეკონომიკურ წარმოებასთან. ის ადამიანთა მასების, მის ბიზნესში შემოსული ინვესტორების „ნდობის,“ მისი კლიენტების ორგანიზატორი უნდა იყოს.
ყველა მეწარმე თუ არა, სულ ცოტა მათი ელიტა[2] მაინც საერთოდ, საზოგადოების (დაწყებული სერვისების რთული ორგანიზმებიდან ვიდრე სახელმწიფო ორგანიზმამდის) მაორგანიზებელ უნარებს უნდა ფლობდეს, რადგან მას საკუთარი კლასის გასაფართოებლად ხელსაყრელი გარემოს შექმნის საჭიროება უდგას; სულ მცირე მათ იმისი უნარი მაინც უნდა გააჩნდეთ, რომ სპეციალურად დაქირავებული თავისი “ნაცვალი“ შეარჩიონ და ბიზნესის საგარეო სფეროში ზოგადი ურთიერთობების ორგანიზაციულ საქმე მიანდონ. შეგვიძლია შევნიშნოთ, „ორგანული“ ინტელექტუალები, რომლებსაც ყოველი ახალი კლასი იქმნის და ფორმას აძლევს მის განვითარების კვალდაკვალ; ესენი უმეტესწილად, ახალი სოციალური კლასის[3] მიერ მზის სინათლეზე გამოყვანილი სპეციალისტები არიან, ახალი სოციალური ტიპის პირველსაწყისი მოღვაწეობის კერძო ასპექტებში რომ არიან ჩაბმულნი.
მსხვილი მიწათმფობელებიც კი ფლობდნენ განსაკუთრებულ ტექნიკურ უნარებს, მეტწილად კი სამხედრო საქმეში და როგორც კი არსიტოკრატიამ სამხედრო-ტექნიკურ უნარებზე მონოპოლია დაკარგა, ფეოდალიზმს კრიზისის ხანა დაუდგა. თუმცა ფეოდალიზმსა და მის წინმსწრებ კლასიკურ სამყაროში ინტელექტუალთა ფორმირების საკითხი ცალკე განხილვას მოითხოვს; კონკრეტულ შესწავლას საჭიროებს მათი ფორმირებისა და გამომუშავების გზები და საშუალებებიც. ამდენად, უნდა აღინიშნოს, რომ გლეხობა, თუმცაღა არსებით როლს თამაშობს წარმოების სამყაროში, საკუთარ „ორგანულ“ ინტელექტუალებს არ გამოიმუშავებს და არც „ტრადიციული“ ინტელექტუალების რომელიმე ფენასთან განიცდის ასიმილაციას; თუმც სხვა სოციალური ჯგუფები თავიანთ რიგებს სწორედ გლეხობიდან ავსებენ და ტრადიციული ინტელექტუალების მნიშვნელოვანი ნაწილიც გლეხური წარმოშობისაა.
2) ამისდა მიუხედავად, ყოველმა „არსებითმა“ სოციალური ჯგუფმა, რომელმაც წინმსწრებ ეკონომიკურ სტრუქტურიდან ისტორიის სცენაზე ფეხი შედგა, როგორც ამავე სტრუქტურის გამოხატულებამ, ისევე როგორც ეს ისტორიის მანძილზე ხდებოდა სულ მცირე დღევანდელობამდე მაინც, მიაგნო მანამდე წარმოშობილ ინტელექტულების კატეგორიებს, რომლებიც ისტორიული განვითარების უწყვეტობის წარმომადგენლებადაც კი გამოდიოდნენ და სოციალ-პოლიტიკური ფორმების ყველაზე რადიკალური და სირთულეებით აღსავსე ცვლილებებით რომ არ ირღვეოდნენ.
ამ კატეგორიის ინტელექტუალების ყველაზე ტიპიურ ფორმას ეკლესიის მსახურები წარმოადგენენ, რომლებმაც დიდი დროის განმავლობაში მონოპოლია მოახდინეს (მთელს ისტორიულ ეპოქაზე, რომელიც რომ სწორედ ამ მონოპლიით ხასიათდება) საზოგადოებრივი ცხოვრების მთელ რიგ სფეროებზე: რელიგიურ იდეოლოგიაზე, ანუ ეპოქის ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე, სკოლის, აღმზრდელობითი საქმის, მორალის, სამართლის, კეთილი საქმეების, საზოგადოებრივი მოწყალების ჩათვლით. ეკლესიის მსახურთა, როგორც ინტელექტუალთა კატეგორია ორგანულ კავშირშია მიწათმფლობელ არისტოკრატიასთან. ის იურიდიულად არისტოკრატიასთან გათანაბრებული იყო, ვისთან ერთადაც სარგებლობდა მიწაზე ფეოდალური საკუთრების უფლებით და საკუთრებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პრივილეგიებით.
ზედნაშენ სფეროზე ეკლესიის მსახურთა მონოპოლია უბრძოლველად როდი ნარჩუნდებოდა ანდა შეუზღუდავი როდი იყო; ის უკავშირდება სხვა კატეგორიების(რომლებიც კონკრეტულ კვლევისა და შესწავლის საგანია) დაბადებას, რომელთა ზრდა მონარქიის ცენტრალური ძალაუფლების აბსოლუტიზმამდე ზრდამ განაპირობა. ამდენად ჩვენ აღმოვაჩენთ nobles de robe-ის ფორმირების პროცესს, მთელი თავისი პრივილეგიებით, ადმინისტრატორების, სწავლულების, მეცნიერების, თეორეტიკოსების, არასაეკლესიო ფილოსოსფოების და სხვათა ფენებთან ერთად.
რამდენადაც სხვადასხვა კატეგორიის ტრადიციული ინტელექტუალები esprit de corps გამოცდილებიდან გრძნობენ თავიანთ უწყვეტ ისტორიულ უპირატესობას და თავიანთ „განსაკუთრებულ თვისებებს,“ ისინი თავს ავტონომიურებად და გაბატონებული სოციალური ჯგუფისგან დამოუკიდებლად მიიჩნევენ. ამგვარი თვითშეფასება იდეოლოგიისა და პოლიტიკის სფეროში შორსმიმავალი შედეგების გარეშე არ ჩაივლის. მთელი იდეალისტური ფილოსოფია ინტელექტუალების, როგორც სოციალური მთლიანობის მიერ დაკავებული პოზიციას ადვილად ებმის და განისაზღვრება იმ სოციალური უტოპიის გამოხატულებად, რომლითაც ინტელექტუალები თავს „დამოუკიდებლად,“ ავტონომიურად, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი შტრიხებით მოსილად მიიჩნევენ.
თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თუ პაპი და ეკლესიის უმაღლესი იერარქები თავს ქრისტესთან და მოციქულებთან უფრო დაახლოებულად მიიჩნევენ, ვიდრე ეს სენატორების, ანელისა და ბენის შემთხვევაშია, ჯენტილეს და კროჩეს ეს აღარ ეხებათ, მაგალითისთვის რომ ვთქვათ. კროჩე განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირში გრძნობს თავს არისტოტელესა და პლატონთან და არც კი მალავს, რომ სენატორებს, ანელისა და ბენისთანაცაა კავშირში და სწორედაც რომ აქ უნდა ვეძიოთ კროჩეს ფილოსოფიის სახასიათო შტრიხები.
რა მაქსიმალურ ზღვრამდე შეიძლება გაფართოვდეს „ინტელექტუალი“ როგორც ცნება? შეიძლება რომ ერთი კრიტერიუმი მოიძებნოს ერთმანეთისაგან განსხვავებული და არაფრით მსგავსი ინტელექტულების საქმიანობის დასახასიათებლად და ამავე დროს ამ საქმიანობასა და სხვა სოციალური ჯგუფებს შორის არსებითი განსხვავების დასადგენად? ამ კრიტერიუმის ინტელექტულთა საქმიანობის ბუნებაში ძიება ყველაზე გავრცელებულ მეთოდოლოგიურ შეცდომად მიმაჩნია, ურთიერთობათა თანხვერდის სისტემაში ძიების ნაცვლად, რის მეშვეობითაც ეს საქმიანობა (და აქედან გამომდინარე, ის ჯგუფები, რომლებიც ამ საქმიანობას ახორცილებენ) საზოგადოებრივი ურთიერთობების საერთო კომპლექსში ერთვება. მაგალითად, მუშის ანდა პროლეტარის მახასიათებელი, სინამდვილეში ის კი არ არის, რომ ის მანუფაქტურულ შრომას ეწევა ანდა შრომის იარაღებს ხმარობს, არამედ იმით რომ ის ამ შრომით დაკავებულია საზოგადოებრივი შრომის განსაზღვრულ პირობებში. (იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ წმინდა სახის ფიზიკური შრომა მეტად აღარ არსებობს და ტეილორის გამოთქმაც – „განსწავლული გორილა” -ს მეტაფორაც განსაღვრული მიმართულებით ზღვარზე მიუთითებს: ნებისმიერ ფიზიკურ სამუშაოზე, ყველაზე შავსა და მექანიკურშიც კი ტექნიკური კვალიფიკაციის რაღაცა მინიმუმი მაინც არსებობს, რაც კრეატიული, ინტელექტუალური საქმის მინიმუმიც არის). ზემოთ უკვე შენიშნული გვქონდა, რომ შესრულებული ფუნქციების ძალით, მეწარმეს რაღაცა დოზით რიგი ინტელექტუალური თვისებები უნდა ჰქონდეს, თუმცაღა მისი სოციალური როლი ამით კი არა, იმ საერთო სოციალური ურთიერთობებით განისაზღვრება, რომლებიც რომ წარმოებაში მეწარმის ადგილს სპეციფიკურ მახასიათებლებს ანიჭებს.
ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ყველა კაცი ინტელექტუალია, მაგრამ საზოგადოებაში ინტელექტუალის ფუნქცია ყველას როდი გააჩნია.(ისევე როგორც ყველაზე ვინც თავისთვის კვერცხს შეიწვამს ან ქურთუკზე გარღვეულ ადგილს დაიკერებს, ვერ ვიტყვით, რომ ის მზარეული ან თერძიაო).
როცა ვინმე ინტელექტულს არა-ინტელექტუალისაგან განარჩევს, ის სინამდვილეში პროფესიონალ ინტელექტუალთა ორ კატეგორიაზე მიუთითებს და მხედველობაში მათი სპეციფიკური ინტელექტუალური საქმიანობის ვექტორის გადახრის მიმართულება აქვს, იქნება ეს ინტელექტუალური შრომის თუ ნერვ-კუნთოვანი დაძაბულობისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს შეუძლია ინტელექტუალებზე ისაუბროს, მან შეუძლებელია არა-ინტელექტუალებზეც ილაპარაკოს, ვინაიდან არა-ინტელექტუალები არ არსებობენ. ისეთი ადამიანური საქმიანობა არ არსებობს, საიდანაც იტელექტუალურ მონაწილეობას გამოვრიცხავდით: შეუძლებელია Homo faber-ი Homo sapiens-ისგან გამოვაცალკოთ. საბოლოო ჯამში, ყოველი ადამიანი მისი პრფესიისდა მიუხედავად საკუთარ თავში რაღაცა ინტელექტუალურ საქმიანობას დაატარებს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ფილოსოფოსი“ იქნება, ხელოვანი თუ მზარეული, ის სამყაროს ნაწილობრივ და განსაკუთრებულ გაგებაში მონაწილეობს, გააჩნია მორალური ქცევის ცნობიერი საზღვრები და მაშასადამე, სამყაროზე მყარი ცოდნის შექმნასა და მის შეცვლაში შეაქვს წვლილი, რაც აზროვნების ახალი წესის დაბადებაც არის.
მაშასადამე, ინტელექტუალთა ახალი ფენის შექმნის საკითხი ინტელექტუალური საქმიანობის გამომუშავებაში მდგომარეობს, რომელიც რაღაცა დოზით ყველაშია განვითარებული, ის ნერვ-კუნთოვან დაძაბულობასთან დამოკიდებულებას იქამდე იცვლის, სანამ ახალ წონასწორობის წერტილს არ მიადგება; ამასთან, ეს იმაშიც გვარწმუნებს, რომ რამდენადაც ნერვ-კუნთოვანი დაძაბულობა ფიზიკურსა და სოციალურ სამყაროს მუდმივად განმაახლებელი ზოგადი პრაქტიკული საქმიანობის ნაწილია, სამყაროს ახლებურად და მთლიანობაში გაგებისათვის ის საფუძველსაც ქმნის. ტრადაციულ და ვულგარულ ინტელექტუალებს ნაკითხი ტიპები, ფილოსოფოსები და ხელოვანები უშვებენ. ამდენად, ჟურნალისტი, რომელიც თავს ნაკითხად, ფილოსოფოსად, ხელოვნად მიიჩნევს, ამ სიას „ჭეშმარიტ“ ინტელექტუალსაც დაუმატებს ხოლმე. თანამედროვე სამყაროში, თუნდაც ყველაზე პრიმიტიულ და არაკვალიფიციურ დონეზე დარჩენილ სამეწარმეო შრომასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტექნიკური განათლება ნიადაგს უნდა ქმნიდეს ინტელექტუალის ახალი ტიპის ჩამოყალიბებისათვის.
ამაზე დაყრნობით მუშაობდა ყოველკვირეული Ordine Nuovo[4], რათა ახალი ინტელექტუალიზმის განსაზღვრული ფორმები განევითარებინა და მათი ახლებურად გაგება ჩამოეყალიბებინა; ამ ყოველივემ მცირე წვლილი როდი შეიტანა მის [ჟურნალის] წარმატებაში, რამდენადაც ამგვარი გაგება ფარული ვნების გაღვივებასა და სიცოცხლის ნამდვილი ფორმების განვითარება-განმტკიცებას უწყობდა ხელს. ახალი ინტელექტუალის ყოფიერების წესი მეტად ვეღარ შემოიფარგლება გრძნობებისა და ვნებების გარეგანი, წამიერი ამშლელი მჭერმეტყველებით, ის ვრცელდება პრაქტიკულ ცხოვრებაში მონაწილეობაზეც და ხდება აღმშენებელი, ორგანიზატორი, “განუწყვეტლივ შემგონებელი“ უბრალოდ ორატორის ნაცვლად (მაგრამ ამავდროულად განყენებულ მათემატიკურ სულზე აღმატებული); [ახალი ინტელექტუალის ყოფიერების წესს] ტექნკური შრომა ტექნიკურ მეცნიერებამდე და ისტორიის ჰუმანისტურ გაგებამდე აყავს, რის გარეშეც, ის ერთდროულად სპეციალიზირებული და პოლიტიკური ვერ გახდებოდა.
ინტელექტუალური ფუნქციის დასახვეწად ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციალიზირებული კატეგორიები იკვეთება. ისინი ყალიბდებიან ყველა სოციალურ ჯგუფთან კავშირში, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო ყოვლისმომცველ და რთულ გადამუშავებას განსაკუთრებით გაბატონებულ სოციალურ ჯგუფთან დაკავშირებისას განიცდიან. ის, რაც ყველა სოციალურ ჯგუფს უმთავრესად ახასიათებს და გაბატონებას ესწრაფვის, „იდეოლოგიურად“ ტრადიციული ინტელექტუალების ასიმილაციისა და დაპყრობისთვის ბრძოლაა; ეს ბრძოლა რა უფრო ინტენსიურ და ეფექტურს სახეს იღებს კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ჯგუფები მით უფრო წარმატებით ახერხებენ მათთვის ორგანული ინტელექტუალების გამომუშავებას.
შუა საუკუნეებში წარმოშობილი საზოგადოებებში მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობისა და მოწყობის არანორმალური განვითარება, ფართო გაგებით, თანამედროვე სამყაროს ინტელექტუალთა ფუნქციებისა და კატეგორიების მიერ მინიჭებული მნიშვნელობის მაჩვენებელია. „ინტელექტუალურობის“ გაღრმავებისა და გაფართოების მცდელობის პარალელურად სხვადასხვა სპეციალიზაციების გამრავლებასა და დავიწროებასაც ჰქონდა ადგილი. ეს შეიძლება საგანმანათლებლო ინსტიტუტების ყველა დონეზე ვნახოთ, მათ შორის ის ცოცხალი მექანიზმებიც, რომლებიც მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა სფეროში ე.წ. „მაღალი კულტურის“ ხელშეწყობისათვის არსებობენ.
საგანმანათლებლო დაწესებულობა სხვადასხვა საფეხურის ინტელექტუალების გამომუშავების იარაღია. სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალთა ფუნქციების კომპლექსურობა ობიექტურად სპეციალიზირებული სკოლების რაოდენობითა და დონით შეიძლება გავზომოთ. რაც უფრო დიდ ფართობს ფარავს განათლება და რაც უფრო მრავალრიცხოვანია მისი „ვერტიკალური საფეხურები“, მით უფრო კომპლექსურია კულტურული სამყარო, ცივილიზაცია და ცალკე აღებული სახელმწიფო. საზომს სამრეწველო ტექნოლოგიების სფეროში შეიძლება მივაგნოთ: ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას მისი ტექნიკური აღჭურვილობის დონით ანუ მანქანების შემქმნელი მანქანების მიხედვით ვზომავთ და სულ უფრო მეტად ზუსტი ინსტრუმენტების წარმოების ტექნიკური დონით, რომლებიც როგორც თავად მანქანების, ასევე მანქანათა დამამზადებელი იარაღების დასამზადებლად გამოიყენებიან და ა.შ. სამეცნიერო ექსპერიმენტული ლაბორატორიების და პირველადი იარაღების შემამოწმებელი იარაღების შექმნაში საუკეთესოდა აღჭურვილი ქვეყანა სამრეწველო-ტექნნიკური თვალსაზრისით ყველაზე მოწინავედ, ყველაზე ცივილიზირებულად მიიჩნევა. მსგავსადვეა საქმე ინტელექტუალების მოსამზადებელი სკოლებისა და ამ მომზადებისათვის საჭირო სპეციალური სკოლების შექმნის შემთხვევაშიც. მაღალი კულტურის სკოლები და დაწესებულებები შეიძლება ერთმანეთშიც ასიმილირდნენ. ამ სფეროშიც, რაოდენობას თვისებიდან ვერ გამოვაცალკევებთ. ყველაზე ნატიფ ტექნო-კულტურული სპეციალობებსაც კი არ შეუძლიათ ფართოდ გავრცელებულ დაწყებით განათლებას და რამდენადაც შესაძლებელია, საშუალო საფეხურის სკოლების რაოდენობის ზრდას ფეხი არ აუწყონ. ყველაზე მაღალი საფეხურის ინტელექტუალური პროფესიების შერჩევა-გადამზადებლად სულ უფრო ფართო ბაზის შექმნის გარდაუვალი პროცესს, რაც მაღალი კულტურასა და ტექნიკაზე დემოკრატიული სტრუქტურების მიერთებას გულისხმობს, თავისი უარყოფითი მხარეც აქვს: ის საშუალო კლასის ინტელექტუალთა ფენაში უმუშევართა მოზღვავებას ხდის შესაძლებელს და ფაქტობრივად, ყველა თანამედროვე საზოგადოებაში ეს ასეც ხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ სინამდვილეში ინტელექტუალთა მთელი რიგი ფენების ფორმირება რაღაც განყენებულ დემოკრატიულ ნიადაგზე კი არ ხდება, არამედ ძალზედ კონკრეტულ ტრადიციულ ისტორიულ პროცესებთან მოდის შესაბამისობაში. იზრდებიან ის ფენები, რომლებიც ტრადიციულად ინტელექტუალებს „აწარმოებენ,“ რის გამოც ამ ფენებად სწორედ ისინი გვევლინებიან, რომლებიც ჩვეულებისამებრ, „შენარჩუნებაზე“ არიან სპეციალიზირებულები, ანუ წვრილი და საშუალო სოფლის ბურჟუაზია და ქალაქის წვრილი და საშუალო ბურჟუაზიის ზოგიერთი ფენები. სამეურნეო საზღვრებში სხვადასხვა ტიპის სკოლების (კლასიკურის და პროფესიონალურის) განსახვავებულად განაწილება და ამ ფენების მრავალგვარი კატეგორიების მისწრაფება განაპირობებენ ანუ სხვადასხვა განშტოებების სპეციალისტების შექმნას ფორმას აძლევენ. ამდენად, იტალიაში, სოფლის ბურჟუაზია ძირითადად სახელმწიფო ჩინოვნიკებს და თავისუფალი პროფესიების სახეებს აწარმოებს, მაშინ როცა ქალაქის ბურჟუაზია სამრეწველო ტექნიკურ ბურჟუაზიას უშვებს. ამიტომაა რომ ტექნიკური სპეციალისტები ძირითადად ჩრდილოეთ იტალიიდან, ხოლო თავისუფალი პროფესიის მქონეები და სახელმწიფო ჩინოვნიკები – სამხრეთ იტალიიდან არიან.
ინტელექტუალებსა და ინდუსტრიულ სამყაროს შორის ურთიერთობა არც ისე პირდაპირია, როგორც ძირითად სოციალურ ჯგუფებს შორის ხდება, სხვადასხვა დოზით ის გაშუალებულია სოციალური ქსოვილით, ზედნაშენთა იმ კომპლექსური ნაერთებით, რის ჩინოვნიკებადაც ინტელექტუალები გვევლინებიან. შეგვეძლო როგორც სხვადასხვა ინტელექტუალების ფენების „ორგანულობის“ დონის, ასევე ძირითად სოციალურ ჯგუფებთან მათი მეტნაკლებად მჭიდრო კავშირის გაზომვა და ქვემოდან ზემოთკენ მიმავალი ზედნაშენებისა(ბაზისიდან ზემოთ) და სოციალური ჯგუფების ფუნქცის გრადაციის ჩაწერა. ამ მომეტისათვის კი რისი ძალაც შეგვწევს მთავარი ორი ზედნაშენის „სართულის“ მონიშვნა-დაფიქსირებაა: ერთ-ერთ მათგანს „სამოქალაქო საზოგადოება“ ვუწოდებთ, რაც ის ორგანული ერთობებია, ჩვეულებრივ რომ „კერძოს“ ვეძახით, მეორე სართული კი „პოლიტიკური საზოგადოება“ ანუ „სახელმწიფოა“; ამ ორ სართულს ერთის მხრივ, მთელ საზოგადოებაზე გაბატონებული ჯგუფის ფუნქცია ეკისრებს და მეორე მხრივ კი „პირდაპირი ბატონობის,“ რომელიც სახელმწიფოსა და „კანონიერი“ ხელისუფლების მბრძანებლობაში გამოიხატება. ეს უკანასკნელები სწორედ ორგანიზაციულსა და დამაკავშირებელ ფუნქციებს წარმოადგენენ. ინტელექტუალი, გაბატონებული ჯგუფის “ნაცვალია“ რომელიც პოლიტიკური ხელისუფლებისა და სოციალური ჰეგემონიის ფუნქციებს მორჩილად ასრულებს, რაც მოიცავს:
1)საზოგადოების ფართო მასებსა და სოციალური ცხოვრების იმ ვექტორებს შორის სპონტანური თანხმობის მიღწევის უზრუნველყოფას, რომელიც გაბატონებული ჯგუფისგან მოდის. ეს თანხმობა, რომელიც „ისტორიულად“ გაბატონებული ჯგუფის ავტორიტეტმა (შესაბამისად, ნდობამ) გამოიწვია, წარმოების პროცესში მისი მდგომარეობითა და ფუნქციითა განპირობებული.
2) სახელმწიფო იძულებითი აპარატის ამოქმედებას, რომელიც „კანონიერი“ გზით უზრუნველყოფს იმ ჯგუფებზე ზედამხედველობას, რომლებიც აქტიურად თუ პასიურად ამ პირობებს არ „ეთანხმებიან.“ თუმცა, ეს აპარატი შექმნილია მთელი საზოგადოებისთვის მართვა-გამგებლობაში შექმნილი კრიტიკული მომენტების თავიდან ასაცილებლად, მაშინ როცა ეს სპონტანური თანხმობა ირღვევა.
საკითხის ამგვარ დაყენებას ინტელექტუალის ცნების შესამჩნევად გაფართოება მოსდევს, მაგრამ მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სინამდვილე უფრო კონკრეტულად შევიგრძნოთ. დაყენების ამგვარი მეთოდი კასტურ[5] შორსმჭვრეტელობას აწყდება; სახელმწიფო ბატონობისა და სოციალური ჰეგემონიის ორგანიზაციული ფუნქცია რასაკვირველია შრომის განსაკუთრებული წესით დანაწილებას ზრდის და შესაბამისად, სპეციალისტების მთელ იერარქიულ წყებას, რის გამოც ზოგიერთი მათგანს აღარც აქვს რაიმე სახის ხელმძღვანელის ან ორგანიზატორის ფუნქციები. მაგალითად, სოციალურ და სახელმწიფო მმართველობით აპარატში მთელი რიგი ისეთი თანამდებობები არსებობენ, ხელით შრომასა და ხელოსნის საქმეს რომ ახასიათებს. (თანამდებობები, რომლებიც უფრო აგენტის სამუშაოს გულისხმობენ ვიდრე აღმასრულებლის, ოფიცრისა და ჩინოვნის საქმეს). რათქმაუნდა, მეტი სიცხადისათვის ამ განსხვავებას, სხვებიც უნდა მოვაყოლოთ. სინამდვილეში, ინტელექტუალური საქმიანობა შინადაფარული მახასიათებლების გათვალისწინებით, საფეხურეობრივი განვითარების მიხედვით უნდა განირჩეოდეს – უკიდურესობაში რომ გადავიდეთ, როცა ეს ნამდვილად თვისებრივ განსხვავებაში გადადის: უმაღლეს დონეზე მოხვდებოდნენ სხვადასხვა მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს შემოქმედებითი მოღვაწეები, ფილოსოფოსები და სხვ. ყველაზე ქვედა დონეზე კი – უკვე არსებული, ტრადიციული, დაგროვილი ინტელექტუალური დოვლათის მოკრძალებული „ადმინისტრატორები“ და გამავრცელებელები
ამ აზრით გაგებულმა ინტელექტუალის კატეგორიამ თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენლად გაფართოება განიცადა. დემოკრატიულ-ბიუროკრატიულმა სოციალურმა სისტემამ ჩინოვნიკების რაოდენობა გაზარდა, რასაც წარმოებაზე საზოგადოებრივი მოთხოვნის გაზრდით ვერ გავამართლებთ, სამაგიეროდ ისინი გაბატონებულ, ძირითად პოლიტიკურ ჯგუფის შესაძლოა ძალიანაც სჭირდებოდეთ. სათავეს აქედან იღებს ლორიას „არაპროდუქტიული მუშის“[6] კონცეფციაც (მაგრამ ვისთან ან წარმოების რომელ წესთან მიმართებაშია ის არაპროდუქტიული?), რომელსაც ნაწილობრივი გამართლება იმით შეიძლება მოვუძებნოთ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს მასა თავის მდგომარეობას იმისთვის იყენებს, რომ ეროვნული შემოსავლიდან უზარმაზარი თანხები მიითვისოს. მათმა მასობრივმა ფორმირებამ ინდივიდების სტანდარტიზაციამდე მიგვიყვანა, როგორც ინდივიდუალური კვალიფიკაციის, ასევე მათი ფსიქოლოგიის მიხედვით და შვა ისეთივე ფენომენები, რასაც ყველა დანარჩენ სტანდარტიზირებულ მასებში აქვს ადგილი: კონკურენციაში, რაც პროფესიული კავშირების შექმნას აუცილებელს ხდის, უმუშევრობაში, სასკოლო ჭარბწარმოებაში, ემიგრაციაში და ა.შ.).
განმარტებები:
[1] ცხადია, აქ გრამში გულისხმობს კლასს, მაგრამ იტალიური ცენზურის გამო მარქსისტული ტერმინოლოგიის გამოყენებას შეგნებულად ერიდება.
[2] ინტელექტუალთა ფენომენის ახსნის განსხვავებული ვერსიის კოცეფციები, ვილფრედ პარეტოსეული ელიტა და გაეტანო მოსკასეულ „პოლიტიკურ კლასი“ სხვა არაფერია თუ არა დომინანტური სოციალური ჯგუფის იტელექტუალთა კატეგოია.
[4] „სოციალისტური კულტურის მიმომხილველი“ ჟურნალი, რომელიც გამოდიოდა გრამშის რედაქტორობით 1919-1920 წლებში.
[5] როგორც ჩანს გრამში კასტაში, ირონიულად არისტოკრატიას გულისხმობს, როგორც ეპოქისთვის ანაქრონულ კლასს, განსხვავებით ბურჟუაზიისა და პროლეტარიატისაგან.
[6] ეს ცნება სინამდვილეში ლორიას კი არა მარქსს ეკუთვნის და „კაპიტალშია“ განხილული. ლორიამ მისი ჩვეულებიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ ცნების ვულგარიზება მოახდინა და საკუთარ აღმოჩენად გამოაცხადა.